განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040100118002353396
საქმე №1/ბ-282-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, რ---- ლ---------–---ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი წ---ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ---- ლ---------–---მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის გაზაფხულზე და ნოემბრის თვეში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ლენტეხის რაიონის სოფელ წ---შშის ტყეში, რ---- ლ---------–---მა უკანონოდ გაჩეხა ორი ძირი წიფლის ჯიშის ხე და ერთი ძირი ნაძვის ჯიშის ხე, უკანონოდ მოპოვებული წიფლის ჯიშის ხეების მოცულობამ შეადგინა 10,796 მ3, ხოლო ნაძვის ჯიშის ხის მოცულობამ - 0,28 მ3. რ---- ლ---------–---ის ქმედების შედეგად გარემოს მიადგა 2567,86 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით რ---- ლ---------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელი სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ----- ტ--–--–-–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენში და რ---- ლ---------–---ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელით ვერ იქნება სასჯელის მიზნები მიღწეული.
დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ---- ლ---------–---ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - ს------- თ-----ის, გ---- ც--–---ს, გ-------– ტ---–-----ის, დ----- ლ---------–---ის, ი----- გ-------–---ის, დ--–- კ-------–---–ის, ს------- ი------ის, გ---–- ქ-----–---–ის ჩვენებებით, ამოღების ოქმით, ამოღებული ხე-ტყით, სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ რ---- ლ---------–---ის ქმედებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ რ---- ლ---------–---ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება, რ---- ლ---------–---ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სასჯელი, ჯარიმის სახით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მსჯავრდებულ რ---- ლ---------–---ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა და შესაბამისად, გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
რ---- ლ---------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ რ---- ლ---------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია.
უკანონოდ მოჭრილი 4(ოთხი) კუბური მეტრი მოცულობის წიფლის ჯიშის დახერხილი ხე -მასალა და 0,2 კუბური მეტრი მოცულობის წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა, აგრეთვე 6(ექვსი) ერთეული წიფლის ჯიშის მორი, რომლის დიამეტრებია:1) 0001219408, 3,16 მX69 სმ, 2) 0001219407, 2,64 მX61X 71 სმ 3) 0001219411, 2,54 მX43X57 სმ,4)0001219415, 2,60 მX54X60 სმ, 5) 0001219413, 2,60 მX55X57 სმ, 6)0001219414, 2,69 მX58X60 სმ, რომლებიც ინახება ტყის მცველ - ი----- გ-------–---თან, მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
განაჩენის აღსრულება დაევალოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე