განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001857813
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3360-18 19 მარტი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - რ--------- თ------ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ე-–------- ხ----------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს----------------------- უ------ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ს--–---- ა------–-–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.04.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს დაეკისროს 2300 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები:
2. შპს „მ------თან“ გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მფლობელობაში იყო ლიზინგის გამცემის საკუთრებაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაზღვეული იყო სს „ს----------------------- უ------ში“.
12.03.2016წ. მოსარჩელის მეუღლეს უამინდობის გამო მოუცურდა მანქანა და შეეჯახა ბორდიურს. მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 2300 ლარი. საპატრულო პოლიციის მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, დადგინდა, რომ მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში. ს-----------------------მ შპს „მ------“ უარი განუცხადა ზიანის ანაზღაურებაზე. მოსარჩელემ მიმართა შპს „მ------“, რათა მას განმეორებით დაეყენებინა მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიის მიმართ, თუმცა სალიზინგო კომპანიამ ამაზე უარი განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის საფუძველი არ იყო განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობა, ს----------------------- უსაფუძვლოდ აცხადებს უარს ზიანის ანაზღაურებაზე.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს სადაზღვევო ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლების მქონე პირს. ანაზღაურებაზე უარი ეთქვა შპს „მ------“, რომლის მიერაც მოხდა სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა. რაც შეეხება სადაზღვევო პრემიის გადახდას, აღნიშნული არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ კრედიტის გადახდის ქვითრები. საჯარიმო ქვითრის შედგენა უკვე მიუთითებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი სამართალდარღვევა წარმოადგენდა უხეშ გაუფრთხილებლობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.04.2018წ. გადაწყვეტილებით რ--------- თ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.1. მოსარჩელეს (ლიზინგის მიმღებს), შპს „მ------“ (ლიზინგის გამცემს) და გ------- ხ-------–---–ს (გამყიდველს) შორის 2---------წ. 2 წლის ვადით გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ლიზინგის საგანს წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალება „M-----“სახელმწიფო ნომრით A------, რომელიც მფლობელობაში გადაეცა რ--------- თ------ს და საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „მ------“ სახელზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 7617,6 ლარს, რაც სრულად იქნა გადახდილი რ--------- თ------ის მიერ.
4.2. ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისთვის სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო დაზღვევა ლიზინგის მიმღების ხარჯით. სადაზღვევო პრემიის დაფარვა უნდა მომხდარიყო ლიზინგის მიმღების მიერ, ლიზინგის ხელშეკრულების შემადგენელი გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახდელებთან ერთად. სადაზღვევო პოლისის თანახმად, ბენეფიციარი იქნებოდა შპს „მ-----“ (ხელშეკრულების 5.1, 5.2, 5.3 პუნქტები).
4.3. 10.09.2015წ. შპს „მ------ა“ და მოპასუხეს შორის, ერთი წლის ვადით, გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მზღვეველს წარმოადგენს მოპასუხე, დამზღვევს - შპს „მ-----“, რომელიც შესაბამისი პოლისის მიხედვით იხდის სადაზღვევო პრემიას. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იმავე რიცხვში, იმავე მხარეებს შორის შეთანხმდა იურიდიული პირებისთვის ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობები (ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მოსარგებლე არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც წინამდებარე პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება. ხოლო ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისის მიხედვით დამზღვევიც და მოსარგებლეც არის ერთიდაიგივე პირი - შპს „მ-----“.
4.4. ქ-----–-ს რაიონის სოფელ რ----თან, 2016 წლის 12 მარტს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა შპს „მ------“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა გ------- მ-----–-–---–ი, რომელიც არის რ--------- თ------ის მეუღლე და პოლისის თანახმად წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე უფლებამოსილ პირს. საჯარიმო ქვითარში მიეთითა მანევრირების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა შეჯახება.
4.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 14 სექტემბრის დასკვნის და 2016 წლის 16 ნოემბრის წერილის თანახმად, ავტომობილზე მიყენებული ზარალის ოდენობამ შეადგინა 2300 ლარი.
4.6. სს „ს----------------------- უ------მა“ 04.04.2016წ. წერილით შპს „მ------“ უარი განუცხადა ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე. უარის საფუძვლად ს-----------------------მ მიუთითა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობების 6.15. პუნქტის მე-2 ნაწილსა და სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობების შესრულებისგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. აღნიშნულის შემდგომ შპს „მ-----მ“ მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიემართა სადაზღვევო კომპანიისთვის. მისი განმარტებით, არსებობდა ლიზინგის მიმღების ბრალით ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის გარემოება, რაც დადგენილი იყო შს სამინისტროს მიერ.
4.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე პირს არ წარმოადგენდა მოსარჩელე.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 349-ე, 836-ე, 799-ე მუხლებზე და განმარტა, რომ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია თუ არა მესამე პირის სასარგებლოდ ეს დაზღვევის ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა გამომდინარეობდეს. მესამე პირის სასარგებლოდ დაზღვევისას მნიშვნელოვანია, რომ მხარეები ხელშეკრულებას მესამე პირის ინტერესების სასარგებლოდ დებენ. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს „მ------ა“ და მოპასუხეს შორის ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულება არა შპს „მ------“, არამედ მესამე პირის - მოსარჩელის სასარგებლოდ დაიდო. შესაბამისად, არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის ვალდებულება სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ განახორციელოს, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს ამ მოთხოვნის კრედიტორს.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.04.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტი აღნიშნავს რომ:
5.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს. ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე პირს. საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება მოსარჩელის კანონიერი და ობიექტური სადაზღვევო ინეტერესი არსებული სადაზღვევო ხელშეკრულების მიმართ. დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა სალიზინგო სარგებლობაში გადაცემული ლიზინგის საგანი, რომლის მოსარგებლესაც წარმოადგენდა ლიზინგის მიმღები - მოსარჩელე. მოსარჩელე სრულად იხდიდა სადაზღვევო ყოველთვიურ პრემიას. სადაზღვევო პრემიის გადახდა მოსარჩელის მხრიდან განპირობებული იყო ლიზინგის ხელშეკრულებით, რადგან იგი წარმოადგენდა ამ საგნის ერთადერთ მოსარგებლესა და ლიზინგის მიმღებს და სამართლებრივად და კანონის ლოგიკური და ტელეოლოგიური განმარტებითაც მოსარჩელს გააჩნდა ნამდვილი, პირდაპირი, ობიექტური და სრული სადაზღვევო ინტერესი დადებული სადაზღვევო ხელშეკრულების მიმართ. სადაზღვევო ინტერესის პრინციპი (principle of Insurable Interest) - ის სამართლებრივი ინტერესია, რომელიც დამზღვევს გააჩნია დაზღვევის ობიექტის მიმართ. პირადი დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო ინტერესი მიმართულია დამზღვევის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხოლო ქონების დაზღვევისას კი - ქონების შენარჩუნებისაკენ. ამ პრინციპის არსებობა ყველა სადაზღვევო ურთიერთობაში უნდა დადგინდეს, რადგან ა) გამოირიცხოს თამაშისა და სანაძლეოს არსებობა, ბ) შემცირდეს მორალური რისკი, გ) გაზომილი იქნეს დამზღვევის დანაკარგი ქონების დაზღვევის შემთხვევაში. დაზღვევის ინტერესი უნდა იყოს მკაფიო, სრულიად ნათელი და გამჭირვალე. დაზღვევის ინტერესი სახეზეა თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამზღვევს მიადგება ფინანსური დანაკლისი; დაზღვევის ინტერესი განსაზღვრავს დამზღვევისა და ხელშეკრულების საგნის ურთიერთ მიმართებას; დაზღვევის ინტერესის საფუძველია საკუთრება, მფლობელობა, იპოთეკა, გირავნობა და სხვა...
მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა დაზღვევის ხელშეკრულების მხარეს, მას გააჩნდა სრული სადაზღვევო ინტერესი. შესაბამისად, შპს „მ------ა“ და მოპასუხეს შორის გაფორმებული იყო მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება, რაც მოსარჩელეს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.
როდესაც შპს „მ-----მ“ მიიღო ანაზღაურება სალიზინგო დავალიანების სრულად დაფარვის გზით, იგი სრულად გულგრილად განეწყო დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მხოლოდ მზღვეველზე მიმართვით დაკმაყოფილდა და უარი არ გაასაჩივრა სასამართლოში.
5.2. სასამართლომ არ გამოიყენა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი, რომელშიც განმარტებულია დაზღვეული სუბიექტის მოსარგებლის სტატუსი. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვითაც, მოსარგებლე არის დაზღვეული, თუ მოსარგებლე არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით. აღნიშნული მუხლის გამოყენების გარეშე, სასამართლო არასწორი გზით წავიდა და მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 836-ე მუხლი, არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სადაზღვევო ხელშეკრულების მიმართ სადაზღვევო ინტერესი არ გააჩნდა.
5.3. დაუსაბუთებელია მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეული იყო უხეში გაუფრთხილებლობით და ამდენად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული უხეში გაუფრთხილებლობის კონკრეტული განმარტება (სუსგ 2016 წლის 1 ივლისის №ას-1306-1226-2015), რომელზე დაყრდნობითაც განსახილველი შემთხვევა არ წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7. 2---------წ. რ--------- თ------ს (შემდგომში „მოსარჩელე“) (ლიზინგის მიმღები), შპს „მ------“ (ლიზინგის გამცემი) და გ------- ხ-------–---–ს (გამყიდველი) შორის გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება L2------------, შემდეგი პირობებით:
7.1. ლიზინგის ვადა - ორი წელი;
7.2. ლიზინგის საგანი - სატრანსპორტო საშუალება „M-----“ სახელმწიფო ნომრით A------, რომელიც მფლობელობაში გადაეცა მოსარჩელეს და საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „მ------“ სახელზე;
7.3. ხელშეკრულების საერთო ღირებულება - 7617,6 ლარი (ტ.1, ს.ფ.35-45).
7.4. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარებოდა სავალდებულო დაზღვევას ლიზინგის მიმღების ხარჯით (5.1. პუნქტი). სადაზღვევო პრემიის დაფარვა უნდა მომხდარიყო ლიზინგის მიმღების მიერ ხელშეკრულების შემადგენელი გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახდელებთან ერთად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაზღვევის საერთო ღირებულება შეტანილი იქნებოდა საერთო თანხაში, რომელიც ექვემდებარებოდა ლიზინგის მიმღების მიერ დაბრუნებას (5.2. პუნქტი). სადაზღვევო პოლისის თანახმად, ბენეფიციარი იქნებოდა შპს „მ-----“ (5.3. პუნქტი) (ტ.1, ს.ფ. 39).
8. 10.09.2015წ. შპს „მ------“ და სს „ს----------------------- უ------ს“ (შემდგომში „მოპასუხე“) შორის ერთი წლის ვადით გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც დაზღვეული იქნა შპს „მ------“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „M-----“ სახელმწიფო ნომრით A------ და გაიცა სადაზღვევო პოლისი № 1------ (იხ.: ხელშეკრულება, ტ.1, ს.ფ. 66-73; დაზღვევის პოლისი, ტ.1, ს.ფ. 172; დანართი, ტ.1, ს.ფ. 176).
9. ავტომობილის დაზღვევის პოლისით განისაზღვრა:
9.1. დამზღვევი და მოსარგებლე - შპს „მ-----“;
9.2. სადაზღვევო რისკები: ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ავტოტრანსპორტის ან მისი ნაწილების დაზიანება/ განადგურება;
9.3. სადაზღვევო პერიოდი - 2015 წლის 15 სექტემბრიდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე;
9.4. უფლებამოსილი მძღოლები - ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა, ასაკობრივი ზღვარი 18-დან 70 წლამდე.
9.5. უპირობო ფრანშიზა - ნულოვანი ფრანშიზა (ტ.1, ს.ფ.172).
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, საქმის მასალებით დასტურდება და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გადახდილი ლიზინგის საერთო ღირებულება (ტ.1, ს.ფ. 46-64).
გათვალისწინებით იმისა, რომ სალიზინგო ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა ლიზინგის მიმღების ხარჯით და სადაზღვევო პრემიის დაფარვა ლიზინგის მიმღების მიერ ხელშეკრულების შემადგენელი გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახდელებთან ერთად (5.1, 5.2 პუნქტები), დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ ლიზინგის საერთო ღირებულების გადახდასთან ერთად, ასევე სრულად იქნა გადახდილი სადაზღვევო პრემია.
ამდენად, მართალია, შპს „მ-----“ წარმოადგენდა უშუალოდ დამზღვევ და დაზღვევით მოსარგებლე პირს, სადაზღვევო პრემიის გადახდის ეკონომიკური ტვირთის მატარებელი იყო მოსარჩელე - ლიზინგის მიმღები.
11. 2016 წლის 12 მარტს ქ-----–-ს რაიონის სოფელ რ----თან მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა შპს „მ------“ კუთვნილი ავტომანქანა M-----“ სახელმწიფო ნომრით A------. სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა გ------- მ-----–-–---–ი, რომლის მიმართაც შედგენილი იქნა საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით - მანევრირების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა შეჯახება (ტ.1, ს.ფ. 95-100, 101-103).
გ------- მ-----–-–---–ი არის მოსარჩელის მეუღლე და წარმოადგენს სადაზღვევო პოლისის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მართვაზე უფლებამოსილ პირს (ტ.1, ს.ფ.157,172).
12. მოპასუხემ 04.04.2016წ. წერილით შპს „მ------“ უარი განუცხადა ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე და უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობების 6.15 მუხლის მე-2 პუნქტზე (ანაზღაურებას არ ექვემდებარება ქმედება, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მზღვევლს უფლებამოსილებას ანიჭებს უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე) და სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობების შესრულებისგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით (ტ.1, ს.ფ.87,88).
13. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელე სალიზინგო კომპანიის მხრიდან არაერთგზის ითხოვდა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებას (ტ.1, 116-118, 121,122), თუმცა შპს „მ-----“ უარს აცხადებდა დაეწყო სამართლებრივი დავა სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ. 07.06.2016წ. და 08.07.2016წ. წერილებით დგინდება, რომ შპს „მ-----მ“ მიზანშეუწონლად მიიჩნია დავის დაწყება სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ. მოსარჩელეს განემარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გულისხმობს პირის ბრალეული (განზრახ ან გაუფრთხილებელი) ქმედების არსებობას და იმ პირობებში, როდესაც არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლიზინგის მიმღების ბრალით, კომპანიას მიზანშეუწონლად მიაჩნდა დავის დაწყება და საწინააღმდეგოს მტკიცება სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ (ტ.1, ს.ფ. 119,120,123).
ამდენად, დგინდება, რომ სადაზღვევო კომპანიისგან უარის მიღების შემდგომ შპს „მ------“ მხრიდან სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში რაიმე სამართლებრივი საშუალება, მაგალითად სასარჩელო წესით თანხის მოთხოვნა, გამოყენებული არ ყოფილა.
14. დადგენილია, რომ 21.09.2016წ. წერილით მოსარჩელემ სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა უკვე მოპასუხეს (ტ.1, ს.ფ. 90-93). აღნიშნული წერილის პასუხად მოპასუხემ მას განუმარტა, რომ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შპს „მ------“ გაეგზავნა წერილობითი პასუხი, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარებოდა. მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კი ეცნობა, რომ მესამე პირებისთვის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება იყო კონფიდენციალური და მოთხოვნილი დოკუმენტაცია ვერ გადაეცემოდა (ტ.1, ს.ფ.94).
15. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა სადაზღვევო ხელშეკრულების მხარეს და სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს.
აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ აპელანტი მიუთითებს, რომ ვინაიდან სალიზინგო კომპანიამ გამოიჩინა გულგრილობა და უარი თქვა სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი საშუალებების გამოყენებაზე, მას როგორც სადაზღვევო ხელშეკრულების მიმართ რეალური სადაზღვევო ინტერესის მქონე პირს, სრული უფლება გააჩნია სასარჩელო წესით იდავოს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული სამართალურთიერთობის დადგენა მნიშვნელოვანია დავის საგნიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული შედეგის შემოწმების თვალსაზრისით.
16. მოსარჩელე წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე წინამდებარე სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილ სუბიექტს, შემდეგ გარემოებათა გამო:
16.1. როგორც უკვე აღინიშნა, მართალია, შპს „მ-----“ წარმოადგენდა უშუალოდ დამზღვევ და დაზღვევით მოსარგებლე პირს, სადაზღვევო პრემიის გადახდის ეკონომიკური ტვირთის მატარებელი იყო მოსარჩელე - ლიზინგის მიმღები. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარებოდა სავალდებულო დაზღვევას ლიზინგის მიმღების ხარჯით (5.1. პუნქტი). სადაზღვევო პრემიის დაფარვა უნდა მომხდარიყო ლიზინგის მიმღების მიერ ხელშეკრულების შემადგენელი გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახდელებთან ერთად. დაზღვევის საერთო ღირებულება შეტანილი იქნებოდა საერთო თანხაში, რომელიც ექვემდებარებოდა ლიზინგის მიმღების მიერ დაბრუნებას (5.2. პუნქტი)(ტ.1, ს.ფ. 39).
16.2. შესაბამისად, თუ მზღვეველი აანაზღაურებდა სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეულ ზიანს - შეაკეთებდა დაზიანებულ ავტომანქანას/გადაიხდიდა შეკეთების ღირებულებას/ სალიზინგო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემდეგ სწორედ მოსარჩელეს გადაეცემოდა საბოლოოდ საკუთრებაში შეკეთებული ავტომანქანა.
16.3. გრაფიკის შესაბამისად, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საერთო ღირებულება უნდა გადახდილიყო ყოველთვიური შენატანის სახით 23.01.2015წ. - 23.12.2016წ. პერიოდში, რის შემდგომაც ხელშეკრულების 15.8 მუხლის შესაბამისად, შპს „მ-----“ ლიზინგის მიმღებს გადასცემდა სატრანსპორტო საშუალებას საკუთრებაში, ის კი ვალდებული იყო მიეღო იგი და საკუთარი ხარჯით გაეფორმებინა (ტ.1, ს.ფ.35-45).
16.4. ბოლო გადახდა ლიზინგის მიმღებს უნდა განეხორციელებინა 23.12.2016წ., თუმცა, საქმის მასალებით დგინდება, რომ ლიზინგის მიმღების მიერ 21.11.2016წ., ანუ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, განხორციელდა „კონტრაქტი L2-------------ის წინსწრებით დაფარვა“ (ტ.1, ს.ფ.58). მოსარჩელის განმარტებით, მან ლიზინგის ხელშეკრულების ყველა პირობა სრულად შეასრულა და სარჩელის წარდგენის დროისათვის ავტომანქანა იყო მისი საკუთრება (ტ.1, ს.ფ.3).
16.5. სალიზინგო კომპანიის მიერ წარდგენილი მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიის მიმართ განპირობებული იყო მხოლოდ სადაზღვევო ურთიერთობების ფორმალური დაცვით და არა ამ გარიგებით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფით, რომელიც მიზნად ისახავს სადაზღვევო რისკებისაგან დაცვას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ მოსარჩელის გამოკვეთილ ქონებრივ ინტერესზე. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ სადაზღვევო შემთხვევა მოხდა 12.03.2016წ. და ს-----------------------მ ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა 04.04.2016წ. წერილით (ტ.1, ს.ფ.96, 87,88), ანუ ლიზინგის ვადის (23.12.2016წ.) ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე. მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგაც ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ყოველთვიური სალიზინგო თანხის გადახდის ვალდებულებას და პარალელურად სალიზინგო კომპანიისგან აქტიურად ითხოვდა შესაბამისი სამართლებრივი საშუალებების გამოყენებას. შესაბამისად, გასაზიარებელია მსჯელობა მასზედ, რომ ლიზინგის მიმღების მიერ სალიზინგო შენატანის ყოველთვიურად კეთილსინდისიერად გადახდის, ხოლო მოგვიანებით ლიზინგის თანხის სრულად მიღების შემდეგ, შპს „მ------“ დაკარგული ჰქონდა დაზღვეული ავტომობილის მიმართ სადაზღვევო ინტერესი, რაც გამოიხატა კიდეც სადავო ავტოსაგზაო შემთხვევიდან გამომდინარე ს-----------------------სთან ფორმალურად წარმოებულ კომუნიკაციაში.
16.6. პალატას მიაჩნია, რომ სწორედ სალიზინგო ვალდებულების სრულად, კეთილსინდისიერად, ჯეროვნად შესრულებით და ლიზინგის საგნის საკუთრებაში მიღებით მოხდა ლიზინგის საგანზე - დაზღვეულ ავტომობილზე სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლების ლიზინგის მიმღებზე გადასვლა. სწორედ ის გახდა დაზღვეულ ავტომობილზე რეალური სადაზღვევო ინტერესის მატერებელი სუბიექტი.
16.7. პალატა განმარტავს, რომ სადაზღვევო ინტერესი ის სამართლებრივი ინტერესია, რომელიც დამზღვევს გააჩნია დაზღვევის ობიექტის მიმართ. პირადი დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო ინტერესი მიმართულია დამზღვევის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხოლო ქონების დაზღვევისას კი - ქონების შენარჩუნებისაკენ. სადაზღვევო ინტერესი უნდა გაიმიჯნოს დაზღვევის ობიექტისგან. სადაზღვევო ინტერესი არ გულისხმობს მხოლოდ უფლებას დაზღვევის ობიექტზე ან მის ნაწილზე. სადაზღვევო ინტერესი მჭიდრო კავშირს გამოხატავს დამზღვევსა და დაზღვევის ობიექტს შორის. დაზღვევის ობიექტის ღირებულება გამოხატულებას ფულად ერთეულში პოულობს. სადაზღვევო ინტერესის ღირებულება კი შეიძლება ბევრად აღემატებოდეს დაზღვევის ობიექტის ღირებულებას, რადგან სადაზღვევო ინტერესი მატერიალური და მორალური ინტერესების ერთობლიობაა (იხ.: ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.799, ).
16.8. სადაზღვევო ინტერესის არსებობა შეიძლება განხილულ იქნეს დამზღვევის მოთხოვნის უფლების წინაპირობად. ასეთი დასკვნა არაპირდაპირ გამომდინარეობს ცალკეული ქართული სასამართლო გადაწყვეტილებიდანაც (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის N ას-733-1003-05 განჩინება). ამ თვალსაზრისით, აუცილებელი ხდება სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის ანაზღაურების პრინციპთან მიმართების გათვალისწინება. მათ შორის კავშირი ყველაზე ცხადად ქონების დაზღვევისას ჩანს: თუ დამზღვევს არ გააჩნია ინტერესი დაზღვევის ობიექტის მიმართ, ითვლება, რომ ის არ განიცდის ზიანს. ხოლო თუ ზიანი არ არსებობს, როგორც ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობა, არ არსებობს არც ანაზღაურების მოთხოვნა (ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.799, ).
16.9. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა სწორედ მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა (იხ.: სუსგ 29.06.2015წ. საქმეზე N1338-1376-2014).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ მოსარჩელის გამოკვეთილ ქონებრივ ინტერესის და დამზღვევის მიერ შესაბამისი სამართლებრივი საშუალების გამოყენებაზე უარის გაცხადების პირობებში, მოსარჩელეს გააჩნია უფლება დაიცვას ინტერესები სასამართლო წესით და სალიზინგო კომპანიის ნაცვლად თავად იდავოს კუთვნილ ავტომობილზე სადაზღვევო პერიოდში სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
17. ამდენად, სააპელაციო პალატა წინამდებარე სარჩელის ფარგლებში მსჯელობს მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის უარის მართლზომიერების საკითხზე.
დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანიის უარი დასაბუთებულია იმ საფუძვლით, რომ - დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, რაც მზღვეველს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე და ხელშეკრულების 6.15 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით უფლებას ანიჭებდა უარი ეთქვა სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
ხელშეკრულების 6.15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება ქმედება, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე. სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა. კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლებს.
სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ასეთი განმარტება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (სუსგ. №ას-745-713-2014 30 აპრილი, 2015 წელი; №1306-1226-2015, 01 ივლისი 2016 წელი).
18. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევისას სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა გ------- მ-----–-–---–ი, რომლის მიმართაც შედგენილი იქნა საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით - მანევრირების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა შეჯახება (ტ.1, ს.ფ. 95-100, 101,102). საქმეში წარმოდგენილია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 21.04.2016წ. წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჯარიმო ქვითარი გამოწერილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით, მანევრირების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა შეჯახება და აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს შეჯახებას სიჩქარის გადაჭარბებით (ტ.1, ს.ფ. 101).
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ მძღოლისთვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტების თანახმად, წვიმის და სავალი ნაწილის სისველის გამო მძღოლმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა, მოუცურდა მანქანა და შეეჯახა სავალი ნაწილის გვერდზე არსებულ ლითონის ბორდიურს (ტ.1, ს.ფ. 100).
ამდენად, დგინდება, რომ უამინდობის და გზაზე წარმოქმნილი სავარაუდო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მძღოლმა იმოქმედა გაუფრთხილებლად, გააკეთა არასწორი მანევრი, რასაც შედეგად მოჰყვა ბორდიურთან შეჯახება. პალატას მიაჩნია, რომ ამ ფაქტების ერთობლიობა იძლევა მძღოლის მოქმედების მარტივ, და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას.
პალატა მიუთითებს, რომ პასუხისმგებლობის ფარგლები, (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. ამ შემთხვევაში, მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუკონკრეტებიათ ეს ფარგლები, ანუ არ გაუმიჯნიათ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ი 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (სუსგ. №1306-1226-2015, 01 ივლისი 2016 წელი).
განსახილველ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის მიერ ზემოაღნიშნული მოქმედებებიდან რომელიმეს ჩადენაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. პალატას მიაჩნია, რომ მძღოლის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას და არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების მოპასუხისმიერი განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსსაც, რადგანაც ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდეს და მზღვეველმა არ აანაზღაუროს დამდგარი ზიანი (სუსგ. №1306-1226-2015, 01 ივლისი 2016 წელი).
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამდენად, უნდა დადგინდეს: რა თანხაა საჭირო დაზიანებული ავტომანქანის იმ მდგომარეობაში აღდგენისათვის, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევა.
20. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.09.2016წ. ექსპერტიზის დასკვნის და 16.11.2016წ. წერილის შესაბამისად, ავტომობილზე M-----“ სახელმწიფო ნომრით A------ მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 2300 ლარს (ტ.1, ს.ფ.124-134).
მოპასუხეს ზიანის ოდენობა სადავო არ გაუხდია (იხ.: შესაგებელი, ტ.1, ს.ფ.139-150) და არც აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენია.
ამდენად, საფუძვლიანია სარჩელი მოპასუხისთვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 2300 ლარის დაკისრების თაობაზე.
21. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 150 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 215).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, არანაკლებ 150 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ნახევრდება.
29.03.2018წ. ამოქმედებული ცვლილებებით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი გახდა ქონებრივი დავები, რომელთა ღირებულება არ აღემატება 5000 ლარს. საქმის მასალებით დგინდება, რომ წინამდებარე სააპელაციო საჩივარი წარდგენილია აღნიშნული ცვლილების ამოქმედების შემდეგ, 29.05.2018წ. (ტ.1, ს.ფ.204).
მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულებაა 2300 ლარი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 75 ლარს. შესაბამისად, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 75 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 75 ლარის ოდენობით.
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 100 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.17). ვინაიდან სარჩელი კმაყოფილდება, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. რ--------- თ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.04.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. რ--------- თ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. სს „ს----------------------- უ------ს“ რ--------- თ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2300 ლარის გადახდა.
5. სს „ს----------------------- უ------ს“ რ--------- თ------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით, ასევე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 75 ლარის ოდენობით.
6. რ--------- თ------ს დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 75 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე