განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001300659
საქმე №3ბ/1656-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი - გ------- კ------
წარმომადგენელი - რ--------- პ----ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
წარმომადგენლები - ნ-----–---- წ--------–-, ე------- ა---–---
დავის საგანი - სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოსგარეშე ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ შეგებებულ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ------- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 1---------- №1----------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა გ------- კ-----ის ვეტერანის სტატუსით აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე და მასზე შესაბამისი მოწმობის გაცემა. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის მოსარჩელისათვის - გ------- კ-----ისათვის ანაზღაურება.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2------–--ის (საქმის ნომერი: 2---------) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი და გ------- კ------ ცნობილი იქნა ს-------–--ს რაიონში 1----–-–---------------------------–-ს ჩათვლით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ ბრძოლებში მონაწილედ.
საქართველოს შეირაღებული ძალების თადარიგში შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 67-ე მუხლის „ზ“ პუნქტით (პირადი პატაკით) დათხოვნილი იქნა შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, შტატგარეშე დარჩენილი, შსს საქმეთა მმართველობის მოქალაქეთა მიღებისა და წერილობით მიმართვებთან მუშაობის ქვეგანყოფილების ყოფილი განსაკუთრებულ დავალებათა უფროსი ინსპექტორი პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი გ------- კ------ 2----–-–----------იდან, შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში ყოფნით 2----–-–----------ამდე. წელთა ნამსახური კალენდარული გაანგარიშებით 2----–-–----------ისათვის შეადგენს 2--–--–------------------------.
გ------- კ------მ 2----–-–----------------–ს განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, წარუდგინა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- (საქმის ნომერი: 2---------) გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი ვეტერანად აღრიცხვა და მასზე შესაბამისი მოწმობის გაცემა.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2-----–-–--------------ის წერილობითი მიმართვით გ------- კ------ს ეცნობა, რომ მისი საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მას დამატებით უნდა წარმოედგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო მონაწილეობას, საბრძოლო მოკვლევას, რომელსაც ხელმოწერით დაადასტურებდნენ არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი, ხელმოწერები დადასტურებული უნდა ყოფილიყო ნოტარიულად და სხვა დოკუმენტები.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- კ-----ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 1---------- №1----------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მასვე უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ------- კ-----ის ვეტერანის სტატუსით აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე და მასზე შესაბამისი მოწმობის გაცემა.
ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო აკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს, ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი მოსარჩელეს აკისრებს ვალდებულებას, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში გ------- კ------სა და მის წარმომადგენელს რ-------ონ პ----ეს შორის 2----–-–------------ს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ, მომსახურების საფასური განისაზღვრა 1000 ლარით, რაც სასამართლოს შეფასებით, საქმის სირთულის გათვალისწინებით, არ შეესაბამება ასეთი მომსახურებისათვის გასაღები ხარჯის გონივრულ ოდენობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილევლ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ------- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უნდა დაეკისროს გ------- კ-----ის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი, საქმის სირთულის გათვალისწინებით, ასეთი მომსახურებისათვის გასაღები ხარჯის გონივრული ოდენობის შესაბამისად, რაც სასამართლოს შეფასებით მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 200 ლარს.
4.1. გ------- კ-----ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ საქმის სირთულეს არ შეესაბამება საადვოკატო მომსახურების საფასურის სახით 1000 ლარის განსაზღვრა, რის გამოც მოპასუხისთვის საპროცესო ხარჯის ანაზღაურების დაკისრება მოხდა მხოლოდ 200 ლარის ფარგლებში. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ადვოკატისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო სრულად. ამასთანავე, საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაზე არ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, რამეთუ მითითებული ნორმა აწესრიგებს სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხების ანაზღაურების წესს. მით უფრო, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების 200 ლარად შეფასების შესახებ, რადგან ადმინისტრაციული საქმეები, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის მიუხედავად, იმავე პროცედურების გავლას საჭიროებს, რასაც სხვა საქმეები და გრძელდება, დაახლოებით, ორი წელი მაინც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- კ------მ სასამართლოსგარეშე ხარჯების სრულად ანაზღაურება მოითხოვა.
4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით გ------- კ-----ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება.
4.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
4.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით გ------- კ-----ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე გ------- კ-----ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით გ------- კ-----ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
გ------- კ------სა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირ „ნდობას“ საადვოკატო ბიუროს ადვოკატს - რ-------ონ პ----ეს შორის 2----–-–------------ს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, ადვოკატს უნდა დაეცვა კლიენტის ინტერესები სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან წარმოქმნილი ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმეზე, ხოლო მომსახურების საფასური განისაზღვრა 1000 (ათასი) ლარით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირ „ნდობას“ საადვოკატო ბიუროს 2----–-–------------ის სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, გ------- კ------მ, მასთან დადებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაიხადა 500 (ხუთასი) ლარი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირ „ნდობას“ საადვოკატო ბიუროს 2----–-–------------რის სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, გ------- კ------მ, მასთან დადებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაიხადა 300 (სამასი) ლარი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირ „ნდობას“ საადვოკატო ბიუროს 2018 წლის 5 დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, გ------- კ------მ, მასთან დადებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაიხადა 200 (ორასი) ლარი.
ზემოაღნიშნული საადვოკატო მომსახურების ფარგლებში წარმოებულ ადმინისტრაციულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ------- კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელის ინტერესებს იცავდა ადვოკატი რ-------ონ პ----ე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა გ------- კ-----ის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხი, შესაბამისად, შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის გ------- კ-----ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრება. კერძოდ, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საადვოკატო მომსახურებისთვის გასწია ხარჯი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოცემული ხარჯი ანაზღაურებულია მხოლოდ 200 ლარის ოდენობით. ამრიგად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავოა საპროცესო ხარჯის ანაზღაურების საკითხის კანონიერება დარჩენილ - 800 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის შესაბამისად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ინტერესები პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებში რ-------ონ პ----ემ წარმოადგინა. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ საადვოკატო მომსახურების საფასური განისაზღვრა 1000 (ათასი) ლარით. ასევე, წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირ „ნდობას“ საადვოკატო ბიუროს შემოსავლის ორდერები, რომლებითაც დასტურდება ადვოკატის მომსახურების საფასურის გადახდა 1000 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ხარჯის ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ხარჯის გაწევის რეალურობა, მიზნობრიობა და კავშირი კონკრეტულ საქმესთან. მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატის მომსახურების მიღების საჭიროება წარმოშვა მიმდინარე საქმეზე მოსარჩელის უფლებების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფის ინტერესმა, დადგენილია ასეთი ხარჯის რეალურად გაწევა, სარჩელი კი სრულად იქნა დაკმაყოფილი. მითითებულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა, პალატის აზრით, წარმოქმნის ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს, რამდენადაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს გ------- კ-----ისთვის წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაეკისრა, შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თავდაპირველ მოპასუხეს - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უნდა დაევალოს წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დარჩენილი ნაწილის - 800 ლარის მოსარჩელისათვის - გ------- კ-----ის სასარგებლოდ ანაზღაურება.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, არ არსებობს წანამძღვრები მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- კ-----ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება შეიცვალოს იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ------- კ-----ის მოთხოვნა 800 (რვაასი) ლარის სასამართლოსგარეშე ხარჯების (ადვოკატის მომსახურების) ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება:
3. გ------- კ-----ის მოთხოვნა - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯების (ადვოკატის მომსახურების) 800 (რვაასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება, დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე მანანა ჩოხელი