განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001221828
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/5770-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - თ-------- ზ-------–---–-
წარმომადგენელი - გ-- ფ---–----–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - მ------ ტ-------
წარმომადგენელი - ბ------- ვ-----–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ------ ტ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე თ-------- ზ-------–---–ს მოსარჩელე მ------ ტ------ის სასარგებლოდ დაეკისრა 23 000 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ამხანაგობა ,,გ---------“-ს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, ამხანაგობის დაფუძნების მომენტში ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენენ - თ-------- ზ-------–---–-, ა------- ა--------–---–-, მ------ ტ-------, ა---------– ვ-–----- და ვ-–- ჩ--------–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამხანაგობა ,,გ---------“-ს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.14 19);
- ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 18-20);
2.2. 2014 წლის 26 აგვისტოს ერთი მხრივ, შ-- ,,ა--------------ს“ და მეორე მხრივ, გ--–- ტ-------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება სხვადასხვა ტიპისა და პარამეტრის ლითონკონსტრუქციული მასალების ნასყიდობის თაობაზე. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების საგნის ჯამური ღირებულება შეადგენს 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- 26.08.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება - ს.ფ.20-23;
- მოწმე თ----- გ-----------ის ჩვენება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
2.3. 2014 წლის 26 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით მხარეებს შორის 2014 წლის 26 აგვისტოს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ--–- ტ-------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–------------–---------------------–-------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- 26.08.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება - ს.ფ.20-23;
- მოწმე თ----- გ-----------ის ჩვენება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
- იპოთეკის ხელშეკრულება - ს.ფ.24-28;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ.37-38;
2.4. შ-- ,,ა--------------“ ამხანაგობა ,,გ---------“-სათვის ახორციელებდა ლითონკონსტრუქციული მასალების მიწოდებას 2014 წლის 28 აგვისტოდან 2015 წლის 13 თებერვლამდე, სწორედ 2014 წლის 26 აგვისტოს ერთი მხრივ, შ-- ,,ა--------------ს“ და მეორე მხრივ, გ--–- ტ-------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში.
მიწოდების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით და მოწმე თ----- გ-----------ის (რომელიც წარმოადგენს შ-- ,,ა--------------ს" დირქტორს) ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა კონკრეტული მიწოდების ფაქტი, მიწოდების საფუძველი და ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით ფიზიკური პირის გ--–- ტ-------–---–ის ქონების დატვირთვა. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს 12.03.2015 წლის ამხანაგობის კრების ოქმი N1, სადაც ასევე ცალსახად ფიქსირდება არმატურის ღირებულების დავალიანების ფარგლებში შ-- ,,ა--------------ს“ მოთხოვნების უზრუნველსაყოფად გ--–- ტ-------–---–ის სახლის იპოთეკით დატვირთვის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- 26.08.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება - ს.ფ.20-23;
- სასაქონლო ზედნადებები - ს.ფ.108-118;
- მოწმე თ----- გ-----------ის ჩვენება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
- იპოთეკის ხელშეკრულება - ს.ფ.24-28;
- 12.03.2015 წ ოქმი - ს.ფ.29-30;
2.5. 2015 წლის 12 მარტის ამხანაგობა ,,გ---------“-ს დამფუძნებელთა კრების ოქმის შესაბამისად, მ------ ტ------ის მოთხოვნის საფუძველზე ამ უკანასკნელს მოეხსნა დამფუძნებელი წევრის სტატუსი და ამხანაგობაში დარჩა ჩვეულებრივი წევრის სტატუსით. აღნიშნული ოქმით განისაზღვრა მისი სამომავლო საკუთრების ობიექტის მახასიათებლები, უარი განაცხადა მომავალში ფართების განაწილებასა და გასხვისებაზე და ასევე, მოეხსნა პასუხისმგებლობა ამხანაგობის წინაშე არსებული საკრედიტო დავალიანებების დაფარვაზე. ამავე ოქმის შესაბამისად, ამხანაგობის თავჯდომარედ არჩეული იქნა თ-------- ზ-------–---–-.
კრების ოქმის თანახმად დადასტურებულია, რომ საკრედიტო დავალიანება ირიცხება კრედიტორი შ-- ,,ა--------------ს“ მიმართ, რომლის სანაცვლოდ ჩადებული არის გ--–- ტ-------–---–ის საცხოვრებელი სახლი. კრების ოქმის თანახმად, თ-------- ზ-------–---–- ვალდებულია მიმდინარე თვის ბოლომდე დაფაროს აღნიშნული დავალიანება, რის შემდეგაც გაუქმდება ამ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი სანოტარო აქტით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- 12.03.2015 წ ოქმი - ს.ფ.29-30;
- 26.08.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება - ს.ფ.20-23;
- სასაქონლო ზედნადებები - ს.ფ.108-118;
- მოწმე თ----- გ-----------ის ჩვენება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
- იპოთეკის ხელშეკრულება - ს.ფ.24-28;
2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 26.08.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ამხანაგობა ,,გ---------“-სათვის მიწოდებული ლითონკონსტრუქციის ღირებულების ანაზღაურების მიზნით მოსარჩელე მ------ ტ------ის მიერ განხორციელდა შემდეგი გადახდები: 2015 წლის 15 ივნისი - 9000 ლარი, 2015 წლის 02 სექტემბერი - 5000 ლარი, 2015 წლის 31 ოქტომბერი - 3000 ლარი და 2015 წლის 15 დეკემბერი-6735 ლარი.
სასამართლომ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით, საგადახდო დავალებით, ამონაწერით საბანკო ანგარიშიდან და მოწმე თ----- გ-----------ის ჩვენებით, რომლის მიერ ცალსახად და დამაჯერებლად იქნა დადასტურებული კონკრეტული თანხების კომპანიის ანგარიშზე შესვლის და მათი სწორედ გ--–- ტ-------–---–ის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების ანგარიშში ჩათვლის თაობაზე.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარისათვის 2015 წლის 12 მარტის კრების ოქმითაც ნათელი იყო აღნიშნული დავალიანების არსებობა და მისი მხრიდან სადავო არ გამხდარა, რომ აღნიშნული ფულადი ვალდებულების შესრულების ფარგლებში გადახდა მას არ უწარმოებია. მეტიც, რადგან ბუნდოვანი იყო მისი წარმოშობის და ოდენობის საკითხი, ხოლო კრების ოქმს გაუთვითცნობიერებლად მოაწერა ხელი და დაეყრდნო მხოლოდ მ------ ტ------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, იგი ვერ შეასრულებდა აღნიშნულ ვალდებულებას. აღნიშნული განმარტების ფარგლებში ნათელია, რომ მოპასუხე მხარეს კონკრეტული მიწოდებული ლითონკონსტრუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად არავითარი მოქმედება არ განუხორციელებია 2015 წლის 12 მარტის შემდგომ (ამხანაგობის კრების თარიღი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- 12.03.2015 წ ოქმი - ს.ფ.29-30;
- 26.08.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება - ს.ფ.20-23;
- სასაქონლო ზედნადებები - ს.ფ.108-118;
- მოწმე თ----- გ-----------ის ჩვენება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ ტ------ის მიერ 2015 წლის 15 დეკემბრის გადახდის შემდგომ სრულად იქნა შესრულებული შ-- ,,ა--------------ს“ მიმართ არსებული ფულადი ვალდებულება და გ--–- ტ-------–---–ის უძრავ ქონებას მოეხსნა იპოთეკა.
აღნიშნული ფაქტის დადგენისას სასამართლომ იხელმძღვანელა ისევ მოწმის ჩვენებით, რომლის მიერ დადასტურებული იქნა სწორედ 2015 წლის 15 დეკემბერს მიღებული თანხის შემდგომ, ფულადი ვალდებულების ამოწურვის გათვალისწინებით იპოთეკის გაუქმების თაობაზე მხარეთა შორის არსებული შეთანხმების არსებობა. არსებული მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, (მომზადების თარიღი 31/12/2015 წელი) ვალდებულებათა გრაფაში იპოთეკა არ ფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
- მოწმე თ----- გ-----------ის ჩვენება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
- იპოთეკის ხელშეკრულება - ს.ფ.24-28;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ.37-38;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ.136-137;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად,ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს, ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. აღნიშნული ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარჩვევების გაერთიანებით ერთობლივად იმოქმედონ გარკვეული მიზნების მისაღწევად. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა, რომ ამხანაგობა ყალიბდება იურიდიული პირის შეუქმნელად. სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს ხელშეკრულების ამ ტიპისათვის განსაზღვრული მიზნის შინაარსს, ამდენად, გარიგების მხარეთა ინტერესს, შესაძლებელია, წარმოადგენდეს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი მიზანი, მათ შორის, გარკვეული მოგების მიღების სურვილი. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, ამიტომ ამხანაგობის თითოეული წევრი მონაწილეობს, როგორც გარიგების დამოუკიდებელი მხარე.
წარმოდგენილ შემთხვევაში ამხანაგობა ,,გ---------ს“ მიზანს წარმოადგენდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. დადგენილია, რომ კონკრეტული მიზნის მიღწევისათვის საჭირო იყო მშენებლობისათვის საჭირო ნებართვების, რესურსების მოძიება და სამშენებლო მასალების შეძენა. წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელეც და მოპასუხე მხარე აღნიშნული ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენენ. მოსარჩელე 2015 წლის 12 მარტამდე ახორციელებდა ამხანაგობის თავმჯდომარის ფუნქციებს, ხოლო აღნიშნული თარიღის შემდგომ უკვე მოპასუხე იქნა არჩეული ამხანაგობის თავმჯდომარედ.
სამოქალაქო კოდექსის 936-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა ის მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ, რომლებიც გამომდინარეობს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან, არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს. ამავე კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნული ნორმების დეფინიციის შესაბამისად, რეგულირდება ამხანაგობის წევრთა პასუხისმგებლობა სხვა მესამე პირთა მიმართ, რაც სოლიდარულ ხასიათს ატარებს, თუმცა ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება შეთანხების შესაბამისად. წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა, რომ 2015 წლის 12 მარტის კრების ოქმი წარმოადგენს სწორედ ამხანაგობის წევრთა ერთმანეთის მიმართ არსებულ ვალდებულებათა განაწილების თაობაზე შეთანხებას, სადაც მოსარჩელე ერთის მხრივ უარს ამბობს კონკრეტული სარგებლის, ფართის, სამომავლო ფართების განაწილებისა და გასხვისების პროცესში ჩაურევლობის სანაცვლოდ, აღნიშნული უფლებებით აღჭურვოს ამხანაგობის სხვა წევრები, თავის მხრივ კი მოპასუხე - თ-------- ზ-------–---–- იღებს ვალდებულებას მოახდინოს კონკრეტული შ-- ,,ა--- ჯ--------ს“ მიმართ არსებული დავალიანების გასტუმრება, რომელი დავალიანების სანაცვლოდაც არის გ--–- ტ-------–---–ი უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთული. წარმოდგენილი დავა შეეხება სწორედ ამხანაგობის წევრთა შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში მოპასუხე მხარის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი თანხის ანაზღაურებას. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითება არასათანადო მოპასუხეობის თაობაზე სწორდ ზემოაღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებით და აღნიშნა, რომ მოპასუხის არგუმენტაცია, რომ მან გაუთვიცნობიერებლად მოაწერა ხელი კონკრეტულ ოქმს, ისე რომ მის შინაარს ვერ აცნობიერებდა და ეფუძნებოდა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიწოდებულ ცნობებს, გაზიარებული ვერ იქნება. სასამართლომ განმარტა, რომ გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს გარიგების შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას - შევიდეს სამართლებრივ ურთიერთობაში და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით. შესაბამისად, წარმოდგენილ შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა შორის ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის საკითხი კონკრეტული კრების ოქმით (შეთანხმებით) დადგენილი იქნა. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე თ-------- ზ-------–---–-ს ვალდებულებას წარმოადგენდა 2015 წლის მარტის თვის ბოლომდე აენაზღაურებინა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება და მოეხდინა გ--–- ტ-------–---–ის უძრავი ქონების სამართლებრივი ტვირთისაგან გათავისუფლება. საქმეზე დადგენილია, რომ თ-------- ზ-------–---–-ს მირ აღნიშნული ვალდებულება შესრულებული არ იქნა და მ------ ტ------ის მიერ 2015 წლის ივნისი-დეკემბრის თვის პერიოდში განხორცილდა შ-- ,,ა--------------სთან“ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულება, რასაც შედეგად მოჰყვა უძრავი ქონებაზე იპოთეკის მოხსნა.
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-მუხლის შესაბამისად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, ერთი პირის მიერ შეგნებული თუ შეცდომით გაღებული ხარჯის არსებობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა მეორე მხარის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება - გამდიდრება. შესაბამისად, ერთი პირის გამდიდრება უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე მნიშვნელობას მოკლებულია ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე პირთა ბრალეულობა, კეთილსინდისიერება და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერება თუ მართლ წინააღმდეგობა. ანაზღაურების მოთხოვნის არსებობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. აქვე საგულისხმოა, რომ ქონების გაზრდა არ გულისხმობს პირდაპირი გაგებით სხვა პირის მატერიალური სიკეთის ჯამურ ნამატს, გაზრდას. გამდიდრება მოიაზრებს იმ ფინანსური სახსრების დაზოგვასაც, რისი გაღებაც სამართლებრივად წარმოადგენდა პირის ვალდებულებას და მის მაგივრად შეგნებულად თუ შეცდომით განხორციელდა მესამე პირის მიერ.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა-დაზოგვა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოპასუხე მხარის ვალდებულება, რომელიც მას ნაკისრი ჰქონდა მხართა შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში, გადახდილი იქნა მოსარჩელე მ------ ტ------ის მიერ. აღნიშნული გარემოება, წარმოდგენს სწორედ მოპასუხის გამდიდრებას - მისი ფინანსური სახსრების დაზოგვას, რაც სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის დანაწესის შესაბამისად ექვემდებარება ანაზღაურებას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ 12.03.2015 წლის კრების ოქმით მინიჭებული უფლებებით, ის აღიჭურვა როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე და არა პირადად თ-------- ზ-------–---–-, შესაბამისად, უფლებები მიიღო არა პირადად თ-------- ზ-------–---–მა, არამედ ამხანაგობის ყველა წევრმა, რაც წარმოადგენს საერთო მიზნის მისაღწევად განხორციელებულ ქმედებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა სარჩელი არ იყო მასზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, აპელანტი სადავოდ ხდის გ--–- ტ-------–---–ის ურთიერთობას ამხანაგობასთან და განმარტავს, რომ სწორედ ამ გარემოებით იყო ნაკარნახევი მის მიერ 12.03.2015 წლის კრების ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობა უნდა შემოწმდეს, მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მ------ ტ------ის სარჩელზე დადგენილია თ-------- ზ-------–---–-ს პასუხისმგებლობა. კერძოდ, უნდა ჩაითვალოს თუ არა მ------ ტ------ის მოთხოვნაზე თ-------- ზ-------–---–ი ერთპიროვნულად პასუხისმგებელ სუბიექტად.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:
- ამხანაგობა ,,გ---------ს“ ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებით ამხანაგობა ,,გ---------’’ დაფუძნდა, ამხანაგობის დაფუძნების მომენტში მის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენენ - თ-------- ზ-------–---–-, ა------- ა--------–---–-, მ------ ტ-------, ა---------– ვ-–----- და ვ-–- ჩ--------–-.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, კერძოდ, 11.06.2019 წლის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე აპელანტის წარმომადგენელის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის ფარგლებშიც ამ უკანასკნელმა აღიარა, 26.08.2014 წელს ერთი მხრივ შ-- ,,ა--------------ს’’ და მეორე მხრივ გ--–- ტ-------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის ამხანაგობა ,,გ---------სთვის’’ მიწოდების ფაქტი. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მოპასუხე აპელანტის მიერ 26.08.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის ამხანაგობისთვის მიწოდების გარდა, ასევე დადასტურებული იქნა გამყიდველის სასარგებლოდ ნასყიდობის საგნის ღირებულების მ------ ტ------ის მიერ გადახდის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს საპროცესო ურთიერთობის მიზნებისათვის აღიარების სამართლებრივი მნიშვნელობა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლების თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას. პალატის მოსაზრებით მოპასუხე აპელანტის წარმომადგენლის მითითებული აღიარება, საფუძვლად უნდა დაედოს წინამდებარე განჩინებას.
4.1.2. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას, რომ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სახეზეა არა პირადად მისი, არამედ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს ამხანაგობის წევრებს შორის სამართალურთიერთობას. შესაბამისად, ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის დასადგენად პირველ რიგში უნდა გაირკვეს მათ შორის ურთიერთობის მოწესრგების საფუძველი. კერძოდ, მათ შორის ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სსკ-ის 937-ე მუხლით გათვალისწინებული ქცევის წესის მიხედვით, კერძოდ, მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სახეზეა მონაწილეთა შორის შეთანხმება, რომლსაც უნდა მიენიჭოს უპირატესობა. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ამხანაგობა ,,გ---------ს’’ დამფუძნებელთა 12.03.2015 წლის #1 კრების ოქმზე, საიდანაც ირკვევა, რომ ამხანაგობის წევრებმა სხდომაზე განიხილეს მ------ ტ------ის მოთხოვნა ამხანაგობაში შექმნილი მდგომარეობის გამო დამფუძნებელი წევრის სტატუსის მოხსნის და ჩვეულებრივ წევრად დარჩენის შესახებ. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მ------ ტ------- გათავისუფლდა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ამავე კრებაზე თ-------- ზ-------–---–- არჩეული იქნა ამხანაგობა ,,გ---------ს’’ თავმჯდომარედ. განისაზღვრა მისი პასუხისმგებლობა მშენებლობისთვის საჭირო რესურსის მოძიებაზე. ამავე ოქმით დადგინდა, თ-------- ზ-------–---–ის ვალდებულება დავალიანებაზე, რომელიც სხდომის დღის მდგომარეობით ამხანაგობას ერიცხებოდა შ-- ,,ა--------------ს’’ მიმართ და რომელიც უზრუნველყოფილი იყო გ--–- ტ-------–---–ის ქონებით. ამხანაგობის აღნიშნული კრების ოქმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე მისი შინაარსობრივი ახსნა-განმარტების საფუძველზე, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ-- ,,ა--------------ს’’ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვაზე პასუხისმგებლობა პირადად ამხანაგობის არჩეულმა თავმჯდომარემ იკისრა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ამხანაგობის წევრებს შორის შეთანხმება, რომლის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს ამახანაგობის წევრებს შორის პასუხისმგებლობა. კერძოდ, ამხანაგობის შიდა ურთიერთობებში მ------ ტ------ის თანხის დაბრუნებაზე ვალდებულ სუბიექტად მიჩნეული უნდა იქნეს არა ამხანაგობის ყველა წევრი, როგორც ამას მოპასუხე აპელანტი მიიჩნევს, არამედ თ-------- ზ-------–---–ი, რადგან 12.03.2015 წლის კრების ოქმით დგინდება, რომ შ-- ,,ა--------------ს’’ მიმართ არსებულ დავალიანებაზე პასუხისმგებლობა, სწორედ ამ უკანასკნელმა იკისრა, რითაც საფუძველი გამოეცალა ამ ვალდებულებასთან მიმართებით ამხანაგობის სხვა წევრების სოლიდარულ პასუხისმგებლობას. საბოლოოდ, გათვალისწინებით იმისა, რომ უდავოა მ------ ტ------ის მიერ შ-- ,,ა--------------ს’’ სასარგებლოდ 23 000 ლარის გადახდის ფაქტი, წინამდებარე განჩინებით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ამხანაგობის 12.03.2014 წლის კრების ოქმის საფუძველზე, კრებაზე არჩეულმა თავმჯდომარემ შ-- ,,ა--------------სთვის’’ აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა, პალატა ასკვნის, რომ სახეზეა მ------ ტ------ის სასარგებლოდ თ-------- ზ-------–---–-სთვის მის მიერ შ-- ,,ა--------------სთვის გადახდილი 23 000 ლარის, როგორც თ-------- ზ-------–---–-ს მიერ უსაფუძვლოდ დაზოგილი თანხის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
4.1.3. საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები მ------ ტ------ის სარჩელების დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნების გასაბათილებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------- ზ-------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /