განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002516963
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6777-18 16 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი - ც---–ა გ------–-–-ილი
წარმომადგენელი - დ----- მ----–აძე
მოწინააღმდეგე მხარე - ლ--–- კ------ი
წარმომადგენელი - კ------------ე დ-----უა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - იპოთეკისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ც---–ა გ------–-–-ილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ--–- კ------ის მიმართ სარჩელი აღძრა, ც---–ა გ------–-–-ილის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ა---––--ე, ვ--–- საკადასტრო კოდი #6----------- ლ--–- კ------ის იპოთეკის უფლების გაუქმება და ნოტარიუს ე-–---- შ----–-ილის მიერ 2018 წლის 18 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო აქტის რეგისტრაციის ნომრით #1--------) გაუქმება მოითხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ც---–ა გ------–-–-ილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2016 წლის 31 მარტს, მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ლ--–- კ------მა ც---–ა გ------–-–-ილს სესხად 5000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, 2% სარგებლის დარიცხვით, გადასცა. სესხის უზრუნველსაყოფად ც---–ა გ------–-–-ილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ა---––--ე, ვ--–- საკადასტრო კოდი #6-----------, იპოთეკით დაიტვირთა. იპოთეკით სესხი და მასზე დარიცხული პროცენტები, აგრეთვე შესაძლო ზიანი, არის უზრუნველყოფილი. იპოთეკა საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული (ს.ფ. 18-22, 23).
6. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე (ს.ფ. 18-22).
7. ც---–ა გ------–-–-ილის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნაღდო ანგარიშსწორებით 3700 აშშ დოლარია გადახდილი. 1600 აშშ დოლარი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსდა (ს.ფ. 26-29, 31-32).
8. 2018 წლის 18 ივლისს, ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორად ლ--–- კ------ი, ხოლო, მოვ--–-დ - ც---–ა გ------–-–-ილი მიეთითა. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობას სესხის ძირითადი თანხა - 3200 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო 0,12%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 30 ნოემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი წარმოადგენდა. აღსრულება კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე მიექცა, (ს. ფ. 56-58, 60-64).
9.. ც---–ა გ------–-–-ილმა 2016 წლის 31 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია. სესხი და მასზე გადასახდელი სარგებელი შეთანხმებულ 3 თვის ვადაში არ გადაიხადა (ს.ფ.26-29, 31-32).
10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დარეგისტრირებული იპოთეკა უნდა გაუქმდეს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.
მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად დგინდება, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა 5300 აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების, ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე იპოთეკაც გადადის. ვინაიდან იპოთეკა ძირითადი ვალდებულების შესრულებას ემსახურება, მხარეთა შეთანხმება უზრუნველყოფის მოცულობაზე გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ ამ მოცულობის ფარგლებში განხორციელდეს სანივთო უფლების გამოყენება და მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევა. იპოთეკარი დაცულია საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, მოვალე კი, იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით არის დაცული, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ უმთავრესია იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც სანივთო უფლების რეალიზაცია ხორციელდება. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 პუნქტით არაორაზროვნად და ნათლადაა განსაზღვრული, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა 5300 აშშ დოლარს შეადგენს, იპოთეკით უზრუნველყოფილია სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი, აგრეთვე შესაძლო ზიანი (სასამართლო და სააღსრულებო ხარჯები და სხვა).
საქმის მასალებში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს უნაღდო ანგარიშსწორების სახით 3700 აშშ დოლარი გადაუხადა, ხოლო 1 600 აშშ დოლარი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა, აღნიშნული ფაქტი არც მოწინააღმდეგე მხარეს გაუხდია სადავოდ (ს.ფ. 26-33, 2019 წლის 16 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი)
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ თანხის დეპონირებას და იგი უნდა ჩაითვალოს თუ არა გადახდილად და, შესაბამისად, იპოთეკის ზღვრულ ოდენობად განსაზღვრულ თანხაში გადახდილად, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. მოსარჩელე მიუთითებდა და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენით აღნიშნული მითითებები მოპასუხე მხარემ ვერ გააქარწყლა, რომ თავის დროზე მოვალეს სადავო 1600 აშშ დოლარი ნაღდი ანგარიშსწორების გზით უკვე გადახდილი ჰქონდა, თუმცა, აღნიშნულ ფაქტს კრედიტორი არ აღიარებდა და იმავე თანხის დამატებით გადახდას მოითხოვდა. ასევე აცხადებდა, რომ თანხის გადახდის დაგვიანების გამო 1600 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაშიც კი, იგი იპოთეკის უფლებას არ გააუქმებდა. შესაბამისად, მოვალეს შეექმნა ვარაუდი იმისა, რომ კრედიტორი არკეთილსინდისიერი იყო და საკუთარი უფლებების დასაცავად თანხის ნოტარიუსის ანგარიშზე დეპონირება გადაწყვიტა. საქმის მასალებში კი არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც კრედიტორი მოვალისგან თანხის გადარიცხვას მოითხოვდა, ამიტომ პალატა მიიჩნევს, რომ მოვალის მიერ 1600 აშშ დოლარის ნაწილში (როგორც ძირითადი ვალდებულების ნაწილი) ვალდებულება დეპონირებით შეწყდა და იგი იპოთეკის ზღვრულ ოდენობად განსაზღვრულ 5300 აშშ დოლარის ანგარიშში უნდა ჩაითვალოს.
შესაბამისად ცალსახაა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ჯამში 5300 აშშ დოლარი გადახდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკა იქნა გამოყენებული, შესრულებულია. იპოთეკის, როგორც აქცესორული ბუნების გაუქმებაზე, გავლენას ვერ იქონიებს მოწინააღმდეგე მხარის შედავება 1600 აშშ დოლარის ნოტარიუსის ანგარიშზე დეპონირების უმართებულობისა და ძირითადი თანხის დაგვიანებით გადახდის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული შესაძლებელია მეორადი მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი გახდეს და იგი ვერ შეცვლის ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თანხა, რომელიც იპოთეკის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა, მოვალემ გადაიხადა, რაც ნიშნავს, რომ 2016 წლის 31 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით წარმოშობილი იპოთეკის უფლება აღნიშნულ თანხაზე გაუქმებას ექვემდებარება.
11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2018 წლის 18 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და აღსასრულებელ ოდენობად 378,24 აშშ დოლარი (პირგასამტეხლო) და 126 ლარი (აღსრულების ხარჯი) უნდა განისაზღვროს.
საქმის მასალებში წარმოდგენილ სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების სახედ და მოცულობად მითითებულია შემდეგი: სესხის დარჩენილი ძირითადი თანხა 3200 აშშ დოლარი, 2017 წლის 30 ნოემბრიდან პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,12% სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ხარჯი 126,72 ლარი.
სააღსრულებო ფურცელი 2018 წლის 18 ივლისსაა გაცემული, საქმეში არსებული გადახდის ქვითრებით კი, უდავოდ დასტურდება, რომ სესხის ძირი თანხიდან 3700 აშშ დოლარი მოვალეს 2017 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ხოლო, დარჩენილი 1600 აშშ დოლარი 2018 წლის 15 ივლისს ჰქონდა გადახდილი, ანუ ნათელია, რომ ძირითადი ვალდებულება სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე შესრულებული იყო. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს ვერ განუმარტა, თუ სააღსრულებო ფურცელში მითითებული 3200 აშშ დოლარი რა თანხა იყო. აღნიშნული თანხა კი სააღსრულებო ფურცელში „სესხის დარჩენილ ძირითად თანხად“ არის სახელდებული. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში განვითარებული მსჯელობის თანახმად, სააპელაციო პალატა მოვალის მიერ ძირითად ვალდებულებას, როგორც სრულად, ასევე სააღსრულებო ფურცელში მითითებულ 3200 აშშ დოლარის ნაწილში, შესრულებულად მიიჩნევს, ამიტომ ამ ნაწილში სადავო სააღსრულებო ფურცელი გაუქმებას ექვემდებარება.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს.
პირგასამტეხლო მოთხოვნის დამატებითი უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა (ს. ფ. 19-22).
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას არ წარმოადგენს და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტ მხარეს ვალდებულების დარღვევა სადავოდ არ გაუხდია სასამართლოს მიერ შეფასების საგანს მხოლოდ პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდულობა წარმოადგენს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა - ვალდებულების დარღვევა - სახეზეა.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 პუნქტით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 3700 აშშ დოლარის ნაწილში 2017 წლის 30 ნოემბერს, ხოლო 1600 აშშ დოლარის ნაწილში 2018 წლის 15 ივლისს შესრულდა. სააღსრულებო წარმოება 2018 წლის 18 ივლისს (სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი) დაიწყო, შესაბამისად, ვინაიდან კრედიტორი პირგასამტეხლოს დარიცხვას 2017 წლის 30 ნოემბრიდან მოითხოვდა და საბოლოოდ ვალდებულება 2018 წლის 15 ივლისს შესრულდა (დეპონირება), ნათელია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებამ 197 დღე შეადგინა, რაც მისთვის პირგასამტეხლოს სახით 378,24 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველია (1600*0,12/100=1,92; 1,92*197=378,24). ამიტომ, სადავო სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ნაწილში ცვლილება უნდა შევიდეს და მოვალისთვის პირგასამტეხლოს სახით დასაკისრებელ თანხად 378,24 აშშ დოლარი, როგორც არაუზრუნველყოფილი ვალი, უნდა განისაზღვროს.
რაც შეეხება აღსრულების ხარჯს, მოვალეს სააღსრულებო ფურცელში მითითებული 126,72 ლარი უნდა დაეკისროს.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს მოწინააღმდეგე მხარემ საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე იშუამდგომლა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
14. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, აპელანტს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული ძირითადი თანხის გადახდა უნდა დაედასტურებინა, რაც სააღსრულებო ფურცელში ამ თანხის თუნდაც ნაწილობრივ, აღსასრულებელ მოცულობად მითითებას და თავის მხრივ, იპოთეკის ხელშეკრულების ძალაში დატოვებას გამორიცხავდა. საქმეში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით ორივე გარემოება უდავოდ დასტურდება, მოწინააღმდეგე მხარემ კი საპირისპიროს დამტკიცება რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ შეძლო, რაც სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ--–- კ------ს ც---–ა გ------–-–-ილის სასარგებლოდ სარჩელსა (392 ლარი) და სააპელაციო საჩივარზე (571 ლარი) გადახდილი ბაჟის სულ - 963 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ც---–ა გ------–-–-ილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება;
3. ც---–ა გ------–-–-ილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. გაუქმდეს 2016 წლის 31 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკა;
5. 2018 წლის 18 ივლისის სააღსრულებო ფურცელი გაუქმდეს ნაწილობრივ, კერძოდ, აღნიშნულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის გზით, არაუზრუნველყოფილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვროს 378,24 აშშ დოლარი (პირგასამტეხლო) და 126,72 ლარი (აღსრულების საფასური);
6. ლ--–- კ------ს ც---–ა გ------–-–-ილის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელსა (392 ლარი) და სააპელაციო საჩივარზე (571 ლარი) გადახდილი ბაჟის სულ - 963 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
7. მხარეთა შორის გაიქვითოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი ბაჟი 50 ლარი და პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისთვის დაკისრებული ხარჯის ნაწილი 50 ლარის ოდენობით.
8. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. გაუქმდეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 10 აგვისტოს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ნოტარიუს ე-–---- შ----–-ილის 2018 წლის 18 ივლისის სააღსრულებლო ფურცლის აღსრულება გაგრძელდეს წინამდებარე გადაწყვეტილებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი