განაჩენი

სისხლის სამართლის 04.05.2018
საქმის ნომერი
050100118002293768
ინსტანცია
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002293768

საქმე №1/ბ-219-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ-----– ა-----ის მიმართ (პირადი №3----------), დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ო------------------------------–-----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენით:

 

მ-----– ა-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) – ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები მთლიანად შეიკრიბა და მსჯავრდებულ მ-----– ა-----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ-----– ა-----ეს, პატიმრობაში ყოფნის ვადის – 2017 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის 01 მარტამდე – გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და იგი გათავისუფლდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუნახევრდა სასჯელის სახედ დანიშნული ჯარიმა და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მ-----– ა-----ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 24 (ოცდაოთხი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-----– ა-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 24 (ოცდაოთხი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მ-----– ა-----ეს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება – დანა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----– ა-----ემ ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ------–--–-------------------------------------------–ში, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი მ-----– ა-----ე ატარებდა ცივ იარაღს – დანას, რაც მას ჩამოერთვა პირადი გასინჯვის დროს.

 

2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ-----– ა-----ე უმიზეზოდ აუხირდა დედას – გ---–----- კ------ეს და საცხოვრებელ სახლში ჯერ შეურაცხყო და დაამცირა იგი, ხოლო შემდეგ იძალადა მასზე, კერძოდ, ხელი გაარტყა სახეში. მ-----– ა-----ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად გ---–----- კ------ემ განიცადა სულიერი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მ-----– ა-----ისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მ-----– ა-----ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი ძალადობრივი დანაშაული, ამასთან, მას ჯარიმის სახით დაკისრებული ფულადი თანხა დღემდე არ აქვს სრულად გადახდილი. ყოველივე ზემოაღნიშნული, აპელანტის მოსაზრებით, მსჯავრდებულის პიროვნების უარყოფით მახასიათებლებზე და იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მ-----– ა-----ე არ არის კანონმორჩილი პირი და მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ, რის გამოც მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით; ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით; აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წერილებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ-----– ა-----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი შეიტანა მხოლოდ იმ მოთხოვნით, რომ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რასაც სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამ მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ, ვინაიდან, თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ-----– ა-----ისათვის ბრალად შერაცხული ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსი თვის ვადით, ხოლო ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აქვს დისკრეცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, შეარჩიოს სასჯელის რომელ სახეს გამოიყენებს და რა ზომით.

 

პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მ-----– ა-----ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში; მან გამოძიების ეტაპზევე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები (ს.ფ.177), სასამართლოში საქმის განხილვისას თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდია; საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულს სხვა დროს ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია; დაზარალებულმა გ---–----- კ------ემ გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას განმარტა, რომ თანახმა იყო მისი შვილის _ მ-----– ა-----ის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო კანონით გათვალისწინებული შეღავათები (ს.ფ. 58). მართალია, მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია, მაგრამ მის მიერ წინათ ჩადენილი ქმედება (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) არ არის ძალადობრივი ხასიათის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ-----– ა-----ისათვის დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, იგი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

 

ამდენად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენი მ-----– ა-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მარტის განაჩენი მ-----– ა-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.მ-----– ა-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს მთლიანად და მსჯავრდებულ მ-----– ა-----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ-----– ა-----ეს, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის 01 მარტამდე, სულ 02 თვე და 02 დღე, ჩაეთვალოს ძირითადი სასჯელის _ 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ჩაეთვალოს მოხდილად; მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის დანარჩენი ვადის გათვალისწინებით, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა შეუმსუბუქდეს 1000 (ათასი) ლარით და განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ-----– ა-----ისთვის ბოლო განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატოს წინა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 24 (ოცდაოთხი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-----– ა-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად _ ჯარიმა 24 (ოცდაოთხი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7.ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ-----– ა-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლებულია პატიმრობიდან.

 

8.ნივთიერი მტკიცებულება – დანა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

 

9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/