განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
110100117002237824
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100117002237824

საქმე №1/ბ-143-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ გ-------ს ძე წ------–---–ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ტექნიკური განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თბილისი, მ--------–---ს დასახლება, ა----------ს N26ა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ------ წ------–---–მა ჩაიდინა:

1.1. ძალადობა (სხვაგვარი ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის 13 აგვისტოს საახლოებით 19:00 საათის ეპიზოდი)

1.2 ძალადობა (სხვაგვარი ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის 13 აგვისტოს დაახლოებით 20:30 საათის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს-------აში, ურთიერთშელაპარაკებისას, ზ------ წ------–---–მა გულმკერდის არეში ხელი დაარტყა ზ---– წ------–---–ს, რომელმაც აღნიშნული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2017 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ს-------აში, ზ---– წ------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ზ------ წ------–---–მა მარცხენა თვალის არეში მუშტი დაარტყა ზ---– წ------–---–ს, რომელმაც აღნიშნული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით ზ------ წ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათის ეპიზოდი); სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახით, დანაშაულთა ერთბლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------- ნ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენში და მსჯავრდებულ ზ------ წ------–---–ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით. ბრალდების მხარის მოსაზრებით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მის მიმართ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, პრევენციის მიზნით აუცილებელია აღნიშნულ ძალადობრივ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება.

 

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ------ წ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ------ წ------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ზ---–ი წ------–---–ის ჩვენებით, მოწმეების: ე-–------ ნ-----–--ის, გ-- გ----------ის, დ----- პ----–---–ის, ნ---- წ------–---–ის, მ--------- წ------–---–ის და ზ------ წ------–---–ის ჩვენებებით, მსჯავრდებულ ზ------ წ------–---–ის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზ---– წ------–---–ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ზ------ წ------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი;

 

ზ------ წ------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ზ------ წ------–---–ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა ნაწილობრივ აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულ ზ------ წ------–---–ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ზ------ წ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს :

 

საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათის ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ზ------ წ------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ------ წ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია;

 

მსჯავრდებულ ზ------ წ------–---–ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე