განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002591723
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/2659-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ე---------- ბ--------–---–-
წარმომადგენელი - ვ----–-- ბ--–----–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ე------ ნ---- ყ----
წარმომადგენლები - დ----- მ----–---, ა-----------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
ე---------- ბ--------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა - ე---------- ბ--------–---–-ს სასარგებლოდ ე------ ნ---- ყ----ს დაეკისროს 2180 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები:
2018 წლის 29 ივნისს ლ--–--- ბაზრობაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინა სამსუნგის ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და შარფის ფირმის მაცივარი. აღნიშნული ნივთები მოსარჩელეს მიუტანეს იმავე დღეს 20:00 საათზე თ---–--–-----------------–-----------------------------ში, რა დროსაც მათ მიერ შემოწმებულ იქნა ნივთების ვარგისიანობა, ხოლო მას შემდეგ, როდესაც მარწმუნებელმა ჩართო სამსუნგის ფირმის ტელევიზორი შეამჩნია, რომ ჰქონდა ხარვეზი, კერძოდ ჩართულ ეკრანზე მკაფიოდ ჩანდა შავი წერტილი, რომელიც შემდგომ გაიზარდა.
მოსარჩელემ მაშინვე დაურეკა გამყიდველს, თუმცა მან ტელეფონი გაუთიშა, რის შემდეგაც 2018 წლის 30 ივნიის მოსარჩელემ გამყიდველს მიუტანა ტელევიზორი და მოთხოვა ახლით შეცვლა, ვინაიდან მას ჰქონდა ქარხნული წუნი, თუმცა გამყიდველმა უარი განაცხადა შეცვლაზე. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ მის მიერ გამოძახებულ იქნა პატრულიც, მაგრამ მიუხედავად ამისა გამყიდველმა კატეგორიული უარი განაცხადა ნივთის შეცვლაზე, რის შემდგომაც მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს ფაქტების დადგენის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე---------- ბ--------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით ე---------- ბ--------–---–-ს წარმომადგენლის ვ----–-- ბ--–----–---–-ს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2018 წლის 12 ნოემბერს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგგენელს ვ----–-- ბ--–----–---–ს (რწ.იხილეთ საქმეში) ეცნობა 2018 წლის 23 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინების გზით, რაც დასტურდება საქმეში არსებული ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ აქტით. მოსარჩელის წარმომადგენელს განემარტა სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შედეგები, მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელის წარმომადგენელი არ გამოცხადდა მის მიერ მხოლოდ სატელეფონო ზარი განხორციელდა სასამართლოში იმაზე მითითებით, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე, თუმცა, მის მიერ არანაირი წერილობითი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, მეტიც არც მარწმუნებელი გამოცხადებულა სხდომაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ მოსარჩელის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნია საჩივრის ავტორის მხოლოდ ზეპირი მითითება იმ გარემოებაზე, რომ შვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი ვერ იქნა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საავადმყოფო ფურცელი, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობას.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც სატელეფონო საუბრის ფარგლებში აცნობა სასამართლოს შესაბამის მოხელეს და განუმარტა, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას. აპელანტი მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით წაერთვა სასამართლოში საქმის განხილვის შესაძლებლობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალტამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.
4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1. სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზის, ასევე მხარეთა პოზიციების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა და გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე.
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.
4.1.2. აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 12.11.2018 წლის სასამართლო სხდომის თარიღისა და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ მისთვის ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით;
4.1.3. 2018 წლის 12 ნოემბერს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე ე---------- ბ--------–---–-. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იშუამდგომლა;
მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ე---------- ბ--------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა ( ს.ფ. 72-75).
4.1.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, განსხილველ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის 12 ნოემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის, ისე მითითებულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად იმ გარემოებაზე უთითებს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე 2018 წლის 12 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს წარმომადგენლის - ვ----–-- ბ--–----–---–-ს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და განმარტავს, რომ წარმომადგენელმა აღნიშნულის თაობაზე სატელეფონო ზარის ფარგლებში აცნობა სასამართლოს შესაბამის მოხელეს. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ რაიმე მტკიცებულება, რაც წარმომადგენლის შვილის ავადმყოფობის ფაქტს დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომელიც მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
გათვალისწინებით იმისა, რომ საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად დასახელებული გარემოების დამადასტურებელი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე აპელანტი ვერ ადასტურებს 2018 წლის 12 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი წინაპირობაა.
4.1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი კი ადგენს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
როგორც მოცემულ შემთხვევაში იქნა დადგენილი, 2018 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით (იხ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება 4.1.4.). ამდენად, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე---------- ბ--------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. წინამდებარე განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე /ვანო წიკლაური/