განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 060100119002927100
საქმე №1/ბ-434-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე უ–---- ა-–-------ის ძე ქ---–-----ას მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ქ. სამტრედიას, ბ------ის ქ. N118;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, უ–---- ქ---–-----ას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალმა უ–---- ქ---–-----ამ ქ. სამტრედია, ბ------ის ქ. N118-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, უმოტივოდ, თავის არეში სკამის დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, ხ------- გ------–--ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენით უ–---- ქ---–-----ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილე დ------- ვ-----------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უ–---- ქ---–-----ას მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაენიშნოს ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი უ–---- ქ---–-----ას მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზით უტყუარად დადგენილია ის გარემოება, რომ ხ------- გ------–--ს მიმართ განხორციელდა ძალადობა.
გამართლებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უ–---- ქ---–-----ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის არსებითი განხილვის დროს უ–---- ქ---–-----ას ახლო ნათესავმა, კერძოდ, მეუღლემ -დაზარალებულმა ხ------- გ------–--მ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, მეუღლის, უ–---- ქ---–-----ას წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ დ---–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე მის მიერ იქნა გამოკითხული მოწმეები, დაზარალებული და ბრალდებული, ასევე, მის მიერ, დაზარალებულ ხ------- გ------–--ს მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სადაც დაზარალებულმა მიუთითა ხის სკამზე, რომლითაც მოხდა ძალადობა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული სკამი ამოღებული და დალუქული იქნა. ამავე საქმეზე მის მიერვე იქნა დაკავებული უ–---- ქ---–-----ა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--- ბ---------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის თანამდებობაზე, 2019 წლის 25 თებერვალს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- ლ-----–---–თან ერთად, დაახლოებით 20:00 საათზე პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ ხ------- გ------–--ს საცხოვრებელ სახლში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. მათ შემთხვევის ადგილზე დახვდათ უ–---- ქ---–-----ა, რომელიც იყო აგრესიული და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს ხ------- გ------–--ს, ამასთან იწევდა მისკენ ფიზიკური შეურაცხყოფის მისაყენებლად. რომელსაც ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანება თავის არეში, ვინაიდან მდგომარეობა იყო დაძაბული, მის მიერ მოხდა უ–---- ქ---–-----ას დაკავება. დაზარალებულის მოთხოვნით, ასევე მის მიერ, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება.
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, მოწმე გ------- ლ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 25 თებერვალს მორიგეობისას, მის მეწყვილესთან, გ--- ბ---------ესთან ერთად, ქალაქში აწარმოებდა შემოვლას. დაახლოებით 20 საათზე, სამორიგეოდან დაუკავშირდნენ და მის მეწყვილეს აცნობეს, რომ ქ. სამტრედია, ბ------ის ქუჩის N118-ში მცხოვრებ ხ------- გ------–--ს საცხოვრებელ სახლში იყო ოჯახური ძალადობა, ისინი გავიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც სახლში შესვლისას ნახა, რომ ხ------ა გ------–--ს, მეუღლე, უ–---- ქ---–-----ა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდა ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, რაც გამოიხატებოდა მასში, რომ უ–---- ქ---–-----ა იწევდა საცემრად მეუღლისაკენ, რის გამოც იგი მათ მიერ დაკავებულ და გადაყვანილ იქნა შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში.
2019 წლის 06 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ხ------- გ------–--ს სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში, აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით, კერძოდ, შუბლის მიდამოში მარჯვნივ, აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო მოიისფრო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი, ზომით 3,5x2,5 სმ; ცხვირის ზურგზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი თხელი ფუფხით დაფარული, მიმდებარე კანის დონეზე დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით:1,0x0,2 სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ზემოაღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, უ–---- ქ---–-----ას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ხ------- გ------–--მ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის, უ–---- ქ---–-----ას წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია უ–---- ქ---–-----ას მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით (რომლის სისწორეც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა), პალატა აღნიშნავს, რომ მართალია აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება ხ. გ------–--ს სხეულზე დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებულია თუ არა უ–---- ქ---–-----ას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, მით უფრო, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, არ არსებობს დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.
პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (ექსპერტიზის დასკვნა) არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს.
რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმე პოლიციის თანამშრომლებს, პალატა აღნიშნავს, რომ ისინი კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უშანგუი ქ---–-----ას ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უ–---- ქ---–-----ას მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უ–---- ქ---–-----ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილე, დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განაჩენი უ–---- ქ---–-----ას მიმართ დარჩეს უცვლელი:
უ–---- ქ---–-----ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
უ–---- ქ---–-----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მ-----– გ------–--ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე: ქ. სამტრედიაში, ბ------ის ქუჩა N106 (ზონა 34, სექტორი 08, კვარტალი 61, ნაკვეთი 136 ს/კ №------------) – 2 000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განჩინებით დადებული ყადაღა.
გამართლებულ უ–---- ქ---–-----ას უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ნივთიერი მტკიცებულება, ერთი ცალი ხის სკამი, რაც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე