განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
330210018002631985
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002631985

საქმე №2ბ/8081-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ივნისი 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - სს „ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - გ--------------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - რ---- ი------ი

წარმომადგენელი - მ--–------–----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2016 წლის 11 აპრილის №1------ ბრძანების საფუძველზე, შპს „ს-------–------ის“ სასარგებლოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცა ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა №1--------, რომლის თანახმად შპს „ს-------–------ს“ მიეცა უფლება კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით, მოეწყო ტოტალიზატორი. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2021 წლის 10 აპრილის ჩათვლით. ბრძანების საფუძველზე, შპს „ს-------–------მა“ მოაწყო ტოტალიზატორი და ახორციელებდა შესაბამის საქმიანობას.

 

2. 2016 წლის 08 აპრილს სს ,,ს----------–--------სა“ (გარანტი) და შპს ,,ს-------–------ს“ (პრინციპალი) შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება №P--------, რომლის საფუძველზეც, ამავე დღეს გარანტის მიერ გაცემულ იქნა ტოტალიზატორის საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის გარანტია №P--------, რომლითაც სს „ს----------–--------მა“, როგორც გარანტმა იკისრა გამოუთხოვადი ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში თუ პრინციპალი ვერ უზრუნველყოფდა ტოტალიზატორის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად გათვალისწინებული ფორმითა და ოდენობით, მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის სასარგებლოდ მოგების გაცემას, ბენეფიციარის წერილობით მოთხოვნის მიღების საფუძველზე, გადაეხადა მისთვის ნებისმიერი თანხა ან თანხები 10 000 ლარის ფარგლებში, რომლებიც ჯამში საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდის განმავლობაში, არ შეიძლება აღემატებოდეს ამ საბანკო გარანტიაში მითითებულ თანხას. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2021 წლის 18 აპრილის ჩათვლით. გარანტიის თანახმად, მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების/საოქმო ჩანაწერის ასლი, ბენეფიციარის სასარგებლოდ საპრიზო თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე. ამასთან, განისაზღვრა, რომ გარანტია ავტომატურად უქმდება ერთ ერთი შემდეგი გარემოების დადგომის შემთხვევაში: -საბანკო გარანტიის ვადის გასვლით; -აღნიშნული საბანკო გარანტიით, გარანტს უფლება აქვს გამოითხოვოს (გააუქმოს) გარანტია ბენეფიციარის თანხმობის გარეშე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული წერილის ორიგინალის ან ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენის საფუძველზე, პრინციპალის სასარგებლოდ გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების ან მოქმედების ვადის გასვლის შესახებ. 2016 წლის 11 აპრილის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა შეიცვალა და განისაზღვრა - 2021 წლის 15 მაისი.

 

3. რ---- ი------მა შპს „ს-------–------ში“ ონლაინ რეგისტრაცია გაიარა 2016 წლის აპრილში. ამასთან, მის მიერ 2016 წლის განმავლობაში დადებული ფსონებით მოგებულმა თანხამ შეადგინა - 7 100 ლარი. რ---- ი------მა არაერთხელ მიმართა შპს „ს-------–------ს“ მოგებული თანხის ანაზღაურებისმოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

 

4. 2017 წლის 17 მაისს რ---- ი------მა წერილობით მიმართა შპს „ს-------–------ის“ გარანტს სს „ს----------–--------ს“ მოგებული თანხის - 7100 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით. აღნიშნულზე, სს “ს----------–--------ის“ 2017 წლის 23 მაისის წერილით, რ---- ი------ს ეცნობა, რომ ტოტალიზატორის საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის გარანტიის ფარგლებში მოთხოვნის განხილვისათვის, გარდა ბენეფიციარის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციისა, განცხადებაზე ასევე დართული უნდა ყოფილიყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების/საოქმო ჩანაწერის ასლი, ბენეფიციარის სასარგებლოდ საპრიზო თანხის გადახდის დაკისრების შესახებ, რომლის თანახმადაც, რ---- ი------ი წარმოადგენს მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელს და საბანკო გარანტიაში ერთ-ერთ მხარეს, ანუ „ბენეფიციარს“ საქართველოს კანონის („ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“) თანახმად.

 

5. სს „ს----------–--------ის“ 23.05.2017წ. პასუხის შესაბამისად, რ---- ი------მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „ს-------–------ისათვის“ მოგებული თანხის დაკისრება. ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/15118-17), რ---- ი------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „ს-------–------ს“ მოსარჩელე რ---- ი------ის სასარგებლოდ დაეკისრა - 7 100 ლარის გადახდა; შპს „ს-------–------ს“, რ---- ი------ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 213 ლარის ანაზღაურება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 09.02.2018წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც წარდგენილ იქნა აღსასრულებლად თბილისის სააღსრულებო ბიუროში, თუმცა აღსრულება ვერ განხორციელდა შპს „ს-------–------ის“ მიერ სახსრების უქონლობის გამო.

 

6. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 0---------წ. №1------ ბრძანებით, 2017 წლის 01 თებერვლიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 აპრილის №1------ ბრძანება და გაუქმდა შპს „ს-------–------ზე“ გაცემული სამორინეს მოწყობის №1------- ნებართვა. აღნიშნულის საფუძველზე, სს „ს----------–--------ის“ მიერ გაუქმებულ იქნა შპს „ს-------–------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 08 ნოემბერს გაცემული ტოტალიზატორის საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის გარანტია №P--------.

 

7. 2018 წლის 27 თებერვალს რ---- ი------მა განმეორებით მიმართა წერილობით შპს „ს-------–------ის“ გარანტს - სს „ს----------–--------ს“ მოგებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნით. ამასთან, განცხადებას დაურთო სასამართლოს 05.01.2018წ. გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს-------–------ს“ რ---- ი------ის სასარგებლოდ დაეკისრა მოგებული თანხის - 7100 ლარის გადახდა. თუმცა, სს „ს----------–--------ის“ 2018 წლის 13 მარტის წერილით რ---- ი------ს ეცნობა, რომ სს „ს----------–--------ის“ მიერ გაუქმებულ იქნა შპს „ს-------–------ის“ სასარგებლოდ გაცემული გარანტია. კერძოდ, 2017 წლის 03 თებერვალს სს „ს----------–--------ს“ მიმართა პრინციპალმა სსიპ შემოსავლების სამსახურის №I--------- და №I--------- წერილებით, რითაც ადასტურებდა ლიცენზიის გაუქმებას და რაც კონკრეტული ტიპის გარანტიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, სს „ს----------–--------ის“ მიერ მოხდა საბანკო გარანტიის გაუქმება იმავე თარიღში (2017 წლის 03 თებერვალი).

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა რ---- ი------მა სს „ს----------–--------ის“ მიმართ და მოითხოვა 7100 ლარის დაკისრება.

 

8.1. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის მტკიცებით, შემოსავლების სამსახურის 11.04.2016წ. №1------ ბრძანების საფუძველზე, შპს „ს-------–------ზე“ გაცემულ იქნა №1-------- ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ტოტალიზატორის მომწყობს ევალება საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის გარანტიის მოპოვება. შესაბამისად, გარანტის სახით, კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიდა ს----------–--------ი. 2016 წლის აპრილის თვეში მოსარჩელე რ---- ი------მა ტოტალიზატორში გაიარა ონლაინ რეგისტრაცია და ამავე წლის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ფსონებიდან მიღებულმა მოგებამ შეადგინა - 7 100 ლარი. თუმცა, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ტოტალიზატორის მიერ მოსარჩელისათვის აღნიშნული თანხის გადახდა არ მომხდარა. მოსარჩელემ უკანასკნელად 15.02.2017წ. წერილობით მიმართა შპს ,,ს-------–------ს“ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა, უშედეგოდ. 2017 წლის 17 მაისს რ---- ი------მა პრეტენზიით მიმართა ტოტალიზატორის გარანტს - სს ,,ს----------–--------ს“, რომლის 2017 წლის 23 მაისის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნის განხილვისათვის უნდა წარედგინა სასამართლოს გადაწყვეტილება. 2018 წლის 05 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, საქმეზე №2/15118-17, მოსარჩელე რ---- ი------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს ,,ს-------–------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პრიზის გადახდა - 7 100 ლარის ოდენობით. ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 213 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი წარადგინა სააღსრულებო ბიუროში, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხორციელდება, რადგან მოპასუხე მხარეს არ გააჩნია შესაბამისი სახსრები. 2018 წლის 27 თებერვალს მოსარჩელე რ---- ი------მა სს ,,ს----------–--------ს“ კვლავ მიმართა პრიზის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა ბანკის 2018 წლის 13 მარტის №0------ წერილით ეცნობა, რომ ტოტალიზატორის 2017 წლის 03 თებერვლის წერილის საფუძველზე, გაუქმებულ იქნა გარანტია და ბანკი აღარ არის ვალდებული აანაზღაუროს პრიზის თანხა.

 

9. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე სს ,,ს----------–--------მა“ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 08 აპრილს სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,ს-------–------ს“ შორის დადებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით განისაზღვრა გარანტიის გაუქმების პირობები. კერძოდ, საბანკო გარანტია ავტომატურად უქმდება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების დადგომის შემთხვევაში: საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ პრინციპალის სასარგებლოდ გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, გარანტორის მიერ ბენეფიციარის თანხმობის გარეშე გარანტიის გამოთხოვით (გაუქმებით). აღნიშნულის შესაბამისად, სს ,,ს----------–--------ს“ 2017 წლის 03 თებერვალს წარედგინა გარანტიის გაუქმების თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის I-------- და I-------- წერილები, რომლითაც დასტურდება შპს ,,ს-------–------ზე“ გაცემული ტოტალიზატორისა და სამორინეს მოწყობის ნებართვების გაუქმება. ამდენად, იმავე დღეს, გარანტიით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, გაუქმდა საბანკო გარანტია. ბენეფიციარის - რ---- ი------ის მოთხოვნა, საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის გარანტიის ფარგლებში - 7 100 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურების თაობაზე, სს „ს----------–--------ს“ წარდეგინა 2017 წლის 17 მაისსა და 2018 წლის 27 თებერვალს. თუმცა, აღნიშნული პერიოდისათვის გასული იყო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა. გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კი, ბენეფიციარს აღარ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რომ გარანტს შესრულება მოსთხოვოს. შესაბამისად, არ არსებობს ბენეფიციარის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების წინაპირობა.

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ---- ი------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. (იხ გადაწყვეტილება ტომი 1, ს.ფ. 84-96)

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება გასააჩივრა სს „ს----------–--------მა“. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

11.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ საბანკო გარანტიის გაუქმებით ბენეფიციარ რ---- ი------ს აღარ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რომ გარანტ სს „ს----------–--------ს“ შესრულება მოსთხოვოს. არ არსებობს ბენეფიციარის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების წინაპირობა. გარანტიის გაუქმება უტოლდება გარანტიის ვადის გასვლას, რის შედეგადაც ბენეფიციარ რ---- ი------ს აღარ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რომ გარანტ სს „ს----------–--------ს“ შესრულება მოსთხოვოს.

11.2. აპელანტის მოსაზრებით, რ---- ი------მა გარანტიით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მიმართა სს „ს----------–--------ს“. რ---- ი------ის განცხადებები სს „ს----------–--------ს“ წარედგინა 2017 წლის 17 მაისსა და 2018 წლის 27 თებერვალს, ხოლო აღნიშნული პერიოდისთვის საბანკო გარანტია იყო გაუქმებული და, შესაბამისად, მისი მოქმედება - შეწყვეტილი. სასამართლო არასწორად მიიჩნევს, რომ სს „ს----------–--------ის“ მიერ რ---- ი------ის 2017 წლის 15 მაისის განცხადების საფუძველზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოთხოვნით ბანკმა ფაქტობრივად დაადასტურა მისი ვალდებულება და გამოხატა თანხმობა, შესაბამისი გადაწყვეტილების წარდგენის შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარისთვის აენაზღაურებინა მოგებული თანხა.

სამოტივაციო ნაწილი

 

12. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

14. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დაკისრება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი /საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე./

 

15. პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტი) და სასამართლოს დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

16. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ საბანკო გარანტიის გაუქმებით ბენეფიციარ რ---- ი------ს აღარ გააჩნია მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და არ არსებობს ბენეფიციარის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების წინაპირობა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულად ვალდებულებას, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას აძლევს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (სუსგ №ას-1038-999-2016, 2017 წლის 1 თებერვალი).

 

სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (სუსგ №ას-562-871-09, 2009 წლის 20 ოქტომბერი; სუსგ №ას-782-739-2015, 2015 წლის 19 ოქტომბერი; სუსგ №ას-781-996-08, 2009 წლის 17 მარტი).(სუსგ #ას-960-925-2016)

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 08 აპრილს სს ,,ს----------–--------სა“ (გარანტი) და შპს ,,ს-------–------ს“ (პრინციპალი) შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება №P--------, რომლის საფუძველზეც, გარანტის მიერ გაცემულ იქნა ტოტალიზატორის საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის გარანტია №P--------, რომლითაც სს „ს----------–--------მა“, როგორც გარანტმა იკისრა გამოუთხოვადი ვალდებულება, იმ შემთხვევაში თუ პრინციპალი ვერ უზრუნველყოფდა ტოტალიზატორის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად გათვალისწინებული ფორმითა და ოდენობით, მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის სასარგებლოდ მოგების გაცემას, ბენეფიციარის წერილობით მოთხოვნის მიღების საფუძველზე, გადაეხადა მისთვის ნებისმიერი თანხა ან თანხები 10 000 ლარის ფარგლებში. გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა - 2021 წლის 15 მაისი. ამდენად, სს „ს----------–--------სა“ და შპს „ს-------–------ს“ შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა საპრიზო ფონდი, რაც რ---- ი------ის მოთხოვნის საფუძველია.

 

17. აპელანტის განმარტებით, რ---- ი------ის მიერ სს „ს----------–--------ისადმი“ მიმართვის დროს, 2017 წლის 17 მაისსა და 2018 წლის 27 თებერვალს სს „ს----------–--------ის“ მიერ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეწყვეტილი იყო, ხოლო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოთხოვნით ბანკს ფაქტობრივად არ დაუდასტურებია მისი ვალდებულება შესაბამისი გადაწყვეტილების წარდგენის შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარისთვის აენაზღაურებინა მოგებული თანხა.

 

აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მართალია შპს „ს-------–------ის“ სასარგებლოდ სს „ს----------–--------ის“ მიერ გაცემული გარანტია გაუქმებულ იქნა 2017 წლის 03 თებერვალს, თუმცა მოგებული თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნისას, რომელიც სს „ს----------–--------ს“ რ---- ი------ისგან წარედგინა 2017 წლის 15 მაისს, რ---- ი------ს აღნიშნული საფუძვლით კი არ ეთქვა უარი, არამედ განემარტა მოგებული თანხის ანაზღაურებისათვის წარედგინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება თანხის დაკისრების თაობაზე. სწორედ ამიტომ, მოსარჩელემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით შპს „ს-------–------ის“ წინააღმდეგ მოგებული თანხის დაკმაყოფილების მოთხოვნით. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ქმედებით სს „ს----------–--------მა“ ფაქტობრივად დაადასტურა მისი ვალდებულება და გამოხატა თანხმობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების წარდგენის შემთხვევაში, რ---- ი------ისათვის აენაზღაურებინა მოგებული თანხა.

 

პალატა განმარტავს რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა, კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს .(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე №ას -1338-1376- 2014).

 

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 886-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს. ხოლო, ამავე კოდექსის 887-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, კი გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმასთან დაკავშირებით რომ, გარანტის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით. შესაბამისად, სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს გარანტს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება - ბენეფიციარის მოთხოვნა განიხილოს გონივრულ ვადაში, გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს და დაუყოვნებლივ აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, განსახილველ შემთხვევაში, სს „ს----------–--------მა“ რ---- ი------ს არა დაუყოვნებლივ, არამედ თითქმის ერთი წლის შემდგომ აცნობა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ პირობებში, როდესაც მისთვის რ---- ი------ის პირველი წერილობითი მოთხოვნის წარდგენის დროისათვის უკვე ცნობილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის თაობაზე. რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ გარანტმა, მისი ქმედებიდან გამომდინარე, დაკარგა ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომ რ---- ი------მა შპს „ს-------–------ში“ თანხა მოიგო 2016 წელს. ამ დროისათვის, კი სს „ს----------–--------ის“ მიერ გაცემული გარანტია იყო მოქმედი. ამასთან, გარანტია მოქმედებდა 2021 წლის 15 მაისამდე, ხოლო სს „ს----------–--------ს“ რ---- ი------ისათვის არ უცნობებია მისი გაუქმების თაობაზე. არამედ 2017 წლის 23 მაისის წერილით დაეთანხმა მოგების ანაზღაურების ვალდებულებას და აღნიშნული პირობის განხორციელების წინაპირობად ბენეფიციარს მოსთხოვა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების წარდგენა.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

19. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სს „ს----------–--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი