განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/785-19
N330310018002516717
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ--------------–---–ი
წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი, რ------------–---–ი
მესამე პირები - ნ-------------–---–ი, დ-------------–---–ი
წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი, რ------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №1-- ბრძანება; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ზ--------------–---–ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. მოსარჩელე ზ--------------–---–ი და მისი ოჯახის წევრები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მესამე პირები - ნ-------------–---–ი და დ-------------–---–ი არიან მოსარჩელე ზ--------------–---–ის ოჯახის წევრები - მეუღლე და შვილი.
1.2.2. მოსარჩელე ზ--------------–---–ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 3 ქულა, მათ შორის, სოციალური კრიტერიუმის მიხედვით - 1.5 ქულა და ომის ვეტერანის კრიტერიუმით - 1.5 ქულა.
1.2.3. მოსარჩელე ზ--------------–---–მა, 2017 წლის 23 თებერვალს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელე ზ--------------–---–მა შეავსო შესაბამისი კითხვარი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ზ--------------–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ ამ ეტაპზე მისი ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა 2018 წლის 7 თებერვალს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ზ--------------–---–ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.
1.2.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 21 დეკემბრის ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის, 2018 წლის 25 ივნისის და 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებებით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1 და მეტი ქულა.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საცხოვრებელ ფართობთან/საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, გასაჩივრებული „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №1-- ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით.
1.3.2. სასამართლომ უპირველეს ყოვლისა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 - „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 - „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ზ--------------–---–ი და მისი ოჯახის წევრები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მესამე პირები - ნ-------------–---–ი და დ-------------–---–ი არიან, მოსარჩელე ზ--------------–---–ის ოჯახის წევრები - მეუღლე და შვილი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ზ--------------–---–ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 3 ქულა, მათ შორის, სოციალური კრიტერიუმის მიხედვით - 1.5 ქულა და ომის ვეტერანის კრიტერიუმით - 1.5 ქულა. ამასთან, მოსარჩელე ზ--------------–---–მა, 2017 წლის 23 თებერვალს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელე ზ--------------–---–მა შეავსო შესაბამისი კითხვარი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ზ--------------–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ ამ ეტაპზე მისი ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ხოლო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა 2018 წლის 7 თებერვალს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ზ--------------–---–ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 21 დეკემბრის ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის, 2018 წლის 25 ივნისის და 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებებით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1 და მეტი ქულა.
ამრიგად, სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ზ--------------–---–ის ოჯახს, რომელსაც სარეიტინგო ქულა განსაზღვრული ჰქონდა 3 ერთეულით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ეთქვა უარი იმ პირობებში, როდესაც გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ დევნილი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 1 და მეტი იყო. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
1.3.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამასთან, მითითებული კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით ლიკვიდირებული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ხოლო მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ამასთან, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ--------------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №1-- ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ზ--------------–---–ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, ამასთანავე, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანება, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ არ გამოიყენა ამ ბრძანების 1.3 მუხლი, რომლის თანახმად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 13.02.2017წ. N240 განკარგულების 2.1.11 პუნქტის თანახმად, იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ "მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი N1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა." აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა "იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის" დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 13 თებერვლის N240 განკარგულებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N240 განკარგულებით დამტკიცებული "იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული "დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის" შესაბამისად. „წესი" ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მისი განხილვის წესს. ამავე წესით რეგულირდება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "ო" ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას. „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხვრებლი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ჰქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზების შესაძლებლობას, ხოლო ბრძანების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის მიხედვით, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის შესახებ“ (დანართი №8) მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1, 96-ე 53-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ რეალობას არ შეესაბამება და უსაფუძვლოა საქალაქო სასამართლოს არგუმენტი, თითქოს ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, 2017 წლის 15 სექტემბერს მონიტორინგის ჯგუფმა განახორციელა ადგილზე ვიზიტი, მისამართზე: ქ. გ------------–---–------------, რა დროსაც მოსარჩელე ზ--------------–---–ი ადგილზე იმყოფებოდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ზ--------------–---–ის მეუღლის ბებია - ნ-----–---------–---–ი (ფართის მესაკუთრე) და სიდედრი - თ----------ე. მონიტორინგისას გამოირკვა, რომ ოჯახის შემოსავალი შეადგენს 1120 ლარს. ზ--------------–---–ის განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე (ქ. გ------------–---–------------) ცხოვრობს 7 თვის მანძილზე, ქირის გარეშე. მანამდე, 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდა გასხვისებულ ბინაში (ქ. გ------------–---–----------------), ხოლო თავდაპირველად, გ----–----------------------------ში. აღსანიშნავია, რომ ზ--------------–---–ს გააჩნდა საკუთრება ქ. გ------------–---–-----------------ში, რომელიც გაასხვისა ზ--–----------აზე, 28.11.2016წ. მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ ფიქსირდებიან. გასხვისებულ ბინასთან დაკავშირებით, მოსარჩელემ განაცხადა, რომ იგი 2008 წელს იყიდა დედის დეიდაშვილის ბიძაშვილმა, რომელიც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ვლადიკავკაზში და ისინი არიან რუსეთის მოქალაქეები. მათ ბინა N---ში არ უცხოვრიათ. დამატებითი მოკვლევის მიზნით, ადგილზე გამოცხადების ოქმი შედგა მისამართზე: ქ. გ------------–---–---------------, ზ--------------–---–ის მიერ გასხვისებულ ბინაში, რომელიც დაკეტილი იყო. ჯგუფის წარმომადგენელი გაესაუბრა მეზობელს, N-- ბინაში, რომელმაც განაცხადა, რომ ზ--------------–---–ი ცხოვრობს ბინა N---ში, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. მეზობელმა სახელი და გვარი არ დაასახელა და ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ვიზიტისას ასევე გამოირკვა, რომ ბინა N---ის მესაკუთრეს, ზ--–------------ას მეზობლები არ იცნობენ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმისა და მინისტრის 2018 წლის 07 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, ზ--------------–---–ის ოჯახს ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, აუცილებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო (სიდედრის ბინაში, მასთან ერთად ცხოვრების გამო). საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალით დასტურდება, რომ განმცხადებლის მიერ შევსებული აპლიკაცია შეფასებულია ქულების და კრიტერიუმების შესაბამისად, შესწავლილია განმცხადებლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, განხორციელდა ადგილზე მონიტორინგი, რაც გახდა საფუძველი კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისა, აუცილებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის 4.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი №1). აღნიშნული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 3.1 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადაცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში (3.3 მუხლი). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 - „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 - „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. “ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ.
ზემოაღნიშნული „წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ--------------–---–ი და მისი ოჯახის წევრები: ნ-------------–---–ი და დ-------------–---–ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ასევე დადგენილია, რომ ზ--------------–---–ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეაფასა განმცხადებლის ოჯახის მდგომარეობა და მიანიჭა 3 ქულა, მათ შორის, სოციალური კრიტერიუმის მიხედვით - 1.5 ქულა და ომის ვეტერანის კრიტერიუმის მიხედვით - 1.5 ქულა. 23.02.2017წ. ზ--------------–---–მა განცხადებით მიმართა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.12.2017წ. გადაწყვეტილებით ზ--------------–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. მხარეს განემარტა, რომ ამ ეტაპზე მისი ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა 07.02.2018წ. გამოსცა ბრძანება, ზ--------------–---–ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.
სააპელაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს საქმის საქალაქო სასამართლოში განხილვის ეტაპზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ, 21.12.2018წ. სამსახურებრივ ბარათში ასახულ ინფორმაციას, რომლითაც დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 26.12.2017წ., 25.06.2018წ. და 17.09.2018წ. გადაწყვეტილებებით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 1 და მეტი ქულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ზ--------------–---–ის ოჯახს, რომელსაც სარეიტინგო ქულა განსაზღვრული ჰქონდა 3 ერთეულით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა იმ პირობებში, როდესაც გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდნენ 1 და მეტი სარეიტინგო ქულის მქონე დევნილი ოჯახები. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) 6.1 მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ზ--------------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №1-- ბრძანება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ზ--------------–---–ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
3.2.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტას მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის 700 ლარის დაკისრებით, ვინაიდან საქმის მასალებით (შემოსავლის ორდერებით) უტყუარად დგინდება, რომ მოსარჩელე ზ--------------–---–მა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გასწია ხარჯი 700 ლარის ოდენობით.
3.2.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.2 მუხლის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ამასთანავე, როგორც აღნიშნა, სსკ-ის 37.3 მუხლის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები. პალატა განმარტავს, რომ ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ ხარჯი გაღებულია.
საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ წარმოადგინა 17.07.2019წ. N1---- საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, ასევე 18.07.2019წ. მიღება-ჩაბარების აქტი და მოითხოვა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება. პალატის მოსაზრებით, მართალია, 17.07.2019წ. საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებულია შემკვეთის - ზ--------------–---–ის მიერ ადვოკატების - ზ-----------–---–ისა და რ------------–---–ისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობისათვის 500 ლარის გადახდის ვალდებულების შესახებ, თუმცა აღნიშნული თანხის ადვოკატებისათვის რეალურად გადახდის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა მიღება-ჩაბარების აქტი. ამდენად, ზ--------------–---–ის მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი