განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100119002938198
საქმე №1/ბ-405-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------- მ--–----ის ძე მ------–--ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ოზურგეთი, ა------------–---–-ს ქ. N1;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ თ---------- მ------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში;
- 2019 წლის 9 მარტს, დახლოებით 21:00 საათზე, ოზურგეთში, ა-----------–---–ის ქუჩა N1/ა-ში მცხოვრებმა თ---------- მ------–--ემ, სახლში ყოფნის დროს დაიწყო ხმამაღლა ყვირილი და უმისამართოდ უცენზურო სიტყვების ძახილი, რის გამოც მას არასრულწლოვანმა შვილმა 2006 წლის 29 ივნისს დაბადებულმა მ---- მ------–--ემ სთხოვა დამშვიდებულიყო, შეეწყვიტა გინება და ყვირილი. ამასთან უთხრა, რომ რცხვენოდა მისი საქციელის. აღნიშნულით განაწყენებულმა თ---------- მ------–--ემ შეურაცხყო შვილი მ---- მ------–--ე, უწოდა მას მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, ამასთან ფეხი დაარტყა მარჯვენა ფეხზე, ბარძაყის არეში, რითაც მ---- მ------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის აღსაკვეთად დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და ითხოვა პოლიციის დამხარება;
- 2019 წლის 9 მარტს, დახლოებით 21:00 საათზე ქ. ოზურგეთში, ა------------–---–-ს ქუჩა N1/ა-ში მცხოვრები თ---------- მ------–--ე მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, სადაც მეუღლესთან განქორწინებით განაწყენებულმა დაიწყო ხმამაღლა ყვირილი და უმისამართოდ უცენზურო სიტყვების ძახილი, რის გამოც მას არასრულწლოვანმა შვილმა 2006 წლის 29 ივნისს დაბადებულმა მ---- მ------–--ემ სთხოვა დამშვიდებულიყო, შეეწყვიტა გინება და ყვირილი. ამასთან უთხრა, რომ რცხვენოდა მისი საქციელის და საერთოდ მისი მამა რომ იყო. აღნიშნულით განაწყნებულმა თ---------- მ------–--ემ შეურაცხყო შვილი მ---- მ------–--ე და ფეხი დაარტყა მარჯვენა ფეხზე, ბარძაყის არეში, რითაც მ---- მ------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის აღსაკვეთად დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს, ითხოვა პოლიციის დახმარება. შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების შემთხვევის ადგილზე მისვლის გამო თ---------- მ------–--ე განაწყენდა მ---- მ------–--ეზე, რადგანაც მან აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს მისი მხრიდან ოჯახში განხორციელებული ძალადობის შესახებ და დაუწყო უცენზურო უხამსი სიტყვების ძახილი, რა დროსაც მივიდა მასთან და პოლიციელთა თანდასწრებით ფეხი დაარტყა მარჯვენა ფეხზე, ბარძაყის არეში, მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად არასრულწლოვანმა მ---- მ------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც თ---------- მ------–--ის დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილი იქნა შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენით თ---------- მ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 01 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, თ. მ------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 09 მარტიდან 2019 წლის 02 მაისამდე.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ-----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენში და მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის პიროვნება, რომ იგი არ არის კანონმორჩილი პიროვნება და მიდრეკილება აქვს ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
მსჯავრდებულ თ. მ------–--ეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ---------- მ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ---------- მ------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოცხრილით, არასრულწლოვან დაზარალებულ მ---- მ------–--ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: მ----- მ------–--ის, მ------- მ---–--ის, გ-- ხ-----------ის და გ---- უ----–--ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თ---------- მ------–--ის ალკოტესტით შემოწმების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ თ---------- მ------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
თ---------- მ------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ თ. მ------–--ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, პალატას მიაჩნია, რომ თ. მ------–--ის მიმართ დანაშაულათა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სამართლიანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მსჯავრდებულ თ. მ------–--ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა და მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
თ---------- მ------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ---------- მ------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
თ---------- მ------–--ეს დანიშნულ სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2019 წლის 09 მარტიდან, 2019 წლის 02 მაისამდე.
თ---------- მ------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
,,DVD’’ დისკი, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე