განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-481-2018წ.
(060100118002404366)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----- ს------- ძე ჯ-----–---–ის მიმართ დაბადებული: 1----–-–-------------, პირადი ნომერი: 1----------- საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ქ.სამტრედია, ი--------–--–---–----------, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,,ბ“ ქვეპუნქტით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
მ----- ჯ-----–---–ის ბრალი დაედო ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი) რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 13 საათსა და 30 წუთზე, მ----- ჯ-----–---–ი ქ. სამტრედიაში, ი--------–--–---–---------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის უკან ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა განაწყენების ნიადაგზე, მეუღლეს ხ------- კ-------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო სიტყვებით აგინა. აღნიშნულის გამო, ხ------- კ-------ე სახლში შესვლით შეეცადა მას განრიდებოდა, მ----- ჯ-----–---–მა არასრულწლოვანი შვილის გ------- ჯ-----–---–ის თანდასწრებით, ხელთარსებული ხისტარიანი ჩაქუჩი ხ------- კ-------ეს ესროლა, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა მარჯვენა ფეხის წვივის არეში და ჯამრთელობის მოუშლელად მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2018 წლის 13 მარტს, 17 საათსა და 30 წუთზე, მ----- ჯ-----–---–ი ქ. სამტრედიაში, ი--------–--–---–---------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის სამზარეულოს ოთახში იმყოფებოდა, რა დროსაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა იმავე დღეს მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტით განაწყენების ნიადაგზე, მეუღლეს ხ------- კ-------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო სიტყვებით აგინა. იმავდროულად, არასრულწოვანი შვილების გ------- და თ------ ჯ----–---–--ის თანდასწრებით, მ----- ჯ-----–---–მა მეუღლეს ხ------- კ-------ეს ფეხი გულმკერდის არეში დაარტყა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოწვია
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენით მ----- ჯ-----–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
მ----- ჯ-----–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
მ----- ჯ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ მ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მ----- ჯ-----–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი). შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენე კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სახელმწიფო ბრალდებამ მ----- ჯ-----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე, დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მოწმე გამომძიებლები რ----– ხ-------ე, გ------- ხ----–--–--ა და გ------- კ-–--ე, რომელთა ჩვენებებითაც გაირკვა, რომ ისინი გავიდნენ გამოზახებაძე მ----- ჯ-----–---–ის სახლში, სადაც ეს უკანასკნელი დახვდათ მთვრალ მდგომარეობაში და მეუღლეს ხ------- კ-------ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხოფას. მათ ასევე დაზარალებულმა და მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა გ------- და თ------ ჯ-----–---–--მა უთხრეს, რომ მ----- ჯ-----–---–მა მეუღლე სცემა შემთხვევის დღეს ორჯერ დროის სხვადასხვა მონაკვეთში, რასაც შეესწრო მისი არასრულწლოვანი შვილები. სასამართლოზე ასევე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც ჩატარებული იქნა დაზარალებულ ხ------- კ-------ის მონაწილეობით, მითითებულ ოქმში დაზარალებული დეტალურად მიუთითებს თუ რა ვითარებაში და სად განახორციელა მასზე ფიზიკური ძალადობა მ----- ჯ-----–---–მა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში წარგდენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და გამომძიბლების კ------------- ნ--------ს და ზვიად თევზაძის ჩვენებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმეებმა ხ------- კ-------ემ, გ------- ჯ-----–---–მა და თ------ ჯ-----–---–მა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მ----- ჯ-----–---–ის მიმართ.
მოწმის სახით დაკითხული ა-–---- მ----–--ის ჩვენების თანახმად, მ. ჯ-----–---–ს იცნობს დაახლოებით 10 წელია, და მასზე ცუდი არაფერი სმენია. მიმდინარე წლის დაახლოებით ივნისის თვის ბოლოს, სოფლის მიკროავობუსში მგზავრობისას გაიგო, რომ მ. ჯ-----–---–ს უჩხუბია. ცემის შესახებ არაფერი იცის.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ-- გ----------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 13.03.18წ. 23:16-23:25სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ხ------- კ-------ეს მარჯვენა წვივის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო- მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2,5X1,1 სმ. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. შესამოწმებელი პირის განმარტებით, მ. ჯ-----–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც ჩაწერა ექსპერტიზის დასკვნაში. სხვა განმარტება ხ. კ-------ეს არ გაუკეთებია.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის თ----- ბ--------–---–ის ჩვენების თანახმად, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე 2018 წლის 13 მარტს ალკოჰოლურ თრობაზე შეამოწმა მ----- ჯ-----–---–ი. გამოკვლევის შედეგად მ. ჯ-----–---–ს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის თრობა.
მოწმის სახით დაკითხული კ------------- ნ--------ს ჩვენების თანახმად, მუშაობს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უფროს ინსპექტორ გამომძიებლად. 2018 წლის 13 მარტს იყო მორიგე და დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძიების პროცესში დაკითხა დაზარალებული ხ. კ-------ე, დაათვლიერა შემთხვევის ადგილი, დაკითხა მოწმეები და შეასრულა სხვა საპროცესო მოქმედებები, რაზეც შეადგინა შესაბამისი საპროცესო დოკუმენტები. თვად გამოძახებაზე არ გასულა. შეტყობინების მიხედვით დაზარალებული ითხოვდა დახმარებას, თუმცა ოჯახურ ძალადობაზე მითითება არ ყოფილა.
მოწმის სახით დაკითხული სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელის რ----– ხ-------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 13 მარტს იყო მორიგე და გ. კ-–--ესთან და გ. ხ----–--–--ასთან ერთად მოძრაობდა ავტომანქანით. მიიღეს შეტყობინება და გავიდნენ ი-–----–ი, ნ-----–--–---–ის ქუჩა 1---–ი. სადაც დახვდნენ ხ. კ-------ე და მ. ჯ-----–---–ი. მ. ჯ-----–---–ი აგინებდა ხ. კ-------ეს და იწევდა მისკენ საცემად. ხ. კ-------ე იტკიებდა გულმკერდს და ფეხებს, თქვა, რომ სცემა მეუღლემ. მ. ჯ-----–---–ი გადაიყვანეს პოლიციაში, სადაც შედგა მისი დაკავების ოქმი. მისივე განმარტებით, მათი თანდასწრებით მ. ჯ-----–---–ს ხ. კ-------ისთვის ხელი არ დაურტყამს და არც დაკავებისას გაუწევია წინააღმდეგობა.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა გ. კ-–--ემ და გ. ხ----–--–--ამ.
მოწმის სახით დაკითხული თ------ კ-------ის ჩვენების თანახმად ხ. კ-------ე მისი შვილია, მ. ჯ-----–---–ი კი სიძეა. მას დაურეკა შვილიშვილმა და უთხრა, რომ დედამ და მამამ იჩხუბეს, მამა პოლიციამ წაიყვანაო. მეორე დღეს ჩამოვიდა სამტრედიაში, ესაბურა ხ-------ს, მაგრამ მას ცემის თობაზე არაფერი უთქვამს, თქვა რომ იკამათეს. მ-----ის მხრიდან ცემის შესახებ ადრეც არაფერი გაუგ--.
მოწმის სახით დაკითხული რ-------- ნ-----–--–---–ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს მ. ჯ-----–---–ის ოჯახის მეზობლად. ჯ-----–---–--ი მასთან დადიან წყლის ასაღებად. ყოველ დილით მოდიოდნენ მ. ჯ-----–---–ი და მისი შვილი გ-------. ერთ დილით გ------- მარტო მივიდა, რომელსაც დიდი ჭურჭელი ჰქონდა მიტანილი და ამის გამო ჰკითხა თუ რატომ მოვიდა მარტო. ბავშვმა უპასუხა, რომ დედამ და მამამ იჩხუბეს და მ. ჯ-----–---–ი პოლიციამ წაიყვანა.
საქმეში არსებული ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს 18 საათსა და 05 წუთზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით მ----- ჯ-----–---–ის დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘ბ“ ქვეპუნქტით.
მოწმის სახით დაკითხულმა მ. ჯ-----–---–მა განმარტა, რომ მითითებულ დღეს, იგი სამუშაოდან ნასვამი დაბრუნდა სახლში, რის გამოც მასსა მის მეუღლეს ხ------- კ-------ეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, თუმცა მას ხ. კ-------ე არ უცემია და არც ჩაქუჩი უსვრია მისთვის. მათ შორის იყო მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი.
საქმეში არსებული 2018 წლის 13 მარტის შემთხვევის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედიაში, ი. ნიკოლოშვილის ქუჩის N185-ში და წარმოადგენს მოწმე ხ------- კ-------ის საცხოვრებელ სახლს. მოწმე ხ------- კ-------ემ ხელით მიუთითა სამზარეულო ოთახში ის ადგილი სადაც მისმა მეუღლემ 2018 წლის 13 მარტს მარჯვენა მკერდის არეში ჩაარტყა ფეხი, ხოლო ამის შემდგომ ხელით მიუთითა მარჯვენა ფეხზე მისმა მეუღლემ იმავე დღესვე ესროლა და მოარტყა ხისტარიანი ჩაქუჩი, რაც იმავე ადგილზე იყო დაგდებული და იგი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტ-კრიმინალის მიერ ამოღებული იქნა და მოთავსდა პაკეტში N F--------- სხვა რამე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ნაპოვნი და ამოღებული არ ყოფილა.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით მ----- ჯ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ ხ------- კ-------ეს სასამართლოსათვის არ მიუცია ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება ხ------- კ-------ის დაზიანებების არსებობა, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ხ------- კ-------ეს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, მ----- ჯ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით მ----- ჯ-----–---–ის მსჯავრდება, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ----- ჯ-----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
მ----- ჯ-----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
მ----- ჯ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, ასევე საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები გაუქმდეს.
განემარტოს გამართლებულ მ----- ჯ-----–---–ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის დროს ამოღებული ჩაქუჩი, რომელიც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ----- ჯ-----–---–ს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მ. გორგოძე