განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310015817416 (3ბ/1268-16)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 თებერვალი, 2017 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - გვანცა ნიკოლიშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ააიპ ,,ქ--–-------–---------------------------------ი”, ე---–--------–ი, ნ------------–--ა, თ-----------------ე, ს-----------------ე, ნ--------–---–--ა, მ------------–-–---–ი, ს----------------ე, ს--–-------------–--ე, ნ------------–---–ი, ა-–--------------------–--ე, ი------------ე, თ------------------ე
წარმომადგენლები - შ---------–---–--ე, ც---–----------ი
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ე---–-------–ის, ნ------------–--ას, თ-----------------ის, ს-----------------ის, ნ--------–---–--ას, მ------------–-–---–ის, ს----------------ის, ნ-------------–---–-ს, ა-–--------------------–--ის, ი--------------, თ------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისთვის 1000 ლარის გადახდა, ხოლო ს--–-------------–--ის სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 02 მაისს ააიპ ,,ქ--–-------–---------------------------------ის“ პროექტის მენეჯერმა ე---–--------–მა თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსს მიმართა წერილობითი განცხადებით და აცნობა, რომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გეგმავდა მშვიდობიან აქციას 17 მაისთან (ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე) დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში. აქციის განხორციელება კი დაგეგმილი იყო 2013 წლის 17 მაისს ქ. თბილისში, რ---------–-ს გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში.
2.2. განმცხადებელი განმარტავდა, რომ არ მოხდებოდა მიმდებარე ქუჩების სავალი ნაწილის მთლიანი ან ნაწილობრივი გადაკეტვა და ითხოვდა ნების დართვას ამ აქტივობების განსახორციელებლად.
2.3. ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2013 წლის 10 მაისის მიმართვით, 2013 წლის 02 მაისის განცხადების პასუხად, ააიპ ,,ქ--–-------–--------------------------------ს“ განემარტა შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვისადმი კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, პასუხისმგებლობა შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დამრღვევი პირებისადმი.
2.4. 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის გამართვისადმი ნეგატიური დამოკიდებულების დაფიქსირების მიზნით რ---------–-ს გამზირზე პარალელურად გაიმართა საპროტესტო აქცია. შედეგად, მოსარჩელეთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აქცია ჩაეტარებინათ თბილისში, ა-–--------------–----ს სახელობის სკვერში.
2.5. კონტრდემონსტრანტებმა გადალახეს პოლიციის კორდონი და შეკრების ხელშეშლის მიზნით, განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მოწოდებით, გაემართნენ ა-–--------------–----ს სახელობის სკვერისკენ, მთლიანად დაიკავეს აქციის ჩასატარებლად გამოყოფილი სივრცე, რის გამოც მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მათი შეკრების უფლების განხორციელება და აქციის ჩატარება.
2.6. კონტრდემონსტრანტთა მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელეებისადმი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, ერთ-ერთ მოსარჩელეს ს--–-------------–--ეს კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია თავის ტვინის შერყევა.
2.7. თბილისის ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმის გამოძიება 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).
2.8. აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად იქნა ცნობილი 5 პირი, მათ შორის, მოსარჩელე თ-----------------ე.
2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით (საქმე №1/2767-13; გამოძიების №------------) სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში ბრალდებული პირები გამართლდნენ.
2.10. დადგინდა, რომ 2013 წლის 17 მაისს, რ---------–-ს გამზირსა და თ---------–---ს მოედანზე მიმდინარე აქციების დროს, საზოგადოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 765 თანამშრომელი. ამასთან, ვ-------ა და გ------–---–-ს ქუჩებზე განთავსებულ კორდონში მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
2.13. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე- 5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თ---------–---სა და უსაფრთხოების უფლება“.
2.14. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
2.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
2.16. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
2.18. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არა სახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახე. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.’’
2.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
2.20. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება.
2.21. მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
2.22. საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.’’
2.23. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
2.24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
2.25. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
2.26. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
2.27. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ ისე გარეთ.
2.28. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას სახელმწიფოსათვის, ორგანიზაციისა და მოქალაქისათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.29. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თ---------–---სა. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
2.30. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად, ყველას აქვს მშიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება, მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
2.31. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.
2.32. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლების გამო შეილახა მათი პატივი და ღირსება, ააიპ ,,ქ--–-------–---------------------------------ის“ საქმიანი რეპუტაციის უფლება, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზება.
2.33. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, დემოკრატიის პრინციპს უკავშირდება ძირითადი უფლებების, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლის აღიარება კონსტიტუციის მიერ. კონსტიტუციის მე-7 მუხლი ადგენს ხელისუფლების განხორციელებისას ხალხისა და სახელმწიფოს შეზღუდვას ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ეს ჩანაწერი ძირითად უფლებებს ანიჭებს ხელისუფლების მბოჭავ ძალას, იცავს ადამიანს სახელისუფლებო თვითნებობისაგან. ამგვარი მიდგომის არარსებობის შემთხვევაში, კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს მხოლოდ დეკლარაციული დატვირთვა ექნებოდა, იქცეოდა გამოფიტულ წინადადებებად, ადამიანი მოკლებული იქნებოდა კონსტიტუციურ-სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო სახელმწიფოს კი თვითნებური მოქმედებისა და ძირითადი უფლებების იგნორირების უკიდეგანო შესაძლებლობები მიეცემოდა.
2.34. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ღირსება ადამიანს აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე, ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი.
2.35. ღირსება ასევე არ შეიძლება იქნეს განხილული, როგორც მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტური კონსტუტუციური უფლების ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები. პირის სამართლებრივი სტატუსის საფუძველში დევს ღირსების იდეა, ხოლო სამართლებრივი დაცვის პრინციპის, როგორც პიროვნების სოციალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალების, საფუძველი არის პიროვნების ღირსების უზრუნველყოფის პრინციპი. ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას (საქართველოს საკონსტიტუცის სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება).
2.36. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვიდეომასალით დგინდება, რომ მოსარჩელეთა მიმართ სხვა პირების მიერ განხორციელდა ღირსების შემლახველი ქმედებები, მათ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც ცალსახად წარმოადგენს მოსარჩელეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევას.
2.37. წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა უშუალოდ შეეხება სახელმწიფოს. ეს აკრძალვა მისი ნეგატიური ვალდებულებაა. მაგრამ მას იმავდროულად ეკისრება პოზიტიური ვალდებულებაც იმისა, რომ თავის იურისდიქციაში მყოფი ადამიანები დაიცვას კერძო პირთა მხრიდან ასეთი მოპყრობისაგან.
2.38. სახელმწიფოს ევალება ადამიანებს ააცილოს უკანონო მოპყრობის რეალური და უშუალო რისკი, თუკი მას გააჩნია შესაბამისი ინფორმაცია, ან ვალდებულია გააჩნდეს იგი. (Z v United Kingdom, App. No. 29392/95 (Comm.Rep 10.9.99.)(para94). ეს ვალდებულება უნდა მოიცავდეს ეფექტურ დაცვას, მათ შორის, კონკრეტული პირის ან პირების დაცვას მესამე პირთა მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებებისგან, ასევე გონივრულ ზომებს რომ აღკვეთილ იქნეს ფიზიკური ძალადობა, რომელიც ხელისუფლების ორგანოებისთვის ცნობილი იყო ან მათ ამის შესახებ უნდა სცოდნოდათ ( T.M.and C.M. v. the Republic of Moldova, № 26608/11, 38-ე პარაგრაფი, 2014 წლის 28 იანვარი).
2.39. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია აქციის ორგანიზატორის მიმართვა ქალაქ თბილისის მერიისადმი, სადაც განმარტებულია აქციის ჩატარების დრო, ადგილი და მიზანი. დადგინდა, რომ აქციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გადმოიცემოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითაც. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ სახელმწიფოსთვის ცნობილი იყო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციის გამართვის შესახებ. ამასთან, ცნობილი იყო სექსუალური უმცირესობების მიმართ ზოგადი არაკეთილგანწყობილი ფონის შესახებ, მათ მიერ კონტრდემონსტრაციის ჩატარების განზრახვის შესახებ და შესაძლებელი იყო მოსარჩელეთა მიმართ შესაძლო ძალადობის განხორციელების განჭვრეტადობა.
2.40. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოება არის პირთა უფლებების, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების, საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების ურღვევობა. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.
2.41. დადგინდა, რომ აქციის ჩატარების ადგილას იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა აქციის ტერიტორიაზე პოლიციელების მობილიზება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყო პირთა კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დაცვა. საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულის ფონზე, შესაძლებელი იყო რისკების სათანადო შეფასება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის ვალდებულებაცაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული, კანონით მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველეყო მოსარჩელეთა დაცვა ღირსებისა და პატივის შემლახველი ქმედებებისაგან, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისაგან.
2.42. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო იღებს რა ვალდებულებას ერთნაირად უზრუნველყოს პირთა ჯგუფის თუ ცალკეულ პირთა უფლება, აზრის მათთვის სასურველი ფორმით თავისუფლად გამოხატვაზე, იმავდროულად ვალდებულია უზურნველყოს სხვა პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი, კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით აღიარებული სხვა სიკეთეები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება № 2/2/180-183 საქმეზე).
2.43. მიუხედავად შეკრების უფლების წმინდა თავდაცვითი (ნეგატიური) ფუნქციისა, იგი წარმოშობს სახელმწიფოს დაცვის ვალდებულებას. კონსტიტუციით დაცული ეს სიკეთე შეიძლება შელახული იქნეს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ასევე მესამე პირების მხრიდანაც. სწორედ ამიტომ არის სახელმწიფო ვალდებული, უზრუნველყოს შეკრების ან მანიფესტაციის მშვიდობიანი ჩატარება. მაგალითად, დაიცვას შეკრებაში მონაწილე პირები სხვა მოწინააღმდეგე დემონსტრაციაში მონაწილეთაგან.
2.44. საქალაქო სასამართლომ დამატებით მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებაზე (საჩივარი №73235/12), რომელიც შეეხებოდა 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საკითხი, მიადგა თუ არა მომჩივნებს სხეულის გარკვეული სიმძიმის დაზიანება, ნაკლებად რელევანტურია. ცამეტივე მომჩივანი ფიზიკური პირი გახდა სიძულვილის ენის და აგრესიის სამიზნე, და ამ ფაქტს მთავრობა სადავოდ არ ხდის იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნები ადამიანების განრისხებული ბრბოთი იყვნენ გარშემორტყმულნი, რომელიც მათ რაოდენობით აღემატებოდა და სიკვდილით ემუქრებოდა, ხოლო შიგადაშიგ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადიოდა, რაც განხორციელებული მუქარის რეალურ ხასიათზე, და აშკარა ჰომოფობიური დისკრიმინაციული ფაქტორის დამამძიმებელ გარემოებაზე მეტყველებს, არსებული სიტუაცია უკვე საკმარისი იყო, რომ ძლიერი შიში და მღელვარება აღეძრა. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზანს აშკარად წარმოადგენდა მომჩივნების დაშინება, რათა მათ შეეწყვიტათ ლგბტ საზოგადოების მიმართ თავიანთი მხარდაჭერის საჯარო გამოხატვა (შედარებისთვის იხ: Members of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses and Others, ზემოთ აღნიშნული, 105-ე პარაგრაფი). მომჩივნების ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო უნდა დაემძიმებინა იმ ფაქტს, რომ პოლიციის დაცვა, რომელიც მათთვის მსვლელობის დაწყებამდე იყო შეპირებული, დროულად და ადექვატურად არ იქნა უზრუნველყოფილი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიციის ორგანოები შესაბამისად ინფორმირებულნი იყვნენ ლგბტ საზოგადოების მიერ თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობის გამართვის განზრახვის შესახებ. მსვლელობის ორგანიზატორებმა კონკრეტულად მოითხოვეს, რომ პოლიციას ჰომოფობიური და ტრანსფობიური იდეოლოგიის მქონე მოსახლეობის მოსალოდნელი პროტესტისგან მათი დაცვა უზრუნველყო. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ლგბტ საზოგადოების მიმართ მტრული დამოკიდებულების წარსულს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისთვის ცნობილი იყო ან უნდა ყოფილიყო იმ რისკების შესახებ, რომელიც საზოგადოების აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფის მიერ საჯარო მსვლელობის ჩატარებას უკავშირდებოდა, შესაბამისად ჰქონდათ გაძლიერებული სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება.
2.45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარება პირთა ძირითადი უფლებაა, რომელიც არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუმცა კანონის შესაბამისად გამართული აქციის ჩატარებისას, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს აქციის მონაწილე პირთა უსაფრთხოება და დაცვა, მათ შორის, მესამე პირებისაგანაც. დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის დასაცავად რ---------–-ს გამზირსა და თ---------–---ს მოედანზე მიმდინარე აქციების დროს გამოყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 765 თანამშრომელი. ამასთან, ვ-------ა და გ------–---–-ს ქუჩებზე განთავსებულ კორდონში მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, თუმცაღა აღნიშნული არ იყო საკმარისი პირთა ღირსების და პატივის უფლების, პირადი ხელშეუხებლობის, ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენებისაგან დასაცავად. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გამოეყო შესაბამისი ოდენობის და შესაბამისი აღჭურვილობის მქონე პოლიციელები და სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოეყენებინა პირთა ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობისა და მართლწესრიგის დასაცავად.
2.46. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე და მე-18 მუხლები, რომლებშიც ჩამოთვლილია ის სამართლებრივი სიკეთე, რომლის ხელყოფაც იწვევს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
2.47. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.
2.48. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე ცალსახად დადგინდა ეკა წ--------–------ს, ნ------------–--------ს, თ-----------------------ს, ს-----------------------ს, ნ--------–---–--------ს, მ-------------–---–------ს, ა-–--------------------–--ისთვის, ი--------------ა და თ------------------------ს მორალური ზიანიას ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, რადგან აღნიშნული პირების ღირსება და პატივი იქნება შელახული, რაც გამოწვეული იქნა კონტრდემონსტარნტთა მიერ მოსარჩელეთა მიმართ განხორციელებული ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით. მოპყრობა (ფიზიკური ძალადობა) შესაძლოა, დამამცირებლად განვიხილოთ, როდესაც ის მსხვერპლში ისეთ შიშს, ტკივილს და არასრულფასოვნების შეგრძნებას იწვევს, რომელიც მას ამცირებს და შეურაცხყოფს (Gäfgen v. Germany [GC], № 22978/05, 103-ე პარაგრაფი, 2010 წლის 1 ივნისი, და remia v. the Republic of Moldova, № 3564/11, 54-ე პარაგრაფი, 2013 წლის 28 მაისი). მხოლოდ ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აქციის ჩატარება, არ შეიძლება გახდეს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი, თუმცაღა სახელმწიფოს მიერ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუხორციელებლობა, მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის კერძო პირებისაგან დაცვის მაღალი სტანდარტის ვერ შექმნა, რასაც მოჰყვა აღნიშნულ პირთა პატივის, ღირსების და პირადი ხელშეუხებლობის დარღვევა, წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს. კონტრდემონსტრანტთა ძალადობა, რომელიც გამოიხატებოდა მუქარასა და შეურაცხყოფაში და თან ახლდა ფიზიკური ძალადობაც, მოსარჩელეების მიერ აღიქმებოდა რეალურად და უქმნიდა შიშს, დაძაბულობას. სახელმწიფოს კი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან სექსუალური უმცირესობების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით და მსვლელობის ორგანიზატორების მხრიდან წინასწარი ინფორმირების პირობებში, გააჩნდა პოზიტიური ვალდებულება, დაეცვა დემონსტრაციის მონაწილეები.
2.49. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 27-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესები.
2.50. ააიპ ,,ქ--–-------–---------------------------------ის“ მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, სასამართლომ განმარტა, რომ იურიდიული პირი წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელიც საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და აგებს პასუხს, ამასთან, მას შეუძლია დაიცვას თავისი წევრი ფიზიკური პირების უფლებები, თუმცაღა იურიდიული პირის წევრის უფლების დარღვევა ავტომატურად არ ნიშნავს იურიდიული პირის უფლების დარღვევას, რამეთუ პირს, რომლის ინტერესიც შეილახა, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთარი უფლებები.
2.51. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა წარმომადგენელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ააიპ ,,ქ--–-------–--------------------------------ს“ შეელახა საქმიანი რეპუტაცია, ვინაიდან სწორედ იგი იყო 2013 წლის 17 მაისის აქციის ორგანიზატორი, ხოლო აქციის ჩატარება ვერ განხორციელდა, უფრო მეტიც, ვერ იქნა უზრუნველყოფილი აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება.
2.52. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქმიანი რეპუტაციის ქვეშ იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება. შესაბამისად, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რასაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, მიმართული უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანი ოპერაციებისათვის, მისი პროფესიული თვისებების დისკრედიტაციისათვის, რითაც პირს შეძლება მიადგეს მატერიალური ზიანიც.
2.53. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
2.54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
2.55. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ააიპ ,,ქ--–-------–-----------------------------------ა“ ვერ დაამტკიცა მოპასუხის მიმართ თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, არ დასტურდება მოპასუხის ქმედებების შედეგად იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტი. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.56. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელე ფიზიკურ პირთა მოთხოვნა საფუძვლიანია, თუმცა მორალური ზიანი არის ის განცდა თუ ფიზიკური ტკივილი, რომელსაც უშუალოდ დაზარალებული განიცდის. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისთვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა.
2.57. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკომონიკურ შინაარსს, არ გააჩნია ღირებულება, სწორედ ამიტომ ამგვარი ზიანის დამტკიცებისთვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მისი ანაზღაურების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს, დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მხრიდან. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
2.58. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის ცხოვრების პირობებს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს. ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების სრული რესტიტუცია, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული უხერხულობის, ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.
2.59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ე---–-------–ის, ნ------------–--ას, თ-----------------ის, ს-----------------ის, ნ--------–---–--ას, მ------------–-–---–ის, ს----------------ის, ნ------------–---–ის, ა-–--------------------–--ის, ი--------------, თ------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თითოეულისთვის 1000 ლარის გადახდა, ხოლო ს--–-------------–--ის სასარგებლოდ - 1500 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლო აკეთებს დასკვნას პირის ბრალეულობის ფაქტთან დაკავშირებით და ადგენს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს კომპენეტციას. აღნიშნულის მტკიცებულებად აპელანტი უთითებს გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 გვერდებზე.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას დაუსაბუთებელია და უფრო მეტიც, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება არასრული და ურთიერთსაწინააღმდეგოა. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლში, რომლის თანახმად, ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისგან. თუ პირის ღირსების, პატივის, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამგვარი საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს. პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისთვის მიიღო საზღაური. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხეწლმყოფს, ხელმყოფის ვინაობა რომ ამ ეტაპზე დადგენილი არ არის ამ ფაქტს თავად სასამართლოც არ უარყოფს, (N3/202-14 გადაწყვეტილება).
3.3. აპელანტის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. შეჯიბრებითობის პრინციპით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს ეკისრებათ იმ გარემოებათა მტკიცება, რაც მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სარჩელში მითითებულ გარემოებათა შეფასება უნდა მოხდეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აპელანტის მითითებით, 2013 წლის 17 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაიგეგმა მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები, რომლებშიც მობილიზებული იყო ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები. რ---------–-ს გამზირსა და თ---------–---ს მოედანზე მიმდინარე აქციების დროს საზოგადოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2756 თანამშრომელი. პოლიციის დანაყოფები ოპერატიულ ვითარებაზე კონტროლის დაწესების მიზნით გადანაწილებულნი იყვნენ ფილარმონიიდან თ---------–---ს მოედნამდე ალ.ჭავჭავაძის, მ.ლაღიძის, გ.ჭანტურიას, ფურცელაძის, ტ.შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, 9 აპრილის, რ.ლაღიძის, ვ.აბაშიძის, გ.ლეონიძის, გ.ტაბიძის, შ.დადიანის ქუჩებსა და პუშკინის სკვერში. ვ-------ა და გ------–---–-ს ქუჩებზე აქციაზე განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, სამართალდამცავთა რაოდენობა დროის სხვადასხვა მონაკვეთში განისაზღვრებოდა იმ რაოდენობითა და კონტიგენტით, რაც აუცილებელი იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად, ამასთან, ვინაიდან აქციის ჩატარება არ იყო დაგეგმილი ვ-------ა და გ------–---–-ს ქუჩებზე, მითითებულ ტერიტორიაზე დემონსტრანტთა მსვლელობის დროს უსაფრთხოების ზომების განსახორციელებლად მობილიზებულ იქნა ორასამდე სამართალდამცავი. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების შექმნისა და დარღვევათა პრევენციის მიზნით, ვინაიდან სამინისტროს გააჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო კონტრდემონსტრანტთა რიგებს შეერთებოდა მღვდელმსახურთა დიდი რაოდენობა, აღნიშნულის გათვალისწინებით, აქციის ჩატარებამდე ორი დღით ადრე საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა აქციის მონაწილეთა მიმართ აგრესიული ქმედებების განეიტრალებაში დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სასულიერო პირების თ---------–---ს მოედანზე დაშვება მიზნად ისახავდა აქციის მონაწილეთა აგრესიული ნაწილის მიმართ წესრიგის დაცვისაკენ მოწოდებას და ზოგადად, აგრესიული ქმედებების განეიტრალებას. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ი----------ს“ შორის არსებული წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში აქციის მონაწილეთა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უნდა განხორციელებულიყო სამინისტროს მიერ საგანგებოდ მობილიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. ასევე, აქციის ჩატარების ადგილზე სამართალდამცველთა მიერ მოეწყო ბარიერები, მობილიზებული იყო მუნიციპალური ტრანსპორტი, გაკეთდა დერეფანი, რომლის საშუალებითაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნებოდა აქციის მონაწილეთა უსაფრთხოდ გადაყვანა. აპელანტის განმარტებით, მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა კონტრდემონსტრანტთა დიდი ოდენობა, სამინისტროს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ი----------ს“ ხელმძღვანელს, შესთავაზეს აქციის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით გადასულიყვნენ რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათი გადაადგილება მოხდებოდა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით. აღნიშნულზე განაცხადეს უარი იმ მოტივით, რომ მონიტორინგის მიზნით მოწვეული, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრები უნდა მისულიყვნენ სწორედ პუშკინის სკვერთან. აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე მისი მშვიდობიანად ჩატარებისა და დასრულების მიზნით, თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით მინიჭებული ყველა საჭირო პროპორციული და ადეკვატური ღონისძიება, რათა აქციას ჰქონოდა მშვიდობიანი ხასითი და მსვლელობაში მონაწილე პირები ყოფილიყვნენ სათანადოდ დაცულნი.
3.4. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო ვერ მიუთითებს, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალეული ქმედება და წარმოშობილი მორალური ზიანი, ვერ მიუთითებს მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლებზე. სასამართლო ვერ ასაბუთებს, უკავშირდება თუ არა მოპასუხეების მოვალეობების ჯეროვან შეუსრულებლობას მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი, რაც ზიანის დაკისრებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად პირს, რომელსაც სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიადგება ზიანი, ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან ცალსახაა, რომ ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის საჭიროა სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტსაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ, რომ არსებობს მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი, აღნიშნული კი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არ წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
3.5. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, ზიანის მიმყენებელმა ზიანი სრულად უნდა აანაზღაუროს: იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, დაზარალებულს მიეცემა ფულადი ანაზღაურება (სსკ-ის 409-ე მუხლი). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივად და იურიდიულად არ არის დასაბუთებული, იგი უნდა გაუქმდეს, მიღებული იქნეს საქმეზე ახალი გადაწყვეტიელბა და მოსარჩელეს სრულად ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 02 მაისს ააიპ ,,ქ--–-------–---------------------------------ის“ პროექტის მენეჯერმა ე---–--------–მა თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსს მიმართა წერილობითი განცხადებით და აცნობა, რომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გეგმავდა მშვიდობიან აქციას 17 მაისთან (ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე) დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში. აქციის განხორციელება კი დაგეგმილი იყო 2013 წლის 17 მაისს ქ. თბილისში, რ---------–-ს გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში.
4.3. განმცხადებელი განმარტავდა, რომ არ მოხდებოდა მიმდებარე ქუჩების სავალი ნაწილის მთლიანი ან ნაწილობრივი გადაკეტვა და ითხოვდა ნების დართვას ამ აქტივობების განსახორციელებლად.
4.4. ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2013 წლის 10 მაისის მიმართვით, 2013 წლის 02 მაისის განცხადების პასუხად, ააიპ ,,ქ--–-------–--------------------------------ს“ განემარტა შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვისადმი კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, პასუხისმგებლობა შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დამრღვევი პირებისადმი.
4.5. 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის გამართვისადმი ნეგატიური დამოკიდებულების დაფიქსირების მიზნით, რ---------–-ს გამზირზე პარალელურად გაიმართა საპროტესტო აქცია. შედეგად, მოსარჩელეთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აქცია ჩაეტარებინათ თბილისში, ა-–--------------–----ს სახელობის სკვერში.
4.6. კონტრდემონსტრანტებმა გადალახეს პოლიციის კორდონი და შეკრების ხელშეშლის მიზნით, განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მოწოდებით, გაემართნენ ა-–--------------–----ს სახელობის სკვერისკენ, მთლიანად დაიკავეს აქციის ჩასატარებლად გამოყოფილი სივრცე, რის გამოც მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მათი შეკრების უფლების განხორციელება და აქციის ჩატარება.
4.7. კონტრდემონსტრანტთა მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელეებისადმი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, ერთ-ერთ მოსარჩელეს ს--–-------------–--ეს კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია თავის ტვინის შერყევა.
4.8. თბილისის ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დაიწყო სისხლის სამართლის №------------ საქმის გამოძიება 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).
4.9. აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად იქნა ცნობილი 5 პირი, მათ შორის, მოსარჩელე თ-----------------ე.
4.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით (საქმე №1/2767-13; გამოძიების №------------) სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში ბრალდებული პირები გამართლდნენ.
4.11. დადგინდა, რომ 2013 წლის 17 მაისს, რ---------–-ს გამზირსა და თ---------–---ს მოედანზე მიმდინარე აქციების დროს, საზოგადოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 765 თანამშრომელი. ამასთან, ვ-------ა და გ------–---–-ს ქუჩებზე განთავსებულ კორდონში მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
სამართლებრივი დასაბუთება
4.12. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.13. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით („თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“). სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
4.14. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც: ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არა სახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახე. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.’’
4.15. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება. მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.’’ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ ისე გარეთ. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას სახელმწიფოსათვის, ორგანიზაციისა და მოქალაქისათვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.16. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად, ყველას აქვს მშიდობიანი შეკრებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლება, მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება საკუთარი ინტერესების დასაცავად. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელების შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. იმავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.
4.17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლების გამო შეილახა მათი პატივი და ღირსება, ააიპ ,,ქ--–-------–---------------------------------ის“ საქმიანი რეპუტაციის უფლება, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზება. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ დემოკრატიის პრინციპს უკავშირდება ძირითადი უფლებების, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლის აღიარება კონსტიტუციის მიერ. კონსტიტუციის მე-7 მუხლი ადგენს ხელისუფლების განხორციელებისას ხალხისა და სახელმწიფოს შეზღუდვას ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ეს ჩანაწერი ძირითად უფლებებს ანიჭებს ხელისუფლების მბოჭავ ძალას, იცავს ადამიანს სახელისუფლებო თვითნებობისაგან. ამგვარი მიდგომის არარსებობის შემთხვევაში, კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს მხოლოდ დეკლარაციული დატვირთვა ექნებოდა, იქცეოდა გამოფიტულ წინადადებებად, ადამიანი მოკლებული იქნებოდა კონსტიტუციურ-სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ხოლო სახელმწიფოს კი თვითნებური მოქმედებისა და ძირითადი უფლებების იგნორირების უკიდეგანო შესაძლებლობები მიეცემოდა. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ღირსება ადამიანს აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე, ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ღირსება ასევე არ შეიძლება იქნეს განხილული, როგორც მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტური კონსტუტუციური უფლების ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები. პირის სამართლებრივი სტატუსის საფუძველში დევს ღირსების იდეა, ხოლო სამართლებრივი დაცვის პრინციპის, როგორც პიროვნების სოციალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალების, საფუძველი არის პიროვნების ღირსების უზრუნველყოფის პრინციპი. ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად, ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას (საქართველოს საკონსტიტუცის სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება).
4.18. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეომასალის შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიმართ სხვა პირების მიერ განხორციელდა ღირსების შემლახველი ქმედებები, მათ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც ცალსახად წარმოადგენს მოსარჩელეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევას. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის აკრძალვა უშუალოდ შეეხება სახელმწიფოს. ეს აკრძალვა მისი ნეგატიური ვალდებულებაა. მაგრამ მას იმავდროულად ეკისრება პოზიტიური ვალდებულებაც იმისა, რომ თავის იურისდიქციაში მყოფი ადამიანები დაიცვას კერძო პირთა მხრიდან ასეთი მოპყრობისაგან. სახელმწიფოს ევალება ადამიანებს ააცილოს უკანონო მოპყრობის რეალური და უშუალო რისკი, თუკი მას გააჩნია შესაბამისი ინფორმაცია, ან ვალდებულია გააჩნდეს იგი. (Z v United Kingdom, App. No. 29392/95 (Comm.Rep 10.9.99.)(para94). ეს ვალდებულება უნდა მოიცავდეს ეფექტურ დაცვას, მათ შორის, კონკრეტული პირის ან პირების დაცვას მესამე პირთა მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებებისგან, ასევე გონივრულ ზომებს, რომ აღკვეთილ იქნეს ფიზიკური ძალადობა, რომელიც ხელისუფლების ორგანოებისთვის ცნობილი იყო ან მათ ამის შესახებ უნდა სცოდნოდათ ( T.M.and C.M. v. the Republic of Moldova, № 26608/11, 38-ე პარაგრაფი, 2014 წლის 28 იანვარი).
4.19. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია აქციის ორგანიზატორის მიმართვა ქალაქ თბილისის მერიისადმი, სადაც განმარტებულია აქციის ჩატარების დრო, ადგილი და მიზანი. დადგინდა, რომ აქციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გადმოიცემოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითაც. სააპელაციო პალატის მოსაზრებიტაც, ყოველივე ეს ადასტურებს, რომ სახელმწიფოსთვის ცნობილი იყო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციის გამართვის შესახებ. ამასთან, ცნობილი იყო სექსუალური უმცირესობების მიმართ ზოგადი არაკეთილგანწყობილი ფონის შესახებ, მათ მიერ კონტრდემონსტრაციის ჩატარების განზრახვის შესახებ და შესაძლებელი იყო მოსარჩელეთა მიმართ შესაძლო ძალადობის განხორციელების განჭვრეტადობა. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოება არის პირთა უფლებების, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების, საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების ურღვევობა. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ აქციის ჩატარების ადგილას იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა აქციის ტერიტორიაზე პოლიციელების მობილიზება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყო პირთა კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დაცვა. საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულის ფონზე, შესაძლებელი იყო რისკების სათანადო შეფასება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის ვალდებულებაცაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული, კანონით მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველეყო მოსარჩელეთა დაცვა ღირსებისა და პატივის შემლახველი ქმედებებისაგან, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისაგან. სახელმწიფო იღებს რა ვალდებულებას ერთნაირად უზრუნველყოს პირთა ჯგუფის თუ ცალკეულ პირთა უფლება, აზრის მათთვის სასურველი ფორმით თავისუფლად გამოხატვაზე, იმავდროულად ვალდებულია უზურნველყოს სხვა პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი, კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით აღიარებული სხვა სიკეთეები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება № 2/2/180-183 საქმეზე). მიუხედავად შეკრების უფლების წმინდა თავდაცვითი (ნეგატიური) ფუნქციისა, იგი წარმოშობს სახელმწიფოს დაცვის ვალდებულებას. კონსტიტუციით დაცული ეს სიკეთე შეიძლება შელახული იქნეს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ასევე მესამე პირების მხრიდანაც. სწორედ ამიტომ არის სახელმწიფო ვალდებული, უზრუნველყოს შეკრების ან მანიფესტაციის მშვიდობიანი ჩატარება. მაგალითად, დაიცვას შეკრებაში მონაწილე პირები სხვა მოწინააღმდეგე დემონსტრაციაში მონაწილეთაგან. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებაზე (საჩივარი №73235/12), რომელიც შეეხებოდა 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საკითხი, მიადგა თუ არა მომჩივნებს სხეულის გარკვეული სიმძიმის დაზიანება, ნაკლებად რელევანტურია. ცამეტივე მომჩივანი ფიზიკური პირი გახდა სიძულვილის ენის და აგრესიის სამიზნე, და ამ ფაქტს მთავრობა სადავოდ არ ხდის იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნები ადამიანების განრისხებული ბრბოთი იყვნენ გარშემორტყმულნი, რომელიც მათ რაოდენობით აღემატებოდა და სიკვდილით ემუქრებოდა, ხოლო შიგადაშიგ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადიოდა, რაც განხორციელებული მუქარის რეალურ ხასიათზე, და აშკარა ჰომოფობიური დისკრიმინაციული ფაქტორის დამამძიმებელ გარემოებაზე მეტყველებს, არსებული სიტუაცია უკვე საკმარისი იყო, რომ ძლიერი შიში და მღელვარება აღეძრა. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზანს აშკარად წარმოადგენდა მომჩივნების დაშინება, რათა მათ შეეწყვიტათ ლგბტ საზოგადოების მიმართ თავიანთი მხარდაჭერის საჯარო გამოხატვა (შედარებისთვის იხ: Members of the Gldani Congregation of Jehovah’s Witnesses and Others, ზემოთ აღნიშნული, 105-ე პარაგრაფი). მომჩივნების ემოციური მდგომარეობა კიდევ უფრო უნდა დაემძიმებინა იმ ფაქტს, რომ პოლიციის დაცვა, რომელიც მათთვის მსვლელობის დაწყებამდე იყო შეპირებული, დროულად და ადექვატურად არ იქნა უზრუნველყოფილი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიციის ორგანოები შესაბამისად ინფორმირებულნი იყვნენ ლგბტ საზოგადოების მიერ თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობის გამართვის განზრახვის შესახებ. მსვლელობის ორგანიზატორებმა კონკრეტულად მოითხოვეს, რომ პოლიციას ჰომოფობიური და ტრანსფობიური იდეოლოგიის მქონე მოსახლეობის მოსალოდნელი პროტესტისგან მათი დაცვა უზრუნველყო. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ლგბტ საზოგადოების მიმართ მტრული დამოკიდებულების წარსულს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისთვის ცნობილი იყო ან უნდა ყოფილიყო იმ რისკების შესახებ, რომელიც საზოგადოების აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფის მიერ საჯარო მსვლელობის ჩატარებას უკავშირდებოდა, შესაბამისად ჰქონდათ გაძლიერებული სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება.
4.20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარება პირთა ძირითადი უფლებაა, რომელიც არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუმცა კანონის შესაბამისად გამართული აქციის ჩატარებისას, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს აქციის მონაწილე პირთა უსაფრთხოება და დაცვა, მათ შორის, მესამე პირებისაგანაც. დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის დასაცავად რ---------–-ს გამზირსა და თ---------–---ს მოედანზე მიმდინარე აქციების დროს გამოყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 765 თანამშრომელი. ამასთან, ვ-------ა და გ------–---–-ს ქუჩებზე განთავსებულ კორდონში მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, თუმცაღა აღნიშნული არ იყო საკმარისი პირთა ღირსების და პატივის უფლების, პირადი ხელშეუხებლობის, ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენებისაგან დასაცავად. ამდენად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გამოეყო შესაბამისი ოდენობის და შესაბამისი აღჭურვილობის მქონე პოლიციელები და სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოეყენებინა პირთა ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობისა და მართლწესრიგის დასაცავად.
4.21. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე და მე-18 მუხლები, რომლებშიც ჩამოთვლილია ის სამართლებრივი სიკეთე, რომლის ხელყოფაც იწვევს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების შესწავლის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, დადგენილია ეკა წ--------–------ს, ნ------------–--------ს, თ-----------------------ს, ს-----------------------ს, ნ--------–---–--------ს, მ-------------–---–------ს, ა-–--------------------–--ისთვის, ი--------------ა და თ------------------------ს მორალური ზიანიას ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, რადგან აღნიშნული პირების ღირსება და პატივი იქნება შელახული, რაც გამოწვეული იქნა კონტრდემონსტარნტთა მიერ მოსარჩელეთა მიმართ განხორციელებული ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით. მოპყრობა (ფიზიკური ძალადობა) შესაძლოა, დამამცირებლად განვიხილოთ, როდესაც ის მსხვერპლში ისეთ შიშს, ტკივილს და არასრულფასოვნების შეგრძნებას იწვევს, რომელიც მას ამცირებს და შეურაცხყოფს (Gäfgen v. Germany [GC], № 22978/05, 103-ე პარაგრაფი, 2010 წლის 1 ივნისი, და remia v. the Republic of Moldova, № 3564/11, 54-ე პარაგრაფი, 2013 წლის 28 მაისი). მხოლოდ ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აქციის ჩატარება, არ შეიძლება გახდეს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი, თუმცაღა სახელმწიფოს მიერ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუხორციელებლობა, მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის კერძო პირებისაგან დაცვის მაღალი სტანდარტის ვერ შექმნა, რასაც მოჰყვა აღნიშნულ პირთა პატივის, ღირსების და პირადი ხელშეუხებლობის დარღვევა, წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს. კონტრდემონსტრანტთა ძალადობა, რომელიც გამოიხატებოდა მუქარასა და შეურაცხყოფაში და თან ახლდა ფიზიკური ძალადობაც, მოსარჩელეების მიერ აღიქმებოდა რეალურად და უქმნიდა შიშს, დაძაბულობას. სახელმწიფოს კი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან სექსუალური უმცირესობების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით და მსვლელობის ორგანიზატორების მხრიდან წინასწარი ინფორმირების პირობებში, გააჩნდა პოზიტიური ვალდებულება, დაეცვა დემონსტრაციის მონაწილეები.
4.22. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკომონიკურ შინაარსს, არ გააჩნია ღირებულება, სწორედ ამიტომ ამგვარი ზიანის დამტკიცებისთვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მისი ანაზღაურების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს, დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მხრიდან. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის ცხოვრების პირობებს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის
ხარისხს და სხვა გარემოებებს. ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების სრული რესტიტუცია, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული უხერხულობის, ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ე---–-------–ის, ნ------------–--ას, თ-----------------ის, ს-----------------ის, ნ--------–---–--ას, მ------------–-–---–ის, ს----------------ის, ნ------------–---–ის, ა-–--------------------–--ის, ი--------------, თ------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თითოეულისთვის 1000 ლარის გადახდა, ხოლო ს--–-------------–--ის სასარგებლოდ - 1500 ლარის გადახდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე