განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
330210017001884905
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2ბ/6985-17 20 ნოემბერი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ლ---- გვარამია

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი, გელა ქირია

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი – მ-----–------–------–---–--------–--------–--–----------------–-;

წარმომადგენელი – ე-–---------–--–---–-;

მოწინააღმდეგე მხარეები – გ---–----–---------------------------;

წარმომადგენელი – რ----–----------–---;

დავის საგანი _ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გარიგების დადებულად აღიარება და შეწყვეტა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა და აღრიცხვა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელისა დაკმაყოფილება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ-----–- ფ--–------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მ----------–--------------------------------------------------------------------------------------- ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე ირიცხებოდა მ-----–- ფ--–------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 17)

 

2.2. დადგენილია, რომ მ-----–- ფ--–------–---–ი არის საპენსიო პაკეტის N11-25-38916 მიმღები პირი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობა (ტ.1, ს.ფ 33)

 

2.4. მ-----–- ფ--–------–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და იგი საარსებო შემწეობას იღებდა 01/08/2005 წლიდან 01/11/2008 წლამდე და 01/05/2011 წლიდან 01/06/2015 წლამდე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობა (ტ.1, ს.ფ 34)

 

2.5. 2017 წლის 10 აპრილის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით დასტურდება, რომ მ-----–- ფ--–------–---–ის საკუთრებაში უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ 36)

 

2.6. შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს N1 განყოფილების ინფორმაციით ირკვევა, რომ გ---–-- ლ------ გაფრთხილებულია სათანადო ოქმით, რათა შემდგომში არ მიაყენოს რაიმე სახის შეურაცხყოფა მ-----–- ფ--–------–---–ს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გორის რაიონული სამმართველოს N1 განყოფილების მომართვა (ტ.1, ს. ფ 84)

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.7. 2009 წლის 29 ივნისს მ-----–- ფ--–------–---–ს და გ---–-- ლ-----ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ-----–- ფ--–------–---–მა „მჩუქებელმა“ გ---–-- ლ-----ს „საჩუქრის მიმღებს“ აჩუქა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მ--------–--------------------------------------------------------------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2009 წლის 29 ივნისის ჩუქების ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ 18)

 

2.8. 2009 წლის 29 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება ს/კ- ით 0---------------------- საკუთრების უფლებით აღირიცხა გ---–-- ლ------ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 19)

 

2.9. 2017 წლის 31 იანვარს გ---–-- ლ-----ს და დ----- მ---------ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, მ--------–--------------------------------------------------------------------------------. ნასყიდობის საგანის ღირებულება განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 31 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ 20-21)

- ამონაწერი საჯარი რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ 22);

 

2.10. 2017 წლის 3 აპრილს დ----- მ---------ეს (გამყიდველი) და გ---–-- ლ-----ს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე ქ. თბილისი, მ--------–--------------------------------------------------------------------------------.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 3 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ 27-28)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ 29)

 

2.11. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად მიიჩნია, რომ 2009 წლის 29 ივნისს მ-----–- ფ--–------–---–ს და გ---–-- ლ-----ს შორის დადებული გარიგება წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელით სადავო გარემოებას წარმოადგენს 2009 წლის 29 ივნისის ჩუქების ხელშეკრულება.

 

მოსარჩელის მითითებით, მხარეებს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, ვინაიდან მასსა და გ---–-- ლ-----ს შორის არსებული შეთანხმებით, სწორედ ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას მის მოვლა-პატრონობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.

 

მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების დადებაზე ნების გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ მხარეს გარიგების დადებისას სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ხელშეკრულების შინაარსი და ის მოსალოდნელი შედეგები რაც გარიგებას უნდა მოჰყოლოდა. მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მ-----–- ფ---–-----–---–ი გაცნობილი იყო და გააზრებული ჰქონდა ხელშეკრულების შინაარსი. ხელშეკრულებაზე, რომელზე ხელმოწერითაც თავისი ნება გამოხატა მოსარჩელემ, გარკვევით იყო აღნიშნული რომ იგი წარმოადგენდა ჩუქების ხელშეკრულებას. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ივარაუდება რომ მხარე ვიდრე ხელს მოაწერს რაიმე დოკუმენტს, უნდა განიხილოს მისი შინაარსი და გამოხატოს თავისი ნება. შესაბამისად, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.

 

ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ---- ლ-----მა (გ---–-- ლ------ს შვილი) მოსარჩელეს მისსავე სახლში ხელი მოაწერინა რაღაც საბუთს არ შეესაბამება რეალობას, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ჩუქების ხელშეკრულება დადებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

სასამართლომ შენიშნა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული სადავო გარემოებების დადგენის მიზნით, სასამართლო სხდომაზე ასევე მოწმეთა სახით დაკითხული იქნენ:

 

ლ---- ლ------, თ----- ქ-----–-, ე-----ი ქ-----–- და ზ---- ქ----–-----ე.

 

მოწმე ე----- ქ-----–-ს (ნათესავი) ჩვენებით დასტურდება, რომ სადავო ხელშეკრულების დადებამდე მას პირადად დაუკავშირდა მ-----–- ფ--–------–---–ი და სთხოვა ინფორმაციის გადაცემა მოპასუხისთვის. მოწმის განმარტებით, მოსარჩელეს გააჩნდა სურვილი მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ეჩუქებინა გ---–-- ლ------სთვის, რისთვისაც იგი დაიბარა თბილისში ბინის გასაფორმებლად. ხოლო ზ---- ქ----–-----ის (რომელიც ამავდროულად არის მ-----–- ფ--–------–---–ის და გ---–-- ლ------ს და) და ლ---- ლ------ს ჩვენებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები არის ეპილეფსიით დაავადებული და მას მოვლა -პატრონობას ყოველთვის უწევდა მხოლოდ გ---–-- ლ------. მათივე განმარტებით, მოსარჩელეს მუდმივად გააჩნდა სურვილი, რომ მისი ბინა გაეფორმებინა მოპასუხის შვილის სახელზე და რადგან ლ---- ლ------ ხელშეკრულების დადების დროს იყო არასრულწლოვანი ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა გ---–-- ლ-----თან. მოწმეთა ჩვენებით მ-----–- ფ--–------–---–ი კმაყოფილი იყო თავისი ამ გადაწყვეტილებით და ამბობდა, რომ ბინა ლ----ის აჩუქა (გ---–-- ლ------ს ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე).

 

მოწმე თ----- ქ-----–-ს ჩვენების მიხედვით, გ---–-- ლ------ არანაირ მზრუნველობას არ იჩენდა მოსარჩელის მიმართ. იგი იყო მუდმივად მშიერი და მოუვლელი. ამასთან, მათ შორის არსებობდა კონფლიქტური სიტუაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების (ე-----ი ქ-----–-ს, ლ---- ლ------ს და ზ---- ქ----–-----ის) ჩვენებები და წარმოდგენილი მტკიცებულებანი ადასტურებენ, რომ მხარეებს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, ხოლო მოსარჩელეზე ყოველთვის ზრუნავდა გ---–-- ლ------ ხელშეკრულების დადებამდეც და მას შემდეგაც. რაც შეეხება მოწმე თ----- ქ-----–-ს ჩვენებას, სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ ვითარებაში სასამართლო ვერ დაეყრდნობა მის ჩვენებას და ვერ შეაფასებს როგორც სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებად, ვინაიდან, არსებობს ალბათობა იმისა, რომ პირადად არის დაინტერესებული საქმის შედეგით. სასამართლოს ამგვარი მსჯელობა კი დაფუძნებულია თავად მხარეთა მიერ დასახელებული გარემოებებიდან, კერძოდ: მ-----–- ფ--–------–---–ი ამჟამად ცხოვრობს მოსარჩელისა და მოპასუხის ძმის რ-------–--ი ქ-----–-ს ოჯახში, თ----- ქ-----–- არის მისი რძალი. ამასთან, სადავო უძრავ ქონებაში 3 წელია უწყვეტად ცხოვრობს თ----- ქ-----–-ს შვილი გ---–----ი ქ-----–-, რომელიც სტუდენტია. ამასთან, დასახელებულ მოწმეს სასამართლოსთვის არ მიუთითებია დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოების თაობაზე.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მ-----–- ფ--–------–---–ი ცხოვრობდა თბილისში სადავო ბინაში, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გ---–-- ლ-----მა იგი წაიყვანა გორის რაიონში საკუთარ სახლში, ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, სწორედ იმ მიზნით, რომ მისთვის მოევლო. დედმამიშვილებიდან ის ერთადერთი იყო ვინც მასზე ზრუნავდა წლების განმავლობაში. მისი ეს ნაბიჯი არ უკავშირდებოდა ბინის ფაქტობრივ დაუფლებას, რადგან საქმის გარემოებებით დგინდება, რომ სადავო ბინაში ცხოვრობს მოსარჩელის ძმის შვილიშვილი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 29 ივნისის ჩუქების ხელშეკრულება ( ს.ფ 18)

- მოწმეების ჩვენებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-პაციენტის სამედიცინო ბარათები, რეცეპტები, დანიშნულების ფურცელი(ს.ფ.105-117)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

აღნიშნული გულისხმობს, რომ შემძენის ხელში გადადის ამ ნივთის ფლობის,სარგებლობის და განკარგვის უფლებამოსილებაც, რომელიც გასხვისებისთანავე უწყდება თავად გამჩუქებელს. ჩუქების უსასყიდლობა ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომლებიც აწესრიგებს ჩუქების ხელშეკრულებას და არ აწესებს დასაჩუქრებულისათვის რაიმე დამატებით მოვალეობას. ჩუქება, როგორც უსასყიდლო ხელშეკრულება, არ უნდა შეიცავდეს ისეთ პირობას, რომელიც დასაჩუქრებულის მხრიდან ქონებრივი ვალდებულების შესრულებასთან იქნება დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში ჩუქება უსასყიდლო ხასიათს კარგავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის

 

თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

დადგენილია, რომ 2009 წლის 29 ივნისს მ-----–- ფ--–------–---–ს და გ---–-- ლ-----ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ-----–- ფ--–------–---–მა „მჩუქებელმა“ გ---–-- ლ-----ს „საჩუქრის მიმღებს“ აჩუქა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მ--------–--------------------------------------------------------------------------------.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობა განსაზღვრაზე.

 

სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.5 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 29 ივნისს მ-----–- ფ--–------–---–ს და გ---–-- ლ-----ს შორის დადებული გარიგება წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულებას, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ შეუთავაზებია. აქედან გამომდინარე, საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს რწმენა უყალიბდება იმ მიმართებით, რომ მხარეებს შორის ნამდვილად დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც ზუსტად ასახავს მხარეთა ნებას. აქედან გამომდინარე, არ არსებობს მ-----–- ფ--–------–---–სა და გ---–-- ლ-----ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მხარეებს შორის დადებული გარიგების სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ დადგინდა მხარეთა შორის სამისდღეშიო ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, სასამართლო არ იქონიებს მსჯელობას არ არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 

2.13. წინამდებარე გადაწყვეტილებაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს 2017 წლის 31 იანვარს და ამავე წლის 3 აპრილს გ---–-- ლ-----ს და დ----- მ---------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საკითხიც.

 

აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრულ აღიარებით მოთხოვნას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

ამ განმარტებიდან ცხადია, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის არსებითი დამახასიათებელი ნიშანია იურიდიული ინტერესი, ანუ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს დაინტერესებულ პირს. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება გაუმართლებელია.

 

ვინაიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სადავო უძრავ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, დადებული გარიგების სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად აღიარების და მისი შეწყვეტის თაობაზე, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 31 იანვარს გ---–-- ლ-----ს და დ----- მ---------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების და 2017 წლის

3 აპრილს დ----- მ---------ეს (გამყიდველი) და გ---–-- ლ-----ს (მყიდველი) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობით ვერ მიიღწევა მოსარჩელის სასარგებლოდ დადებითი იურიდიული შედეგი სადავო უძრავ ქონებაზე პირვენდელი მდგომარეობის აღდგენა. შესაბამისად იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო მოსარჩელეს მოთხოვნების აღნიშნულ ნაწილშიც უნდა ეთქვას უარი. როგორც სასამართლომ განსაზღვრა მ-----–- ფ--–------–---–ის მიერ გასაჩივრებული გარიგებები კანონიერია და შესაბამისად სადავო უძრავი ნივთი მართლზომიერადაა აღრიცხული მოპასუხის საკუთრებაში. ამავე მსჯელობის გათვალისწინებით აბსოლუტურად დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა კანონიერი გარიგებათა შედეგად განკარგული საცხოვრებელი ბინის მის საკუთრებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით და სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მითითებით, მ-----–- ფ--–------–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ბაზაში და სარგებლობდა შემწეობით. სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ რამ განაპირობა ქონების გაჩუქება ახლო ნათესავზე. მაშინ როცა შიეიძლებოდა ბინის გაყიდვა 15 000 აშშ დოლარად. მ-----–- ფ--–------–---–ს გ---–-- ლ------ დაპირდა მოვლა პატრონობას. უდავოა, რომ მხარეებს შორის დაიდო გარიგება - სამისდღემჩიო რჩენის შესახებ.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებების შინაარსი მიუთითებდა სამისდღემჩიო რჩენაზე. დასაჩუქრებულს ხელშეკრულება არ ავალდებულებს მოვლა-პატრონობა განახორციელოს გამჩუქებელზე. მოპასუხე მხარე იმასაც კი ადასტურებდა, რომ ლ------ს სახლში იქნა გადაყვანილი მ-----–- ფ--–------–---–ი მისი მოვლის მიზნით, ყველა ეს ფაქტი კი ადასტურებს, რომ თვალთმაქცური გარიგების მიღმა დაფარული იყო სამისდღემჩიო რჩენის ხელშეკრულება.

 

სასამართლოში წარდგენილი იქნა არაერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტროენერგიის გადამხდელად რეგისტრირებული იყო მ-----–- ფ--–------–---–ი, ის იყო მარტოხელა მოხუცი, ავადმყოფი, შესაბამისად რა მიზანს ემსახურებოდა ბინის გაჩუქება, თუ არა მოვლა პატრონობას, რასაც არ ახორციელებდა გ---–-- ლ------.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 2009 წლის 29 ივნისს მ-----–- ფ--–------–---–ს და გ---–-- ლ-----ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ-----–- ფ--–------–---–მა „მჩუქებელმა“ გ---–-- ლ-----ს „საჩუქრის მიმღებს“ აჩუქა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მ--------–-------------------------------------------------------------------------------- (იხ. 2009 წლის 29 ივნისის ჩუქების ხელშეკრულება ტ.1, ს.ფ 18);

 

უძრავი ქონება, 03.07.2009წ. ზემოაღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე გ---–-- ლ------ს სახელზე (იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი ტ.1, ს.ფ. 19)

 

4.2. 2017 წლის 31 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გ---–-- ლ-----მა სადავო უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, მ--------–--------------------------------------------------------------------------------. მიჰყიდა დ----- მ---------ეს. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანის ღირებულება განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარით (ტ.1, ს.ფ. 20-22);

 

4.3. დ----- მ---------ესა და გ---–-- ლ-----ს შორის 2017 წლის 3 აპრილს კვლავ გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ----- მ---------ემ (გამყიდველი) გ---–-- ლ-----ს (მყიდველი) მიჰყიდა უძრავ ქონება მდებარე - ქ. თბილისი, მ--------–-------------------------------------------------------------------------------- (იხ. 2017 წლის 3 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება, ტ.1, ს.ფ. 27-28)

 

სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით კვლავ აღირიცხა მოპასუხე გ---–-- ლ------ს სახელზე (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ.1, ს.ფ. 29)

 

4.4. სარჩელში აღნიშნულია, რომ ბინის გაჩუქება არ მომხდარა, ვინაიდან, მოსარჩელეს სადავო ბინის გარდა სხვა ქონება არ გააჩნდა, 2011-2015 წლებში იყო პენსიონერი და იღებდა საარსებო შემწეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გ---–-- ლ-----ს უნდა ერჩინა მ-----–- ფ--–------–---–ი. თუმცა, მოპასუხე გ---–-- ლ------ არ ზრუნავდა მოსარჩელეზე და აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს ზემოაღნიშნულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ მ-----–- ფ--–------–---–სა და გ---–-- ლ-----ს შორის 2009 წლის 29 ივნისს დაიდო ჩუქების ხელშეკრულება.

 

პალატა მიუთითებს, რომ ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება განპირობებულია მისი თავისებურებებით, რომლებიც მას აშკარად გამოარჩევს ქონების საკუთრებაში გადაცემის სხვა ხელშეკრულებებისაგან. ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განხილვისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული რამდენიმე კრიტერიუმზე: ჩუქების ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია. ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ჩუქებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი მის ძირითად მაკვალიფიცირებელ წინაპირობას წარმოადგენს.

 

იურიდიული თვალსაზრისით უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრული ეკვივალენტურობის მატარებელი. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან.

 

ჩუქების დანიშნულებას წარმოადგენს დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა და, შესაბამისად, მჩუქებლის ქონების შემცირება.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მარტო შეთანხმება არაა საკმარისი ჩუქებისათვის. საჭიროა საჩუქრის რეალურად გადაცემა დასაჩუქრებულისათვის. სწორედ ამ მომენტიდან უნდა ჩაითვალოს ჩუქების ხელშეკრულება დადებულად, ამიტომაც ჩუქების ხელშეკრულება რეალური ხასიათისაა. ჩუქება, როგორც ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება, უნდა აკმაყოფილებდეს ხელშეკრულების ნამდვილობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს. ჩუქების საგანი უპირველეს ყოვლისა, შეიძლება იყოს ნებისმიერი თავისუფალ ბრუნვაუნარიანი ქონება.

 

პალატა განმარტავს, როდესაც საკითხი ეხება ჩუქების ხელშეკრულებას, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, რაც, როგორც წესი, განაპირობებს მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი მის ძირითად მაკვალიფიცირებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამიტომ, იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამგვარი ურთიერთობები კი, როგორც წესი, გარკვეული დროის განმავლობაში ყალიბდება და საფუძვლად უდევს მხარეთა შორის არსებული მადლიერება, კეთილგანწყობა, ან დამკვიდრებული ჩვეულებებით დადგენილი ერთგვარი მორალური ვალდებულება.

 

ამდენად, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ან მჭიდრო ნათესაური თუ სხვაგვარი დამოკიდებულება, გარკვეულ მორალურ ვალდებულებებს წარმოშობს, წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების მნიშვნელოვან მოტივს. წარმოდგენილი ანალიზი ცხადყოფს, რომ ანალოგიურ ვითარებაში მყოფი გონიერი ადამიანი ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას ხელმძღვანელობს სწორედ აღნიშნული მოტივებით. ხოლო როდესაც მხარეთა შორის არ არსებობს არანაირი მორალური მოტივები და მათი ურთიერთობა მხოლოდ ყოფით საწყისებზეა აგებული, გონივრულობის სტანდარტის გათვალისწინებით, ამგვარი ვითარება ვერ გახდება ჩუქების ხელშეკრულების წინაპირობა, შესაბამისად, ალბათობის მაღალი ხარისხით არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას გამჩუქებელი არ ხელმძღვანელობდა ამ ტიპის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი მოტივებით.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატა ყურადღებას ამახვილებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ დასაჩუქრებული გ---–-- ლ------ არის მოსარჩელის, გარდაცვლილი - მ-----–- ფ--–------–---–ის და, შესაბამისად მ-----–- ფ--–------–---–ს, როგორც სადავო ქონების ერთადერთ მესაკუთრეს შეეძლო თავისი დისათვის საჩუქრად გადაეცა ქონება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გ---–-- ლ------ ყოველთვის ზრუნავდა მოსარჩელეზე, რასაც მოწმეთა ჩვენებების შეფასების შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს.

 

4.5. სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ამავე კოდექსის 942-ე მუხლის მიხედვით კი, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა.

 

სამოქალაქო კოდექსი განსხვავებულად აწესრიგებს ნივთების (მოძრავი, უძრავი) სამართლებრივ რეჟიმს. იმისათვის, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მიჩნეულ იქნეს ნამდვილად საჭიროა, გარიგების დადება, სანოტარო წესით დამოწმება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც დასახელებულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). ამდენად, გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოჩვენებითად ან თვალთმაქცურად თუ არსებობდეს გარიგების მონაწილეთა ნება (სურვილი) ე.ი. ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. ამასთან, თვალთმაქცური გარიგების დროს გარიგების მონაწილეთა ნებას (სურვილს) წარმოადგენს დაფარონ სხვა გარიგება. მხარეების სურვილი მიმართული უნდა უყოს დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისაკენ ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. მითითებულთან მიმართებით საგულისხმოა, რომ როგორც წესი, როგორც მოჩვენებითი ისე თვალთმაქცური გარიგება გამოიყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად, ასევე მითითებულ შემთხვევაში, შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. ამდენად, მოცემული გარიგებების დადებისას ადგილი აქვს მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც გარიგების დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა ან ვალდებულებისაგან თავის არიდება.

 

ამდენად იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს თვალთმაქცურად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის შესახებ, რომ მართალია, მხარეთა შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, თუმცა რეალურად მხარეები შეთანხმდნენ სამისდღეშიო რჩენაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემული მუხლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარე, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მას აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს ბინა არ უჩუქებია გ---–-- ლ------სათვის, არამედ მათ შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. მითითებულთან მიმართებაში საგულისხმოა, თავად მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სარჩელში მოსარჩელე არ უთითებს, რომ მხარეებს შორის მიღწეული იყო შეთანხმება ჩუქების ხელშეკრულების დადებით დაეფარათ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, ასევე არ განმარტავს, თუ რა მიზანი უნდა მიეღწიათ მხარეებს თვალთმაქცური დადების გზით ე.ი. არ არის განმარტებული თუ რა აუცილებლობით უნდა ყოფილიყო გამოწვეული თვალთმაქცური გარიგების დადება, მეტიც ფაქტობრივად სარჩელში მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაში მოდის მის მოთხოვნასთან, ვინაიდან სარჩელში მოცემული განმარტებებით მიხედვით მოსარჩელე უარყოფს მისი მხრიდან ნივთთან დაკავშირებით ნების, თუნდაც მოჩვენებითი ხასიათის, არსებობას, როცა თვალთმაქცური გარიგება ყოველთვის გულისხმობს ასეთი ნების არსებობას.

 

პალატის შეფასების მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე თავს გრძნობდა ვალდებულად მზრუნველობა გამოეჩინა და ერჩინა მისი დისათვის არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს თვალთმაქცური გარიგების არსებობის უპირობო საფუძვლად. პალატის შეფასებით, გარკვეული ვალდებულების შესაძლოა პირმა იკისროს არამხოლოდ საკანონმდებლო არამედ საზოგადოებაში დამკვიდრებული მორალურ-ზნეობრივი ნორმების საფუძველზე, ის გარემოება, რომ დედმამიშვილი იჩენს მზრუნველობას მეორე დედმამიშვილის მიმართ შესაძლოა ეფუძნებოდეს ზუსტად ამ ნორმებს და არა მხარეთა შორის არსებულ გარიგებას.

 

ამდენად, პალატის შეფასებით აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა, რომლითაც დაადასტურებდა, თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტი.

 

4.6. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ გააჩნია გ---–-- ლ-----ს და დ----- მ---------ეს შორის 2017 წლის 31 იანვრის და დ----- მ---------ეს და გ---–-- ლ-----ს შორის 2017 წლის 3 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ იურიდიული ინტერესი.

 

პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნა, თავისი შინაარსით წარმოადგენს აღიარებითი ხასიათის სარჩელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ განმარტებიდან ცხადი ხდება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.

 

აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია საკითხის გარკვევა – გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას.

 

ამდენად, პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის აუცილებელი წინაპირობაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო საკითხისადმი, რაც მითითებული უნდა იყოს სარჩელში. აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობაში იგულისხმება მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე; მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში, ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2009 წლის 29 ივნისს მ-----–- ფ--–------–---–ს და გ---–-- ლ-----ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ-----–- ფ--–------–---–მა გ---–-- ლ-----ს „საჩუქრის მიმღებს“ აჩუქა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, მ--------–--------------------------------------------------------------------------------. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებას და რეალურად მხარეთა შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება დაიდო, რომელიც მოსარჩელის მოსაზრებით ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება დღეისათვის კვლავ აღრიცხულია გ---–-- ლ------ს სახელზე. ამდენად, გაურკვეველია რაში მდგომარეობს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, ვინაიდან, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელეს (მის უფლებამონაცვლეს) არ წარმოეშობა სადაო უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების შესაძლებლობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----–- ფ--–------–---–ის უფლებამონაცვლის გენადი ქ-----–-ს სარჩელი უსაფუძვლოა და იგი მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.12.2017წ. განჩინებით, აპელანტის - მ-----–- ფ--–------–---–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა;

 

აპელანტს გადაუვადდა ბაჟის გადახდა სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა. სადავო ბინის ღირებულება განსაზღვრულია 15 000 აშშ დოლარით, შესაბამისად დავის საგნის ფასიდან გამომდინარე, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 600 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაეკისროს აპელანტს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ-----–------–------–---–--------–--------–--–----------------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება;

3. მ-----–- ფ--–------–---–ის უფლებამონაცვლე გენადი ქარელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ლ---- გვარამია/

 

მოსამართლეები: /გოგიტა თოთოსაშვილი/

 

/გელა ქირია/