განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210019002616131
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-153-2019 17 ივნისი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) მოსამართლეები : ლაურა მიქავა სიმონ ჩხაიძე თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი - რე---- თე------
მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - ნო-- ნა-------- თე----- ას-–-----–---–-
დავის საგანი - მამობის დადგენა, გვარის მინიჭება, ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარე----ლუციო ნაწილი - ნო-- ნა--------- სარჩელი დაკმაყოფილდა. - ცნობილ იქნა რე---- თე------ (პ/ნ.: 3----------) 2012 წლის 2- აგვისტოს დაბადებული მა----- ნა--------- (პ/ნ.: 6----------) მამად, რის შესახებაც შევიდა ცვლილება მა----- ნა--------- დაბადების სააქტო ჩანაწერში ნრ N4----- (რეგისტრირებული: 2012 წლის 4 სექტემბერს), მა----- ნა--------ს მიენიჭა მამის გვარი - ,,თე------“. - მოპასუხე რე---- თე------ს დაეკისრა თავისი არასრულწლოვანი შვილის - მა----- ნა--------- (თე-------) (პ/ნ.: 6----------, დაბ. 2012 წლის 2- აგვისტოს) სარჩენად ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 04 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე. - რე---- თე------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. გასაჩივრებული განჩინების სარე----ლუციო ნაწილი - მოპასუხე რე---- თე------ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. - ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2018 წლის 04 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნო-- ნა--------მ მოპასუხე რე---- თე------- მიმართ, მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ. 2.2. 2018 წლის 01 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და წარმოადგინა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების მტკიცებულება, რომლითაც ირკვევა, რომ გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2018 წლის 13 სექტემბერს სარჩელში მითითებულ მისამართზე. 2.3. მოპასუხეს სასამართლოში წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული ჰქონდა 10 დღიანი ვადა, თუმცა განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.; 2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;. 2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, 2018 წლის 13 სექტემბერს ჩაბარდა სარჩელი, თუმცა მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა შესაგებლის წარდგენა სასამართლოსათვის. მის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც ევექსი სამედიცინო კორპორაცია (ქუთაისის ონკოლოგიური ცენტრის) მიერ გაცემული ცნობით დასტურდება აქვს წელის მალების ოსტეოქონდროზი. სპონდილოართროზი, დისკის დორსომედიალური მიგრირებული თიაქარი, ასევე რეკომენდირებული აქვს ნეიროქირურგის კონსულტაცია. მის მძიმე ჯანმრღელობის მდგომარეობას ასევე ადასტურებს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ 2018 წლის 03 სექტემბერს ძლიერი ტკივილების გამო მიმართა შპს ,,ჯეო ჰოსპიტალის“ სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრს, გადიოდა ინტერნსიურ მკურნალობის კურსს ერთი თვის განმავლობაში; 3.2. ამასთან, არის ასაკით პენსიონერი, 65 წლის და აღნიშნული კიდევ უფრო ამძიმებს მის ისედაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სარჩელის ჩაბარებისას რამდენჯერმე სცადა დაკავშირება კონვერტზე მითითებულ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ცხელ ხაზზე, რათა ეცნობებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობსი შესახებ, თუმცა ვერასდროს ვერ მოახერხა; 3.3. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა სწორედ ისეთი ფაქტი, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას. მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს და არასრუწლოვნის მა----- ნა--------- მამა იგი არ არის. შესაბამისად, არ უნდა განხორციელდეს ცვლილება არასრულწლოვნის დაბადების სააქტო ჩანაწერში. რუსეთში ყოფნის პერიოდში მასთან, მოსარჩელესთან საერთოდ არ ჰქონია ურთიერთობა, რაც ადასტურებს მის მიერ მითითებული ფაქტის სიმცდარეს. შესაბამისად არ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრუწლოვნის სასარგებლოდ, რადგან მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გაომდინარე, მაინც ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას, რაც ასევე მძიმე და ამავდროულად უსამართლო ეკონომიკურ ვალდებულება იქნება მისთვის და მისი ოჯახისთვის. მისი მეუღლე გარდაცვლილია, ჰყავს ორი შვილი, ასევე ექვსი არასრუწლოვანი შვილიშვილი და შვილთაშვილი;. 3.4. მოსარჩელე აბსოლუტურად მცდარ ინფორმაციას მიუთითებს, როდესაც ამბობს რომ თითქოსდა ბათუმში აქვს კერძო ბიზნესი, მის საკურებაშია ბინა და სარდაფი და მათი გაქირავების შედეგად ღებულობს შემოსავალს 1000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ ფაქტს არასდროს ჰქონია ადგილი და სამწუხაროდ მის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს ასაკის პენსია, რაც მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მხოლოდ მედიკამენტებს ხმარდება; 3.5. ამდენად, სრულიად უსამართლოდ მოხდა მოსარჩელის მიერ სარჩელით მიმართვა სასამართლოსთვის და სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემთხვევაში შეუძლებელია მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული გარემოებები, ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ იძლევა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; 4.2. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ნო-- ნა-------- ითხოვს: 2012 წლის 2- აგვისტოს დაბადებული მა----- ნა--------- (პ/ნ 6----------) მამად აღიარებული იქნეს რე---- თე------ (პ/ნ 3----------), რის შესახებაც შევიდეს ცვლილება მა----- ნა--------- დაბადების სააქტო ჩანაწერში ნრ №4----- (რეგისტრირებული 2012 წლის 04 სექტემბერს); მა----- ნა--------ს მიენიჭოს მამის გვარი - „თე------“; მოპასუხე რე---- თე------ს დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილის მა----- ნა--------- (თე-------) სარჩენად ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 04 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე; 4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს; 4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით; 4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ; 4.6. პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესი“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის, უპირისპირდება მშობლის უფლებას - იწოდებოდეს და იურიდიულად იყოს მითითებული ბავშვის მამად. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებული ასევეა უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს 78პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს არასრულწლოვმის კანონიერი ინტერესის მიღწევის ლეგიტიმურ მექანიზმს და სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულების ერთ-ერთ კომპონენტსაც. სწორედ ეს აზრია გატარებული სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-8 ნაწილში, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს; 4.7. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვა ცალკე თავის სახით არის გამოყოფილი, რადგან მას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები. ამ თავისებურებას განპირობებს საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკა, რომელიც უპირატესად ატარებს პირადულ და განგრძობად ხასიათს. ერთ-ერთ ფუნდამენტურ თავისებურებას, სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვისაგან განსხვავებით წარმოადგენს სამძებრო პრინციპის უფრო ფართოდ გამოყენება. მართალია საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას; 4.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი). მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არის სპეციალური ნორმა და მას უპირატესობა ენიჭება ამავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ნორმასთან შედარებით; 4.9. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დავა შეეხება არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, გადამწყვეტია, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს არასრულწლოვანს გვარის შეცვლამ და დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში ცვლილებების შეტანამ და ა.შ. აქ უპირატესია ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინება. შესაბამისად, არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03/05/2012წ. გადაწყვეტილება, საქმე ას-307-294-2012); 4.10. ამასთან, ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები; 4.11. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს; 4.12. ადამიანის უფლებათა კომიტეტის №17 ზოგადი კომენტარის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლება გვარის შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საბერძნეთის მიმართ გამოთქმულ თავის რეკომენდაციაში, მიუთითა, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და გამოიყენოს მისი სრული სახელი და გვარი, რომელსაც თავად, მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები აირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ, უმთავრეს შემთხვევაში, მშობლები წყვეტენ ბავშვის გვართან დაკავშირებულ საკითხს, კონვენცია არ უშვებს იმას, რომ აღნიშნული უფლება მშობლის აბსოლუტური პრეროგატივაა. ეროვნულ კანონმდებლობას უნდა ჰქონდეს სათანადო მექანიზმები, რათა თავიდან აიცილონ ბავშვის ისეთი გვარით რეგისტრაცია, რომელმაც მისი დაცინვა, დისკრიმინაცია ან სხვა ცუდი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს (იხ. www.unicef.org/publications/files/Implementation Handbook for the Convention on the Rights of Child Part 1 of 3.pdf); 4.13. ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოთმითითებული სამართლებრივი რეგულაციებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არასრულწლოვან მ.ნ.-ის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. ბავშვის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პირობებში კი შეუძლებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევა და მის შესაბამისად, დავის გადაწყვეტა; 4.14. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არასწორად გამოიტანა და იგი უნდა გაუქმდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ რე---- თე------- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე სარჩელზე შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმის ხელახალი განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რე---- თე------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან;
3. სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხი გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარე----ლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
სიმონ ჩხაიძე