განაჩენი

სისხლის სამართლის 10.06.2019
საქმის ნომერი
330100117002030069
ინსტანცია
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002030069

საქმე №1ბ/496-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: თ------------ის, შ-------------–---–ის

მსჯავრდებულის: ბ---------------–--ის

ადვოკატების: მ--–--------–-----ს, მ-------------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ბ---------------–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------------ს სააპლაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ბ---------------–--ის, საქართველოს მოქალაქის (პირადი #6----------), დაბადებულის 1----–-–----------------ს, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ-----––------–------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--–----------------------------------–----------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ---------------–--ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის.

 

ბ---------------–--ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ბ---------------–--ე 2012 წლის 1-------ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით ზემოაღნიშნული სასჯელი ბ---------------–--ეს შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელი დარჩა 3 წელი და 9 თვე, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მიუხედავად ამისა, ბ---------------–--ემ კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ:

 

ბ---------------–--ემ თავისი ნაცნობის, ზ------------–--ისგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელის სიდედრს - ს------------------–---------–---–--–---–ს სურდა თავისი კუთვნილი “K---------”-ს მარკის, სახ. №-------, ავტომანქანის გაყიდვა 8 500 აშშ დოლარად. ბ---------------–--ემ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ზემოაღნიშნულ ავტომანქანას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ამ უკანასკნელმა ზ------------–--ეს ბეს სახით გადაუხადა 500 აშშ დოლარი და დაპირდა, რომ დარჩენილ 8 000 აშშ დოლარს გადაუხდიდა 2017 წლის მარტში.

 

2017 წლის 24 იანვარს, ს------------------–---------–---–--–---–ის კუთვნილი ავტომანქანა, ბ---------------–--ის მითითებით, დარეგისტრირდა ვ--–----------------ს სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით - R--------. იმავე დღეს, ბ---------------–--ის მითითებით, სს „ს------------–ში“ აღებული სესხის - 11 700 ლარის სესხის უზრუნველსაყოფად ავტომანქანა დაიტვირთა გირავნობით. 2017 წლის მარტის შუა რიცხვებში, ბ---------------–--ე დაუკავშირდა ბ----------------ს და ბ-------------–---–--ს და მათი მეშვეობით მ------------–---–ისგან 1 000 ლარად შეიძინა ექსპლუატაციისათვის უვარგისი “K---------”-ს მარკის, O-------- სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანის ძარა. ასევე, ბ---------------–--ის დავალებით, ბ----------------მ და ბ-------------–---–--მ, მისგან 500-500 აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ, ექსპლუატაციისათვის უვარგისი ზემოხსენებული ავტომანქანის ძარიდან, რ---–-------–--–---ს დახმარებით, ამოჭრეს საიდენტიფიკაციო ვინ-კოდები და ჩაამონტაჟეს ბ---------------–--ის მიერ მათთვის გადაცემულ ავტომანქანაში “K---------”, სახ. №R--------, რითაც შეცვალეს და გააყალბეს აღნიშნული მანქანის საიდენტიფიკაციო მონაცემები. გაყალბებული მონაცემების მქონე ავტომანქანა ბ---------------–--ემ 4 500 აშშ დოლარად მიჰყიდა თავის ნაცნობ კ---------------ს და მიღებული თანხაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განაჩენით:

 

ბ---------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 1-------ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა - შთანთქა ახლადდანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ბ---------------–--ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

ბ---------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 28 ივნისიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ---------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ-------------მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა ბ---------------–--ის მიმართ გამოტანილი, ზემოხსენებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ბ---------------–--ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენა, მოცემულ საქმეზე მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ მიცემული მათი ჩვენებები მიცემულია პროკურორისგან დაპირების მიღების შედეგად და მიზნად ისახავს მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევას, ს------------------–---------–---–--–---–ისგან ავტომანქანა შეიძინა და განკარგავდა ვ--–---------------- და არა ბ---------------–--ე, სწორედ ვ--–----------------ზე გაიცა სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ს------------–იდან“, ბ---------------–--ეს არ მიუღია მონაწილეობა ავტომანქანის ვინ-კოდის შეცვლაში, რის თაობაზეც ინფორმირებულები იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, თუმცა მათ არ გაუტარებიათ დანაშაულის აღსაკვეთად პრევენციული ღონისძიებები. აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ ალტერნატივის სახით მოითხოვა, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო პალატა მიიღებს გადაწყვეტილებას და უცვლელად დატოვებს მსჯავრდებულ ბ---------------–--ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს, მოხდეს განაჩენის აღსრულების გადავადება, ვინაიდან მსჯავრდებული ბ---------------–--ე დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდას.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ---------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ბ---------------–--ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ---------------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“. აგრეთვე, ამავე კოდექსის 25–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში, დაცვის მხარის შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ბ---------------–--ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია. სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ს------------------–---------–---–--–---–ის, ზ------------–--ის, ბ-------------–---–--ს, ბ----------------ს, ბ-----------–--ს, მ------------–---–ის, ს--–-------------ის, რ---–--------–--–---ს, კ---------------ს ჩვენებების, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2--------–ის მომართვების, ფარული ვიდეო-აუდიო და ფოტო გადაღების მასალების, შპს ,,კ------------------------ს“ 2017 წლის 12 ივნისის წერილის, ტრასოლოგიურ-ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის N--------. დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბ---------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ბ---------------–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ბ---------------–--ის მიერ ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ს------------------–---------–---–--–---–მა განაცხადა, რომ 2011 წელს „K--“-ს ცენტრში შეიძინა „K---------”-ს მარკის ავტომანქანა. 2017 წლის იანვარში, ახალი ავტომანქანის შესაძენად გადაწყვიტა ზემოაღნიშნული მანქანის გაყიდვა. მისი სიძის, ზ------------–--ის ნაცნობმა - ბ---------------–--ემ გამოთქვა მისი ავტომანქანის 8 500 აშშ დოლარად ყიდვის სურვილი იმ პირობით, რომ თავდაპირველად ბეს სახით გადაიხდიდა 500 დოლარს, მოგვიანებით, მარტში კი სრულად დაფარავდა ავტომანქანის საფასურს. მან (დაზარალებულმა) სწორედ ბ---------------–--ის მითითებით გააფორმა ნოტარიუსთან გენერალური მინდობილობა ვინმე ვ--–----------------ზე, ავტომანქანის გაყიდვის უფლებით. ბ---------------–--ემ ავტომანქანა იმავე დღეს წაიყვანა, თუმცა თანხა დღემდე გადახდილი არ აქვს. იგი (დაზარალებული) ბ---------------–--ეს თავად არ შეხვედრია, ამ უკანასკნელს მისი სიძე და მეუღლე ეკონტაქტებოდნენ და სწორედ მათგან გაიგო, რომ ბ---------------–--ეს გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო უთხოვია ავტომანქანის საფასურის გადახდის გადავადება.

 

დაზარალებულის სიძემ, სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ზ------------–--ემ აჩვენა, რომ მის სიდედრს, ს------------------–--ეს 2017 წლის იანვარში სურდა „K---------”-ს მარკის ავტომანქანის გაყიდვა, რა მიზნითაც იგი (მოწმე) დაუკავშირდა ნაცნობს - ბ---------------–--ეს, რომელიც ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ჰყავდა მყიდველი, რომელიც 8 500 აშშ დოლარად შეიძენდა ავტომანქანას, ამასთან, პირველ ეტაპზე ბეს სახით 500 დოლარს, ხოლო მარტში დარჩენილ თანხას - 8 000 დოლარს გადაუხდიდა. ბ---------------–--ის მითითებით, ს------------------–--ემ გენერალური მინდობილობა გააფორმა ვინმე ვ--–----------------ზე, ვისაც, ბ---------------–--ის განმარტებით, მისი მანქანის ყიდვა სურდა. მინდობილობა და ავტომანქანა იმავე დღეს გადასცეს ბ---------------–--ეს, რომელმაც გადაიხადა ბეს თანხა. მოგვიანებით ბ---------------–--ე დაუკავშირდა და უთხრა, რომ მყიდველს დროებითი ფინანსური პრობლემები ჰქონდა და თანხის გადახდას დააგვიანებდა.

 

მოწმე ბ----------------მ სასამართლოში განაცხადა, რომ არის ბ---------------–--ის მეგობარი. დაახლოებით ერთი წლის წინ, ბ------ს ინიციატივით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ახლდა ნათესავი ბ-------------–---–--. შეხვედრისას ბ---------------–--ე იმყოფებოდა „K---------”-ს მარკის ავტომანქანით, რომელშიც, მისი (ბ---------------–--ის) განმარტებით, სურდა სხვა მანქანის ძარიდან ამოჭრილი ვინ-კოდის ჩამონტაჟება, რაშიც ბ---------------–--ემ მათ (ვ----------ს და კ-----–---–--ს) სთხოვა დახმარება და სანაცვლოდ დაჰპირდა 500-500 აშშ დოლარის მიცემას. ბ---------------–--ის დავალებით, ამ უკანასკნელის მიერ მიცემული თანხით, სანაპიროზე, დიდუბის ხიდების მიმდებარედ, ქალბატონისგან ათას ლარად იყიდეს „K---------”-ს მარკის ავტომანქანის ძარა და მასზე მინდობილობა მის მესაკუთრეს ბ-------------–---–--ს სახელზე გააფორმებინეს. ნაყიდი ძარა, ბ---------------–--ის მითითებით, მიიტანეს ვ---------–ში მდებარე ავტოფარეხში (როგორც შემდგომ აღმოჩნდა, იგი ბ-----------–--ს ეკუთვნოდა), სადაც დაქირავებულ მუშას ძარიდან ამოაჭრევინეს ვინ-კოდი, დააჭრევინეს ძარა და ჩააბარეს ჯართში. ამოჭრილი ვინკოდი, ბ-------------–---–--სთან ერთად, ბ---------------–--ის მიერ გადაცემული „K---------”-ს მარკის ავტომანქანით წაიღეს ხობში და ხელოსანს, რ---–--------–--–---ს „ჩააკერებინეს“ მათ მიერ მიყვანილ ავტომანქანაში. აღნიშნულის შემდეგ მანქანა, ბ---------------–--ის მითითებით, ჩამოიყვანეს თბილისში და ჩააბარეს მას. მოგვიანებით ბ---------------–--ე კვლავ დაუკავშირდა და უთხრა, რომ მანქანა კ---------------ზე უნდა გადაეფორმებინათ. მცირე ხანში ზემოაღნიშნული ავტომანქანით ხობში მართლაც ჩამოვიდა კ---------------, რომელსაც სხვა პიროვნებაც ახლდა. ისინი წაიყვანეს ფ----ში, სადაც მანქანა ახლობლის ეზოში დააყენეს, დაშალეს, დამტვრეულს რომ დამსგავსებოდა და მოიყვანეს ექსპერტი. ექსპერტიზისა და სხვა სათანადო პროცედურის შემდეგ ავტომანქანა გადააფორმეს კ----------------ს სახელზე.

 

სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ბ-------------–---–--მ დაადასტურა, რომ დაახლოებით 7-8 თვის წინ, ნათესავმა, ბ----------------მ და ამ უკანასკნელის მეგობარმა ბ---------------–--ემ სთხოვეს, გარკვეული ანაზღაურების საფასურად, მათთვის გაეწია დახმარება, კერძოდ, თბილისში, საკუთარ სახელზე გაეფორმებინა დაშლილ მდგომარეობაში მყოფი ავტომანქანა, შემდეგ კი ამ ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ვინ-კოდის იმავე მარკის სხვა, დალომბარდებულ ავტომანქანაზე გადაყენებასა და მანქანის გაყიდვაში დახმარებოდა. ვინაიდან იმ პერიოდში გარკვეული მატერიალური პრობლემები ჰქონდა, მათ შემოთავაზებას დასთანხმდა. მან (მოწმემ) და ბ----------------მ ქ-----------ში წაიყვანეს “K---------”-ს მარკის დაშლილი ავტომანქანის მესაკუთრე, ქალბატონი მ---, რომელმაც მომსახურების სააგენტოში ჯერ ნომერი შეუცვალა, შემდეგ კი ნოტარიუსთან მის სახელზე გენერალური მინდობილობა გააფორმა. ამის შემდეგ აღნიშნული ავტომანქანის ძარა ევაკუატორით მიიტანეს ბ-----------–--ს ავტოფარეხში, სადაც ძარიდან ხელოსანს საიდენტიფიკაციო ვინ-კოდი ამოაჭრევინეს. ბ---------------–--ესთან ერთად, მან (მოწმემ) და ბ----------------მ „K---------”-ს მარკის ტექნიკურად გამართული ავტომანქანა, ამოჭრილი ვინკოდის დასამონტაჟებლად, მიიყვანეს ქ-------–--–------–--–---–--------ზე არსებულ ავტოსახელოსნოში, თუმცა სახელოსნოდან გამოსული ბ----------------სა და ბ---------------–--ისგან გაიგო, რომ იქ ვინ-კოდის შეცვლაზე უთხრეს უარი, რის გამოც გადაწყდა, ვინ-კოდის შესაცვლელად მას (ბ-------------–---–--ს) და ბ----------------ს ბ---------------–--ის ავტომანქანა წაეყვანათ ხობში, სადაც წაღებული ვინ-კოდი ნაცნობ ხელოსანს „ჩააკერებინეს“ მიყვანილ “K---------”-ს მარკის ავტომანქანაში. მოგვიანებით დაუკავშირდა ბ---------------–--ე და უთხრა, რომ სხვა პირზე უნდა გადაეფორმებინა უკვე შეცვლილი საიდენტიფიკაციო მონაცემების მქონე ზემოაღნიშნული ავტომანქანა. ცოტა ხანში, სხვა პირის თანხლებით, მასთან მართლაც მივიდა ბ---------------–--ის მიერ დასახელებული პიროვნება, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს და რომელსაც, ბ---------------–--ის დავალებით, გადაუფორმა ავტომანქანა.

 

სასამართლოში მოწმე მ------------–---–ის ჩვენებით დადგენილი და დადასტურებულია „K---------”-ს მარკის დაშლილი ავტომანქანის ძარის გაყიდვისა და ბ-------------–---–--ს სახელზე მინდობილობის გაცემის, ხოლო მოწმე რ---–--------–--–---ს ჩვენებით ასევე დადგენილი და დადასტურებულია „K---------”-ს მარკის ავტომანქანის ძარაში სხვა ავტომანქანის ვინ-კოდის „ჩაკერების“ ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოწმე ბ-----------–--მ სასამართლოში განმარტა, რომ ბ---------------–--ის ახლობელია, რომელმაც გააცნო ბ---------------- და ბ-------------–---–--. 2017 წლის მარტში ბ---------------–--ემ დაურეკა და სთხოვა ავტომანქანის შესაკეთებლად, 2-3 დღით ეთხოვებინა ავტოფარეხი ბიჭებისთვის, რომლებიც მისი სახელით მოვიდოდნენ. აღნიშნულის შემდეგ მასთან (მოწმესთან) მივიდნენ ბ---------------- და ბ-------------–---–--, რომლებმაც ევაკუატორით მოიტანეს და მის ავტოფარეხში შეიტანეს ავტომანქანის ძარა. ვ----------მ და კ-----–---–--მ მათ მიერ მიყვანილ ხელოსანს ძარიდან ამოაჭრევინეს რაღაც დეტალი, რომელიც „K--“-ს მარკის ავტომანქანაში შეინახეს, დარჩენილი ძარა კი დაჭრეს და ჯართად ჩააბარეს.

 

,,ს------------–ის“ წამომადგენელმა, სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ს--–-------------ემ ჩვენებაში დაადასტურა, რომ „K---------”-ს მარკის ავტომანქანა - სახელმწიფო სანომრე ნიშნით - R--------, ვინ-კოდით K----------------, ფერი: რ--------, - 2017 წლის 24 იანვარს დაიტვირთა გირავნობით, ,,ს------------–ში“ აღებული 11 700 ლარის ოდენობის სესხის უზრუნველსაყოფად.

 

მოწმე კ---------------მ სასამართლოში აჩვენა, რომ 2017 წლის თებერვალში მისმა შვილმა - ვ---------------მ, ნაცნობის - ბ---------------–--ისგან შეიტყო, რომ ეს უკანასკნელი 4 500 აშშ დოლარად ყიდდა „K---------”-ს მარკის ავტომანქანას. მათ (მამა-შვილმა) გადაწყვიტეს ენახათ მანქანა და მოწონების შემთხვევაში, შეეძინათ იგი. ხობში შეხვდნენ ბ---------------–--ეს და მის თანმხლებ პირებს - ბ-------------–---–--სა და ბ----------------ს. ნახვისას მანქანა მოეწონათ, - ზუსტად ისეთი იყო, როგორც აღუწერეს. შსს მომსახურების სააგენტოდან ექსპერტების მოყვანისა და მათ მიერ მანქანის დათვალიერების შემდეგ ქ. ფ----ის მომსახურების ცენტრში ბ-------------–---–--სგან გადმოიფორმა ავტომანქანა. მან (მოწმემ) გამოძიებისას შვილისგან შეიტყო, რომ ჩვენების მიცემისას მისი ნასამართლობის გამო, მას ამყოფებდნენ ფსიქიკური წნეხის ქვეშ და აიძულეს ეთქვა, რომ ავტომანქანის საფასური თბილისში, პირადად ბ---------------–--ეს მისცა ხელში. მოწმის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მასზე რაიმე სახის ზეწოლა არ განხორციელებულა, შვილის დაცვის სურვილით, მისცა იმავე შინაარსის ჩვენება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ნაყიდი ავტომანქანის ევაკუატორით წაღებამდე მისი საფასური - 4 500 დოლარი მან ბ---------------–--ისა და მისი თანმხლები პირების მანქანაში დადო, მათთანვე შეთანხმებით.

 

მოწმე კ---------------ს შვილმა, ვ---------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ დაადასტურა მამამისის ჩვენება, რომ მასზე (ვ---------------ზე) განხორციელდა ფსიქიკური ზეწოლა, ამასთან, მოწმემ განაცხადა, რომ „K---------”-ს მარკის ავტომანქანის ყიდვაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით არც ბ---------------–--ესთან ჰქონია რაიმე შემხებლობა. ასევე განმარტა, რომ გამომძიებლის მიერ მისი გამოკითხვის დროს იმყოფებოდა სამედიცინო პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ და ვერ აცნობიერებდა რას აწერდა ხელს.

 

ტრასოლოგიურ-ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის N--------. დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილ „K---------”-ს სახელმწიფო ნომრით - O-------- - ქარხნული საიდენტიფიკაციო ნომერი მთლიანადაა ამოჭრილი და მის ადგილზე კუსტარული წესით ჩაკერებულია სხვა ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი: K---------------- ლითონის დეტალი.

 

შპს ,,კ------------------------ს“ 2017 წლის 12 ივნისის წერილის თანახმად, ავტომანქანის - „K---------”, სახ. ნომრით O--------, სარეგისტრაციო ვინ კოდი K---------------- შედარებული იქნა „K--”-ს ქარხნულ ოფიციალურ ტექნიკურ მონაცემებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნული სარეგისტრაციო ვინ კოდი არ ემთხვევა წარმოდგენილი ავტომანქანის ფერს, სალონის ფერს და ძრავის მონაცემებს. ავტომანქანა „K---------”, სახ. ნომრით O-------- შეესაბამება K---------------- ვინ კოდის მონაცემებს.

 

ფარული ვიდეო-აუდიო და ფოტო გადაღების მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 მარტს ბ---------------- და ბ-------------–---–--, - ს------------------–--ის კუთვნილი „K---------”-ს მარკის ავტომანქანით, ნაყიდი ძარისთვის აღებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით O--------,- იმყოფებოდნენ ბ-----------–--ს საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც ერთ-ერთი ავტოფარეხიდან გამოიტანეს ავტომანქანის დაჭრილი ძარა და მოათავსეს სხვა მანქანაში.

 

სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2--------–ის M---------------- წერილით დადგენილია, რომ 2011 წლის 2 მაისს ს------------------–---------–---–--–---–ის სახელზე დარეგისტრირდა სატრანსპორტო საშუალება „K---------”, საიდენტიფიკაციო ნომრით K----------------, სახელმწიფო სანომრე ნიშნით C------. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება 2017 წლის 24 იანვარს დარეგისტრირდა ვ--–----------------ს სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით - R-------- (მომსახურების საგენტოში გამსხვისებელ ს------------------–---------–---–--–---–ს წარმოადგენდა მინდობილი პირი - ვ--–----------------).

 

K---------------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე სატრანსპორტო საშუალება „K---------” 2017 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა (პირველადი რეგისტრაცია) მ------------–---–ის სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით O--------. ავტომობილი იმავე დღეს, მფლობელის განცხადების საფუძველზე, ჩამოიწერა, ხოლო 2017 წლის 15 მარტს რეგისტრაცია აღდგენილი იქნა მ------------–---–ის სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით O--------. 2017 წლის 28 მარტს მფლობელის - მ------------–---–ის განცხადების საფუძველზე, განხორციელდა ფერის შეცვლა (ყავისფერი) და იმავე დღეს გადაფორმდა კ---------------ს სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით - O--------. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს - მ------------–---–ს წარმოადგენდა მინდობილი პირი - ბ-------------–---–--.

 

სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 6 მაისის M---------------- წერილის თანახმად, 2017 წლის 28 მარტს სატრანსპორტო საშუალების - „K---------” VIN: K---------------- სახელმწიფო სანომრე ნიშნით O-------- - რეგისტრაცია კ---------------ს სახელზე განხორციელდა მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს ქ. ფ----ის სამსახურში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა, ბრალდებულმა ბ---------------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და აჩვენა, რომ 2017 წლის იანვარში ნაცნობმა, ზ------------–--ემ უთხრა, რომ აჩუქეს დანამტვრევი მანქანა, რომლის გაყიდვაც სურდა. მანქანის ნახვის შედეგად გაირკვა, რომ მას წინა ბამპერი და სხვა დეტალები აკლდა. მისმა ნაცნობმა, ვ--–----------------მ ამ მანქანის ყიდვის სურვილი გამოთქვა და 16 500 ლარზე შეთანხმდნენ, რაც ამ უკანასკნელს მარტის ბოლომდე უნდა გადაეხადა. ქ--------ს პირადად ახლდა რუსთავში, მომსახურების სააგენტოში, სადაც დადგინდა, რომ მანქანა ორგანიზაციაზე იყო გაფორმებული. ერთად მივიდნენ ზ------------–--ესთან ამ საკითხის გასარკვევად, რა დროსაც ვ--–----------------მ და ზ------------–--ემ პირადად ისაუბრეს ერთმანეთთან და ეს უკანასკნელი დაჰპირდა, რომ 2-3 დღეში მანქანის გადაფორმება შესაძლებელი გახდებოდა. მას (ბრალდებულს) ბ-------------–---–--სა და ბ----------------სთვის არ დაუვალებია ძარის მ------------–---–ისგან შეძენა და ამ მიზნით მათთვის არც თანხა გადაუცია. ვინაიდან ზ------------–--ის ავტომანქანა ნაავარიევი იყო, ვ--–-------------- აპირებდა მეორე ასეთივე მანქანის ყიდვას და ორიდან ერთი გამართული მანქანის აწყობას, რასაც კანონი არ კრძალავს და თავადაც ბევრჯერ გაუკეთებია. რამდენადაც იცის, ვ--–---------------- შემდგომში ამ ავტომანქანის სექანიებისთვის მიყიდვას აპირებდა, რომლებსაც, ისიც (ბ---------------–--ე) კარგად იცნობდა.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ჩვენებას, რომ ზემოხსენებული „K---------”-ს მარკის ავტომანქანა ორგანიზაციაზე იყო გაფორმებული და მისი რეალური მყიდველი ვ--–----------------ა, რომელიც გააცნო ზ------------–--ეს და მათ მანქანის ყიდვა-გაყიდვაზე პირადად ისაუბრეს ერთმანეთთან, ასევე არ დაუვალებია ბ-------------–---–--სა და ბ----------------სთვის სხვა ავტომანქანის ძარის მ------------–---–ისგან შეძენა და ამ მიზნით მათთვის არც თანხა გადაუცია და რომ სწორედ ვ--–---------------- აპირებდა ორი ავტომანქანისგან ერთი გამართული ავტომანქანის აწყობას და შემდეგ სექანიებისთვის მიყიდვას. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს არ ადასტურებს სასამართლოში დაკითხული არც ერთი მოწმე, პირიქით, მოწმეებმა - ს------------------–---------–---–--–---–მა, ზ------------–--ემ, ბ-------------–---–--მ, ბ----------------მ, ბ-----------–--მ, მ------------–---–მა, რ---–--------–--–---მ და კ---------------მ თავიანთ ჩვენებებში ამხილეს ბ---------------–--ე ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენაში.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, როდესაც პირი მოტყუებით ეუფლება სხვის საკუთრებაში არსებულ ნივთს ან მის ქონებრივ უფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახეზეა თაღლითობის შემადგენლობა. ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ის გარემოება, რომ დამნაშავე ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებად იყენებდეს მოტყუებას. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება _ ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. მოცემული დანაშაულის სპეციფიკურ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ გარეგნულად ქონების თუ ქონებრივი უფლების გადაცემა დამნაშავისათვის ხორციელდება ნებაყოფლობით, თავად დაზარალებულის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი. მოცემულ შემთხვევაში ბ---------------–--ე მოქმედებდა განზრახ, მისი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, სხვისი ქონების მოტყუებით დასაუფლებლად. თავდაპირველად, ბ---------------–--ემ უთხრა ზ------------–--ეს, რომ ჰყავდა მყიდველი, რომელიც 8500 აშშ დოლარად შეიძენდა ზ------------–--ის სიდედრის კუთვნილ ავტომანქანას და მეტი დამაჯერებლობისთვის ბეც დაუტოვა 500 აშშ დოლარის სახით, ხოლო დანარჩენი თანხის - 8 ათასი დოლარის მოგვიანებით მიცემას დაჰპირდა. ამასთან, გამოიყენა რა მასსა და ზ------------–--ეს შორის უკვე არსებული ნდობის ფაქტორი, ბ---------------–--ემ ავტომანქანის მესაკუთრე ს------------------–---------–---–--–---–ს, გენერალური მინდობილობა გააფორმებინა ვინმე ვ--–----------------ზე და მინდობილობა და ავტომანქანა იმავე დღეს წამოიყვანა მესაკუთრისგან. საქმის მტკიცებულებებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ ზემოხსენებული ავტომანქანის რეალური მყიდველი სწორედ ბ---------------–--ეა და მას თავიდანვე განზრახული ჰქონდა, არ გადაეხადა სრულად ავტომანქანის საფასური ს------------------–---------–---–--–---–ისთვის. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ბ---------------–--ემ განიზრახა ავტომანქანის საიდენტიფიკაციო მონაცემების გაყალბება, რაშიც დახმარება სთხოვა ბ----------------სა და ბ-------------–---–--ს. დადგენილი და დადასტურებულია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - ბ---------------- და ბ-------------–---–-- მოქმედებდნენ ბ---------------–--ის მითითებით და დავალებით, კერძოდ, ბ---------------–--ის მიცემული ფულით მ------------–---–ისგან შეიძინეს სხვა „K---------”-ს მარკის ავტომანქანის ძარა, საიდანაც ხელოსანს ამოაჭრევინეს საიდენტიფიკაციო ვინ-კოდი და „ჩააკერებინეს“ ბ---------------–--ის მიერ ს------------------–---------–---–--–---–ისგან წამოყვანილ „K---------”-ს მარკის ავტომანქანაში, რის შემდეგაც, ასევე ბ---------------–--ის მითითებით, გაყალბებული საიდენტიფიკაციო ვინ-კოდიანი „K---------”-ს მარკის ავტომანქანა გადაუფორმეს კ---------------ს, რაშიც ამ უკანასკნელმა ბ---------------–--ეს გადაუხადა 4500 აშშ დოლარი. ს------------------–---------–---–--–---–ის ჩვენებით, მას დღემდე არ აქვს მიღებული ავტომანქანის საფასური, ხოლო ზ------------–--ის ჩვენებით, მოგვიანებით ბ---------------–--ე დაუკავშირდა და უთხრა, რომ მყიდველს დროებითი ფინანსური პრობლემები ჰქონდა და თანხის გადახდას დააგვიანებდა, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სწორედ ბ---------------–--ეა და სხვა არავინ ს------------------–---------–---–--–---–ის კუთვნილი „K---------”-ს მარკის ავტომანქანის მყიდველი და რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ზემოხსენებულ ავტომანქანას, რითაც სრულად განახორციელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ბ---------------–--ისთვის დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. კერძო პრევენციის თვალსაზრისით, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბ---------------–--ის მიერ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული მაკვალიფიცირებელ გარემოებებში. ბ---------------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული - თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს, რომელიც აღიარებული და ხელშეუვალია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ბ---------------–--ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ, ვინაიდან მსჯავრდებული ბ---------------–--ე დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძველია ორი წინაპირობის კუმულაციურად არსებობა, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძვლებად ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მოითხოვს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა (მისი ავადმყოფობა) შეფასებული უნდა იქნას, როგორც მძიმე და აღნიშნული ხელს უნდა უშლიდეს სასჯელის მოხდას. აღნიშნული ორი პირობიდან ერთ-ერთის არ არსებობა გამორიცხავს განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების გადავადებას.

 

თავიანთი პოზიციის დასადასტურებლად დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა სამედიცინო დოკუმენტაცია და მსჯავრდებულ ბ---------------–--ის მიმართ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ--------ში“ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის №-------- დასკვნა, რომლის თანახმად, „კლინიკური მონაცემებით და ანამნეზით საფიქრებელია, რომ ბ---------------–--ეს სავარაუდოდ უნდა ჰქონდეს მულტიფუნქციური დაავადება - ცელიაკია, ანუ გლუტეინური ენტეროპათია (გლუტეინის აუტანლობა), რაც ეკუთვნის აუტოიმუნურ გენეტიკურ პათოლოგიას, რა დროსაც მალააბსორბციის (ნაწლავის შეწოვის ფუნქციის დარღვევა) ფონზე ვითარდება დისტროფიული ცვლილებები შინაგანი ორგანოების და ნერვული სისტემის უჯრედულ დონეზე, რაც თავის მხრივ იწვევს ეტაპობრივად სისტემურ პოლიორგანულ უკმარისობას. რაც შეეხება სტაფილოკოკურ ინფექციას (აბსცესი, ფლეგმონა), იგი უნდა წარმოადგენდეს მალააბსორბციის ფონზე განვითარებული იმუნოდეპრესიის შედეგს. ამდენად, ცალსახაა, რომ 2017 წლიდან დღემდე ძირითადი დაავადების დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება და შესაბამისად, ეტიოპათოგენეზის გარეშე ბ---------------–--ის მიმართ განხორციელებული მკურნალობა არასრულფასოვანია, მიმართულია მხოლოდ გართულების - ჩირქგროვების ლიკვიდაციისკენ და ზოგად ინფექციასთან ბრძოლისკენ. შედეგად, მოსალოდნელია რეციდივები და რეალურია ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევადი კრიტიკული დამძიმების (გენერალიზირებული სეფსისი, სისტემური პოლიორგანული უკმარისობა და ა.შ.) შანსიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ---------------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალზედ საყურადღებოა, იგი ქრონიკული და მძიმე ავადმყოფია ..... ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ბ---------------–--ის იზოლაციაში ყოფნა (პენიტენციური დაწესებულება) სამედიცინო თვალსაზრისით ნეგატიურად იმოქმედებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად, ხელს უშლის სასჯელის მოხდას.“

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მოწმედ დაიკითხნენ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ავტორები - ა-–-----------------ე და მ--------------ე, აგრეთვე, პენიტენციური დაწესებულების ექიმი-ქირურგი ფ----------------–---–ი და სასჯელაღსრულების დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმი ნ------------ე.

 

ექსპერტმა ა-–-----------------ემ აჩვენა, რომ მათთან წარმოდგენილი, მსჯავრდებულ ბ---------------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა მოწვეულ სხვა სპეციალისტებთან ერთად და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბ------ არის მძიმე ავადმყოფი, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ბ---------------–--ეს, სავარაუდოდ, აქვს გენეტიკური პრობლემა და საქართველოში ვერ ხდება დადგენა, რა იწვევს ჩირქოვან პროცესებს. აღნიშნული საჭიროებს საზღვარგარეთ ნანოტექნოლოგიების დონეზე გამოკვლევას და შესაძლოა, ასეც ვერ დადგინდეს ავადმყოფობის მიზეზი. მათ დაადგინეს სავარაუდო დიაგნოზი. რაც შეეხება მკურნალობას, ბ---------------–--ე პენიტენციური დაქწესებულებიდან მრავალჯერ ჰყავდათ გადაყვანილი შესაბამის პროფილურ კლინიკებში, ანუ პენიტენციური დეპარტამენტი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, თუმცა შედეგი არ არის. თუნდაც საზღვარგარეთ მკურნალობის შემთხვევაში, შეიძლება ვერც ვერავინ დასვას დიაგნოზი. მ--------------ემ ჩვენებაში დაადასტურა, რომ არის პრაქტიკოსი ექიმი და ექსპერტიზის ჩატარებაში მოიწვია ა-–-----------------ემ. ჯგუფურად შეისწავლეს ბ---------------–--ის სამედიცინო დოკუმენტაცია. ექსპერტიზის პროცესში მისი (მ--------------ის) კომპეტენცია შეეხებოდა ინტენსიური თერაპიის გატარებას, ანუ პოსტოპერაციული მკურნალობის შეფასებას და პაციენტის მოვლას. ბ---------------–--ის მიმართ სხვადასხვა კლინიკებში მკურნალობები ჩატარებული იყო პროტოკოლის მიხედვით, ღებულობდნენ დროებით გამოჯანმრთელებას, თუმცა საბოლოო შედეგები არ იყო, ვერ დგინდებოდა ავადმყოფობის მიზეზები და სინდრომი. ექსპერტიზის ჩატარების დროს მათ დასვეს სავარაუდო დიაგნოზი, რომ უნდა ყოფილიყო იმუნოლოგიური და გენეტიკური პრობლემები. მოწმე ფ----------------–---–მა აჩვენა, რომ მსჯავრდებულ ბ---------------–--ეს აქვს იშვიათი და მძიმე დაავადება, რომლის ეტიოლოგია, კლინიკა დაუდგენელია. მსჯავრდებული მრავალჯერ იქნა გადაყვანილი სამკურნალოდ ქალაქის სექტორში სხვადსახვა კლინიკაში, სადაც პაციენტს უტარდებოდა სათანადო ოპერაციული მკურნალობა. პირადად იგი (ფ----------------–---–ი) რამდენჯერმე მორიგეობის დროს (ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობს) შეხვედრია ბ---------------–--ეს, რომელსაც დანიშნულების შესაბამისად, ჩაუტარა მანიპულაციები. მოწმე ნ------------ემ აჩვენა, რომ მსჯავრდებულ პაციენტ ბ---------------–--ეს სასჯელის მოხდის პერიოდში უტარდება ყველანაირი მკურნალობა. პენიტენციური დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებას ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული სხვადასხვა წამყვან კლინიკებთან და საჭიროების შემთხვევაში პაციენტი მსჯავრდებულები სამკურნალოდ გადაჰყავთ ისეთ კლინიკებშიც, რომლებთანაც დადებული ხელშეკრულება არა აქვთ, რასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი პაციენტ ბ---------------–--ის შემთხვევაში, ხოლო თუ მსჯავრდებული პაციენტის მკურნალობის მართვა და დიაგნოსტირება ვერ ხერხდება (თუნდაც საქართველოში ვერ მოხდება პაციენტის მკურნალობა-დიაგნოსტირება), კლინიკა ამის შესახებ თავად ატყობინებს პენიტენციურ დაწესებულებას, რასაც ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულ ბ---------------–--ის შემთხვევაში. მეტიც, იმ მსჯავრდებულ პაციენტებთან მიმართებით, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და სასჯელის მოხდასთან შეუთავსებადია, პენიტენციური დეპარტამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტიზის ჩატარებაზე. ბ---------------–--ის მიმართ ამგვარი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება არ ყოფილა. მოწმემ დაადასტურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილის შინაარსი, რომლის თანახმად, სამედიცინო დეპარტამენტისთვის ცნობილია ბ---------------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ბრალდებული არაერთხელ არის კონსულტირებული ექიმის მიერ, ჩატარებული აქვს კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები, დადგენილი აქვს დიაგნოზი და უზრუნველყოფილია რეკომენდებული მედიკამენტური მკურნალობით. ბ---------------–--ის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია და მისთვის დადგენილი დიაგნოზების მართვა შესაძლებელია #8 პენიტენციურ დაწესებულებაში. იმყოფება მედპერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ და მომავალშიც, საჭიროების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება რეკომენდებული სამედიცინო მომსახურებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ---------------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უშლის სასჯელის მოხდას და მას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში უტარდება სათანადო მკურნალობა. „პატიმრობის კოდესის“ 121-ე მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილი იქნეს დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში’’. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებულია, იზრუნოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და უზრუნველყოს მისი შესაბამისი მკურნალობა, რასაც ადგილი აქვს მსჯავრდებულ ბ---------------–--ესთან მიმართებაში და არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მისთვის განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ---------------–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------------ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ბ---------------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ბ---------------–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------------ს სააპლაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ბ---------------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ბ---------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 1-------ის განაჩენით დადგენილი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, - შთანთქოს ახლადდანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ბ---------------–--ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ბ---------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 28 ივნისიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

დისკები - დაერთოს საქმეს, მისი შენახვის ვადით;

 

ავტომანქანა - დაუბრუნდეს ს------------------–---------–---–--–---–ს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე