განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2019
საქმის ნომერი
080100119002850248
ინსტანცია
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119002850248

საქმე №1/ბ-501-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ივლისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–---------- ა---------–ის ძე ს-----–--ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. ქუთაისი, კ---------------------------;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-–---------- ს-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის მიმართ;

 

- სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

- 2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე ქუთაისში, კ-------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა-–---------- ს-----–--ემ, არასრულწლოვან შვილს ლ------ ს-----–--ეს მოქაჩა თმებში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

 

- 2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე ქუთაისში კ-------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა-–---------- ს-----–--ე, არასრულწლოვან შვილს ლ------ ს-----–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის განაჩენით ა-–---------- ს-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი :

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ------- ხ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს შეიცვალოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის განაჩენი, ა-–---------- ს-----–--ე დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და ამ მუხლებით დაენიშნოს სასჯელი; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ მტკიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა ა. ს-----–--ის ბრალეულობას, სასამართლომ მაინც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

 

გამართლებული ა. ს-----–--ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები მ. ფ------–--ე და ე. ო-----ე წარმოდგენილი შესაგებლით (პასუხი) ითხოვენ უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ა. ს-----–--ის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა. ს-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, დაზარალებულმა ლ------ ს-----–--ემ, მოწმეებმა ს--–---- ს-----–--ემ, გ--------- ს-----–--ემ და ზ---- ს-----–--ემ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, რომლის თანახმად მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის პირველი ოცეულის პატრულ ინსპექტორის ბ---–----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 2019 წლის 17 იანვარს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმად ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ არასრულწლოვნები, ბრალდებულ ა-–---------- ს-----–--ის შვილები, რომლებიც ითხოვდნენ შემაკავებელი ორდერის გამოცემას. გამოიცა შემაკავებელი ორდერი ა-–---------- ს-----–--ის მიმართ, რაც გაეცნო ბრალდებულს. ბავშვებს მამის დანახვის ეშინოდათ და რადგან ერთ-ერთს მამის დანახვაზე გული წაუვიდა, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. თავად ა-–---------- ს-----–--ე იყო მშვიდად და აგრესიას არ გამოხატავდა. მოწმის განმარტებით ბავშვებს გარეგნულად რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის ბ--------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ შეტყობინების საფუძველზე ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები. გამოკითხული იქნა სავარაუდო დაზარალებული ლ------ ს-----–--ე და მისი და ს--–---- ს-----–--ე. ს--–---- ს-----–--ე ამბობდა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს მამის ა-–---------- ს-----–--ის მხრიდან, რისი დადასტურებაც მას შეეძლო, წინა დღით განხორციელებული მიმოწერით, რომელიც შენახული ჰქონდა. მოწმის მიერ დათვალიერდა მობილური ტელეფონი, სადაც მას ნამდვილად ჰქონდა მოკლე ტექსტური შეტყობინებები დასთან ლ------ ს-----–--ესთან, სადაც აღწერდა, რომ 2019 წლის 16 იანვარს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა მამასთან ა-–---------- ს-----–--ესთან, რა დროსაც მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თმებში მოქაჩა და ამის გამო ის გახდა შეუძლოდ და საჭირო გახდა სასწრაფო დახმარება. აღნიშნული მიმოწერა დათვალიერდა და გაკეთდა მიმოწერის ,,სქრინი’’, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. ბ--------–----ს მიერ გამოკითხული იქნა ბრალდებულის დედა ზ---- ს-----–--ე, რომელიც ადასტურებდა მამასა და შვილს შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციას. მოიძიეს სხვადასხვა ინფორმაცია ა-–---------- ს-----–--ის მიმართ, რის შემდეგ მოხდა მისი დაკავება ბრალდებულის სახით. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის - თანაშემწე გამომძიებლის ლ------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 17 იანვარს დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შეტყობინების საფუძველზე, მის მიერ გამოიკითხა ბრალდებულის მეუღლე გ--------- ს-----–--ე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 13 თებერვალს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: 2019 წლის 17 იანვარს 19:48 საათიდან - 20:05 საათამდე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ლ------ ს-----–--ეს სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო 2019 წლის 17 იანვარს. 2019 წლის 16 იანვარს ქ. ქუთაისში, კ-------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მამის ა-–---------- ს-----–--ის მიერ შვილის ლ------ ს-----–--ისა და ს--–---- ს-----–--ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.

 

2019 წლის 17 იანვრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ ბ--------–----ს მიერ დათვალიერდა ს--–---- ს-----–--ის მიმოწერა დასთან - ლ------ ს-----–--ესთან სადაც ეს უკანასკნელი წერს მამის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და აღნიშნულის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

 

დათვალიერების შემდეგ გაკეთდა მიმოწერის სქრინი და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 18 იანვარს 16:15 საათზე ქუთაისში, ა------–-----–------------ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ა-–---------- ს-----–--ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ა. ს-----–--ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ლ------ ს-----–--ემ და მოწმეებმა: ს--–---- ს-----–--ემ, გ--------- ს-----–--ემ და ზ---- ს-----–--ემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ა-–---------- ს-----–--ის წინააღმდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ა. ს-----–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ა-–---------- ს-----–--ემ 2019 წლის 15 იანვარს იძალადა, აშანტაჟებდა ან ამცირებდა, ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა არასრუწლოვან შვილს ლ------ ს-----–--ეს.

 

რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმე პოლიციის თანამშრომლებს, პალატა აღნიშნავს, რომ ისინი კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა. ს-----–--ის ბრალდების (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი) დადასტურება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ს-----–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ა. ს-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- ხ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისი განაჩენი ა-–---------- ს-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ა-–---------- ს-----–--ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

 

ა-–---------- ს-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

გამართლებულ ა-–---------- ს-----–--ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე