განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310118002445814
საქმე №3ბ/564-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აპრილი 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები: გელა ბადრიაშვილი
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე - გ------- გ-----------ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
1.1. აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ------- გ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 1--------ის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სახდელის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 2--------–-- N---- ბრძანება (მე-2 პუნქტი) სატრანსპორტო საშუალების სახით სახდელის გამოყენების ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2018 წლის 1--------ს გ------- გ-----------ის მიმართ შეადგინა N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ 2018 წლის 1--------ს, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ს.გ.პ. სადახლოში შემოვიდა ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით 7------, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე გ------- გ-----------ი (G--------------- პასპ. ნომ A--------). ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას და კინოლოგის მიერ შემოწმებისას გამოვლინდა ავტომანქანის საბარგულში, გაზის ბალონის ქვეშ და ჩანთებში არადეკლარირებული, დამალული, აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული 103 კოლოფი სიგარეტი. კერძოდ: სიგარეტი GARNI-63 კოლოფი, სიგარეტი VIP-20 კოლოფი და სიგარეტი ARARAT-20 კოლოფი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.(ტ.1.ს.ფ. 49-50).
გ------- გ-----------ს ჩამოერთვა სიგარეტი ARARAT 20.00 კოლოფი, სიგარეტი VIP 20.00 კოლოფი, სიგარეტი GARNI 63.00 კოლოფი და ავტომანქანა ვაზ 2115, რაზედაც 2018 წლის 1--------ს შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი N-----------. (ტ.1. ს.ფ. 46-48).
გ------- გ-----------მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 1--------ის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 2--------–-- N---- ბრძანებით გ------- გ-----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საჩივრის განმხილველმა ორგანომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის ჩადენა დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით და არ არსებობს დამრღვევის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. ავტომანქანის ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანებაში ასახულია დასაბუთება, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი მომავალშიც იქნეს გამოყენებული არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად. ამასთან, ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა ანალოგიურმა სამართალდარღვევებმა, რაც უკავშირდება აქციზის გადასახადის ზრდას. მისი აღკვეთის მიზნით შემოსავლების სამსახური მიმართავს უმკაცრეს ზომას, ვინაიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა და მხოლოდ საქონლის ჩამორთმევის და ჯარიმის გამოყენებით ვერ იქნება მიღწეული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანი.(ტ.1.ს.ფ. 52-57).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 1--------ის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 2--------–-- N---- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს საგადასახადო მოთხოვნას და განიხილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივაქტად, თუმცა იგი იმავდროულად საგადასახადო სამართალდარღვევის დადგენისა და დამრღვევისთვის სანქციის შეფარდების ახდენს, რის გამოც მისი კანონიერების შეფასების მიზნით უნდა შემოწმდეს ასევე სამართალდარღვევის დადგენისა და სახდელის დაკისრების ზოგად პრინციპებთან შესაბამისობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახდელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება ის ზოგადი საწყისები, რომლებიც განაპირობებს სამართლიანი სახდელის დაკისრებას, პირის დასჯას მის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომიერად. მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რაც სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გატარების აუცილებელი პირობათაგანია (სუს 11/04/2012 Nბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა გ------- გ-----------ის მიმართ შეადგინა N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად შემოტანის გამო. მას საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე შეეფარდა საგადასახადო სანქცია: ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
მოსარჩელე სადავოდ ხდის საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო სრულად არ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას, ითხოვს სანქციის შემსუბუქებას, კერძოდ დაკისრებულ სანქციათაგან - სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში გაუქმებას.
განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულად ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რადგან სამართალდარღვევის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით და საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მოსარჩელის განცხადებით, ჩამორთმეული სიგარეტი მას არ ეკუთვნოდა, არამედ ის იყო სატრანსპორტო საშუალების მგზავრების კუთვნილება, ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს კი, მისი მოთხოვნის მიუხედავად, არ გამოუკითხავთ მგზავრები, რათა გამოერკვიათ ეს გარემოება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ამ არგუმენტს, რადგან ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის კანონიერ ძალაში შესული N---------- დადგენილებით დასტურდება, რომ სიგარეტი დამალული იყო საბარგულში, გაზის ბალობის ქვეშ. იგივე გარემოებაა მითითებული საქმეში წარმოდგენილ სხვა დოკუმენტებში. სასამართლო მიიჩნევს, რომ სიგარეტის განთავსების ადგილიდან გამომდინარე, დამაჯერებლობას მოკლებულია მოსარჩელის განცხადება სიგარეტის მგზავრებისადმი კუთვნილების თაობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ნებართვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მგზავრის კუთვნილი ნივთების ასეთ ადგილას მოთავსება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 218-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 და მე-3 მუხლების შინაარსის შესაბამისად, ქმედების ჩადენაზე პასუხისმგებელ სუბიექტს პირს მოცემულ შემთხვევაში სწორედ საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი - სატრანსპორტო საშუალების მძღოლი წარმოადგენს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. მოცემული ნორმის გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, მისი შინაარსი გულისხმობს, რომ პირის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის შემოტანის შემთხვევის გამოვლენისას სამართალდამრღვევს შეიძლება, შეეფარდოს სამი სახის სანქციათაგან ერთ-ერთი, ორი ან - სამივე ერთდროულად. სასამართლო განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული სამივე სანქციის გამოყენება გულისხმობს გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის ყველაზე უფრო მკაცრი ზომის გამოყენებას. ,,ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (სუს 11/04/2012 Nბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილება).
მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ისე - სასამართლო განხილვის ფარგლებში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების დასაბუთების მიზნით მიუთითეს მათ მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე, რაც უფლებას ანიჭებდა მათ, თავისუფლად შეერჩიათ რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთ- ერთი.
დისკრეციული უფლებამოსილების ცნება, მისი გამოყენების ფარგლები და წესი მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლების თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს. თუმცა, როდესაც საკითხი ეხება ადმინისტრაციული გადაცდომისთვის პასუხისმგებლობის დამდგენ სამართლებრივ ნორმებს, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქცია, მათ შორის - რამდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, ამგვარი ალტერნატივის დაწესება გამოწვეულია ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმის, ასევე - კონკრეტული საქმის ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლების მრავალფეროვნებით. სახდელის სახეები ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით და შეუძლებელია, კანონმდებელი აწესებდეს სხვადასხვა სიმძიმის სახდელთაგან ერთ-ერთის თვითნებურად შერჩევის შესაძლებლობას. ამდენად, რამდენიმე სახდელის ალტერნატივის დაწესებით კანონი მათი შერჩევის თავისუფლებას კი არ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ - სახდელის შერჩევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმის და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ადეკვატურად. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, ხოლო კანონით შეთავაზებული არჩევანის გამოყენების მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ შეაფასებს. სახდელის შეფარდებისას კი ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია სახდელის შეფარდებისათვის დადგენილი ზოგადი პრინციპებით. პასუხისმგებლობის ზომის შერჩევა სწორედ კანონიერების მკაცრი დაცვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და საქმის გარემოებათა მიხედვით ყოველთვის არის შესაძლებელი შერჩეული სანქციის შესაბამისობის შემოწმება.
საგადასახადო სანქციის ცნებას განმარტავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლიც მიხედვითაც, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოთვლის საგადასახადო სანქციის სხვადასხვა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ეს მუხლი აწესებს ასევე საგადასახადო სანქციის დაკისრების ზოგად პრინციპებს, როგორიცაა ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის აკრძალვა, სახდელთა შეკრების პრინციპი, ასევე აწესრიგებს სხვა საკითხებს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ შეიცავს პირდაპირ რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები უნდა მიიღოს მხედველობაში სახდელის შემფარდებელმა ორგანომ სახდელის შერჩევისას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული საყოველთაო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სხვადასხვა სიმძიმის სახდელების დაწესება, სულ მცირე, არ უნდა იწვევდეს ერთსა და იმავე პირობებში უთანასწორო მოპყრობას. შესაბამისად, სახდელის შეფარდებისას, სამართალდარღვევის ბუნებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი მახასიათებლები, როგორიცაა: ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და ქმედების სხვა ობიექტური ფაქტორები, დამრღვევის პიროვნება, ბრალის ხარისხი და სხვა სუბიექტური მახასიათებლები. სწორედ ამ მონაცემების მიხედვით ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს სანქციის კონკრეტული სახე.
სასამართლომ განსაკუთრებულ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხეთა არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი - ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ორგანოებმა არ მიიღეს მხედველობაში ამგვარი ინდივიდუალური გარემოებები.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ------- გ-----------ის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 მუხლით გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი სანქციის - 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის და ქონების ჩამორთმევის გამოყენება სრულად უზრუნველჰყოფს სანქციის მიზნების მიღწევას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სანქციას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 17 მარტის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 2--------–-- N---- ბრძანება, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში გასაჩივრებული ოქმის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი:
აპელანტის მითითებით, 2018 წლის 1--------ს სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ს.გ.პ სადახლოში შემოვიდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით 7------, რომელსაც მართავდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ------- გ-----------ი (პას. A--------). ავტომობილის დეტალური დათვალიერებისა და კინოლოგის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად ავტომანქანის საბარგულში, გაზის ბალონის ქვეშ და ჩანთებში არადეკლარირებული, დამალული, აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული 103 კოლოფი სიგარეტი გამოვლინდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარი, ასევე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრით საჩივრის ავტორი არ უარყოფდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. განმარტავდა, რომ სასამართლომ უკვე დააკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე 1000 ლარი ჯარიმა, ითხოვდა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის, კერძოდ კი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გაუქმებასა და მისი კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნებას.
სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ავტომანქანის ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი. მიღებულ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა ითვალისწინებს სამი სახის სანქციას: 1) ჯარიმა; 2) საქონლის ჩამორთმევა; 3) სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა, რომლებიც ერთმანეთისგან სიმძიმის მიხედვით განსხვავდება. ნორმის დისპოზიციის მიხედვით, აღნიშნული სანქციები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ალტერნატიული სანქციების სახით, ასევე კუმულატიურად. აპელანტი იზიარებს სასამართლოს პოზიციას სახდელის შერჩევისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინების თაობაზე, თუმცა აღნიშნულ საკითხზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება სწორედ დადგენილი სტანდარტისა და საგადასახადო სფეროსათვის დამახასიათებელი სფეციფიკის გათვალისწინებით იქნა გამოყენებული. ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე ეძლევა შესაძლებლობა თავად აირჩიოს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული რამდენიმე ღონისძიებიდან კონკრეტული ვითარებისთვის ყველაზე უფრო მისაღები სამართლებრივი შედეგი. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივი წესრიგის ლეგიტიმური ნაწილია. მოცემულ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახური საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების მეშვეობით უზრუნველყოფს სამართალდარღვევების გამოვლენას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევის საქმეების შემდგომ განხილვასა და შესაბამის რეაგირებას. შემოსავლების სამსახური წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილებით აღჭურვილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ახორციელებს სახელმწიფოებრივი ხასიათის ფუნქციას - გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირებას. შესაბამისად, სტანდარტი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებასთან მიმართებით განსახილველ შემთხვევაში ატარებს სფეციფიკურ ხასიათს და იგი საფინანსო-საგადასახადო სფეროში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. შემოსავლების სამსახურის ლეგიტიმურ მიზანს არსებული სამართალდარღვევების გამოვლენა, აღმოფხვრა და პრევენცია წამოადგენს, რაც სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფისაკენ არის მიმართული. იმ შემთხვევაში, თუ ლეგიტიმური მიზანი ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალებით ვერ იქნება მიღწეული, კანონმდებლობა ნორმის შემფარდებელ სუბიექტს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიმართოს უფრო მკაცრ ღონისძიებებს. საგადასახადო სფეროში არსებული პრაქტიკა მოწმობს, რომ სამართალდამრღვევისათვის მხოლოდ ერთი კონკრეტული, ნაკლები ინტენსივობის მქონე სანქციის შეფარდებით, ვერ იქნა მიღწეული ადმინისტრაციული ორგანოს ლეგიტიმური მიზანი. დამატებით აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მოცემულ შემთხვევაში არ დაუშვია შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რაც შესაძლოა სამი ძირითადი სახით გამოიხატოს: 1) დისკრეციული უფლებამოსილების არამიზნობრივად გამოყენება; 2) დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების დარღვევა - გადამეტება; 3) დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ვალდებულების შეუსრულებლობა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა შესაფარდებელი ნორმის მიზნის შესაბამისად და მის ფარგლებში. ადმინისტრაციულმა ორგანომ სანქციების კუმულატიურად გამოყენების თაობაზე საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში მოქცეული გადაწყვეტილება მიიღო. ასეთ შემთხვევაში საკუთრების უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს სახელმწიფოს საგადასახადო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. როდესაც სამართლებრივ სიკეთეს, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესს ემუქრება არსებითი საფრთხე, რაც არა მხოლოდ გადასახადის გადაუხდელობაში, არამედ სამომავლოდ სამართალდარღვევათა განმეორებით ჩადენაში შეიძლება გამოიხატოს, ადმინისტრაციულ ორგანოს ეზღუდება დისკრეციის არეალი და ის ხდება ვალდებული განახორციელოს ჩარევა.
სანქციის გამოყენების არსებით მიზანს სამართალდარღვევის თავიდან აცილება წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანო ხელმძღვანელობს ისეთი საჯარო ინტერესით, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და შედეგიანობით აღემატება მოსარჩელის კერძო ინტერესს. დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა განპირობებულია არა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა განახორციელონ თვითკონტროლი მიზანშეწონილი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღების სახით, არამედ იმით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ აღკვეთოს მოქალაქეთა შეუზღუდავი ქმედებები და შეინარჩუნოს სამართლებრივი ბრუნვის სტაბილურობა. საბაჟო ვალდებულებების დარღვევისას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა არაერთ გარემოებასა და დასაცავ სიკეთეს მოიცავს. სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა არის: ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა, სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა, საგადასახადო სისტემის ეფექტურობა, საბაზრო ეკონომიკის დინამიკური განვითარება, საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, მისი გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება.
აპელანტი განმარტავს, რომ უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად იმატა ანალოგიურმა სამართალდარღვევებმა, განსაკუთრებით კი აქციზურ მარკას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებულმა სამართალდარღვევებმა. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, სსკ-ის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილთან დაკავშირებული სამართალდარღვევები (რომლებიც გასაჩივრებული არ არის) 2017 წელს 2016 წელთან შედარებით დაახლოებით ორჯერ არის გაზრდილი. ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155(2) პრიმა მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები (აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შემოტანა) დაახლოებით 8-ჯერაა გაზრდილი. კონტრაბანდის შემოდინების მსგავსი ტემპით მატებამ განაპირობა ის, რომ შემოსავლების სამსახურმა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, დაიწყო უფრო მკაცრი სანქციების გამოყენება.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გარდა აღმასრულებელი ხელისუფლებისა, საკანონმდებლო ორგანომაც მოახდინა საგადასახადო კოდექსში გარკვეული ცვლილებები აღნიშნული პრობლემის დასარეგულირებლად. კერძოდ, სსკ-ის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტში შევიდა ცვლილება და თუკი მანამდე აქციზური მარკის გარეშე დაშვებული იყო 400 ღერი სიგარეტის (2 ბლოკი) შემოტანა, დღეის მდგომარეობით დაშვებულია მხოლოდ 200 ღერი სიგარეტის (1 ბლოკი) შემოტანა.
აღსანიშნავია, რომ აქციზის გადასახადის გაზრდამდე საბაჟო დეპარტამენტი სანქციის სახით იყენებდა 1000 ლარიან ჯარიმას და საქონლის ჩამორთმევას. აღნიშნულმა პასუხისმგებლობის ზომამ ვერ უზრუნველყო პრევენციული ფუნქციის შესრულება. შესაბამისად, გაზრდილი სამართალდარღვევების ფონზე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოახდინა უფრო მკაცრი სანქციის გამოყენება. დისკრეციული უფლებამოსილების არსიც განსახილველ შემთხვევაში სწორედ ის არის, რომ მოახდინოს სამართალდარღვევის პრევენცია და თუკი გამოყენებული სანქცია ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულს, მოხდეს მიღებული ზომების გამკაცრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი განმარტავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური დაინტერესებულია, შეაჩეროს კონტრაბანდული საქონლის შემოდინება და ამისათვის მკაცრ ზომებს მიმართავს კიდეც.
შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო საგადასახადო სფეროსათვის დამახასიათებელი სპეციფიკა და სამართლებრივი შეფასება სწორედ ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით მოეხდინა.
აღნიშნული გარემოებების შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელის მიმართ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშეც, სხვა სანქციის შეფარდებით, სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი მიღწეული იქნებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და კანონშეუსაბამო. გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი ადგენს: საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
სააპელაციო სასამართლო დავის განხილვის პროცესში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სარჩელის დამაყოფილების ნაწილში, რაც დავის განხილვის ფარგლებიდან გამომდინარე, ქმნის მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში გადამოწმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას და მიიჩნევს, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო სანქციის დაკისრების პროცესში მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას სახდელის დადების პროცესში გაითვალისწინოს და მხედველობაში მიიღოს სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება.
სააპელაციო სასამართლო კვლავაც ყურადღებას მიაქცევს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსს და აღნიშნავს, ამ შემთხვევაშიც, როგორც პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა უმეტეს ნაწილში, დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქციის, მათ შორის რამოდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ცალკეული გადაცდომა მათი ერთგვაროვანი შინაარსის მიუხედავად, ყოველთვის ხასიათდება კონკრეტული ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლებით, გადაცდომის სიმძიმით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადექვატურობას.
ზაკ-ის მე-7 მუხლი ადგენს: 1. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; 2. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მითითებული ნორმის შინაარსს და თვლის, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პროცესში ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ცალკეული პირის სუბიექტური უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლება, რომლის შეზღუდვა საჭიროებს განსაკუთრებულ დასაბუთებას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების პროცესში პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც ის იქნა გატარებული.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და სანქცია დაკისრებულია კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის საფუძველზე. აპელანტი ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს, რითია განპირობებული გამოყენებული სანქციის, კონკრეტულად სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარდაუვალობა და რატომ ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზანს სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის გარეშე სანქციის შეფარდება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოთვლის საგადასახადო სანქციის სხვადასხვა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ეს მუხლი აწესებს ასევე საგადასახადო სანქციის დაკისრების ზოგად პრინციპებს, როგორიცაა ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის აკრძალვა, სახდელთა შეკრების პრინციპი, ასევე აწესრიგებს სხვა საკითხებს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ შეიცავს პირდაპირ რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები უნდა მიიღოს მხედველობაში სახდელის შემფარდებელმა ორგანომ სახდელის შერჩევისას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული საყოველთაო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სხვადასხვა სიმძიმის სახდელების დაწესება, სულ მცირე, არ უნდა ატარებდეს რეპრესიულ ხასიათს და ეწინააღმდეგებოდეს სამართლიანობის პრინციპს.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხის არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ მიიღეს მხედველობაში ამგვარი ინდივიდუალური გარემოებები.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილი გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. სანქციის სახით 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება და საქონლის ჩამორთმევა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევადობას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სამართალდამრღვევის მდგომარეობას.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტი სააპელაციო საჩივარში ვერ უთითებს იმ გარემოებებზე, რომელიც გაამართლებდა შეფარდებული სანქციის ერთობლიობაში გამოყენების აუცილებლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული იმ გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები: გელა ბადრიაშვილი
მარიამ ცისკაძე