განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310018002415555
საქმე N3/ბ-492-18წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
კერძო საჩივრის ავტორი – ე----------------ე
მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი – სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება
კერძო საჩივრის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე და კერძო საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
2018 წლის 25 აპრილს ე----------------ემ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: ბათილად ყოფილიყო ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის ოფისის 2018 წლის 12 იანვრის N----------------------- გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის N------ გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის N-------- ბრძანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარემ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა სააგენტოს ნაწილში სარჩელი დაუშვებლად მიიჩნია, შემდეგი საფუძვლით:
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის N-------- ბრძანების ბათილად ცნობა, ხოლო სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის საფუძველზე უნდა მიემართა ზემდგომი ადმინისტრაციულო ორგანოსათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის, აღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისად მიაჩნია, რომ სარჩელს არ გააჩნდა დასაშვებობის საფუძველი და საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება ე----------------ის სარჩელზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ 2015 წლის 24 ივნისის N-------- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა დაუშვებლობის მოტივით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დეკლარირებულია, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზაკ-ის 177-ე მუხლის თანახმად დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ხოლო ამავე კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. 2. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო 3. პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ბრძანება წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საჩივრდებოდა ჯერ სამინისტროში და შემდეგ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის N-------- ბრძანება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არ გაუსაჩივრებია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო განიხილავს სარჩელის შესაბამისობას სასკ-ის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებთან, კერძოდ; არსებობს თუ არა უფლებადამცავი ინტერესი, უშუალო და პირდაპირი ზიანი, ასევე, დაცულია თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი წესი და ვადა.
სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო იწყებს მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერების შემოწმების პროცესს და არა მოთხოვნის კანონიერების დადგენას, რაც სარჩელის არსებითი განხილვის შედეგად დგინდება. სარჩელის მიზნის მიღწევა (დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების (ინტერესის) კანონით გათვალისწინებული საშუალებებით დაცვა) შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების გარკვეულ წყებას, რომლითაც დასტურდება როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოდ ქცევა და დარღვეული უფლების კანონის შესაბამისად გასაჩივრების წესის დაცვა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის აღძვრას ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია ასეთი სარჩელის დასაშვებობის პირობები. კანონის ეს ნორმა დასაშვებობის მნიშვნელოვან პირობად მიიჩნევს პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობის საკითხს, ასევე ასეთი სარჩელის სასამართლოში წარდგენის წესს, კონკრეტულ შემთხვევაში კანონი აწესებს სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მხოლოდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შემდგომ სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ არ აკმაყოფილებდა საქართველოს ასკ 22-ე მუხლით დადგენილ, სარჩელის დასაშვებობის პირობებს, ვინაიდან მოსარჩელეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გამოყენებული არ ჰქონია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.
შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ე----------------ის სარჩელის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ 2015 წლის 24 ივნისის N-------- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დასაშვებობის პირობები და საქმის წარმოება ამ ნაწილში შეწყვიტა სარჩელის დაუშვებლობის მოტივით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ე----------------ის წარმომადგენლის ჯ-----------------–-–---–-ს მიერ 2018 წლის 25 ოქრომბერს, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა;
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება ,,თავისი“ უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისოდ, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი და ამასთან, ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი. შესაძლებელია, პირს ჰგონია, რომ ასეთი ინტერესი აქვს და მიმართავს სასამართლოს, მაგრამ პირის ასეთი სუბიექტური განწყობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ობიექტურად იგი მართლაც დაინტერესებულია პროცესის წარმოების თვალსაზრისით. სწორედ აღნიშნული საკითხის გამორკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ პროცესში, რომლის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ აუცილებელ საკითხებთან ერთად წინასწარ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე გაირკვეს, სარჩელის აღძვრას აქვს თუ არა კანონიერი ინტერესი ანუ სარჩელის ბათილად ცნობის მოთხოვნით ფაქტობრივი მიზეზების არარსებობის გამო მის ბათილად ცნობას აქვს თუ არა მნიშვნელობა.
საჩივრის ავტორის აღნიშვნით, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესის არსებობის საკითხის გარკვევისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს უფლებისა და ინტერესის სუბიექტური ფარგლების საკითხი, რაც უკავშირდება მათ შორის ურთიერთმიმართებისა და განსხვავების გამორკვევას. საკასაციო სასამართლომ მიიჩნა, რომ ამ თვალსაზრისით ინტერესი არ არის სუბიექტური უფლების შემადგენელი ელემენტი, წარმოადგენს მისი დაკმაყოფილების განმაპირობებელი სუბიექტური უფლების წინამძღვარს. ამ თვალსაზრისით სარჩელის აღძვრა შესაძლებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენების საფუძვლით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ე----------------ის კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული
განჩინების გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; შესაბამისად უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 ივნისის N-------- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას; კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით ამ ნაწილში განჩინების გაუქმების საფუძველია.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციაში.
პალატა მიუთითებს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი მოცემულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლში, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო გადაწყვეტილებებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიერ განხორციელდა უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რასაც კერძო საჩივრის ავტორი უკანონოდ მიიჩნევს და სწორედ ამ მოტივით ითხოვს სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მათი კანონიერების შემოწმებას, შესაბამისად ცალსახაა, რომ ამ მიმართებით მხარეს დაცული აქვს საგნობრივი და ტერიტორიული განსჯადობა. მართალია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სასამართლოში დავის საგნად ქცევამდე ექვემდებარებოდა ზემდგომ ორგანოში გასაჩივრებას, თუმცა საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნული აქტი წარმოადგენდა საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული სადავო რეგისტრაციისთვის უფლების დამდგენ დოკუმენტს, შესაბამისად მისი კანონიერების შესახებ სწორედ საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად უნდა იქნეს განხილული. პალატა აღნიშნავს, რომ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპი მოითხოვს მოსარჩელემ სარჩელით განსაზღვრულ მიზანს მიაღწიოს ერთი დავის პირობებში და მნიშვნელოვანია ამ მიმართებით სასამართლოსთან ერთად დავის განხილვა არ მოუწიოს ადმინისტრაციულ ორგანოში. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის უფლების შემზღუდავ აქტს წარმოადგენს საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იგი ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, მისი საფუძველი რადგანაც სადავო ბრძანება საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად ასევე განსახილველად ექვემდებარება საერთო სასამართლოს განსჯადობას, შესაბამისად არ არსებობდა ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების, საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში საქმის პირველი ინსტანციის სასმართლოსთვის ხელახალი დაბრუნების საფუძველი.
საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარზე ე----------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 (ორმოცდაათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე----------------ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ 2015 წლის 24 ივნისის N-------- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. ე----------------ის სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ წარმოებაში მიღების ეტაპიდან, განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე