განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002032778
საქმე №1ბ/438-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
კახაბერ მაჭავარიანი
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----------------–---–ის
ადვოკატის: გ---–---------ის
მსჯავრდებულის: ზ----------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ზ----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–-------–--–---–ის სააპლაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ზ----------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–--------------------–----------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------------------–---–-------------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ----------ემ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ----------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,1921 გრამი კანაბინამიმეტურად მოქმედი ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,5672 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი“, რომლებსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად, რაც 2017 წლის 22 ივნისს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, დიდი დიღმის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განაჩენით:
ზ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, კერძოდ, 2017 წლის 23 ივნისის 0020 საათიდან.
ზ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა, გაუქმდა.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ზ----------ეს 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ----------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ--–-------–--–---–მა.
სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულ ზ----------ის მიმართ გამოტანილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–-------–--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ზ----------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - ვ--–--------------–---–ის, კ---------–--–----ის, ზ-------------–-–---–ის, ჯ------------ის, მ-----–------–---–ის ჩვენებებით, ზ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ქიმიური ექსპერტიზის #1--------------- დასკვნით, ექსპერტების - თ-----------–---სა და ს--------–----------ს ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება ზ----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში და სასამართლო სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში გამოთქმულ მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციას, რომ ზ----------ეს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ვ--–--------------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 22 ივნისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დიდი დიღმის გადასახვევთან, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა ზ---------------ეს და მასთან ერთად მყოფ ზ----------ეს. ამ უკანასკნელის ჟილეტის მარცხენა წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის ლითონის ქილა, მასში არსებული 66 აბით, ასევე 2 კონვალუტა და პაკეტები, სადაც იყო როგორც აბის ნატეხები ფხვნილის მასით, ასევე მცენარეული მასა. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება უნდა ჰქონოდა ზ---------------ეს, თუმცა, რადგან ბ--------ეს თან ახლდა მეორე პიროვნება ზ----------ე და ისინი ერთად გადაადგილდებოდნენ, შესაძლებელია, მისთვის ჰქონოდა გადაცემული. შესაბამისად, გაჩხრიკეს ზ----------ეც, რომელმაც პირად ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა, წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც პრეტენზია განუცხადებია. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ზ-------------–-–---–მა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა კ---------–--–----ემ. ამ უკანასკნელმა დამატებით განაცხადა, რომ დაინახა ზ----------ის ავტობუსიდან ჩამოსვლა და ზ---------------ესთან გადალაპარაკება. ამავე მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა ჯ------------ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ მონაწილეობა მიიღო ზ---------------ის პირად ჩხრეკაში, რომელიც მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეაჩერეს და გაჩხრიკეს. ასევე გაჩხრიკეს მისი (ბ--------ის) თანმხლები ზ----------ე, რადგან იყო შესაძლებლობა - ზ---------------ეს დასამალად ან გასანადგურებლად ნარკოტიკული ნივთიერება გადაეცა ზ----------ისთვის. საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ-----–------–---–მა სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2017 წლის 22 ივნისს, პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ზ---------------ის შესახებ, რომ იგი იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და შესაძლოა, პირადად ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მიღებული ოპერატიული ინფორმაცია პატაკის სახით აცნობა ხელმძღვანელობას. აღსანიშნავია, რომ ზ----------ისა და ზ---------------ის პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით. არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი. სამართალდამცავებმა დეტალურად აღწერეს მათ მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღების, შემთხვევის ადგილზე გასვლისა და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების პროცედურები. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმე პოლიციელთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან, როგორიცაა მაგალითად პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები.
ზ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 22 ივნისს, ქ-------–--–------------–-----–---------–----------------ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ----------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ზ----------ის სპორტული ელვა-შესაკრავიანი ჟაკეტის წინა მარცხენა გარეთა ჯიბიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის თეთრწარწერებიანი ლითონის კოლბა, მასში მოთავსებული 66 ცალი ექვსკუთხა თეთრი ფერის აბებით, წარწერით ,,N8“ (ობიექტი #1), ასევე ჯიბიდან ამოღებული იქნა 2 ცალი კონვალუტა, თითოეულზე დამაგრებული თითო-თითო აბებით, წარწერით - ,,Suboxone” (ობიექტი #2), ამავე ჯიბიდან ასევე ამოღებულ იქნა 4 ცალი პაკეტი, მათგან ერთ პაკეტში მოთავსებულია თეთრი ფერის აბის ნატეხები, ფხვნილისებრი მასით, ხოლო სამ პაკეტში - ცალ-ცალკე მოთავსებულია მცენარეული მასები (ობიექტი #3). პირადი ჩხრეკის ოქმზე ზ----------ის მიერ გაკეთებულია შემდეგი შინაარსის მინაწერი - ,,ჩემი პირადი ჩხრეკისას ჩემი ტანთ მოსილი ჟაკეტის მარცხენა გარეთა ჯიბიდან ამოღებული აბები მცენარეული მასასთან ერთად არის ჩემი კუთვნილება და მინდოდა პირადი მოხმარებისათვის“. ზ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია ზ-------------–-–---–ის მიერ, ხოლო ჩხრეკაში მონაწილეობდნენ კ---------–--–----ე და ვ--–--------------–---–ი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ, მართალია, საგამოძიებო მოქმედება - ზ----------ის პირადი ჩხრეკა ჩატარებული იქნა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუმცა სასამართლოს მიერ შემოწმდა მისი კანონიერება და ზ----------ის პირადი ჩხრეკა კანონიერად იქნა ცნობილი შესაბამის პროცესუალურ ეტაპზე.
ქიმიური ექსპერტიზის #1--------------- დასკვნით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ივნისს ზ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული:
- ლითონის კონტეინერში მოთავსებული 66 (სამოცდაექვსი) ცალი თეთრი, ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრული ლოგოთი: ,,№8“ საერთო წონით 26,0874 გრამი (ობ №1), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს საერთო წონით - 0,5217 გრამს, ხოლო დანარჩენი შეადგენს არანარკოტიკულ შემავსებლებს.
- 2 (ორი) ცალ ვერცხლისფერ კონვალუტის ნაჭერზე წარწერებით: ,,suboxone…’’ განთავსებული თეთრი ტაბლეტი ნატეხები, ერთ ზედაპირზე ამოტვიფრული ლოგოთი ,,№8’’ საერთო წონით - 0,8 გრამი (ობ.№2), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს საერთო წონით 0,016 გრამს.
- ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული თეთრი ტაბლეტის ნატეხები თეთრ ფხვნილთან ერთად საერთო წონით 1,4757 გრამი (ობ.№3), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს საერთო წონით 0,0295 გრამს.
- მოყავისფრო ქაღალდში ნაჭერში მოთავსებული მომწვანო გამომშრალი და დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით 0,1921 გრამი, (ობ.№4) შეიცავს ნივთიერებებს: 5-fluoro-ADB-ს და FUB-AMB-ს, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.
- თეთრ ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო გამომშრალი და დაქუცმაცებული მცენარეული მასა, წონით - 0,6488 გრამი (ობ.№5), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს. წონამ შეადგინა 0,0145 გრამი.
- პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მომწვანო, გამომშრალი მცენარეული მასა, სპეციფიკური სუნით, წონით 1,8715 გრამი (ობ. №6), წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.
ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (ობ №1-3) საერთო წონამ შეადგინა 0,5672 გრამი.
აღნიშნული ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი, მიმდინარეობა, შედეგები და გაცემული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურეს მოწმედ დაკითხულმა ექსპერტებმა - თ-----------–---მ და ს--------–----------მ.
უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ზ----------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ზ----------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე დასკვნით სიტყვაში მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ ზ---------------ისა და ზ----------ის პირად ჩხრეკებს შორის სხვაობა, ოქმების მიხედვით, დროის თვალსაზრისით, არის სამი წუთი მაშინ, როდესაც ბ--------ეს არაფერი აღმოაჩნდა, ხოლო ბენიძისგან ამოიღეს ნივთმტკიცება, დალუქეს და ზ----------ეს ოქმზე მინაწერიც გააკეთებინეს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება პროცესის ჩატარების მიმდინარეობისა და საგამოძიებო ოქმის შედგენის ხანგრძლივობის თვალსაზრისით ინდივიდუალურობით გამოირჩევა და ამ კუთხით რაიმე საეჭვო გარემოება არ არსებობს. დასკვნით სიტყვაში ადვოკატი ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ ზ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმი ადგილზე არ შემდგარა, ვინაიდან ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები ეწინააღმდეგება ზ---------------ის პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულ გარემოებებს, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. ზ---------------ის პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოება - ჩხრეკა ჩატარდა ხელოვნური განათების პირობებში და ზ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოება - ჩხრეკა ჩატარდა ელექტრო განათების პირობებში - არსებითად, შინაარსობრივად, ერთი და იგივე გარემოებაა, ამასთან, ორივე ოქმში მითითებულია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ღამის საათებში, ხოლო ზ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმში დამატებით მითითებულია, რომ იყო ქარიანი ამინდი.
ზ----------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც სავარაუდოდ არის ამოღებული მისი ჟაკეტიდან, მას არ ეკუთვნის, არამედ მან თავისი ტანსაცმელი ათხოვა ავტობუსში მგზავრობისას ზ---------------ეს, რომელსაც ჰქონდა სიცხე და კანკალებდა, ხოლო ჟაკეტი დაიბრუნა ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ. როდესაც პოლიციელებმა დაიწყეს ზ---------------ის პირადი ჩხრეკა, მივიდა მათთან და უთხრა, ზაური იყო ცუდად და ფრთხილად მოპყრობოდნენ, სწორედ ბ--------ის შეცოდების გამო პოლიციელებმა მასაც (ზ----------ეს) ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რასაც პოლიციელები ვიდეოგადაღებით აფიქსირებდნენ, თუმცა შემდეგ სად გაქრა გადაღებული მასალა, უცნობია. სააპელაციო პალატა მსჯავრდებულის აღნიშნულ მოსაზრებებს ვერ გაიზიარებს, რადგან დაცვის მხარეს, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიას - ბრალდებამ მოწმეთა სიიდან მოხსნა მოწმე ზ---------------ე - სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება, ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, აგრეთვე, ამავე კოდექსის 25–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. საქართველოს სსსკ–ის ზემოხსენებული რეგულაციების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეს უფლება აქვს სასამართლოში უარი თქვას თავისი მტკიცებულების გამოკვლევაზე. მოცემულ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ მოწმე ზ---------------ე (მისი ჩვენება) მნიშვნელოვანი იყო თავისი პოზიციის დასასაბუთებლად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს შეეძლო, კანონით დადგენილი წესით, შეეყვანა აღნიშნული პიროვნება თავის მოწმეთა სიაში და მოეთხოვა მისი დაკითხვა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს.
სააპელაციო პალატის სხდომაზე დასკვნით სიტყვაში მსჯავრდებულის ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ, ზ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმსა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაზე და მათ შორის არსებულ წინააღმდეგობებზე, კერძოდ, იმ გარემოებებზე, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, ნივთიერი მტკიცებულება დალუქული იყო №19 და №2 ლუქით, თუმცა ნივთიერი მტკიცებულების ხელმეორედ გახსნისას №2 ლუქი არ აღმოჩნდა და ეს ლუქი არც პირადი ჩხრეკის ოქმშია მითითებული. პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ზ----------ის სპორტული ელვა-შესაკრავიანი ჟაკეტის წინა მარცხენა გარეთა ჯიბიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის თეთრწარწერებიანი ლითონის კოლბა, მასში მოთავსებული 66 ცალი ექვსკუთხა თეთრი ფერის აბებით, წარწერით ,,N8“ (ობ.№1, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 66 აბიდან 4 ცალ ტაბლეტს აღენიშნება დაზიანება (ჩამონატეხი). პირადი ჩხრეკის ოქმში არ არის მითითებული 66 ცალი აბის წონა, ასევე არ არის მითითებული რამდენ გრამიანია კონვალუტაში მოთავსებული აბები და არც ამ აბების აღწერილობაა მითითებული, ასევე არ არის აღწერილი ამოღებული მცენარეული მასა, მისი სუნი, რა ფერისა და რა წონისაა იგი, ან რაში იყო შეფუთული და ა.შ.
ზემოხსენებული წერილობითი მტკიცებულებების შეფასებისას სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ----------ის პირადი ჩხრეკის ჩატარების, პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენის და ქიმიური ექსპერტიზის ჩატარებისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების უტყუარობის დადგენის თვალსაზრისით სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცებულებებით დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე: ზ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები პირობითად დაინომრა სამ ობიექტად - ლურჯი ფერის თეთრწარწერებიანი ლითონის კოლბა, მასში მოთავსებული 66 ცალი ექვსკუთხა თეთრი ფერის აბებით, წარწერით ,,N8“ (ობიექტი №1), 2 ცალი კონვალუტა, თითოეულზე დამაგრებული თითო-თითო აბებით, წარწერით - ,,Suboxone” (ობიექტი №2), 4 ცალი პაკეტი, მათგან ერთ პაკეტში მოთავსებულია თეთრი ფერის აბის ნატეხები, ფხვნილისებრი მასით, ხოლო სამ პაკეტში - ცალ-ცალკე მოთავსებულია მცენარეული მასები (ობიექტი №3). ჩხრეკის ოქმში მითითებულია (აღწერილია) აბების ოდენობა (წარწერა აბებზე), კონვალუტის ოდენობა (მათ შორის თითო კონვალუტაზე დამაგრებულია თითო აბი), წარწერა კონვალუტაზე (,,Suboxone”). რაც შეეხება ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების წონას, აღნიშნული პარამეტრი უნდა დადგინდეს შესაბამისი ექსპერტიზით, ხოლო სუნი, ფერი შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება და მისი აღქმა ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს. ზ----------ის პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ზ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამივე ობიექტი მოთავსდა თეთრი ფერის ქაღალდის ერთ ცალ კონვერტში, რომელიც დაილუქა ერთ ფუთად შსს ცკპდ №19 ლუქის ბეჭდებით, რომლებსაც დაესვა თარიღი და გაუკეთდა ხელმოწერები. სწორედ ამგვარი დალუქული სახით იქნა გადაგზავნილი ზ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ზემოხსენებული ნივთიერი მტკიცებულებები შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ქიმიური ექსპერტიზის #1--------------- დასკვნის შეფასებისას სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილია ქაღალდის ერთი პაკეტი, დალუქული სახით. ვიზუალური დათვალიერებით პაკეტის დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ იყო. ამავე ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კვლევის შედეგად დარჩენილი ობიექტები (## 1-6) დაილუქა 1 (ერთ) პაკეტში F--------. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ზემოხსენებული ნივთიერი მტკიცებულებები მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა 2018 წლის 5 მარტის სხდომაზე. სხდომის ოქმის თანახმად, შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტიდან წარმოდგენილია დალუქული პოლიეთილენის პაკეტი, რომლის მთლიანობა არ არის დარღვეული, ლუქის ნომერია - F--------. პაკეტზე მითითებულია თარიღი, საქმის ნომერი, ნარკოტიკული საშუალებების დასახელება და ოდენობა. ლუქის მთლიანობა არ არის დარღვეული. პაკეტში გახსნისას აღმოჩნდა ერთი ცალი ქაღალდის კონვერტი დალუქულ მდგომარეობაში, მასზე მითითებულია 4 ლუქი, შესაბამისი ხელმოწერებით და თარიღებით, ლუქის ნომერი #19 პაკეტებისთვის, სისხლის სამართლის საქმე და ზ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები. ლუქების მთლიანობა დარღვეულია. მხარეები გაეცნენ ნივთიერ მტკიცებულებებს. თეთრი ფერის კონვერტში აღმოჩნდა პირობითად 6 პოლიეთილენის პაკეტი. კიდევ ერთი თეთრი ფერის კონვერტი წარმოდგენილია დალუქულ მდგომარეობაში. ცალკე დათვალიერდა მარიხუანაც. აღნიშნული 6 პაკეტი მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში, რომელზეც გაკეთდა მითითება საქმის ნომერზე, ზ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთიერებებზე. აღნიშნული მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში და დაილუქა სასამართლოს ლუქით. ლუქზე გაკეთდა თარიღი - 5 მარტი, 2018 წელი, ასევე ხელი მოაწერეს მხარეებმა. აღსანიშნავია, რომ ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევის დროს ბრალდებულ ზ----------ეს არანაირი განცხადება ან შენიშვნა არ გაუკეთებია იმის თაობაზე, რომ ნივთიერი მტკიცებულებების შესაფუთი ქაღალდები არ შეესაბამება იმ ქაღალდებს, რაც თავდაპირველი დალუქვის დროს, თითქოსდა, მას აჩვენეს, რაზეც შემდგომში აპელირებდა მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო პალატის სხდომაზე (4 აპრილი, 2019 წელი), დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ხელმეორედ დათვალიერდა ნივთიერი მტკიცებულება, რა დროსაც გაიხსნა დალუქული ქაღალდის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერი მტკიცებულებები, რომელიც ასევე გაიხსნა, პოლიეთილენის პაკეტზე მითითებულია სისხლის სამართლის საქმის ნომერი, თარიღი, ობიექტების დასახელება ცალ-ცალკე აღებული გრამების მიხედვით, პოლიეთილენის პაკეტზე ასევე მითითებული ლუქის ნომერი - F--------. ხელს აწერენ ექსპერტები. თავის მხრივ გაიხსნა ქაღალდის პაკეტი, რომელიც დალუქულია 4 ლუქით, ლექების ნომერია #19. ამ ქაღალდის პაკეტზეც მითითებულია საქმის ნომერი, ხელმოწერები, თავის მხრივ ამ პაკეტში აღმოჩნდა 6 შეფუთვა, რომლებიც, მხარეთა შეთანხმებით, აღარ გახსნილა. ამრიგად, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქმეში არსებული, ზ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების იდენტიფიკაციის (უტყუარობის) თვალსაზრისით რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნაში (დათვალიერების ნაწილი) #19 ლუქთან ერთად მითითებულ #2 ლუქს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას (დაბეჭდვისას) დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა, ვინაიდან საქმის მასალებში, გარდა #19 ლუქისა, სხვა ლუქი (მხედველობაშია ზ----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების თავდაპირველი დალუქვის ლუქი) არ ფიგურირებს, ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაიკითხნენ აღნიშნული ექსპერტიზის ჩამტარებელი და გაცემული დასკვნის ავტორები თ-----------–--- და ს--------–----------, თუმცა მხარეებს აღნიშნული საკითხის გასარკვევად ექსპერტებისთვის შეკითხვა არ დაუსვამთ.
მსჯავრდებულ ზ----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სააპელაციო პალატის სხდომაზე დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ ჩატარებულა დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, შესაბამისად, არ დადასტურებულა ზ----------ის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან რაიმე ფორმით შემხებლობის ფაქტი. სააპელაციო პალატა ადვოკატის აღნიშნულ არგუმენტს არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 25–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“. ამასთან, მხარეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს მოიპოვოს ან არ მოიპოვოს ესა თუ ის მტკიცებულება, შესაბამისად ვერავინ აუკრძალავს მხარეს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ამა თუ იმ მტკიცებულების მოპოვებას. დაცვის მხარეს შეეძლო ესარგებლა მტკიცებულებათა მოპოვების უფლებით და თვითონ დაენიშნა და ჩაეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზა, რასაც სასამართლო შემდგომ გახდიდა მსჯელობის საგნად.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ----------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ----------ისთვის დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, ზოგადად კრიმინალის შემცირებას, ნარკოტიკული დანაშაულის თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ----------ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, სააპელაციო პალატა იმავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი, განზრახი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ზ----------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის განაჩენი ზ----------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ზ----------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 23 ივნისიდან;
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ზ----------ეს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოში, განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე
მოსამართლეები: ვ. ლომიძე
კ. მაჭავარიანი