განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/370-19
N330310018002404094
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე
თამარ ონიანი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლევან მურუსიძე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, გადახდილი ჯარიმის დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ლევან მურუსიძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 15 მარტის №57/განკ განკარგულება; ლევან მურუსიძეს დაუბრუნდა 2018 წლის 15 მარტის №57/განკ განკარგულების საფუძველზე გადახდილი საჯარიმო თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. 2017 წლის 25 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ლევან მურუსიძემ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია (ს.ფ. 55-66).
1.2.2. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2017 წლის 20 ნოემბერს განცხადებით (განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 24 ნოემბერი) მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს ლევან მურუსიძის მიერ 2017 წლის 25 ივნისს წარდგენილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის მოთხოვნით (ს.ფ. 80-81).
1.2.3. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. მონიტორინგს დაექვემდებარა ლევან მურუსიძის მიერ 2017 წლის 25 ივნისს წარდგენილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ლევან მურუსიძეს ეცნობა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 20 დეკემბრის №გ9724 წერილით. ამავე წერილით ლევან მურუსიძეს ეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში, მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის წარდგენა, კერძოდ: 1) ინფორმაცია მისი და მისი ოჯახის წევრების საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ყველა ანგარიშის ან/და შენატანის შესახებ (კომერციულ ბანკებში ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული მისი და მისი ოჯახის წევრების პირადი ანგარიშების ამონაწერები და ინფორმაცია საკრედიტო ვალდებულებების შესახებ საანგარიშო პერიოდში - 2016 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 25 ივნისის ჩათვლით; 2) ოჯახის წევრის (და) თამარ მურუსიძის მიერ 2016 წელს გაფორმებული უძრავი ქონების (მისამართი: ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა №21) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 07.09.2016 წელი; 3) ლევან მურუსიძის მიერ 2017 წელს გაფორმებული უძრავი ქონების (მისამართი: მცხეთა, სოფელი ძეგვი) ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 02.02.2017 წელი; 4) 2017 წლის 25 ივნისს ლევან მურუსიძის მიერ წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დაფიქსირებული სს ,,საქართველოს ბანკთან" და სს ,,რესპუბლიკა ბანკთან" გაფორმებული საკრედიტო ბარათისა და სესხის ხელშეკრულებები, შესაბამის დანართებთან ერთად (გადახდის გრაფიკი); 5. 2017 წლის 20 ივნისს შეძენილი მსუბუქი ავტომობილის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2018 წლის 08 იანვარს, ლევან მურუსიძემ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინა 2017 წლის 20 დეკემბრის №9724 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია (ს.ფ. 74-75; 100-156).
1.2.4. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წლის 24 იანვრის №964 წერილით ლევან მურუსიძეს აცნობა, რომ შემოწმების შედეგად დეკლარირებულ და საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში არსებულ მონაცემებს, ასევე მხარის მიერ წარდგენილ საბანკო ინფორმაციას შორის გამოვლინდა შეუსაბამობები, კერძოდ:
1. დეკლარაციის მიხედვით, დეკლარაციის შევსების თვის პირველ რიცხვამდე მდგომარეობით, ლევან მურუსიძის სახელზე ფიქსირდება უძრავი ქონება - ავტოფარეხი -12.00 კვ.მ (მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის პლატო, მე-4 მიკრო რაიონი), რომელიც არ დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ლევან მურუსიძის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი - 1 000.00 კვ.მ (მისამართი: მცხეთა, სოფელი ძეგვი), რაც დეკლარაციაში ასახულა მხოლოდ ხელშეკრულების გვერდზე და ასახული არ არის უძრავი ქონების გვერდზე.
2. დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძის სახელზე ფიქსირდება სახელფასო საბანკო ანგარიში სს ,,თიბისი ბანკში“, ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით - 8000.00 ლარი, ხოლო ლევან მურუსიძის მიერ წარდგენილი საბანკო ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ანგარიშზე ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით შეადგენდა 2 741.03 ლარს. ასევე დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძის სახელზე ფიქსირდება სახელფასო საბანკო ანგარიში სს „საქართველოს ბანკში“ - ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით - 9 700.00 ლარი, ხოლო ლევან მურუსიძის მიერ წარდგენილი საბანკო ინფორმაციის მიხედვით აღნიშნულ ანგარიშზე ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით შეადგენდა - 4 801.43 ლარს.
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ლევან მურუსიძის ოჯახის წევრის (და) თამარ მურუსიძის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება -ბინა 46.30 კვ.მ (მისამართი; ბაკურიანი, აღმაშენებლის 21), რომელიც შეძენილ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ინფორმაცია დეკლარაციაში ასახულა მხოლოდ უძრავი ქონების გვერდზე და არ არის ასახული ხელშეკრულების გვერდზე. დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძის მიერ 2016 წელს გაფორმებულია საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება სს "საქართველოს ბანკში", რომლის ღირებულებაც არ არის მითითებული დეკლარაციაში. დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძის მიერ 2016 წელს გაფორმებულია სესხის ხელშეკრულება სს ,,რესპუბლიკა ბანკში", რომლის ღირებულებაც არ არის მითითებული დეკლარაციაში, ხოლო წარდგენილი საბანკო დოკუმეტაციით კი ირკვევა, რომ სესხის ოდენობა შეადგენს 45 000.00 აშშ დოლარს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირებული ელექტრონული ბაზის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში (2016 წელი), ლევან მურუსიძეს მიღებული აქვს ანაზღაურება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - 270.00 ლარი, რაც არ არის ასახული დეკლარაციაში. დეკლარაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში (2016 წელი), ლევან მურუსიძის ოჯახის წევრს (და) თამარ მურუსიძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა ლექციებიდან და კერძო პედაგოგიური საქმიანობიდან შეადგინა 30.000.00 ლარი, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირებული ელექტრონული ბაზის მიხედვით კი ოჯახის წევრის (და) თამარ მურუსიძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან -1.410.00 ლარი; შპს ,,თბილისის გ. ტაბიძის სახელობის ვერის უბნის ლიცეუმიდან'' -100.00 ლარი.
ზემოაღნიშნულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით, დოკუმენტაციის და წერილობითი განმარტებების წარდგენისთვის ლევან მურუსიძეს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა (ს.ფ. 157-158).
1.2.5. 2018 წლის 30 იანვარს ლევან მურუსიძემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და მითითებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ავტოფარეხს (12 კვ.მ) მრავალი წელია ფლობს ოჯახის წევრი - თორნიკე მურუსიძე (მამა). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ავტოფარეხი არ არის ასახული საჯარო რეესტრის მონაცემებში, ყოველთვის იყო დაფიქსირებული წინა წლების დეკლარაციებში და შესაბამისად, საჭიროდ ჩათვალა მისი მითითება, დაფიქსირება 2017 წლის 25 ივნისს შევსებულ დეკლარაციაშიც. რაც შეეხება დეკლარაციის შესაბამის გვერდზე უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთი, სოფელ ძეგვში და ბინა, დაბა ბაკურიანში) თაობაზე მონაცემების ასახვას, აღნიშნული შევსებულია იმ პრინციპით, რომ ქონება, რომელიც შეიძინა ლევან მურუსიძის ოჯახმა 2017 წლამდე დაფიქსირებულია უძრავი ქონების გვერდზე, ხოლო 2017 წლის განმავლობაში შეძენილი ქონება ასახულ იქნა ხელშეკრულებების გვერდზე. სახელფასო და საკრედიტო ბარათებზე არსებულ ნაშთებს შორის შეუსაბამობასთან დაკავშირებით ლევან მურუსიძემ მიუთითა, რომ დეკლარაცია ივსება ერთი თვის განმავლობაში, რა დროსაც ბარათებზე მუდმივად ხდებოდა მათზე არსებული ნაშთების ცვლილება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ყველა ხარჯი, მათ შორის საკრედიტო ბარათით განხორციელებული, ასახულია დეკლარაციაში. ამის დასტურია ის, რომ 2016 წელს ,,საქართველოს ბანკთან'' გაფორმებული საკრედიტო ბარათი მითითებული აქვს დეკლარაციის მე-5 გვერდზე, ხოლო აღნიშნული ბარათით წლის განმავლობაში გაწერილი გასავალი (ხარჯი) ასახულია დეკლარაციის მე-10 გვერდზე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 270 ლარის ოდენობით შემოსავალთან დაკავშირებით, ლევან მურუსიძემ განმარტა, რომ 2015 წლის ბოლოს უნივერსიტეტთან დაასრულა სახელშეკრულებო ურთიერთობა, 2016 წლიდან დღემდე მას არავითარი ურთიერთობა არ აქვს ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტთან, შესაბამისად, მისთვის უცნობია 270 ლარის ჩარიცხვის ფაქტი და საფუძველი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ყველა შემოსავალი უკავშირდება იმ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებდა 2016 წლამდე; დის - თამარ მურუსიძის შემოსავლის სახით საანგარიშო პერიოდში 30 000 ლარის დაფიქსირებასთან დაკავშირებით კი ლევან მურუსიძემ განმარტა, რომ მისი და ეწევა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას, კერძოდ, ამზადებს ბავშვებს უცხო ენებში (გერმანულ და ინგლისურ ენებში) და ანაზღაურებას იღებს ხელზე. შესაბამისად, მის მიერ გამოანგარიშებულ იქნა ის თანხა, რაც მისმა დამ მიიღო კერძო პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების შედეგად, რასაც დაემატა ლექციებიდან მიღებული შემოსავალი და ჯამი - 30 000 ლარი ასახა დეკლარაციაში. ლევან მურუსიძემ ასევე განმარტა, რომ ბანკ ,,რესპუბლიკასთან" სესხის ხელშეკრულება 45 000 აშშ დოლარზე გააფორმა არა 2016 წელს, არამედ 2014 წლის 31 დეკემბერს; მის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროში გაგზავნილ ამონაწერში ჩანს, რომ 2015 წლის 4 მაისს აღნიშნული სესხის დასაფარად შეიტანა 30300 აშშ დოლარი, რომელიც ასახულია წინა წლის დეკლარაციაშიც. შესაბამისად, 2017 წლის 25 ივნისის დეკლარაციის მე-10 გვერდზე მიუთითა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გასავალი (ს.ფ. 159-162).
1.2.6. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წლის 13 თებერვალს №გ1757 წერილით ლევან მურუსიძეს აცნობა, რომ დეკლარირებულ და მის მიერ წარდგენილ საბანკო ინფორმაციას შორის დამატებით გამოვლინდა შეუსაბამობები. კერძოდ; საბანკო დოკუმენტაციის მიხედვით, სს ,,საქართველოს ბანკის" საბანკო ანგარიშიდან ფიქსირდება გასავალი, რომლის ოდენობა, თითოეულ შემთხვევაში, აღემატება 1500 ლარს, რაც დეკლარაციაში არ არის ასახული. ასევე ბიუროში არ არის წარდგენილი მითითებული საბანკო ანგარიშის დეკლარაციის შევსების დღის (2017 წლის 25 ივნისი) ამონაწერი, რის გამოც ბიუროს მიერ ვერ მოხერხდა დეკლარაციაში ამავე ანგარიშზე არსებული ნაშთის სისწორის შემოწმება. ზემოაღნიშნულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით, წერილობითი განმარტებების წარდგენისთვის ლევან მურუსიძეს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა (ს.ფ. 163-164).
1.2.7. ზემოაღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე, 2018 წლის 20 თებერვალს, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში ლევან მურუსიძემ წარადგინა წერილობით ახსნა- განმარტება, კერძოდ, ლევან მურუსიძემ განმარტა, რომ დეკლარაციის შევსების დროს მიმართა სს ,,საქართველოს ბანკს" და მოითხოვა ინფორმაცია წლის განმავლობაში მისი საკრედიტო ბარათის ანგარიშიდან არსებული ხარჯის (გასავალი) თაობაზე. სს "საქართველოს ბანკიდან" ეცნობა, რომ აღნიშნული თანხა ჯამში შეადგენდა 39 713 ლარს და 12 თეთრს, რომლის თაობაზეც მიუთითა მთლიანად დეკლარაციის მე-10 გვერდზე და შესაბამისად, თითოეული ხარჯი ცალ- ცალკე აღარ დაუფიქსირებია (ს.ფ. 165-166).
1.2.8. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტმა 2018 წლის 15 მარტს შეადგინა №61 დასკვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის - ლევან მურუსიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის შესაბამისად, უარყოფითად იქნა შეფასებული და დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების შეტანად იქნა მიჩნეული ლევან მურუსიძის მიერ დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად, არასწორად ასახვა, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის, დოკუმენტაციის წარუდგენლობა (ს.ფ. 167-171).
1.2.9. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 15 მარტის №57/გან განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლევან მურუსიძის მიერ 2017 წლის 25 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ლევან მურუსიძის 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ (ს.ფ. 172-173).
1.2.10. 2018 წლის 11 აპრილს ლევან მურუსიძის მიერ გადახდილ იქნა საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 15 მარტის №57/გან განკარგულებით გათვალისწინებული ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (ს.ფ. 25).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 15 მარტის №57/გან განკარგულება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
1.3.2. სასამართლოს განმარტებით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინი „თანამდებობის პირი“ მოიაზრებს მოსამართლეს.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. კანონის მე-15 მუხლში მოცემულია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მისათითებელი ინფორმაცია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლი განსაზღვრავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის წესს. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დასაბუთებული წერილობითი განცხადება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით. მე-11 პუნქტის თანახმად კი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებულ ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციაზე’’, რომლითაც განისაზღვრა სსიპ საჯარო სასმახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის განხორციელების წესი და პროცედურა. აღნიშნული ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებით, ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან შედარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის გზით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული სხვა წერილობითი ინფორმაციის სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, ბიურო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული წესით, დახმარების თხოვნით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბიუროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება დასაბუთებული წერილობითი განცხადების შემთხვევაში, იწყება ბიუროს მიერ მისი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით რეგისტრაციის მომენტიდან.
ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მონიტორინგის შედეგების თაობაზე დასკვნას ამზადებს და ბიუროს უფროსს წარუდგენს მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. ამავე ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, ბიუროს უფროსი/შესაბამისი უფლებამოსილი პირი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გარდა ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თანამდებობის პირი ჯარიმდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რის შესახებაც ბიუროს უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას.
ამდენად, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს თანამდებობის პირისთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის უარყოფითად შეფასების საფუძველს კი განსაზღვრავს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტიც, რომელიც ადგენს - ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენისას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 2017 წლის 20 ნოემბრის (რეგისტრაციის თარიღი - 2017 წლის 24 ნოემბერი) განცხადების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა ლევან მურუსიძის მიერ 2017 წლის 25 ივნისს წარდგენილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ასევე დადგენილია, რომ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლევან მურუსიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ლევან მურუსიძის 1000 (ათასი) ლარით დაჯარიმების შესახებ. დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას საფუძვლად დაედო დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითება, კერძოდ, დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის ფაქტად მიჩნეულ იქნა ლევან მურუსიძის მიერ დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად ასახვა, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის, დოკუმენტაციის წარუდგენლობა.
სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ინფორმაციას, რომელსაც უნდა შეიცავდეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული მუხლის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ: ზ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, – ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი); ნ) საანგარიშო პერიოდში პირის, მისი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან /და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება ) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1 500 ლარს , ამ მუხლში აღნიშნული სხვა შემოსავლის ან /და გასავლის გარდა – პირი, მისი ოჯახის წევრი, ვისაც ჰქონდა შემოსავალი ან /და გასავალი , შემოსავლის ან /და გასავლის სახეობა , შემოსავლის ან /და გასავლის ოდენობა(ღირებულება ).
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მონიტორინგს დაქვემდებარებული დეკლარაცია უსწორობებს შეიცავდა, კერძოდ არასწორად იქნა მითითებული სს "თიბისი ბანკში" ლევან მურუსიძის სახელფასო საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით, ასევე დეკლარაციაში შესაბამის გვერდზე არ იყო ასახული ლევან მურუსიძის სახელზე სს ,,საქართველოს ბანკის" საბანკო ანგარიშიდან დაფიქსირებული გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატებოდა 1500 ლარს; ამასთან დეკლარანტის მიერ არ იქნა წარდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერი. აღნიშნულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით, ლევან მურუსიძემ საჯარო სამსახურის ბიუროში 2018 წლის 8 იანვარს, 30 იანვარს და 2018 წლის 20 თებერვალს წარადგინა განმარტებები, შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დეკალარაციის შევსებისას უზუსტო/არასრული ინფორმაციის მითითების ფაქტი. თუმცა, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს პირის ქმედება არსებითად ეწინააღმდეგება თუ არა კანონით დაცულ სიკეთეს, კერძოდ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის გამჭირვალობის, კორუფციული სამართალდარღვევისა თუ დანაშაულის აღმოფხვრისა და პრევენციის კანონისმიერ მიზანს. ამგვარი შეფასებით უნდა დადგინდეს უზუსტობის ხასიათის შესაბამისობა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში დიფერენცირებულ ქმედებებთან. ხსენებული კანონის მე-3 მუხლში მოცემული განმარტებები ადგენენ თანამდებობის პირის (საჯარო მოხელის) ქმედების ამ კანონთან შეუსაბამოდ მიჩნევის საფუძვლებს. ხსენებული ნორმა განმარტავს ყველა ისეთ პირობას, რაც პირის ქმედების მართლწინააღმდეგობას განაპირობებს, კერძოდ: 1. „კორუფცია საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა; 2. „კორუფციული სამართალდარღვევა“ არის ქმედობა, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; 3. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება საჯარო დაწესებულების ინტერესებთან; 4. „დაუსაბუთებელი ქონება“ არის ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნია ან იგი შეძენილია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით; 5. „ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება“ არის დეკლარირებული ქონებისა და ფინანსური რესურსების საკუთრებაში მიღების ფორმის დოკუმენტური ან სიტყვიერი ახსნა-განმარტება წყაროს მითითებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს, კერძოდ: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და გენეტიკური განმარტების პრინციპს, რომლის შესაბამისად, ნორმის განმარტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, ნორმა, რომელიც დეკლარაციის უარყოფიდად შეფასების კრიტერიუმებს ადგენს (,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტი) უნდა განიმარტოს სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვით, რაც მოგვცემს მისი შინაარსის განსაზღვრისა და კანონმდებლის ნების სწორი განმარტების საშუალებას. ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტის ფართო ინტერპრეტაცია და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის მითითებად ნებისმიერი სახის უზუსტობის მოაზრება და დეკლარაციის უარყოფითად შეფასება არათუ სცილდება კანონის მიზანს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის მასთან.
,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი გვაძლევს კორუფციასა და საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოფხვრის მიზნით იმ პირობების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა მიზანსაც თანამდებობის პირის დეკლარირება ემსახურება. შესაბამისად, მონიტორინგისას დეკლარაციაში აღმოჩენილი არასარული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ფაქტი დეკლარაციის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას იძლევა კანონდებლის ძირითადი მიზნის შეუსრულებლობისას და არა უპირობოდ, ყოველი ხარვეზის დადგენის შემთხვევაში. სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად თანამდებობის პირის მიერ კეთილსინდისიერად, კანონის მიზნების შესასრულებლად დეკლარირებისა, შესაძლოა, მაინც თავიდან ვერ იქნეს აცილებული ინფორმაციის ისეთი უსრულობა ან/და მიუთითებლობის ფაქტი, რომელიც კორუფციასა და საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოფხვრის ძირითადი მიზნის შესრულებას ხელს არ უშლის. აღნიშნულს განაპირობებს ის ფაქტორი, რომ საფინანსო-ქონებრივი დეტალების კანონით განსაზღვრულ პრინციპებამდე დაყვანა, ხშირ შემთხვევაში, საჭიროებს იმგვარ შეფასებას, რაც თანამდებობის პირის პირადი პროფესიული ცოდნის მიღმა რჩება. განსხვავებით მეწარმისაგან, რომლისთვისაც საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სიზუსტით წარმართვა და დოკუმენტირება სავალდებულოა სამეწარმეო და საგადასახადო პროცედურების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, პროფესიულ საქმიანობაში თანამდებობის პირის მიერ სპეციფიკური საკითხების გადაჭრა სპეციალისტების დახმარებით ხდება, მაგ.: მოსამართლე სხდომაზე იწვევს დარგის სპეციალისტს, ექსპერტს; მინისტრის გადაწყვეტილება ეფუძნება დარგის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის შედეგებს და სხვა.
ამდენად, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისას მონაცემების უზუსტოდ დიფერენცირება ან რაიმე მონაცემის მიუთითებლობა (მაგ.: შემოსავლისა და გასავლის არასწორად განსაზღვრა, დეკლარაციაში დაფიქსირებულ ანგარიშზე თანხის ცდომილება, ფაქტობრივად უმოქმედო ანგარიშის მიუთითებლობა, ასევე წინა დეკლარაციით გასაჯაროებული სასესხო / საანაბრე ხელშეკრულების
მიმდინარე დეკლარირებისას გაუთვალისწინებლობა და სხვ.) არ შეიძლება უპირობოდ შეფასდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენად.
მოცემულ შეთხვევაში დეკლარანტის - ლევან მურუსიძის მიერ ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად, წარდგენილი მტკიცებულებებითა და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ახსნილი იქნა ის ფაქტი, რომ მონიტორინგს დაქვემდებარებულ დეკლარაციაში აღმოჩენილი უზუსტობებით კანონის მიზნის უგულვებელყოფა არ ხდებოდა.
1.3.3. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს მითითებული ნორმების მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 15 მარტის №61 დასკვნის საფუძველზე გამოცემული საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 15 მარტის №57/განკ განკარგულება.
1.3.4. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 281-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გაუქმება საქმის შეწყვეტით გამოიწვევს გადახდევინებული ფულადი თანხების, სასყიდლით ჩამორთმეული ან კონფისკაციაქმნილი საგნების დაბრუნებას, აგრეთვე ადრე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას, თუ საგნის დაბრუნება შეუძლებელია, ანაზღაურდება მათი ღირებულება.
სასამართლოს მოსაზრებით, ზემოხსენებული სამართლის ნორმისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და ბათილად ცნო ჯარიმის დაკისრების შესახებ სადავო განკარგულება, შესაბამისად, ლევან მურუსიძის მოთხოვნა აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, ჯარიმის სახით გადახდილი 1000 (ათასი) ლარის დაბრუნების თაობაზე ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 333-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ამასთან გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის იურიდიულად აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნტის მიხედვით, მისი გაუქმების საფუძველია.
აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გათვალისწინებით, რომ ის ეხება ადმინისტრაციული სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკისათვის მნიშვნელოვან საკითხს, კერძოდ, მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების ანუ ნორმის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრას. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში 2017 წლის 20 ნოემბერს წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ლევან მურუსიძის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ მოსარჩელეს ეცნობა კანონით დადგენილ ვადაში. შემოწმებას დაექვემდებარა ლევან მურუსიძის მიერ 2017 წლის 25 ივნისს წარდგენილი N104113 დეკლარაცია. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და მოსარჩელის 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ. მოსარჩელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას საფუძვლად დაედო: ა) მოსარჩელის მიერ დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითება, კერძოდ, დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის ფაქტად მიჩნეულ იქნა დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ” და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად ასახვა და ბ) მოსარჩელის მხრიდან ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობა.
აპელანტის განმარტებით, უტყუარად არის დადგენილი და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მოსარჩელის მხრიდან დეკლარაციის შევსებისას უზუსტო/არასრული ინფორმაციის მითითების ფაქტები, რასაც იზიარებს ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო, თუმცა სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც წარმოადგენს თანამდებობის პირის დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და შესაბამისად, მისი დაჯარიმების უპირობო საფუძველს, კერძოდ: „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასების ერთ-ერთი დამოუკიდებელი საფუძველია ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობა. დადგენილია, რომ ბიუროს უფროსის 2018 წლის 13 თებერვლის N21757 წერილის საფუძველზე, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ბიუროში არ იყო წარდგენილი მონიტორინგისთვის საჭირო სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტი (საკრედიტო საბანკო ანგარიში სს „საქართველოს ბანკში“, ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით - 9 700 GEL). მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელეს არ წარუდგენია შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რათა ბიუროს მისცემოდა შესაძლებლობა, შეემოწმებინა დეკლარაციაში არსებული ნაშთის სისწორე და სრულყოფილად განეხორციელებინა მონიტორინგის პროცესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებულად უნდა იქნას მიჩნეული, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, გადაწყვეტილება გამოტანილი აქვს ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ანალიზის გარეშე, შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა-შეფასების გარეშე, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა.
აპელანტი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისთვის მნიშვნელოვანია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასება. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს. ამასთან, მხარეები სრულიად თავისუფალნი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივა და ვალდებულებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (გადაწყვეტილება, საქმეზე: Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არამხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. მართალია, სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (გადაწყვეტილება, საქმეზე: Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამდენად, უნდა ითქვას, რომ გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ პასუხობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ძირითად მინიმალურ სტანდარტებს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს ბიუროს მიერ მითითებული გარემოების (რომელიც როგორც ზემოთ აღინიშნა დეკლარაციის უარყოფითად შეფასების დამოუკიდებელი და უპირობო საფუძველია) უარყოფის დასაბუთებას, შესაბამისად, იგი მიღებულია საქმის ერთ-ერთი არსებითი გარემოებისა და მოპასუხის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულების შეფასების გარეშე.
აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის საჯარო მმართველობის განხორციელების მნიშვნელოვანი ეტაპი, რამდენადაც მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისობა ადმინისტრაციული სამართლის ძირითად პრინციპებთან - კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორიბის, მიუკერძოებლობის და ა.შ. დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიღების წესების დაცვასთან. სამართლებრივ სახელმწიფოში ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა არის კანონით შებოჭილი და გადაწყვეტილების მიღების ფარგლებს ქმნის მისი უფლებამოსილების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი. იმისათვის, რომ საჯარო მმართველობის განხორციელების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დავადგინოთ ბოჭვის ხასიათი და ფარგლები, უნდა შეფასდეს გამოსაყენებელი ნორმის სტრუქტურა. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ კანონის ნორმები, რომელთაც კონდიციონალური ხასიათი (თუ ... მაშინ...) აქვთ და ნორმები, რომელთაც ფინალური შედეგის განმსაზღვრელი სტრუქტურა აქვთ. კონდიციონალური შინაარსის ნორმა ადგენს, რომ თუ კონკრეტული ფაქტი შეესაბამება ფაქტის ნორმატიულ აღწერას, დგება ნორმით განსაზღვრული კონკრეტული სამართლებრივი შედეგი. ნორმის სტრუქტურა არის „თუ.... - .მაშინ“ პრინციპით აგებული. ამის საპირისპიროდ, მოწესრიგების ფინალური შედეგის დამდგენი ხასიათის ნორმა განსაზღვრავს მოწესრიგების მიზანს, რომლის მიღწევაც არის ნორმის შემფარდებლის ვალდებულება, ხოლო სამართლებრივი - შედეგის დადგომასთან მიმართებით არ შეიცავს იმპერატიულ მოთხოვნას, არამედ მის გასაზღვრაში (დადგება თუ არა ეს შედეგი) ნორმის შემფარდებელს ანიჭებს თავისუფლებას. ამ ორი მოდელის შედარება გვიჩვენებს, რომ კონდიციონალური ხასიათის ნორმებში უფრო მაღალია გადაწყვეტილების მიმღების კანონით ბოჭვა, ვიდრე ფინალური შედეგის განმსაზღვრელ ნორმებში. მკაცრ კანონისმიერ ბოჭვასთან გვაქვს საქმე, როდესაც ნორმით განსაზღვრული ფაქტის ნორმატიული აღწერის და სამართლებრივი შედეგების ურთიერთმიმართების დადგენა მათემატიკურ-ლოგიკური მეთოდისათვის დამახასიათებელი სიზუსტით არის შესაძლებელი. ამის საპირისპიროდ, როდესაც კანონმდებელი, კანონის მიზნების მიღწევის ინტერესებიდან გამომდინარე, იყენებს ისეთ სამართლებრივ ინსტრუმენტებს, როგორიცაა განუსაზღვრელი ცნებები, შეფასების თავისუფალი სივრცე და დისკრეციული უფლებამოსილება, ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს გარკვეულ თავისუფლებას.
პირველ რიგში, უნდა შევამოწმოთ, განსახილველ დავაში რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. შესაძლებელია, კანონმდებელი საქმის ფაქტობრივი გარემოებების განსაზღვრისათვის იყენებდეს განუსაზღვრელ ცნებებს. კანონმდებელს ყოველთვის არ შეუძლია ყველა მომავალი სამართლებრივი ურთიერთობა ზუსტად ასახოს კანონის ნორმაში. ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნება და მოსალოდნელი ურთიერთობების თავისებურებები არ იძლევა ამის შესაძლებლობას. ამის გათვალისწინებით, კანონის ნორმას შეიძლება ახასიათებდეს გარკვეული აბსტრაქტულობა, რაც ნორმის შემფარდებელ ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს გარკვეულ თავისუფლებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას. არის თუ არა სახეზე ასეთი შემთხვევა, ეს უნდა შემოწმდეს კანონის ნორმაში გამოყენებული ტერმინებით. განსახილველი საკითხის მომწესრიგებელ საკანონმდებლო აქტში კანონმდებელი, ფაქტის ნორმატიულ აღწერაში, არ იყენებს ისეთ ზოგად ცნებებს, როგორიცაა მაგ., პირის სანდოობა, კეთილსინდისერება და ა.შ. რაც მოგვცემდა ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. ადმინისტრაციული ორგანოს კანონისადმი დაქვემდებარების ხარისხის განსაზღვრისათვის უნდა შემოწმდეს, ხომ არ აქვს მას მინიჭებული შეფასების თავისუფალი სივრცე. ასეთი თავისუფლება სახეზეა, როდესაც გადაწყვეტილება დაკავშირებულია განსაკუთრებულ საგნობრივ კომპეტენციაზე და ერთჯერად სიტუაციაზე, რომლის რეკონსტრუქცია შეუძლებელია. ჩვენ მიერ განსახილველ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება არ უკავშირდება შეფასების პროცესს (შემფასებლის თავისუფალ სივრცეს). ადმინისტრაციული ორგანოს კანონისადმი დაქვემდებარების ხარისხის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება.
აპელანტი მიუთითებს, რომ საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მოქმედების თავისუფალი სივრცე გვხვდება არა მარტო ფაქტის ნორმატიულ აღწერაში (განუსაზღვრელი ცნებები) არამედ სამართლებრივი შედეგის განსაზღვრის ნაწილშიც. დისკრეციული უფლებამოსილება არის კანონმდებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება თუ როგორი სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. დისკრეციული უფლებამოსილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა ფაქტისა და ნორმის სუბსუმციის შედეგად მიიღოს კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენ მიერ განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ კანონმდებელი არ ადგენს სამართლებრივი შედეგის ალტერნატივებს, არამედ განსაზღვრავს მხოლოდ ერთ შედეგს – ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ საქალაქო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ გვაქვს სახეზე განუსაზღვრელი ცნებები, შეფასების თავისუფალი სივრცე და დისკრეციული უფლებამოსილება, რაც შესაძლებელს გახდიდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით მინიჭებული თავისუფალი სივრცის არსებობის დადგენას და სასამართლოს მხრიდან მოხდებოდა მისი შემოწმება თუ რამდენად არის დაცული მისი გამოყენების ფარგლები. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ანალიზიდანაც ნათლად იკვეთება, რომ მოსამართლე არ უარყოფს ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების კონდიციონალურ ბუნებას. ეს დასკვნა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო - საჯარო სამსახურის ბიურო უნდა გამოვიყვანოთ საქმის ფაქტობრივი გარემოებების და ფაქტის ნორმატიული აღწერის სუბსუმციის შედეგად სამართლებრივი შედეგის ავტომატურად დამდგენის ანუ ტექნიკური სამუშაოს შემსრულებლის როლში. ადმინისტრაციული ორგანო არის ნორმის შემფარდებელი, რაც გარკვეულ შემოქმედებით პროცესს მოიცავს და მთელ რიგ კანონზომიერებებს ექვემდებარება. ნორმის შეფარდების პროცესი არ არის ერთჯერადი ხასიათის, არამედ ის განმეორებადი და შემოწმებადია. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი, მაშინაც კი, როდესაც, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, შეზღუდულია მოსამართლის მხრიდან საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში ჩარევა.
აპელანტის განმარტებით, ნორმის შეფარდების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გულისხმობს არგუმენტირებულ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. იმავდროულად, დასაბუთების მოცულობა და ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ადმინისტრაციული ორგანოს კანონისადმი დაქვემდებარების ხარისხი. იქ სადაც ნორმის კონდიციონალური სტრუქტურიდან გამომდინარე ნორმის შემფარდების მთავარი როლი სუბსუმციაში ვლინდება, უფრო ნაკლებია მოთხოვნა გადაწყვეტილების დასაბუთების მოცულობის სიღრმეებზე, ხოლო ფინალური შედეგის განმსაზღვრელ ნორმებში უფრო ფართოდ და სიღრმისეულად უნდა დასაბუთდეს, თუ რატომ იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული და არა სხვაგვარი. იმისათვის, რომ შევამოწმოთ საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან ხომ არ მოხდა შეცდომის დაშვება ნორმის შეფარდებაში, უნდა ვნახოთ დაცულია თუ არა გადაწყვეტილების მისაღებად გამოყენებელი დედუქციის მეთოდის ელემენტები. ამ მეთოდისათვის დამახასიათებელი პირველი ნაბიჯი, პრობლემის გადასაჭრელად საჭირო სათანადო ნორმის მოძიება მოსამართლის მხრიდან არ გამხდარა სადავო. აგრეთვე, მეორე ნაბიჯი - გამოყენებული ნორმის შინაარსის საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან სწორად განსაზღვრა არ დგას ეჭქვეშ. რაც შეეხება მესამე ეტაპს - სუბსუმციას, ეს, როგორც მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, ხდება მოსამართლის მხრიდან კრიტიკის საგანი. რამდენადაც მოსამართლე სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული ნორმების სწორად შერჩევის საკითხს და მათი შინაარსის სწორად გაგებას, არამედ - სამართლებრივი შედეგის კანონის მიზნებთან მიმართებას, ამდენად, განსახილველი დავის არსს ქმნის შეცდომა სუბსუმციაში.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ მოსამართლე არ იყენებს სუბსუმციაში შეცდომის შემოწმებისათვის სათანადო მეთოდს. როდესაც მოსამართლე საეჭვოდ ხდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის კონდიციონალური ნორმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას კანონის მიზნის სწორად განსაზღვრის საფუძვლით, გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა შეიცავდეს ანალიზს გადაწყვეტილების თანასწორობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების (განჭვრეტადობის) პრინციპებთან შესაბამისობის შესახებ.
ადმინისტრაციული სამართლისათვის მნიშვნელოვანი კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის და აქედან გამომდინარე, ერთგვაროვანი ადმინისტრაციული პრაქტიკის ჩამოყალიბების პრინციპი ითხოვს, რომ გადაწყვეტილებაში უნდა იკვეთებოდეს გადაწყვეტილების მიღების ძირითადი კრიტერიუმები, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა დაგვედგინა, შემდგომ სხვა ერთგვაროვან შემთხვევებთან მიმართებით დადგებოდა თუ არა იგივე შედეგი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს კონდიციონალურ ნორმებში სადაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს დისკრეციული უფლებამოსილება. გადაწყვეტილებაში ი ნათლად უნდა გამოჩნდეს, თუ რითი არის დასაბუთებული ნორმით დადგენილი სამართლებრივი შედეგისაგან (ჯარიმის დადგენისაგან) გადახვევა. ფაქტისა და ფაქტის ნორმატიული აღწერის თანხვედრა რატომ არ გახდა ნორმით დადგენილი სამართლებრივი შედეგის - გამოვლენილი დარღვევის უკანონოდ მიჩნევის საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა იძლეოდეს თვითნებურ გადაწყვეტილებად შეფასების საფუძველს, რაც მმართველობითი ღონისძიების სხვა ადრესატებში დატოვებდა უთანასწორობის და მიკერძოებულობის შეგრძნებას. როგორც სასამართლო განმარტავს, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარმოადგენს კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს, დეკლარაციის შევსება მიზნად ისახავს კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და პრევენციას, ასევე, საზოგადოების ნდობის ამაღლებას თანამდებობის პირთა საქმიანობის მიმართ. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისრულის და სიზუსტის შემოწმებაც (მონიტორინგი) ემსახურება ზემოაღნიშნულ მიზანს, რაც განსაზღვრულია კიდეც საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია. მოსამართლე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიიჩნევს, რომ მონიტორინგისას დეკლარაციაში აღმოჩენილი არასრული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ფაქტი დეკლარაციის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ კანონმდებლის ძირითადი მიზნის შეუსრულებლობისას და არა უპირობოდ, ყველა ფორმალური ხასიათის ხარვეზების დადგენის შემთხვევაში, თუმცა, მოსამართლე არ აანალიზებს კანონის მიზნების არგუმენტით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების საფრთხეებს, ის არ საუბრობს იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ მისი ეს კანონის მიზნებით“ ნაკარნახევი კანონისგან გადახვევა არ გახდეს უკანონო გადაწყვეტილებად შეფასების საფუძველი.
აპელანტის განმარტებით, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი არის ის ბარიერი, რომელიც ზღუდავს ადმინისტრაციულ ორგანოს კანონის მიზნებზე აპელირებით მიიღოს კანონის ნორმით იმპერატიულად დადგენილი სამართლებრივი შედეგისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება, თუ კი გადაწყვეტილებაში არ იკვეთება ერთგვაროვანი მიდგომა, რაც სხვა შემთხვევებზეც შეიძლებოდა გავრცელებულიყო. მოსამართლეს უნდა ემსჯელა, არის კი, შესაძლებელი დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ” და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად ასახვა და ასევე მოსარჩელის მხრიდან ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობად შეფასდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც მასზე რეაგირება წინააღმდეგობაში არ მოვა კანონის მიზნებთან და იმავდროულად, ეს იქნებოდა არა ერთჯერადი გამონაკლისი, არამედ ზოგადი, მრავალჯერადი გამოყენების წესი.
აპელანტის განმარტებით, სამართლებრივი უსაფრთხოების (განჭვრეტადობის) პრინციპი მოითხოვს, რომ შეცნობადი იყოს, რომელი ფაქტობრივი გარემოებები გახდა საკმარისი სამართლებრივი შედეგის დასადგენად. მმართველობის ღონისძიების ადრესატს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად განსაზღვროს ქცევის ის მოდელი, რომელიც კონფლიქტში არ მოვა კანონთან. სასამართლოს გადაწყვეტილება არ გვთავაზობს იმ კრიტერიუმებს, რომელიც დააკმაყოფილებდა განჭვრეტადობის პრინციპს და შესაძლებელს გახდიდა გამოვლენილი უსწორობა უსწორობის იმგვარ ფორმად მიჩნეულიყო, რომელიც არ გახდებოდა სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველი. თუკი მოსამართლის მოსაზრება, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ” და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად ასახვა და ასევე მოსარჩელის მხრიდან ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობა არის ის შემთხვევა, როდესაც არ უნდა ჩაითვალოს სახეზე დარღვევა კანონის მიზნებიდან გამომდინარე, გაზიარებული იქნება პირდაპირ, ყოველგვარი შემდგომი შეზღუდვის (დაზუსტების) გარეშე, ეს იქნებოდა კანონის მიზნების წინააღმდეგ წასვლა. ამდენად, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შესთავაზოს გადაწყვეტილების მიღების ობიექტური კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში არ იქნებოდა სახეზე სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის დარღვევა ასეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. სასამართლო გადაწყვეტილებაში მოცემულია მოსამართლის სუბიექტური გადაწყვეტილება, რომელსაც არ ახლავს გადაწყვეტილების მიღების ობიექტური ფორმულა, რაც შესაძლებელს გახდიდა მის განზოგადებას და გამოყენებას ადმინისტრაციული ორგანოს ერთგვაროვან პრაქტიკაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ნორმის განმარტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსამართლე „კანონმდებლის მიზანს და განზრახულობას“ მიიჩნევს ნორმის სუბსუმციაში შეცდომის შემოწმების კრიტერიუმად.
აპელანტი მიუთითებს, რომ საჯარო სამსახურის ბიურო არის ქვეყანაში მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ცენტრალური საჯარო დაწესებულება. საჯარო სამსახურის რეფორმა ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით. საქართველოს მთავრობის ინიციატივით კანონმდებლის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებები ეფუძნება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებულ ანალიზს, რომლის მიზანია ქვეყანაში არსებული აქტუალური გამოწვევის - საჯარო სამსახურის გამჭვირვალობის და საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი მექანიზმების შემუშავება. ღია მმართველობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ შექმნას ქმედითი სამართლებრივი მექანიზმები თანამდებობის პირების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების და კორუფციის რისკების თავიდან აცილების პრევენციისთვის. კანონმდებლის ნება და განზრახულობა, პირველ როგში, ვლინდება იმაში, რომ კანონმდებელმა ნორმა ჩამოაყალიბა კონდიციონალურად და ადმინისტრაციულ ორგანოს - საჯარო სამსახურის ბიუროს, როგორც ამ ნორმის აღსრულებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს არ მისცა დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივი შედეგის განსაზღვრაში. კანონში ამ ცვლილებების შეტანის დასაბუთებაში ნათლად ჩანს, თუ რატომ გახდა ასეთი მკაცრი ადმინისტრაციული ინსტრუმენტების შემოტანა საჭირო. სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებში მუდმივად ისმის კრიტიკა თანამდებობის პირების ფინანსურ შემოსავლებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. კანონში ცვლილებების შეტანამდე, როდესაც არ ხდებოდა დეკლარაციებში შეტანილი ინფორმაციის მონიტორინგი, თანამდებობის პირები ზერელედ ეკიდებოდნენ ამ მოთხოვნას და არასრულად ან შეცდომით ავსებდნენ დეკლარაციებს, რაც უკმაყოფილებას იწვევდა საზოგადოებაში, რამდენადაც მათი მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდებოდა საზოგადოებრივი კონტროლი. მეორე მხრივ, ეს შეუძლებელს ხდიდა ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის სამართალდარღვევათა გამოვლენას და პრევენციას. კანონმდებლის მიდგომა, იმპერატიულად ჩამოეყალიბებინა ფაქტის ნორმატიული აღწერა და სამართლებრივი შედეგი, ემსახურება იმის პრევენციას, რომ თანამდებობის პირები მეტი გულისყურით მოეკიდონ ამ ვალდებულების შესრულებას, უშეცდომოდ და სრულყოფილად ასახონ მონაცემები დეკლარაციაში. მკაცრი სანქციის პრევენციული და აღმზრდელობითი მიზანი არ არის უცხო სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოების სამართლის სისტემებისათვის, მითუფრო, ტრანსფორმაციის ქვეყებისათვის, განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდში, როდესაც ხდება ახალი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბება. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რეფორმა დადებითად იქნა შეფასებული ევროპელი ექსპერეტების დასკვნებშიც. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფო სამსახური და საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მექანიზმების დანერგვის მიზნით, აუცილებელი გახდა პასუხისმგებლობის ქმედითი (პრევენციული) ზომის დადგენა, რაც თანამდებობის პირებს უბიძგებდა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიდგომოდნენ დეკლარაციის შევსების საკითხს. კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოს და აძლევს მას თავისუფლებას მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ამ იმპერატიული ნორმიდან გადახვევას დაასაბუთებს კანონის მიზნებზე დაყრდნობით, ისე, რომ კონფლიქტში არ მოვა თანასწორობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან.
აპელანტის განმარტებით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში გვაქვს თუ არა შეცდომა სუბსუმციაში, უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმის გამოყენებით: ა) დარღვევა ხომ არ არის ტექნიკური, მექანიკური (ფორმალური) ხასიათის მატარებელი; ბ) წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უსწორობა უსწორობის იმგვარ ფორმას, რომლის არსებობაც საფრთხეს უქმნის კორუფციული სამართალდარღვევის გამოვლენას და პრევენციას; გ) წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უსწორობა უსწორობის იმგვარ ფორმას, რომლის არსებობაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას თანამდებობის პირის საქმიანობის მიმართ.
ის გარემოება, რომ საჯარო სამსახურის ბიურო საკუთარ უფლებამოსილებას არ აღიქვამს როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების და ფაქტის ნორმატიული აღწერის ავტომატური სუბსუმციის ტექნიკური სამუშაო შემსრულებლად, ნათლად ჩანს ბიუროს ერთგვაროვანი პრაქტიკის ანალიზში. ტექნიკური და მექანიკური ხასიათის მატარებელი დარღვევების შემთხვევაში ბიუროს მიერ ადექვატური გადაწყვეტილების მიღების დამადასტურებლია რამოდენიმე შემთხვევა: 1) საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 27 სექტემბრის N144 დასკვნის შესაბამისად, დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში მითითებულია სახელფასო ანგარიში ნულოვანი ბალანსით, ხოლო წარმოდგენილ საბანკო დოკუმენტაციაში ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები. დეკლარაციის შევსების დღეს დეკლარანტს სს „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე გააჩნდა 2,94 ლარი, აღნიშნულ ნაწილში დარღვევა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიჩნეული იქნა გამოთვლით/ტექნიკურ შეცდომად; 2) საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 18 აგვისტოს N86 დასკვნით დასტურდება, რომ წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში დეკლარანტს მითითებული აქვს დეკლარაციის შევსების დღეს სს „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე არსებული ნაშთი 85 ლარი, ხოლო წარდგენილი სს „ლიბერთი ბანკის“ საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება განსხვავებული ინფორმაცია, საბანკო ანგარიშზე განთავსებული იყო 2,18 ლარი, აღნიშნული შეუსაბამობა ჩაითვალა ტექნიკურ უზუსტობად. არაერთი ასეთი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს შემუშავებული აქვს ერთგვაროვანი მიდგომა, როდესაც ამ საფუძვლით სამართლებრივი შედეგის (ჯარიმის) განსაზღვრაზე უარის თქმას აფუძნებს კანონის მიზნებს და იმავდროულად ითვალისწინებს თანასწორობისა და განჭვრეტადობის პრინციპების მოთხოვნებს. გადაწყვეტილებას ამ საფუძვლით არ აქვს ერთჯერადი ხასიათი, არამედ ის არის განზოგადებადი, შესაძლებელია ასეთი შედეგის განჭვრეტა და სხვა სუბიექტებში არ ტოვებს უთანასწორობის შეგრძნებას.
აპელანტის მოსაზრებით, გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობს მოსამართლე, როდესაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ” და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად ასახვა და ასევე მოსარჩელის მხრიდან ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობა არ მიაჩნია არსებით დარღვევად და ვერ ხედავს კანონის მიზნებთან შეუსაბამობას. იმისათვის, რომ ასეთი ფაქტის არსებობა არ იქნას მიჩნეული ფაქტის ნორმატიული აღწერის შესაბამისად და უარი ითქვას კანონმდებლის მიერ დაგენილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრაზე, უნდა გვქონდეს ისეთი საფუძვლები რაც გაამართლებს ასეთ გადახვევას და გადაწყვეტილება იქნება თანასწორობისა და განჭვრეტადობის პრინციპის დაცვით მიღებული. სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის ასეთი კრიტერიუმები მოცემული.
აპელანტის განმარტებით, კანონი თანამდებობის პირებს უყენებს განსხვავებულ მოთხოვნებს. როდესაც ისინი, როგორც კანონის დაცვის და აღსრულების სადარაჯოზე მდგომნი, მოქალაქეებისგან მოითხოვენ კანონის დაცვას და ზედმიწევნით შესრულებას, თავად უნდა იძლეოდნენ ამის სანიმუშო მაგალითს. თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი არიან ხალხის სამსახურში და ანგარიშს უნდა აბარებდნენ ხალხს, როგორც ხელისუფლების წყაროს. თანამდებობის პირების მიმართ საზოგადოებაში მაშინ არის ნდობა, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ ისინი ანგარიშვალდებულად გრძნობენ თავს ხალხის წინაშე და მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ანგარიშის ფორმის - დეკლარაციის შევსებას. მაშინ, როდესაც კანონმდებელი არსებული პრობლემის გათვალისწინებით, მაღალი ჯარიმის დადგენით ცდილობს შექმნას პრევენციული მექანიზმი, რომელიც უბიძგებს თანამდებობის პირებს მეტი პასუხისმგებლობის გრძნობით მიუდგნენ საკითხს, ადმინისტრაციულმა ორგანომ კონკრეტული დარღვევა რომ არ მიიჩნიოს არსებით დარღვევად და ეს გაამართლოს კანონის მიზნებით, მას სჭირდება ისეთი კრიტერიუმები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გვთავაზობს ასეთ კრიტერიუმებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის განმარტება უნდა ემყარებოდეს ობიექტურობის და ერთიანობის პრინციპებს, თუმცა თავად არ ახდენს იმის განმარტებას (დემონსტრირებას) თუ რა პროცედურების და ელემენტების გამოყენებით მივიდა ის სამართლებრივ შედეგამდე. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდიდა მის გამოყენებას ადმინისტრაციული ორგანოს პრაქტიკაში. ამის სანაცვლოდ, გადაწყვეტილებაში მოცემულია მოსამართლის სუბიექტური გადაწყვეტილება ობიექტური კრიტერიუმების შემცვლელი დასაბუთების გარეშე. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება გადაწყვეტილების მიღების სტანდარტს. გადაწყვეტილებაში არ არის ჩამოყალიბებული ნორმის შეფარდების რომელი კრიტერიუმი არ არის დაცული საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან, თუ რაში მდგომარეობს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების თავისუფალი სივრცე და რა სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიმღებს. მოსამართლე გვთავაზობს სუბიექტურ გადაწყვეტილებას ყოველგვარი ობიექტური კრიტერიუმების გარეშე, რაც კანონის მიღების მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელს გახდიდა მის გამოყენებას ადმინისტრაციული ორგანოს ერთგვაროვან პრაქტიკაში. საჯარო სამსახურის ბიუროს შეფასების ფარგებშიც კი კარგად ჩანს ის სტანდარტი, რომელსაც ეყრდნობა საჯარო სამსახურის ბიუროს გადაწყვეტილება. ის შესაბამისობაშია და გამომდინარეობს თანასწორობისა და განჭვრეტადობის პრინციპებთან და იძლევა ადმინისტრაციული პრაქტიკისათვის მნიშვნელოვანი ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. საჯარო სამსახურის ბიურო იმ შემთხვევაში ამბობს უარს პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე, როდესაც ერთმანეთს არ უპირისპირდება კანონის მიზნები და თანასწორობა-განჭვრეტადობის პრინციპები.
აპელანტი მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრამდე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს აღნიშნული აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს არ შეუმოწმებია გასაჩივრებული განკარგულების მართლზომიერების მატერიალური საფუძვლები, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, ბიუროს მიაჩნია, რომ მოსამართლემ არასწორად განმარტა კანონი. ნორმის განმარტებისას იგი გასცდა კანონის ფარგლებს, რითაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების გამიჯვნის პრინციპთან, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლში. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს არ გააჩნია კანონშემოქმედებითი ფუნქცია, სასამართლო განმარტავს სამართლის ნორმებს, მაგრამ არ ქმნის მათ, მართლმსაჯულება შებოჭილია კანონით. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია ძირითადად შემოფარგლულია მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო ნორმების აღწერით, ისე რომ მასში ასახული არ არის ან/და არასწორად არის ასახული სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლო აქტის დასაბუთებულობა გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და შესაბამის სამართლებრივ კვალიფიკაციას, რაც თვითნებური, მიკერძოებული და არაზუსტი გადაწყვეტილებების თავიდან აცილების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. გადაწყვეტილებაში მითითებული ამგვარი ზოგადი ხასიათის შეფასებებით, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამოვლენილი დარღვევების შინაარსობრივ და მათ ინდივიდუალურ სიღრმისეულ კვლევასთან, შეუძლებელია დადგინდეს იმ გზის სისწორე, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე მივიდა ამ გადაწყვეტამდე. მოსამართლის მსჯელობის შედეგად, შეუძლებელია განვსაზღვროთ, კონკრეტულად რა სამართლებრივ საფუძლებზე, რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობითა და შეფასებებით მიიჩნია მოსამართლემ დეკლარაციაში არსებული დარღვევები იმგვარი ხასიათის დარღვევებად, რომლებიც არ ქმნიდა ამავე დეკლარაციის უარყოფითად შეფასების საფუძვლებს. სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება, გადაწყვეტილებაში გადმოსცეს დასაბუთება, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მართლმსაჯულების განხორციელების არსი სწორედაც, რომ სადავო გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით საჩივრის ფარგლებში შემოწმებისა და ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას გულისხმობს.
აპელანტი მიიჩნევს, რომ დეკლარაციაში მითითებული დარღვევები, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის დეკლარაციის შევსების მიზნებთან, რომლებიც მდგომარეობს თითოეული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების საჯაროობის უზრუნველყოფაში, რომელიც მიიღწევა მხოლოდ თანამდებობის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, დეკლარაციის შევსებისა და წარმოდგენის პირობებში. ამდენად, ბიუროს მიაჩნია, რომ თანამდებობის პირის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში კანონმდებლობასთან შეუსაბამობის ფაქტის გამოვლენა, რომელიც თავისი ხასიათით არ განეკუთვნება ტექნიკურ ცდომილებას, პირდაპირ ზიანს აყენებს დეკლარაციის შევსების მიზანს და შესაბამისად, იმ საჯარო ინტერესს, რომელიც გამოიხატება საზოგადოების თითოეული წევრისათვის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის აუცილებლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს ადგენს ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონი. აღნიშნული კანონის 14.2 მუხლის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია, თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. კანონის მე-15 მუხლი მიუთითებს ინფორმაციაზე, რომელსაც უნდა შეიცავდეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, კერძოდ, მე-15 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ ინფორმაციად მიჩნეულია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, - ანგარიშის ან/და შენატანის განმკარგავი პირის ვინაობა, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულების დასახელება, ანგარიშის ან/და შენატანის სახეობა, ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი (კრედიტი ან დებეტი). ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს საანგარიშო პერიოდში პირის, მისი ოჯახის წევრის ნებისმიერ შემოსავალს, ან/და გასავალს, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1 500 ლარს, ამ მუხლში აღნიშნული სხვა შემოსავალის ან/და გასავალის გარდა – პირის, მისი ოჯახის წევრის, ვისაც ჰქონდა შემოსავალი ან/და გასავალი, შემოსავლის ან/და გასავლის სახეობას, შემოსავლის ან/და გასავლის ოდენობას (ღირებულებას).
ზემოაღნიშნული კანონის 181.2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დასაბუთებული წერილობითი განცხადება, ხოლო 181.9 მუხლის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად, ბიუროს მიერ მისაღებ ერთ-ერთ შესაძლო გადაწყვეტილებას წარმოადგენს გადაწყვეტილება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. 181.12 მუხლის თანახმად კი, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 20.11 მუხლის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებულ ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციაზე’’, რომლითაც დადგენილია სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის განხორციელების წესი და პროცედურა. აღნიშნული “ინსტრუქციის” თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის განხორციელების საფუძველია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით ბიუროსთვის მინიჭებული უფლებამოსილება - უზრუნველყოს დეკლარაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი, ხოლო დეკლარაციის მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია (მე-2 მუხ.). მითითებული “ინსტრუქციის” სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 20.4 მუხლის თანახმად, მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, ბიუროს უფროსი/შესაბამისი უფლებამოსილი პირი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. 20.5 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენისას. ამავე რედაქციის ინსტრუქციის 20.6 მუხლის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გარდა ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თანამდებობის პირი ჯარიმდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რის შესახებაც ბიუროს უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - განკარგულებას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 20.11.2017წ. განცხადების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა ლევან მურუსიძის მიერ 25.06.2017წ. წარდგენილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლევან მურუსიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ლევან მურუსიძის 1000 (ათასი) ლარით დაჯარიმების შესახებ. დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას საფუძვლად დაედო დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითება, კერძოდ, არასრულად და არასწორად მითითებულ მონაცემად ჩაითვალა ლევან მურუსიძის მიერ დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად ასახვა, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის, დოკუმენტაციის წარუდგენლობა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი წინაპირობაა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ კანონით დადგენილი წესით მონიტორინგის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასება უნდა გამოიწვიოს ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობამ ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენამ („საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181.12 მუხლი; საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული “შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ 20.5 მუხლი(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია)). ამასთანავე, პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია, შეფასდეს, არსებითად ეწინააღმდეგება თუ არა პირის ქმედება კანონით დაცულ სიკეთეს - საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის გამჭირვალობის, კორუფციული სამართალდარღვევისა თუ დანაშაულის აღმოფხვრისა და პრევენციის კანონისმიერ მიზანს. ამდენად, ნორმა, რომელიც დეკლარაციის უარყოფიდად შეფასების კრიტერიუმებს ადგენს (,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტი) უნდა განიმარტოს სწორედ მითითებული პრინციპების დაცვით, რამდენადაც, აღნიშნული ნორმის ფართო ინტერპრეტაცია, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის მითითებად ნებისმიერი სახის უზუსტობის მოაზრება და დეკლარაციის უარყოფითად შეფასება, არათუ სცილდება კანონის მიზანს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის მასთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილი ინფორმაციის ნაწილის სათანადოდ მიჩნევისა და სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმაში საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების პირობებში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო პრეტენზიას აღარ აცხადებს წარმოების დაწყების მომენტისათვის არსებულ ყველა შესაძლო დარღვევაზე, მათ შორის, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევაზე. აღნიშნული გულისხმობს თანამდებობის პირის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საბანკო ანგარიშიდან გასავალის დაუფიქსირებლობას, რომლის ოდენობაც, თითოეულ შემთხვევაში 1500 ლარს აღემატება. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31.9 მუხლის თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის შინაარსი მოსარჩელის სასარგებლოდ ჩამოყალიბდა, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“კანონის მე-15 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის 2019 წლის 4 აპრილიდან მოქმედი რედაქცია ამსუბუქებს მოსარჩელის მდგომარეობას - თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების გასავალთან დაკავშირებული ინფორმაციის მითითების აუცილებლობა დადგინდა იმ შემთხვევაში, როდესაც გასავალის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 5 000 ლარს. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მითითებული ფაქტობრივი საფუძვლით მოსარჩელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მართებულობაზე მსჯელობის აუცილებლობა არ არსებობს.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, აპელანტის მოსაზრებით, მართალია, საბანკო ანგარიშიდან გასავალთან დაკავშირებული ინფორმაციის დეკლარაციაში მიუთითებლობა, დღეს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, გასავალის თითოეული შემთხვევის ოდენობის გათვალისწინებით, მოსარჩელესთან მიმართებაში აღარ წარმოშობს პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, თუმცა მოსარჩელეს მაინც უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ინფორმაციის წარუდგენლობისათვის, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181.12 მუხლის საფუძველზე. აპელანტი ამგვარი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დავალების მიუხედავად, მოსარჩელემ საბანკო ანგარიშის ამონაწერი არ წარადგინა დეკლარაციის შევსების დღის (2017 წლის 25 ივნისი) მდგომარეობით, რის გამოც, ბიურომ ვერ მოახდინა დეკლარაციაში ამავე ანგარიშზე არსებული ნაშთის სისწორის შემოწმება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელის სანქცირების საფუძვლად მიჩნეულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი, კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარუდგენლობა, უნდა დადგინდეს, ეცნობა თუ არა მოსარჩელეს კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესახებ და ჰქონდა თუ არა ადგილი მისი მხრიდან დავალებული ინფორმაციის წარუდგენლობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით, სადავო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ლევან მურუსიძეს ეცნობა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 20.12.2017წ. №გ9724 წერილით. ამავე წერილით ლევან მურუსიძეს ეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში, მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის წარდგენა. აღნიშნული წერილის პასუხად, ლევან მურუსიძემ 08.01.2018წ. მიმართა სსიპ საჯარო სამსახურს და წარადგინა დოკუმენტები, რომლებსაც მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაციის შემცველად მიიჩნევდა. 24.01.2018წ. №964 წერილით სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ ლევან მურუსიძეს აცნობა, რომ შემოწმების შედეგად დეკლარირებულ და საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში არსებულ მონაცემებს, ასევე მხარის მიერ წარდგენილ საბანკო ინფორმაციას შორის გამოვლინდა შეუსაბამობები. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, 30.01.2018წ. ლევან მურუსიძემ წერილობითი განმარტება წარადგინა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 13.02.2018წ. №გ1757 წერილით ლევან მურუსიძეს ეცნობა, რომ დეკლარირებულ და მის მიერ წარდგენილ საბანკო ინფორმაციას შორის დამატებით გამოვლინდა შეუსაბამობები, კერძოდ, საბანკო დოკუმენტაციის მიხედვით, სს ,,საქართველოს ბანკის" საბანკო ანგარიშიდან ფიქსირდება გასავალი, რომლის ოდენობა, თითოეულ შემთხვევაში, აღემატება 1500 ლარს, რაც დეკლარაციაში არ არის ასახული. ასევე, ბიუროში არ არის წარდგენილი მითითებული საბანკო ანგარიშის დეკლარაციის შევსების დღის (2017 წლის 25 ივნისი) ამონაწერი, რის გამოც, ბიუროს მიერ ვერ მოხერხდა დეკლარაციაში ამავე ანგარიშზე არსებული ნაშთის სისწორის შემოწმება. აღნიშნული წერილის პასუხად, 20.02.2018წ. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში ლევან მურუსიძემ წარადგინა წერილობით ახსნა-განმარტება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ დეკლარაციის შევსების დროს მიმართა სს ,,საქართველოს ბანკს" და მოითხოვა ინფორმაცია წლის განმავლობაში მისი საკრედიტო ბარათის ანგარიშიდან არსებული ხარჯის (გასავალის) თაობაზე. სს "საქართველოს ბანკიდან" ეცნობა, რომ აღნიშნული თანხა ჯამში შეადგენდა 39 713 ლარს და 12 თეთრს, რომლის თაობაზეც მიუთითა მთლიანად დეკლარაციის მე-10 გვერდზე, შესაბამისად, თითოეული ხარჯი ცალ-ცალკე აღარ დაუფიქსირებია.
სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული წერილების შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, შესაბამისი დავალებების შემცველი წერილების პასუხად, მოსარჩელემ წარადგინა მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია, საანგარიშო პერიოდის გათვალისწინებით, საბანკო ანგარიშებიდან არსებული ხარჯის (გასავალის) თაობაზე. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო აუცილებლად მიიჩნევდა შესაბამისი ინფორმაციის სხვაგვარი ფორმით წარდგენას (საბანკო ანგარიშიდან გასავალის თითოეული შემთხვევის ასახვას, ხარჯის ცალ-ცალკე დაფიქსირებას), საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის სასურველი ფორმით ინფორმაციის წარდგენის თაობაზე მოსარჩელე სათანადოდ ინფორმირებული არ ყოფილა, ამ პირობებში, პალატის მოსაზრებით, ადრესატის მიერ არჩეული ინფორმაციის მიწოდების ფორმა (საანგარიშო პერიოდში გასავალი თანხის ოდენობის მითითება ჯამურად) არ უნდა მიჩნეულიყო დარღვევად და შესაბამისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძვლად.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო მოსარჩელის სანქცირების ფაქტობრივ საფუძვლად მიიჩნევს ასევე მოსარჩელის სახელზე სახელფასო საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით ბანკში დაფიქსირებულ მონაცემებსა და მოსარჩელის მიერ სახელფასო საბანკო ანგარიშების შესახებ დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების ურთიერთშეუსაბამობას, კერძოდ, მოსარჩელის სახელზე, სს ,,თიბისი ბანკში“ ფიქსირდება სახელფასო საბანკო ანგარიში, ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით - 8000.00 ლარი, ხოლო ლევან მურუსიძის მიერ წარდგენილი საბანკო ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ანგარიშზე ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით შეადგენდა 2 741.03 ლარს. ასევე დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძის სახელზე ფიქსირდება სახელფასო საბანკო ანგარიში სს „საქართველოს ბანკში“ - ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით - 9 700.00 ლარი, ხოლო ლევან მურუსიძის მიერ წარდგენილი საბანკო ინფორმაციის მიხედვით აღნიშნულ ანგარიშზე ნაშთი დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით შეადგენდა - 4 801.43 ლარს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება მიზნად ისახავს კორუფცულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და პრევენციას, საზოგადოების ნდობის ამაღლებას თანამდებობის პირთა საქმიანობის მიმართ. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, დეკლარაციაში შესაძლო არასრული ან არასწორი მონაცემის გამოვლენის პროცესში, მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაადგინოს გამოვლენილი უზუსტობის ხასიათი და დააზუსტოს, არის თუ არა სახეზე იმგვარი უსწორობის ფორმა, რომლის არსებობაც საფრთხეს უქმნის კორუფციული სამართალდარღვევის გამოვლენას და პრევენციას, ასევე, საზოგადოების ნდობას თანამდებობის პირის საქმიანობის მიმართ. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181.12 მუხლის ფართო ინპერპრეტაცია და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის მითითებად ნებისმიერი სახის უზუსტობის მოაზრება, არათუ სცილდება კანონის მიზანს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის მასთან.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული შეუსაბამობის შესახებ ლევან მურუსიძეს ეცნობა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 24.01.2018წ. №964 წერილით, რომლის პასუხად, 30.01.2018წ. ლევან მურუსიძემ ადმინისტრაციულ ოგანოში წარადგინა წერილობითი განმარტება. სახელფასო და საკრედიტო ბარათებზე არსებულ ნაშთებს შორის შეუსაბამობასთან დაკავშირებით ლევან მურუსიძემ მიუთითა, რომ დეკლარაცია ივსება ერთი თვის განმავლობაში, რა დროსაც ბარათებზე მუდმივად ხდებოდა მათზე არსებული ნაშთების ცვლილება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ყველა ხარჯი, მათ შორის საკრედიტო ბარათით განხორციელებული, ასახულია დეკლარაციაში, ამის დასტურია ის, რომ 2016 წელს ,,საქართველოს ბანკთან'' გაფორმებული საკრედიტო ბარათი მითითებული აქვს დეკლარაციის მე-5 გვერდზე, ხოლო აღნიშნული ბარათით წლის განმავლობაში გაწერილი გასავალი (ხარჯი) ასახულია დეკლარაციის მე-10 გვერდზე.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შეთხვევაში, დეკლარანტმა ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად, წარდგენილი მტკიცებულებებით და მიწოდებული ინფორმაციით ახსნა ფაქტი, რომ მონიტორინგს დაქვემდებარებულ დეკლარაციაში აღმოჩენილი უზუსტობებით კანონის მიზნის უგულველყოფა არ ხდებოდა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სს „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაში, დეკლარანტის მიერ დაფიქსირებული სახელფასო ანგარიში ბევრად აღემატება რეალურად არსებულს (4 801.43 ლარის ნაცვლად, მითითებულ იქნა 9 700.00 ლარი), რაც ბუნებრივია, გამორიცხავს დეკლარაციის შემვსები პირის განზრახვას, არასწორი ინფორმაციის მიწოდებით შეცდომაში შეიყვანოს მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო. სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მონიტორინგისას დეკლარაციაში აღმოჩენილი არასარული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ფაქტი დეკლარაციის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას იძლევა კანონდებლის ძირითადი მიზნის შეუსრულებლობისას და არა უპირობოდ, ყოველი ხარვეზის დადგენის შემთხვევაში. მიუხედავად თანამდებობის პირის მიერ კეთილსინდისიერად, კანონის მიზნების შესასრულებლად დეკლარირებისა, შესაძლოა, მაინც თავიდან ვერ იქნეს აცილებული ინფორმაციის ისეთი უსრულობა ან/და მიუთითებლობის ფაქტი, რომელიც კორუფციასა და საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოფხვრის ძირითადი მიზნის შესრულებას ხელს არ უშლის. ამდენად, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისას მონაცემების უზუსტოდ დიფერენცირება ან რაიმე მონაცემის მიუთითებლობა (მაგ.: შემოსავლისა და გასავლის არასწორად განსაზღვრა, დეკლარაციაში დაფიქსირებულ ანგარიშზე თანხის ცდომილება, ფაქტობრივად უმოქმედო ანგარიშის მიუთითებლობა, ასევე წინა დეკლარაციით გასაჯაროებული სასესხო/საანაბრე ხელშეკრულების მიმდინარე დეკლარირებისას გაუთვალისწინებლობა და სხვ.) არ შეიძლება უპირობოდ შეფასდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 15 მარტის №61 დასკვნის საფუძველზე გამოცემული საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 15 მარტის №57/განკ განკარგულება.
3.2.2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გაუქმება საქმის შეწყვეტით გამოიწვევს გადახდევინებული ფულადი თანხების, სასყიდლით ჩამორთმეული ან კონფისკაციაქმნილი საგნების დაბრუნებას, აგრეთვე ადრე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას, თუ საგნის დაბრუნება შეუძლებელია, ანაზღაურდება მათი ღირებულება.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი ჯარიმის დაკისრების შესახებ სადავო განკარგულება, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, ჯარიმის სახით გადახდილი 1000 (ათასი) ლარის დაბრუნების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: მირანდა ერემაძე
მოსამართლეები: თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე