განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310117002138724
საქმე №3ბ/1389-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
17 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - მ------ კ-------–--ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ----- თ---------–---–ი;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ----- თ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
დ----- თ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ----- თ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ----- თ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება 24 (ოცდაოთხი) ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6.67 (ექვსი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ------- - ჩ-----------ის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებლის ბ---- გ--–-–---–ისა და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის დ-------ი წ-–--–-–---–ის მიერ 2017 წლის 3 ოქტომბერს 23:53 წუთზე, დ----ის მ----ში, ლ----–----სა და ჩ-----ს ქ-----------------, ლ----–----ს ქუჩა №---ში მდებარე P---ს აფთიაქთან, გადამოწმების მიზნით, შეჩერებულ იქნა დ----- თ---------–---–ი.
2017 წლის 4 ოქტომბრის 00:27 წუთზე დ----- თ---------–---–ი შევიდა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ------- - ჩ-----------ის სამმართველოს პირველი განყოფილებაში, ხოლო 2017 წლის 4 ოქტომბრის 01:40:18 საათზე მან დატოვა აღნიშნული განყოფილების შენობა (ტომი I, ს.ფ.49, 180-182).
3.2.2. 2017 წლის 4 ოქტომბერს შედგა პირის იდენტიფიკაციის ოქმი, რომლის თანახმად, ღონისძიების ადრესატს წარმოადგენდა დ----- თ---------–---–ი. ღონისძიების დაწყების დროდ მითითებულია 01:00 საათი, ხოლო ღონისძიების დამთავრების დროდ 01:30 საათი. აღნიშნულ ოქმში მითითებული არ არის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების გატარების საფუძველი. მოცემული ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადა დ----- თ---------–---–მა (ტომი I, ს.ფ.114-115).
3.2.3. 2017 წლის 4 ოქტომბერს შედგა „პირის იდენტიფიკაციის შემოწმების შესახებ“ ოქმი, რომლის თანახმად, პოლიციის თანამშრომლების მიერ საეჭვოდ იქნა მიჩნეული დ----- თ---------–---–ი, რაც გახდა გადამოწმების მიზნით მისი შეჩერების საფუძველი. დ----- თ---------–---–მა განაცხადა, რომ არ ჰქონდა პირადობის მოწმობა და განაცხადა, რომ ის არის დ----- თ---------–---–ი. მან განაცხადა უარი ვიზუალურ დათვალიერებაზე და არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. შესაბამისად, იდენტიფიკაციის მიზნით წარდგენილ იქნა შსს დ-----------------------------------–-----------–-----------–---ში, სადაც განხორციელდა მისი იდენტიფიცირება და აღმოჩნდა დ----- ვ-–-ს-ძე თ---------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 7----------ს, მცხოვრები ქ.თბილისი, გ-–----ი მ---------, კ--------ი №--, ბ--- №-. დადგენის შემდეგ გაშვებულ იქნა სახლში. აღნიშნულ ოქმში მითითებულია, რომ დ----- თ---------–---–მა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე (ტომი I, ს.ფ.116).
3.2.4. 2017 წლის 4 ოქტომბერს შედგა პირის ზედაპირული შემოწმების ოქმი, რომლის თანახმად, ღონისძიების ადრესატს წარმოადგენდა დ----- თ---------–---–ი. პირის იდენტიფიცირების დადგენის მიზნით გადამოწმებისას იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, დათვალიერდა ვიზუალურად, არ აღმოაჩნდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება. ოქმში მითითებული არ არის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმების მიზნით პირის შეჩერების საფუძველი. ღონისძიების დაწყების დროდ მითითებულია 12:03 წუთი, ხოლო ღონისძიების დამთავრების დროდ - 12:30. დ----- თ---------–---–მა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე და შენიშვნის სახით მიუთითა, რომ პოლიციელებმა გააჩერეს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოითხოვეს ჯიბეებიდან ნივთების ამოღება და ზურგჩანთის გახსნა, პოლიციელმა სცადა ფოტოს გადაღება, რაზეც გაუწია წინააღმდეგობა და არ მისცა ფოტოსურათის გადაღების საშუალება (ტომი I, ს.ფ.117-118).
3.2.5. დ----- თ---------–---–მა განცხადებით მიმართა დ--------ჩ-----------ის პოლიციის პირველი სამმართველოს უფროსს და მოითხოვა 2017 წლის 4 ოქტომბრის 00:20-01:29 საათამდე პერიოდში მის შესახებ მოპოვებული და დამუშავებული ნებისმიერი ინფორმაცია, ასევე, მის მიმართ შედგენილი ნებისმიერ დოკუმენტი.
შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------ჩ-----------ის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის 2017 წლის 16 ოქტომბრის წერილის თანახმად, დ----- თ---------–---–ს უარი ეთქვა განცხადებაში მოთხოვნილი საკითხის დაკმაყოფილებაზე. ასევე, ეცნობა, რომ მასალები ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-------- ჩ-----------ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში და მიეწოდება საქალაქო სასამართლოს, პირველივე მოთხოვნისთანავე (ტომი I, ს.ფ.119-120).
3.2.6. დ----- თ---------–---–მა შსს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე განახორციელა სატელეფონო შეტყობინება 2017 წლის 3 ოქტომბერს 23:57 საათზე, შეტყობინების თანახმად, დ----- თ---------–---–მა განაცხადა, რომ ქ.თბილისში ლ----–----ს ქ----ში, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები უკანონოდ უღებენ ფოტოსურათს და უკანონოდ ჩხრეკენ, რის უფლებასაც თავად არ აძლევს.
2017 წლის 4 ოქტომბერს 02:06 საათზე შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დ----- თ---------–---–მა კვლავ განახორციელა ზარი და აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლებს არ მისცა ფოტოსურათის გადაღების და მისი ჩანთის გაჩხრეკის უფლება. ამასთან, წინააღმდეგობის გაწევისათვის იგი უკანონოდ გადაიყვანეს დ----ის მ----ში მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ კანონის დარღვევით, არ დაუსახელეს გაჩერების და ფოტოსურათების გადაღების მიზეზი, არ შეადგინეს ჩხრეკის და დაკავების ოქმები, არ მისცეს დარეკვის საშუალება. ამასთან, მათ შეადგინეს მხოლოდ პიროვნების იდენტიფიცირების ოქმი, რაზეც მან ხელი არ მოაწერა, ასევე დრო არასწორად ჩაწერეს 01:00 საათი (განყოფილების შეყვანის დრო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მისი თქმით, მითითებულ დროზე გაცილებით ადრე შეიყვანეს), ასევე აღნიშნა, რომ განყოფილებაში მას უხეშად და აგდებულად მიმართეს, ხოლო 01:27 საათზე გამოუშვეს განყოფილებიდან. დ----- თ---------–---–მა მოითხოვა აღნიშნული ფაქტის გამოძიება.
დ----- თ---------–---–მა, ასევე, საჩივრით მიმართა შსს გენერალურ ინსპექციას და მოითხოვა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------ჩ-----------ის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ბ---- გ--–-–---–ისა და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ-------ი წ-–--–-–---–ის მხრიდან განხორციელებული მოქმედებების კანონიერების შესწავლა. ასევე, მოითხოვა დაუყოვნებლივ გადაეცეს დ--------ჩ-----------ის პირველ სამმართველოს ინსპექტორების მიერ შედგენილი პირის იდენტიფიკაციის ოქმის და მასთან დაკავშირებული საქმის მასალები. ამასთან, მოითხოვა შენახული და დაცული იქნას დასახელებული სამმართველოს გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეო - კამერების ჩანაწერები (ტომი I, ს.ფ.87-88; 111-112).
3.2.7. დ----- თ---------–---–მა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------ჩ-----------ის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებლის ბ---- გ--–-–---–ისა და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის დ-------ი წ-–--–-–---–ის მხრიდან განხორციელებული მოქმედებების კანონიერების შესწავლა. ასევე, მოითხოვა დაუყოვნებლივ გადაეცეს დ--------ჩ-----------ის პირველ სამმართველოს ინსპექტორების მიერ შედგენილი პირის იდენტიფიკაციის ოქმის და მასთან დაკავშირებული საქმის მასალები. ამასთან, მოითხოვა შენახული და დაცული იქნას დასახელებული სამმართველოს გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეო-კამერების ჩანაწერები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 19 ოქტომბრის №M------------- წერილის თანახმად, დ----- თ---------–---–ს გაეგზავნა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------ჩ-----------ის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომელთა მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაცია. დამატებით ეცნობა, რომ სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული შესაძლო დარღვევების შესწავლის მიზნით, აღნიშნული წერილი გადაიგზავნა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. რაც შეეხება ქ.თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დ--------ჩ-----------ის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს, ეცნობა, რომ ვიდეომასალის მოძიებისა და დამუშავების მიზნით შესაბამის დანაყოფში გადაგზავნილ იქნა მოთხოვნა. შესაბამისად, მასალა გადაეცემა მისი მოპოვებისა და დამუშავებისთანავე (ტომმი I, ს.ფ.80-81; 83);
3.2.8. დ----- თ---------–---–მა განცხადებით მიმართა შსს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსს და მოითხოვა შესწავლილ იქნას პირის იდენტიფიკაციის ოქმის კანონიერების საკითხი, რომელიც არ შემდგარა მისი თანდასწრებით. ასევე, მოითხოვა მისი სატელეფონო ნომრიდან განხორციელებული სატელეფონო ზარის აუდიო ჩანაწერი, რომელიც განხორციელდა 126-ზე 2017 წლის 4 ოქტომბერს 02:24 საათზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 31 ოქტომბრის №M------------- წერილის თანახმად, აღნიშნული წერილი გადაეგზავნა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (ტომი I, ს.ფ.84-86);
3.2.9. შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------ჩ-----------ის სამმართველოს 2017 წლის 9 ოქტომბრის №M------------- წერილის თანახმად, 2017 წლის 4 ოქტომბერს ოპერატიულ მორიგე ჯგუფში იმყოფებოდნენ და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ------- – ჩ-----------ის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლები - უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ბ---- გ--–-–---–ი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დ-------ი წ-–--–-–---–ი. დაახლოებით 00:05 საათისათვის დ----ის მ----ში, ლ----–----სა და ჩ-----ს ქ----------------- გადამოწმების მიზნით მათ მიერ შეჩერებულ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც წარუდგნენ სამსახურებრივ ფორმებში, გაეცნენ, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოსთხოვეს მას წარმოედგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. აღნიშნული პიროვნებისაგან მიიღეს უარი პირადობის მოწმობის წარმოდგენაზე და ვინაობის დასახელებაზე. მან პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომც ჰქონოდა პირადობის მოწმობა, მაინც არ აჩვენებდა. მისმა საქციელმა პოლიციის თანამშრომლებში გამოიწვია ეჭვი, ხომ არ იყო აღნიშნული პიროვნება ძებნილი ან რაიმე დანაშაულში მონაწილე, რაზეც პოლიციის თანამშრომლების მიერ, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მოხდა პიროვნების ფოტო გადაღება და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით შესთავაზეს მოქალაქეს პოლიციის განყოფილებაში წასვლა, რაზეც იგი თავდაპირველად იყო უარზე, ხოლო მოგვიანებით მან განაცხადა თანხმობა. დ--------ჩ-----------ის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში მიყვანის შემდეგ, აღნიშნულმა პიროვნებამ განაცხადა, რომ იყო დ----- თ---------–---–ი, საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული პიროვნება ნამდვილად აღმოჩნდა დ----- ვ-–-ს-ძე თ---------–---–ი, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 0----------, მცხოვრები ქ. თბილისი გ-–----ის მ----ი, მ---------, კ--------ი №--ა, ბ--- №--, მისი გადამოწმება მოხდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით და ასევე შედგა პირის ზედაპირული შემოწმების ოქმი, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. ამასთან, პოლიციელების მხრიდან მიმართვა მოქალაქე დ----- თ---------–---–ის მიმართ იყო თავაზიანი, კანონის ფარგლების სრული დაცვით, არ ყოფილა არანაირი სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა, მისი ვინაობის დადგენის შემდგომ დ----- თ---------–---–ი გაშვებულ იქნა პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან (ტომი I, ს.ფ. 92-93).
3.2.10. 2017 წლის 6 ოქტომბერს დ----- თ---------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და მოითხოვა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-------- ჩ-----------ის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებლის ბ---- გ--–-–---–ისა და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის დ-------ი წ-–--–-–---–ის მხრიდან განხორციელებული მოქმედებების კანონიერების შესწავლა. ასევე, მოითხოვა დაუყოვნებლივ გადაეცეს დ------- - ჩ-----------ის პირველ სამმართველოს ინსპექტორების მიერ შედგენილი პირის იდენტიფიკაციის ოქმის და მასთან დაკავშირებული საქმის მასალები. ამასთან, მოითხოვა შენახული და დაცული იქნას დასახელებული სამმართველოს გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეო -კამერების ჩანაწერები.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2017 წლის 20 ოქტომბრის №1--------- წერილით, შსს გენერალური ინსპექციას ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება - დაიწყო თუ არა სამსახურებრივი შემოწმება მოქალაქე დ----- თ---------–---–ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე 2017 წლის 4 ოქტომბერს განხორციელებული სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, დადებითი პასუხის შემთხვევაში ეთხოვა სამსახურებრივი შემოწმების შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება (ტომი I, ფ.102-105).
3.2.11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2017 წლის 26 ოქტომბრის №M------------- წერილის თანახმად, დ----- თ---------–---–ის განცხადების საფუძველზე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შს სამინისტროს მოსამსახურეთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა (ტომი I, ს.ფ. 94-99; 100-101; 407);
3.2.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 27 ოქტომბრის №M------------- წერილის თანახმად, დ----- თ---------–---–ის შეჩერების საფუძველი გახდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ასევე ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას (ტომი I, ს.ფ.158-160);
3.2.13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 დეკემბრის №M------------- წერილის თანახმად, დ----- თ---------–---–ის ზედაპირული შემოწმების საფუძველს წარმოადგენდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი, კერძოდ, არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ შეჩერებულ პირს თან ჰქონდა ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას (ტომი I, ს.ფ.161-162);
3.2.14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში დ----- თ---------–---–ის მონაცემების გადამოწმება მოხდა - 2017 წლის 3 ოქტომბერს 23:55:51 საათზე შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------ჩ-----------ის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების (დ----ის მ----ი) დეტექტივ - გამომძიებლის მიერ, 2017 წლის 4 ოქტომბერს 00:21:26 საათსა და 00:22:22 საათზე ამავე განყოფილების უფროსის მოადგილის/დეტექტივ - გამომძიებლის მიერ, 00:36:12 საათსა და 00:36:22 საათზე აღნიშნული სამმართველოს უფროსის მიერ, ხოლო 01:54:30 საათზე მოცემული განყოფილების დეტექტივ - გამომძიებლის მიერ (ტომი I, ს.ფ.166).
3.2.15. 2017 წლის 6 ოქტომბერს დ----- თ---------–---–მა მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 8 იანვრის №გ----------- გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 60 დღის ვადაში დაევალა შეაფასოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების მიზნით სამინისტროს თანამშრომლების სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონებისა და ე.წ. მესენჯერების გამოყენების მიზანშეწონილობა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიიღოს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
გადაწყვეტილების თანახმად, სამინისტროს მიერ ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მონაცემების დამუშავების კანონიერებასთან დაკავშირებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქარველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“, „დ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტრომ, როგორც მონაცემთა დამმუშავებელმა, ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მონაცემებზე წვდომით განახორციელა დ----- თ---------–---–ის პერსონალური მონაცემების დამუშავება.
გადაწყვეტილების მიხედვით, განცხადების განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი მტკიცებულებების და განმარტებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები - 2017 წლის 03 ოქტომბრის დაახლოებით 23:52 საათიდან იმავე წლის 4 ოქტომბრის 00:05 საათამდე პერიოდში, ქ.თბილისში, ლ----–----ს და ჩ-----ს ქუჩის მიმდებარე ტეროტორიაზე, პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელდა დ----- თ---------–---–ის შეჩერება, რა დროსაც მოქალაქეს განუმარტეს, რომ იყვნენ შს სამინისტროს თანამშრომლები. სამინისტროს განმარტებით, სამინისტროს თანამშრომლების მიერ დ----- თ---------–---–ის შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ასევე, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. სამინისტროს თანამშრომლებმა დ----- თ---------–---–ს მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა, რაზეც მიიღეს უარი. განმცხადებელმა ასევე უარი განაცხადა სრულად დაესახელებ--- თავისი ვინაობა. პირის იდენტიფიკაციის მიზნით შს სამინისტროს მიერ განხორციელდა დ----- თ---------–---–ის ფოტოსურათის გადაღება, თუმცა, ვინაიდან მან ხელი შეუშალა გადაღების პროცესს, ფოტოსურათის გამოყენება ვერ განხორციელდა მიზნის შესაბამისად და მოხდა მისი წაშლა. შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ დ----- თ---------–---–ის იდენტიფიკაციის მიზნით მისი მონაცემების პირველადი გადამოწმება სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მოხდა შეჩერების ადგილზე (გადამოწმების დრო: 03.10.2017, 23:55:51). სამინისტროს განმარტებით, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა ღონისძიების ადრესატის ადგილზე იდენტიფიკაცია, სამინისტროს თანამშრომლებმა დ----- თ---------–---–ს შესთავაზეს განყოფილებაში წასვლა, რაზეც იგი თავდაპირველად უარს აცხადებდა, ხოლო მოგვიანებით თანხმობა განაცხადა. განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, დ----- თ---------–---–მა შს სამინიტროს თანამშრომლებს გაუმჟღავნა თავისი სახელი და გვარი. სამინისტროს თანამშრომლებმა აღნიშნული მონაცემების ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში ასახვის გზით (განყოფილებაში გადამოწმების დრო: 04/10/2017, 00:21:26; 04/10/2017, 00:22:22;
04/10/2017, 00:36:12; 04/10/2017, 00:36:22) განახორციელეს დ----- თ---------–---–ის სრული იდენტიფიცირება, რაზედაც შედგა პირის იდენტიფიკაციის შესახებ ოქმი. სამინისტროს განმარტებით, დ----- თ---------–---–ის ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში გადამოწმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-20 მუხლის პირველი პუნქტი. პრევენციული ღონისძიების დასრულებისა და დ----- თ---------–---–ის განყოფილებიდან წამოსვლის შემდგომ, 2017 წლის 4 ოქტომბერს 01:54:30 საათზე, სამინისტროს თანამშრომლებმა კვლავ განახორციელეს განმცხადებლის მონაცემთა დამუშავება ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში. სამინისტროს განმარტებით, პერსონალური მონაცემები გადამოწმდა იდენტიფიკაციის ოქმში შეტანილი მონაცემების დაზუსტების მიზნით.
გადაწყვეტილების თანახმად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი მკაფიოდ და კონკრეტულად განსაზღვრავს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენებითაც უნდა განახორციელოს პოლიციელმა პირის იდენტიფიკაცია. ამასთან, აღნიშნული ჩამონათვალი არ მოიცავს პოლიციელის უფლებას, პრევენციული ღონისძიება - „პირის იდენტიფიკაცია“ განახორციელოს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მონაცემების დამუშავების გზით. განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ სამინისტრომ, 2017 წლის 3 ოქტომბრის 23:55:51 საათიდან 2017 წლის 4 ოქტომბრის 00:36:22 საათის ჩათვლით პერიოდში, დ----- თ---------–---–ის იდენტიფიკაციის მიზნით, ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მონაცემებზე წვდომა განახორციელა ხუთჯერ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს პირის იდენტიფიკაციისათვის არ გამოუყენებია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები (გარდა ფოტოსურათის გადაღებისა, რომლის იდენტიფიკაციის მიზნით გამოყენება, მისივე განმარტებით, ვერ შეძლო). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული დ----- თ---------–---–ის იდენტიფიკაციის ღონისძიება არ შეესაბამება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შესაბამისად, ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა განხორციელდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. განცხადების განხილვის ფარგლებში ასევე, დადგინდა, რომ 2017 წლის 4 ოქტომბერს 01:54:30 საათზე სამინისტროს თანამშრომლებმა დამატებით განახორციელეს განმცხადებლის მონაცემთა დამუშავება ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში. სამინისტროს განმარტებით, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენდა იდენტიფიკაციის ოქმში შეტანილი მონაცემების დაზუსტება. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ 2017 წლის 4 ოქტომბერს 01:54:30 საათზე ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მონაცემთა დამუშავების მომენტისათვის განმცხადებლის იდენტიფიკაციის მიზნით მისი მონაცემები 2017 წლის 23 ოქტომბრის 23:55:51 საათიდან 2017 წლის 4 ოქტომბრის 00:36:22 საათის ჩათვლით პერიოდში ხუთჯერ იყო გადამოწმებული, ხოლო გადამოწმების შედეგად მოპოვებული მონაცემები ასახული იყო შესაბამის ოქმებში. სამინისტროსა და განმცხადებლის განმარტებით, პირის იდენტიფიკაციის შესახებ ოქმი შედგა მას შემდეგ, რაც განხორციელდა ღონისძიების ადრესატის ზუსტი იდენტიფიცირება. სამინისტროს მიერ შედგენილ იქნა პრევენციული ღონისძიების ამსახველი სამი ოქმი, რომლებშიც მონაცემთა სუბიექტის შესახებ მითითებული იყო იდენტური დემოგრაფიული მონაცემები. სამინისტროს მიერ დასრულებული იყო ყველა პრევენციულ ღონისძიება, ხოლო განმცხადებელი აღარ იმყოფებოდა განყოფილებაში. სამინისტროს მიერ ვერ იქნა არგუმენტირებული, თუ რამ განაპირობა დასრულებულ და ხელმოწერილ ოქმებში ასახული მონაცემების სიზუსტეში ეჭვის შეტანა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ 2017 წლის 4 ოქტომბერს 01:54:30 საათზე განმცხადებლის მონაცემების ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში წვდომის გზით დამუშავება არ განხორციელებულია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრომ 2017 წლის 4 ოქტომბერს 01:54:30 საათზე ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში დ----- თ---------–---–ის მონაცემები დაამუშავა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც ამავე კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართალდარღვევის ჩადენიდან გასულია ორ თვეზე მეტი, ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ინსპექტორი მონაცემთა დამმუშავებელს ვერ დააკისრებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
გადაწყვეტილების თანახმად, სამინისტროს მიერ ფოტოსურათის გადაღების გზით მონაცემთა დამუშავების კანონიერებასთან დაკავშირებით განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი მტკიცებულებების და განმარტებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: ქ.თბილისში, ლ----–----სა და ჩ-----ს ქუჩის მიმდებარე ტეროტორიაზე, საპოლიციო ღონისძიების განხორციელების ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოკითხულმა დ----- თ---------–---–მა, მიუხედავად თანამშრომლების მოთხოვნისა, უარი განაცხადა დაესახელებ--- თავისი ვინაობა და არ წარადგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; სამინისტროს თანამშრომლების მიერ მობილური ტელეფონის მეშვეობით განხორციელდა განმცხადებლის ფოტოგადაღება. სამინისტროს განმარტებით, გადაღებული ფოტოსურათის, შეჩერებული პირის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო, პირის იდენტიფიკაციისათვის იყო ბუნდოვანი და გამოუსადეგარი. შესაბამისად, ფოტოსურათის წაშლა მოხდა მისი გადაღებისთანავე.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“, „დ“. „ვ“. და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტრომ ფოტოზე აღბეჭდვის გზით განახორციელა დ----- თ---------–---–ის პერსონალური მონაცემების დამუშავება.
გადაწყვეტილების მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ ფოტოსურათით პირის იდენტიფიკაციის წესის არარსებობა ხელს უწყობს არაერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვას, რაც თავის მხრივ წარმოშობს მონაცემების არამართლზომიერად, კანონით დადგენილი პრინციპების დარღვევით, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შელახვით დამუშავების საფრთხეს. ამასთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, სამინისტროს თანამშრომლების სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონების, ასევე, ინფორმაციის მიმოცვლისათვის ე.წ. „მესენჯერების“ გამოყენება, წარმოშობს მონაცემთა შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, შენახვის, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვის საფრთხეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სამინისტრომ, ერთი მხრივ შეიმუშავოს პირის იდენტიფიკაციის მიზნით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების წესი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მონაცემთა დამუშავების კანონიერება, ხოლო, მეორე მხრივ, მონაცემთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეაფასოს ამ ღონისძიების ჩატარებისათვის თანამშრომლის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონისა და ე.წ. „მესენჯერების“ გამოყენების მიზანშეწონილობა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები მონაცემთა დამუშავების პროცესში უსაფრთხოების დასაცავად.
გადაწყვეტილების თანახმად, სამინისტროს მიერ განმცხადებლის ინფორმირების განხორციელების კანონიერებასთან დაკავშირებით აღნიშნულია შემდეგი: შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------ჩ-----------ის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის 2017 წლის 16 ოქტომბრის წერილით, დ----- თ---------–---–ს უარი ეთქვა განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადაცემაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სამმართველოს არ გააჩნდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი, შეეზღუდა განმცხადებლის უფლება, მიეღო მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, სამმართველო ვალდებული იყო მოეხდინა მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესით. აღსანიშნავია, რომ სამმართველო არის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული და შესაბამისად, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნტის თანამად, მონაცემთა დამმუშავებელის წარმოადგენს სამინისტრო.
გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დ----- თ---------–---–ის მიერ 2017 წლის 6 ოქტომბრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია განმცხადებელს გაეგზავნა 2017 წლის 26 ოქტომბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ადგილი ჰქონდა განმცხადებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განმცხადებლის ინფორმირების წესების დარღვევიდან გასულია ორ თვეზე მეტი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩადენის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ინსპექტორი მონაცემთა დამმუშავებელს ვერ დააკისრებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
გადაწყვეტილების თანახმად, განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ სამინისტროს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 4 ოქტომბერს შედგენილი „პირის იდენტიფიცირების შემოწმების შესახებ“ ოქმში (ხელნაწერი ოქმი) მითითებულია განმცხადებლის მამის სახელი და საცხოვრებელი მისამართი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სამინისტრომ განმცხადებლის მამის სახელისა და საცხოვრებელი მისამართის შესახებ მონაცემები დაამუშავა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრინციპის დარღვევით, რაც ამავე კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და პასუხისგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართალდარღვევის ჩადენიდან გასულია ორ თვეზე მეტი, ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ინსპექტორი მონაცემთა დამმუშავებელს ვერ დააკისრებს „პერსონალურ მონაცემათა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ტომი I, ს.ფ.34-35; 136-157; 158-166).
3.2.16. 2018 წლის 11 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით მიმართა დ----- თ---------–---–მა და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დ----- თ---------–---–ისათვის ინფორმირების წესის დარღვევაზე რეაგირება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 6 ივლისის №------------ გადაწყვეტილებით, დასრულდა დ----- თ---------–---–ის ზემოაღნიშნული განცხადების განხილვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილების თანახმად, განცხადების განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგენილი გარემოებაა, რომ დ----- თ---------–---–მა სამინისტროს განცხადებით მიმართა 2018 წლის 30 აპრილს და მოითხოვა 2017 წლის 3 ოქტომბრიდან - 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით პერიოდში, სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების გადამოწმების წელის, თვის, რიცხვის, საათის, წუთის, წამის და გადამმოწმებელი პირის სამუშაო ადგილისა და თანამდებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად სამინისტრომ ინფორმაცია მოიძია და დაამუშავა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფიდან, რის შედეგადაც დ----- თ---------–---–ს საპასუხო წერილი გაუგზავნა 2018 წლის 31 მაისს. მოცემულ შემთხვევაში, სამინისტროს ეკისრებოდა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა, თუმცა განმცხადებელს პასუხი 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ გაეგზავნა, რაც ცალსახად წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესების დარღვევას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ნათელია, რომ სამინისტრომ მონაცემთა სუბიექტის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია გასცა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც ამავე კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს სამართალდარღვევას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს (ტომი I, ს.ფ. 277-287).
4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტი და განმარტა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით დადგენილი ნორმებით.
„პოლიციის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლზე დაყრდნობით კი მიუთითა, რომ საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. მიიჩნია, რომ პოლიციელის მიერ შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს. პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციის მთავარ ფუნქციას და მოვალეობას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა წარმოადგენს, რომელსაც იგი ახორციელებს პრევენციული საქმიანობის მეშვეობით. პრევენცია, თავის მხრივ კი ითვალისწინებს სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და აღკვეთას. ამ მოვალეობის შესრულებისას წარმოიშობა გარდაუვალი კონფლიქტი საზოგადოების უსაფრთხოებასა და ინდივიდის თავისუფლებას შორის. შესაბამისად, პრევენციული ღონისძიება უნდა განხორციელდეს ლეგიტიმურ საფუძველზე, თანაზომიერების პრინციპის დაცვით.
საქმის განმხილველმა სასამართლომ დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ 2017 წლის 4 ოქტომბრის არც პირის ზედაპირული შემოწმების ოქმი და არც პირის იდენტიფიკაციის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას, რა საფუძვლით მოხდა დ----- თ---------–---–ის მიმართ ზემოაღნიშნული პრევენციული ღონისძიებების გატარება. ყურადღება გაამახვილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 27 ოქტომბრის №M------------- და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 დეკემბრის №M------------- წერილებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებზე და განმარტა, რომ მიმოსვლის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისუფლებაა, რომელიც არის ერთ - ერთი გარანტი ისეთი ფუნდამენტური უფლებათა განხორციელებისა, როგორიცაა ადამიანის ღირსება, თავისუფლება ან მისი თავისუფალი განვითარება. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი პირს ანიჭებს უფლებას, დაუბრკოლებლად გადაადგილდეს და ამისათვის აირჩიოს მისთვის სასურველი დრო, გადაადგილების ფორმა, საშუალება და მარშრუტი. თუმცა, საქართველოს კონსტიტუცია ასევე უშვებს აღნიშნული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ მოცემული დაკავშირებულია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელ სახელმწიფო უშიშროებასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან, დანაშაულის თავიდან აცილებასა ან მართლმსაჯულების განხორციელებასთან. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მგავსი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს კანონის საფუძველზე და იმ ზომით, რომელიც აუცილებელია მთლიანად საზოგადოების ან საზოგადოების ნაწილისათვის, რათა მიღწეული იყოს სამართლიანი ბალანსი. სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციამ არ უნდა განახორციელოს კანონით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიება, როდესაც მისი ინტენსიურობა ამ ღონისძიების განხორციელებით მიზნად დასახულ შედეგთან არაპროპორციულ დამოკიდებულებაში იქნება, ან როდესაც მისი თმენა ადრესატს არ მოეთხოვება. სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციამ არ უნდა ჩაატაროს პიროვნების საიდენტიფიკაციო ღონისძიება, თუ იგი საქმის მნიშვნელობასთან არაპროპორციულ დამოკიდებულებაშია. ამრიგად, არ უნდა მოხდეს მისთვის საიდენტიფიკაციო ღონისძიებათა ჩატარება, თუ არსებული საქმის ვითარებიდან გამომდინარე, ამისთვის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს. იმის განსაზღვრისთვის, შეესაბამება თუ არა პოლიციის მოქმედება თანაზომიერების მოთხოვნებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს პოლიციის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტში არსებული სიტუაცია.
საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დ----- თ---------–---–ის შეჩერება გადამოწმების მიზნით, მისი პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში გადამოწმება, მისი ზედაპირული შემოწმება მოხდა თანაზომიერების პრინციპის დარღვევით, მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა გარემოებები რაც ნებას რთავდა პოლიციის ორგანოს ევარაუდა რაიმე სამართლებრივი სიკეთისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობა.
სასამართლომ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ ოქმებში დაფიქსირებული ღონისძიებების დაწყებისა და დასრულების დროები არასწორადაა მითითებული, ასევე მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში დ----- თ---------–---–ის მონაცემების გადამოწმება მოხდა 2017 წლის 3 ოქტომბერს 23:55:51 საათზე და დაუსაბუთებლად მიიჩნია, თუ რა საფუძვლით მოხდა დ----- თ---------–---–ის გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში.
სასამართლომ ასევე მიუთითა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 8 იანვრის №გ----------- გადაწყვეტილებაზე, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და სადაც მითითებულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული დ----- თ---------–---–ის იდენტიფიკაციის ღონისძიება არ შეესაბამება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. სასამართლომ მიუთითა, რომ ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა განხორციელდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვით ხელყოფილ იქნა მისი პირადი არაქონებრივი უფლებები, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე და განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა დელიქტი, რომელსაც მოჰყვა ისეთი მორალური ზიანი, რომლის დადგომის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს მის ანაზღაურებას.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების შედეგს, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განმხილველი სასამართლო ზიანის დაკისრების საფუძვლად ორ ძირითად გარემოებას უთითებს, კერძოდ, დ----- თ---------–---–ის საინფორმაციო ბანკში გადამოწმებას და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის ფაქტს. ასევე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება ძირითადად შეიცავს მითითებას პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპებზე.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ შეჩერების საფუძვლად პოლიციელების მიერ დასახელებულია იმგვარი გარემოება, რომ მამაკაცის მხრიდან პოლიციელების დანახვაზე განხორციელდა რიგი საეჭვო ქმედებებისა, კერძოდ მამაკაცი დროის მოკლე მონაკვეთში კვეთდა ტროტუარის ორივე მხარეს. რაც შეეხება მოქალაქის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანას, წარმომადგენლის განმარტებით, აუცილებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან განაცხადა უარი როგორც პირადობის მოწმობის წარდგენაზე, ასევე ფოტო სურათის გადაღებაზე, შესაბამისად პოლიციელების მხრიდან მოქალაქე დ----- თ---------–---–ის მიმართ იდენტიფიკაციისათვის განხორციელდა ყველა შესაძლო უფრო მსუბუქი მეთოდის შეთავაზება, რათა არ მომხდარიყო მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა. წარმომადგენელი ასევე მიიჩნევს, რომ ოქმები ასახავს ღონისძიების ზუსტ დაწყებისა და დასრულების თარიღებს და აღნიშნული გარემოება არ არის უარყოფილი არცერთი მტკიცებულებით. მიიჩნევს, რომ პოლიციის მთავარ ფუნქციას და მოვალეობას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა წარმოადგენს. განმარტავს, რომ ამ მოვალეობათა შესრულებისას წარმოიშობა გარდაუვალი კონფლიქტი საზოგადოების უსაფრთხოებასა და ინდივიდის თავისუფლებას შორის. პრევენციის კონცეფცია ითვალისწინებს სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შესაძლო საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და აღკვეთას. განმარტავს, რომ პოლიციას პრევენციული საქმიანობის, კერძოდ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის არიდების მიზნით ენიჭება შესაბამისი უფლებამოსილებები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება პოლიციის კონკრეტული ქმედებები.
წარმომადგენლის განმარტებით, საფრთხეზე რეაგირების და საფრთხის პრევენციის ღონისძიებები მიჯნავს საფრთხის ცნებას. კონკრეტული საფრთხის ცნებაში - კონკრეტულ საფრთხეში მოიაზრება მდგომარეობა, როდესაც არსებობს შესაბამისი ალბათობა იმისა, რომ ახლო დროში ზიანი მიადგება საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. კონკრეტული საფრთხის არსებობა არის პოლიციის ქმედების მართლზომიერების წინაპირობა. ამასთან, კონკრეტული საფრთხე პოლიციის ქმედების (ქმედების განხორციელების უფლებამოსილების) საწყის და სასრულ პუნქტს საზღვრავს და იმავდროულად, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას დაუსაბუთებელი ჩარევისგან. აბსტრაქტული საფრთხისაგან განსხვავებით, კონკრეტული საფრთხე ყოველთვის უკავშირდება ინდივიდუალური შემთხვევის გარემოებებს და პოლიციის მიერ გადაწყვეტილებაც ცალკეულ სიტუაციასთან კავშირში მიიღება.
აპელანტის განმარტებით, კონკრეტული პიროვნების შემოწმების დროს გადაწყვეტილებას, პოლიციელს საკუთარი ინტუიცია, გამოცდილება და სამართლელებრივი ნორმები კარნახობენ. ეს გადაწყვეტილება პოლიციელის ინდივიდუალურ გამოცდილებას, მის ცოდნას ეფუძნება. შესაბამისად, სავარაუდო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ეჭვის წარმოშობა დაკავშირებულია ობიექტური გარემოებების სუბიექტურ შეფასებასთან. იმისათვის, რომ ეჭვი დადასტურდეს ან გამოირიცხოს, პოლიციელმა უნდა შეასრულოს გარკვეული მოქმედებები, კერძოდ, დაამყაროს შეჩერებულ პირთან, მინიმუმ, ვერბალური კონტაქტი და მოიპოვოს ინფორმაცია, ჩაიდინა თუ არა გაჩერებულმა პირმა დანაშაული.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი პოლიციელების მიერ განხორციელებულ ქმედებას - დ----- თ---------–---–ის შეჩერებას მიიჩნევს კანონიერად და განმარტავს შემდეგს: შეჩერება გულისხმობს პირთან კომუნიკაციის დამყარებას, მის იდენტიფიცირებასა და გამოკითხვას. პოლიციის ეს უფლებამოსილება გამომდინარეობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლებიდან, ისევე როგორც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან. შეჩერება წარმოადგენს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლების უფლებაში ხანმოკლე ჩარევას, რაც საჭიროა გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის. აღნიშნული ღონისძიება არ გულისხმობს პირის გადაყვანას პოლიციის დაწესებულებაში ან რაიმე სხვა მოქმედების ჩატარებას. შესაბამისად, ეს ღონისძიება სრულად შეესაბამება კონსტიტუციის მე-18 მუხლს. აპელანტი მიიჩნევს, რომ „დანაშაულის შესაძლო ჩადენა“ მოიცავს როგორც შემდგარ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ დანაშაულს. სადავო ნორმის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი, თუ მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ პირმა დანაშაულებრივი ქმედება უკვე განახორციელა, ასეთ ქმედებას შეჩერების მომენტისთვის ახორციელებს ან გეგმავს დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, სადავო ნორმის მიზანს, როგორც დანაშაულზე რეაგირება, ასევე მისი აღკვეთა წარმოადგენს. ამგვარ უფლებამოსილებას პრევენციული დანიშნულებაც გააჩნია, იგი შესაძლოა ამცირებდეს დანაშაულის ჩადენის ალბათობას. წარმომადგენლის განმარტებით, ზოგადად, პოლიციელის უფლებამოსილება, შეჩერების შემთხვევაში მოითხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი ან სხვაგვარად მოახდინოს პირის იდენტიფიცირება, შესაძლებელია უშუალოდ უკავშირდებოდეს პოლიციელის ფუნქციას, გამომდინარეობდეს პოლიციელის ზოგადი უფლებამოსილებიდან, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. როდესაც ადგილი აქვს სავარაუდო დანაშაულს ან სხვა სამართალდარღვევას, პოლიციელს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება, გაარკვიოს იმ პირის ვინაობა, რომელმაც ასეთი ქმედება განახორციელა.
საინფორმაციო ბანკში გადამოწმების ფაქტთან დაკავშირებით კი წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოსარჩელე ითხოვდა გადაადგილების უფლებაში ჩარევის გამო ზიანის ანაზღაურებას, ხოლო სასამართლომ საინფორმაციო ბანკში გადამოწმების ფაქტი დაუდო საფუძვლად გადაადგილების უფლების შეზღუდვას რაც ადმინისტრცაიული ორგანოს წარმომადგენელს დაუსაბუთებლად მიაჩნია და ითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
6.2. პირველყოვლისა, პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ხოლო მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ამდენად, პალატა მსჯელობს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარზე. პალატა მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
6.2.1. სააპელაციო პალატა განსახილველ საქმეზე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას შედეგობრივი თვალსაზრისით, თუმცა არ იზიარებს სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას და მის საფუძველზე საკითხის გადაწყვეტას. მოცემულ შემთხვევაში, პალატა სამოტივაციო ნაწილის შეცვლით იღებს არსებითად ახალ გადაწყვეტილებას, რომელიც შედეგობრივი თავლსაზრისით ემთხვევა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
6.2.2. პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება. საკითხზე მსჯელობის დროს პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზიანის დაკისრების ძირითად საფუძვლად მითითებულ გარემოებებზე, კერძოდ, საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დ----- თ---------–---–ის შეჩერება გადამოწმების მიზნით, მისი პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში გადამოწმება, მისი ზედაპირული შემოწმება მოხდა თანაზომიერების პრინციპის დარღვევით.
სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებები წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარდგენის და გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ძირითად საფუძველს.
სადავო გარემოებებზე არსებითად მსჯელობისათვის, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს განხორციელებული ღონისძიებების დიფერენცირებას, რაც კიდევ უფრო ნათელს გახდის პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლებს, მოტივაციას პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ თითოეულ ქმედებასთან დაკავშირებით. ფაქტობრივი გარემოებების დეტალური ანალიზით და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე დადგენილ, პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს პალატა მიუთითებს შემდეგი თანმიმდევრობით: 1. შეჩერება, 2. ზედაპირულ გადამოწმება, 3. ფოტო გადაღება, 4. საინფორმაციო ბანკში მონაცემების გადამოწმება, 5. შეჩერების 30 წუთიანი ვადის დარღვევა.
6.2.3. პირველყოვლისა, პალატა მსჯელობს პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ქმედების - შეჩერების კანონიერებაზე და ყურადღებას ამახვილებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, სადაც მითითებულია სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებები. კერძოდ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა. ამავე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული მოქმედების საფუძველი შეიძლება გახდეს თუ: ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას; გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე; დ) პირს თან აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია; ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე; ვ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პირს უნდა განემარტოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი, თუ ეს ხელს არ შეუშლის პოლიციას, შეასრულოს ამ კანონით დაკისრებული ფუნქციები. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოკითხვის შემთხვევაში პირს ამ ღონისძიების განხორციელებამდე უნდა განემარტოს, რომ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
პალატა აქვე მიუთითებს რომ შეჩერების საფუძვლები დეტალურად არის მითითებული ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტში. კერძოდ, პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს: ა) პირის გამოკითხვა; ბ) პირის იდენტიფიკაცია; გ) პირის მოწვევა; დ) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება; ე) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება; ვ) სპეციალური საპოლიციო კონტროლი; ზ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა; თ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა; ი) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება; კ) ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება; ლ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
პალატა მიუთითებს, რომ პოლიციის მთავარ ფუნქციას და მოვალეობას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა წარმოადგენს. ამ მოვალეობათა შესრულებისას წარმოიშობა გარდაუვალი კონფლიქტი საზოგადოების უსაფრთხოებასა და ინდივიდის თავისუფლებას შორის. პრევენციის კონცეფცია ითვალისწინებს სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შესაძლო საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და აღკვეთას. პოლიციას პრევენციული საქმიანობის, კერძოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის არიდების მიზნით ენიჭება შესაბამისი უფლებამოსილებები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება პოლიციის კონკრეტული ქმედებები. კონკრეტულ საფრთხეში მოიაზრება მდგომარეობა, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს შესაბამისი ალბათობა იმისა, რომ ახლო დროში ზიანი მიადგება საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. კონკრეტული საფრთხის არსებობა არის პოლიციის ქმედების მართლზომიერების წინაპირობა. ამასთან, კონკრეტული საფრთხე პოლიციის ქმედების (ქმედების განხორციელების უფლებამოსილების) საწყის და სასრულ პუნქტს საზღვრავს და, იმავდროულად, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას დაუსაბუთებელი ჩარევისგან. აბსტრაქტული საფრთხისაგან განსხვავებით, კონკრეტული საფრთხე ყოველთვის უკავშირდება ინდივიდუალური შემთხვევის გარემოებებს და პოლიციის მიერ გადაწყვეტილებაც ცალკეულ სიტუაციასთან კავშირში მიიღება. თუმცა, ჯერ კიდევ არარეალიზებული საფრთხის პროგნოზირებისას, პრევენციული ღონისძიებების თავისებურებიდან გამომდინარე, მოქმედებს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შედარებით დაბალი სტანდარტი. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა, დროის დეფიციტურობის პირობებში, მოქმედი პოლიციის ორგანოს საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა. პრევენციული საქმიანობისთვის რელევანტური საფრთხეების წინასწარ, ზუსტი განჭვრეტა შეუძლებელია. საფრთხის პროგნოზი საპოლიციო სამართალში თითქმის ყოველთვის ეფუძნება არასრულ ფაქტობრივ გარემოებებს. საფრთხის დადგენისას გამოირიცხება ბოლომდე უტყუარი გარემოებების არსებობა. საფრთხის დადგენისათვის მნიშვნელოვანია არა ის ფაქტი, რეალურად არსებობს თუ არა საფრთხე, არამედ პოლიციის ე.წ. ხედვა: არსებობდა თუ არა გარემოებები, რომლებიც საფრთხის არსებობის ან წარმოშობის ალბათობას ქმნიდნენ. მოჩვენებითი საფრთხე არსებობს მაშინ, როდესაც პოლიციელი კონკრეტულ ვითარებაში მოცემული გარემოებების წინდახედული შეფასების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ საფრთხე მოსალოდნელია დიდი ალბათობით. თუმცა გადაწყვეტილების განხორციელების შემდგომ, საფრთხის არსებობა რეალურად არ დადასტურდა. ამ დროს პოლიციელის მიერ განხორციელებული ქმედება მაინც ითვლება მართლზომიერად.
პალატა მიუთითებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმპერატიულ სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელებიც უნდა იყოს დაცული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისას. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. ამავე კანონის მე-12 მუხლი აყალიბებს თანაზომიერების პრინციპის ცნებას. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები განმარტავს აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს. საპოლიციო ღონისძიება აუცილებლად ჩაითვლება, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს. ხოლო, საპოლიციო ღონისძიება დააკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნებს, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი, არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა.
პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ შეჩერება გულისხმობს პირთან კომუნიკაციის დამყარებას, მის იდენტიფიცირებასა და გამოკითხვას. პოლიციის ეს უფლებამოსილება გამომდინარეობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლებიდან, ისევე როგორც „ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან. შეჩერება წარმოადგენს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლების უფლებაში ხანმოკლე ჩარევას, რაც საჭიროა გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის. აღნიშნული ღონისძიება არ გულისხმობს პირის გადაყვანას პოლიციის დაწესებულებაში ან რაიმე სხვა მოქმედების ჩატარებას.
ზემოთმითითებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ზედაპირული შემოწმება, დათვალიერება და გამოკითხვა თავსდება კანონში მითითებულ საპოლიციო ღონისძიებებში; პოლიციის თანამშრომლისათვის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პირის შეჩერების მომენტში განიმარტა შეჩერების ძირითადი საფუძველი, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პოლიციის თანამშრომელმა ვერ მიუთითა სამართლებრივი საფუძველი და ვერ დაასახელა კონკრეტული მუხლის კონკრეტული პუნქტი, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება გახდეს პირის შეჩერების უკანონოდ ცნობის საფუძველი.
პალატა საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის N1/2/503,/513 გადაწყვეტილებაზე მითითებით განმარტავს, რომ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებული გარემოებების შეფასებას, შეჩერებას ან ზედაპირული შემოწმების გადაწყვეტილებას, პოლიციელს საკუთარი ინტუიცია, გამოცდილება და სამართელბრივი ნორმები კარნახობს. ეს გადაწყვეტილება პოლიციელის ინდივიდუალურ გამოცდილებას, მის ცოდნას ეფუძნება. შესაბამისად, სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული ეჭვის წარმოშობა დაკავშირებულია ობიექტური გარემოებების სუბიექტურ შეფასებასთან. გონივრული ეჭვის მტკიცებულებითი სტანდარტი წარმოადგენს დასაბუთებული ვარაუდის წინა საფეხურს. გონივრული ეჭვის საფუძველზე, სახეზე არის მხოლოდ ეჭვი.
იმ პირობებში, როდესაც პოლიციელს საეჭვო ქმედებებიდან გამომდინარე უჩნდება ეჭვი, რომ პიროვნებამ შეიძლება სამართალდარღვევა ან დანაშაული ჩაიდინოს, ეს არის პოლიციელის სუბიექტური შეფასება და საზოგადოება უნდა ენდოს მის სუბიექტურ შეფასებას, სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო, კერძოდ სანამ არ დამტკიცდება, რომ პოლიციელი მოქმედებდა კანონის ფარგლების გადაცილებით. უფრო კონრეტულად, პოლიციელთა განმარტებით, შეჩერების საფუძველი გახდა ის, რომ მოქალაქე (რომელიც შემდგომში დ----- თ---------–---–ი აღმოჩნდა) ღამის საათებში (23:53 საათი), სწრაფი ნაბიჯით კვეთდა ქუჩას, გადადიოდა ტრუტუარიდან ტროტუარზე და იყურებოდა მაღაზიების ვიტრინებში.
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ------- - ჩ-----------ის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებლის ბ---- გ--–-–---–ისა და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის დ-------ი წ-–--–-–---–ის მიერ 2017 წლის 3 ოქტომბერს 23:53 წუთზე, დ----ის მ----ში, ლ----–----სა და ჩ-----ს ქ-----------------, ლ----–----ს ქუჩა №---ში მდებარე P---ს აფთიაქთან დ----- თ---------–---–ის შეჩერება და ზედაპირული გადამოწმება განხორციელდა კანონიერად. ამდენად ნათელია შეჩერებისა და ზედაპირული გადამოწმების ლეგიტიმურობა.
6.2.4. პალატა ყუღადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ დ----- თ---------–---–ის შეჩერების შემდგომ, ცალსახად დადგა იდინტიფიციკაციის საჭიროება. საქმის მასალებით დგინდება და მხარეთა განმარტებებით სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირის მიერ დასახელდა მხოლოდ სახელი (დ-----ი), გვარი კი არ განაცხადა, ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაზე განაცხადა უარი; თანაც, მოქალაქემ მიუთითა, რომ პირადობის მოწმობას ქონის შემთხვევაშიც არ უჩვენებდა მას პოლიციელებს; უარის თქმის საფუძვლად კი მიუთითა ის ფაქტი, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ ვერ მოხდა შეჩერების სამართლებრივი საფუძვლის მითითება.
პალატა განმარტავს, რომ პოლიციელის უფლებამოსილება, შეჩერების შემთხვევაში მოითხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი ან სხვაგვარად მოახდინოს პირის იდენტიფიცირება, შესაძლებელია უშუალოდ უკავშირდებოდეს პოლიციელის ფუნქციას, გამომდინარეობდეს პოლიციელის ზოგადი უფლებამოსილებიდან, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. როდესაც ადგილი აქვს სავარაუდო დანაშაულს ან სხვა სამართალდარღვევას, პოლიციელს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება, გაარკვიოს იმ პირის ვინაობა, რომელმაც ასეთი ქმედება განახორციელა. მართალია პოლიციელისათის იდენტიფიკაციაზე უარის თქმა არ არის დანაშაული, თუმცა ადგილი შეიძლება ჰქონდეს ობსტრუქციას რომ პიროვნების იდენტიფიკაციაზე უარის თქმით შეგნებულად ან განზრახ აფერხებს სხვა პირის მიერ სამართალდარღვევაზე პოლიციის მიერ წარმოებულ გამოძიებას. ნათელია, რომ თუ პოლიციელი არ დააკავებს მოქალაქეს ან არ შექმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ მას შეუზღუდა გადაადილების თავისუფლება, მაშინ პოლიციელს უფლება აქვს მივიდეს მოქალაქესთან, თხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაუსვას კითხვები ეჭვის გამომწვევი ყოველგვარი გამოხატული ნიშნის გარეშე.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ ის, რომ პირმა განაცხადა მხოლოდ სახელი და უარი განაცხადა გვარის მითითებაზე, ასევე მისი ცალსახა და იმპერატიული განმარტება პირადობის ქონის შემთხვევაშიც მისი წარუდგენლობის შესახებ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის დათქმიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით უკვე წარმოადგენდა იდენტიფიციკაციის საჭიროებას და პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული მიზნით განხორციელდა ფოტო გადაღება.
კანონის მე-20 მუხლის პირველ ნაწილში ცალსახად არის მითითებული, რომ პოლიციას უფლება აქვს მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა იმავე პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან და პირის იდენტიფიკაცია აუცილებელია სამართალდარღვევათა პრევენციისათვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან, ხოლო მეორე პუნქტში ჩამოთვლილია პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებები, მათ შორის - ფოტოსურათის გადაღება.
პალატას დამაჯერებლად და ლოგიკურად მიაჩნია აპელანტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ის განმარტება, რომ წინააღმდეგობით (მოქალაქე ხელს იფარებდა სახეზე, მოძრაობდა, თავს ატრიალებდა) გადაღებული ფოტო არ იყო სათანადო ხარისხის, იყო ბუნდოვანი, არ ჩანდა გამოსახულება სათანადოდ და პირის იდენტიფიცირებისათვის საჭირო გახდა პირის ნებაყოფლობით გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, ფოტოს გადაღების დროს, მისი წინააღმდეგობის არ არსებობის შემთხვევაში არ გახდებოდა პირის იდენტიფიცირებისათვის განყოფილებაში გადაყვანის საჭიროება.
პალატა აქვე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლების შეზღუდვის მიზანს ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს სხვა კონსტიტუციური სიკეთის დაცვა, რადგან უფლების შეზღუდვის საჭიროება, ზოგადად, იმ შემთხვევაში დგება, როდესაც ამ უფლების რეალიზება შემხებლობაში მოდის სხვათა უფლებებთან ან დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებთან. აღნიშნულ კონტექსტში თანაზომიერების დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყურადსაღებია სამართლებრივი სიკეთისადმი მოსალოდნელი საფრთხის სიმძიმე. სამართლებრივი სიკეთე, ერთი მხრივ, წარმოდგენილია კონკრეტული უფლების სახით, რომლის შეზღუდვაც ხდება, ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, რომლის დაცვასაც ემსახურება შესაბამის უფლებაში ჩარევა. საქმეზე (united states v rodriguez franco) სასამართლომ დაასკვნა, რომ პირადობის მოწმობის მოთხოვნის საბაბით შეჩერება არ არის დაკავება. დაკავებას არ აქვს ადგილი, როდესაც პიროვნება თანამშრომლობის მოტივით მიჰყვება პოლიციელს (საქმე edvards v state).
ამდენად, პალატა ზემოთმითითებული ფაქტების სამართლებრივ ჭრილში განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ პოლიციის თანამშრომლის აღნიშნული ქმედება - ფოტოგადაღება პირის იდენტიფიკაციის მიზნით არ შეიძლება მიჩნეული იქნეს კანონის დარღვევად.
6.2.5. პალატა საქმეში არსებული თითოეული ფაქტის დეტალურად შესწავლის შედეგად, პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებულ ქმედებებში კანონის დარღვევად მიიჩნევს შემდეგ ქმედებებს: ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში პირის მონაცემთა დამუშავებას და პირის შეჩერების (მათ შორის პოლიციის განყოფილებაში დაყოვნების) - 30 წუთიანი ვადის დარღვევას.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დ----- თ---------–---–ის შესახებ პირადი მონაცემების გადამოწმება საინფორმაციო ბანკში განხორციელდა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასრულდა ყველა პრევენციული ღონისძიება, დადგინდა მისი ვინაობა და მან დატოვა პოლიციის განყოფილება.
მეტი სიცხადისთვის პალატა დეტალურად მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ: შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ დ----- თ---------–---–ის იდენტიფიკაციის მიზნით მისი მონაცემების პირველადი გადამოწმება სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მოხდა შეჩერების ადგილზე (გადამოწმების დრო: 03.10.2017, 23:55:51). განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, დ----- თ---------–---–მა შს სამინიტროს თანამშრომლებს გაუმჟღავნა თავისი სახელი და გვარი და სამინისტროს თანამშრომლებმა აღნიშნული მონაცემების ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში ასახვის გზით (განყოფილებაში გადამოწმების დრო: 04/10/2017, 00:21:26; 04/10/2017, 00:22:22; 04/10/2017, 00:36:12; 04/10/2017, 00:36:22) განახორციელეს დ----- თ---------–---–ის სრული იდენტიფიცირება, რაზედაც შედგა პირის იდენტიფიკაციის შესახებ ოქმი. დადგენილია, რომ 2017 წლის 4 ოქტომბერს 01:54:30 საათზე, სამინისტროს თანამშრომლებმა კვლავ განახორციელეს განმცხადებლის მონაცემთა დამუშავება ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში და ადმინისტრაციულმა ორგანომ პერსონალური მონაცემების კვლავ გადამოწმების საჭიროება ახსნა იდენტიფიკაციის ოქმში შეტანილი მონაცემების დაზუსტების საჭიროებით.
პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტზე, სადაც მკაფიოდ და კონკრეტულად არის განსაზღვრული იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებითაც უნდა განახორციელოს პოლიციელმა პირის იდენტიფიკაცია. აღნიშნული ჩამონათვალი არ მოიცავს პოლიციელის უფლებას, პრევენციული ღონისძიება - პირის იდენტიფიკაცია განახორციელოს ცენტრალური საინფორმაციო ბანკში მონაცემების დამუშავების გზით. ფაქტობრივი გარემოებების შეფსებით ცალსახაა, რომ სამინისტრომ, 2017 წლის 3 ოქტომბრის 23:55:51 საათიდან 2017 წლის 4 ოქტომბრის 00:36:22 საათის ჩათვლით პერიოდში, დ----- თ---------–---–ის იდენტიფიკაციის მიზნით, ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მონაცემებზე წვდომა განახორციელა ხუთჯერ.
იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სამინისტროს მიერ დასრულებული იყო ყველა პრევენციული ღონისძიება, ხოლო განმცხადებელი აღარ იმყოფებოდა განყოფილებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 4 ოქტომბერს 01:54:30 საათზე დ----- თ---------–---–ის მონაცემების ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში წვდომის გზით დამუშავება განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს იმ განმარტებას, რომ დადგენილი პრაქტიკით, დამატებითი გადამოწმება განპირობებული იყო მათ მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების კანონიერებაში უშუალო ხელმძღავნელის დარწმუნების მიზნით, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული პოზიცია არ ეფუძნება სამართლის ნორმებს და წარმოადგენს მხოლოდ დამკვიდრებული არაჯანსაღი პრაქტიკის შედეგს.
პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც პოლიციამ შეასრულა სამსახურეობრივი მოვალეობა, განხორციელდა ადრესატის ზუსტი იდენტიფიცირება, შედგა პირის იდენტიფიკაციის შესახებ ოქმი, სამინისტროს მიერ შედგა პრევენციული ღონისძიების ამსახველი სამი ოქმი, რომლებშიც მონაცემთა სუბიექტის შესახებ მითითებული იყო იდენტური დემოგრაფიული მონაცემები და სამინისტროს მიერ დასრულებული იყო ყველა პრევენციული ღონისძიება და თან განმცხადებელი აღარ იმყოფებოდა განყოფილებაში, ცალსახად დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, თუ რამ განაპირობა დასრულებულ და ხელმოწერილ ოქმებში ასახული მონაცემების სიზუსტეში ეჭვის შეტანა, ხოლო აღნიშნულის საფუძვლად ხელმძღვანელი პირის დარწმუნებაზე აპელირება პალატას ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიაჩნია.
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 8 იანვრის №გ----------- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილი იქნა, რომ ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა განხორციელდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ინფორმაციული თვალსაზრისით, პალატა მიუთითებს, რომ მიუხედავად დარღვევის დადგენისა, მონაცემთა დამმუშავებელს ვერ დაეკისრა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო.
რაც შეეხება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მოწყობილობის (DIGIPASS) გამოყენების წესს, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მსჯელობა იქონიოს იმ ნორმატიულ აქტებზე, რომლითაც დარეგულირებულია აღნიშნული საკითხი, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს N709 და ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 7 ნოემბრის N860 ბრძანება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს N709 ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის N614 ბრძანებულება, რომელიც ძალადაკარგულია, თუმცა ბრძანება დღეის მდგომარეობით (N709) მოქმედია.
პალატა აქვე მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, სადაც მითითებულია, რომ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი; აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო და ასევე მიღებული უნდა ყოფილიყო ახალი აქტი შეცვლილი სამართლებრივი საფუძვლით, რაც, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა. პალატა მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით ბრძანების ამ სახით (იგულისხმება აქტის სამართლებრივი დასაბუთება) არსებობა არღვევს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს.
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად. პალატა მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ჩანაწერი შესაძლებელია პირდაპირ ვერ გავრცელდეს მოცემულ შემთხვევაზე, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება იმ დროისათვის არსებობდა, თუმცა პალატის მოსაზრებით, კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავალდებულებდა და დღესაც ავალდებულებს ფუნდამენტურად გადახედოს თავისივე საქმიანობის მარეგულერებელ ბაზას - ნორმატიულ აქტების ბაზას, რადგან საქმიანობის პროცესში არ მოხდეს ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტით ხელმძღვანელობა.
6.2.6. რაც შეეხება ერთ - ერთ სადავო გარემოებას, კანონით დადგენილი 30 წუთიანი ვადის დარღვევას, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მეტი სიცხადისთვის ზუსტი ქრონოლოგიით მიუთითებს მოვლენებს:
2017 წლის 3 ოქტომბერს 23:53 წუთზე, დ----ის მ----ში, ლ----–----სა და ჩ-----ს ქ-----------------, ლ----–----ს ქუჩა №---ში მდებარე P---ს აფთიაქთან შეჩერებულ იქნა დ----- თ---------–---–ი. 4 ოქტომბრის 00:27 წუთზე დ----- თ---------–---–ი შევიდა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------ჩ-----------ის სამმართველოს პირველი განყოფილებაში. განვლილი პერიოდის წუთებით დათვლის გზით პალატას ცალსახად დადგენილად მიაჩნია, რომ განვლილი დრო არის 34 წუთი.
2017 წლის 4 ოქტომბრის 01:40:18 საათზე დ----- თ---------–---–მა დატოვა აღნიშნული განყოფილების შენობა, შესაბამისად ნათელია, რომ დროის ამ მომენტამდე დ----- თ---------–---–მა განყოფილებაში დაჰყო 73 წუთი. პერიოდის სრული დაანგარიშების შედეგად დგინდება, რომ შეჩერების მომენტიდან, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ------- - ჩ-----------ის სამმართველოს პირველ განყოფილების დაყოვნებამდე განვლო 107 წუთმა, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არღვევს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის იმპერატიულ დათქმას, სადაც მითითებულია, რომ პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების მომენტიდან 30 წუთს. პალატის მოსაზრებით, მართალია კანონში მითითებული ტერმინი „შეჩერება“ არის უფრო ლოკალური ტერმინი, თუმცა ადამიანის უფლებების სამართლიანად განმარტების მიზნებისათვის აღნიშნულ ვადაში უნდა განხორციელებულიყო პირის შეჩერებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. შესაბამისად, კანონით დადგენილი 30 წუთიანი დროის ორჯერ და მეტჯერ გადაცილება, პალატას ცალსახად კანონის დარღვევად მიაჩნია.
შეჯამების თვალსაზრისით პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება - მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 200 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე გაზიარებული იქნა შედეგობრივი თვალსაზრისით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობისაგან განსხვავებით, პალატა პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს: შეჩერებას, ზედაპირულ გადამოწმებას და ფოტო გადაღებას მიიჩნევს კანონიერად. რაც შეეხება დ----- თ---------–---–ის პირადი მონაცემების სანფორმაციო ბანკში გადამოწმებას და 30 წუთიანი ვადის დარღვევას, სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორედ აღნიშნული ქმედებები იქნა მიჩნეული კანონის დარღვევად.
6.2.7. პალატა აქვე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება. მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა დელიქტი, რომელსაც მოჰყვა ისეთი მორალური ზიანი, რომლის დადგომის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს მის ანაზღაურებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.2015წ. №ბს-661-646 (2კ-14) გადაწყვეტილება).
ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული არაქონებრივი სიკეთის შელახვით გამოწვეული მორალური ზიანის კომპენაციისთვის ფაქტის დადასტურებასთან ერთად უნდა მოხდეს მისი მატერიალური ანაზღაურებაც, თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნას ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხი, დაზარალებულის განცდების სიღრმე, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მხრიდან აღნიშნული უფლების ხელყოფას არ მოჰყოლია რაიმე მატერიალური ზიანი და არც მატერიალური ზიანის მიყენების განზრახვას ჰქონია ადგილი. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ნეგატიური განცდების შემსუბუქება და დადებითი ემოციების გამოწვევა.
სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლოს მიერ ფულადი ფორმით განისაზღვრება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მართებულად მიიჩნევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრებას 200 ლარის ოდენობით. ასევე, მართებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დ----- თ---------–---–ის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების დაკისრება 24 (ოცდაოთხი) ლარის ოდენობით.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დამაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. დ----- თ---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ----- თ---------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ----- თ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება 24 (ოცდაოთხი) ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. პროცესის ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ----- თ---------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 6.67 (ექვსი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
აპელანტი გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. დ----- თ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ----- თ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ----- თ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება 24 (ოცდაოთხი) ლარის ოდენობით.
6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6.67 (ექვსი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
8. აპელანტი გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -