განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2018
საქმის ნომერი
330210114608367
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1349-17 13 მარტი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტი – ი-----------–--ე;

წარმომადგენელი – ქ--------------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე – ბ------------;

წარმომადგენელი – პ------------ე;

 

თავდაპირველი მოპასუხეები - მ--------------–-–---–ი, მ---------------ე, ჟ---------------, გ----------–--ე, ნ------------;

 

დავის საგანი _ მესაკუთრედ ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბ------------ს ქ. თბილისში, დ----------ის ქუჩის ბოლოს მდებარე, N 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. ი-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ა. ბათილად იქნა ცნობილი ი-----------–--ეს, მ--------------–-–---–ს, ჟ---------------ს და მ---------------ეს შორის 2013 წლის 22 ივლისს დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, დადებული ქ. თბილისში, დ----------ის ქუჩის ბოლოს მდებარე, N 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ და უძრავი ქონება აღირიცხა ი-----------–--ის საკუთრებაში; ბ. აღდგა საჯარო რეესტრის ჩანაწერი უძრავ ქონებაზე ქ. თბილისი, დ----------ის ქუჩის ბოლოს მდებარე, ს/კ N 0--------------- (მესაკუთრეები: ი-----------–--ე 1/2 და ბ------------ 1/2) ი-----------–--ესა და ჟ---------------ს, ასევე, გ----------–--ეს და ნ------------ს შორის 18.03.2013 წელს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების (რეგ. N---------) შესახებ.

 

2. ბ------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა: ა. ბათილად იქნა ცნობილი ი-----------–--ეს, მ--------------–-–---–ს, ჟ---------------ს და მ---------------ეს შორის 2013 წლის 22 ივლისს დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, დადებული ქ. თბილისში, დ----------ის ქუჩის ბოლოს მდებარე, N 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ და უძრავი ქონება აღირიცხოს ი-----------–--ის საკუთრებაში;

ბ. ბ------------ ცნობილი იქნა ქ. თბილისში, დ----------ის ქუჩის ბოლოს მდებარე, N 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

გ. აღდგა საჯარო რეესტრის ჩანაწერი უძრავ ქონებაზე ქ. თბილისი, დ----------ის ქუჩის ბოლოს მდებარე, ს/კ N 0--------------- (მესაკუთრეები: ი-----------–--ე 1/2 და ბ------------ 1/2) ი-----------–--ესა და ჟ---------------ს, ასევე, გირგი ბიწაძეს და ნ------------ს შორის 18.03.2013 წელს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების (რეგ. N---------) შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე ბ------------ და მოპასუხე ი-----------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1995 წლიდან, თუმცა მათ შორის არის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა და ერთად აღარ ცხოვრობენ მას შემდეგ, რაც ბ------------სთვის ცნობილი გახდა ი-----------–--ის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელები, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები);

- ქორწინების მოწმობა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 18);

- ა-–---------- ე------სა და გ------- ე------ს დაბადების მოწმობები (ტომი 1, ს.ფ. 114-115).

 

2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბილისი, დ----------ის ქუჩის ბოლო, საკადასტრო კოდი N 0---------------, არ არის შეძენილი მოპასუხე ი-----------–--ისთვის მშობლების მიერ ან მათი ნაჩუქარი თანხით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. წარმოდგენილი რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უფლების რეგისტრაციის საფუძველია სადავო უძრავი ნივთზე 2003 წლის 7 მაისს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ერთ მხარესაც, ივარაუდება, რომ წარმოადგენს ი-----------–--ე. შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს ი-----------–--ის მოსაზრებას იმასთან მიმართებით, რომ უძრავი ქონება შეძენილია მისი მშობლების მიერ, ნაჩუქარი თანხით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბ------------ და ი-----------–--ე რესგიტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1995 წლიდან, მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ამასთან, დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო უძრავი ქონება შეძენილია ბ------------სა და ი-----------–--ის თანაცხოვრების პერიოდში, 2003 წლის 7 მაისს.

 

მეუღლეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპიდან (სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლი), საოჯახო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტის უფლებიდან (სამოქალაქო კოდექსის 1155-ე მუხლი), თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით მართვისა და განკარგვის უფლება-მოვალეობებიდან (სამოქალაქო კოდექსის 1159-1160-ე მუხლები) გამომდინარეობს დანაწესი იმისა, რომ ის, რაც შეძენილია ქორწინების განმავლობაში, წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. ამგვარი ვარაუდი, ბუნებრივია, იმ შემთხვევებს ასახავს, როცა უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მხოლოდ ერთ-ერთი მეუღლის საკუთრების უფლება, თუმცა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლების უკან დგას სხვა უფლებაც, რომელიც ქორწინებაში მყოფ მეორე მეუღლეს ეკუთვნის. კანონის ნორმებით ნავარაუდევი ფაქტის (საერთო საკუთრების უფლება) საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენა, სახელდობრ, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო უძრავ ნივთზე მეუღლეთა საერთო საკუთრების უფლება არ ვრცელდება, ეკისრება მოპასუხეს, რომელმაც სარწმუნოდ უნდა ადასტუროს, რომ სადავო უძრავი ქონების ნახევარზე არ წარმოშობილა მეორე მეუღლის თანასაკუთრების უფლება. კერძოდ, მან უნდა ამტკიცოს, რომ სადავო უძრავი ქონება არ არის შეძენილი ქორწინების განმავლობაში, მეურნეობის ერთობლივი გაძღოლის შედეგად და იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას (სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი) და სხვ.

 

სასამართლო მტკიცებულებათა არ არსებობის გამო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ აპელირებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ სადავო უძრავი ქონება ი-----------–--ეს შეუძინეს მშობლებმა, ან/და იგი შეძენილია ი-----------–--ისთვის ნაჩუქარი თანხით. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზეც, რომ ჩუქების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ნაჩუქარი ნივთის ხასიათი, მისი დანიშნულება და მისთვის დამახასიათებელი ნიშნები და ის მიზანი რასაც თავად ჩუქება ემსახურება. თუ ნაჩუქარი ნივთი ოჯახის მიზნებისთვისაა განკუთვნილი ნაჩუქარი ნივთიც ასევე წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას, რადგან მისი შეძენა სწორედ ერთად ცხოვრების პერიოდშია განხორციელებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მხარეთა შორის საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პერიოდში შეძენილია სადავო უძრავი ქონება და შესაბამისად, ბ------------ს წარმოეშვა საკუთრების უფლება იმ უძრავი ქონებების ნახევარზე, რომელიც რეგისტრირებული იყო მოპასუხე ი-----------–--ის სახელზე და შეძენილია მხარეთა ერთად ცხოვრების განმავლობაში.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისში, დ----------ის ქუჩის ბოლოს მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N0---------------, წარმოადგენს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას და მოსარჩელე ბ------------ ცნობილი უნდა იქნეს ი-----------–--ის სახელზე რიცხული ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, უსწოროა სასამართლოს ის მოსაზრება, რომ სადავო უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბილისი, დ----------ის ქუჩის ბოლო, საკადასტრო კოდი N 0---------------, არ არის შეძენილი მოპასუხე ი-----------–--ისთვის მშობლების მიერ ან მათი ნაჩუქარი თანხით.

 

აპელანტი უთითებს, რომ მართალია ქონება შეძენილია თანაცხოვრების პერიოდში, თუმცა ქონების შესაძენი თანხა გაღებულ იქნა მისი მშობლების მიერ.

 

3.2. აპელანტი 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ უძრავი ნივთის წილობრივ კუთვნილებას.

 

მისი განმარტებით, სასამართლოს უნდა გადაეხვია მეუღლეთა შორის ქონების გაყოფისას წილთა თანაბრობის პრინციპისატვის, ვინაიდან მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე მას სემდეგ რაც აღარ ცხოვრობს ოჯახთან ერთად არ ეხმარება მას სვილების აღზრდაში, არ იხდის ალიმენტს და იგი მის სვილებთან ერთად არის ზალადობის მსხვერპლი. ამასთან, მათ არ გააჩნიათ სხვა ქონება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. ბ------------ და ი-----------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1995 წლის 18 ივნისიდან, თუმცა მათ შორის არის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა და ერთად აღარ ცხოვრობენ. (ი.ხ. ტ.1. ს.ფ. 18; მხარეთა ახსნა-განმარტებები).

 

4.2. მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები: 2002 წლის 30 დეკემბერს დაბადებული გ------- ე------ და 2013 წლის 8 ივლისს დაბადებული ა-–---------- ე------, რომლებიც ცხოვრობენ დედასთან - ი-----------–--ეთან; (ი.ხ. ტ.1 ს.ფ. 112-115; მხარეთა ახსნა-განმარტებები).

 

4.3. სადავო არ არის, რომ უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბილისი, დ----------ის ქუჩის ბოლო, საკადასტრო კოდი N 0---------------, არის შეძენილი მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში. (ი.ხ. ტ.1. ს.ფ. 19; მხარეთა ახსნა-განმარტებები).

 

4.4. პალატა მიუთითებს მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი საკითხზე, რომელიც განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში: „..საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა“ (იხ., სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი). ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ სადავო ქონება შეძენილია მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში მოქმედებს მეუღლეთა წილის თანაბრობის პრეზუმცია, მითითებულის საწინააღმდეგო მტკიცების ტვირთი, კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოს ხდის ამ გარემოებას.

 

აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ქ--------------ის და მ-----------ის განმარტებით მათ მეზობლებისაგან გაგებული აქვთ, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია ი-----------–--ის მშობლის მიერ, ხოლოს ლ---–--------ს განმარტებით, მან არ იცის, თუ ვისი სახსრებით იქნა შეძენილი მიწის ნაკვეთი და წარმოებული მშენებლობა, მან მხოლოდ დედისგან შეიტყო, რომ აღნიშნული განახორციელა ი-----------–--ის დედამ. ამდენად, არცერთი მოწმე არ ყოფილა აპელანტის მიერ მითითებული ფაქტის უშუალო შემსწრე, მათთვის მხოლოდ ცნობილია ის იმფორმაცია რაც შეიტყვეს სხვათა საშუალებებით.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი გარემოება მასზედ, რომ უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბილისი, დ----------ის ქუჩის ბოლო, საკადასტრო კოდი N 0---------------, არ არის შეძენილი მოპასუხე ი-----------–--ისთვის მშობლების მიერ ან მათი ნაჩუქარი თანხით.

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.

 

აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე კანონმდებელმა გამონაკლისის სახით გაითვალისწინა რეგისტრირებული ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტისას შეძენილი ქონების წილის თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული უკავშირდება კონკრეტული საფუძვლების არსებობას, კერძოდ, დადგენილი წესიდან გადახვევა უნდა უკავშირდებოდეს არასრულწლოვანი შვილების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღებ ინტერესებს. ამდენად, ზემოთ აღინიშნული ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილების ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრების ფაქტი, არამედ ისეთი გარემოების ან გარემოებათა არსებობა, რომელიც სასამართლოს უქმნის მყარ შინაგან რწმენას, რომ ქონების წილის თანაბრობის პრინციპის დაცვა საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანთა განვითარებას, რაც შესაძლოა გამოვლინდეს არასათანადო საბინაო პირობებში, არასაკმარისი საცხოვრებელი ფართში და სხვა ნებისმიერ ფაქტორში, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესშია და ხელს უშლის მის ნორმალურ აღზრდას. ამ გარემოებების მტკიცების ტვირთი, კი, თავის მხრივ ეკისრება იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს მათ არსებობაზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რის საფუზველზეც შესაძლოა დადგენილი ყოფილიყო აღნიშნული გარემოებების არსებობის ფაქტი, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტისას შეძენილი ქონების წილის თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის შესაძლებლობას.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე, კერძოდ რამდენადაც სადავო ქონება რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბილისი, დ----------ის ქუჩის ბოლო, საკადასტრო კოდი N 0---------------, არის შეძენილი მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილის განსაზღვრული ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტისას შეძენილი ქონების წილის თანაბრობის პრინციპიდან გადახვევის საფუძველი, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1159-ე, 1152-ე, 1155-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე მუხლებზე მითითებით მართებულად განსაზღვრა სადავო ნივთზე მხარეთა წილობრივ კუთვნილება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე /ლევან გვარამია/

 

მოსამართლეები: /ქეთევან დუგლაძე/

 

/ანა გოგიშვილი/