განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
160100118002700467
ინსტანცია
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160100118002700467

საქმე № 1ბ/828-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - გ----------------ე, ზ-----–----------.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ა-–---- ჰ-------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–ის რაიონის სოფელი ს----------ი.

 

ადვოკატი - ს---–------------–---ი.

 

თარჯიმანი - ა---------–--------ი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი:

განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-–---- ჰ-------მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, არასწორად იქნა შეფასებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც მ--------–ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ-----–----------მ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ა-–---- ჰ-------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ა-–---- ჰ-------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს---–------------–---მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ა-–---- ჰ-------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 28 აპრილს ა-–---- ჰ-------ი გასამართლებული იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. იყო რა ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისათვის, ა-–---- ჰ-------მა კვლავ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0,126423 გრამი, რაც ამოღებული იქნა მ--------–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 23 ოქტომბერს 13:00 საათზე, მ--------–ის რაიონის სოფელ ს----------ში ჩატარებული ა-–---- ჰ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით ა-–---- ჰ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 26 (ოცდაექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---- ჰ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ა-–---- ჰ-------ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად ჩამოერთვა ხსენებული კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა-–---- ჰ-------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა-–---- ჰ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

მოწმე ს----- ი-----–---ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ იგი მუშაობდა ქ-------------–-- პოლიციის დეპარტამენტში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მან და მისმა თანაშრომელმა შეაჩერეს ა-–---- ჰ-------ი, რომელსაც სავარაუდოდ თან უნდა ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამ უკანასკნელის ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მწვანე ფერის ქაღალდში გახვეული ღია მოყავისფრო ფერის ფხვნილი და ერთი ცალი ერთმილიგრამიანი შპრიცი.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 23 ოქტომბერს 13:00-13:10 საათზე ჩატარდა ა-–---- ჰ-------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მწვანე ფერის ქაღალდში გახვეული ღია მოყავისფრო ფერის ფხვნილი, სპეციფიკური სუნით. შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ერთგრამიანი ინსულინის შპრიცი. ასევე ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი შავი ტყავის ჩასადებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 24 ოქტომბრის ექსპერტის N---------------- დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ წითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში გადახვეული მწვანე-თეთრით ქაღალდის ნაჭერში შეფუთული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 0,2651 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 0,1262 გრამის ოდენობით.

▪ 1მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ. ,,ინსულინის“ ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე არსებული მოყავისფრო ფერის სითხის წვეთები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 0,000223 გრამის ოდენობით.

▪ ჰეროინის საერთო წონა შეადგენს - 0,126423 გრამს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 23 ოქტომბრის გამოკვლევის N------- დასკვნით ირკვევა, რომ ა-–---- ჰ-------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განაჩენით ირკვევა, რომ ა-–---- ჰ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, ა-–---- ჰ-------ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

ქ-------------–-- პრობაციის ბიუროს 2018 წლის 23 ოქტომბრის წერილით ირკვევა, რომ ა-–---- ჰ-------ისთვის ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განაჩენით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის დინება დაიწყო 2017 წლის 28 აპრილს, რაც უნდა დასრულებულიყო 2020 წლის 28 აპრილს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ა-–---- ჰ-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამაშავედ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-–---- ჰ-------ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება ა-–---- ჰ-------ისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება, ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი დასჯად ქმედებად მიიჩნევს, ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას არაერთგზის. ამ დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ და შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, კერძოდ, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და ა.შ. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებით მოწმე ს----- ი-----–---ის გამოკითხვის ოქმით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეჩერებულ იქნა ა-–---- ჰ-------ი, რომელსაც ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისი ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მწვანე ფერის ქაღალდში გახვეული ღია მოყავისფრო ფერის ფხვნილი და ერთი ცალი ერთმილიგრამიანი შპრიცი, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით - 0,126423 გრამს.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დანართის (ნუსხის) 189-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ 0,2 გრამამდე ითვლება მცირე ოდენობად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს----- ი-----–----- უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,126423 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს - ა-–---- ჰ-------ს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის N------- განაჩენით დადგენილი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევი პირის მიერ ანალოგიური ქმედების ჩადენა.

 

პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში, ასევე პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან არ ვლინდება. დაცვის მხარეს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც პალატას გაუჩენდა მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს. ამასთან, პირადი ჩრეკის ოქმს, რომელშიც დაფიქსირებულია ა-–---- ჰ-------ისგან ზემოხსენებული ნივთიერების ამოღების ფაქტი, ხელს აწერს თავად მსჯავრდებული. გარდა ამისა ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა დაფიქსირებული არ არის.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).

 

გარდა ამისა აღსანიშნავია ის გარემეობაც, რომ ა-–---- ჰ-------ს ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა სწორედ იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, რაც ამოღებული იქნა მის პირადი ჩხრეკისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ა-–---- ჰ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა-–---- ჰ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ ა-–---- ჰ-------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ა-–---- ჰ-------ს არასწორად აქვს ჩამორთმეული ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. კერძოდ, სახეზე გვაქვს ამ კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენა, რის გამოც ა-–---- ჰ-------ს ხსენებული კანონით გათვალისწინებული უფლებები უნდა ჩამოერთვას მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნარკოტიკული საშუალება მოთავსებული ქაღალდში და ინსულინის შპრიცი - განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მავე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა-–---- ჰ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ა-–---- ჰ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა-–---- ჰ-------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ზემოხსენებული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ა-–---- ჰ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ა-–---- ჰ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 23 ოქტომბრიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ა-–---- ჰ-------ს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ა-–---- ჰ-------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნარკოტიკული საშუალება მოთავსებული ქაღალდში და ინსულინის შპრიცი - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე