განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2018
საქმის ნომერი
240100115722400
ინსტანცია
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 240100115722400

№1/ბ-36-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მ---რიძე

 

პროკურორის - ვ------- ს--------ას, გ------ი კ-------ს

მსჯავრდებულის - გ-- რ-------ს

ადვოკატის - ა---- ჯ----–--ის მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-- ხ-----ს ძე რ-------ს მიმართ, დაბადებული: 0--------- წ. დაოჯახებული, პირადი ნომერი: 2----------, ნასამართლობის არ მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები - მარტვილის რაიონის სოფელი ვ----------ი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ-- რ-------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და ოჯახის წევრის - შვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 0200 საათზე, გ-- რ------- მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში მდებარე, მისი შვილის ბ--- რ-------ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ოჯახური კონფლიქტის გამო ამ უკანასკნელს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხსენებული მუქარისას მამა-შვილს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც გ-- რ-------მ განახორციელა ორი გასროლა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის განაჩენით გ-- რ------- (მის დაუსწრებლად), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

გ-- რ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვის) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობისას საჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ-- რ-------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ-- რ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 26 ნოემბრიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ გ-- რ-------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ა---- ჯ----–--ის, მიერ, რომელთაც საქმის უშუალოდ მხარეთა მონაწილეობით განხილვა, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ითხოვეს.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც დაცვის მხარის წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება ითხოვა.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნასამართლობის არმქონეა ითხოვა დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

– პროკურორს - ვ------- ს--------ას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარს, დაეთანხმა მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მსჯავრდებული გ-- რ------- ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენში როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ გ-- რ-------ს მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქმის განხილვა და განაჩენის დადგენა მოხდა მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმე ბ--- რ-------მ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უარი განაცხადა მამის-გ-- რ-------ს მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს აბაშის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ს------ ხ----–--–--ამ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს აბაშის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება გ-- რ-------ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარების ფაქტზე. ჩემს მიერ ჩატარებული იქნა კ---–-ა რ-------ს სახლის ჩხრეკა, ასევე გ-- რ-------ს ძირ ოჯახში მდებარე მისი პირადი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ამავე დღეს დაკითხული იქნა გ-- რ-------ს ძმა - კ---–-ა რ------- და მისი დედა - ც---–- რ-------. კ---–-ა რ-------მ განმარტა, რომ მისი ძმა გ-- რ------- წინა დღეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი წავიდა სახლიდან, თუ რა მიმართულებით და რა საქმეზე მისთვის არ განუმარტავს. მოწმე ც---–- რ-------მაც განმარტა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი შვილი გ-- რ------- წავიდა სახლიდან და სად წავიდა მისთვის არ უთქვამს. მოწმის განმარტებით, მისთვის როგორც გამომძიებლისთვის ცნობილი გახდა, რომ გ-- რ------- ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიუვარდა თავის მეუღლეს, უფრო სწორედ სიმამრის - რ----- ლ----------ას ოჯახს. ყოფილ მეუღლეს და თავის შვილს - ბ--- რ-------ს, რა დროსაც საცხოვრებელ სახლში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა და ამის შემდეგ მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. შეტყობინება შემოვიდა, რომ რ----- ლ----------ას ეზოში ეგდო ცეცხლსასროლი იარაღის ერთი ვაზნა, რაც მის მიერ დათვალიერების შემდეგ ამოღებული იქნა. კ---–-ა რ-------მ მომხდარი ფაქტის შესახებ არ იცოდა, განაცხადა პოლიციელებისგან გავიგეო. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ აბაშის პოლიციის თანამშრომლები გ------ი ჟ--------ია, თ------ ე---ია და დ----- გ------ია. რ----- ლ----------ას ოჯახის წევრებმა განმარტეს, რომ როდესაც გავიდა გ-- რ------- ავტომატით გარეთ მას დაუვარდა ეს ვაზნაო. ინფორმაცია გ-- რ-------ს მეუღლესა და შვილისგან შემოვიდა, რომ გ-- რ------- ცეცხლსასროლი იარაღით მიუვარდა მათ და ამის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. გ-- რ-------ს ცოლმა თქვა, რომ როდესაც გავიდა გ-- რ------- ავტომატით გარეთ მას დაუვარდებოდა ვაზნაო, შევხედე რომ დაუვარდაო არ უთქვამს.

მხარეთა მიერ სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა ყველა წერილობითი მტკიცებულება, მოწმეების, ზ---– გ----–-იას, მ-----ა კ-------ს, რ----- ლ----------ას, მ--- ლ----------ას, ლ---–- ა-–--–--ას და სხვა მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ექსპერტის ჩვენებები, საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმი, საკარმიდამო ეზოს დათვალიერების ოქმი, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად უდავოდ იქნა მიჩნეული.

მოწმე მ--- ლ----------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ მისი მეუღლე გ-- რ------- ამნისტიის შედეგად განთავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. 2014 წლის 11 დეკემბერს იგი მათთან სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში, რომელმაც გარეთ გაიხმო მისი შვილი ბ--- რ-------, ისინი წაკამათდნენ, რის შემდეგაც გ-- რ------- წავიდა მათგან, ხოლო მოგვიანებით ისევ დაბრუნდა. მან გაუღო სახლის კარები გ-- რ-------ს, რომელსაც მარჯვენა მხარზე გადაკიდებული ჰქონდა ავტომატი. შევიდა სახლში, დაჯდა მაგიდასთან და მოსთხოვა მას დაეძახა მისი შვილის - ბ--- რ-------სა და სიმამრის რ----- ლ----------ასათვის. მან გააღვიძა მეორე ოთახში მძინარე მისი შვილი ბ--- რ-------. როდესაც ბ--- რ------- მიუახლოვდა მამამისს - გ-- რ-------ს, მან უთხრა რომ არ მიახლოებოდა, ვინაიდან მიახლოების შემთხვევაში ესროდა ავტომატს და მოკლავდა. გ-- რ-------მ ავტომატი მიაბჯინა ბ--- რ-------ს, მაგრამ ბ--- რ-------მ ხელი სტაცა ავტომატს, ლულა გასწია გვერდზე, რა დროსაც გაისმა გასროლის ხმა. ბ--- რ------- ცდილობდა ავტომატის წართმევას, მან მოახერხა გ-- რ-------ს გარეთ გაყვანა, რის შემდეგაც ჩაუკეტა კარები, გ-- რ------- გარედან ითხოვდა გასროლილი მასრების დაბრუნებას მაგრამ მან კივილი დაიწყო, რის შემდეგაც გ-- რ-------მ დატოვა მათი საცხოვრებელი სახლი.

მოწმის სახით დაკითხულმა ლ---–- ა-–--–--ამ განმარტა, რომ ის ცხოვრობს აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში, მეუღლესთან ბ--- რ-------სთან, დედმათილთან მ--- ლ----------ასთან, მეუღლის ბაბუასთან რ----- ლ----------ასთან და მის მცირეწლოვან შვილთან ერთად. 2014 წლის 11 დეკემბერს მათთან სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი მამამთილი გ-- რ-------, რომელმაც გარეთ გაიხმო მისი შვილი ბ--- რ-------, რომელსაც თხოვდა მარტვილის რაიონში საცხოვრებლად გადასვლას. როდესაც ისინი დაწვნენ დასაძინებლად გვიან ღამით გაიგო ფანჯარაზე კაკუნის ხმა და მიხვდა, რომ მოსული იყო გ-- რ-------, რომელსაც კარი გაუღეს, ესმოდა კამათის ხმა, რის შემდეგაც მან და მ--- ლ----------ამ გააღვიძეს ბ--- რ-------, რომელიც გავიდა მისაღებ ოთახში, რა დროსაც დაინახა, რომ გ-- რ------- იჯდა მაგიდასთან და ხელში ეჭირა ავტომატი, რომელიც დაუმიზნა ბ--- რ-------ს, მაგრამ ბ---მ მოახერხა გაეწია მასზე მიბჯენილი ლულა, რა დროსაც გაისმა გასროლის ხმა, რომელსაც მოჰყვა მეორე გასროლის ხმაც.

მოწმის სახით დაკითხულმა რ----- ლ----------ამ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ ის ცხოვრობს აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში, შვილთან მ--- ლ----------ასთან, შვილიშვილთან ბ--- რ-------სთან და მის მეუღლე ლ---–- ა-–--–--ასთან და მცირეწლოვან შვილთაშვილთან ერთად. გ-- რ------- არის მისი სიძე, რომელიც არაერთხელ დამუქრებია მას და მის ოჯახს მოკვლით. 2014 წლის 11 დეკემბერს ღამის საათებში მათთან სახლში მოვიდა გ-- რ-------, რის შემდეგაც დაიწყო კონფლიქტი, რომ მიდიოდა დაიბარა, რომ ”თქვენთვის მოვდივარ ამ საღამოსო”, გვიან ღამე ის ისევ დაბრუნდა, მას სურვილი ჰქონდა მისი და თავისი შვილიშვილის მოკვლის, როდესაც უნდა შესულიყო მეორე ოთახში სადაც იმყოფებოდა გ-- რ-------, გაისმა ორჯერ გასროლის ხმა.

სააპელაციო სასამართლოს აზრით საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ-- რ-------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111 151-მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა,...შვილი... აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მუქარასთან მიმართებაში პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2014 წლის 11 დეკემბრის გ-- რ-------ს მიერ შესაძლო ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, შვილის მიმართ მუქარის, ე.ი სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტზე, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მსჯავრდების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან არ დგინდება, გ-- რ-------ს ქმედება აღქმული და ჩათვლილი იქნა თუ არა ბ--- რ-------ს მხრიდან, როგორც მის მიმართ განხორცი-ელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ამ უკანასკნელს გაუჩნდა თუ არა ზემოაღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბ--- რ-------მ მსჯავრდებულის მონაწილეობით ჩატარებულ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე უარი განაცხადა, ოჯახის წევრის - მამის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

რაც შეეხება საქმეში არსებულ ორი თვითმხილველი მოწმის მ--- ლ----------ას და ლ---–- ა-–--–--ას ჩვენებებს, რომელთა თანახმადაც გ-- რ-------ს მიერ განხორციელდა გარკვეული ქმედებები, კერძოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მიბჯენამდე ვიდრე ბ--- რ------- მიუახლოვდებოდა ამ უკანასკნელს მან უთხრა, რომ ახლოს არ მისულიყო მასთან, თორემ ესროდა, ამის შემდეგ მასთან მისულ შვილს ბ.რ-------ს ავტომატი მიაბჯინა, თუმცა ბ--- რ-------მ ხელით გაწია ავტომატის ლულა გვერდზე და სწორედ ამ დროს მოხდა ავტომატიდან ორი გასროლა. მოწმე მ--- ლ----------ა უთითებს, რომ ბ--- რ------- ცდილობდა მამისთვის ავტომატის წართმევას, რა დროსაც მან მოახერხა გ-- რ-------ს გარეთ გაყვანა, რის შემდეგაც ჩაუკეტა კარები და საბოლოოდ მსჯავრდებული წავიდა. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები უტყუარად ვერ ადასტურებენ, რომ ბ--- რ-------მ, მამის-გ-- რ-------ს აღნიშნული ქმედება ჩათვალა თუ არა, როგორც მის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მაშინ როდესაც ავტომატ მომარჯვებული ადამიანი ძალის გამოყენებით გაიყვანა სახლიდან, ვერ მოახერხა მისთვის ავტომატის წართმევა და შემდეგ დაუკეტა სახლის კარები, მამა კი თხოვდა მას გასროლილი მასრების დაბრუნებას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმას ვისაც ემუქრებოდნენ, თუ შიში არ გასჩენია, მუქარა საზოგადოდ საფუძვლიანი შიშის მომგვრელიც რომ იყოს, დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვაქვს. ზემოთხსენებული მოწმეები ასეთზე ვერ მიუთითებენ და ამდენად მათი ჩვენებები ვერ გამოდგება გ-- რ-------ს სსკ-ის 111-151-ე მუხლით მსჯავრდების დასადასტურებლად.

სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით ბრალდების მხარის დანარჩენი მოწმეები გადმოსცემენ მხოლოდ მათთვის სხვა პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც მიჩნეული ვერ იქნება ფაქტის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებებად და, შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობად. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის მსჯავრდებას (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხი-სმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.

 

სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია.

 

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გ.რ-------ს მიერ ოჯახური დანაშაულის, კერძოდ შვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტს, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.

 

რაც შეეხება გ-- რ-------ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს აღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდება სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გაუხდია სადავოდ, მათ დააზუსტეს თავიანთი სააპელაციო საჩივარი და ამ ნაწილში მსუჯავრდებულმა თავი სცნო დამნაშავედ, რაც ასევე დადასტურებულია 2015 წლის 03 იანვარს ბრალდებულ გ-- რ-------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადებით, რომლითაც მან მიმართა აბაშის პოლიციის რაიონულ სამმართველოს, ბრალდებულ გ-- რ-------ს გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ და მიუთითა 2014 წლის 11 დეკემბერს გამოყენებული ავტომატური ცეცხლასროლი იარაღისა და მჭიდის შენახვის ადგილზე, ხოლო 2015 წლის 03 იანვრის აბაშის პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილმდებარეობის დათვალიერებისას, მარტვილის რაიონის სოფელ ვ----------ში ამოღებულ იქნა ერთი ცალი ავტომატი NГЮ410 და ერთი მჭიდი, ბრალდებულ გ-- რ-------ს ინტერესების დამცველი ადვოკაცის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული ასევე დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით; ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის განაჩენში, მსჯავრდებული გ-- რ------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში სამართლიანი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე, 270-ე მუხლებით, 298-ე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ-- რ-------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ა---- ჯ----–--ის, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

ცვლილება იქნას შეტანილი სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის განაჩენში:

გ-- რ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

გ-- რ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

გ-- რ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვის) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობისას საჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ-- რ-------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ-- რ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 26 ნოემბრიდან.

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

2015 წლის 03 იანვარს, მარტვილის რაიონის სოფელ ვ----------ში ამოღებული ერთი ცალი ავტომატი NГЮ410 და ერთი მჭიდი, 2014 წლის 11 დეკემბრის აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში, ბ--- რ-------ს საცხოვრებელ სახლში შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ ორი ცალი მასრა ძირზე წარწერით 70/65, 60/70 და ერთი ცალი ვაზნა, 2014 წლის 11 დეკემბერს, აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში მდებარე რ----- ლ---------ას საკარმიდამო ეზოს დათვალიერებისას, საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ჭასთან არსებული გვიმიდან ამოღებული ერთი ცალი ვაზნა, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე