განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330310018002591330 (3ბ/3285-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - მირანდა ერემაძე
თამარ ონიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ-–--------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ-–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 16 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს ,,ს----------–-----------------------------ს’’ მიერ ვ-–--------------ის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის S----------- (სარეგისტრაციო N-----) ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ვ-–--------------ეს 2008 წელს ს----------–-----------------------------ს მიერ მიენიჭა სარკინიგზო ტრანსპორტის ფაკულტეტის საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2.2. ვ-–--------------ემ 2018 წლის 15 ივნისს სსიპ-განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს მიმართა N------ განცხადებით ,,ს----------–-----------------------------ს’’ მიერ 2008 წელს გაცემული ბაკალავრის S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2.3. მოსარჩელეს 2018 წლის 16 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ შპს ს----------–----------------------------ში 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2008 წლის ჩათვლით ვ-–--------------ის სწავლის პერიოდი და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი S----------- არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
2.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის გარკვევის მიზნით 2018 წლის 20 ივნისს M---------------- წერილით მიმართა სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, დანართის სახით წარუდგინა შპს ,,ს----------–-----------------------------ს“ მიერ ვ-–--------------ის სახელზე გაცემული დიპლომის ასლი. სთხოვა, რომ კორესპონდენციის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, დაედასტურებინა აღნიშნული დიპლომის ნამდვილობა (გაცემის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრის მითითებით) და დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიეთითებინა ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდისა და გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის შესახებ.
2.5 სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ 2018 წლის 27 ივნისს N------------- გაცემული ცნობის მიხედვით, ვ-–--------------ე 2003 წლის 07 აგვისტოს N--- ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა ს----------–----------------------------ში. 2008 წლის N-- ბრძანების საფუძველზე მან დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი. მის სახელზე გაცემულია დიპლომი S----------- (სარეგისტრაციო N-----).
2.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ვ-–--------------ე ფიქსირდება 2005 წლამდე ჩარიცხულ პირად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ვინაიდან, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 16 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, მისი კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს.
2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი). იმავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა - ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ - ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის - განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ-–--------------ემ 2018 წლის 15 ივნისს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს მიმართა N------ განცხადებით ,,ს----------–-----------------------------ს’’ მიერ 2008 წელს გაცემული ბაკალავრის S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელეს 2018 წლის 16 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ შპს ს----------–----------------------------ში 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2008 წლის ჩათვლით, ვ-–--------------ის სწავლის პერიოდი და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი S----------- არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში - წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში - განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის „ღ2“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე, მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის N-------- გადაწყვეტილებით, შპს ს----------–--------------ს’’ ფილიალ ,,ს----------–----------------------------ს’’ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამდენად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს ს----------–--------------ს’’ ფილიალ ,,ს----------–-----------------------------ს’’ მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნია ამგვარი ნდობა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება, მედდის კვალიფიკაციით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული კანონიერი ნდობის ინსტიტუტის მოცემულ შემთხვევაში გამოყენების წინაპირობა არის ის გარემოება, რომ დიპლომი, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ ს----------–----------------------------ში მიღებული განათლების ფაქტს, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ლიცენზიის საფუძველზე იქნა გაცემული, რის გამოც საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის კანონით დადგენილი პრინციპის ამოქმედების აუცილებლობას წარმოქმნის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვა-სიტყვითი განმარტების საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მიღებული განათლების აღიარებაზე უარი, რაც, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია. ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადექვატურად. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. საქალაქო სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა შპს ს----------–-----------------------------ს მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს განათლების მიღების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას.
2.12. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ შესაბამისი საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც. სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას არ იქნა დაცული მისი მატერიალური კანონიერება. რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება, ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის მიერ ს----------–----------------------------ში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე, შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სწორედ სასწავლებელი იყო პასუხისმგებელი პირის სასწავლებელში ჩარიცხვაზე იმ პირობებში, თუ ის სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია ვ-–--------------ის ს----------–----------------------------ში ჩარიცხვის, მის მიერ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა გამოცდის ჩაბარებისა და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი. გარდა ამისა, არსებობს საფუძველი იმისა, მოსარჩელეს ჰქონოდა კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომის მიმართ და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს მისი ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს არ აღიაროს მოსარჩელის მიერ ს----------–----------------------------ში მიღებული განათლება და კვალიფიკაცია.
2.13. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 16 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონდებლობას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მისი ბათილად ცნობის დღიდან და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ-–--------------ის სასარგებლოდ S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ 3.1.1 და 3.1.5 პუნქტებით დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ-–--------------ეს 2008 წელს ს----------–-----------------------------ს მიერ მიენიჭა სარკინიგზო ტრანსპორტის ფაკულტეტის საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მის სახელზე გაცემულია დიპლომი S----------- (სარეგისტრაციო N-----). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, სასამართლო უგულებელყოფს შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას: "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 881 მუხლის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალი „ს----------–-----------------------------ს“ მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ მხოლოდ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, თუმცა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის №-------- გადაწყვეტილებით შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალს „ს----------–----------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. აქედან გამომდინარე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალი „ს----------–-----------------------------ს“ საგანმანათლებლო პროგრამები კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. აღნიშნულის შესაბამისად, შპს "ს----------–-------------ის“ ფილიალის "ს----------–----------------------------ში" 2004 წლის 05 აგვისტოდან 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისამდე ვ-–--------------ის სწავლის პერიოდი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო შპს "ს----------–-------------ის" ფილიალის "ს----------–-----------------------------ს" მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, 2007-2008 სასწავლოს წლის დასაწყისის შემდგომ ვ-–--------------ის სწავლის პერიოდი (მათ შორის, 2008 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე, მის სახელზე გაცემული ბაკალავრის S----------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, აღნიშნული კი, გამორიცხავს მოსარჩელის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შინაარსი.
3.2. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას ვ-–--------------ის კუთვნილი დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე, რითაც უხეშად დაირღვა „წესის” მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო კრიტერიუმი, რომლის დადგენის მიზნებისთვისაც ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
3.3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს აქტის ბათილად ცნობის პირობებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას ისე იყენებს აღნიშნულ ნორმას, რომ არ ასაბუთებს ცენტრმა მატერიალური სამართლის რომელი ნორმა, ან/და აქტის გამოცემის ფორმალური კანონიერების რომელი მოთხოვნა დაარღვია. გადაწყვეტილებაში აღნიშნული ნორმის მხოლოდ ფორმალური გამოყენება ვერ მიიჩნევა დასაბუთებად იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის შემთხვევაში სასამართლო შეფასების საგანს სწორედაც, რომ აქტის გამოცემის მატერიალური და ფორმალური კანონიერების შეფასება უნდა წარმოადგენდეს. ცენტრმა სრულად დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.
3.4. აპელანტის განმარტებით, სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის პროცესში. განათლების სისტემა სოციალური სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშიც, რომლის მიხედვით, ,,განათლების სისტემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განუყოფელი ელემენტია, მისი შექმნა კი უმაღლესი დონის ლეგიტიმური მიზანი” (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის № 2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე მაია ნათენაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ"). საგულისხმოა, რომ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა ეჭქვეშ დადგებოდა მისი ხარისხის განვითარების მექანიზმების არსებობის გარეშე. საამისოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება კი, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ", საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის № 89/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად, მინიჭებული აქვს ცენტრს. ცენტრის არსებობის მიზანზე მიუთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, რომელზეც თავად სასამართლო ამახვილებს ყურადღებას თავის გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება ცენტრი, რომლის შესასრულებლადაც ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, იგი ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირთა მიერ მიღებული განათლების აღიარებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითა ცენტრის არსებობის რეალურ მიზნებსა და ამოცანებზე, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებზე, თუმცა შემდგომ თავისი გადაწყვეტილებით უგულებელყო ზემოთხსენებული აქტებით განსაზღვრული ცენტრის არსებობის მიზნები და ამოცანები, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება არ ეფუძნება არც ხსენებულ ნორმებსა და არც მათი სწორი ინტერპრეტაციის შედეგს, რაც სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით კანონის უგულებელყოფის ტოლფასია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს და ეჭვქვეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს.
3.5. აპელანტის განმარტებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე", როგორც მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედ ერთ-ერთ სახელმძღვანელო დოკუმენტზე. სწორედ „წესის“ შესაბამისი რეგულაციებით იხელმძღვანელა ცენტრმა მოსარჩელის სახელზე გაცემული S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამასთან, სასამართლო ვერც მოცემულ შემთხვევაში ვერ უთითებს, თუ რომელი კანონის მოთხოვნა აქვს დარღვეული ცენტრს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება, არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ და ცენტრს იგი სადავოდ არ გაუხდია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიღო საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას ვ-–--------------ის კუთვნილი დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე. გაუგებარია, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოს მიერ არ მომხდარა შეფასება, რამდენად კანონიერად გასცა საგანმანათლებლო დოკუმენტი შპს ს----------–-------------ის ფილიალის "ს----------–----------------------------მა". ვინაიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის №-------- გადაწყვეტილებით შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალს „ს----------–----------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. აქედან გამომდინარე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალი „ს----------–-----------------------------ს“ საგანმანათლებლო პროგრამები კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. აღნიშნულის შესაბამისად, შპს "ს----------–-------------ის“ ფილიალის "ს----------–----------------------------ში" 2004 წლის 05 აგვისტოდან 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისამდე ვ-–--------------ის სწავლის პერიოდი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო შპს "ს----------–-------------ის“ ფილიალის "ს----------–-----------------------------ს" მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ ვ-–--------------ის სწავლის პერიოდი (მათ შორის, 2008 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე, მის სახელზე გაცემული ბაკალავრის S----------- დიპლომი, არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, არ არსებობს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
3.6. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არამხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არ შეამოწმა გასაჩივრებული აქტი სარჩელის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე, არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები. სასამართლოს არ აქვს განმარტებული, თუ რა სამართლებრივი საფუძველი გახდა ცენტრის აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლოს მსჯელობა და მიღებული გადაწყეტილება ემყარება მხოლოდ კანონიერი ნდობის პრინციპს. მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, რითაც უხეშად დაირღვა აღნიშნული საერთაშორისო აქტები და კონსტიტუციის მითითებული ნორმის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
3.7. აპელანტის განმარტებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს ყველა იმ ნორმაზე, რომელთა შესაბამისადაც ცენტრმა იმოქმედა მოსარჩელის სახელზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, კერძოდ, ცენტრმა აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. ცენტრმა აქტის გამოცემისას ასევე იხელმძღვანელა წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რომლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი -დიპლომი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს, თუმცაღა სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომი მსჯელობა ეფუძნება ზემოხსენებულ ნორმათა არასწორი გამოყენებისა და ინტერპრეტაციის შედეგს, რაც სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით კანონის არგამოყენების ტოლფასია.
3.8. აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია და სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 2002 წლის 11 ოქტომბერს შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალი „ს----------–----------------------------ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №--------- ლიცენზია. "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 881.1 მუხლის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალი „ს----------–-----------------------------ს“ მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის №-------- გადაწყვეტილებით შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალს „ს----------–----------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალი „ს----------–-----------------------------ს“ საგანმანათლებლო პროგრამები კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. შპს "ს----------–-------------ის“ ფილიალის "ს----------–----------------------------ს" ცენტრში არ წარმოუდგენია ჩარიცხულ პირთა სია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად. ასევე არ გაუვლია ავტორიზაცია და არ გააჩნია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.
3.9. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. შპს "ს----------–-------------ის“ ფილიალ "ს----------–----------------------------ს" არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად. ამავე დროს, იგი არ წარმოადგენდა ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისად, არ არსებობს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ შპს "ს----------–-------------ის“ ფილიალის "ს----------–-----------------------------ს" მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
3.10. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - აკრედიტაციის ინსტიტუტი, რომელიც ქმედითი იყო მოსარჩელისათვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და მის სახელზე დიპლომის გაცემის დროს სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველო კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდათ მომეტებული ინტერესი ინსტიტუციურ აკრედიტაციას დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მას არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. შესაბამისად, აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების საფუძველზე გაცემული დიპლომები არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს პს "ს----------–-------------ის“ ფილიალ "ს----------–-----------------------------ს" მიერ ვ-–--------------ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელეს გააჩნია კანონიერი ნდობა მის მიმართ გაცემული დიპლომის მიმართ და აღნიშნული დიპლომის საფუძველზე მან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები. იმდენად, რამდენადაც ,,წესით" იმპერატიულად დადგენილია ის კუმულაციური წინაპირობები, რომელთა არსებობაც აუცილებელია საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისას, სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება წარმოადგენს, როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე „წესის" არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას.
3.11. აპელანტის განმარტებით, სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომი იმიტომაც ექვემდებარება დადასტურებას, რომ მოსარჩელე ვ-–--------------ე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას, მოცემულ შემთხვევაში "ს----------–-------------ის“ ფილიალ "ს----------–-----------------------------ს" მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე. ამგვარი განმარტების შედეგად, სასამართლო მსჯელობა უგულებელყოფს იმ საკანონმდებლო რეალობას და კანონმდებლის მიზანს, რომლის შესაბამისადაც შემოღებულ იქნა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების პროცედურა. სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ პირის სამუშაო გამოცდილებას და პროფესიული ცოდნის მიღების ფაქტს და არა მის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2008 წლის ჩათვლით პროგრამის გავლის და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოადგენს როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე „წესის" არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას. სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და იგი არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაზე დაყრდნობითაც ცენტრი შეძლებდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ცენტრი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, სრულყოფილად აცნობიერებს საკუთარ საჯაროსამართლებრივ ვალდებულებას, რომ მისი საქმიანობის საფუძველია კანონიერების პრინციპი, რაც გამორიცხავს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია სადავო საკითხი, კომპლექსურად შეაფასა და შეაჯერა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მივიდა სამართლებრივ შედეგამდე.
3.12. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებული კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა. საგულისხმოა, რომ ცენტრმა იმსჯელა ბაკალავრის S----------- დიპლომის მიმართ ვ-–--------------ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც ვ-–--------------ემ მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა ვ-–--------------ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოსა და საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, ინსტიტუციურ აკრედიტაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოსა და საზოგადოებას გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან.
3.13. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლოა აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება კი ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეპირისპირების შედეგად არ იკვეთება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესი. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს აზრით, აუცილებელია, რომ მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო. ცენტრის განმარტებით, საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი სრულიად კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება კი არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივ ფუნქციობირებას. სასამართლომ გადაწყვეტილებაში ისე იმსჯელა კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენებაზე, რომ არ მოუხდენია მისი შეპირისპირება კანონიერების პრინციპთან. შესაბამისად გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის" ნორმები, რომლებიც საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცედურასა და წესს არეგულირებენ. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები ვ-–--------------ე კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის. მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად.
3.14. აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლო უპირობოდ, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, ემხრობა კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენებას, რაც ყველა შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს სამართალწარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულებელყოფს კანონიერების პრინციპს. ამ საკითხთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის ბს-1153-1142(კ-11) გადაწყვეტილებაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი აქტის ბათილად ცნობისა და აღნიშნული აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება შეუსაბამოა და არარელევანტურია მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და არ ეხმიანება კანონიერ ნდობის კონკრეტულ მიზანს. სასამართლომ ამგვარი მსჯელობით მოახდინა თავად კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არასწორი ინტერპრეტაციის დემონსტრირება. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი ფართო განმარტება, საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნას კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. შეუიარაღებელი თვალით იდენტიფიცირებადი, საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების სურვილის შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან (თუმცა კი, შინაგანი რწმენის ამოსავალსაც კანონი წარმოადგენს), უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას. საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი უშუალოდ დაკავშირებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებასთან. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ბათილად ცნობს მის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ამ ნორმის გამოყენებისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო ცენტრის მიერ ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს მიანიჭა რაიმე უფლება ან სარგებელი. ამდენად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინიტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში, სასამართლო.
3.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო აქტის ბათილად ცნობის დროს აფასებს მის მატერიალურ და ფორმალურ კანონირებას და თუ მიიჩნევს, რომ მის მიერ გამოცემული აქტი არის უკანონო ან დარღვეულია მისი გამოცემის პროცედურები, გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მისი ბათილად ცნობის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, შესაძლებელია განისაზღვროს აქტის მოქმედების შეწყვეტა: ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან; გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით. დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე ცენტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თავისი სამართლებრივი შედეგებით შეუძლებელია გაუთანაბრდეს მოსარჩელის სახელზე აქტის გაუქმებას, ვინაიდან ცენტრის გადაწყვეტილებით არ მომხდარა მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების გაუქმება.
3.16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, არსებობს ლეგიტიმური საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით. ცენტრი არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვერ შეძლებს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან მისი საქმიანობა ეფუძნება მხოლოდ კანონს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც გახდებოდა მისი უკანონოდ ცნობის საფუძველი. სასამართლოს უნდა მიეთითებინა ის დამატებითი გარემოებები, რაზე დაყრდნობითაც ცენტრი შეძლებდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, რადგანაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრმა უკვე გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ-–--------------ის მიერ მიღებული განათლების შედეგად დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოკლებულია შესაძლებლობას განსხვავებულად განმარტოს საქმის იგივე გარემოებები და შეაფასოს ისინი. ისევე როგორც სასამართლო, ცენტრიც შებოჭილია კანონმდებლობით, მისი საქმიანობის საფუძველია კანონიერების პრინციპის დაცვა, რაც გამორიცხავს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას.
3.17. აპელანტის განმარტებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კერძო და საჯარო ინტერესზე, თუმცა არ ასაბუთებს, ცენტრმა სად დაარღვია ვ-–--------------ის მიმართ კერძო და საჯარო ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი არეგულირებს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განიმარტება დისკრეციული უფლებამოსილების ცნებაც, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ხოლო ამავე კოდექსის თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, შესაბამისად ამ ეტაპზე საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრი იმოქმედებდა იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა რამდენიმე პოზიტიური ან რამდენიმე ნეგატიური გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის შერჩევით. არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და არც სხვა სამართლებრივი აქტი არ ავალდებულებს ცენტრს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კონკრეტულ პირს გააჩნია კერძო ინტერესი ქონდეს უმაღლესი განათლება, უგულებელყოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მმართველობითი ღონისძიება განახორციელოს კანონდარღვევით, ყოველივე ეს კი, თვითნებურად საჯარო და კერძო ინტერესების დისბალანსს დააბრალოს. ცენტრს არ შეუზღუდავს მოსარჩელესთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და არც წარსულში მიღებული სწავლების შედეგები გაუბათილებია. ცენტრმა მხოლოდ კანომდებლობის და ადმინსიტრაციული სამართლის პრინციპების სრული დაცვით გამოსცა აქტი, რომლითაც კი არ გააუქმა მოსარჩელის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები არემედ მოახდინა მხოლოდ მათი ფიქსაცია და სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ამდენად, გაუგებარია თუ რატომ წარმოადგენს მარტერიალური კანონმდებლობის კონკრეტული ნორმების რეალიზება კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დარღევვასა და კერძო ინტერესის დაუსაბუთებელ შეზღუდვას.
3.18. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილი შინაარსი. საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის N3/5210-18 გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ვ-–--------------ის სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ-–--------------ეს 2008 წელს ს----------–-----------------------------ს მიერ მიენიჭა სარკინიგზო ტრანსპორტის ფაკულტეტის საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
4.3. ვ-–--------------ემ 2018 წლის 15 ივნისს სსიპ-განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს მიმართა N------ განცხადებით ,,ს----------–-----------------------------ს’’ მიერ 2008 წელს გაცემული ბაკალავრის S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
4.4. მოსარჩელეს 2018 წლის 16 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ შპს ს----------–----------------------------ში 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2008 წლის ჩათვლით ვ-–--------------ის სწავლის პერიოდი და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი S----------- არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
4.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის გარკვევის მიზნით 2018 წლის 20 ივნისს M---------------- წერილით მიმართა სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, დანართის სახით წარუდგინა შპს ,,ს----------–-----------------------------ს“ მიერ ვ-–--------------ის სახელზე გაცემული დიპლომის ასლი. სთხოვა, რომ კორესპონდენციის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, დაედასტურებინა აღნიშნული დიპლომის ნამდვილობა (გაცემის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრის მითითებით) და დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიეთითებინა ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდისა და გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის შესახებ.
4.6 სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ 2018 წლის 27 ივნისს N------------- გაცემული ცნობის მიხედვით, ვ-–--------------ე 2003 წლის 07 აგვისტოს N--- ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა ს----------–----------------------------ში. 2008 წლის N-- ბრძანების საფუძველზე მან დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი. მის სახელზე გაცემულია დიპლომი S----------- (სარეგისტრაციო N-----).
4.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ვ-–--------------ე ფიქსირდება 2005 წლამდე ჩარიცხულ პირად.
სამართლებრივი დასაბუთება
4.8. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.9. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებით, რის გამოც არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგებოდა, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
4.12. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი). იმავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა - ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ - ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის - განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ-–--------------ემ 2018 წლის 15 ივნისს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს მიმართა N------ განცხადებით ,,ს----------–-----------------------------ს’’ მიერ 2008 წელს გაცემული ბაკალავრის S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელეს 2018 წლის 16 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ შპს ს----------–----------------------------ში 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ, მათ შორის 2008 წლის ჩათვლით, ვ-–--------------ის სწავლის პერიოდი და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი S----------- არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
4.13. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში - წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში - განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მითითებული ნორმატიული აქტი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
4.14. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის „ღ2“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე, მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის N-------- გადაწყვეტილებით, შპს ს----------–--------------ს’’ ფილიალ ,,ს----------–----------------------------ს’’ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამდენად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს ს----------–--------------ს’’ ფილიალ ,,ს----------–-----------------------------ს’’ მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნია ამგვარი ნდობა. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება, მედდის კვალიფიკაციით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული კანონიერი ნდობის ინსტიტუტის მოცემულ შემთხვევაში გამოყენების წინაპირობა არის ის გარემოება, რომ დიპლომი, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ ს----------–----------------------------ში მიღებული განათლების ფაქტს, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ლიცენზიის საფუძველზე იქნა გაცემული, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის კანონით დადგენილი პრინციპის ამოქმედების აუცილებლობას წარმოქმნის. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვა-სიტყვითი განმარტების საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მიღებული განათლების აღიარებაზე უარი, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია. ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადექვატურად. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით. ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. საქალაქო სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა შპს ს----------–-----------------------------ს მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს განათლების მიღების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას.
4.15. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა ემოქმედა არამარტო ეროვნული კანონმდებლობის ვიწრო გაგების, არამედ შესაბამისი საერთაშორისო აქტების, მათი გამოყენების პრაქტიკის საფუძველზეც. სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომისა და სულისკვეთების შესაბამისად მართებდა მას სადავო საკითხზე რეაგირება, რათა გაუმართლებლად არ დარღვეულიყო პირის კანონით დაცული ინტერესები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულია კანონიერი ნდობის პრინციპი, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას არ იქნა დაცული მისი მატერიალური კანონიერება. რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება, ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის მიერ ს----------–----------------------------ში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე, შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სწორედ სასწავლებელი იყო პასუხისმგებელი პირის სასწავლებელში ჩარიცხვაზე იმ პირობებში, თუ ის სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია ვ-–--------------ის ს----------–----------------------------ში ჩარიცხვის, მის მიერ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა გამოცდის ჩაბარებისა და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი. გარდა ამისა, არსებობს საფუძველი იმისა, მოსარჩელეს ჰქონოდა კანონიერი ნდობა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომის მიმართ და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ, ზღუდავს მისი ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს არ აღიაროს მოსარჩელის მიერ ს----------–----------------------------ში მიღებული განათლება და კვალიფიკაცია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები მირანდა ერემაძე
თამარ ონიანი