განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001079179
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3403-17 “14” მარტი, 2019 წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე მოსამართლეეები სხდომის მდივანი ოთარ სიჭინავა ამირან ძაბუნიძე გელა ქირია მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენელი - შპს „-–--–---------------–------ დ-------- ნ-–------ (დირექტორი), მ----- ნ-------- ე---------- ბ--------- დ----- ჩ-----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.04.2017წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. ე---------- ბ---------ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
1.1. დაეკისრა შპს ”-–--–---------------–------- მოსარჩელე ე---------- ბ---------ს სასარგებლოდ 18 145 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. 2012 წლის 27 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ე---------- ბ--------- სამკურნალოდ შევიდა შპს ”-–--–---------------–-----–-- დიაგნოზით: რ---------–-------------------–------------------------–------------------------------------------–------------------------------------- 2.2. ე---------- ბ---------მ შპს ”-–--–---------------–-----–-- სტაციონალური მკურნალობის კურსი გაიარა სამი თვის განმავლობაში, რაშიც გადაიხადა 18 145 ლარი. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.3. ე---------- ბ---------სა და შპს ”-–--–---------------–------- შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგი იყო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც გულისხმობდა ჩ-------–---------------–-–------------------------------------------ და ტკივილების შემცირებას. შპს ”-–--–---------------–-----–-- მკურნალობის ხელშეკრულებით შეთანხმებული შედეგი - პაციენტის ე---------- ბ---------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ დგინდება. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ბუნდოვანი შინაარსის მიუხედავად, მკურნალობის შედეგი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც გულისხმობდა ჩ-------–---------------–-–--------------- და ტკივილების მოხსნას. მოპასუხე სადავოდ ხდის სრულ განკურნებაზე შეთანხმების არსებობას და განმარტავს, რომ საუბარი იყო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ მკურნალობაზე, რაშიც იგულისხმებოდა პაციენტის სუბიექტური შეგრძნებები (ტკივილების მოხსნა, ს--------------------------------------) (იხ. სხდომის ოქმი). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სადავოა სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსი. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა იქნეს გაგებული ხელშეკრულების სადავო გამონათქვამები. ასეთ შემთხვევაში, მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია ”ნების გონივრული განსჯა”, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამების იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამების ვიწრო გაგება. აღნიშნულის დასტურია სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. ამდენად, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის 2.3.2. ქვეპუნქტის მიხედვით, კლინიკა უფლებამოსილია შეწყვიტოს მკურნალობა, თუ მკურნალობის მეთოდი არ იძლევა სასურველ შედეგს. მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ხელშეკრულების საგანია პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა ტრადიციული მეთოდით. სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადად ასეთი ხელშეკრულების გაფორმების მიზანს წარმოადგენს მკურნალობის შედეგად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. შესაბამისად, ხელშეკრულების ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებულ ”სასურველ შედეგში” იგულისხმება სწორედ პაციენტის (მოსარჩელის) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. საქმეში წარმოდგენილი პაციენტის ბარათში მითითებულია, რომ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა ტრადიციული მეთოდით ტკივილის შემცირებისა და სახსრებში მოძრაობის დიაპაზონის გაზრდის მიზნით, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შესაძლებელ ფარგლებში. თვითონ დაავადების განკურნება, როგორც ასეთის შეუძლებელია. საქმეში დაკითხული მოწმე მ------ კ-----–----- ჩვენებიდან, რომელიც მოსარჩელის მეუღლეა და უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ხელშეკრულების გაფორმებასა და მკურნალობის პროცესში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების მიზანი იყო მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რაშიც იგულისხმებოდა ტკივილის შემცირება და ს------------------------------------ გაზრდა. (იხ.2017 წლის 07 აპრილის სხდომის ოქმი,10:04:16-10:17:46). სასამართლოს მიაჩნია, რომ მკურნალობის ორი თვით გაგრძელების ფაქტიც ადასტურებს, რომ მხარეთა მიზანი იყო მოსარჩელის მიერ მითითებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. მოსარჩელის განმარტებიდან, საქმეში წარმოდგენილი პაციენტის ბარათიდან, მოწმის ჩვენებიდან დგინდება, რომ მკურნალობა გაგრძელდა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, ივლისის თვეში ჩატარებული მკურნალობის შედეგის თაობაზე, მითითებულია, რომ მკურნალობის ფონზე აღინიშნება ტკივილის სინდრომის შემცირება და მ-----------------------------------. ანალოგიური ჩანაწერებია მომდევნო თვეებში აგვისტოსა და სექტემბერში. ასევე მოსარჩელისა და მოწმე მ------ კ-----–----- განმარტებებიდან დგინდება, რომ პირველი თვის განმავლობაში ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტი სუბიექტურად უკეთესად გრძნობდა თავს, რის გამოც ის დათანხმდა მკურნალობის გაგრძელებას. სასამართლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების დადგენისას, არ იზიარებს მოწმე ლ--–- ნ-–------- ჩვენებას, რომელიც მოსარჩელის მკურნალი ექიმი იყო. მოწმემ განმარტა, რომ მკურნალობის პროცესში, მას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება ევალებოდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენება ეწინააღმდეგება თავად მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მკურნალობის შედეგი მიმართული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, რაც პაციენტის სუბიექტურ შეგრძნებებს უკავშირდებოდა და კლინიკის მიერ პაციენტის მკურნალობის პროცესში დაფიქსირებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ პაციენტს მკურნალობა უნდა ჩატარებოდა ტკივილის შემცირებისა და სახსრებში მოძრაობის დიაპაზონის გაზრდის მიზნით. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ მკურნალობაში იგულისხმებოდა მისი სუბიექტური შეგრძნებები. საქმეში წარმოდგენილი პაციენტის ბარათის მიხედვით, მკურნალობის დასრულების დროისათვის პაციენტს ტკივილის სინდრომი ჰქონდა მკვეთრად შემცირებული და მოძრაობა მკვეთრად გაუმჯობესებული. მკურნალობის პროცესის ბოლოსთვის - 25 სექტემბერს პაციენტის ბარათში დაფიქსირდა, რომ პაციენტი აღნიშნავს სუბიექტურად მკვეთრ გაუმჯობესებას, რაც გამოიხატება გადაადგილების დროს უმნიშვნელო ტკივილით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი პაციენტის ბარათიდან ცალსახად დგინდება, რომ მკურნალობის დასრულებისას, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკის დასკვნა ემყარება მხოლოდ პაციენტის სუბიექტურ შეგრძნებებს, მაშინ როდესაც ამავე ბარათიდან დგინდება, რომ მკურნალობის პროცესში პაციენტს უტარდებოდა შესაბამისი კვლევები, რომლის შედეგების მიხედვით, როგორც ბარათშია მითითებული გაუარესება არ აღინიშნება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 81-84). სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტის დიაგნოზიდან გამომდინარე, რომელსაც ს-----------------–--- ჰქონდა, პაციენტის სუბიექტური შეგრძნებებით შეუძლებელია შეფასდეს რეალური მდგომარეობა და აქედან გამომდინარე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნულს კი ადასტურებს პაციენტის ბარათშივე მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ პაციენტის სუბიქტურ შეგრძნებებთან ერთად, რაც მ---------------------–-- შემცირებას უკავშირდებოდა, მას შესაბამისი კვლევები უტარდებოდა ს--------- რეალური მდგომარების შესაფასებლად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პაციენტის სუბიექტური შეგრძნებები ობიექტურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. რაც შეეხება ობიექტურად მოსარჩელის ს--------- მდგომარეობას კლინიკაში მკურნალობის დასრულების დროისათვის გაუმჯობესება არ დგინდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შინაარსიდან, მხარეთა განმარტებებიდან, მოწმის ჩვენებიდან, პაციენტის ბარათიდან გამომდინარეობს, რომ რეალურად მკურნალობის მიზანი იყო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც გულისხმობდა ჩ-------–---------------–-–---------------------------------------- და ტკივილების შემსუბუქებას, რაც სასამართლოს მოსაზრებით არ გულისხმობს სრულ განკურნებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის შეთანხმებული შედეგი არ დამდგარა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე ე---------- ბ---------სა და მოპასუხე შპს ”-–--–-----------------–------- შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებიდან, რომლის შესაბამისად, შპს ”-–--–---------------–------- იკისრა ვალდებულება, ჩაეტარებინა პაციენტის - ე---------- ბ---------------- მკურნალობა, რომლის შედეგი იყო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც გულისხმობდა ჩ-------–---------------–-–----------------------------------------- და ტკივილების შემსუბუქებას. მოსარჩელეს მკურნალობისათვის უნდა გადაეხადა 18 145 ლარი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებითი ურთიერთობა მხარეებს შორის არ შეწყვეტილა, რადგან შპს ”-–--–---------------–------- მხრიდან ჯეროვნად არ შესრულდა ვალდებულება, კერძოდ, არ დამდგარა მკურნალობის სასურველი შედეგი - მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). აღნიშნული ნორმა მხარეს, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებას ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ. კერძოდ, მას ენიჭება უფლებამოსილება მოშალოს ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. დადგენილია, რომ შპს ”-–--–---------------–------- ვერ უზრუნველყო პაციენტის ე---------- ბ---------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. სასამართლოს განმარტებით, ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აძლევს სასამართლოს დასკვნის საფუძველს, რომ დამატებითი ვადის დაწესება არ არის აუცილებელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის პირობები. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების გამო ე---------- ბ---------სა და შპს ”-–--–---------------–------- შორის წარმოიშვა ახალი ვალდებულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული თანხის 18 145 ლარის უკან დაბრუნება. 3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მკურნალობის შედეგად ყველა შემთხვევაში უნდა მომხდარიყო მდგომარეობის გაუმჯობესება. ამასთან, სასამართლო რატომღაც მიუთითებს, რომ მკურნალობა უნდა გაწეულიყო ,,ტრადიციული" მეთოდით, თუმცა, როგორც ცნობილია, აპელანტი, პაციენტებს მკურნალობს სწორედ არატრადიციული მეთოდით. მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ შეთანხმების არასებობის თაობაზე სასამართლოს დასკვნა ეფუძნება მხოლოდ მოწმე მ------ კ-----–----- ჩვენებას, რომელიც არის მოსარჩელის მეუღლე, უშუალოდ დაინტერესებული პირი. ამასთან, სასამართლომ რატომღაც არ გაიზიარა მოწმის - მკურნალი ექიმის ლ--–- რ-------- ჩვენება მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით, მკურნალობა მიმართული უნდა ყოფილიყო პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხოლო ერთ თვეში დამდგარი შედეგის მიხედვით მკურნალობის გაგრძელება მოხდებოდა პაციენტის სურვილის შესაბამისად. მოპასუხის პოზიცია იყო იმდაგვარი, რომ მკურნალობა ითვალისწინებდა ყველა ღონის ხმარებას, რათა აღნიშნულის შედეგად მომხდარიყო პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც არანაირად არ ნიშნავს შეთანხმებას ამ მიზნის აუცილებლად და ყველა შემთხვევაში მიღწევაზე. სასამართლომ საერთოდ არანაირი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ წერილობით ხელშეკრულებას მხარეთა შორის, სადაც ასე თუ ისე გაწერილია მხარეთა უფლება-მოვალეობები და საიდანაც არ დგინდება შეთანხმების არსებობა იმის თაობაზე, რომ მკურნალობის შედეგად აუცილებლად მოხდებოდა პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება. უფრო მეტიც, ამ ხელშეკრულების თანახმად, პაციენტს ჰქონდა სრული უფლება შეეწყვიტა მკურნალობა, თუ არ დადგებოდა მისთვის სასურველი შედეგი, რაც მას არ გაუკეთებია. 3.2. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მდგომარეობის გაუმჯობესება. სასამართლომ ვერ უარყო, რომ, პაციენტი სუბიექტურად თავს უკეთ გრძნობდა, მაგრამ აქვე მიუთითა, რომ მდგომარეობის შესაფასებლად ,,სუბიექტური შეგრძნებები ობიექტურ ჩარჩოში უნდა მოექცეს", ხოლო ,,ობიექტურად მოსარჩელის ს--------- მდგომარეობას კლინიკაში მკურნალობის დასრულების დროისთვის გაუმჯობესება არ დგინდება". გაუგებარია, რა იგულისხმა სასამართლომ ,,ობიექტურ ჩარჩოში". ამასთან, დაავადება ,,ა-------------------------–----------------" თანამედროვე კლასიკური მედიცინის მეთოდებით არ იკურნება, მკურნალობის არაოპერაციული მეთოდების საშუალებებით ხდება მხოლოდ მდგომარეობის გაუმჯებესება - ტკივილის შემცირება, სახსრებში მოძრაობის ამპლიტუდის მომატება, ეს უკანასკნელი აბსოლუტურად ობიექტური კრიტერიუმია (გაზომვადია) განსხვავებით ტკივილის გრძნობისა, რომელიც მხოლოდ პაციენტის მიერ სუბიექტურად ფასდება. ,,ობიექტურში" სავსებით დასაშვებია ვიგულისხმოთ ის ვიზუალური შედეგი, რომელიც დადგა მკურნალობის შედეგად და რომელიც ასახულია მკურნალობის ეტაპების ამსახველ ვიდეოფირზე. აღსანიშნავია, რომ ამ ფირებზე ნათლად და სავსებით ობიექტურად ჩანს, რომ მკურნალობის შემდგომი მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია იმასთან შედარებით, რაც იყო მკურნალობის დასაწყისში, კერძოდ, თუ დასაწყისში მოსარჩელე ძნელად გადაადგილდებოდა ორი ყავარჯნით, მკურნალობის შემდეგ იგი შედარებით თავისუფლად გადაადაგილდება უყავარჯნოთ და სრულიად თავისუფლად ერთი ყავარჯნით. მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას სიხარულით ადასტურებს თვით მოსარჩელეც, როდესაც აცხადებს და აჩვენებს, რომ ს------------–-–-------–-------- მნიშვნელოვნად მომატებულია. ეს ნამდვილად ობიექტური მაჩვენებელია - სამედიცინო თვალსაზრისით. კლინიკიდან გამოწერისას პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი პაციენტის მადლობის წერილითაც, სადაც იგი ,,საოცრებასაც" უწოდებს იმას, რაც მოხდა და ადასტურებს, რომ იმ დღეს პირველად გაიარა, რის გამოც აღფრთოვანებას არ მალავს. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელე განმარატავს, რომ იყო აფექტურ მდგომარეობაში და ვერ აცნობიერებდა, რას წერდა. აღნიშნულს ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ საქმეში წარმოდგენილ ვიდეოფირში ასახულ მის მდგომარეობას მკურნალობიდან ერთი წლის შემდეგ, საიდანაც სავსებით ობიექტურად ჩანს, რომ პაციენტის გადაადგილების ხარისხის შედარებაც არ შეიძლება იმასთან, როგორ გადააედგილდებოდა იგი მკურნალობის დაწყებამდე. სასამართლომ უგულვებელყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი პირველი ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ განაცხადა რა, რომ მკურნალობის შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესებას ადგილი არ ჰქონია, არ წარმოადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგალითად, ექსპერტიზის აქტი. უფრო მეტიც, მან საერთოდ მოხსნა შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მაშინ როცა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა გამოეყენებინა ეს საპროცესო უფლება. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სავსებით დასტურდება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება, და ისეთ პირობებში, როდესაც საპირისპირო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, გაუგებარია, რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მოთ უფრო, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა აუცილებლად გაუმჯობესებას. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. მხარეთა შორის სადავო არ არის და საქმის მასალებით დასტურდება, რომ 27.06.2012წ. შპს ”ლ--–---------------–------“ და ე---------- ბ---------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე სამკურნალოდ განთავსდა შპს ”-–--–---------------–-----–-- დიაგნოზით: რ---------–-------------------–------------------------–------------------------------------------–------------------------------------ (ტ.1, ს.ფ. 25-27). ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია კლინიკის მიერ პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა ტრადიციული მეთოდით (ალტერნატიული) და პაციენტის მიერ მკურნალობის საფასურის გადახდა. ხელშეკრულების 2.4. პუნქტით გათვალისწინებულია კლინიკის ვალდებულება: გაააცნოს პაციენტს შინაგანაწესი და სამკურნალო დანიშნულება, გააცნოს მას მკურნალობის მოცულობა დაწესებულების პრეისკურანტის შესაბამისად. შეუქმნას სათანადო პირობები მკურნალობისათვის. ამავე ხელშეკრულების 2.3.2 ქვეპუნქტის მიხედვით, კლინიკა უფლებამოსილია შეწყვიტოს მკურნალობა თუ მკურნალობის მეთოდი არ იძლევა სასურველ შედეგს. ხოლო, 2.3.6 ქვეპუნქტის შესაბამისად, კლინიკა არ იღებს ვალდებულებას პაციენტის მიმართ მკურნალობის პერიოდში გამოწვეული ჯანმრთელობის სხვა გართულებების შედეგებზე, რაც არ შედიოდა კლინიკის მიერ დანიშნულ მკურნალობაში. 4.2. სადავო არ არის, რომ ე---------- ბ---------მ შპს ”-–--–---------------–-----–-- სტაციონალური მკურნალობის კურსი გაიარა სამი თვის განმავლობაში და მის მიერ გადახდილი თანხა შეადგენს 18 145 ლარს. 4.3. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ მკურნალობისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურება. სარჩელის თანახმად, მიუხედავად ხელშეკრულების ზოგადი და ბუნდოვანი ხასიათისა, კლინიკა დაპირდა პაციენტს, რომ იგი შესძლებდა ჩ-------–---------------–-–--------------, აღარ ექნებოდა ტკივილები, ივლიდა დამხმარე საშუალებების გარეშე. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესების მაგივრად გაუარესდა – უცვლელია სიარულის ხარისხი, გაუარესდა იდაყვის მდგომარეობა, არცერთ სახსარზე არ შეინიშნება ტკივილების შეწყვეტა და მცირედი გაუმჯობესებაც კი. ამასთან, ბოლო გამოკვლევებით (რენტგენოგრაფიით) მოსარჩელეს დ---------------------------------------------------------, რაც ნიშნავდა ისევ ოპერაციას და მდგომარეობის გაუარესებას (ტ.1, ს.ფ. 1-19). ამდენად, სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: - მოპასუხე კლინიკაში მკურნალობით ვერ იქნა მიღწეული ის შედეგი, რაზეც არსებობდა მხარეთა შეთანხმება; - მკურნალობის შედეგად მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 4.4. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების განმარტების საკითხს, პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ, ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული. ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა. განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს, როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა). ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნას განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა (სუსგ№ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ.). კონტრაჰენტების მიერ გამოვლენილი ნების განმარტების და შეთანხმების საგნის დაზუსტების მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული იქნა მოსარჩელის მეუღლე, მ------ კ-----–----- რომელმაც განმარტა, რომ მხარეები შეთანხმდნენ პაციენტის განკურნებაზე, პაციენტს მკურნალობის შედეგად აღარ უნდა დაჭირვებოდა ყავარჯენი და თავიდან უნდა აეცილებინათ ოპერაცია, რასაც სამედიცინო დაწესებულებები მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამასთან, მოწმე თავად მიუთიებს, რომ როგორც საქართველოში ისე საზგვარგარეთ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ექიმებმა მკურნალობის ერთადერთ გზად მიიჩნიეს ოპერაციული მკურნალობა (იხ.: 07.04.2017წ. სხდომი ოქმი, 10:04:16 – 10:17:46). მოწმედ დაიკითხა ასევე ლ--–- ნ-–------, რომელიც მოპასუხე კლინიკაში უშუალოდ მკურნალობდა მოსარჩელეს. მოწმის ჩვენებით, მას პაციენტის განკურნების თაობაზე დაპირება არ გაუცია. პაციენტი იყო რთულ მდგომარეობაში, ჩატარებული ჰქონდა დიაგნოსტიკა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, უჭირდა ადგომა, დაწოლა, დადიოდა ორი ყავარჯნით. მოწმის ჩვენებით, პაციენტი ერთი თვით განთავსდა კლინიკაში მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, პაციენტს განემარტა მკურნალობის საფასურის და მკურნალობის მეთოდის შესახებ. ერთი თვის შემდეგ, ვინაიდან თავად პაციენტი თავს კარგად გრძნობდა და შედეგს ამჩნევდა, გამოთქვა თანხმობა მკურნალობის გაგრძელებაზე, კიდევ ორი თვით გაგრძელდა მკურნალობა და უკეთესი შედეგიც იყო სახეზე (იხ.: 07.04.2017წ. სხდომი ოქმი, 10:21:39- 10:32:24). ამდენად, მოსარჩელის და მოპასუხის მიერ დაკითხული მოწმეები განსხვავებულად მიუთითებენ მხარეთა შეთანხმების შინაარსზე და შეთანხმებულ შედეგზე. პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმების დადგენისა და შეფასებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მოწმე მ------ კ-----–----- ჩვენება იმის შესახებ, რომ მკურნალობის პროცესში მოპასუხე კლინიკის მხრიდან არსებობდა დაპირება პაციენტის თითქმის სრულ განკურნებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან ცალსახად გამომდინარეობს სასამართლოს ვალდებულება, უშუალოდ შეაფასოს ყველა მტკიცებულება და განსაზღვროს მათი მნიშვნელობა, დავის გადაწყვეტისათვის. პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების გამოკვლევისა და შეფასებისთვის ასევე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას საქმეში მონაწილე პირებთან. დადგენილია, რომ მ------ კ-----–---- არის მოსარჩელის მეუღლე, მოცემულ დავაში ის წარმოადგენს შედეგით დაინტერსებულ პირს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ მისი ჩვენება სადავო გარემოების დადგენისთვის საკმარისად ვერ მიიჩნევა. მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგოდ მოპასუხე განმარტავს, რომ ვიზუალური შედეგით, რომელიც ასახულია მკურნალობის ეტაპების ამსახველ ვიდეოფირზე, ჩანს რომ მკურნალობის შემდგომი მდგომარეობა გაუმჯობესებულია იმასთან შედარებით, რაც იყო მკურნალობის დასაწყისში. კერძოდ, თუ დასაწყისში მოსარჩელე ძნელად გადაადგილდებოდა ორი ყავარჯნით, მკურნალობის შემდეგ იგი შედარებით თავისუფლად გადაადაგილდება უყავარჯნოთ და სრულიად თავისუფლად ერთი ყავარჯნით.მოპასუხე ასევე მიუთითებს მოსარჩელის მადლობის წერილზე. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მკურნალობის ეტაპების ამსახველ ვიდეოფირი (ტ.1, ს.ფ. 59). საქმეში ასევე წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ 18.09.2018წ. შედგენილი მადლობის წერილი, რომელშიც მოსარჩელე მადლობას უხდის კლინიკის პერსონალს და ექიმს გულისხმიერებისთვის და საოცრებას უწოდებს იმ ფაქტს, რომ მკურანლობის შემდეგ პირველად გაიარა და ვერ მალავდა აღფრთოვანებას (ტ1, ს.ფ. 43). მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია სააპელაციო განხილვის ეტაპზე სამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.04.2018წ. განჩინებით ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები: 1.1. შპს „ლ--–---------------–-----–-“ მკურნალობის დაწყების მომენტისთვისის 2012 წლის 27 ივნისის ხელშკრულების საფუძველზე (ტ.1., ს.ფ. 25-27) როგორი იყო ე.ბ---------ს დიაგნოზი და როგორი იყო მისი მდგომარეობა ცალ-ცალკე დაავადებების მიხედვით? როგორია დიაგნოზირებული დაავადებების ხანდაზმულობა? 1.2. შპს „ლ--–---------------–-----–-“ მკურნალობის დაწყების მომენტისთვისვის იყო თუ არა ე.ბ--------- დაავადებული რ---------–--------------------–---------------------------------------------------–---------------------------------------------------–------- და, დადებით შემთხვევაში, როგორი იყო პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა ცალ-ცალე დაავადებების მიხედვით? 1.3. შპს „ლ--–---------------–-----–-“ მკურნალობის დაწყების შემდგომ, როგორი იყო დიაგნოზირებული ავადმყოფობების მიმდინარეობა ცალ-ცალკე და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა მკურნალობის დაწყებიდან ყოველი მომდევნო თვის ბოლოს და აღნიშნული დაავადებებისთვის სამედიცინო სფეროში დადგენილი მკურნალობის პროცესის ეფექტურობის განსაზღვრისთვის ნორმატიული ბაზით, გაიდლაინებით და სამედიცინო პრაქტიკით დადგენილი პერიოდული საანგარიშო პერიოდის ბოლოს? 1.4. შპს „ლ--–---------------–-----–-“ მკურნალობის დაწყების შემდგომ მის დასრულებამდე, შეესაბამებოდა თუ არა ჩატარებული მკურნალობა დიაგნოზირებულ ავადმყოფობებს? 1.5. შპს „ლ--–---------------–-----–-“ მკურნალობის პერიოდისა და მკურნალობის გამოყენებული მეთოდების გათვალისწინებით, როგორი შედეგი შეიძლება ჩაითვალოს ე.ბ---------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებად? 1.6. შპს „ლ--–---------------–-----–-“ მკურნალობის დასრულების შემდგომ შეიცვალა თუა არა ე.ბ---------ს ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ: გაუმჯობესებული, გაუარესებული თუ სტაბილურად შენარჩუნებული იყო ე.ბ---------ს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა დიაგნოზირებული ავადმყოფობების მიხედვით ცალ-ცალკე, დადებით შემთხვევაში, რაში გამოიხატებოდა აღნიშნული? 1.7. შესაძლებელი იყო თუ არა ე.ბ--------------- დიაგნოზირებული დაავადებების სრულად განკურნება შპს „ლ--–---------------–-----–-“ მკურნალობის დაწყების მომენტისთვისვის ე.ბ---------ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გათვალისწინებით და შპს „ლ--–---------------–-----–-“ გამოყენებული მკურნალობის მეთოდების გამოყენებითა და პერიოდის გათვალისწინებით? 1.8. განიკურნა თუ არა ე. ბ--------- შპს „ლ--–---------------–-----–-“ მკურნალობის შედეგად ზემოაღნიშნულ კლინიკაში მკურნალობის დაწყევბის მომენტისთვის დიაგნოზირებული რომელიმე ავადმყოფობისგან და, დადებით შემთხვევაში, რომლისგან და რაში გამოიხატა ზემოაღნიშნული? 1.9. ტარდება თუ არა კონსერვატიული თერაპია ა---------------------–------–-------------- შემთხვევაში (-------------–---------------------------------–-)? 1.10. მ------------------------------------------------------ ფუნქციონალური მდგომარეობის განსაზღვრის დროს რა არის უფრო მნიშვნელოვანი: პაციენტის სუბიექტური შეფასება (ტკივილის ხარისხი, დატვირთვის ხანგრძლივობა, მოძრაობის დიაპაზონი სახსარში) თუ რენტგენოლოგიური გამოკვლევის მონაცემები? 1.11. ბ------------–---------------------------------–------–-------------- შემთხვევაში სიარულის (მოძრაობის) ხარისხის გაუმჯობესება მკურნალობის შედეგად ნიშნავს თუ არა მოცემული მეთოდით მკურნალობის დადებით შედეგს? 1.12. არსებობს თუ არა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გაიდლაინი ა-------–------–---------------------------- სამედიცინო მართვის შესახებ? 1.13. არსებობს თუ არა და რაში გამოიხატება შპს „ლ--–---------------–-----–-“ გაწეული მკურნალობასა და ე.ბ---------ს დღევანდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, დადებით შემთხვევაში, რაში გამოიხატება აღნიშნული? 1.14. როგორი დიაგნოზი უდგინდება ე.ბ---------ს ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის და უდგინდება თუ არა შემდეგ დიაგნოზთაგან რომელიმე: რ---------–------------------–-------------------------------------------------–-----------------------------------------------–----- და არის თუ არა გაუმჯობესება შპს „ლ--–---------------–-----–-“ მკურნალობის დაწყევბის მომენტისთვისვის მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შედარებით, დადებით შემთხვევაში, არის თუ არა ეს შპს „ლ--–---------------–-----–-“ მკურნალობის შედეგი? სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ 08.05.2018წ. მომართვით სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად საჭირო იყო წარდგენილი ყოფილიყო სრული სამედიცინო დოკუმენტაცია: 1) შპს „ლ--–---------------–-----–-“ მკურნალობის დაწყებამდე პერიოდის (ქსეროასლები, ბეჭდით დამოწმებული); 2) შპს „-–--–---------------–---------- გაწერის შემდგომი პერიოდის (ქსეროასლები, ბეჭდით დამოწმებული), გარდა საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3). თ--------------------–---–- მკურნალობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია (ნოტარიული თარგმანი). ამასთანავე, ვინაიდან საჭირო იყო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიეღო მიწვეულ სპეციალისტებს, ექსპერტიზის ბიურომ მოითხოვა შესაბამისი კანდიდატურების წარდგენა. სამედიცინო დოკუმენტაციის, სპეციალისტების კანდიდატურების და გამოსაკვლევი პირის წარუდგენლობის შემთხვევაში ექსპერტიზის ბიურომ განმარტა, რომ ექსპერტიზა ვერ შესრულდებოდა (იხ.:08.05.2018წ. მომართვა, ტ.3). სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ 08.05.2018წ. მომართვაში დასმული საკითხის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.09.2018წ. განჩინებით საქმეზე განახლდა წარმოება და დაინიშნა სასამართლო სხდომა. 24.09.2018წ. სხდომაზე სასამართლოს შეკითხვაზე, გარდა საქმეში არსებული მასალებისა, რაც სრულად გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს, მოსარჩელეს შეეძლო თუ არა დამატებით სხვა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა, მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა განმარტეს, რომ ყველაფერი რაც მათ ჰქონდათ წარმოდგენილი იყო საქმის მასალებში და დამატებით სამედიცინო დოკუმენტაციის არ გააჩნდათ (24.09.2018წ. სხდომის ოქმი, 10:30:33 – 10:32:44). მოსარჩელის აღნიშნული განმარტების და ექსპერტიზის ბიუროს მომართვის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე ექსპერტიზის ჩატარება იყო შეუძლებელი და საქმეზე განაახლა არსებითი განხილვა. სადავო არ არის, რომ ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველს, არ შეიცავს რაიმე მითითებას მკურნალობით რაიმე მკაფიოდ განსაზღვრულილი შედეგის მიღწევის თაობაზე. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენდა პაციენტის განკურნება - პაციენტი შეძლებდა ჩ-------–---------------–-–--------------, აღარ ექნებოდა ტკივილები, ივლიდა დამხმარე საშუალებების გარეშე. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა მოსარჩელის მეუღლემ, მ------ კ-----–-----, განმარტა, რომ როგორც საქართველოში ისე საზგვარგარეთ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ექიმებმა მკურნალობის ერთადერთ გზად მიიჩნიეს ოპერაციული მკურნალობა (იხ.: 07.04.2017წ. სხდომი ოქმი, 10:04:16 – 10:17:46), შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან პაციენტის გამოჯანმრთელების დაპირების არსებობის პირობებშიც კი, რაზედაც მოსარჩელე მიუთითებს და რასაც მოპასუხე უარყოფს, მოსარჩელეს არ შეიძლება გასჩენოდა დასაბუთებული ვარაუდი და ლეგიტიმური მოლოდინი არსებული დიაგნოზის პირობებში მოპასუხის კლინიკაში გამოყენებული ტრადიციული მეთოდების გამოყენებით მისი განკურნების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად, კარდინალურად გაუმჯობესებისა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება და საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული მკურნალობის შედეგად გაუარესდა მოსარჩელის ფიზიკური მდგომარეობა. სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.1. პუნქტში განვითარებულ მსჯელობას, რომ მოსარჩელე ე---------- ბ---------სა და მოპასუხე შპს ”-–--–---------------–------- შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებიდან, რომლის შესაბამისად, შპს ”-–--–---------------–------- მოსარჩელის დიაგნოზიდან გამომდინარე იკისრა ვალდებულება, ჩაეტარებინა ე---------- ბ---------------- მკურნალობა, რომლის შედეგადაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესდებოდა, რაც გულისხმობდა ჩ-------–---------------–-–---------------------------------------- და ტკივილების შემსუბუქებას. სააპელაციო პალატა თვლის, რომ ხელშეკრულკების 2.3.2 ქვეპუნქტში მითითებულ კლინიკის უფლებამოსილებაში შეწყვიტოს მკურნალობა, თუ მკურნალობის მეთოდი არ იძლევა სასურველ შედეგს, 2.1.2. მუხლთან ერთობლიობაში (პაციენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს დამატებით გამოკვლევებზე და მკურნალობის მეთოდზე), სასურველ შედეგში სწორედ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება იგულისხმებოდა, თუმცა მოსარჩელის ქრონიკული მძიმე დაავადებების გათვალისწინებით, გაუმჯობესების დიაპაზონის მაქსიმუმი განსაზღვრული არ იყო ისევე, როგორც გაუმჯობესების მოქმედების ვადა კლინიკაში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. საგულისხმოა, რომ მოწმე მ------ კ-----–---- ე.ბ---------ს მკურნალობის 3 თვის განმავლობაში ხშირად სტუმრობდა მოპასუხის კლინიკას, სადაც ნახულობდა მეუღლე ე.ბ---------ს და არ არის დამაჯერებელი იმის მტკიცება, რომ მეუღლეზე დაკვირვებისა და მასთან კომუნიკაციის შედეგად მოსარჩელის მდგომარეობა, მკურნალობის პროცედურები და მკურნალობის მიმდინარე შედეგები მ.კ-----–--------- უცნობი იყო, ასეთ ვითარებაში კი, ე.ბ---------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის სავარუდო გაუარესების თაობაზე რაიმე სახის პრეტენზია მკურნალობის პროცესში მ.კ-----–----- ან ე.ბ---------ს მიერ კლინიკის მიმართ გამოხატული არ ყოფილა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხარეთა განმარტების მიხედვითა და ხელშეკრულების გონივრული განმარტების შედეგად, მკურნალობის პირველი თვე წარმოადგენდა ამ პერიოდში მკურნალობის შედეგებზე დაკვირვების პერიოდს, რის შემდეგაც მოსარჩელეს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, გააგრძელებდა თუ არა შემდგომ მკურნალობას (ხელშეკრულების მუხლები 2.1.2., 4.3), შესაბამისად, პირველი თვის მკურნალობის თანხაზე მოსარჩელის პრეტენზია უსაფუძვლოა, როგორც ასეთი, ხოლო მკურნალობის შემდგომ გაგრძელებაზე უარის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამასთან ერთად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის პირობებში, სააპელაციო პალატა შინაგანი რწმენის შესაქმნელად გაეცნო მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილ ე.ბ---------ს მკურნალობის შედეგების პერიოდულად ამსახველ ვიდეომასალას და ცალსახად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მდგომარეობა არ გაუარესებულა, პირიქით, საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებიდან სააპელაციო პალატას შეექმნა შინაგანი რწმენა მოსარჩელის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ მკურნალობის დაწყების პერიოდთან შედარებით, რასაც სააპელაციო პალატა უკავშირებს მოსარჩელის სამადლობელო წერილს მკურნალობის დასრულებასთან დაკავშირებით კლინიკის სახელზე 18.09.2012. წელს და რაც ასევე ასახულია მოსარჩელის მიერ სარჩელის მე-9 ფაქტობრივ გარემოებაში, მაგრამ სუბიექტური ინტერპრეტაციით (ტ1, ს.ფ. 43, ს.ფ. 59). 4.5. სარჩელი ემყარება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელისთვის გაწეული მკურნალობით ვერ იქნა მიღწეული ის შედეგი, რაზედაც მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, ასევე იმ გარემოებას, რომ სამკურნალო ღონისძიებების ჩატარების შედეგად მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს. მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების აღიარებით ვლინდება. სამოქალაქო სამართლებრივი დავა მხოლოდ მხარის მოთხოვნისა და ინიციატივის საფუძველზე წარმოებს. დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–4 მუხლის შესაბამისად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, მხარეები წარადგენენ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო სასამართლო იხილავს და იკვლევს მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლებიც პროცესის მონაწილე მხარეთა მიერ არის წარმოდგენილი. შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეთა ავტონომიურობასა და თვითპასუხისმგებლობას განსაზღვრავს. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო შეზღუდულია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლით დაშვებულია ვალდებული პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსი ადგენს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის (სამოქალაქო კოდექსის 394- მუხლი). ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურება, რომელიც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის განმსაზღვრელია გაირკვეს, რა იურიდიული ფაქტი უდევს საფუძვლად ზიანის წარმოშობას - სახელშეკრულებო პირობათა დარღვევა, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მიერ მითითებული შედეგის მიღწევა, ასევე ის გარემოება, რომ მკურნალობის შედეგად მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის. არ არსებობს ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6. საპროცესო ხარჯები სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 726 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 726 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გადაწყვიტა: 1. შპს „ლ--–---------------–------“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. 2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.04.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება. 3. ე---------- ბ---------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. 4. ე---------- ბ---------ს შპს „ლ--–---------------–------“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 726 ლარის ოდენობით. 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით. 6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
გელა ქირია