განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100114593439
საქმე №1/ბ-761-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- ა-----–-ს ძე ზ----ის მიმართ - დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 6----------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები - ქ. ბ---------------------------------;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ---- ზ----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა (2018 წლის 17 მაისამდე მოქმედი რედაქციით), რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ---- ზ----ე მეტი შემოსავლისა და სარგებლის მიღების მიზნით, ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–---------ში მდებარე, იჯარით აღებულ სასტუმროს შენობას, 2014 წლის მაისიდან 2014 წლის 29 ივნისამდე სისტემატიურად გადასცემდა პროსტიტუციისთვის.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ლ---- ზ----ემ ჩაიდინა პროსტიტუციისთვის ადგილიდ გადაცემა;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ლ---- ზ----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----–--- წ--------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი ლ---- ზ----ის მიმართ, იგი დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული ბრალდების მხარის ყველა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება ურთიერთთავსებადია და უტყუარად ადასტურებს ლ---- ზ----ის მიერ სსკ-ის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, თუმცა სასამართლომ ეს ფაქტები უგულებელყო და მტკიცებულებები ბრალდებულის სასარგებლოდ შეაფასა. სასამართლო დაეყრდნო დაცვის მხარის მტიცებულებებს, ბრალდებულის ჩვენებას და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ორ დაინტერესებული მოწმის ჩვენებას.
გამართლებულ ლ---- ზ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- შ----ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული განაჩენი ლ---- ზ----ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითულ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ჯ--- მ--–-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2014 წლის 23 ივნისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ლ---- ზ----ეს მფლობელობაში გააჩნია სამსართულ--ნი შენობა ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–ის ქუჩაზე, სადაც გახსნილი აქვს კაფე-ბარი და სასტუმრო "ლ----". ლ. ზ----ე დანაშაულებრივ კავშირშია ბარმენთან თ-- კ-------ესთან. ისინი იყენებენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს, რომლებიც ბარში შესულ მამაკაცებს ახარჯინებენ თანხას, შემდეგ კი მიყავთ ამავე შენობის მეორე და მესამე სართულზე განთავსებულ სასტუმრო "ლ----ში", სადაც ამყარებენ სქესობრივ კავშირს.
მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ ჯ.მ--–-----ემ იმავე დღეს პატაკით აცნობა პოლიციის მესამე განყოფილების ხელმძღვანელობას, რის საფუძველზეც საქმეზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლით.
მოწმე ქ------- შ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2013-2014 წლებში მიმტანად მუშაობდა ქ. ბათუმში ზ-----–-–---–---------ში მდებარე ბარში, რომელსაც ფლობდა თ-- კ-------ე. აღნიშნულ ბარში ყოველდღიურად იკრიბებოდნენ მეძავები, მოდიოდნენ მამაკაცები, ბარშივე ურიგდებოდნენ სექსუალური მომსახურების თანხაზე და გადიოდნენ ბარიდან, მიდიოდნენ გვერდით მდებარე სასტუმრო "ლ----ში", რომლის მფლობელი ლ---- ზ----ე იყო. ბარი და სასტუმრო ერთ შენობაში ფუნქციონირებდა, თუმცა იზოლირებული იყო ერთმანეთისგან და ცალკე შესასვლელები ჰქონდა. არ დაუნახავს ლ---- ზ----ეს თავისი ინიციატივით წაეყვანა მეძავი და მისი თანმხლები მამაკაცი თავის სასტუმროში.
მოწმე ზ------ გ--------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის მეზობლად, ზ-----–-–---–ის N4-ში განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა კაფე-ბარი და სასტუმრო, სახელწოდებით "ლ----". კაფე-ბარიდან, ასევე მის წინ მდებარე ტერიტორიიდან მეზობლებს ხშირად აწუხებდა ხმაური, ბარში იკრიბებოდნენ მეძავები და თურქი მამაკაცები, რომლებიც ცუდად იქცეოდნენ, ხმაურობდნენ და არ აძლევდნენ მეზობლებს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. ამიტომ შეწუხებულებმა შეადგინეს ერთობლივი განცხადება და მიმართეს პოლიციას რეაგირებისთვის. ამის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა. რაც შეეხება სასტუმროს, მისი მფლობელი იყო ლ---- ზ----ე, მის კავშირზე იმ სიტუაციასთან, რომელიც აწუხებდათ მეზობლებს და განცხადების დაწერის საფუძველი გახდა, არაფრის თქმა შეუძლ--, მისი აზრით, მეძავს და მის თანმხლებ მამაკაცს ნებისმიერ სასტუმროში შეუძლ-- შესვლა და სად წავლენ მათი გადასაწყვეტია.
მოწმე ა--- გ--------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–ის ქუჩაზე. მათი სახლის მეზობლად ზ-----–-–---–ის N4-ში განთავსებული იყო კაფე-ბარი და სასტუმრო "ლ----". ეს ორი ობიექტი მდებარეობდა ერთ შენობაში, მაგრამ იზოლირებულად, ცალკე შესასვლელებით. ბარში იკრიბებოდნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, მოურიდებლად ყველას გასაგონად ვაჭრობდნენ მამაკაცებთან სექსუალური მომსახურების თანხაზე, ბარიდან სად მიდიოდნენ არ იცის, სასტუმრო "ლ----ში" რა ხდებოდა არ იცის.
მოწმე მ----- ჭ--–---–ის განმარტებით, 2014 წელს ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–ის N1-ში. მეზობლად, N4-ში მდებარეობდა სასტუმრო და მის გვერდით კაფე-ბარი. არ აქვს ინფორმაცია ვინ იყო ბარის, ან სასტუმროს მფლობელი. ხედავდა, რომ ბარში შედიოდნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, იყო ხმაური, ხან ჩხუბი, ხმამაღალი ვაჭრობა მამაკაცებთან სექსუალური მომსახურების თანხაზე. ამიტომ მეზობლებმა დაწერეს ერთობლივი განცხადება და მიმართეს პოლიციას. მიზანი იყო მოგვარებულიყო ბარის პრობლემა და არა სასტუმროსი, სასტუმრო მეზობლებს არ აწუხებდა, რა ხდებოდა სასტუმროში არ იცის, სად მიდიოდნენ მეძავები მამაკაცებთან ერთად ბარიდან გამოსვლის შემდეგ, არ იცის.
მოწმე ლ-- რ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს ოჯახთან ერთად ზ-----–-–---–ის ქუჩაზე. ამავე ქუჩაზე N4-ში ფუნქციონირებდა სასტუმრო და კაფე-ბარი. ბარში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იყრიდნენ თავს, რომლებიც გამომწვევად იქცეოდნენ, ვაჭრობდნენ კლიენტ მამაკაცებთან სექსუალური მომსახურების ფასზე, შემდეგ კი ადიოდნენ სასტუმრო "ლ----ში", სასტუმროში როგორ ხდებოდა ნომრის აღება, ადგილი ჰქონდა თუ არა რაიმე გარიგებას მის მფლობელთან - არ იცის.
მოწმე ქ--------- მ-----–-–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ზ-----–-–---–ის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარის და სასტურმო "ლ----ს" მეზობლად ცხოვრობდა. ბარის მფლობელი იყო ქალი, სახელად თ--, გვარი არ იცის, სასტუმროს კი ლ---- ზ----ე ფლობდა. ბარში იკრიბებოდნენ მეძავი ქალები, იყო ხმაური, ხმამაღალი მუსიკა, ხან ჩხუბი, მამაკაცებთან ხმამაღალი ვაჭრობა სექსუალური მომსახურების თანხაზე. მეზობლებმა არაერთხელ მოუწოდეს ბარის მფლობელ თ--ს შეწყვეტილიყო ეს ყოველივე და მისცემოდათ მეზობლებს მშვიდი ცხოვრების საშუალება, მაგრამ ამაოდ. ბარიდან გამოსული ქალები და მამაკაცები ადიოდნენ სასტუმრო "ლ----ში". ვარაუდობს, რომ იყო სასტუმროს მფლობელ ლ---- ზ----ესა და ამ ქალბატონებს შორის გარიგება, თუმცა კონკრეტულად არაფრის თქმა შეუძლ--, ფაქტს, რომელიც ასეთ ვარაუდს დამაჯერებელს გახდიდა, არ შესწრებია.
მოწმე ნ-------- ხ--–--–-ს განმარტებით, 2013 წელს ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–---------ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც მისი მეუღლის გ--------- ჯ-------ის სახელზეა რეგისტრირებული, იჯარის ხელშეკრულებით გადასცა ლ---- ზ----ეს. აღნიშნულ ფართში გახსნილი იყო სასტუმრო, მის გვერდით მდებარეობდა კაფე, რომელიც ნაქირავები ჰქონდა თურქ მამაკაცს, თუმცა ქართველი ქალი ამუშავებდა. კაფე იყო ცალკე ფართში, სასტუმრო - ცალკე. იცის, რომ 2014 წელს პოლიციის თანამშრომლებმა რეიდი მოაწყეს და აღნიშნული სასტუმრო შეამოწმეს, როგორც შეიტყო, ხმაურით შეწუხებულ მეზობლებს შეუტანიათ საჩივარი პოლიციაში, რასაც მოყვა ზემოაღნიშნული რეიდი. უფრო კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გ--------- ჯ-------ემ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
მოწმე გ--------- ჯ-------ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი საიჯარო ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ლ---- ზ----ემ 2013 წლის მაისში ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–ის ქუჩა N4-ში მდებარე, ჯ-------ის კუთვნილი უძრავი ქონებიდან, იჯარით აიღო 172,74 კვ.მ. ფართი.
მოწმე ა----- ფ---------ის განმარტებით, 2014 წლის 14 მაისს ტოტალიზატორში მოიგო სოლიდური თანხა და გადაწყვიტა გასართობად წასვლა. იცოდა, რომ ზ-----–-–---–ის ქუჩაზე მდებარე ბარში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იკრიბებოდნენ, ამიტომ მივიდა ამ ბარში, გამომწვევად ჩაცმული ქალებიდან ერთ-ერთი აარჩია, შეუთანხმდა სექსუალური მომსახურების ფასზე და შესთავაზა სხვა სასტუმროში წასვლა, მაგრამ ქალმა სასტუმრო "ლ----" არჩია, ახლოსაა და ჩვენ აქ დავდივართო. გვერდით კარში შევიდნენ, მაშინ ნახა პირველად ლ---- ზ----ე, რომელმაც ნომრის ფული გამოართვა, სასტუმროს ჟურნალში გაატარა მისი მონაცემები და ნომრამდეც მიაცილა. ამ ფაქტიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიტყო, რომ პროსტუტუცია ისჯებოდა, შეშინდა თავადაც არ დასჯილიყო, რადგან ამ საქმიანობაში ჩართულ ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა, ამიტომ გადაწყვიტა მოეხადა მოქალაქეობრივი ვალი. 26 ივნისს მივიდა პოლიციის განყოფილებაში, თანამშრომლებს აუხსნა მისვლის მიზეზი, უთხრა, რომ მზად იყო მათთან თანამშრომლობისთვის, აჩვენა ფული, რომელიც თან ჰქონდა და აპირებდა მის დახარჯვას მეძავ ქალებთან. პოლიციელებმა დაათვალიერეს ფულის კუპიურები, შეადგინეს ოქმი, ფული დაუბრუნეს, რის შემდეგაც ისევ წავიდა იმავე ბარში, გაურიგდა მეძავ ქალს სექსუალური მომსახურების თანხაზე. ამ უკანასკნელის მითითებით სექსუალური კავშირის დასამყარებლად ისევ სასტუმრო "ლ----ში" შევიდნენ, ისევ ლ---- ზ----ეს გადასცა ნომრის თანხა, ამ უკანასკნელმა მიაცილა ნომრამდე. მალე პოლიციის თანამშრომლებიც შევიდნენ სასტუმროში და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები.
საქმეში წარმოდგენილი ა----- ფ---------ის ხელწერილით ირკვევა, რომ 2014 წლის 29 ივნისს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელთან ნებაყოფლობით წარადგინა ფულადი კუპიურები და განაცხადა თანხმობა მათ დათვალიერებაზე.
2014 წლის 29 ივნისის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებელმა ც-–--–--ემ დაათვალიერა ა----- ფ---------ის მიერ წარდგენილი შვიდი ცალი ოცლარიანი და ერთი ცალი ათლარიანი კუპიურა, სულ 150 ლარის ოდენობით ფულადი თანხა, რომელიც დათვალიერების შემდეგ დაუბრუნდა ფ---------ეს.
მოწმე რ----–-- ც-–--–--ის განმარტებით, 2014 წლის ივნისში გასართობად მივიდა ზ-----–-–---–ის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში, სადაც ბარიც იყო. ბარში მსუბუქი ყოფაქცევის ქალს შეუთანხმდა სექსუალური მომსახურების თანხაზე, ქალის განმარტებით, ამ თანხაში არ შედიოდა სასტუმროს ნომრის თანხა და მის დაკლებაზე სასტუმროს მფლობელს ლ----ს დალაპარაკებოდა. ლ----მა თანხა მართლაც დაუკლო. გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიგო, რომ პროსტიტუციაში ჩართულ ქალებთან ურთიერთობა "საშარო საქმე" ყოფილა, ამიტომ წავიდა პოლიციაში, აუწყა ასეთ ქალებთან კავშირის შესახებ და პოლიციასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. აჩვენა ფულადი თანხა, რომელიც მეძავ ქალებთან ურთიერთობისთვის ჰქონდა გამიზნული. თანხა დაათვალიერეს პოლიციის თანამშრომლებმა და დაუბრუნეს ისევ უკან. პოლიციიდან იმავე ბარში წავიდა, გაურიგდა მეძავს სექსუალური მომსახურების თანხაზე და ისევ სასტუმრო "ლ----ში" წაიყვანა, ლ---- ზ----ე სასტუმროში იმყოფებოდა და ესაუბრა ქალთან ერთად სასტუმროში შესულს.
საქმეში წარმოდგენილი რ----–-- ც-–--–--ის ხელწერილით ირკვევა, რომ 2014 წლის 29 ივნისს, პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელთან ნებაყოფლობით წარადგინა ფულადი კუპიურები და განაცხადა თანხმობა მათ დათვალიერებაზე.
2014 წლის 29 ივნისის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებელმა ა-----ემ დაათვალიერა რ----–-- ც-–--–--ის მიერ წარდგენილი შვიდი ცალი ოცლარიანი და ერთი ცალი ათლარიანი კუპიურა, სულ 150 ლარის ოდენობით ფულადი თანხა, რომელიც დათვალიერების შემდეგ დაუბრუნდა ც-–--–--ეს.
მოწმე ც---- ვ----------ს განმარტებით ირკვევა, რომ დაკავებულ-- პროსტიტუციით, დადის ბათუმში მდებარე სხვადასხვა კაფე-ბარში, ხვდება კლიენტ მამაკაცებს, ურიგდება ფასზე და დადის სხვადასხვა სასტუმროში ამ მამაკაცთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად. ლ---- ზ----ე მხოლოდ ფიზიკურად ჰყავს ნანახი, არ იცნობს და შესაბამისად, არანაირი გარიგება არ ჰქონია მასთან, რომ მის სასტუმროში მიიყვანდა მამაკაცებს და ამით სარგებელს ნახავდა თავადაც და ლ. ზ----ეც.
მოწმე მ------ ფ-–-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, დაკავებულ-- პროსტიტუციით. ძალიან ხშირად დადიოდა მამაკაცებთან ერთად ლ---- ზ----ის მფლობელობაში არსებულ სასტუმრო "ლ----ში", ევაჭრებოდა და იაფად ქირაობდა ნომერს ლ----ისგან, ხან 20, ხან 30 ლარად. სხვა გოგონებიც ხშირად სტუმრობდნენ ამ სასტუმროს მამაკაცებთან ერთად და ცხადია, ლ----ისთვის იყო ცნობილი რითი აპირებდნენ ისინი დაკავებულიყვნენ სასტუმროს ნომრებში. სასტუმროში პოლიციის შესვლის დროსაც იმყოფებოდა მამაკაცთან ერთად სასტუმრო "ლ----ს" ერთ-ერთ ნომერში, ამის შემდეგ კი აღარ მისულა.
მოწმე მ------ ძ---–--–---–ის განმარტებით, იგი დაკავებულია პროსტუტუციით. ყოველდღიურად მიდიოდა ზ-----–-–---–ის N4-ში მდებარე კაფე-ბარში, სადაც შედიოდნენ მამაკაცები, ურიგდებოდა მათ სექსუალური მომსახურების თანხაზე და შემდეგ მიდიოდნენ სხვადასხვა სასტუმროებში. ეს სასტუმროები მდებარეობდა პუშკინის ქუჩაზე, გონიოს დასახლებაში, ასევე სტუმრობდნენ "რ--------ს", "ლ----------ს" და სხვა სასტუმროებს, იმის მიხედვით თუ სად ჰქონდა ნომერი აღებული მამაკაცს. ბარის გვერდით მდებარეობდა სასტუმრო "ლ----", მაგრამ სიახლოვე არ ნიშნავს იმას, რომ ამ სასტუმროში უფრო ხშირად შედიოდა, ვიდრე სხვაგან. თუ მამაკაცი ნომერს "ლ----ში" აიღებდა, იქ შევიდოდა, თუ არა სხვაგან წავიდოდნენ. იმ დღეს, როდესაც პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა, სასტუმრო "ლ----ს" ნომერში იმყოფებოდა მამაკაცთან ერთად, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ მამაკაცმა აარჩია ეს სასტუმრო და არა თვითონ. სულ "ლ----ში" 3-4-ჯერ იქნება ნამყოფი, ლ---- ზ----ეს არ იცნობს, მხოლოდ დაუნახავს რამდენჯერმე. არ ადასტურებს ფაქტს იმისას, რომ ამ სასტუმროში მეძავი ქალები დადიოდნენ და გადაცემული იყო პროსტიტუციისთვის, არანაირი გარიგება სასტუმროს მფლობელთან არ ჰქონია, არც სხვა ქალებისგან სმენია მსგავსი რამ. სასტუმროს დანიშნულება კლიენტის მომსახურებაა და თუნდაც იქ ქალის და მამაკაცის შესვლა არ ნიშნავს ამ სასტუმროს პროსტიტუციისთვის გამოყენებას, ხშირად უნახავს სასტუმრო „ლ----ში“ შესული ოჯახები, ბავშვებიანი წყვილები. რაც შეეხება გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, მას შემდეგ რაც სასტუმროში პოლიცია შევიდა და ყველანი განყოფილებაში გადაიყვანეს, ძალიან განერვიულებული და დათრგუნული იყო. ეგონა, რომ ოპერაციის მიზანს მეძავი ქალების დაკავება წარმოადგენდა, ვერ მიხვდა გამოძიება თუ სხვა მიმართულებით მუშაობდა და სხვა სამიზნე ჰყავდა. ამიტომ გაუცნობიერებლად მოაწერა ხელი ჩვენებას და არ დააკვირდა, რომ მასში საუბარი იყო ზ----ესთან არსებულ რაღაც გარიგებებზე, რომელიც რეალურად არ არსებობდა. ვერასოდეს დაადასტურებს ასეთი გარიგების ფაქტს, რის თაობაზეც განუცხადა კიდეც პოლიციის თანამშრომლებს შემდგომ ჯერზე პოლიციის დაწესებულებაში გამოძახებისას მისულმა, როდესაც გაეცნო თავის ჩვენებას და გააცნობიერა მასში აღწერილი გარემოებები.
საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნებული მოწმეების - ა-–--- ქ--------–---–ის, ე----- ფ-----ს და უ----- ო---------- მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ ისინი დაკავებულები არიან პროსტუტუციით, იკრიბებიან ზ-----–-–---–---------ში მდებარ ბარში, სადაც შედიან მათთან სექსუალური ურთიერთობის მსურველი მამაკაცები, ურიგდებიან მათ ფასზე და შემდეგ ადიან გვერდით მდებარე სასტუმრო "ლ----ში", სადაც ამყარებენ სქესობრივ კავშირს პარტნიორ მამაკაცებთან. სასტუმროს მფლობელ-- ლ---- ზ----ე, რომელთანაც შეთანხმებული არიან მეძავი ქალები, რომ სისტემატურად მის სასტუმროში შეიყვანენ კლიენტებს, სანაცვლოდ კი დაუკლებს ნომრის ქირის თანხას. ამდენად, სასტუმრო რეალურად წარმოადგენს "ბორდელს", სადაც მფლობელთან შეთანხმებით, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები სისტემატურად დადიან მამაკაცებთან ერთად და ამყარებენ სქესობრივ კავშირს.
2014 წლის 29 ივნისს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ სასტუმრო ”ლ----" მდებარეობს ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–ის ქუჩა №4-ში, რომლის შესასვლელის მარცხენა მხარეს იმავე შენობაში განთავსებულია კაფე-ბარი. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, სასტუმროს ნომრებში იმყოფებოდნენ ა----- ფ---------ე და მ------ ფ-–-----–---–ი, რ----–-- ც-–--–--ე და მ------ ძ---–--–---–ი, ასევე თურქი ეროვნების მამაკაცი მ------- ო----- და უ----- ო--------ა. დათვალიერებისას ამოღებულ იქნა სასტუმროს ადმინისტრატორის მაგიდაზე აღმოჩენილი ფულადი თანხა და სასტუმროს წიგნი, რომლებიც დაილუქა სპეციალურ პაკეტებში.
სასტუმროს აღიცხვის ჟურნალში დაფიქსირებულები არიან სასტუმროს კლიენტები, ამასთან, აღნიშნულ საქმეზე მოწმედ დაკითხული პირებიდან მხოლოდ ც---- ვ---------- - 3 აპრილს და 4 აპრილს, მ------ ფ-–-----–---–ი და ა----- ფ---------ე - 29 ივნისს.
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების - ი-----–- ბ---–----ის და მ-----–- ბ-–----ის ჩვენებები, ლ---- ზ----ის ჩვენება.
მოწმე ი-----–- ბ---–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობდა სასტუმრო "ლ----ში" ადმინისტრატორად. ლ---- ზ----ე ხშირად არ იმყოფებოდა სასტუმროში. თავად ბ---–----ე იღებდა სტუმრებს, ატარებდა ჟურნალში, ახდევინებდა ნომრის ქირის თანხას. არანაირი გარიგება არ ჰქონიათ მეზობლად მდებარე ბარში მყოფ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან. სასტუმრო იღებდა ნებისმიერ მსურველს, ვინც წარადგენდა პირადობის დოკუმენტს, დარეგისტრირდებოდა და გადაიხდიდა ნომრის მომსახურების თანხას.
ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე მ-----–- ბ-–----ემ , რომელიც სასტუმრო "ლ----ში" მუშაობდა დამლაგებლად.
ლ---- ზ----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ იჯარით ფლობდა სასტუმრო „ლ----ს“ და ხელმძღვანელობდა მის მუშაობას, თუმცა არასდროს გადაუცია სასტუმრო პროსტიტუციისთვის, არ შესულა გარიგებაში მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან. სასტუმრო საკმაოდ პატარაა, სულ რვანომრიანი, შედიოდა ნებისმიერი მსურველი, მათ შორის ქართველი, უცხოელი, წყვილები, ოჯახები. ხშირად არც იმყოფებოდა სასტუმროში, სტუმრების მიღებას და მომსახურებას ადმინისტრატორი ბ---–----ე ახორციელებდა. ყოველთვის ცდილობდა სასტუმროში დაცული ყოფილიყო სისუფთავე, სტუმრებს კარგად ეგრძნოთ თავი და არ ჰქონოდათ პრეტენზია. ვერ ხვდება რა გახდა მისთვის ბრალდების წარდგენის საფუძველი, რომ, თითქოს, სასტუმრო გადაცემული ჰქონდა პროსტიტუციისთვის და გარიგებაში იყო შესული მეძავ ქალებთან, რომლებიც სასტუმროს გვერდით მდებარე, მისგან იზოლირებულ შენობაში გახსნილ კაფე-ბარში იკრიბებოდნენ, რომელსაც სულ სხვა მფლობელი ჰყავდა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა განზრახი კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია მისი ჩამდენი პირი გამიზნულად გადასცემდეს მის საკუთრებასა თუ კანონიერ მფლობელობაში არსებულ ფართს პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს, დამატებითი შემოსავლის და სარგებლის მიღების მიზნით. აქვე ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მეძავთან სქესობრივი კავშირისთვის ადგილის ან საცხოვრებლის ერთჯერადად გადაცემა თუნდაც შესაბამისი ანაზღაურებით, არ შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმეების: ა----- ფ---------ის და რ----–-- ც-–--–--ის ჩვენებებით ირკვევა, რომ 2014 წლის მაისის და ივნისის თვეში გასართობად წავიდნენ ზ-----–-–---–ის N4-ში მდებარე ბარში, სადაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იკრიბებოდნენ, მეძავებს შეუთანხმდნენ სექსუალური მომსახურებს ფასზე და სექსუალური ურთიერთობის დასამყარებლად მათი მითითებით შევიდნენ გვერდით მდებარე სასტუმრო "ლ----ში", სადაც ნომრის ფასზე შეევაჭრნენ მფლობელს ლ---- ზ----ეს, დააკლებინეს ფასი, ლ. ზ----ემ სასტუმროს ჟურნალშიც გაატარა ორივე და ააცილა ნომრამდე. საქმეში წარმოდგენილი სასტუმროს აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით, 2014 წლის მაისის თვეში ა----- ფ---------ე, ხოლო ივნისის თვეში რ----–-- ც-–--–--ე საერთოდ არ არიან აღრიცხულნი, როგორც სასტუმროს მომსახურებით მოსარგებლე პირები. ფ---------ე მ------ ფ-–-----–---–თან ერთად მხოლოდ 29 ივნისს, სასტუმროში პოლიციის შესვლის დღეს არის დაფიქსირებული ჟურნალში, როგორც ერთ-ერთი კლიენტი.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პროსტიტუციაში ჩაბმულმა ც. ვ----------მ არ დაადასტურა ლ.ზ----ესთან, როგორც სასტუმრო „ლ----ს“ მფლობელთან რაიმე გარიგებაში შესვლის ფაქტი. მისი ჩვენებით, არც იცნობს ლ.ზ----ეს, მხოლოდ ფიზიკურად ჰყავს ნანახი. მოწმე მ. ფ-–-----–---–ის განმარტებით ირკვევა, რომ მამაკაცებთან ერთად ხშირად დადიოდა სასტუმრო „ლ----ში“, ლ----ი უკლებდა სასტუმროს ნომრის თანხას და მისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რითი იყვნენ სასტუმროს ნომრებში დაკავებული, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ დეტალებთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაში, როგორი პირობებით მოხდა წინასწარი გარიგება ლ. ზ----ესთან, ან საერთოდ არსებობდა თუ არა რაიმე შეთანხმება, თუ სპონტანურად, მხოლოდ შევაჭრების შემთხვევაში ხდებოდა ლ.ზ----ის მხრიდან სასტუმროს ნომრის ფასის დაკლება, მოწმეს არ უსაუბრია. აქვე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასტუმროს აღიცხვის ჟურნალში მ------ ფ-–-----–---–ი ბრალდებით გათვალისწინებული დროის მონაკვეთში - 2014 წლის მაისსა და ივნისში, როგორც სასტუმროს კლიენტი, დაფიქსირებულ-- მხოლოდ ერთხელ - 2014 წლის 29 ივნისს ა----- ფ---------ესთან ერთად. რაც შეეხება ც---- ვ----------ს, ამავე ჟურნალში არსებული მონაცემების მიხედვით ის ორჯერ სტუმრობდა სასტუმრო „ლ----ს“ 2014 წლის აპრილის თვეში, შესაბამისად, ბრალდებით გათვალისწინებული დროის მონაკვეთში - 2014 წლის მაის-ივნისში სასტუმროში მისი ყოფნის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
მოწმე მ. ძ---–--–---–მა არათუ დაადასტურა ლ. ზ----ესთან რაიმე შეთანხმების არსებობა, არამედ საერთოდ გამორიცხა მასთან ყოველგვარი კავშირი, მისი განმარტებით, სექსუალური კავშირის დასამყარებლად მამაკაცს მიყვებოდა იქ, სადაც ეს უკანასკნელი წაიყვანდა. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო „ლ----“ იმ ბარის გვერდით მდებარეობდა, სადაც მამაკაცებთან ამყარებდა კომუნიკაციას და ურიგდებოდა სექსუალური მომსახურების თანხაზე, მხოლოდ 3-4-ჯერ არის ნამყოფი, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ მამაკაცი თავად იქირავებდა ნომერს მითითებულ სასტუმროში. ასე მოხდა 2014 წლის 29 ივნისსაც, როდესაც მამაკაცმა თვითონ აარჩია სასტუმრო „ლ----“ მასთან სქესობრივი კავშირის დასამყარებლად. საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ასევე, მ. ძ---–--–---–ის და რ. ც-–--–--ის ჩვენებებით დასტურდება, რომ რ----–-- ც-–--–--ე, პოლიციის თანამშრომლებთან წინასწარ შეთანხმებული პირი იყო და პირდაპირ პოლიციის განყოფილებიდან მივიდა ბარში მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ურთიერთობისთვის, რომ ამით დანაშაულის გამოვლენაში დახმარებოდა სამართალდამცავებს.
სასტუმრო "ლ----ს" მეზობლად მცხოვრებმა, მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ აწუხებდათ ზ-----–-–---–ის N4-ში მდებარე კაფე-ბარში არსებული სიტუაცია, ერთობლივი განცხადებით პოლიციისთვის მიმართვის მიზეზი სწორედ ეს იყო, თუმცა სასტუმრო "ლ----ს" და მის მფლობელ ლ---- ზ----ეს, ამ უკანასკნელსა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს შორის რაიმე გარიგების შესახებ, რომლის შედეგი სასტუმროს შენობის პროსტიტუციისთვის გადაცემა იყო, ინფორმაციას არ ფლობენ.
რაც შეეხება მოწმეების: ა-–--- ქ--------–---–ის, ე----- ფ-----ს და უ----- ო---------- მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებს, რომლებიც გამოქვეყნებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულებები დაედოს.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გააანალიზების და ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, სანდო და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ლ. ზ----ის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისთვის არის სავალდებულო.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ ლ---- ზ----ემ ჩაიდინა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა, შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ლ. ზ----ის საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს წარდგენილ ბრალდებაში მისი გამართლების თაობაზე, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე , 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე , 302-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი ლ---- ზ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ლ---- ზ----ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით (2018 წლის 17 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.
ლ---- ზ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, ლ---- ზ----ის მიმართ აღკვეთი ღონისძიება გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას ნ------- ზ----ის (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების,მდებარე: ქ. ბათუმი, ი----------------------------------------------------------------------–---------------------------------------------) – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულ ლ---- ზ----ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთმტკიცებები - 2014 წლის 29 ივნისს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომლიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფულადი თანხა, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო სასტუმროს წიგნი და რვეული - ასევე დაერთოს საქმეს, მისი შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე