განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002053444 (3ბ/2364-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ე--------------ა, მ-----------ა
წარმომადგენელი - თ-------------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 01 მარტის გადაწყვეტილებით ე--------------ას და მ-----------ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 24 ივლისის №M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დაევალა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დოკუმენტების გამოცემა, რომლებითაც დადასტურდება საბრძოლო მოქმედების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში მოსარჩელეთა სამსახური და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მ-----------ა 1986 წლის 29 სექტემბერს დაინიშნა გ---–-----–-ს ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში მედდის მოვალეობის შემსრულებლად პოლიკლინიკურ განყოფილებაში. ხოლო ე--------------ა 1986 წლის 23 მარტს დაინიშნა გ---–-----–-ს ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში ექიმის მოვალეობის შემსრულებლად.
2.2. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 1992 წლის 23 დეკემბრის №--- და საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1992 წლის 23 დეკემბრის №----- ერთობლივი ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ რესპუბლიკაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებების წევრების და კონფლიქტის ზონაში დაჭრილთა და დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურის სრულ ორგანიზაციამდე საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილთა და დაზარალებულთა სამედიცინო დახმარების სრულყოფისა და სამოქალაქო და სამხედრო სამედიცინო სამსახურების ურთიერთკოორდინაციის მიზნით შეიქმნა დროებითი სამხედრო ჰოსპიტლები (სპეციალიზებული სამხედრო-სამედიცინო განყოფილებები დაჭრილთათვის) შემდეგ ბაზებზე: სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფო; სოხუმის ნეიროქირურგული ცენტრი; სოხუმის №1 საავადმყოფო; სოხუმის №2 საავადმყოფო; გ---–-----–-ს რაიცენტრალური საავადმყოფო; ოჩამჩირის გაერთიანებული საავადმყოფო.
2.3. საქმეში წარმოდგენილი დასტურის თანახმად, მთავარი ექიმის მოადგილემ თ--------------–---მ (პ/ნ: 6----------), საოპერაციო ბლოკის მედდამ მ------------–----მ (პ/ნ: 6----------) და საოპერაციო მედდამ მ----------------–--მ (პ/ნ: 6----------) დაადასტურეს, რომ ე---------------ა (პ/ნ: 6----------), 1985 წლიდან მუშაობდა გ---–-----–-ს რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმად (ქირურგი - ონკოლოგი), ხოლო მ-----------ა (პ/ნ: 6----------), 1986 წლიდან მუშაობდა ამავე საავადმყოფოში ექთნად. ევაკუაციამდე, ომის პერიოდში, საავადმყოფო გადაკეთდა ჰოსპიტალად. ე---------------ა, 1992 წლის 14 აგვისტოდან იყო ჰოსპიტალის პასუხისმგებელი მორიგე ექიმი და სასწრაფოზე გამოძახებებით აწარმოებდა დაჭრილების მოყვანას ჰოსპიტალში, ხოლო მ-----------ა ემსახურებოდა როგორც სტაციონარს, ასევე სასწრაფოს მიმღებს, სამხედრო დაჭრილებს და მოსახლეობას. ისინი მოღვაწეობდნენ 1993 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით ევაკუაციამდე.
2.4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის №---- ბრძანების თანახმად, მოკვლეული მასალების, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 1992 წლის 23 დეკემბრის №--- და საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1992 წლის 23 დეკემბრის №------ ბრძანებების საფუძველზე ბრძანებაში მითითებულ მოქალაქეებს დაუმტკიცდათ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბრძანებაში მითითებულ ჰოსპიტალებში ჩარიცხვა 1992 წლის 23 დეკემბერს. აღნიშნულ ბრძანებაში არ არიან მითითებული მოსარჩელეები ე---------------ა და მ-----------ა.
2.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის M---------------- წერილით დგინდება, რომ დეპარტამენტის საარქივო მასალებში მ-----------ას შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის M---------------- წერილით დგინდება, რომ დეპარტამენტის საარქივო მასალებში ე--------------ას შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
2.6. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 20 მაისის №------------------- და №------------------- წერილებით ე--------------ას და მ-----------ას ეცნობათ, რომ ვინაიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წერილის თანახმად, არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებაში, ზემოაღნიშნული კანონის ნორმიდან გამომდინარე, მათ ვერ მიენიჭებოდათ ვეტერანის სტატუსი. ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 დეკემბრის №3/4269-16 გადაწყვეტილებით, მ-----------ასა და ე--------------ას სარჩელი ვეტერანის სტატუსის აღიარებაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მათ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს არ წარუდგინეს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც მათი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის ვეტერანის სტატუსით აღრიცხვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა იქნებოდა, რის გამოც, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ცნობის საფუძველზე დაადგინა, რომ ე--------------ა და მ-----------ა ჩარიცხულნი არ იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.
2.7. 2017 წლის 16 ივნისს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა თ-------------------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, რითაც დადასტურდებოდა მოქალაქეების ე---------------ას და მ-----------ას საბრძოლო მოქმედების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახური და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა, რათა მათ შეძლონ ვეტერანის სტატუსის მიღება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 24 ივლისის №M---------------- წერილით მ-----------ასა და ე---------------ას წარმომადგენელს თ-------------------ეს ეცნოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვებოდა მოქალაქეების მ-----------ასა და ე---------------ას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გავლის შესახებ ინფორმაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ.
2.8. საქმეში წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 20 თებერვლის №-- წერილში, რომელსაც ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და 1991-1993 წლებში გ---–-----–-ს რაიონის გამგებელი და ომის პერიოდში გ---–-----–-ს რაიონის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თვმჯდომარე პოლკოვნიკი დ-------------ა, მითითებულია, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, გ---–-----–-ს ცენტრალური რაიონული საავადმყოფო სრულად იქნა რეორგანიზებული სამხედრო ჰოსპიტლად და შევიდა 24-ე ბრიგადის შემადგენლობაში და გ---–-----–-ს ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ყველა თანამშრომელი გახდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილე, სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი. მათ შორის არიან მოქალაქეები ე--------------ა და მ-----------ა, რომლების 1980-იანი წლებიდან მუშაობდნენ ხსენებულ საავადმყოფოში ექიმად და ექთნად. 1992-93 წლებში, საომარი მოქმედებების დროს, ევაკუაციამდე, ისინი მუშაობდნენ ჰოსპიტლის სასწრაფოს მიმღებში, საკუთარი სპეციალობის ფარგლებში მონაწილეობდნენ დაჭრილთა და დაშავებულთა ტრანსპორტირებაში, შეფასებასა და ტრიაჟში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში, მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციაში, ასრულებდნენ როგორც გეგმიურ, ისე რიგგარეშე მორიგეობას. ამ პერიოდის განმავლობაში ე--------------ა და მ-----------ა თავდაუზოგავად, შემართებითა და თავდადებით, საკუთარი სიცოცხლისათვის რისკის ფასადაც კი უწევდნენ სამედიცინო დახმარებას ქართველ სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 24 ივლისის №M---------------- წერილი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელეთა მოთხოვნა დაევალოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დოკუმენტების გამოცემა, რომლებითაც დადასტურდება საბრძოლო მოქმედების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში მოსარჩელეთა სამსახური და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა.
2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 16 ივნისს, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა თ-------------------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, რითაც დადასტურდებოდა მოქალაქეების ე---------------ას და მ-----------ას საბრძოლო მოქმედების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახური და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა, რითაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ ვეტერანის სტატუსი.
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----------ა, 1986 წლის 29 სექტემბერს დაინიშნა გ---–-----–-ს ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში მედდის მოვალეობის შემსრულებლად პოლიკლინიკურ განყოფილებაში. ასევე დადგენილია, რომ ე--------------ა, 1986 წლის 23 მარტს დაინიშნა გ---–-----–-ს ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში ექიმად. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხს წარმოადგენს, ნამდვილად მუშაობდნენ თუ არა მოსარჩელეები გ---–------–-ს საავადმყოფოში საომარი მოქმედებების პერიოდში.
2.12. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია დასტური, რომლითაც მთავარი ექიმის მოადგილემ თ--------------–---მ (პ/ნ: 6----------), საოპერაციო ბლოკის მედდამ მ------------–----მ (პ/ნ: 6----------) და საოპერაციო მედდამ მ----------------–--მ (პ/ნ: 6----------) დაადასტურეს, რომ ე---------------ა (პ/ნ: 6----------) 1985 წლიდან მუშაობდა გ---–-----–-ს რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმად (ქირურგი - ონკოლოგი), ევაკუაციამდე, ომის პერიოდში საავადმყოფო გადაკეთდა ჰოსპიტალად. ე---------------ა 1992 წლის 14 აგვისტოდან იყო ჰოსპიტალის პასუხისმგებელი მორიგე ექიმი და სასწრაფოზე გამოძახებებით აწარმოებდა დაჭრილების მოყვანას ჰოსპიტალში. მუშაობდა 1993 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით ევაკუაციამდე. ასევე წარმოდგელია დასტური, რომლითაც მთავარი ექიმის მოადგილემ თ--------------–---მ (პ/ნ: 6----------), საოპერაციო ბლოკის მედდამ მ------------–----მ (პ/ნ: 6----------) და საოპერაციო მედდამ მ----------------–--მ (პ/ნ: 6----------) დაადასტურეს, რომ მ-----------ა (პ/ნ: 6----------) 1986 წლიდან მუშაობდა გ---–-----–-ს რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში ექთნად. მ-----------ა 1992 წლის 14 აგვისტოდან ჰოსპიტალში ემსახურებოდა როგორც სტაციონარს, ასევე, სასწრაფოს მიმღებს, სამხედრო დაჭრილებს და მოსახლეობას. იგი მუშაობდა 1993 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით ევაკუაციამდე. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2018 წლის 15 თებერვლის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მ---------------–--სა და მ------------–----ს ჩვენებებზე, რომლებმაც ასევე დაადასტურეს ზემოთ მითითებული ფაქტი და დამატებით აღნიშნეს, რომ მოსარჩელეები ე--------------ა და მ-----------ა ნამდვილად მუშაობდნენ მათთან ერთად გ---–------–-ს საავადმყოფოში. ასევე მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ მათ უწევდათ მორიგეობა, ხოლო ომის დროს, როდესაც დაჭრილები მიჰყავდათ, ხდებოდა თანამშრომელთა გამოძახება. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ სია, რომელიც საფუძვლად დაედო ბრძანების (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის №---- ბრძანება - ს.ფ. 39-69) გამოცემას, შედგენილი იქნა თვით საავადმყოფოში მომუშავე პერსონალის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და სავარაუდოდ მათ მხედველობიდან გამორჩათ მოსარჩელეთა აღნიშნულ სიაში შეყვანა. საქალაქო სასამართლომ ასევე განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 20 თებერვლის №-- წერილზე, რომელსაც ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და 1991-1993 წლებში გ---–-----–-ს რაიონის გამგებელი და ომის პერიოდში გ---–-----–-ს რაიონის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, პოლკოვნიკი დ-------------ა, სადაც მითითებულია, რომ აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, გ---–-----–-ს ცენტრალური რაიონული საავადმყოფო სრულად იქნა რეორგანიზებული სამხედრო ჰოსპიტლად და შევიდა 24-ე ბრიგადის შემადგენლობაში და გ---–-----–-ს ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ყველა თანამშრომელი გახდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილე, სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი. წერილში ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ ე--------------ა და მ-----------ა, რომლებიც 1980-იანი წლებიდან მუშაობდნენ ხსენებულ საავადმყოფოში ექიმად და ექთნად, 1992-93 წლებში, საომარი მოქმედებების დროს, ევაკუაციამდე, მუშაობდნენ ჰოსპიტლის სასწრაფოს მიმღებში, საკუთარი სპეციალობის ფარგლებში მონაწილეობდნენ დაჭრილთა და დაშავებულთა ტრანსპორტირებაში, შეფასებასა და ტრიაჟში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში, მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციაში, ასრულებდნენ როგორც გეგმიურ, ისე რიგგარეშე მორიგეობას. ამ პერიოდის განმავლობაში ე--------------ა და მ-----------ა თავდაუზოგავად, შემართებითა და თავდადებით, საკუთარი სიცოცხლისათვის რისკის ფასადაც კი უწევდნენ სამედიცინო დახმარებას ქართველ სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.
2.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისე იქნა გამოცემული სადავო აქტი, რომ არ ჩატარებულა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი საკითხის შესწავლის მიზნით, კერძოდ, არ იქნა დადგენილი გარემოება მოსარჩელეთა გ---–------–-ს საავადმყოფოში მუშაობის ფაქტთან დაკავშირებით, არ იქნა გამოკითხული საბრძოლო პერიოდში გ---–------–-ს საავადმყოფოში მომუშავე პერსონალი, მათ შორის ის პირები (თ--------------–---, მ------------–----, მ----------------–--), რომლებმაც დაადასტურეს მოსარჩელეთა აღნიშნულ საავადმყოფოში მუშაობის ფაქტი.
2.14. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 24 ივლისის №M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ამასთან, ამგვარი უარი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის ინტერესს და შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს შესაბამისი დოკუმენტების გამოცემა, რომლებითაც დადასტურდება საბრძოლო მოქმედების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში მოსარჩელეთა სამსახური და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო მტკიცებულების სახით ეყრდნობოდა მოსარჩელის მხარის მიერ წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის დ-------------ას 20.02.2018 წლის N-- წერილს, სადაც იგი უთითებს, რომ აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, გ---–-----–-ს ცენტრალური რაიონული საავადმყოფო სრულად იქნა რეორგანიზებული სამხედრო ჰოსპიტლად და შევიდა 24-ე ბრიგადის შემადგენლობაში და გ---–-----–-ს ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ყველა თანამშრომელი გახდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული პირი, აღნიშნულ ფაქტს იგი ადასტურებს, როგოც 1991-1993 წლებში გ---–-----–-ს რაიონის გამგებელი, გ---–-----–-ს რაიონის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. სასამართლოს არ გამოურკვევია, აღნიშნული პირი არის თუ არა ვეტერანის სტატუსის მატარებული და მას ნამდვილად შეეძლო თუ არა ასეთი ინფორმაცის დადასტურება, იმ პირობებში როდესაც თავდაცვის სამინისტრის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის რესპუბლიკის სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 23.12.1992 წლის N--- და 23.12.1992 წლის N------ ერთობლივი ბრძანება და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.12.2003 წლის N---- ბრძანება. 23.12.1992 წლის N--- და 23.12.1992 წლის N------ ერთობლივი ბრძანების 4.0 და 7.0., 7.1 პუნქტების თანხმად სამედიცინო დახმარების ოპერატიული მართვის უზრუნველსაყოფად შექმნა სოხუმის რეგიონალური საგანგებო სამედიცინო შტაბი, რომლის უფროს (მ. ჯ------–---) და ჯანდაცვის საგანგებო რწმუნებულს (გ. ნ-–-------- დაევალათ კონტროლი სოხუმის, N1, N2, გ---–-----–-ს ცენტრალურ და ოჩამჩირის გაერთიანებულ საავადმყოფოებში სამკურნალო პროცესის წარმართვაზე, სამედიცინო და სამკურნალო საშუალებების ხარჯვაზე და დოკუმენტაციის წარმოებაზე. ასევე ამავე ბრძანებით გ---–-----–-ს ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე შექმნილი იყო სპეციალიზებული სამხედრო-სამედიცინო განყოფილებები და არა სამხედრო ჰოსპიტალი, როგორც ამას დ-------------ა უთითებს წერილში. აღნიშნული არ გულისხმობდა ავტომატურად ყველა თანამშრომელის სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხვას და მათ მონაწილეობას ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას. 26.12.2003 წლის N---- ბრძანებით დგინდება, რომ გ---–-----–-ს ცენტრალურ საავადმყოფოს მთავარი ექიმი ა------------- და დასახელებული თანამშრომლები ირიცხებოდნენ აღნიშნულ განყოფილებაში და ამ განყოფილებაში არ ირიცხებოდნენ ი------------ა და ე--------------ა.
3.2. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ განჩინება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.2018წ. N3/5735-17 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თავდაცვის სამინისტროს 24.07.2017წ N-----3 წერილი. მოსარჩელეებმა - მ-----------ამ და ე--------------ამ 16.06.2017წ. განცხადებით მომართეს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - სათანადო დოკუმენტების გაცემა, რითაც დადასტურდებოდა მოსარჩელეების საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახური და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა. განმაცხადებლებს თავდაცვის სამინისტროს 24.07.2017 წლის NM---------------- წერილით ეცნობათ, რომ თავდაცვის სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მათი თხოვნა, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება მოქალაქეების ე--------------ას და ი------------ას შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გავლის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული წერილის საფუძველი გახდა ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს 18.07.2017 წლის N------ წერილი, რომლის თანახმად,თავდაცვის სამინისტროს ეცნობა, რომ ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო მასალებში მოქალაქე ე--------------ას და ი-------------ს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გავლის შესახებ ინფორმაცია არ იძებნებოდა და მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, გამოსცენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სადავო 24.07.2017წ. NM---------------- წერილის გამოცემის დროისათვის მოქმედი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 19.06.2009წ. N448 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების" მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის ფუნქციაა იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში წარმოადგენდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს. თავდაცვის სამინისტროში მოძიებულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.12.2003წ. N---- ბრძანებაში მითითებულია იმ პირთა-გვარ სახელები, რომლებიც აფხაზეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩაირიცხნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჰოსპიტლებში და მათ შორის გ---–-----–-ს ჰოსპიტალში. აღნიშნულ პირებს შორის ი------------ა და ე--------------ა არ იძებნებიან.
3.3. აპელანტი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 22.08.2014წ. N509 დადგენილებით დამტკიცებული ,,ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის" N2 დანართის პირველი მუხლის შესაბამისად, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ვეტერანის მოწმობების გაცემა ხორციელდება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს აღსრულებადი და მოპასუხე პასუხისმგებელი უნდა იყოს სარჩელს მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნებზე. სასამართლო და მათ შორის, მოსარჩელეები ვერ უთითებენ კანონით დაცული უფლებისა და ინტერესს უშუალო ზიანის მიყენების ფაქტზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ-----------ა 1986 წლის 29 სექტემბერს დაინიშნა გ---–-----–-ს ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში მედდის მოვალეობის შემსრულებლად პოლიკლინიკურ განყოფილებაში. ხოლო ე--------------ა 1986 წლის 23 მარტს დაინიშნა გ---–-----–-ს ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში ექიმის მოვალეობის შემსრულებლად.
4.3. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 1992 წლის 23 დეკემბრის №--- და საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1992 წლის 23 დეკემბრის №----- ერთობლივი ბრძანებიდან ამონაწერით დგინდება, რომ რესპუბლიკაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებების წევრების და კონფლიქტის ზონაში დაჭრილთა და დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურის სრულ ორგანიზაციამდე საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილთა და დაზარალებულთა სამედიცინო დახმარების სრულყოფისა და სამოქალაქო და სამხედრო სამედიცინო სამსახურების ურთიერთკოორდინაციის მიზნით შეიქმნა დროებითი სამხედრო ჰოსპიტლები (სპეციალიზებული სამხედრო-სამედიცინო განყოფილებები დაჭრილთათვის) შემდეგ ბაზებზე: სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფო; სოხუმის ნეიროქირურგული ცენტრი; სოხუმის №1 საავადმყოფო; სოხუმის №2 საავადმყოფო; გ---–-----–-ს რაიცენტრალური საავადმყოფო; ოჩამჩირის გაერთიანებული საავადმყოფო.
4.4. საქმეში წარმოდგენილი დასტურის თანახმად, მთავარი ექიმის მოადგილემ თ--------------–---მ (პ/ნ: 6----------), საოპერაციო ბლოკის მედდამ მ------------–----მ (პ/ნ: 6----------) და საოპერაციო მედდამ მ----------------–--მ (პ/ნ: 6----------) დაადასტურეს, რომ ე---------------ა (პ/ნ: 6----------), 1985 წლიდან მუშაობდა გ---–-----–-ს რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმად (ქირურგი - ონკოლოგი), ხოლო მ-----------ა (პ/ნ: 6----------), 1986 წლიდან მუშაობდა ამავე საავადმყოფოში ექთნად. ევაკუაციამდე, ომის პერიოდში, საავადმყოფო გადაკეთდა ჰოსპიტალად. ე---------------ა, 1992 წლის 14 აგვისტოდან იყო ჰოსპიტალის პასუხისმგებელი მორიგე ექიმი და სასწრაფოზე გამოძახებებით აწარმოებდა დაჭრილების მოყვანას ჰოსპიტალში, ხოლო მ-----------ა ემსახურებოდა როგორც სტაციონარს, ასევე სასწრაფოს მიმღებს, სამხედრო დაჭრილებს და მოსახლეობას. ისინი მოღვაწეობდნენ 1993 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით ევაკუაციამდე.
4.5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის №---- ბრძანების თანახმად, მოკვლეული მასალების, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 1992 წლის 23 დეკემბრის №--- და საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს 1992 წლის 23 დეკემბრის №------ ბრძანებების საფუძველზე ბრძანებაში მითითებულ მოქალაქეებს დაუმტკიცდათ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბრძანებაში მითითებულ ჰოსპიტალებში ჩარიცხვა 1992 წლის 23 დეკემბერს. აღნიშნულ ბრძანებაში არ არიან მითითებული მოსარჩელეები ე---------------ა და მ-----------ა.
4.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის M---------------- წერილით დგინდება, რომ დეპარტამენტის საარქივო მასალებში მ-----------ას შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის M---------------- წერილით დგინდება, რომ დეპარტამენტის საარქივო მასალებში ე--------------ას შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
4.7. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 20 მაისის №------------------- და №------------------- წერილებით ე--------------ას და მ-----------ას ეცნობათ, რომ ვინაიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის წერილის თანახმად, არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებაში, ზემოაღნიშნული კანონის ნორმიდან გამომდინარე, მათ ვერ მიენიჭებოდათ ვეტერანის სტატუსი. ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 დეკემბრის №3/4269-16 გადაწყვეტილებით, მ-----------ასა და ე--------------ას სარჩელი ვეტერანის სტატუსის აღიარებაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მათ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს არ წარუდგინეს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც მათი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილის ვეტერანის სტატუსით აღრიცხვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა იქნებოდა, რის გამოც, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ცნობის საფუძველზე დაადგინა, რომ ე--------------ა და მ-----------ა ჩარიცხულნი არ იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში.
4.8. 2017 წლის 16 ივნისს მოსარჩელეთა წარმომადგენელმა თ-------------------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, რითაც დადასტურდებოდა მოქალაქეების ე---------------ას და მ-----------ას საბრძოლო მოქმედების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახური და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა, რათა მათ შეძლონ ვეტერანის სტატუსის მიღება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 24 ივლისის №M---------------- წერილით მ-----------ასა და ე---------------ას წარმომადგენელს თ-------------------ეს ეცნოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვებოდა მოქალაქეების მ-----------ასა და ე---------------ას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გავლის შესახებ ინფორმაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ.
4.9. საქმეში წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 20 თებერვლის №-- წერილში, რომელსაც ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და 1991-1993 წლებში გ---–-----–-ს რაიონის გამგებელი და ომის პერიოდში გ---–-----–-ს რაიონის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თვმჯდომარე პოლკოვნიკი დ-------------ა, მითითებულია, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, გ---–-----–-ს ცენტრალური რაიონული საავადმყოფო სრულად იქნა რეორგანიზებული სამხედრო ჰოსპიტლად და შევიდა 24-ე ბრიგადის შემადგენლობაში და გ---–-----–-ს ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ყველა თანამშრომელი გახდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილე, სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი. მათ შორის არიან მოქალაქეები ე--------------ა და მ-----------ა, რომლების 1980-იანი წლებიდან მუშაობდნენ ხსენებულ საავადმყოფოში ექიმად და ექთნად. 1992-93 წლებში, საომარი მოქმედებების დროს, ევაკუაციამდე, ისინი მუშაობდნენ ჰოსპიტლის სასწრაფოს მიმღებში, საკუთარი სპეციალობის ფარგლებში მონაწილეობდნენ დაჭრილთა და დაშავებულთა ტრანსპორტირებაში, შეფასებასა და ტრიაჟში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში, მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციაში, ასრულებდნენ როგორც გეგმიურ, ისე რიგგარეშე მორიგეობას. ამ პერიოდის განმავლობაში ე--------------ა და მ-----------ა თავდაუზოგავად, შემართებითა და თავდადებით, საკუთარი სიცოცხლისათვის რისკის ფასადაც კი უწევდნენ სამედიცინო დახმარებას ქართველ სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.
სამართლებრივი დასაბუთება
4.10. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.11. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგებოდა, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელეების უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
4.14. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 16 ივნისს, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა თ-------------------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, რითაც დადასტურდებოდა მოქალაქეების ე---------------ას და მ-----------ას საბრძოლო მოქმედების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახური და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა, რითაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ ვეტერანის სტატუსი.
4.15. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ-----------ა 1986 წლის 29 სექტემბერს დაინიშნა გ---–-----–-ს ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში მედდის მოვალეობის შემსრულებლად პოლიკლინიკურ განყოფილებაში. ასევე დადგენილია, რომ ე--------------ა 1986 წლის 23 მარტს დაინიშნა გ---–-----–-ს ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში ექიმად. შესაბამისად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხს წარმოადგენს, ნამდვილად მუშაობდნენ თუ არა მოსარჩელეები გ---–------–-ს საავადმყოფოში საომარი მოქმედებების პერიოდში.
4.16. სააპელაციო პალატაც ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია დასტური, რომლითაც მთავარი ექიმის მოადგილემ თ--------------–---მ (პ/ნ: 6----------), საოპერაციო ბლოკის მედდამ მ------------–----მ (პ/ნ: 6----------) და საოპერაციო მედდამ მ----------------–--მ (პ/ნ: 6----------) დაადასტურეს, რომ ე---------------ა (პ/ნ: 6----------) 1985 წლიდან მუშაობდა გ---–-----–-ს რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმად (ქირურგი - ონკოლოგი), ევაკუაციამდე, ომის პერიოდში საავადმყოფო გადაკეთდა ჰოსპიტალად. ე---------------ა 1992 წლის 14 აგვისტოდან იყო ჰოსპიტალის პასუხისმგებელი მორიგე ექიმი და სასწრაფოზე გამოძახებებით აწარმოებდა დაჭრილების მოყვანას ჰოსპიტალში. მუშაობდა 1993 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით ევაკუაციამდე. ასევე წარმოდგელია დასტური, რომლითაც მთავარი ექიმის მოადგილემ თ--------------–---მ (პ/ნ: 6----------), საოპერაციო ბლოკის მედდამ მ------------–----მ (პ/ნ: 6----------) და საოპერაციო მედდამ მ----------------–--მ (პ/ნ: 6----------) დაადასტურეს, რომ მ-----------ა (პ/ნ: 6----------) 1986 წლიდან მუშაობდა გ---–-----–-ს რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში ექთნად. მ-----------ა 1992 წლის 14 აგვისტოდან ჰოსპიტალში ემსახურებოდა როგორც სტაციონარს, ასევე, სასწრაფოს მიმღებს, სამხედრო დაჭრილებს და მოსახლეობას. იგი მუშაობდა 1993 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით ევაკუაციამდე. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. საქალაქო სასამართლომ ყურადღება ასევე მართებულად გაამახვილა 2018 წლის 15 თებერვლის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მ---------------–--სა და მ------------–----ს ჩვენებებზე, რომლებმაც ასევე დაადასტურეს ზემოთ მითითებული ფაქტი და დამატებით აღნიშნეს, რომ მოსარჩელეები ე--------------ა და მ-----------ა ნამდვილად მუშაობდნენ მათთან ერთად გ---–------–-ს საავადმყოფოში. ასევე მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ მათ უწევდათ მორიგეობა, ხოლო ომის დროს, როდესაც დაჭრილები მიჰყავდათ, ხდებოდა თანამშრომელთა გამოძახება. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ სია, რომელიც საფუძვლად დაედო ბრძანების (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის №---- ბრძანება - ს.ფ. 39-69) გამოცემას, შედგენილი იქნა თვით საავადმყოფოში მომუშავე პერსონალის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და სავარაუდოდ მათ მხედველობიდან გამორჩათ მოსარჩელეთა აღნიშნულ სიაში შეყვანა. საქალაქო სასამართლომ ყურადღება ასევე სწორად გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 20 თებერვლის №-- წერილზე, რომელსაც ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და 1991-1993 წლებში გ---–-----–-ს რაიონის გამგებელი და ომის პერიოდში გ---–-----–-ს რაიონის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, პოლკოვნიკი დ-------------ა, სადაც მითითებულია, რომ აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, გ---–-----–-ს ცენტრალური რაიონული საავადმყოფო სრულად იქნა რეორგანიზებული სამხედრო ჰოსპიტლად და შევიდა 24-ე ბრიგადის შემადგენლობაში და გ---–-----–-ს ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ყველა თანამშრომელი გახდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილე, სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი. წერილში ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ ე--------------ა და მ-----------ა, რომლებიც 1980-იანი წლებიდან მუშაობდნენ ხსენებულ საავადმყოფოში ექიმად და ექთნად, 1992-93 წლებში, საომარი მოქმედებების დროს, ევაკუაციამდე, მუშაობდნენ ჰოსპიტლის სასწრაფოს მიმღებში, საკუთარი სპეციალობის ფარგლებში მონაწილეობდნენ დაჭრილთა და დაშავებულთა ტრანსპორტირებაში, შეფასებასა და ტრიაჟში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში, მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციაში, ასრულებდნენ როგორც გეგმიურ, ისე რიგგარეშე მორიგეობას. ამ პერიოდის განმავლობაში ე--------------ა და მ-----------ა თავდაუზოგავად, შემართებითა და თავდადებით, საკუთარი სიცოცხლისათვის რისკის ფასადაც კი უწევდნენ სამედიცინო დახმარებას ქართველ სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული იქნენ გ---–-----–-ს ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის ყოფილი მოადგილეები - ლ---–---------ა და თ--------------–---, რომლებმაც ასევე უტყუარად დაადასტურეს, რომ ისინი პირადად იცნობდნენ მოსარჩელეებს, რომლებიც 1992-93 წლებში, საომარი მოქმედებების დროს, ევაკუაციამდე, მუშაობდნენ გ---–-----–-ს ცენტრალური რაიონული საავადმყოფოში (რომელიც ამ პერიოდში გადაკეთდა ჰოსპიტლად), ისინი საკუთარი სპეციალობის ფარგლებში მონაწილეობდნენ დაჭრილთა და დაშავებულთა ტრანსპორტირებაში, შეფასებასა და ტრიაჟში, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაში, მკურნალობის შემდგომ რეაბილიტაციაში, ასრულებდნენ როგორც გეგმიურ, ისე რიგგარეშე მორიგეობას.
4.17. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისე იქნა გამოცემული სადავო აქტი, რომ არ ჩატარებულა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი საკითხის შესწავლის მიზნით, კერძოდ, არ იქნა დადგენილი გარემოება მოსარჩელეთა გ---–------–-ს საავადმყოფოში მუშაობის ფაქტთან დაკავშირებით, არ იქნა გამოკითხული საბრძოლო პერიოდში გ---–------–-ს საავადმყოფოში მომუშავე პერსონალი, მათ შორის ის პირები (თ--------------–---, ლ---–---------ა, მ------------–----, მ----------------–--), რომლებმაც დაადასტურეს მოსარჩელეთა აღნიშნულ საავადმყოფოში მუშაობის ფაქტი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე