განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
080100118002679003
ინსტანცია
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002679003

საქმე №1/ბ-326-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ--- ა----ს ძე კ--–------ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №4----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხ. ქუთაისი, ნ---------------;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ--- კ--–------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 1--------------, დილის საათებში, ქუთაისი, ნ-----------------ში ჯ--- კ--–------ეს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან, თ----- კ-----–---–თან. ჯ--- კ--–------ემ მეუღლეს რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის და თავის არეში, აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის განაჩენით ჯ--- კ--–------ეს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი :

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს შეიცვალოს გასაჩივრებული განაჩენი ჯ--- კ--–------ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი; ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი ჯ--- კ--–------ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებობს უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჯ--- კ--–------ის ბრალეულობას.

 

გამართლებულ ჯ--- კ--–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ----- მ---------–-ა წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი ჯ--- კ--–------ის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ჯ--- კ--–------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ----- კ-----–---–მა ისარგებლა მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, ჯ--- კ--–------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ,,15.09.18წ. 13:28-13:39 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. თ-----ი კ-----–---–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხ. პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს”.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შ----- თ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე დანიშნული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა მოქალაქე თ----- კ-----–---–ის მიმართ, აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდა 2018 წლის 1--------------. როგორც მას შესამოწმებელმა პირმა განუმარტა, 2018 წლის 1-------------- დილით მის საცხოვრებელ სახლში ნიკეას ქუჩაზე მისმა მეუღლემ ჯ--- კ--–------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა კერძოდ: იდაყვის სახსარში შეაყოფინა თავი და ურტყამდა მუჭებს, ასევე შესამოწმებელმა პირმა განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტზე მას სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს და მას სამედიცინო დახმარება არ გაწევია. პირადი გასინჯვის შედეგების მიხედვით, თ----- კ-----–---–ი უჩიოდა თავის ტკივილს, იდაყვის ზედა მხარეს აღენიშნებოდა მოწითალო მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი, ასევე კისრის მარჯვენა მხარეს ზედა ზედაპირში ასეთივე ფორმისა და ზომის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა. ამის შემდეგ თ----- კ-----–---–მა განმარტა, რომ მას სხეულზე სხვა სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ტანსაცმლით დაფარულ მიდამოების შემოწმებაზე უარი განაცხადა. განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული სისხლნაჟღენთები გამოწვეული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ისინი ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და აღნიშნული სისხლნაჟღენთების მიყენების დრო არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

გამართლებულმა ჯ--- კ--–------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ჯ--- კ--–------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა თ----- კ-----–---–მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის, ჯ--- კ--–------ის წინააღმდეგ. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ჯ--- კ--–------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის სისწორეც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ. თ------ემ, პალატა აღნიშნავს, რომ მართალია აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება თ. კ-----–---–ის სხეულზე დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუ არა ჯ--- კ--–------ის მიერ, მით უფრო, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, არ არსებობს დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების (ექსპერტიზის დასკვნა) არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს.

 

ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჯ--- კ--–------ის ბრალდების დადასტურება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ--- კ--–------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 აპრილის განაჩენი ჯ--- კ--–------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ჯ--- კ--–------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ჯ--- კ--–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით გადახდილი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

გამართლებულ ჯ--- კ--–------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე