განაჩენი

სისხლის სამართლის 07.06.2019
საქმის ნომერი
030100119002870892
ინსტანცია
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 030100119002870892

საქმე №1/ბ-347-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ---- თ------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების ქ-------–---------------–--------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---- თ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 01 საათსა და 30 წუთზე, ზ---- თ------ემ ქ-------–---------------–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას _ ა-–------ თ------ეს ხელი დაარტყა რამდენჯერმე სახისა და თავის არეში, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნულის გამო ზ---- თ------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენით:

 

ზ---- თ------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზ---- თ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ ზ---- თ------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე---–---- ბ------მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზ---- თ------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ა-–------ თ------ემ და მოწმე ი---- მ---–---მ უარი განაცხადეს შვილის, ბრალდებულ ზ---- თ------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინების რეგისტრაციის ოქმით, მოწმეების _ ო---- ს------ს და გ------- ლ-------ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ზ---- თ------ემ ნამდვილად განახორციელა ძალადობა მამის, ა-–------ თ------ის მიმართ, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რითაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------ს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ზ---- თ------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ---- თ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს მალთაყვის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილის, გ------- ლ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 03 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და მოძრაობდა ქალაქის ტერიტორიაზე. ამ დროს დაურეკა გამომძიებელმა ო---- ს------მ, რომელმაც უთხრა, რომ გამოძიება ჰქონდა დაწყებული ზ---- თ------ის მიერ თავისი მამის, ა-–------ თ------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და სთხოვა მისულიყო სამმართველოში, რათა ზ---- თ------ის დაკავების მიზნით ერთად წასულიყვნენ მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ-------–---------------–-----------ში. ის სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდა სამმართველოში და ო---- ს------სთან ერთად გავიდა აღნიშნულ მისამართზე, სადაც დახვდათ ზ---- თ------ე და დედამისი ი---- მ---–---. ო---- ს------მ ზ---- თ------ეს განუმარტა, რომ მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება ა-–------ თ------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და გააცნო მისი უფლებები, რის შემდეგაც მოხდა ბრალდებულის დაკავება და იგი გადაყვანილი იქნა შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში. ზ---- თ------ე ამბობდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფს ჩხუბი მოუვიდა მამამისთან და არ ეგონა ამის შესახებ ის პოლიციაში თუ განაცხადებდა. მოწმე გ------- ლ-------ს განმარტებით, უშუალოდ ძალადობის ფაქტს ის არ შესწრებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, ო---- ს------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 03 თებერვალს იმყოფებოდა ფოთის საქალაქო სამმართველოში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც დაეწერა ა-–------ თ------ის განცხადება შვილის _ ზ---- თ------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მან გამოკითხა დაზარალებული ა-–------ თ------ე, რომელმაც განუმარტა, რომ თავისმა შვილმა, ზ---- თ------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. იმავე დღეს გ------- ლ-------სთან ერთად მივიდა ზ---- თ------ის საცხოვრებელ სახლში, დააკავეს იგი და გადაიყვანეს შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში. ზ---- თ------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც მის მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი. მოწმე ო---- ს------ს განმარტებით, მან ასევე მოწმის სახით გამოკითხა ზ---- თ------ის დედა ი---- მ---–---, რომელმაც განუმარტა, რომ მამასა და შვილს შორის მოხდა უთანხმოება, რაც ჩხუბში გადაიზარდა და ზ---- თ------ემ სახეში ხელი დაარტყა მამას.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2019 წლის 03 თებერვალს ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ა-–------ თ------ეს მარცხენა ყურის ნიჟარის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ხაზოვან-რკალოვანი ფორმის, უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, ზომით 0,3X0,1სმ, კიდეებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით; ცხვირის მწვერვალოზე აღენიშნებოდა უსწორო-ოვალური ფორმის მოწითალო-მოიისფრო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი, ზომით 1,7X1,1სმ, რომლებიც განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვირვი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა.

 

დაზარალებულმა ა-–------ თ------ემ და მოწმე ი---- მ---–---მ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს შვილის _ ზ---- თ------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

თავად ბრალდებულმა ზ---- თ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მამასთან _ ა-–------ თ------ესთან მოუვიდა შეკამათება, რა დროსაც ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მამისთვის ხელი არ დაურტყამს. რაც შეეხება დაზიანებებს, აღნიშნული დაზიანებები მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა-–------ თ------ემ კიბეზე დაცემის შედეგად მიიღო.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საფუძვლად ვერ დაედება ზ---- თ------ის დამნაშავედ ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულმა ა-–------ თ------ემ და მოწმე ი---- მ---–---მ, რომლებიც ძალადობის ჩადენაში ამხელდნენ ზ---- თ------ეს, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ზ---- თ------ის მიერ 2019 წლის 3 თებერვალს, მამის _ ა-–------ თ------ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მოწმეების _ გ------- ლ-------ს და ო---- ს------ს ჩვენებებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ ა-–------ თ------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, მათი ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაზიარებული ვერ იქნება სასამართლოს მიერ, ვინაიდან, ისინი არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კი სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებებიის შესახებ და ეს მტკიცებულება პირდაპირ ვერ ადასტურებს მისთვის ამ დაზიანების ზ---- თ------ის მიერ მიყენების ფაქტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ზ---- თ------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ ზ---- თ------ის მიმართ 2019 წლის 20 მარტს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი ზ---- თ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ზ---- თ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ---- თ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5.გამართლებულ ზ---- თ------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/