განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.06.2019
საქმის ნომერი
330310014587866
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310014587866 (3ბ/985-15)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2015 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე

ნათია ქუთათელაძე

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მ-------–---------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ--ა მ-----–--ე, დ-----– რ------ი ტ---------მ კ---ა

წარმომადგენელი - ლ----------------ე

 

თავდაპირველი თანამოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ნ--ა მ-----–--ისა და დ-----– რ------ი ტ---------მ კ---ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 16 ივნისის №------------ გადაწყვეტილება ნ--ა მ-----–--ის არასრულწლოვანი შვილის ს------ო კ---ას სახელის შეცვლაზე უარის თქმის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 15 აგვისტოს №----------- გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ს------ო კ---ას დაბადების აქტის ჩანაწერში სახელი - ს------ო შეიცვლება სახელით - დ-------ი რ----------ა ს------ო; მოპასუხეებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაეკისრათ მოსარჩელეთა - ნ--ა მ-----–--ისა და დ-----– რ------ი ტ---------მ კ---ას სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2013 წლის 11 ივნისს დარეგისტრირდა ს------ო კ---ას დაბადების სააქტო ჩანაწერი (აქტი №-----------) შემდეგი მონაცემებით: სახელი - ს------ო, გვარი - კ---ა, დაბადების ადგილი - საქართველო, თბილისი, დაბადების თარიღი - 0--------- წელი, მამა: სახელი - დ-----– რ------ი ტ---------მ, გვარი - კ---ა, მოქალაქეობა - ინდოეთი, დედა: სახელი - ნ--ა, გვარი - მ-----–--ე, მოქალაქეობა - საქართველო.

 

2.2. ნ--ა მ-----–--ემ 2014 წლის 2 მაისს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მისი შვილის არასრულწლოვან ს------ო კ---ას სახელის - ს------ო შეცვლა სახელით - დ-------ი რ----------ა ს------ო. 2014 წლის 02 მაისს აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა ბავშვის მამამ - დ-----– რ------ი ტ---------მ კ---ამ. 2014 წლის 16 მაისს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განხორციელდა მოთხოვილი ცვლილება და ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ბავშვის სახელად მიეთითა დ-------ი რ----------ა ს------ო. თუმცა, იმავე სამსახურის 2014 წლის 02 ივნისის №--------- გადაწყვეტილებით გაუქმდა ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დ-------ი რ----------ა ს------ოს არასრულწლოვნის რეგისტრაცია აღნიშვნით: ,,შეცდომა სახელში’’. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 16 ივნისის №------------ გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ არასრულწლოვანი შვილის სახელის შეცვლაზე იმ მოტივით, რომ არასრულწლოვანი შვილის სახელის ,,ს------ოს’’ შეცვლა სამწევრიანი სახელით ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

2.3. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა 2014 წლის 15 ივლისს №----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ს------ო კ---ას დაბადების აქტის ჩანაწერში სახელის ,,ს------ო’’-ს შეცვლა სახელით ,,დ-------ი რ----------ა ს------ო’’. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 15 აგვისტოს №----------- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციით დასტურდება, რომ 2011 წლის 28 დეკემბრის შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულია 35 დაბადების მოწმობა, სადაც სახელი შედგება ორზე მეტი წევრისაგან. მათ შორის, 19 შემთხვევაში გაიცა განმეორებითი დაბადების მოწმობა, ხოლო 16 აქტის შემთხვევაში, ელექტრონულ ბაზაში ტექნიკური ხარვეზის არსებობის გამო, დაფიქსირებულია ორზე მეტი წევრისაგან სახელის შემცველი დაბადების აქტის რეგისტრაცია და შესაბამისად, დაბადების მოწმობის გაცემის ფაქტიც. 2013 წლის ივნისის შემდგომ აღნიშნული ხარვეზი აღარ დაფიქსირებულა.

 

2.5. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით (2014 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით), 2011 წლის 28 დეკემბრის შემდეგ დარეგისტრირებულ დაბადების აქტის ჩანაწერებში (მათ შორის, ხელახალი რეგისტრაცია) 1072 ბავშვს აქვს ორი ან მეტი წევრისაგან შემდგარი სახელი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიცია, კერძოდ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული ნორმაში მოცემული დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. აღნიშნული უფლება იცავს ინდივიდის სახელსა და გვარს - ეს პიროვნების იდენტურობის განმსაზღვრელი ელემენტია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-17 მუხლით დადგენილია, რომ ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს. სახელის შეცვლა დასაშვებია. ამისათვის საჭიროა პირის დასაბუთებული განცხადება, რომელიც დადგენილი წესით უნდა განიხილოს სათანადო ორგანომ. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სახელის მეშვეობით ხორციელდება ადამიანის ინდივიდუალიზება ყოფით და სამართლებრივ ურთიერთობებში. სახელით ადამიანი ერთგვარად დაცულია სოციალური უგულებელყოფისაგან. ამდენად, სახელი პიროვნების განუყოფელი ელემენტია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ პატივს სცემენ რა და ითვლისწინებენ ინდურ ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს, გადაწყვეტეს მათი არასრულწლოვანი შვილის სახელში აესახათ მისი ინდური წარმომავლობაც. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ დ-------ი არის მათი შვილის ასტროლოგიური ნიშნით შერჩეული სახელი. კერძოდ, ასტროლოგიური ნიშნით სახელი შეირჩევა ტაძრის ქურუმის მიერ ბავშვის დაბადების ზუსტი დროის მიხედვით, ჰინდუს რელიგიის წმინდა წიგნებზე დაყრდნობითა და ასტროლოგიური გათვლების მიხედვით. ინდოელების წარმოდგენითა და ტრადიციით, პირველი სახელი, რომელიც ასტროლოგიური ნიშნით შეირჩევა, განსაზღვრავს ადამიანის ბედ-იღბალს, მის ხასიათს, პიროვნულ თვისებებსა და ფასეულობებს. დ-------ი ს------------ან (ძველინდური, ინდოევროპული ენა) ქართულად ნიშნავს გამარჯვებულს და წარმატებულს. მოსარჩელეებს სურთ, რომ მათი შვილის სახელის ნაწილი იყოს ,,დ-------ი’’, როგორც მისი ასტროლოგიური სახელი, მისი პიროვნებისა და ხასიათის განმსაზღვრელი, ზუსტად ისე, როგორც მისი მამის პირველი სახელი დ-----–ი არის ასტროლოგიური ნიშნით განსაზღვრული. ამასთან, ინდური ტრადიციით, სახელი უნდა ასახავდეს წინაპრის პატივისცემას. რ----------ა არის მეორე მოსარჩელის გამზრდელი ბაბუის სახელი, რომელსაც უდიდესი წვლილი და ამაგი მიუძღვის მეორე მოსარჩელის ცხოვრებაში და თავისი შვილისთვის ბაბუის სახელის დარქმევით, პატივს მიაგებს მას. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ რ----------ა არის ჰინდუიზმის ერთი კონკრეტული მიმდინარეობის - ვ--–----ს სახელი, რომლის მიმდევარიც არის ბავშვის მამა, მისი მშობლები და წინაპრები. მეორე მოსარჩელის შემთხვევაშიც, მეორე სახელი რ------ი გამზრდელი ბებიის ხსოვნასთან არის დაკავშირებული და არის ვ--–----ს სახელი. მიუხედავად იმისა, რომ რ------ი ქალის სახელია, იმდენად მნიშვნელოვანია, აისახოს წინაპრის პატივისცემა სახელში, რომ იგი მეორე მოსარჩელის ოფიციალური სახელის ნაწილია. ამას გარდა, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი იქნა ინდოეთში რეგისტრირებული ადვოკატ/იურისტის, გაერთიანებული სამეფოს ვ--------ს უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტის ვ------------------------ის განმარტება ინდოეთის შტატებში - ა--------------–-ა და ტ--–------–ი ჰინდუ ბავშვებისთვის სახელების დარქმევის პრაქტიკასთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ სახელები შეირჩევა შემდეგი წესით: როდესაც ჰინდუ ბავშვი იბადება, თარიღის დროისა და ადგილის მონაცემები მიეწოდება ასტროლოგს ან ჰინდუ ქურუმს. ჰინდუ ასტროლოგიურ ტექსტებზე დაყრდნობით, ასტროლოგი ან ქურუმი სთავაზობს ასოებს, რომლითაც უნდა იწყებოდეს ბავშვის სახელი. მათ აგრეთვე შეიძლება, შესთავაზონ ამა თუ იმ ღმერთის/ღვთაების სახელი, ბავშვის მავნე ზეგავლენისგან თავის დასაცავად ამ ღმერთის/ღვთაების კურთხევის მისაღებად. აღნიშნულ რეგიონში ამ ადათს ერთგულად მისდევდნენ ჰინდუს ოჯახები საუკუნეების განმავლობაში. ამასთან, რელიგიური ადათების გარდა, ძალზე მნიშვნელოვანი ტრადიციაა ბავშვისთვის ბებია-ბაბუის, წინაპრების და ა.შ. სახელების დარქმევა, რათა პატივი სცენ მათ სახელს და ასახონ ოჯახის ისტორია, მემკვიდრეობა და ფასეულობა ბავშვის სახელში, ანდა დაარქვან სახელი, რომელიც მშობლებისა და ოჯახების მიერ არის არჩეული და ასახავს მათ სურვილებს ბავშვისთვის. ზემოთ აღნიშნული ადათების გამო, მითითებულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს რამდენიმე სახელი აქვთ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა მორგებულია და ხელს უწყობს ამ ადათებს.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია. მე-19 მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. საქართველოს უზენაესი კანონის მითითებული მუხლით უზრუნველყოფილი პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს სახელის არჩევის უფლებას, რადგან ეს არის ინდივიდის პირადი იდენტიფიცირების საშუალება.

 

საქალაქო სასმართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მის მიმოწერას.

 

საქმეზე კუზანი და ფაცო იტალიის წინააღმდეგ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს მატერიალურ-სამართლებრივ დებულებებს სახელის შესახებ, პირის სახელი, როგორც პიროვნული იდენტიფიკაციისა და ოჯახთან კავშირის გამომხატველი საშუალება, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ნაწილია (კუზანი და ფაცო იტალიის წინააღმდეგ (Cusan et Fazzo c. Italie), განაცხადი no. 77/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 7 იანვრის გადაწყვეტილება, პუნქტი 55);

 

საქმეზე გარნაგა უკრაინის წინააღმდეგ, სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მრავალ მსგავს საქმეზე, რომელიც უკავშირდებოდა სახელის ან გვარის არჩევას ან შეცვლას, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს საკითხი კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში ხვდება, ვინაიდან სახელი და გვარი პირის პირად და ოჯახურ ცხოვრებას შეეხება. (გარნაგა უკრაინის წინააღმდეგ (Garnaga v. Ukraine), განაცხადი no. 16/05/2013, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება, პუნქტი 36).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით უზრუნველყოფილი პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს სახელის და გვარის არჩევის უფლებას.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-20, ისე ადამიანის უფლებათა ევპროპული კონვენციის მე-8 მუხლი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული მუხლებით გარანტირებული უფლებების, მათ შორის, სახელის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების ჩარევა ამ უფლების განხორციელებაში, გარდა ისეთი ჩარევისა, რაც დაშვებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის ან უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო ხელისუფლებამ შეიძლება მართლზომიერად შეზღუდოს ზემოაღნიშნული მუხლით დაცული უფლებები, თუმცა, აღნიშნული შეზღუდვა უნდა მოხდეს ამავე მუხლებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. კერძოდ, შეზღუდვა მართლზომიერად რომ ჩაითვალოს, უნდა იყოს კანონის შესაბამისი და ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს (ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესები, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან აცილება, ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვა და სხვ.) ან იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამდენად, შეზღუდვის მართლზომიერების განსაზღვრისას, პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა ძირითად უფლებაში ჩარევის ფორმალური საფუძვლი - შეზღუდვა დაწესებულია თუ არა კანონმდებლობით, ხოლო შემდგომ უნდა დადგინდეს, არის თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

 

მოცემულ შემთვევაში მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვას საფუძლად დაედო ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს. შესაბამისად, შეზღუდვა იყო კანონის შესაბამისი, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, შეზღუდვის მართლზომიერად მიჩნევისთვის საკმარისი არ არის მისი კანონშესაბამისობა. შეზღუდვა, კანონშესაბამისობასთან ერთად, უნდა ისახავდეს ლეგიტიმურ მიზანს და უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ანუ უნდა წარმოადგენდეს თანაბარზომიერ და აუცილებელ ღონისძიებას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. თუ რომელიმე ეს კომპონენტი არ არის დაკმაყოფილებული, სახეზეა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ თანაზომიერების პრინციპი, რომელიც დაცული უნდა იყოს ძირითადი უფლების შეზღუდვისას, კრძალავს მმართველობითი ღონისძიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას. ეს პრინციპი თავის მხრივ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპიდან, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესების დაცვისათვის გარდაუვალი საშუალებაა. თანაზომიერების პრინციპის შემოწმებისას მოწმდება გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება. კერძოდ, თანაზომიერების პრინციპის თანახმად, ძირითად უფლებაში ჩარევა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს. შემდეგ ეტაპზე უნდა დადგინდეს, რომ ნორმატიული აქტით შერჩეული საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოსადეგია. მესამე ეტაპია, დასახული მიზნის მისაღწევად ძირითად უფლებაში ჩარევის აუცილებელებლობა. აუცილებელია ის საშუალება, რომელიც სხვადასხვა ალტერნატიული საშუალებიდან ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანია, როგორც უფლების სუბიექტისთვის, ისე საზოგადოებისთვის. თანაზომიერების პრინციპის მეოთხე ელემენტია პროპორციულობა. იგი განსაზღვრავს დამოკიდებულებას მიზანსა და საშუალებას შორის, კერძოდ, იმყოფება თუ არა საშუალებით (ნორმატიული აქტით) გამოწვეული უფლების შეზღუდვა შეზღუდვის მიზანთან პროპორციულ, თანაზომიერ დამოკიდებულებაში.

 

საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა განმარტებით, სახელების რაოდენობრივი შეზღუდის მიზანს წარმოადგენს მრავალწევრიანი სახელების ელექტრონულად და მატერიალურად (ქაღალდის ბლანკზე) დატანის სირთულის თავიდან აცილება, თუმცა დადგენილია, რომ 2011 წლის 28 დეკემბრის (,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელების) შემდგომ, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გაცემულია 35 დაბადების მოწმობა, სადაც სახელი შედგება ორზე მეტი სახელისაგან/ნაწილისგან, მათ შორის, 19 შემთხვევაში გაცემულ იქნა განმეორებითი დაბადების მოწმობა, ხოლო 16 აქტის შემთხვევაში, ელექტრონულ ბაზაში ტექნიკური ხარვეზის არსებობის გამო, დაფიქსირებული ორზე მეტი სახელისაგან შემდგარი სახელის შემცველი დაბადების აქტის რეგისტრაცია. მოსარჩელეთა შემთხვევაშიც ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული იყო დ-------ი რ----------ა ს------ო კ---ას სახელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით გაამართლებდა ძირითად უფლებაში ჩარევას, ასევე, ვერ იქნა დადასტურებული აღნიშნული ჩარევის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

 

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, თუ რატომ აჭარბებს სახელმწიფოს ინტერესი - არ დარეგისტრირდეს მრავალწევრიანი (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარი) სახელი, მოსარჩელეთა ინტერესს - მათი შვილის სახელში აისახოს მამის ინდური წარმომავლობა და ტრადიციები, რაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 16 ივნისის №------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

 

2.9. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178.1 მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსი 193-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ. ხოლო 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ არ არის მიჩნეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 16 ივნისის №------------ გადაწყვეტილება ნ--ა მ-----–--ის არასრულწლოვანი შვილის ს------ო კ---ას სახელის შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 15 აგვისტოს №----------- გადაწყვეტილებაც.

 

2.10. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, რადგან ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, შესაბამისად, არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა ცნობილი მოპასუხეთა მიერ გამოცემული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სარჩელი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ნაწილშიც საფუძვლოა და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ს------ო კ---ას დაბადების აქტის ჩანაწერში სახელი ს------ო შეიცვლება სახელით დ-------ი რ----------ა ს------ო.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის 1-ლი და მეორე ნაწილის თანახმად, საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ხოლო, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ამასთანავე, არასწორად განმარტა კანონი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" და "ე1" პუნქტების თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული ან/და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა მათი არასრულწლოვანი შვილის დაბადების აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სახელის - ს------ო შეცვლა მრავალწევრიან სახელზე - დ-------ი რ----------ა ს------ო. დ-------ი რ----------ა ს------ო წარმოადგენს მრავალწევრიან სახელს, შესაბამისად, სააგენტო მოქმედებდა რა ,,სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, რომლის თანახმადაც, სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს, დაინტერესებულ პირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3.3 აპელანტის განმარტებით, 2015 წლის 30 მარტის გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.3 პუნქტში სასამართლო მოიხმობს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნტს, რომლის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს, რომელიც ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლებით უზრუნველყოფილი პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს სახელისა და გვარის არჩევის უფლებას. ამასთან, სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ორ გადაწყვეტილებაზე (Cusan et Fazzo c, Italie; Garnaga v. Ukraine), სადაც ნამსჯელია, რომ სახელი და გვარი პირის პირად და ოჯახურ ცხოვრებას შეეხება და წარმოადგენს პიროვნული იდენტიფიკაციისა და ოჯახთან კავშირის გამომხატველ საშუალებას. გადაწყვეტილების ამავე - 6.3 პუნქტში, სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვას საფუძვლად დაედო ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის დანაწესი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს მრავალწევრიანი სახელის რეგისტრაციას. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ, ერთი მხრივ, განმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს უარი არასრულწლოვნის სახელის შეცვლაზე იყო შეზღუდვა, თუმცა ,,შეზღუდვა იყო კანონის შესაბამისი’’. ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-20 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლებთან. ამდენად, საქალაქო სასამართლომ, გასცდა რა უფლებამოსილების ფარგლებს, იმსჯელა კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მისი შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. სავარაუდოა, რომ კანონმდებელმა აუცილებლობად სწორედ მითითებული შემთხვევა მიიჩნია, როდესაც დააწესა კონკრეტული შეზღუდვა ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი არ ზღუდავს პირს აირჩიოს სახელი, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვა სახელების რაოდენობის თვალსაზრისით, რაც განპირობებულია ქვეყანაში არსებული ტრადიციებისა თუ სხვა ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით. აპელანტს მიაჩნია, რომ კანონის ჩანაწერის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას და სასამართლოს მიერაც უნდა შეფასებულიყო საკითხი იმის თაობაზე, დაარღვია თუ არა მოქმედი კანონი ადმინისტრაციულმა ორგანომ.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს განსჯადობა განისაზღვრება კანონით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გაწერილია სასამართლოს განსჯადი საქმეები. მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის "ა" პუნქტით დადგენილია, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებელი სასამართლოს აძლევს ბერკეტს, კანონისა და კონსტიტუციის შეუსაბამობის შემთხვევაში, მიმართოს ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განსაჯოს მსგავსი საკითხი და მხოლოდ შემდეგ შეამოწმოს ადმინისტრაციული აქტებისა და კანონის შესაბამისობა, რის კომპეტენციაც მას კანონით გააჩნია.

 

3.5. აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ჩანაწერი წარმოადგენს იმპერატიულ მოთხოვნას და ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხის გადასაწყვეტად არ აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებლობა არ აძლევს საშუალებას რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება შეაფასოს კონკრეტული მოთხოვნა - განსახილველ შემთხვევაში ერთწევრიანი სახელის შეცვლა მრავალწევრიანი სახელით რამდენად შეესაბამება კანონის იმპერატიულ დანაწესს. კანონი წარმოადგენს სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული აქტს, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი პირდაპირ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს იმოქმედოს კანონის შესაბამისად და საკუთარი გადაწყვეტილებები დააფუძნოს მხოლოდ კანონზე. ცალსახაა, კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობა არ წარმოადგენს არც ადმინისტრაციული ორგანოს და არც საქალაქო სასამართლოს განსჯის საგანს. ამასთან, სადავოდ გამხდარ გადაწყვეტილებაში სასამართლო უთითებს, რომ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით (2014 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით), 2011 წლის 28 დეკემბრის შემდეგ დარეგისტრირებულ დაბადების აქტის ჩანაწერებში (მათ შორის ხელახალი რეგისტრაცია) 1072 ბავშვს აქვს ორი და მეტი წევრისგან შემდგარი სახელი. აღნიშნული ინფორმაციიდან დაუდგენელია, 1072 შემთხვევიდან, რა რაოდენობის მრავალწევრიანი სახელი იქნა რეგისტრირებული. ,,სამოქალაქო აქტები შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ორწევრიანი სახელის რეგისტრაცია დასაშვებია, კანონის შეზღუდვა ეხება მხოლოდ მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს. ამასთან, საქმის განხილვასა და გადაწყვეტასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რა რაოდენობის მრავალწევრიანი სახელი იქნა უკვე რეგისტრირებული (ტექნიკური ხარვეზის გამოისობით), რამეთუ, არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში და აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ზოგადსამართლებრივ პრინციპს.

 

3.6 აპელანტის მითითებით, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა ძირითად უფლებაში ჩარევას. სააგენტოს მიაჩნია, რომ ჩარევის ფარგლები განსაზღვრულ იქნა კანონით და არა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, აღნიშნული ლოგიკით, ნებისმიერი პირის მოთხოვნა მრავალწევრიანი სახელის რეგისტრაციის მიზნით, აპრიორი უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ, ადმინისტრაციული ორგანოს ერთ-ერთ სამოქმედო პრინციპს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიც წარმოადგენს, რაც ცხადია, აზრს უკარგავს ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ჩანაწერს. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, რომელიც ვალდებულია ყველა მონაცემი ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ასახოს მოქმედი კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2013 წლის 11 ივნისს დარეგისტრირდა ს------ო კ---ას დაბადების სააქტო ჩანაწერი (აქტი №-----------) შემდეგი მონაცემებით: სახელი - ს------ო, გვარი - კ---ა, დაბადების ადგილი - საქართველო, თბილისი, დაბადების თარიღი - 0--------- წელი, მამა: სახელი - დ-----– რ------ი ტ---------მ, გვარი - კ---ა, მოქალაქეობა - ინდოეთი, დედა: სახელი - ნ--ა, გვარი - მ-----–--ე, მოქალაქეობა - საქართველო.

 

4.3. ნ--ა მ-----–--ემ 2014 წლის 2 მაისს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მისი შვილის არასრულწლოვან ს------ო კ---ას სახელის - ს------ო შეცვლა სახელით - დ-------ი რ----------ა ს------ო. 2014 წლის 02 მაისს აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა ბავშვის მამამ - დ-----– რ------ი ტ---------მ კ---ამ. 2014 წლის 16 მაისს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ განხორციელდა მოთხოვილი ცვლილება და ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ბავშვის სახელად მიეთითა დ-------ი რ----------ა ს------ო. თუმცა, იმავე სამსახურის 2014 წლის 02 ივნისის №--------- გადაწყვეტილებით გაუქმდა ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დ-------ი რ----------ა ს------ოს არასრულწლოვნის რეგისტრაცია აღნიშვნით: ,,შეცდომა სახელში’’. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 16 ივნისის №------------ გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ არასრულწლოვანი შვილის სახელის შეცვლაზე იმ მოტივით, რომ არასრულწლოვანი შვილის სახელის ,,ს------ოს’’ შეცვლა სამწევრიანი სახელით ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

4.4. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა 2014 წლის 15 ივლისს №----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ს------ო კ---ას დაბადების აქტის ჩანაწერში სახელის ,,ს------ო’’-ს შეცვლა სახელით ,,დ-------ი რ----------ა ს------ო’’. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 15 აგვისტოს №----------- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

4.5. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციით დასტურდება, რომ 2011 წლის 28 დეკემბრის შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულია 35 დაბადების მოწმობა, სადაც სახელი შედგება ორზე მეტი წევრისაგან. მათ შორის, 19 შემთხვევაში გაიცა განმეორებითი დაბადების მოწმობა, ხოლო 16 აქტის შემთხვევაში, ელექტრონულ ბაზაში ტექნიკური ხარვეზის არსებობის გამო, დაფიქსირებულია ორზე მეტი წევრისაგან სახელის შემცველი დაბადების აქტის რეგისტრაცია და შესაბამისად, დაბადების მოწმობის გაცემის ფაქტიც. 2013 წლის ივნისის შემდგომ აღნიშნული ხარვეზი აღარ დაფიქსირებულა.

 

4.6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით (2014 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით), 2011 წლის 28 დეკემბრის შემდეგ დარეგისტრირებულ დაბადების აქტის ჩანაწერებში (მათ შორის, ხელახალი რეგისტრაცია) 1072 ბავშვს აქვს ორი ან მეტი წევრისაგან შემდგარი სახელი.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.7. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები კანონს ეწინააღმდეგებოდნენ, ასევე, ისინი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდნენ მოსარჩელეების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

4.11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ აღნიშნული უფლება იცავს ინდივიდის სახელსა და გვარს - ეს პიროვნების იდენტურობის განმსაზღვრელი ელემენტია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-17 მუხლით დადგენილია, რომ ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს. სახელის შეცვლა დასაშვებია. ამისათვის საჭიროა პირის დასაბუთებული განცხადება, რომელიც დადგენილი წესით უნდა განიხილოს სათანადო ორგანომ. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ სახელის მეშვეობით ხორციელდება ადამიანის ინდივიდუალიზება ყოფით და სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელით ადამიანი ერთგვარად დაცულია სოციალური უგულებელყოფისაგან, შესაბამისად, სახელი პიროვნების განუყოფელი ელემენტია.

 

4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ პატივს სცემენ რა და ითვლისწინებენ ინდურ ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს, გადაწყვეტეს მათი არასრულწლოვანი შვილის სახელში აესახათ მისი ინდური წარმომავლობაც. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ დ-------ი არის მათი შვილის ასტროლოგიური ნიშნით შერჩეული სახელი. კერძოდ, ასტროლოგიური ნიშნით სახელი შეირჩევა ტაძრის ქურუმის მიერ ბავშვის დაბადების ზუსტი დროის მიხედვით, ჰინდუს რელიგიის წმინდა წიგნებზე დაყრდნობითა და ასტროლოგიური გათვლების მიხედვით. ინდოელების წარმოდგენითა და ტრადიციით, პირველი სახელი, რომელიც ასტროლოგიური ნიშნით შეირჩევა, განსაზღვრავს ადამიანის ბედ-იღბალს, მის ხასიათს, პიროვნულ თვისებებსა და ფასეულობებს. დ-------ი ს------------ან (ძველინდური, ინდოევროპული ენა) ქართულად ნიშნავს გამარჯვებულს და წარმატებულს. მოსარჩელეებს სურთ, რომ მათი შვილის სახელის ნაწილი იყოს ,,დ-------ი’’, როგორც მისი ასტროლოგიური სახელი, მისი პიროვნებისა და ხასიათის განმსაზღვრელი, ზუსტად ისე, როგორც მისი მამის პირველი სახელი დ-----–ი არის ასტროლოგიური ნიშნით განსაზღვრული. ამასთან, ინდური ტრადიციით, სახელი უნდა ასახავდეს წინაპრის პატივისცემას. რ----------ა არის მეორე მოსარჩელის გამზრდელი ბაბუის სახელი, რომელსაც უდიდესი წვლილი და ამაგი მიუძღვის მეორე მოსარჩელის ცხოვრებაში და თავისი შვილისთვის ბაბუის სახელის დარქმევით, პატივს მიაგებს მას. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ რ----------ა არის ჰინდუიზმის ერთი კონკრეტული მიმდინარეობის - ვ--–----ს სახელი, რომლის მიმდევარიც არის ბავშვის მამა, მისი მშობლები და წინაპრები. მეორე მოსარჩელის შემთხვევაშიც, მეორე სახელი რ------ი გამზრდელი ბებიის ხსოვნასთან არის დაკავშირებული და არის ვ--–----ს სახელი. მიუხედავად იმისა, რომ რ------ი ქალის სახელია, იმდენად მნიშვნელოვანია, აისახოს წინაპრის პატივისცემა სახელში, რომ იგი მეორე მოსარჩელის ოფიციალური სახელის ნაწილია. ამას გარდა, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი იქნა ინდოეთში რეგისტრირებული ადვოკატ/იურისტის, გაერთიანებული სამეფოს ვ--------ს უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტის ვ------------------------ის განმარტება ინდოეთის შტატებში - ა--------------–-ა და ტ--–------–ი ჰინდუ ბავშვებისთვის სახელების დარქმევის პრაქტიკასთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ სახელები შეირჩევა შემდეგი წესით: როდესაც ჰინდუ ბავშვი იბადება, თარიღის დროისა და ადგილის მონაცემები მიეწოდება ასტროლოგს ან ჰინდუ ქურუმს. ჰინდუ ასტროლოგიურ ტექსტებზე დაყრდნობით, ასტროლოგი ან ქურუმი სთავაზობს ასოებს, რომლითაც უნდა იწყებოდეს ბავშვის სახელი. მათ აგრეთვე შეიძლება, შესთავაზონ ამა თუ იმ ღმერთის/ღვთაების სახელი, ბავშვის მავნე ზეგავლენისგან თავის დასაცავად ამ ღმერთის/ღვთაების კურთხევის მისაღებად. აღნიშნულ რეგიონში ამ ადათს ერთგულად მისდევდნენ ჰინდუს ოჯახები საუკუნეების განმავლობაში. ამასთან, რელიგიური ადათების გარდა, ძალზე მნიშვნელოვანი ტრადიციაა ბავშვისთვის ბებია-ბაბუის, წინაპრების და ა.შ. სახელების დარქმევა, რათა პატივი სცენ მათ სახელს და ასახონ ოჯახის ისტორია, მემკვიდრეობა და ფასეულობა ბავშვის სახელში, ანდა დაარქვან სახელი, რომელიც მშობლებისა და ოჯახების მიერ არის არჩეული და ასახავს მათ სურვილებს ბავშვისთვის. ზემოთ აღნიშნული ადათების გამო, მითითებულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს რამდენიმე სახელი აქვთ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა მორგებულია და ხელს უწყობს ამ ადათებს.

 

4.13. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია. მე-19 მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი კანონის მითითებული მუხლით უზრუნველყოფილი პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს სახელის არჩევის უფლებასაც, რადგან ეს არის ინდივიდის პირადი იდენტიფიცირების საშუალება.

 

4.14. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მის მიმოწერას. სააპელაციო პალატაც ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე კუზანი და ფაცო იტალიის წინააღმდეგ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს მატერიალურ-სამართლებრივ დებულებებს სახელის შესახებ, პირის სახელი, როგორც პიროვნული იდენტიფიკაციისა და ოჯახთან კავშირის გამომხატველი საშუალება, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ნაწილია (კუზანი და ფაცო იტალიის წინააღმდეგ (Cusan et Fazzo c. Italie), განაცხადი no. 77/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 7 იანვრის გადაწყვეტილება, პუნქტი 55); საქმეზე გარნაგა უკრაინის წინააღმდეგ, სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მრავალ მსგავს საქმეზე, რომელიც უკავშირდებოდა სახელის ან გვარის არჩევას ან შეცვლას, სასამართლომ დაადგინა, რომ ეს საკითხი კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში ხვდება, ვინაიდან სახელი და გვარი პირის პირად და ოჯახურ ცხოვრებას შეეხება. (გარნაგა უკრაინის წინააღმდეგ (Garnaga v. Ukraine), განაცხადი no. 16/05/2013, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება, პუნქტი 36). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით უზრუნველყოფილი პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს სახელის და გვარის არჩევის უფლებას.

 

4.15. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებაც, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული მუხლებით გარანტირებული უფლებების, მათ შორის, სახელის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების ჩარევა ამ უფლების განხორციელებაში, გარდა ისეთი ჩარევისა, რაც დაშვებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის ან უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საჯარო ხელისუფლებამ შეიძლება მართლზომიერად შეზღუდოს ზემოაღნიშნული მუხლით დაცული უფლებები, თუმცა, აღნიშნული შეზღუდვა უნდა მოხდეს იმავე მუხლებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით. კერძოდ, შეზღუდვა მართლზომიერად რომ ჩაითვალოს, უნდა იყოს კანონის შესაბამისი და ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს (ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესები, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან აცილება, ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვა და სხვ.) ან იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამდენად, შეზღუდვის მართლზომიერების განსაზღვრისას, პირველ ეტაპზე უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა ძირითად უფლებაში ჩარევის ფორმალური საფუძვლი - შეზღუდვა დაწესებულია თუ არა კანონმდებლობით, ხოლო შემდგომ უნდა დადგინდეს, არის თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

 

4.16. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვას საფუძლად დაედო ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ შეზღუდვა იყო კანონის შესაბამისი, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, შეზღუდვის მართლზომიერად მიჩნევისთვის საკმარისი არ არის მისი კანონშესაბამისობა. შეზღუდვა, კანონშესაბამისობასთან ერთად, უნდა ისახავდეს ლეგიტიმურ მიზანს და უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ანუ უნდა წარმოადგენდეს თანაბარზომიერ და აუცილებელ ღონისძიებას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. თუ რომელიმე ეს კომპონენტი არ არის დაკმაყოფილებული, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სახეზეა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.

 

4.17. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ თანაზომიერების პრინციპი, რომელიც დაცული უნდა იყოს ძირითადი უფლების შეზღუდვისას, კრძალავს მმართველობითი ღონისძიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას. ეს პრინციპი თავის მხრივ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპიდან, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო ინტერესების დაცვისათვის გარდაუვალი საშუალებაა. თანაზომიერების პრინციპის შემოწმებისას მოწმდება გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება. კერძოდ, თანაზომიერების პრინციპის თანახმად, ძირითად უფლებაში ჩარევა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს. შემდეგ ეტაპზე უნდა დადგინდეს, რომ ნორმატიული აქტით შერჩეული საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოსადეგია. მესამე ეტაპია, დასახული მიზნის მისაღწევად ძირითად უფლებაში ჩარევის აუცილებელებლობა. აუცილებელია ის საშუალება, რომელიც სხვადასხვა ალტერნატიული საშუალებიდან ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანია, როგორც უფლების სუბიექტისთვის, ისე საზოგადოებისთვის. თანაზომიერების პრინციპის მეოთხე ელემენტია პროპორციულობა. იგი განსაზღვრავს დამოკიდებულებას მიზანსა და საშუალებას შორის, კერძოდ, იმყოფება თუ არა საშუალებით (ნორმატიული აქტით) გამოწვეული უფლების შეზღუდვა შეზღუდვის მიზანთან პროპორციულ, თანაზომიერ დამოკიდებულებაში.

 

4.18. საქალაქო სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღებას იმის შესახებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა განმარტებით, სახელების რაოდენობრივი შეზღუდის მიზანს წარმოადგენს მრავალწევრიანი სახელების ელექტრონულად და მატერიალურად (ქაღალდის ბლანკზე) დატანის სირთულის თავიდან აცილება, თუმცა დადგენილია, რომ 2011 წლის 28 დეკემბრის (,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელების) შემდგომ, სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გაცემულია 35 დაბადების მოწმობა, სადაც სახელი შედგება ორზე მეტი სახელისაგან/ნაწილისგან, მათ შორის, 19 შემთხვევაში გაცემულ იქნა განმეორებითი დაბადების მოწმობა, ხოლო 16 აქტის შემთხვევაში, ელექტრონულ ბაზაში ტექნიკური ხარვეზის არსებობის გამო, დაფიქსირებული ორზე მეტი სახელისაგან შემდგარი სახელის შემცველი დაბადების აქტის რეგისტრაცია. მოსარჩელეთა შემთხვევაშიც ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული იყო დ-------ი რ----------ა ს------ო კ---ას სახელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით გაამართლებდა ძირითად უფლებაში ჩარევას, ასევე, ვერ იქნა დადასტურებული აღნიშნული ჩარევის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს, თუ რატომ აჭარბებს სახელმწიფოს ინტერესი - არ დარეგისტრირდეს მრავალწევრიანი (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარი) სახელი, მოსარჩელეთა ინტერესს - მათი შვილის სახელში აისახოს მამის ინდური წარმომავლობა და ტრადიციები, რაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 16 ივნისის №------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

 

4.19. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178.1 მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსი 193-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ. ხოლო 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ იქნა მიჩნეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 16 ივნისის №------------ გადაწყვეტილება ნ--ა მ-----–--ის არასრულწლოვანი შვილის ს------ო კ---ას სახელის შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, საქალაქო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 15 აგვისტოს №----------- გადაწყვეტილებაც და შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ს------ო კ---ას დაბადების აქტის ჩანაწერში სახელი ს------ო შეიცვლება სახელით დ-------ი რ----------ა ს------ო.

 

4.20. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, თითქოს საქალაქო სასამართლო გასცდა თავის უფლებამოსილების ფარგლებს და იმჯელა კანონის კონსტიტუციურობის საკითხზე, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს. სააპელაციო პალატა აპელანტის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში არსად არ უმსჯელია ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე და არ დაუდგენია ამ ნორმის არაკონსტიტუციურობა და ბუნებრივია ვერც დაადგენდა, ვინაიდან ამ საკითხზე მსჯელობა ნამდვილად წარმოადგენს არა საერთო სასამართლოების, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის სფეროს. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საკითხზე, რა დროსაც მიიჩნია, რომ სახელმწიფოს ინტერესი - არ დარეგისტრირდეს მრავალწევრიანი (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარი) სახელი, განსახილველ შემთხვევაში ვერ აჭარბებს მოსარჩელეთა ინტერესს - მათი შვილის სახელში აისახოს მამის ინდური წარმომავლობა და ტრადიციები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები ქეთევან დუგლაძე

 

ნათია ქუთათელაძე