განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.04.2019
საქმის ნომერი
330310018002500138
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002500138

საქმე №3ბ/916-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - საქართველოს გენერალური პროკურატურა;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ვ----– კ-------ე;

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ვ----– კ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას ვ----– კ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

დისციპლინური წესით დასჯისა და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლის 22 მარტის N------ ბრძანების თანახმად, შ-------–---–-------------------–----------------------------–-------------------------–-------------------–------–----–------------–---------------–-------------------------------------------–--------------–-, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვ----– ნ------------- კ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში 2012 წლის 20 მარტიდან.(ტ.1.ს.ფ. 15)

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ივნისის განაჩენით (საქმე N1--------) საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს გენერალური ინსპექციაში, კრიმინალური საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა პროკურორსა და ვ----– კ-------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ვ----– კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.(ტ.1. ს.ფ. 11-14)

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 18 ივლისის დადგენილების საფუძველზე, ვ----– ნ------------- კ-------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად.(ტ.1. ს.ფ. 35-38)

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით (საქმე №1-----------) საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ვ----– კ-------ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენი. ვ----– კ-------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.(ტ.1.ს.ფ. 18-34)

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 28 მაისის N3---- წერილით ვ----– კ-------ეს 2018 წლის 28 მაისის N2---- მიმართვის პასუხად ეცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 12.06.2012 წლის N1-------- განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მას დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე წერილით განმარტებულ იქნა, რომ აღნიშნული განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 16 ივლისს.(ტ.1. ს.ფ. 16)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №2/3/630 აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.

 

სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13),10.04.2014წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13), 23.07.2013 წ.) განმარტებაზე, რომ „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ პირს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის დაკისრება, რომელიც მას მიადგა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენით დამტკიცებული საპროცესო შეთანხმებით, დამატებით სასჯელის სახით ჯარიმის - 5000 ლარის გადახდით, მითითებული განაჩენი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით (საქმე №1-----------) გაუქმდა და ვ----– კ-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დამატებით სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის თანხის - 5000 ლარის გადახდის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 28 მაისის N3---- წერილით, რომელშიც აღნიშნულია, რომ განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 16 ივლისს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას ვ----– კ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანის 5000 ხუთიათასი) ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.“ საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი - „თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს ამავე კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად "პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად "რეაბლიტირებული პირისთვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე თანახმად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად კი, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი, მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანხმად, განაჩენი – პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის N1---------- განაჩენიდან ნათლად ჩანს, რომ 2012 წლის 12 ივნისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა საქართველოს პროკურატურასა და ვ----– კ-------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად ვ. კ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლის თ/აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

 

2017 წლის 18 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის "ზ" პრიმა ქვეპუნქტზე მითითებით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენის გადასინჯვა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენი და ვ. კ-------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.

 

აპელანტის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობისა და დასაბუთების გარეშე გადაწყვიტა, რომ ვ----– კ-------ისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტშია გადარიცხული, როგორც მატერიალური ზიანი უნდა დაეკისრებოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. აღნიშნულს აპელანტი არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ 2012 წლის 12 ივნისის განაჩენი, რომლითაც ვ. კ-------ეს ძირითად სასჯელთან ერთად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით გაუქმდა, რის გამოც აღნიშნული თანხის საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრება უსაფუძვლოა, ვინაიდან დამატებითი სასჯელის სახით გადახდილი ჯარიმა არ შეიძლება ჩაითვალოს პროკურატურის მხრიდან მიყენებულ ზიანად. აღნიშნული ამ სამართლებრივ ჭრილში არ უნდა ყოფილიყო განხილული და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მითითებული სამართლებრივი საფუძვლით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ დისციპლინური წესით დასჯისა და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლის 22 მარტის N------ ბრძანების თანახმად, შ-------–---–-------------------–----------------------------–-------------------------–-------------------–------–----–------------–---------------–-------------------------------------------–--------------–-, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვ----– ნ------------- კ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში 2012 წლის 20 მარტიდან.(ტ.1.ს.ფ. 15).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ივნისის განაჩენით (საქმე N1--------) დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალურ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა; დამტკიცდა პროკურორსა და ვ----– კ-------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება; ვ----– კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.(ტ.1. ს.ფ. 11-14).

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 18 ივლისის დადგენილების საფუძველზე, ვ----– ნ------------- კ-------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად.(ტ.1. ს.ფ. 35-38).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით (საქმე №1-----------) საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ვ----– კ-------ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენი. ვ----– კ-------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.(ტ.1.ს.ფ. 18-34).

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 28 მაისის N3---- წერილით ვ----– კ-------ეს 2018 წლის 28 მაისის N2---- მიმართვის პასუხად ეცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 12.06.2012 წლის N1-------- განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მას დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე წერილით განმარტებულ იქნა, რომ აღნიშნული განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2012 წლის 16 ივლისს.(ტ.1. ს.ფ. 16).

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს: მიყენებული ზიანის კომპენსირების უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ უფლებათა კატეგორიას, საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს: ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ” ევროპული კონვენცია, რომლის მე- 7 ოქმზე მიერთებით საქართველოს სახელმწიფომ დაადასტურა საკუთარი ნება მოქმედი კანონმდებლობის ან დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად უზრუნველყოს ყველა იმ პირის კომპენსირება, რომელიც მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, თუმცა შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან პირი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, რამდენადაც ახალმა და ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება განხორციელდა არაჯეროვნად.

 

სახელმწიფოს ასევე სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის განსაკუთრებულ წესს ადგენენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულია კერძო სამართალში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის საფუძვლების გავრცელების შესაძლებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს: რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის ნორმატიული დანაწესი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ უკავშირებს ბრალის არსებობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზიანის ანაზღაურების იურიდიულ საფუძველს ქმნის არა ცალკეული მოხელის ბრალეულობა, არამედ გამამართლებელი განაჩენი, რომელიც ადასტურებს, რომ პირმა გაუმართლებლად განიცადა ის ზემოქმედება, რაც უკავშირდება სისხლისსამართლებრივ დევნას. მითითებული მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც დაკავშირებულია რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უკანონოდ მიცემისათვის, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა;

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ვ----– კ-------ის მარეაბილიტირებელი გარემოება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით (საქმე №1-----------).

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ უკანონო მსჯავრდების გამო მოსარჩელისათვის დამატებით სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის თანხა - 5000 ლარი ვ----– კ-------ემ გადაიხადა. საქმეში წარმოდგენილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 28 მაისის N3---- წერილის თანახმად განაჩენი აღსრულდა 2012 წლის 16 ივლისს და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე. ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულია მოსარჩელისათვის უკანონო მსჯავრდების გამო 5000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ქმნის წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრებები ვერ ასაბუთებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე