განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002347432 (N3ბ/597-19 )
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
აპელანტი - საქართველოს გენერალური პროკურატურა
წარმომადგენელი - ნ--------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - ი----- ა-----–--ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ი----- ა-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა ი----- ა-----–--ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 5 400 (ხუთიათას ოთხასი) ლარის ოდენობით; საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა ი----- ა-----–--ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2625 (ორიათას ექვსას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, მის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების სახით. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული საპროცესო ხარჯის ანაზღაურება 625 (ექვსას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 5 მარტს ი----- ა-----–--ე დააკავეს. მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის 2-ლი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ'' და ,,დ'' ქვეპუნქტებით და სსკ 118-ე მულის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ი----- ა-----–--ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
თბილისის სასაქალაო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ი----- ა-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის,, ა'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ'', ,,დ'' ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ი----- ა-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით, ხოლო საქართველოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბერის #1/1722-16 განაჩენი (ს.ფ. 12-39);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენი (ს.ფ. 41-47);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინება (ს.ფ. 49).
2016 წლის 7 მარტს ე-–--- კ--------ას და ადვოკატ მ------ ფ---–--ეს შორის დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება. ადვოკატს დაეკისრა ბრალდებულ ი----- ა-----–--ის ინტერესების დაცვა გამოძიებასა და სასამართლო ინსტანციებში. ე-–--- კ--------ას დაეკისრა იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა 3250 ლარის ოდენობით.
2018 წლის 2 მარტს ი----- ა-----–--ის დედას - ე-–--- კ--------ას და ადვოკატ მ------ ფ---–--ეს შორის დაიდო N3 იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება. ადვოკატს დაეკისრა ი----- ა-----–--ის ინტერესების დაცვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქეთა კოლეგიაში უკანონო დაკავების, უკანონო ბრალდების და უკანონო პატიმრობის გამო გამოწვეული მორალური და ფაქტობრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ წარდგენილ ადმინისტრაციულ საქმეზე. დაეკისრა იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა 625 ლარის ოდენობით.
ორივე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თანხის გადახდა უნდა მოხდეს სს „საქართველოს ბანკში“ სპს „ზ------–---–ის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.
სს ,,საქართველოს ბანკის“ 2016 წლის 31 მარტის ამონაწერის თანახმად, 2016 წლის 7 მარტს გ------------------ემ სპს „ზ------–---–ის“ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით მ------ ფ---–--ეს გადაუხადა ი----- ა-----–--ის გაწეული საადვოკატო მომსახურების ღირებულება 1 500 ლარის ოდენობით.
სს ,,საქართველოს ბანკის“ 2016 წლის 31 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, ე-–--- კ--------ამ იმავე ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით მ------ ფ---–--ეს 2016 წლის 28 დეკემბერს გადაუხადა ი----- ა-----–--ის გაწეული საადვოკატო მომსახურების ღირებულება 750 ლარის ოდენობით.
2017 წლის 31 ივლისის ამონაწერის თანახმად, ი----- ა-----–--ის დასაცავად იმავე ანგარიშზე 2017 წლის 20 ივლისს ჩარიცხულია 375 ლარი.
სს ,,საქართველოს ბანკის“ 2018 წლის 31 მარტის ამონაწერის თანახმად, ე-–--- კ--------ამ მ------ ფ---–--ეს 2018 წლის 5 მარტს იმავე ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით გადაუხადა ი----- ა-----–--ის გაწეული საადვოკატო მომსახურების ღირებულება 625 ლარის ოდენობით.
მითითებული გადახდები დასტურდება ასევე წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საქართველოს ბანკის ანგარიშიდან (ს.ფ. 53-57);
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 59-61, 102)
ი----- ა-----–--ის (პატიმრის PAT9----) კუთვნილ საბანკო ანგარიშზე სს „ლიბერთი ბანკში“ 2016 წლის 19 მარტიდან 2016 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით სხვადასხვა პირების მიერ ჩარიცხულია სხვადასხვა ოდენობის თანხები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშიდან (ს.ფ. 62-71).
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტების (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
მითითებული ნორმა ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის მე-3 ნაწილით დადგენილი ზიანის ანაზღაურების საფუძვლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი----- ა-----–--ე დააკავეს 2016 წლის 5 მარტს. ი----- ა-----–--ეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 178-ე მუხლის 2-ლი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ'' და ,,დ'' ქვეპუნქტებით და სსკ 118-ე მულის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბერის განაჩენით ი----- ა-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, გამართლდა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ამდენად, მოსარჩელე პატიმრობაში იმყოფებოდა დანაშაულისათვის, რომლის ჩადენაშიც ბრალეული არ აღმოჩნდა.
სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან პირი, რომლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.
მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე - ბრალის ხარისხის მიხედვით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის _ პატიმრობაში ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დააკმაყოფილა ნაწილობრივ მოპასუხე - საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დააკისრა 5 400 (ხუთიათას ოთხასი) ლარის გადახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან პროკურატურა წარმოადგენდა სახელმწიფო ბრალმდებელს სისხლის სამართლის საქმეში, მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს მთავარ პროკურატურას.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე მოპასუხეთათვის მატერიალური ზიანის სახით საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 3250 ლარის დაკისრებას და 1354 ლარის დაკისრება პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას მის ანგარიშზე ოჯახის წევრების მიერ ჩარიცხული თანხების ასანაზღაურებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს, ერთის მხრივ, ხარჯების გაწევის ნამდვილობის ხოლო, მეორე მხრივ, მათი გაწევის აუცილებლობის დადასტურება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის აეყვანა ადვოკატი და ესარგებლა მისი მომსახურებით საგამოძიებო ორგანოებსა თუ სასამართლოში, სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამრიგად, აღნიშნული ხარჯების გაწევა ცალსახად გამოწვეულია პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით. მოსარჩელის ოჯახის წევრსა და ადვოკატ მ------ ფ---–--ეს შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებით და წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული აქვს ხარჯი 2625 ლარის ოდენობით. შესაბამისად მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 2625 ლარის ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის სახით ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი დაკმაყოფილდა 2625 ლარის ფარგლებში.
განსახილველი ადმინისტრაციული დავის წარმოებისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების საკითხი სასამართლომ განიხილა არა როგორც ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, არამედ - როგორც მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია გარკვეული ოდენობით თანხები, რომლის ანაზღაურების დაკისრებასაც ითხოვდა მოსარჩელე მოპასუხისთვის. სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა 1354,14 ლარის ოდენობით პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას გაწეული ხარჯების საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის დაკისრების ნაწილში არ დააკმაყოფილა შემდეგ გარემოებათა გამო:
„პატიმრობის კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; სამედიცინო მომსახურებით. ამდენად, ბრალდებული უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლით, პირადი ჰიგიენითა და სამედიცინო მომსახურებით, რაც არ გამორიცხავს მის უფლებას, რომ შეიძინოს სხვა დამატებითი ნივთებიც, რომელთა შეძენაც შესაძლებელია პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდებული უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი საშუალებით, რაც მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და ღირსეული პირობების შექმნასთან არის დაკავშირებული, სხვა დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობა მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა. ასევე, არ არის დადასტურებული, რომ დამატებით გაწეული ხარჯების გაწევა მიზეზ-შედეგობრივად უშუალოდ უკავშირდება პატიმრობაში ყოფნას და ამ ხარჯებს მოსარჩელე არ გასწევდა იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნებოდა პატიმრობაში. ამგვარად, არ არის დადასტურებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უკანონო პატიმრობასა და ამ ხარჯების გაწევის აუცილებლობას შორის. ამასთან, ხარჯები გაწეულია არა თავად მოსარჩელის, არამედ - მესამე პირთა მიერ. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნულს ადგილი არ ქონია.
სისხლის სამართლის დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებებინ ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას.
აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა. მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს-სასამართლოს განჩინებას. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.
აპელანტი მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა, ისე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა. აპელანტი მიუთითებს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე, მათ შორის, „ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი. საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა), „კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (აღნიშნულ საქმეში აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 ევრო), „ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ“ (ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 1500 ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 9 თვისა და 12 დღის მაინძილზე). აპელანტი ასევე მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რაიონული სასამართლოების მიერ მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე.
აპელანტი განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ი----- ა-----–--ე სასამართლო განჩინების საფუძველზე პატიმრობაში იმყოფებოდა 8 თვე და 17 დღე. შესაბამისად, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 5 400 ლარი, ფაქტობრივი გარემოებებისა, სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
რაც შეეხება, მატერიალური ზიანის სახით საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდას 3 250 ლარის ოდენობით, აპელანტი არ ეთანხმება, რადგან მართალია საქმეში წარმოდგენილია შემოსავლის ორდერები, სადაც ფიქსირდება ადვოკატის სახელზე თანხების შეტანა სხვადასხვა პერიოდულობით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გამოეკვლია ადვოკატმა აღნიშნული თანხა რეალურად მიიღო და ჩაითვალა თუ არა შემოსავალში საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიზნებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სრულად ეთქვას უარი მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს კონსტიტუციის II თავით განმტკიცებულია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. საჯარო მოხელის მხრიდან, მისი დარღვევისათვის დგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი. კონსტიტუციის 31-ე მუხლი აწესრიგებს პირის საპროცესო უფლებების დაცვის გარანტიას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი ადგენს, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით დადგენილია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის. კერძოდ, კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
პალატა, პირველ რიგში, განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოებისა და მუშაკების მიერ მიყენებული ზიანისთვის ემსახურება ერთადერთი მიზნის მიღწევას, კერძოდ, როგორც ადამიანის უფლებების, ისე სახელმწიფოს ინტერესების დაცვას. ხოლო აღნიშნული მიზნის მიღწევის სამართლებრივი საშუალებებია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული ნორმები. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება, ასევე, აღიარებული და გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ი----- ა-----–--ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის თავისუფლების შეზღუდვა მოხდა კანონით დადგენილი წესის დაცვით, შესაბამისად, სახეზე არ არის თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. პალატა არ ეთანხმება ზემოთ მითითებულ მსჯელობას და საჭიროდ მიიჩნევს, დეტალურად მიმოიხილოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, რათა განისაზღვროს კანონისმიერი წინაპირობები, რომლებიც პირს ანიჭებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას და შესაბამისად, იძლევა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. ამ პირობად, აღნიშნული მუხლი ზოგად შემთხვევაში, ადგენს ზიანის მიმყენებელი პირის ბრალს, კერძოდ, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას, ხოლო ამავე მუხლითვეა დადგენილი გამონაკლისი შემთხვევა ისეთ კონკრეტულ გარემოებასთან მიმართებით, როგორიცაა რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენება, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ, აღნიშნული შემთხვევაა სახეზე.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2016 წლის 5 მარტს ი----- ა-----–--ე დააკავეს. მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის 2-ლი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ'' და ,,დ'' ქვეპუნქტებით და სსკ 118-ე მულის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ი----- ა-----–--ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
თბილისის სასაქალაო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ი----- ა-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის,, ა'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ'', ,,დ'' ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ი----- ა-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით, ხოლო საქართველოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
აპელანტი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის აღნიშნულ მსჯელობას და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფოს წარმომადგენლის ქმედებაში ბრალის არსებობის განსაზღვრა არ არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ დაზარალებულმა პირმა მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. დასახელებული ნორმა ცალსახად ადგენს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება წარმოიშობა, თუ პირის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო მსჯავრდებას ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემას, ან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენებას და ამავე დროს მიუთითებს, რომ ზიანი ანაზღაურდება შესაბამის პირთა (გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა) ბრალის მიუხედავად. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა უშვებს შესაძლებლობას, რომ ზიანის მიმყენებლის ქმედება იყოს უკანონო, მაგრამ სახეზე არ იყოს მისი ბრალი, კერძოდ, გამოხატული განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით.
პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევის შესაძლებლობა, როდესაც ქმედება თავისი ხასიათით უკანონოა, თუმცა მისი ჩამდენი პირის ბრალი (არცერთი ფორმით) არ არის სახეზე. ცხადია, ი----- ა-----–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე განხორციელებულ სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედებებს გააჩნდათ მათი გამოყენების და შეფარდების კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები და არსებობდა შესაბამისი გარემოებები, რომელიც ამ მოქმედებებს კანონიერ ხასიათს ანიჭებდა. გარდა ამისა, მათი განხორციელება იყო სწორედ იმ სამართალწარმოების პროცესის ნაწილი, რომლის შედეგადაც, საბოლოოდ, ბრალდებული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა. გამამართლებელი განაჩენის გამოტანა პირის მიმართ, უდავოა, რომ ავტომატურად აბათილებს ყველა იმ მოქმედების კანონიერებას, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო პროცესის განმავლობაში განხორციელდა.
თუმცა, რადგან აღნიშნული დგინდება სამართალწარმოების საბოლოო ეტაპზე, განაჩენის გამოტანის შემდეგ, სახელმწიფო ორგანოების ბრალი ჩადენილი ქმედებისთვის, შეიძლება სრულიად გამოირიცხოს, რადგან მათ ქმედების განხორციელების პროცესში არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ქმედების ხასიათი შეეფასებინათ, როგორც უკანონო. ამდენად, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში ჩადენილ ქმედებებს, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს, დანაშაულის აღკვეთას და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას, აქვს კანონიერი საფუძვლები, თუმცა მას უკანონოდ აქცევს გამამართლებელი განაჩენი, ასეთის გამოტანის შემთხვევაში. ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას, რომ პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ წინაპირობას ქმნის საქმეზე დადგენილი გარემოებები. კერძოდ, თბილისის სასაქალაო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ი----- ა-----–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის,, ა'' ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ'', ,,დ'' ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ი----- ა-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
პალატა მიიჩნევს, რომ გამამართლებელი განაჩენი თავისთავად წარმოადგენს გადაწყვეტილებას პირის რეაბილიტაციის თაობაზე, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას ანუ იწვევს მის რეაბილიტაციას. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე, რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ, მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, ი----- ა-----–--ისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის უკანონო ბრალდება წარმოადგენს მორალურ ზიანს, ამასთან, დადგენილია მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ მორალური ზიანის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობა გონივრულია და წარმოადგენს მოსარჩელის სამართლიან დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება აპელანტის-საქართველოს მთავარი პროკურატურის მოსაზრებას, რომ ევრო-სასამართლოს პრაქტიკის, ასევე ქართული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით განსაზღვრული არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთთან მიმართებით, ევრო-სასამართლოს პრაქტიკა და ქართული სასამართლოს პრაქტიკა არ არის ერთგვაროვანი და არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 7 მარტს ე-–--- კ--------ას და ადვოკატ მ------ ფ---–--ეს შორის დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება. ადვოკატს დაეკისრა ბრალდებულ ი----- ა-----–--ის ინტერესების დაცვა გამოძიებასა და სასამართლო ინსტანციებში. ე-–--- კ--------ას დაეკისრა იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა 3 250 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გადახდა დასტურდება ასევე საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.
მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვისთვის მიემართა ადვოკატისთვის. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ქმედებას შორის. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესების დაცვას, მისი უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. ამასთან, ადვოკატის ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით ვერ დასტურდება ამ თანხის შემოსავალში ასახვისა და შესაბამისი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სახეზე არ გახლავთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების მიზნით 3 250 ლარის გადახდას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უტყუარად, მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება აღნიშნული თანხის გადახდა სწორედ ადვოკატის მომსახურების სანაცვლოდ.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ფაქტობრივ - სამართლებრივად დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღურებაზე კანონიერია და უნდა დარჩეს ძალაში.
5. საპროცესო ხარჯები:
5.1. ,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი