განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 040100117002144576
საქმე №1/ბ-5-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ--–---- ლ---------–---ის მიმართ (პირადი №2----------), დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ლ--------------–----–----------------–--–-----–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენით:
ბრალდებული მ--–---- ლ---------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ მ--–---- ლ---------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა.
ამავე განაჩენით გადაწყდა, რომ ა------------------–-----, სახელმწიფო ნომრით ”--------, მასზე განთავსებული წიწვოვანი ჯიშის ხე-მორით, რომელიც განთავსებულია ლენტეხის რაიონული სამმართველოს ეზოში, უნდა დაუბრუნდეს მ--–---- ლ---------–---ს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ--–---- ლ---------–---მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის აგვისტოს თვეში, ლ--------------------------–-–---–-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--–---- ლ---------–---მა უკანონოდ გაჩეხა პირველი ხარისხის 3 ძირი სოჭის ჯიშის ხე, რომელთა მოცულობა იყო 9,35 კუბური მეტრი, რითაც მან გარემოს მიაყენა 1234,02 ლარის ზიანი.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით აღმოიფხვრა ზემოაღნიშნული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არსებული უზუსტობა და მიეთითა, რომ ა------------------–-----, სახელმწიფო ნომრით ”--------, რომელიც განთავსებულია ლენტეხის რაიონული სამმართველოს ეზოში, უნდა დაუბრუნდეს მ--–---- ლ---------–---ს, ხოლო მასზე განთავსებული 9,35 კუბური მეტრი მოცულობის წიწვოვანი ჯიშის ხე-მორი, უნდა მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----- ტ--–--–-–---–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ--–---- ლ---------–---ისთვის ჯარიმის ნაცვლად უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა და მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, ა------------------–------ის (სახელმწიფო ნომრით ”--------) ჩამორთმევა, შემდეგ გარემოებათა გამო: მ--–---- ლ---------–---ის მიერ ჩადენილია გარემოსა და ეკოლოგიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც ხასიათდება მაღალი საზოგადოებრივი საფრთხით და პრევენციის მიზნით, აუცილებელია აღნიშნულ დანაშაულზე მკაცრი რეაგირება. ანაზღაურებული არ არის გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი – 1234,2 ლარი. ა------------------–-----, სახელმწიფო ნომრით ”--------, წარმოადგენს განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთს და შესაძლებელია, გამოყენებული იქნას ახალი დანაშაულის ჩასადენად. შესაბამისად, მ--–---- ლ---------–---ისთვის ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად მ--–---- ლ---------–---ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: თ----- ბ----ის, რ----– ბ------–---ის, ლ-–- ს------ის და პ----- თ-----ის გამოკითხვის ოქმებით, ზიანის გაანგარიშების ცნობით, ამოღებული ნივთებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ--–---- ლ---------–---მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული _ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ--–---- ლ---------–---ის მიმართ ჯარიმაზე უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მისი ოჯახური, სოციალური და მატერიალური მდგომარეობა, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მ--–---- ლ---------–---ს განუსაზღვრა ისეთი სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას მ--–---- ლ---------–---ისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, ა------------------–------ის ჩამორთმევის შესახებ, კერძოდ:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, ქონების ჩამორთმევა, რომელიც წარმოადგენს დამატებითი სასჯელის სახეს, გულისხმობს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. ანუ ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის, რომ იგი განპირობებული უნდა იყოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი აუცილებლობით, ცალკეულ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებით და ხელს უნდა უწყობდეს დანაშაულთა თავიდან აცილებას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელის _ ქონების ჩამორთმევის კონსტიტუციურობა, თუმცა განმარტა, რომ დამატებითი სასჯელის სახით დანაშაულის საგნის, იარაღის და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა მაშინ არის გამართლებული, როდესაც ის მხოლოდ იმ მიზნისთვის გამოიყენება, რომლის მისაღწევადაც არის შერჩეული როგორც ყველაზე ეფექტური საშუალება. ამისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა პირობების დაკმაყოფილებასთან ერთად, ყოველ კონკრეტულ საქმეზე სწორად უნდა შეფასდეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში საეჭვო გახდება როგორც საჯარო მიზნის მიღწევა, ისე საკუთრების უფლებაში ჩარევის მართლზომიერება. საკონსტიტუციო სასამართლომ ხსენებულ გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ სასამართლომ ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს, რეალურად არსებობს თუ არა დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის შეფარდებისათვის აუცილებელი შემდეგი პირობები: ეს საჭიროა თუ არა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ან/და ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. კონკრეტული გარემოებების შესწავლის შედეგად უნდა გაირკვეს არის თუ არა რეალური საფრთხე სხვათა უფლებების დარღვევისა, ასევე, რომ გარდაუვალია ამ ქონებით ახალი დანაშაულის ჩადენა და სხვა. ამ დროს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის გარემოება, ასეთი ქონების არჩამორთმევით რეალურად მიადგება თუ არა სახელმწიფოს, საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს ის ზიანი, რომლის თავიდან აცილების მიზანსაც ემსახურება ეს ნორმა. ასევე ძალზე ზუსტად უნდა განიჭვრიტოს, ქონების ჩამორთმევით მართლაც მიიღწევა თუ არა დასახელებული მიზნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის ფაქტობრივი საფუძვლების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--–---- ლ---------–---ისათვის ავტომანქანის ჩამორთმევა არ წარმოადგენს თანაზომიერ, პროპორციულ ზომას ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში, იმდენად, რამდენადაც მას არ შეიძლება ჰქონდეს მსჯავრდებულისათვის დანაშაულის ჩადენის სურვილის დაკარგვის ეფექტი და ამ გზით თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაული, ამასთან, მისთვის ავტომანქანის ჩამორთმევა არ წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელ საჭიროებას.
ამრიგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენი მ--–---- ლ---------–---ის მიმართ დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად, ხოლო პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენი მ--–---- ლ---------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.მ--–---- ლ---------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4.მ--–---- ლ---------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
5.განაჩენის აღსრულება დაევალოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს.
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: ა------------------–-----, სახელმწიფო ნომრით ”--------, რომელიც განთავსებულია ლენტეხის რაიონული სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს მ--–---- ლ---------–---ს, ხოლო მასზე განთავსებული 9,35 კუბური მეტრი მოცულობის წიწვოვანი ჯიშის ხე-მორი, მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/