განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002964998
საქმე #1ბ/1074-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მსჯავრდებულ გ-------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ----–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ-------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ №3----------), ნასამართლევის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს-----------------------------–-------------––------------------–-------ში, მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ-------–--–---------------–---–------------ის მიმდებარედ, გ-------------–---–მა მეუღლეს - მ-----------------ს არასრულწლოვანი შვილების - ნ-------------–---–ისა და გ-------–---------–---–ის თანდასწრებით სახის არეში დაარტყა ხელი და კისერში მოუჭირა ხელი ძლიერად, რა დროსაც მ-----------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით:
გ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისფულების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლის ვადით - სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4 900 (ოთხი ათას ცხრაასი) ლარი და გ-------------–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწო განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 15 მაისიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა - 2019 წლის 20 მარტიდან 2019 წლის 1 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ-------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ----–----------–---–მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას გ-------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის ისეთი სახის სასჯელის განსაზღვრას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ გ-------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ----–----------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ-------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების - ქ---------------ის, ნ----------ს, რ-----–-----სა და გ---–-----------–--ს გამოკითხვის ოქმების, პირის ამოცნობის ოქმის, პატრულ-ინსპექტორების სამხრე ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), N0----- შემაკავებელი ორდერის, გ-------------–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში დანაშაულის აღიარების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ-------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის სხვა არასაპატიმრო სასჯელით შეცვლის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისთვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, გ-------------–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ. ამასთანავე სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ-------------–---–ი წარსულში განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პიროვნებაა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განაჩენით იგი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახალი, განზრახი დანაშაულის ჩადენის დროისათვის ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. ამდენად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის მე-17-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი. რაც შეეხება ზემოხსენებულ შემამსუბუქებელ გარემოებებს, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელმა გარემოებებმა ზეგავლენა მოახდინა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ზომაზე (არ განისაზღვრა სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომა) და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის პრინციპზე (გამოყენებული იქნა სასჯელთა შთანთქმის წესი).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ოჯახში ძალადობას, ჩადენილს არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი კი სასამართლოს ასევე ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს გ-------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, კერძოდ, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გ-------------–---–მა დემონსტრაციულად, საჯარო სივრცეში, მრავალი მოქალაქის თვალწინ - ქ-------–--–---------------–---–--------ზე, მისივე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მის მეუღლეზე, მ-----------------ზე, ამასთან, მისი საქციელით აღშფოთებულ მოქალაქეებს განუცხადა, რომ მისი ცოლი იყო და რასაც უნდოდა, იმას უზამდა, შემდეგ კი მ-----------------ს დაემუქრა თავის მოჭრით, როდესაც ეს უკანასკნელი სახლში მოვიდოდა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაზარალებული მ----------------- არის ახალგაზრდა (დაბადებულია 1996 წელს) მეძუძური დედა, რომელიც მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა დაახლოებით ერთი თვის ჩვილი ბავშვით ხელში. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ძალადობის მსხვერპლნი ასევე არიან ბავშვები, როგორც მათზე ძალადობის უშუალო, პირდაპირი მოქმედებით, ასევე არაპირდაპირი - დედაზე, ან ოჯახის სხვა წევრზე განხორციელებული ძალადობის მოწმედ ყოფნით, რაც მათში იწვევს შიშს, წარმოშობს დაუცველობისა და უკონტროლობის შეგრძნებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ძალადობის შემსწრე მცირეწლოვანმა (დაბადებულია 2015 წელს) ნ-------------–---–მა განსაკუთრებით განიცადა მამის მხრიდან დედაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა. ფსიქოლოგ გ---–-----------–--ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მასთან კომუნიკაციის პირველივე დღიდან 4 წლის ნ-------------–---–ი იყო დათრგუნული, თავს არიდებდა მშობლებთან დაკავშირებით საუბარს, იწყებდა ტირილს. ბავშვის ემოციური ფონი იყო უარყოფითად დატვირთული. მამის მხრიდან ქცევა, რასაც იგი (ნ-------------–---–ი) შეესწრო, მისთვის არის მტკივნეული, არ უნდა მეხსიერებაში დაიტოვოს მამის ცუდი საქციელი, რაც იწვევს ბავშვში დიდ სტრესს. ძალადობის თემა მისთვის არის მატრავმირებელი საკითხი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ-------------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. გ-------------–---–ისთვის დანიშნული 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ გ-------------–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენი გ-------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ-------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ-------------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ----–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ გ-------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ-------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისფულების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლის ვადით - სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4 900 (ოთხი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით და გ-------------–---–ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
გ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 15 მაისიდან. მასვე, სასჯელი მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 20 მარტიდან 2019 წლის 1 მაისის ჩათვლით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ელექტრონული დისკები - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე