განაჩენი

სისხლის სამართლის 08.07.2019
საქმის ნომერი
330100118002536950
ინსტანცია
თარიღი
08.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002536950

საქმე №1ბ/302-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ლ-------------ის,ადვოკატ - ლ-------------–---–ის,მსჯავრდებულ - გ-------------–-----ის მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის და მსჯავრდებულ გ-------------–-----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ-------------–-----ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------–-----–-------–------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----–---–-----------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენით:

 

გ-------------–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ-------------–-----ის დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ გ-------------–-----ის განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ-------------–-----ის დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

 

გ-------------–-----ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ივნისიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ გ-------------–-----იმ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის ივნისის თვეში გ-------------–-----ი მეტროსადგურ „ი---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა შ------–-------–---–ს, რომელსაც გაეცნო ლ--------------დ და დაპირდა, რომ 4200 აშშ დოლარის სანაცვლოდ სამუშაოდ გაამგზავრებდა საზღვარგარეთ, კერძოდ ისრაელში. შ------–-------–---–ი დათანხმდა შეთავაზებულ წინადადებას და 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში დავით ჩოკოშვილის მეშვეობით გ-------------–-----ის გადასცა 1800 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 7 აგვისტოს, ამ უკანასკნელის მითითებით, სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით 400 აშშ დოლარი ჩარიცხა თამარ ბერძენაძის სახელზე, რის შემდეგაც გ-------------–-----ი მიიმალა. აღნიშნული ქმედებით შ------–-------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 5258 (ხუთიათას ორასორმოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------ემ და მსჯავრდებულ გ-------------–-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-------------–---–მა. ბრალდების მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ-------------–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარის მითითებით, განაჩენი მსჯავრდებულ გ-------------–-----ის მიმართ არ არის სამართლიანი, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მის პიროვნებას და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი მიზნების განხორციელებას. სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ბრალდებულმა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუყწო გამოძიებას, ერთის მხრივ არის შემამსუბუქებელი გარემოება, თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა და ის გარემოება, რომ გ-------------–-----ი გასამართლებელია იმავე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის. აპელანტი ასევე, უთითებს, რომ სასამართლო ვალდებულია სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს ის ფაქტიც, თუ რამდენად აქვს მსჯავრდებულს მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს. გარდა ამისა, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო აქტით გარანტირებულია საკუთრების უფლება და მისი შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული სახელმწიფოს მხრიდან.

 

დაცვის მხარემ მოითხოვა გ-------------–-----ის მიმართ დანიშნული საპატიმრო სასჯელის შეცვლა ჯარიმით - 5000 ლარის ოდენობით. აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მკაცრი. გ-------------–-----ი არ არის ნასამართლევი, მან აღიარა და მოინანია ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად, არ მომხდარა მათი გამოკვლევა. ამასთან, გ-------------–-----ი არის განქორწინებული, მას ყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ცხოვრობს დედასთან; გ-------ს ყოფილ მეუღლეს აქვს სიმსივნე მძიმე ფორმებში და მათ მსჯავრდებული ეხმარებოდა მატერიალურად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გ-------------–-----ი დაუკავშირდა დაზარალებულს და ბოდიში მოუხადა; ასევე, დაზარალებულს შესთავაზეს ზიანის ნაწილის ანაზღაურება, ხოლო ნაწილის შემდეგ გადახდა, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, თუმცა მსჯავრდებული ნამდვილად მიისწრაფის, რომ აანაზღაუროს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლ-------------ემ, ასევე მსჯავრდებულმა გ-------------–-----იმ და ადვოკატმა ლ-------------–---–მა მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის და ადვოკატ ლ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. გ-------------–-----ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ შ------–-------–---–ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების: დ------------–---–--------------------------–--–--------–-----------------------–--ის გამოკითხვის ოქმებით; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებითა და მიღებული დოკუმენტებით; ამოცნობის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ-------------–-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ-------------–-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების და დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივრებში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების ან შემსუბუქების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პირის მიმართ ზედმეტად მკაცრი და დისპროპორციული სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არის შეფასებადი, კერძოდ - „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1------ გადაწყვეტილება, 24-ე, 25-ე და 26-ე პუნქტები).

 

პალატა ყურადრებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის №5------ განაჩენზეც, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „... საკასაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.“

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთაღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ისინი, რომლებზეც აპელირებენ მხარეები მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებში. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გ-------------–-----იმ ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მან გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება და მზაობა გამოთქვა აუნაზღაუროს დაზარალებულს მიყენებული ზიანი; ასევე, სასამართლომ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, ანგარებითი მოტივი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც გამოიხატა მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანში, გ-------------–-----ის კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, ნასამართლობა მსგავსი შინაარსის ქმედებისათვის და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ გ-------------–-----ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი.

 

პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის აპელირებას, რომ გ-------------–-----ის არ აქვს მისწრაფება აანაზღაუროს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც იგი გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ დაზარალებულისათვის ნაწილ-ნაწილ აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი და ამ მიზნით სხდომის გადადებაც არაერთხელ მოითხოვა. ასევე, როგორც დაცვის მხარემ სააპელაციო ინსტანციაში ბოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, მსჯავრდებულის ოჯახმა თანხის გარკვეული ნაწილი გადაუხადა დაზარალებულს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, ხოლო როდესაც სახეზე არ გვაქვს ისეთი გარემოებები, რომლებიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებენ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დაუშვებელია აღნიშნულმა ავტომატურად გამოიწვიოს პასუხისმგებლობის დამძიმება.

 

რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, რომ გ-------------–-----ის მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაცული თითოეული სიკეთე შესაძლოა არ იყოს თანაბარი მნიშვნელობის და საკუთრების უფლება ნამდვილად წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცულ უფლებას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის - თაღლითობის ჩადენისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კანონმდებელმა სასჯელის სახით განსაზღვრა ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე. შესაბამისად, გ-------------–-----ის მიმართ სასჯელი დანიშნულია ბრალად წარდგენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც განისაზღვრა მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით კი პალატა მიუთითებს, რომ ხსენებული ნორმის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში გ-------------–-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძვლების დარღვევას არ აქვს ადგილი და არც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება გამოვლენილა მსჯავრდებულის მიმართ, რაც სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას მიზანშეუწონელს გახდიდა. რაც შეეხება პროკურორის აპელირებას გ-------------–-----ის ნასამართლობაზე, იგი განსახილველი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის იყო ნასამართლობის არმქონე პირი, რის გამოც აღნიშნული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძვლად. ხოლო პიროვნების შეფასების კუთხით გ-------------–-----ის მიმართ შემდგომში გამოტანილმა გამატყუნებელმა განაჩენმა უკვე ჰპოვა ასახვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში.

 

პალატა ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და მონანიებას, მისი მხრიდან სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობას, ზიანის ანაზღურებისადმი მისწრაფებას, მის პირად და ოჯახურ მდგომარეობას, თუმცა, ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის, და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული გ-------------–-----ი დანაშუალის ჩადენის შემდეგ ნასამართლევი იქნა ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენისათვის, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მის მიმართ არასაპატიმრო სახის სასჯელის - ჯარიმის გამოყენება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ-------------–-----ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომლის დამძიმების ან შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლისათვის მსჯავრდებულის მიმართ დაწესებული გამოსაცდელი ვადა არის ის პირობა, რომელიც იქნება შემაკავებელი ხასიათის, უზრუნველყოფს გ-------------–-----ის მხრიდან შემდგომში სათანადო ქცევას და საზოგადოებაში უსაფრთხო წევრად ინტეგრაციას.

 

შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ გ-------------–-----ის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი;

 

გ-------------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ-------------–-----ის დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 (ერთი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ გ-------------–-----ის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ-------------–-----ის დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

გ-------------–-----ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ივნისიდან.

 

გ-------------–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, გ-------------–-----ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: სამი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე