განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2019
საქმის ნომერი
330210016001539566
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001539566

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5682-18 13 ივნისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - თამარ ალანია

მოსამართლეები – თამარ ზამბახიძე, ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტები - გი-----------–----–---–ი, ნი--------–----–---–ი, სუ-–--------–----–---–ი, ცი-----------------–----–---–ი, და---------–----–---–ი

 

წარმომადგენელი - გა--------–----ძე, ნი------–---ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - გი---------------–---–ი

 

წარმომადგენელი - ინ---–----–---ძე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

დავის საგანი - ქონების მესაკუთრედ ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. გი---------------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში გი-----------–----–---–ის, ნი--------–----–---–ის, სუ-–--------–----–---–ის, ცი-----------------–----–---–ისა და და---------–----–---–ის მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხეებისთვის გი---------------–---–ის სასარგებლოდ 17 765 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების დაკისრება მოითხოვა. ასევე, სასარჩელო მოთხოვნას გი-----------–----–---–ის, ნი--------–----–---–ის, სუ-–--------–----–---–ის, ცი-----------------–----–---–ისა და და---------–----–---–ის ქ. თ---–------------------–--–--------------------------------ა თანამესაკუთრეებად ცნობა და 2014 წლის 10 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ქ. თ---–------------------–--–------------------------------ა აუქციონის წესით რეალიზაციის გზით დაფარვა წარმოადგენდა.

 

2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გი-----------–----–---–ს, ნი--------–----–---–ს, სუ-–--------–----–---–ს, ცი-----------------–----–---–სა და და---------–----–---–ს გი---------------–---–ის სასარგებლოდ 17 765 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ, თითოეული მოვალის პასუხისმგებლობა სამკვიდრო ქონების მიღებული წილის პროპორციულად განისაზღვრა. გი-----------–----–---–ი, ნი--------–----–---–ი, სუ-–--------–----–---–ი, ცი-----------------–----–---–ი და და---------–----–---–ი უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–------------------–--–------------------------------------------------------. თანამესაკუთრედ იქნენ ცნობილნი. 2014 წლის 10 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების დაფარვა მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებიდან (ქ. თ---–------------------–--–------------------------------ა ს/კ 0----------------) აუქციონის წესით რეალიზაციის გზით გადაწყდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება გი-----------–----–---–მა, ნი--------–----–---–მა, სუ-–--------–----–---–მა, ცი-----------------–----–---–მა და და---------–----–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2014 წლის 10 სექტემბერს ნო----------–----–---–სა და გი---------------–---–ს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე ნო----------–----–---–მა სესხის სახით 11 000 აშშ დოლარი, 5 თვის ვადით, ყოველთვიური სარგებელი 3%, მიიღო. ამავე ხელშეკრულებით, მხარეთა შორის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი დავალიანების 0.15%-ის ოდენობით შეთანხმდა (ს.ფ. 32-37).

 

6. მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით ნო----------–----–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თ---–------------------–--–------------------------------ა დაიტვირთა (ს.ფ. 32-37).

 

7. 2016 წლის 16 თებერვალს ნო----------–----–---–ი გარდაიცვალა (ს.ფ. 20).

 

8. 2016 წლის 16 თებერვალს ნოტარიუსის მიერ ნო----------–----–---–ის მიმართ სააღსრულებო ფურცელი გაიცა, სადაც ძირითადი თანხის ოდენობად 17 765 აშშ დოლარი განისაზღვრა (ს.ფ. 29-32).

 

9. 2016 წლის 5 მარტის წერილით კერძო აღმასრულებელმა გი---------------–---–ს, მოვალის გარდაცვალების გამო სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ აცნობა. მოსარჩელემ წერილი 2016 წლის 9 მარტს ჩაიბარა (ს.ფ 26).

 

10. ნო----------–----–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს შვილები: გი-----------–----–---–ი, ნი--------–----–---–ი, სუ-–--------–----–---–ი, და---------–----–---–ი და მეუღლე - ცი-------------------–----–---–ი, წარმოადგენენ. მოპასუხეებს ფაქტობრივი ფლობით სამკვიდრო მიღებული აქვთ (მხარეთა ახსნა-განმარტებები).

 

11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გი----------------–---–ს მამკვიდრებლებისთვის პრეტენზიის წარუდგენლობის გამო, 2014 წლის 10 სექტემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება არ დაუკარგავს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

 

სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მსესხებლის მემკვიდრეებისათვის გამსესხებლის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლია, რომლის თანახმად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. გამსესხებლის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს, რასაც ამავე კოდექსის 1488-ე მუხლი აწესრიგებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 06 აპრილის განჩინება საქმეზე ას-417-395-2012, ამავე სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინება საქმეზე ას-461-435-2014).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

 

მითითებული ნორმის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა, ამავე ნორმის მიხედვით, კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს. ამდენად, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არ არის. ამასთან, 1488-ე მუხლის მესამე ნაწილის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია განიმარტოს ისიც, რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა ევალება მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება იმ მემკვიდრეების შესახებ, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო და ასეთ ვითარებაში, მოთხოვნის წარმოშობის დროს (სამკვიდროს გახსნას, მამკვიდრებლის გარდაცვალებას) მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეუძლებელია მოთხოვნის წარდგენა, თუ არ არის ცნობილი და განსაზღვრული ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორებისათვის ცნობილია, როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე, იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, მაშინ კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობის მიღებიდან ექვს თვეში უნდა წარუდგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი სანქციის სახით კრედიტორის უფლების დაკარგვის თაობაზე დებულებას განამტკიცებს. ამასთან, შესაძლებელია, კრედიტორებმა იცოდნენ სამკვიდროს გახსნის თაობაზე მამკვიდრებლის გარდაცვალების დღესვე, მაგრამ სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა შესახებ მათ ვერ შეიტყონ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვს თვეში, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე ნოტარიუსს განცხადებით მიმართავს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადის ბოლო დღეს, ან კრედიტორისათვის არაა ცნობილი იმ ფაქტების თაობაზე, რომლებიც მემკვიდრის მიერ ამავე ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას ადასტურებს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, სამკვიდროს მიღების თაობაზე კრედიტორებისათვის ცნობილი ხდება მემკვიდრეთა მიერ სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. ასეთ შემთხვევაში, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ გონივრულ ვადაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება საქმეზე Nას-1326-2018).

 

ცალსახაა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესრიგებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც კრედიტორმა იცოდა სამკვიდროს გახსნისა და მემკვიდრეების ვინაობის შესახებ, ამ დროს კანონი მას აკისრებს ვალდებულებას ექვსი თვის განმავლობაში მამკვიდრებლის მემკვიდრეებს პრეტენზია წაუყენოს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამგვარ გარემოებებს განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, მოპასუხეებს სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავთ, საქალაქო სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია და აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მათ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით ჰქონდათ მიღებული, მათი უფლება უძრავ ქონებაზე კი, საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. ამასთან, საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც აპელანტების მიერ სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და მოპასუხისთვის მოვალის გარდაცვალებისა და მის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ შეტყობინების გაგზავნას დაადასტურებდა. საპირისპიროდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხულმა პირებმა სესხის სახით მიღებული თანხის გი-----------–----–---–ის მიერ განკარგვა და მემკვიდრეების მიერ კრედიტორთან კომუნიკაციის არსებობა დაადასტურეს, ეს მტკიცებულება კი აპელანტების მიერ რელევანტური მტკიცებულებებით გაქარწყლებული არ ყოფილა. რა თქმა უნდა, რელევანტურ მკიცებულებად მხოლოდ აპელანტების ახსნა-განმარტება მოწმეთა ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან ისინი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეები არიან, შესაბამისად მათი ახსნა-განმარტება სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს და სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მოწმეთა ჩვენებებს ვერ აბათილებს.

 

გარდა ამისა, საქმის მასალებში წარმოდგენილია კერძო აღმასრულებლის 2016 წლის 05 მარტით დათარიღებული წერილი, რომლითაც კრედიტორ გი---------------–---–ს მოვალის გარდაცვალებისა და სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლეობის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე სააღსრულებო ფურცლის შეჩერების თაობაზე ეცნობა, რომელიც კრედიტორს 2016 წლის 09 მარტს ჩაბარდა (ს.ფ. 26). აპელანტების მითითება მასზედ, რომ 2016 წლის 09 მარტი არის ის თარიღი რა დროსაც კრედიტორმა შეიტყო მოვალის გარდაცვალების თაობაზე და შესაბამისად მოთხოვნის წაყენების ექვსთვიანი ვადა დაეწყო გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის ამოქმედებისთვის მხოლოდ სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაციის არსებობა არ კმარა საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ 2016 წლის 21 სექტემბერს კრედიტორს ნოტარიუსთა პალატიდან მიუვიდა წერილი, სადაც მითითებული იყო, რომ გარდაცვლილი მოვალის ანდერძი არ არსებობს და მის დანაშთ ქონებაზე ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში ჩანაწერები არ იძებნება, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოვალის მემკვიდრეთა თაობაზე კრედიტორს ინფორმაცია არ ჰქონდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველი დავის მოწესრიგების მიზნებისთვის სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის გამოყენება უმართებულოა და აღნიშნული მუხლის საფუძველზე კრედიტორი მოთხოვნის უფლებას ვერ დაკარგავდა.

 

ხანდაზმულობასთან მიმართებით აპელანტების მიერ გაკეთებულ შედავებას სხვა აპელირების მსგავსად, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნულთან მიმართებით არსებობს საქართველოს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმად მითითებული ნორმით (სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილი) დადგენილია პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე ამის თაობაზე მიუთითებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 07 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-143-136-2010, და ამავე სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის განჩინება საქმეზე Nას-968-1269-2007).

 

12. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ დასაბუთებულობას, სააპელაციო პალატას იგი დასაბუთებულად მიაჩნია რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს ქმნის.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნო----------–----–---–სა და გი---------------–---–ს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა. ნო----------–----–---–მა სესხის სახით 11 000 აშშ დოლარი, 5 თვის ვადით, ყოველთვიური სარგებელი 3%, მიიღო. ამავე ხელშეკრულებით, მხარეთა შორის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი დავალიანების 0.15%-ის ოდენობით შეთანხმდა მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით ნო----------–----–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თ---–------------------–--–------------------------------ა დაიტვირთა, სარჩელს ერთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი, რომლითაც უდავოდ დასტურდება, რომ სადავო ქონება საკუთრების უფლებით მხოლოდ ნო----------–----–---–ის სახელზე იყო აღრიცხული (ს.ფ. 38-39). ასევე, საქმეზე წერილობითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილია 2016 წლის 16 თებერვალს ნოტარიუსის მიერ ნო----------–----–---–ის მიმართ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სადაც ძირითადი თანხა 17 765 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა. 2016 წლის 5 მარტის წერილით კერძო აღმასრულებელმა კრედიტორს, მოვალის გარდაცვალების გამო, სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე აცნობა. საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე შედავება არ განხორციელებულა. ამასთან, ერთიანი სამემკვიდრეო რეესტრიდან გაცემული 2016 წლის 21 სექტემბერს გაცემული წერილის თანახმად, გარდაცვლილი მოვალის სამკვიდრო ქონების თაობაზე ერთიან ელექტრონულ რეესტრში ინფორმაცია არ მოიძებნა. ამდენად, ცალსახაა, რომ გარდაცვლილის არცერთ მემკვიდრეს სამკვიდროს მიღების 6 თვიან ვადაში განაცხადი არ გაუკეთებია. მოპასუხეები სამკვიდროზე უარს არ აცხადებენ, თავს თვლიან მემკვიდრეებად და გააჩნიათ სამკვიდროს მიღების ინტერესი რაც მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლიდან დგინდება, სადაც მხარეები აცხადებდნენ, სადავო ქონების პოტენციურ თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ, სადავო ქონებაზე მოვალესთან ერთად წილი მათაც ეკუთვნოდათ ამიტომ, მოვალეს არ ჰქონდა უფლება მთლიან ქონებაზე დაედო იპოთეკის ხელშეკრულება.

 

სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე გი-----------–----–---–ის, ნი--------–----–---–ის, სუ-–--------–----–---–ის, ცი-----------------–----–---–ისა და და---------–----–---–ის უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–------------------–--–------------------------------------------------------. თანამესაკუთრეებად ცნობას მოითხოვდა, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ... მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტი მასზედ, რომ აპელანტებად დასახელებული პირები გარდაცვლილი ნო----------–----–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ, და მათ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდრო მიიღეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილებაზე ვალდებულ პირებად მემკვიდრეებს მოიაზრებს, რომლებმაც მიიღო სამკვიდრო ქონება - აქტივი, პასივი (სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი) და ამ გზით ამ ქონების მესაკუთრეებად იქცნენ. შესაბამისად, ვალის გადახდა უნდა მოხდეს მამკვიდრებლის იმ დანაშთი ქონებიდან, რომლის მესაკუთრესაც მემკვიდრე წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები აპელანტებს კი სააპელაციო საჩივრით დასაბუთებული შედავება არ წარუდგენიათ რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს ქმნის.

 

13. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტურად გადანაწილების პირობებში, აპელანტებს უნდა დაედასტურებინათ, რომ კრედიტორმა იცოდა მოვალის გარდაცვალებისა და შესაბამისად სამკვიდროს გახსნის შესახებ, ამასთან, მას მემკვიდრეების ვინაობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია გააჩნდა, რაც სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის კონტექსტში მოთხოვნის წაყენების ექვსთვიანი ვადის დარღვევის გამო აპელანტების მიმართ მოთხოვნის უფლებას უკარგავდა. აღნიშნული გარემოებები საქმის მასალებით ვერ დადასტურდა, მეტიც საქალაქო სასამართლოში გამოკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სესხის სახით მიღებული თანხის ნაწილი ერთ-ერთმა აპელანტმა გი-----------–----–---–მა განკარგა და მემკვიდრეების მიერ ვალის გადახდის თაობაზე კრედიტორთან კომუნიკაცია არსებობდა. ამ პირობებში სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლი ყველა პირველი რიგის მემკვიდრეს კრედიტორებისთვის სამკვიდროს გახსნისა და მემკვიდრეების ვინაობის შესახებ შეტყობინების გაგზავნის ვალდებულებას აკისრებდა, რაც მათ არ შეუსრულებიათ, ამასთან, მათ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს თუმცა, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ აღურიცხავთ, რაც მათ მიერ გარდაცვლილი მოვალის ვალდებულების შესრულებაზე თავის არიდების მცდელობის ლეგიტიმურ ვარაუდს ქმნის. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მემკვიდრეთა ზუსტი ვინაობის შესახებ ინფორმაციის ქონა საქმის მასალებით არ დასტურდება, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი ვერ დაედება. ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ აპელანტებმა მათზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლიეს რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 1 110 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გი-----------–----–---–ის, ნი--------–----–---–ის, სუ-–--------–----–---–ის, ცი-----------------–----–---–ისა და და---------–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტების მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები თამარ ზამბახიძე

ქეთევან მესხიშვილი