განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117001941480
№1/ბ-194-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - დ----- ს--–----ის
ადვოკატების - ზ----- გ-----–--ისა და ი--- გ--------ის
მსჯავრდებულ - მ------ ვ-------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ თ-----ის ძე ვ-------ის მიმართ (პირადი № N1---------, დაბადებულის 1----–-–----- ივლისს, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: ზესტაფონი, სოფ. მეორე ს----ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ ვ-------ემ ჩაიდინა უკანონო ნადირობა საქართველოს ,,წითელ ნუსხაში” შეტანილ ნადირზე, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 მარტს, ბაღდათის რაიონი სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულ მ------ ვ-------ის მიერ, უკანონოდ, სანადირო გლუვლულიანი თოფით მოკლული იქნა საქართველოს ,,წითელ ნუსხაში” შეტანილი გარეული ცხოველი - არჩვი. ბრალდებულის ამ მოქმედებით გარემოს მიადგა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით მ------ ვ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის - ნადირობის უფლება.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ მ------ ვ-------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების: ზ----- გ-----–--ისა და ი--- გ--------ის მიერ, რომელთაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ------ მაჭარაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვეს.
დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რა საფუძვლით არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საეჭვო და არადამაჯერებელ დეტალებთან მიმართებაში. კერძოდ, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა), რომელიც გამორიცხავდა საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა მოკლული არ ყოფილიყო გარეული ცხოველი - არჩვი. აღნიშნული ფაქტის გასამყარებლად ბრალდების მხარეს მოჰყავს მხოლოდ მოწმეთა ირიბი ჩვენებები, რომელიც ეწინააღმდეგება პირველწყაროს მიერ თავის ჩვენებაში მითითებულ გარემოებებს.
სააპელაციო საჩივრის ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ საქმის განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ვ-------ის თოფიდან ნასროლი ტყვიით არის ცხოველი მოკლული. ამასთან, იგი ხაზს უსვამს უტყუარად დადასტურებულ იმ ფაქტებს, რომ მოკლული ცხოველი აუცილებლად უნდა ყოფილიყო თბილი, უნდა გამოსვლოდა სისხლი და ჰქონოდა ნატყვიარი, რისი სარწმუნო მტკიცებულებებიც პროცესზე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ მ------ ვ-------ესა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს: ზ----- გ-----–--ესა და ი--- გ--------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
პროკურორს - დ----- ს--–----ეს, რომელმაც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის ა------- გ--–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ახლოს იცნობს მ------ ვ-------ეს, რომელიც არის მისი ,,დედულეთის“ მეზობელი, რომელსაც, 2017 წლის 25 მარტს, (ამ უკანასკნელის თხოვნით) გაჰყვა ბაღდათის რაიონის სოფელი ზეკარის ზემოთ არსებულ ტერიტორიაზე, საქონლისთვის საძოვარი ტერიტორიის შერჩევის მიზნით, თან წაყვანილი ჰყავდათ ძაღლები. მოწმის განმარტებით, ის ღამე გაათიეს მწყემსების ბინაში, მეორე დღეს, მწყემსების ბინიდან რამდენიმე კილომეტრში, მ------ ვ-------ემ შეარჩია საქონლის დასაბინავებლად საჭირო ტერიტორია, რის შემდეგაც, ერთად წამოვიდნენ ამ ადგილიდან, გზაში მ------ ვ-------ე მის წინ მიდიოდა დაახლოებით 15-20 მეტრ მანძილზე, რა დროსაც, მ------ ვ-------ემ მოახდინა თოფიდან ორჯერ გასროლა, რის შემდეგაც, მივიდნენ იქვე არსებულ ,,შქერის“ ბუჩქებთან, სადაც ნახა, რომ ძირს ეგდო მკვდარი არჩვი, რაზედაც იქვე განაცხადა, ხოლო მ------ ვ-------ემ თქვა, რომ მოკლული უნდა ყოფილიყო შინაური თხა. მაგრამ, მან უთხრა, რომ მოკლული იყო გარეული თხა. განმარტავს, რომ მას უშუალოდ არ დაუნახავს მ------ ვ-------ემ რა მიმართულებით მოახდინა თოფიდან გასროლა, მაგრამ, დაინახა, რომ გასროლის შემდეგ მ------ ვ-------ემ ,,თოფი ჩამოიღო ბეჭიდან და ფაქტია, რომ რაღაცას ესროლა“. მას რაიმე ,,სტვენის“ ხმა არ გაუგონია, ესმოდა მხოლოდ ძაღლების ყეფის ხმა ერთი მიმართულებიდან. განმარტავს, რომ იმ ადგილიდან, საიდანაც მ------ ვ-------ემ მოახდინა გასროლა მოკლული ცხოველი ნახეს დაახლოებით 40-50 მეტრში, იქვე არსებულ ,,შქერის“ ბუჩქებთან. გაისროლა თუ არა მ------ ვ-------ემ უშუალოდ მოკლული ცხოველის მიმართულებით მას არ დაუნახავს, რადგანაც, იგი უკან მიჰყვებოდა მას და მხოლოდ გასროლის შემდგომ დაინახა, თუ როგორ ჩამოიღო თოფი ბეჭიდან მ------ ვ-------ემ. განმარტავს, რომ არჩვი მას უნახავს ინტერნეტში და სურათებით, რის გამოც, ცხოველის დანახვისთანავე გამოთქვა ვარაუდი, რომ იყო არჩვი. მიუთითებს, რომ ის ადგილი, სადაც იმყოფებოდნენ ნაკრძალს არ წარმოადგენს. როგორც მისთვის ცნობილია ამ ტერიტორიაზე არჩვი არავის უნახავს.
გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელის - დ-------ი ხ-------ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მარტის თვეში გარემოს დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა სოფელ ზეკარის ტერიტორიაზე, შემოვლაზე რა დროსაც, გააჩერეს ავტომანქანა, ავტომანქანაში იყო ორი პიროვნება. შემოწმების დროს, ავტომანქანის საბარგულში ნანახი იქნა ზურგჩანთა, რომელშიც იყო გარეული არჩვის ხორცი და თავი. ასევე, მანქანაში იყო თოფებიც. იქვე მყოფმა მ------ ვ-------ემ, მათ შეკითხვაზე აღიარა, რომ იყვნენ სანადიროდ და მის მიერ მოკლული იქნა არჩვი. იქვე მოხდა ამოღებული ნივთების და იარაღების დალუქვა. ხორცი და თავი გადაგზავნილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, შემდგომი შენახვის მიზნით. მეორე პიროვნება, რომელიც მ------ ვ-------ეს ახლდა იყო ა------- გ--–----ე, ორივე პიროვნებამ განმარტა, რომ ნადირი მოკლეს ზედა მხარეს. მოწმის განმარტებით ადგილი სადაც ნადირი იქნა მოკლული არ დაუთვალიერებიათ, ვინაიდან ღამის საათები იყო.
მოწმის გ------- გ------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს გარემოსდაცვის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროს სპეციალისტად. 2017 წლის 26 მარტს, გარემოსდაცვის თანამშრომელთან, დ-------ი ხ-------ესთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც, მათ მიერ შეჩერებული იქნა ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ორი პიროვნება. როგორც შემდეგ მისთვის გახდა ცნობილი ეს პიროვნებები აღმოჩნდნენ მ------ ვ-------ე და ა------- გ--–----ე. ამ პიროვნებებს ავტომანქანაში ჰქონდათ გლუვლულიანი სანადირო თოფები და თან ყავდათ ორი მონადირე ძაღლი, რომლებიც გამოიყენება ცხოველზე სანადიროდ. ავტომანქანის დათვალიერების დროს ნახეს, რომ ავტომანქანაში იყო ,,ვეშმეშოკი“ რომელშიც იყო გარეული ცხოველის - არჩვის ხორცი და მისი გაუტყავებელი თავი. ამ პირებმა იქვე დაადასტურეს, რომ აღმოჩენილი ცხოველი იყო არჩვი, ხოლო იარაღები მათ ეკუთვნოდათ. მ------ ვ-------ემ დაადასტურა, რომ იყო სანადიროდ და მოკლა არჩვი. მოწმის განმარტებით, საქართველოში გარეულ ცხოველზე არ ტარდება არცერთი სახის სასამართლო ექსპერტიზა. განმარტავს, რომ მათ, როგორც გარემოს დაცვის თანამშრომლებს სამსახურში წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ უტარდებათ ტრენინგები, რომელსაც უტარებთ სამსახურის უფროსი და ასევე ჩამოდიან თბილისიდან სპეციალისტები, იმ მიზნით, რომ ერთმანეთისაგან განასხვავონ შინაური და გარეული ცხოველები. რადგანაც, მათი სამუშაო პრინციპია იცოდნენ ცხოველის, თევზის და ფრინველის სახეობები. აქედან იცის, რომ არჩვს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი შეფერილობა, ასევე, აქვს მრგვალი წვრილი რქა, წვერში ,,წაწვეტებული”, ასეთი ფორმის რქა სხვა ცხოველს არ აქვს, ეს არის არჩვის ყველაზე არსებითი განმასხვავებელი ნიშანი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ამ ფაქტის გარდა სხვა დროს იმ ტერიტორიაზე არჩვის მოკვლის ფაქტი არ ყოფილა. დათვალიერების დროს ნახეს, რომ ავტომანქანაში იყო თოფის ჩასადები ბუდე და ტყვიების ჩასადები ,,პალასკა“. საჭიროდ არ მიიჩნიეს მათი ამოღება. შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებიათ. განმარტავს, რომ იმ ტერიტორიაზე სადაც მოხდა ავტომანქანის დათვალიერება, მოსახლეობა ახლოს არ ცხოვრობს, იმ ადგილზე არც თხები უნახავს. მოწმის განმარტებით, როდესაც ალპურ ზონაში არის თოვლი ცხოველი არ ჩერდება და ჩამოდის ტყეში და იქ აფარებს თავს. იგი დარწმუნებულია, რომ ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული ცხოველის თავი და ხორცი არის არჩვის, რადგანაც მიიჩნევს, რომ მ------ ვ-------ე და მისი თანმხლები პირი იმყოფებოდნენ სანადიროდ, რადგანაც, ჰქონდათ თოფები და თან ახლდათ ძაღლები, რომლებიც გამოიყენება ნადირზე ნადირობის დროს.
შსს სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა მ------ ჯ------–მა მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2017 წლის მარტის თვეში წარმოებაში მიიღო გარემოს დაცვის სამსახურიდან მიღებული მასალები, რაზედაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მასალებში მითითებული იყო ტერიტორია, სადაც მოხდა ნადირის მოკვლა. მის მიერ გამოკითხული იქნა მ------ ვ-------ე და მისი თანმხლები პირი. ასევე, გამოკითხა გარემოს დაცვის თანამშრომლები, რომელთაც განმარტეს, თუ რა ვითარებაში შეაჩერეს ავტომანქანა რომელშიც აღმოჩნდა არჩვის ხორცი და თავი. მათი განმარტებით ხორცი გატყავებული იყო ხოლო თავი არა. გამოკითხვის დროს, მ------ ვ-------ემ განმარტა, რომ ა------- გ--–----ესთან ერთად იმყოფებოდა საქონლის სადგომის შესარჩევად ზეკარის ტერიტორიაზე, წაყვანილი ყავდა ძაღლები, სადაც დაინახა და მის ხელთ არსებული თოფიდან გასროლით მოკლა არჩვი. რა დროსაც, იქვე იმყოფებოდა ა------- გ--–----ეც. გაატყავა და მოათავსა ზურგჩანთაში. მოწმის განმარტებით, თოფების ვარგისიანობაზე მის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა, არჩვის ხორცი და თავი შენახული იქნა პოლიციის განყოფილებაში - მაცივარში. მოწმის განმარტებით, მას შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია, რადგანაც იქ რაიმე სახის მტკიცებულება არ იქნებოდა, იმის გამო, რომ მოწმეთა განმარტებით, არჩვის შიგნეული იქვე შეუჭამიათ ძაღლებს. განმარტავს, რომ ზეკარის ტერიტორია ნაკრძალი არ არის.
გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი სპეციალისტის მიერ, 2017 წლის 26 მარტს შედგენილი აქტის თანხმად, ,,2017 წლის 26 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარში, გადამოწმების მიზნით, გაჩერებული იქნა მიცუბიშის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით A--------, რომელსაც მართავდა ა------- გ--–----ე და მასთან ერთად იმყოფებოდა მ------ ვ-------ე, ავტომანქანის მეპატრონის თანხმობით, მოხდა ავტომანქანის დათვალიერება, ავტომანქანაში აღმოჩენილი იქნა ა------- გ--–----ის სახელზე რეგისტრირებული იჟ-27 N0-------- სანადირო თოფი და მ------ ვ-------ის სახელზე რეგისტრირებული იჟ-27 N Г 0---- სანადირო თოფი, ასევე აღმოჩენილი იქნა არჩვის თავი და ხორცი ჩადებული ზურგ ჩანთაში. ხსენებული აქტის მიხედვით აგრეთვე ირკვევა, რომ მ------ ვ-------ემ განუმარტათ არჩვის მის მიერ თოფით, ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარში მოკვლის თაობაზე, მასზედ რეგისტრირებული იჟ-27 გლუვლულიანი სანადირო თოფით.
საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის №1---- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ობიექტი №Г0---- არის ქარხნული წესით დამზადებული 12 კალიბრიანი, ორლულიანი სანადირო თოფის მოდელი ,,ИЖ-27’’. მიეკუთვნება გლუვლულიან სანადირო ცეცხლასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
ობიექტი №0-------- არის ქარხნული წესით დამზადებული 12 კალიბრიანი, ორლულიანი სანადირო თოფის მოდელი ,,ИЖ-27ЕМ’’. მიეკუთვნება გლუვლულიან სანადირო ცეცხლასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
მსჯავრდებულმა მ------ ვ-------ემ მის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მიუთითა, რომ ზეკარის ტერიტორიაზე ა------- გ--–----ესთან ერთად იმყოფებოდა საქონლის სადგომის შესარჩევად და მას ამ ტერიტორიაზე ყოფნის დროს არჩვი არ მოუკლავს, ძაღლების ყეფის გამო, რომელიც ერთი მიმართულებიდან ისმოდა, განახორციელა მის ხელთ არსებული თოფიდან გასროლა, მაგრამ არა მიზანმიმართულად, თოფიდან გაისროლა მაღლა და არა ნადირის მიმართულებით, რომელიც არ დაუნახავს.
პალატის შეფასებით მსჯავრდებულ მ. ვ-------ის მოცემული ჩვენება არადამაჯერებელია, ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობის კრიტერიუმებს და მოგონილია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, ამასთან იგი არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და არ არის სარწმუნო,კერძოდ :
მოწმეების დ-------ი ხ-------ისა და გ------- გ------–---–ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 26 მარტს ახორციელებდნენ პატრულირებას ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც, მათ მიერ შეჩერებული იქნა ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც იმყოფებოდა ორი პიროვნება, როგორც შემდეგ გაირკვა მ------ ვ-------ე და ა------- გ--–----ე, რომლებსაც ავტომანქანაში ჰქონდათ გლუვლულიანი სანადირო თოფები და ყავდათ ორი მონადირე ძაღლი. ავტომანქანის დათვალიერების დროს ასევე ნახეს, ე.წ. ,,ვეშმეშოკი“ რომელშიც იყო გარეული ცხოველის არჩვის ხორცი და მისი გაუტყავებელი თავი. შეჩერებულმა პირებმა იქვე დაადასტურეს, რომ აღმოჩენილი ცხოველი იყო არჩვი, ხოლო, იარაღები მათ ეკუთვნოდათ. მოწმე გ------- გ------–---–ის მიერ განმარტებულ იქნა, რომ საქართველოში გარეულ ცხოველზე არ ტარდება არცერთი სახის სასამართლო ექსპერტიზა. მან ასევე განმარტა, რომ მათ, როგორც გარემოს დაცვის თანამშრომლებს სამსახურში წელიწადში 2-3-ჯერ უტარდებათ ტრენინგები, იმ მიზნით, რომ ერთმანეთისაგან განასხვავონ შინაური და გარეული ცხოველები, იგი დარწმუნებულია, რომ ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული ცხოველის თავი და ხორცი არის არჩვის.
მსჯავრდებულ მ------ ვ-------ის ჩვენების არასანდოობასთან დაკაშირებით პალატა განსაკუთრებით ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებული, გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი სპეციალისტის მიერ 2017 წლის 26 მარტს შედგენილ აქტზე, რომლის მიხედვით: ,,2017 წლის 26 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარში, გადამოწმების მიზნით, გაჩერებული იქნა მიცუბიშის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით A--------, რომელსაც მართავდა ა------- გ--–----ე და მასთან ერთად იმყოფებოდა მ------ ვ-------ე, ავტომანქანის მეპატრონის თანხმობით, მოხდა ავტომანქანის დათვალიერება, ავტომანქანაში აღმოჩენილი იქნა ა------- გ--–----ის სახელზე რეგისტრირებული იჟ-27 N0-------- სანადირო თოფი და მ------ ვ-------ის სახელზე რეგისტრირებული იჟ-27 N Г 0---- სანადირო თოფი, ასევე, აღმოჩენილი იქნა არჩვის თავი და ხორცი ჩადებული ზურგ ჩანთაში. მ------ ვ-------ის განმარტებით აღნიშნული არჩვი მოკლა ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარში, მასზედ რეგისტრირებული იჟ-27 გლუვლულიანი სანადირო თოფით. მოხდა არჩვის თავისა და ხორცის ჩამორთმევა, ვინაიდან გამოიკვეთა კანონის დარღვევის ფაქტი, ასევე, ჩამორთმეული იქნა სანადირო გლუვლულიანი თოფები.“ ავტომანქანის დათვალიერების დაწყების დროა 22:00 დამთავრების დრო 22:40 საათი. ავტომანქანის დათვალიერებაში მონაწილე პირებმა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა დ-------ი ხ-------ემ, ბრალდებულმა მ------ ვ-------ემ და ა------- გ--–----ემ აქტის სისწორე დაადასტურეს ხელისმოწერით. მასზე რაიმე სახის შენიშვნა მითითებული არ არის. რაც, იმაზე მიუთითებს, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა დაადასტურეს აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სისწორე და მისი შინაარსი.
სააპელაციო სასამართლო ასევე დამატებით მიუთითებს მოწმე ა------- გ--–----ის, ჩვენებაზე, რომელიც აღწერს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, მისი ჩვენებით ცალსახად დასტურდება, რომ 2017 წლის 25 მარტს, მ.ვ-------ეს გაჰყვა ბაღდათის რაიონის სოფელი ზეკარის ზემოთ არსებულ ტერიტორიაზე, საქონლისთვის საძოვარი ტერიტორიის შერჩევის მიზნით, სადაც წაყვანილი ჰყავდათ ძაღლებიც. ის ღამე გაათიეს მწყემსების ბინაში, ხოლო მეორე დღეს, მწყემსების ბინიდან რამდენიმე კილომეტრში, მ------ ვ-------ემ შეარჩია საქონლის დასაბინავებლად საჭირო ტერიტორია და წამოვიდნენ. გზაში მ------ ვ-------ე მის წინ მიდიოდა დაახლოებით 15-20 მეტრ მანძილზე, რა დროსაც, მ------ ვ-------ემ თოფიდან გაისროლა ორჯერ, რის შემდეგაც, მივიდნენ იქვე არსებულ ,,შქერის“ ბუჩქებთან, სადაც ნახა, რომ ძირს ეგდო მკვდარი ცხოველი, რა დროსაც გამოთქვა ვარაუდი, რომ მოკლული ცხოველი იყო არჩვი.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს, იმის თაობაზე, რომ მ------ ვ-------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა საეჭვო და არადამაჯერებელ მტკიცებულებებს, ვინაიდან პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით არსებული მტკიცებულების არადამაჯერებლობის თაობაზე ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები არ წარმოადგენს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რაც დაადასტურებდა მ------ ვ-------ის უდანაშაულობას. შესაბამისად, ნათელია და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ დაცვის მხარის ამგვარი პოზიცია მიმართულია მსჯავრდებულისათვის მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავის არიდებისაკენ.
რაც შეეხება, დაცვის მხარის პრეტენზიას ირიბ მტკიცებულებასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ირიბ ჩვენებას ინფორმაციის სპეციფიკურ, სხვა მტკიცებულებებისაგან განსხვავებულ წყაროდ განიხილავს, თუმცა სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვებ მტკიცებულებად მიაჩნია იმ შემთხვევაში, თუ ის სხვა მტკიცებულებით არის გამყარებული, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს.
ამდენად, პალატის მოსაზრებით საქმეში არსებული, მოწმეების: ა------- გ--–----ის, დ-------ი ხ-------ის, გ------- გ------–---–ის, მ------ ჯ------–ის ჩვენებები; გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი სპეციალისტის მიერ შედგენილი სატრანსპორტო, მათ შორის მცურავი საშუალების დათვალიერების შესახებ აქტი და საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის №1---- ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც აშკარად უთითებს მ------ ვ-------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რომლებიც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე. აღნიშნული ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტით, რომლის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი მ------ ვ-------ის მსჯავრდების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ------ ვ-------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების: ზ----- გ-----–--ისა და ი--- გ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი მ------ ვ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
მ------ ვ-------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის - ნადირობის უფლება.
მ------ ვ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა, ა------- გ--–----ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარეს ზესტაფონის რაიონი, სოფელი ცხრაწყარო, ქუჩა 2-----, საკადასტრო კოდი N3-----------, დაზუსტებული ფართობი 2035 კვ.მ. ღირებულებით 6500 ლარად, 3000 (სამიათასი) ლარის ფარგლებში.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ:
- სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული სანადირო თოფი ИЖ-27 #Г0----, (ინახება შს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში) - გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით, ხოლო სანადირო თოფი ИЖ-27EM #0--------, (ინახება შს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში) - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
- გარეული ცხოველის - არჩვის თავი (ლუქი #3660686) და ხორცი (ლუქი #3660689) - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე