განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.06.2019
საქმის ნომერი
330310018002413807
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/928-19, 330310018002413807

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

აპელანტი (მოსარჩელე) – მ-----–----–------ი

წარმომადგენელი - ლ-–------–-------

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე მ-----–----–------ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის სახით 30000 ლარის და მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის ანაზღაურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის მოსარჩელე მ-----–----–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე მ-----–----–------ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით (საქმე N1/5319-13), ი------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, რაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით (საქმე N1ბ/201-14) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით (საქმე N357აპ-14).

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს 2013 წლის 23 ივლისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების მიხედვით, N 074270513801 სისიხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი მიხეილ დავითის ძე აფციაური (პ/ნ 2----------). რაც აგრეთვე დასტურდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით (საქმე N1/5319-13), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით (საქმე N1ბ/201-14) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით (საქმე N357აპ-14) (იხ. ს.ფ. 14-147).

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ (ფორმა N100) თანახმად, მოსარჩელე მ-----–----–------ს 21.12.2009წელს, 12/13.04.2010 წელს, 19/20. 09.2011 წელს ჩუტარდა მკურნალობები (იხ.ს.ფ. 157-177).

 

დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ითხოვს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას იმ გარემოებებზე მითითებით, რომ 2011 წლის 26 მაისს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად, მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი, რაც მის მოსაზრებით, დასტურდება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს 2013 წლის 23 ივლისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით N 074270513801 სისიხლის სამართლის საქმეზე. ამასთან, მის მიმართ განხორციელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების შედეგად იგი დაავადდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმეა და მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს ჯანმრთელობის ვნების შედეგად მიყენებული ზიანი.

სასამართლოს მითითებით, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების გონივრულ ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის პიროვნებას, ცხოვრების წესს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.) ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მ-----–----–------ის ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესება (21.12.2009 წლისს, 12/13.04.2010 წლის, 19/20. 09.2011 ფორმა N100-ების მიხედვით) გამოწვეული იყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი ქმედების შედეგად. შესაბამისად, უტყუარად არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანია ანაზღაურების მიყენების ფაქტი. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არის ხანდაზმული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულს გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ-----–----–------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ-----–----–------ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

მ-----–----–------ის სააპელაციო მოთხოვნა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

მ-----–----–------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არათუ არ გაითვალისწინა მათ მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება, არამედ საერთოდ არ მოიხსენია. აპელანტის მითითებით მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 22 დეკემბრის N1------- წერილი, რომლის თანახმადაც მ-----–----–------ს ეცნობა, რომ ის დაზარალებულად იქნა ცნობილი 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევის სისხლის სამართლის საქმეზე და ბრალი წარედგინათ შსს-ს თანამდებობის პირებს, კერძოდ, გ---------–--------------ეს, დ----------–---ს, ვ----–--–--–---–---–ს, რ------–-----–---–ს და ლ--------------ს. 2018 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელემ მიმართა გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა ინფორმაცია ამ პირთა მიმართ გამოტანილი იყო თუ არა განაჩენი. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2018 წლის 25 დეკემბრის N1------- წერილით მ-----–----–------ს ეცნობა, რომ აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობდა საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში და რომ განაჩენი ჯერ არ იყო გამოტანილი. (აღნიშნული წერილიც წარმოდგენილია საქმეში). აპელანტის მითითებით, როგორც მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან გახდა ცნობილი აღნიშულ საქმეზე ამ პირთა მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დარჩა უცვლელად. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ხადაზმულობის 3 წლიან ვადის გასვლის შესახებ აპელანტი არ ეთანხმება.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მათ მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ მ-----–----–------ი 2016 წლის 22 დეკემბერს ცნობილ იქნა დაზარალებულად. მოსამართლემ ეს მტკიცებულება არ გაიზიარა, დამალა და დაეყრდნო მხოლოდ 2013 წლის 23 ივლისის წერილს.

 

სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 26 მაისს მოხდა აქციის ძალადობრივი გზით დაშლა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავება. დადგენილია, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე და დაზარალებულია მ-----–----–------ი, რომლის მიმართაც პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, ცემა უმოწყალოდ. საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცივ და წვიმიან ამინდში ხელბორკილებით შებოჭილი ეწვინათ სველ მიწაზე, ამის შემდეგ გადაიყვანეს მთავარი სამმართველოს შენობაში, სადაც იგი კვლავ დაექვემდებარა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, გამეტებით ურტყამდნენ ხელკეტებს თავში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში, აგინებდნენ... ეს წამება გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში. პოლიციელთა მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად მ-----–----–------ს, რომელიც თვალზე ახალი ნაოპერაციები იყო აეხსნა ნაკერები და დაჭირდა განმეორებითი ოპერაცია. სააპელაციო საჩივრის თანახმად, მ-----–----–------ს ამ ყველაფრის ფონზე მხედველობა დაუქვეითთა საგრძნობლად. ასევე ფეხზე დაუზიანდა „მედიალური მენინსკი“ და აქაც სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა, ჩაემტვრა კბილები, რომელზეც დღემდე მკურნალობს, ჰქონდა დაჟეჟილობები, ფილტვების ანთება და სხვა უამრავი გართულება. მთელი ამ წლების განმავლობაში დაჭირდა სისტემატიური კომპლექსური მკურნალობა, ფიზიოთერაპიები, ოპერაციები, გამოკვლევები და ა.შ. რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. დარბევის და ძალადობის შემდეგ გარდა ფიზიკური დაზიანებებისა განიცადა ძლიერი სულიერი ტანჯვა, ჰქონდა საშინელი სტრესი, ნერვოზი, პანიკური შიშები და შფოთვა, ნერვიულობის ნიადაგზე განუვითარდა შაქრიანი დიაბეტი. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოს ვერ იქნა წარდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მ-----–----–------ის ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესება გამოწვეული იყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი ქმედების შედეგად, არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული.

 

აპელანტის მითითებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანისათვის 5 000 ლარის დაკისრება არაგონივრული და უსამართლოა. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მ-----–----–------ის მიმართ ჩადენილი ქმედება (წამება, ცემა, ძალადობა) არ იყო ჩვეულებრივი რიგითი მოვლენა მის ცხოვრებაში, ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან. ყოველივე ეს კი აისახა მის ჯანმრთელობაზე, რამაც გამოიწვია დაავადების წარმოშობა (შაქრიანი დიაბეტის სახით). მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანს წარმოადგენს დაზარალებულის მორალური ზიანით გამოწვეული ნეგატიური განცდების, ტკივილების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც დაეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში და სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიკვლია და არ შეისწავლა ფაქტები და მტკიცებულებები სწორად, რაც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, აღნიშნული კი, აპელანტის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელე მ-----–----–------ი მატერიალური ზიანის სახით 30 000 ლარისა და მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს 2013 წლის 23 ივლისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენზე (საქმე №1/5319-13), რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით (საქმე №357აპ-14).

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებასა და განაჩენზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მ-----–----–------ის მიმართ არსებობდა მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები. ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მ-----–----–------ის სასარგებლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა 5000 ლარის ანაზღაურება. აპელანტის მითითებით, მატერიალური ზიანის ნაწილში სასამართლომ გაიზიარა სამინისტროს პოზიცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლზე დაყრდნობით სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე (რომელიც დაფიქსირდა ახსნა- განმარტების ეტაპზე). აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე უთითებდა როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რაც სასამართლოს მხრიდან არ იქნა გაზიარებული.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მორალური ზიანის დაკისრების საფუძვლად გამოიყენა, როგორც ქვეყნის ისე საერთაშორისო კანონმდებლობა. კერძოდ, დაეყრდნო საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ასევე კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

 

აპელანტის მითითებით, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის, ისევე როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) პასუხისმგებელია სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ სხენებული მუხლების საფუძველზე დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის საქართველოს კანონმდებლობა ადგენს სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადებს - კერძოდ, ხანდაზმულობის ვადებს.

 

სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვნის იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე № ას-988-1021-2011).

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ ი------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენი (საქმე №1/5319-13), კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით (საქმე №357აპ-14). მოსარჩელე მ-----–----–------მა სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 24 აპრილს.

აპელანტისათვის გაუგებარია სადაო გადაწყვეტილებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია და სამართლებრივი განმარტებები, კერძოდ, თუ რატომ უნდა დაეკისროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მორალური ზიანის სახით 5000 ლარი. ამასთან, აპელანტის მოსაზრებით კოლეგიამ საერთოდ არ განხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია მორალური ზიანის ნაწილშიც ხანდაზმულობის გავრცელების თაობაზე. იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმული იყო, აპელანტისათვის გაუგებარია რატომ არ გაავრცელა ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა სასამართლომ მორალური ზიანის ნაწილზეც. აპელანტი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე №ბს-976-972(2კ-17), რომლის შესაბამისადაც ცალკეულ, საგამონაკლისო შემთხვევაში არ არის გამორიცხული მორალური და მატერიალური ზიანის განსხვავებულ მომენტებში დადგომის შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული არ უარყოფს მორალური ზიანის მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის მოქმედებას. ხოლო მოცემულ საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებითაც არ დასტურდება მორალური ზიანის დადგომა მომხდარიყო უფრო გვიანდელი ვადით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი ადგენს: თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

რამდენადაც სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, განჩინების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და თავის მხრივ დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით (საქმე N1/5319-13), ი------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, რაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით (საქმე N1ბ/201-14) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით (საქმე N357აპ-14).

 

2013 წლის 23 ივლისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ N 074270513801 სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი მიხეილ დავითის ძე აფციაური (პ/ნ 2----------). აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 27 თებერვალს გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი (საქმე N1/5319-13). იგივე საქმეზე არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენი (საქმე N1ბ/201-14) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება (საქმე N357აპ-14)(იხ. ს.ფ. 14-147). ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ-----–----–------ის დაზარალებულის სტატუსი არ შეცვლილა.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების (ფორმა N100) თანახმად, მ-----–----–------ს 21.12.2009 წელს, 12/13.04.2010 წელს, 19/20. 09.2011 წელს ჩუტარდა მკურნალობები (იხ.ს.ფ. 157-177).

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასება სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში წარმოდგენილი მოტივაცია არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

მიყენებული ზიანის კომპენსირების უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ უფლებათა კატეგორიას, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ადგენს: ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სახელმწიფოს ასევე სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულია კერძო სამართალში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის საფუძვლების გავრცელების შესაძლებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

ამავე კოდექსის მე-18 მუხლი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი საფუძვლების არარსებობის თაობაზე და აპელანტის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ გარემოებაზე. კერძოდ, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც მ-----–----–------ი დაზარალებულადაა ცნობილი სისხლის სამართლის N074270513801 საქმეში.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს და მიაჩნია, რომ სახეზეა მოსარჩელე მ-----–----–------ისთვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც წარმოშობს მისი ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტთა პოზიციას კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან მორალური ზიანის მოცულობის განსაზღვრა ხდება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას, ობიექტურ გარემოებებს, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასების პროცესში სასამართლოს გადაჭარბებულ მიდგომას.

 

რაც შეეხება მ-----–----–------ის მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მ-----–----–------ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 30 000 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მ-----–----–------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება (21.12.2009 წლის, 12/13.04.2010 წლის, 19/20. 09.2011 ფორმა N100-ების მიხედვით) გამოწვეულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი ქმედების შედეგად. შესაბამისად, უტყუარად არ დასტურდება აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც მ-----–----–------ი საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს 2013 წლის 23 ივლისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით N074270513801 სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილია დაზარალებულად, რაც აგრეთვე დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით (საქმე N1/5319-13), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით (საქმე N1ბ/201-14) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 24 აპრილს, პალატის მოსაზრებით ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ხანდაზმულია.

 

რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებას მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის ოდენობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დაკისრების არამართლზომიერების შესახებ, სააპელაციო სასამართლო ამ ნაწილში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლით, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე და მოსარჩელენი – სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით; ამდენად, ზემომითითებულ ნორმათა იმპერატიული დანაწესის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ თავისუფლდება მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე მ-----–----–------ის მიერ, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ამრიგად, პალატის შეფასებით, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორად დაეკისრა მოსარჩელე მ-----–----–------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება. შესაბამისად, არც ამ ნაწილში არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპრობები.

 

პროცესის ხარჯები

 

აპელანტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

აპელანტ მ-----–----–------ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 (ორასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ-----–----–------ის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე

გელა ბადრიაშვილი