განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.07.2019
საქმის ნომერი
421210019002825443
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/4581-19, 421210019002825443

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი

მოსამართლეები: ლევან გვარამია, გელა ქირია

 

სხდომის მდივანი მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - შო--- ზა----–---–ი

 

წარმომადგენელი - გიო---ი ბე----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - თი-----ნ ში-–----–-–ვილი

 

დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

1. მოსარჩელე თი-----ნ ში-–----–-–ვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შო--- ზა----–---–ს (პ/ნ 4500101----) დაევალა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე (ს/კ 57.08.5-.2--) მის მიერ მოხსნილი მავთულბადის, ბოძების და კარების დაბრუნება.

 

3. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე თი-----ნ ში-–----–-–ვილის (პ/ნ 4500102----) მოთხოვნა შო--- ზა----–---–ისათვის (პ/ნ 4500101----) თავისი მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 57.08.5-.2--) ნაგვის გატანის დავალდებულების შესახებ.

 

4. მოსარჩელეს დაუბრუნდა მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 (სამოცი ლარი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან (გადახდილი 2019 წლის 30 იანვარს საგადასახადო დავალება N0, გადამხდელი ვანო ბო-----იძე პ/ნ 4500100----, სახაზინო კოდი 300563150).

 

5. მოპასუხე შო--- ზა----–---–ს (პ/ნ 4500101----) დაეკისრა მოსარჩელე თი-----ნ ში-–----–-–ვილის (პ/ნ 4500102----) სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30 (ოცდაათი ლარი) ლარის ანაზღაურება.

 

6. მოსარჩელე თი-----ნ ში-–----–-–ვილის (პ/ნ 4500102----) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30 (ოცდაათ) ლარი დარჩა ხაზინაში გადახდილად.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1.1. ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 57.08.5-.2--) 2017 წლის 13 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე თი-----ნ ში-–----–-–ვილის სახელზე.

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. მიწის ნაკვეთი (ს/კ 57.08.5-.2--), რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელეზე, მოსარჩელემ დროებით სარგებლობაში გადასცა მოპასუხეს. ნაგავი არის მაგრამ ეს არის ძველი ნაწისქვილარის დაშლილი სამშენებლო მასალა. ნაგავი ვისი დაყრილია არ არის ცნობილი. მიწის ნაკვეთი დროებით სარგებლობაში ჰქონდა მოპასუხეს.

 

2.2.2. მიწის ნაკვეთს (ს/კ 57.08.5-.2--) მავთულბადე 2015 წელს მთლიანად შემოხსნა მოპასუხემ.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. ამასთან, ნივთი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში (ს/კ 57.08.5-.2--) საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე თი-----ნ ში-–----–-–ვილის სახელზე 2017 წლის 13 ოქტომბრიდან.

 

ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობდა კანონიერად. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ მოსარჩელემ დროებით სარგებლობაში გადასცა მიწის ნაკვეთი, მაგრამ იმ ეტაპზე აღარ არსებობდა არც ზეპირი და არც წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ გადაცემის დროს მოსარჩელემ ნება მისცა მოპასუხეს მოეხსნა მავთულბადე, ბოძები და კარები და მიწის ნაკვეთი გამოეყენებინა მანქანების სადგომად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. მოსარჩელემ მოითხოვა დაუბრუნდეს მისი საკუთრება, რომელიც დროებით, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ჰქონდა გადაცემული მოპასუხეზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით

 

სასამართლოს განმარტებით, სასამართლო სხდომაზე მიწვეულმა მოწმეებმა, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მხრიდან დაადასტურეს, რომ სადაო მიწის ნაკვეთს ფლობდა წლების განმავლობაში მოსარჩელე თი-----ნ ში-–----–-–ვილის მამამთილი და მასზე განთავსებული ჰქონდა წისქვილი, იყო მავთულბადით შემოღობილი. ამავე მოწმეების განმარტებით მათთვის უცნობია, ვინ მოხსნა მავთულბადე, მაგრამ ცნობილია, რომ რაღაც პერიოდი თი-----ნ ში-–----–-–ვილმა მიწის ნაკვეთი ათხოვა შო--- ზა----–---–ს და მოპასუხეს მასზე მოჰყავდა ბაღჩეული. ამ ეტაპზე მიწის ნაკვეთი არის ღობის გარეშე, მასზე ავტომანქანების გაჩერება ხდება სასადილოში მიმსვლელი სტუმრების მიერ, ხოლო ნაგავი არის ხევში, ნაწისქვილარის ნაშალი და ვისი დაყრილია მოწმეებისათვის უცნობია.

 

სასამართლომ თავისი შინაგანი რწმენით, საქმის მასალებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, კერძოდ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით დაევალა მოპასუხეს მავთულბადის, ბოძების და კარების აღდგენა/მონტაჟი, ხოლო ნაგვის გატანაზე უარი ეთქვა, რადგან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ვის მიერ იყო ნაგავი დაყრილი, ხოლო მოპასუხემ უარყო მის მიერ ნაგვის დაყრა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტი შო--- ზა----–---–ი ითხოვს გაუქმდეს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის N2/9-19 გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ ნაწილში, რითაც მას თინა ში-–----–-–ვილის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიწის ნაკვეთზე (ს/კ 57.08.5-.2--) მოხსნილი მავთულბადის, ბოძებისა და კარების დაბრუნება.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მავთულბადის, ბოძებისა და კარების დაბრუნების ნაწილში არის დაუსაბუთებელი, დაუზუსტებელი, ჩამოუყალიბებელი და სათანადო მტკიცებულებებით არ არის უზრუნველყოფილი. ვინაიდან, სასამართლომ არ გაარკვია და გადაწყვეტილებაში არ დაასაბუთა, თუ როდის აიღო მავთულბადე შო--- ზა----–---–მა 2017 წლის 13 ოქტომბრამდე თუ 2017 წლის 13 ოქტომბრის შემდეგ, როცა აღიარების კომისიის დასკვნის საფუძველზე თი-----ნ ში-–----–-–ვილი გახდა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. აპელანტის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მავთულბადე ახსნა 2015 წელს. ამ მიწის ნაკვეთზე გავლებული იყო მთელი 15-20 წლის განმავლობაში, რომლის შეღობვაც მოახდინა მისმა მამამ, არჩილ ზა----–---–მა და თი-----ნ ში-–----–-–ვილის მამამთილმა, სოსო (იოსებ) ში-–----–-–ვილმა ერთობლივად, რომელიც უკვე იყო ამორტიზირებული ბევრ ადგილზე, დაჭეჭყილი, გაწყვეტილი, მოსახლეობის მიერ უდიდესი ნაწილი თვითნებურად წაღებული, დარჩენილი ნაწილი კი ეკალ-ბარდში ახლართული.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სადავო ნაკვეთზე მაყვლის ეკალ-ბარდისგან იყო ფაქტობროვად მიუვალი ტყე. ეს მავთულბადის ღობე იყო ფაქტობრივად ჯართი მაყვლის ბარდში ახლართული, რომელიც მან ახსნა 2015 წელს იმიტომ, რომ ეს ნაკვეთი გაესუფთავებინა მაყვლის ეკალ-ბარდისაგან, რადგანაც იმ მომენტში 2017 წლამდე ამ ნაკვეთს თვითონ ეპატრონებოდა, უვლიდა მას, თუმცა არ ამუშავებდა და არც არასოდეს დაუმუშავებია. მისი განმარტებით, ეს მავთულბადე იყო დაჟანგული, კოროზირებული უვარგისი, ხმარებისთვის გამოუსადეგარი, ამიტომ მოუხდა ეკალ-ბარდთან ერთად მისი გადაყრა. რაც შეეხება ბოძებს, იქ არანაირი ბოძი და კარები არა ყოფილა, ჰქონდა ღია შესასვლელი კარები, ხოლო მავთულბადე კი დამაგრებული იყო ხის ვიწრო სარებით.

 

სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, სამოტივაციო ნაწილში მიუთითა: "სასამართლო თავისი შინაგანი რწმენით, საქმის მასალებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით დაევალოს მოპასუხეს მავთულბადის, ბოძების და კარების აღდგენა/მონტაჟი, ხოლო ნაგვის გატანაზე უარი უნდა თქვას." აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტი გაურკვევლად მიიჩნევს თუ რაში მდგომარეობს მოპასუხის მხრიდან უკანონო ხელშეშლა. სასამართლოს მიერ კი მოპასუხისთვის მავთულბადის, ბოძებისა და კარების დაბრუნების დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ უკანონო ხელშეშლის აღკვეთას კი არ ემსახურება, არამედ იგი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაა, რომელიც სულ სხვა სამართლებრივი ნორმებით რეგულირდება. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და მხარეს დააკისრა ზიანის ანაზღაურება, მას უნდა ემსჯელა იმაზეც გასული იყო თუ არა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც შეადგენს 3 წელს (საქართველოს სამოქ. კოდექსის 128-ე მუხლი). რადგანაც მოპასუხე შო--- ზა----–---–მა განაცხადა, რომ მან მავთულბადე ეკალ-ბარდთან ერთად ახსნა და გადაყარა 2015 წელს.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გაარკვია თი-----ნ ში-–----–-–ვილი რამდენად იყო სათანადო მოსარჩელე ვინაიდან, მას ეს ღობე თვითონ არ გაუვლია, ხარჯი არ გაუღია და რამდენად შესაბამისია, რომ იგი ითხოვს თუნდაც თავის მამამთილის გაკეთებულ ღობის ანაზღაურებას, რომელიც აღებულია 2015 წელში. ამასთან, აპელანტის მითითებით, თი-----ნ ში-–----–-–ვილი საკუთრების აღიარების კომისიის დასკვნის საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა 2017 წლის 13 ოქტომბრიდან და ითხოვს იმ ქონების ანაზღაურებას, რომელიც უკვე აღარ არსებობს 2015 წლიდან. მას აქვს უფლება მოითხოვოს ნაკვეთი იმ მდგომარეობაში და იმ მოცემულობაში, რომელიც არსებობს 2017 წლის 13 ოქტომბრიდან და არა აქვს უფლება მოითხოვოს იმ ქონების ანაზღაურება, რომელიც თითქოსდა მისმა მამამთილმა შემოღობა სადღაც 15-20 წლის წინ. (მოსარჩელის განმარტებით), რომელიც ასევე უკანონოდ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც ამ მიწის ნაკვეთის კანონიერი ფლობის საფუძველი მოსარჩელეს მამამთილს არა აქვს.

 

როგორც სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გადაწყვეტილების მე-4 გვერდზე წერია, რომ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხეს დაევალა მავთულბადის, ბოძების და კარების აღდგენა/მონტაჟი, ხოლო სარეზოლუციო ნაწილში კი დაავალა მავთულბადის, ბოძებისა და კარების დაბრუნება - წინააღმდეგობრივია, გარდა ამისა, სასამართლომ არ დააზუსტა მოპასუხისთვის შესასრულებელი ვალდებულებების ფულადი ღირებულება, მაგრამ პირად საუბრებში მოსარჩელე მათგან უკანონოდ ითხოვს დაახლოებით 2000 ლარის ვალდებულების შესრულებას, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში ს/კ 57.08.5-.2-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია თი-----ნ ში-–----–-–ვილის სახელზე 2017 წლის 13 ოქტომბრიდან.

 

საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე № ას-664-635-2016, პუნქტი 187).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ერთის მხრივ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგვის გატანა და მეორეს მხრივ მოპასუხის დავალდებულება თავის ადგილზე დაებრუნებინა (დაემონტაჟებინა) მავთულბადე, ბოძები და კარები. სასამართლომ მოთხოვნა მავთულბადის, ბოძების და კარების დაბრუნება, აღდგენა/მონტაჟის ნაწილში შეაფასა უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ფარგლებში და სარჩელიც დააკმაყოფილა აღნიშნულ ნაწილში.

 

პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას იმ თვალსაზრისით, როდესაც მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - მავთულბადის, ბოძებისა და კარების არსებულ ადგილზე დაბრუნება/მონტაჟის შესახებ გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის დისპოზიციიდან. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, ვინაიდან არ არსებობდა სამართლებრივი წინაპირობა, შისაბამისად სწორი იურიდიული კვალიფიკაციაც არ მიეცა მოდავე მხარეებს შორის არსებულ ფაქტობრივ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. ამასთან, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელის რეალურ მიზანს წარმოადგენდა წაღებული ნივთების ადგილზე დაბრუნება და აღდგენა იმ მდგომარეობაში რაც, არსებობდა მათ მოხსნამდე. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლო თავის მოტივაციას და მსჯელობას ანვითარებს იმ მიმართულებით, რომ ვინაიდან მოპასუხე სადავო მიწის ნაკვეთს იყენებდა ავტოსადგომად, ამით მოსარჩელეს ხელი ეშლებოდა მისით სარგებლობაში, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ გამომდინარეობდა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნებიდან.

 

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკამყოფილებული სასარჩელო მოთხოვნები თავისი არსით ექვემდებარება არა ხელშეშლის აღკვეთისათვის დადგენილ წინაპირობებს, არამედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

აღნიშნული მუხლის თანახმად, პირმა, რომელსაც აწევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა აღადგინოს ის გარემოება, რაც იარსებებდა ზიანის განმაპირობებელი შემთხვევის დადგომის გარეშე. ზემოთ მოყვანილი ზიანის ცნებით მოცულია, როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი დანაკლისი. ქონებრივი ზიანის შემთხვევაში მისი დადგენისა და გამოთვლის ხერხს ე. წ. დიფერენციის ჰიპოთეზა წარმოადგენს, რომელიც 408-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს. ამ დროს ხდება ამჟამინდელი ქონებრივი მდგომარეობის შეპირისპირება იმ ჰიპოთეტურ ქონებრივ მდგომარეობასთან, რომელიც იარსებებდა დამაზიანებელი შემთხვევის დადგომის გარეშე. თუ ამ შეპირისპირების შედეგად ნეგატიური ქონებრივი ნაშთი დგინდება, სწორედ ეს ნაშთი წარმოადგენს ზიანს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების პროცესი ძირითადად მიმდინარეობს პირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მტკიცებულებების შეგროვება მიმდინარეობს უშუალოდ მთავარ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომლებიც თავად მოთხოვნის საფუძვლის ან შესაგებლის წინაპირობას წარმოადგენენ. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლებელია, ასევე გამოყენებულ იქნეს არაპირდაპირი მტკიცებულებები, კერძოდ, (ზოგადი) მიმანიშნებელი მტკიცებულება და ე.წ. აშკარა მტკიცებულება (პირველი შთაბეჭდილების მტკიცებულება, როგორც მიმანიშნებელი მტკიცებულების განსაკუთრებული ფორმა), რომელიც განეკუთვნება „გამოყენებით ცხოვრებისეულ გამოცდილებას“, კერძოდ: არსებობს მოვლენები და მოვლენათა განვითარება, რომლებიც იმდენად დამახასიათებელი (ტიპიური) და ხშირია, რომ შესაძლებელი და დასაშვებია პირველი შთაბეჭდილებით (prima facie) შესაბამისი დასკვნების გამოტანა მიზეზთან ან შედეგთან დაკავშირებით. პროცესში პირველი შთაბეჭდილება აფუძნებს და ქმნის ფაქტობრივ ვარაუდს (მტკიცების ტვირთის შემსუბუქება). მას, ვის წინააღმდეგაც მეტყველებს პირველი შთაბეჭდილება, არ ეკისრება ვალდებულება საწინააღმდეგოს მტკიცების, როგორც ეს მტკიცების ტვირთის შებრუნების შემთხვევაშია, მაგრამ იგი ვალდებულია დაასაბუთოს და დაამტკიცოს მოვლენათა სხვაგვარი (არატიპიური) განვითარების გონივრული შესაძლებლობა (ფაქტობრივი ვარაუდის ე.წ. „შერყევა“). მას შემდეგ, რაც შეირყევა პირველი შთაბეჭდილების მტკიცებულება, ისევ გრძელდება კანონისმიერი მტკიცების ტვირთის გამოყენება (იხ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013; გვ. 22-23).

 

შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს მოპასუხეს მავთულბადის, ბოძების და კარების დაბრუნება, აღდგენა/მონტაჟი თავისი შინაარსით არის მეტად ბუნდოვანი, საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და სიცხადეს, ვიანიდან ასეთი შინაარსით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნები დიდი ალბათობით გახდება მიღებული გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულების დამაბრკოლებელი საფუძველი. სასამართლო სხდომაზე თი-----ნ ში-–----–-–ვილმა სათანადოდ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის ეფექტური რეალიზება და სიცხადით წარმოჩენა იმ სურათისა, რაც არსებობდა ზემოხსენებული მავთულბადის, ბოძებისა თუ კარების მოხსნამდე. კერძოდ, სასამართლოში პრაქტიკულად ვერ დადგინდა რა სახის, ფორმის, ზომის და ზოგადად პარამეტრების მქონე მავთულბადე, ბოძები თუ კარები (კარი) არსებობდა სადავო ნაკვეთის პერიმეტრზე და კონკრეტულად რა ზომის ნაწილი იქნა მოხსნილი მოპასუხის მიერ ან/და რას სეადგენს მისი საბაზრო ღირებულება. მოსარჩელე მხოლოდ ზეპირ განმარტებაში მიუთთ ზა----–---–ი, რაც ცხადია, რომ არ შეესაბამება მტკიცების ტვირთისთვის დადგენილ სტანდარტს. გარდრდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისც, რომ მხოლოდ სააპალაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებისგან გაჟღერდა მანამდე უცნობი ფაქტობრივი გარემოება მასზედ რომ, სადავო მიწის ნაკვეთს მთლიანად არ აქვს მავთულბადე მოხსნილი, არამედ მხოლოდ ერთ-ერთ მხარეს. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე ობიექტურად შეუძლებელია განისაზღვროს ზიანის ის მოცულობა, რაც შესაძლოა მიდგომოდა თი-----ნ ში-–----–-–ვილს შო--- ზა----–---–ის მოქმედებით.

 

პალატას მიაჩნია, რომ როდესაც სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.2 (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით), სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი წინაპირობების განუხორციელებლობა და აქედან გამომდინარე, მისი მოთხოვნის უსაფუძვლოა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები. ამიტომ, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

17. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი თი-----ნ ში-–----–-–ვილს უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი თანხა 80 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შო--- ზა----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. თი-----ნ ში-–----–-–ვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. თი-----ნ ში-–----–-–ვილს შო--- ზაზიაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 80 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

გელა ქირია