განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
010100118002279394
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100118002279394

საქმე №1/ბ-408-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 ივლისი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----–-- შ-----ს ძე გ-----–---–ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ბ----–---ს ქ. №7;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----–-- გ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით ნასამართლევმა რ----–-- გ-----–---–მა, 2018 წლის 01 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ბათუმში, ბ----–---ს ქ. №17-ში, ძლიერად მოქაჩა თმაზე მეუღლეს ნ---- გ-----–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენით რ----–-- გ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით; სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რ----–-- გ-----–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 02 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა 09 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, რ----–-- გ-----–---–ს განესაზღვრა 09 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით. რ----–-- გ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 01 იანვრიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–-------------------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენში და მსჯავრდებულს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი, ასევე, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მოხდეს სასჯელთა სრული შეკრება. ბრალდების მხარეს აღნიშნავს, რომ რ----–-- გ-----–---–ი არაერთხელაა ნასამართლევი ნ---- გ-----–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო და მიუხედავად აღნიშნულისა, მან კვლავ იძალადა დაზარალებულზე, გამომდინარე აქედან, აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის აშკარად მსუბუქი, არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----–-- გ-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ----–-- გ-----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მოწმეთა: შ----- გ-----–---–ის, მ------ გ-----–---–ის, ნ---- გ-----–---–ის, ს---–--- ბ-----ის ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ რ----–-- გ-----–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი, ასევე, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მოხდეს სასჯელთა სრული შეკრება.

 

რ----–-- გ-----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ რ----–-- გ-----–---–ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, შერიგებულია დაზარალებულთან, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამ უკანასკნელის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, საიდანაც ირკვევა, რომ ნ---- გ-----–---–ს რ----–-- გ-----–---–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არ ითხოვს მის დასჯას და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაუნიშნა სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი განუსაზღვრა სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების წესის გამოყენებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ რ----–-- გ-----–---–ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–-------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

რ----–-- გ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს რ----–-- გ-----–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაემატოს 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ----–-- გ-----–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ რ----–-- გ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 01 იანვრიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე