განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002789930
საქმე №1ბ/708-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ლ-–----------–--ის,მსჯავრდებულ - გ-------–----–---–--ნის,ადვოკატ - გ---------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ-------–----–---–--ნის და მისი ადვოკატის გ---------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-------–----–---–--ნის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ-------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები - თ---–---------------–--------–--–----------------------------------. დანაშაულები გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენით:
გ-------–----–---–--ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
გ-------–----–---–--ნს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
გ-------–----–---–--ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
გ-------–----–---–--ნს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, გ-------–----–---–--ნს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
გ-------–----–---–--ნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.
გ-------–----–---–--ნს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 26 ნოემბრიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
გ-------–----–---–--ნმა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის.
მანვე ჩაიდინა, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 05 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ვარკეთილი 3, პირველი მიკრორაიონი, 23-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ავტოსადგომზე გაჩერებული მ------------ის კუთვნილი „დაფის“ ფირმის, თეთრი ფერის, სატვირთო ავტომობილიდან, სახელმწიფო ნომრით C--------, გ-------–----–---–--ნი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჯამში 600 (ექვსასი) ლარის ღირებულების ორ ცალ აკუმულატორს, რითაც დაზარალებულ მ------------ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 07 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში სა---------–--------------------------------–--------------------------------------------- კორპუსთან მდგარი მ--------------–---–ის კუთვნილ თეთრი ფერის „მერსედეს-ბენცის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით „V--------“, სატვირთო ავტომობილიდან გ-------–----–---–--ნი ფარულად დაეუფლა ჯამში 140 ლარად ღირებულ ორ ცალ აკუმულატორს და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრა, რითაც დაზარალებულ მ--------------–---–ს მიადგა ქონებრივი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ-------–----–---–--ნმა და მისმა ადვოკატმა გ---------------ემ. სააპელაციო საჩივრებით აპელანტებმა ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, გ-------–----–---–--ნის მიმართ სასჯელის სახით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთიდან ერთი მესამედის პირობითად ჩათვლა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ გ-------–----–---–--ნმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას.
პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ-------–----–---–--ნისა და მისი ადვოკატის გ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენი უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია მხარეებს სააპელაციო სასამართლოში არ გაუხდიათ სადავოდ. გ-------–----–---–--ნის მიერ დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების მ------------ის და მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს; მოწმეების - დ-----------------–-–---–ის, ზ-----------------------–----------------------------------------------–---–--------------------–---–--------------–------------–-–---------ს, გ-------–----–---–--ნის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს; სააღრიცხვო ჟურნალის და აკუმულატორების ამოღების ოქმს და ამოღებულ ნივთმტკიცებებს; სააღრიცხვო ჟურნალის დათვალიერების ოქმს; ნივთის ამოცნობის ოქმს; სასაქონლო ექსპერტიზის N2---/ს დასკვნას; ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს; სააღრიცხვო რვეულს და აკუმულატორების ამოღების ოქმს და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს; სააღრიცხვო რვეულის დათვალიერების ოქმს, ნივთიერ მტკიცებულებებს გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, ნივთის ამოცნობის ოქმებს; გ-------–----–---–--ნის დაკავების ოქმს; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
შესაბამისად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ-------–----–---–--ნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ-------–----–---–--ნის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა იზიარებს საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, კერძოდ:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული გ-------–----–---–--ნი სრულად აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამძიებასთან, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, არ არის ნასამართლევი. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მის მიმართ გამოყენებული სასჯელის ნაწილის სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლას, რაც თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ვადიანი თავისუფლეის აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დარჩენილი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს სრული საფუძველი იმისა, რომ გ-------–----–---–--ნს დანიშნული სასჯელი ნაწილობრივ ჩაეთვალოს პირობითად, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ-------–----–---–--ნის და მისი ადვოკატის გ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის განაჩენში;
გ-------–----–---–--ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
გ-------–----–---–--ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, გ-------–----–---–--ნს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე გ-------–----–---–--ნს განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
სსსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გ-------–----–---–--ნს გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
გ-------–----–---–--ნს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 26 ნოემბრიდან.
პირობითი მსჯავრის პერიოდში გ-------–----–---–--ნის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ-------–----–---–--ნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცება:
ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სუნის კვლები 3 ცალ ქილაში, დალუქული ერთ პაკეტად, შტრიხ კოდით F--------, რომელიც ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული ხელის კვლები 16 ცალ დ/ფ-ზე დალუქული, რომელიც ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ფერადი ლითონის მიმღები პუნქტიდან ამოღებული ერთი ცალი სააღრიცხვო რვეული, რომელიც დალუქული ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ორი ცალი აკუმულატორი, ამოღებული ფერადი ლითონის მიმღები პუნქტიდან, რომელიც ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში და გ-------–----–---–--ნისგან ამოღებული სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგ განადგურდეს.
ზ-----------------ან ამოღებული სააღრიცხვო ჟურნალი და ორი ცალი აკუმულატორი, რომელიც ინახება შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე