განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002516718
საქმე №2ბ/3568-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ი-----–--------------–---–-, კ--------------–---–ი
წარმომადგენელი - ნ-----–------------ე
მოწინააღმდეგე მხარე _ გ------------ე
წარმომადგენელი - ა---------–-----------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით, გ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, წ--------------------------, ს/კ 0---------------------- გამოთხოვილი იქნა კ--------------–---–ის და ი-----–--------------–---–-ს უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა გ------------ეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, წ---------------------------–-------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ------------ის სახელზე.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, წ---------------------------–-------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ------------ის სახელზე. რაც შეეხება მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერ მითითებულ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილს (იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა), სასამართლომ ვერ გაიზიარა, ვინაიდან აღნიშნული არეგულირებს მხარეთა შორის გარიგების დადების დროს არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. გამომდინარე აღნიშნულიდან, გ------------ის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა სრულად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას სრულყოფილად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ მიიჩნია დადგენილად, რომ აპელანტთა საკუთრებიდან სადავო ქონება გავიდა მათი ნების საწინააღმდეგოდ და მათ მისი ფაქტობრივად ფლობის სამართლებრივი უფლება არ აქვთ შეწყვეტილი, სასამართლომ არ იმსჯელა არც საკუთრების უფლების გადასვლის კანონიერებაზე, რაც მოცემულ დავაში არსებითი ხასიათის იყო.
აპელანტთა შეფასებით, სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოპასუხეს მოწმის დაკითხვაზე, ასევე გასაჩივრებულია 2019 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების წინსმწრები ყველა საოქმო განჩინება, რომელთა თანახმადაც სასამართლომ დაუსაბუტებლად უთხრა უარი მოპასუხე მხარეს აცილების და საქმის წარმოების შეჩერებაზე. შესაბამისად, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულყოფილი აღმოჩნდა, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი გახდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, წ---------------------------–-------------, საკადასტრო კოდი 0----------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ------------ის სახელზე, რომელსაც ფაქტობრივად ფლობენ აპელანტები.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა და გაეზიარებინა გარემოება მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში უძრავი ქონების აღრიცხვის კანონიერების თაობაზე, რამდენადაც ხსენებული გარემოებების გამორკვევა სცდება წინამდებარე სასარჩელო დავის საგანს და ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების კვლევის ფარგლებში დასადგენ არსებითი ხასიათის გარემოებას აპელანტთა მიერ შედავებული საკითხი არ წარმოადგენს.
4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------------ე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. ამავდროულად, პალატა შენიშნავს იმასაც, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც აპელანტების მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული.
რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ მათ აქვთ უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის უფლება, ვინაიდან ბინა მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში გადავიდა თვალთმაქცურად და მოტყუებით, ვერ დგინდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და არც მოცემული დავის საგნის ფარგლებში სამტკიცებელ გარემოებას წარმოადგენს, მით უფრო - ქონების ფლობის მართლზომიერებასთან მიმართებით. მეტიც, პალატა შენიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სადავო ქონებას მოცემული მდგომარეობით ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის ითხოვს აპელანტების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას. ამდენად, პალატა განუმარტავს აპელანტებს, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები - (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გ------------ის სარჩელი საფუძვლიანი იყო და სწორად დააკმაყოფილა იგი.
4.3. რაც შეეხება აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 აპრილის საოქმო განჩინებები, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი-----–--- და კ--------------–---–ების მოთხოვნა მოწმის დაკითხვის, აცილებისა და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, თაობაზე, პალატა განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. ამასთან, პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 393.3. მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არამართებულად იმსჯელა შუამდგომლობათა შესახებ და არ მისცა მოპასუხე მხარეს საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართლწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ არ გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არასებობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მეორე ნაწილის თანახმად კი ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი, თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით გოჩა მახათაძის დაკითხვაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმით, რომ გარემოებები, რომელთა სისწორის დასადასტურებლადაც გია მახათაძე შუამდგომლობდა მოწმის დაკითხვას და რა გარემოებებიც ამ უკანასკნელს უნდა დაემოწმებინა, არ წარმოადგენდა წინამდებარე დავის საგნის ფარგლებში საკვლევ გარემოებებს, სცდებოდა სასარჩელო მოთხოვნის არსსა და საგანს, ხოლო ვინდიკაციურ სარჩელში მოწმის დაკითხვა მფლობელობის მართლზომიერების სამტკიცებლად, სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. მოწმე შეიძლება გამოცხადდეს სასამართლოში დაინტერესებული მხარის მეშვეობით. მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ამა თუ იმ პირის მოწმედ დაშვებისა და დაკითხვის, აგრეთვე მისი სასამართლოს მეშვეობით გამოძახების შესახებ, ვალდებულია მიუთითოს მისი სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე ის, თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოების დადასტურება შეუძლია მოწმეს. ამავდროულად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არა აქვთ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის.
როგორც დადგენილია, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოწმის სახით მ--------------–---–ის გამოძახებას ითხოვდა იმის გამო, რომ აღნიშნული პირი წარმოადგენს ოჯახის რძალს და იგი უშუალო შემსწრეა იმ ვითარების, რაც წინ უძღოდა გ------------ის საკუთრებაში ქონების აღრიცხვას, შესაბამისად, მოპასუხეთა მითითებით, მოწმე დაადასტურებდა მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში სადავო ქონების გადასვლის არაკანონიერებას.
პალატა შენიშნავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტების მიერ მითითებული გარემოებები სცდება ვინდიკაციური სარჩელის დავის საგნის ფარგლებს და წარმოადგენს სრულიად სხვა სამართალურთიერთობაში საკვლევ გარემოებებს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 აპრილის საოქმო განჩინება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, სასამართლომ მართებულად და სწორად იმსჯელა მოპასუხე მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე.
რაც შეეხება საოქმო განჩინებას საქმის წარმოების შეჩერებისა თაობაზე, პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის მსჯელობას საოქმო განჩინების დასაბუთების ნაწილში და მიუთითებს, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-280-ე მუხლები, რომელიც ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეაჩერებს საქმის წარმოებას, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარე მოითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას სხვა სამოქალაქო წესით აღძრული საქმის განხილვის დასრულებამდე, კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე ი-----–--------------–---–-ს სარჩელისა გამო მოპასუხეების ქ------------ის, ზ---------------ის, გ------------ის და სს ,,ს----------–--------ი’’-ს მიმართ. დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების (ს/კ 0----------------------) მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვა. ამასთან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელით გ------------ე ითხოვდა მოპასუხეთა მფლობელობიდან საჯარო რეესტრში მის სახელზე (გ------------ის სახელზე) რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს/კ 0----------------------) გამოთხოვას და თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ არ არსებობდა ის ,,შეუძლებელი“ გარემოება, რომლის გამოც კანონმდებელი მიზანშეწონილად მიიჩნევს საქმის წარმოების შეჩერებას სხვა საქმის გადაწყვეტამდე, ვინაიდან შეუძლებლობა განპირობებული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებებით. ხოლო რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული ი-----–--------------–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება სახლის ახალ მესაკუთრეზე აღრიცხვა და გ------------ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნული კი ხელს არ უშლის წინამდებარე სამოქალაქო საქმის განხილვას.
აპელანტის კიდევ ერთი შუამდგომლობის ნაწილში სასამართლოს შემადგენლობის აცილების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლში ჩამოთვლილია მოსამართლის (სასამართლოს შემადგენლობის) აცილების საფუძვლები, რომელიც გამომდინარეობს საქმის მიუკერძოებელი განხილვის ინტერესებიდან. თუ არსებობს მოსამართლის აცილების ზემოაღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილი აცილების ერთ-ერთი საფუძველი, მოსამართლეს ეკრძალება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს მის განხილვაში და იგი აცილებული უნდა იქნას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში, ე) ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.
განხილულ შემთხვევაში, მოპასუხეთა წარმომადგენელი სასამართლოს საქმის განხილვისაგან აცილების თაობაზე გაცხადებულ შუამდგომლობაში მიუთითებდა, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ აპელანტების მიერ მითითებული გარემოება ვერ გახდება მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების საფუძველი, რამდენადაც აღნიშნულის საფუძლები ამომწურავადაა ჩამოთვლილი მოხმობილ ნორმაში. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, რის გამოც, პალატის შეფასებით, არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძვლები.
4.4. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. პალატა განმარტავს, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–--------------–---–-სა და კ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–--------------–---–-სა და კ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი