განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.04.2019
საქმის ნომერი
330310018002269741
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002269741

საქმე №3ბ/299-18

განჩინება

საქართველოს სახელით

30 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

გელა ბადრიაშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური;

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ „ნ---------–-–--–---–ი“;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;

აპელანტის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ი/მ „ნ---------–-–--–---–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 15 დეკემბრის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №----9 ბრძანება ხე-ტყის კონფისკაციის ნაწილში;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2017 წლის 12 დეკემბერს 00:55 საათზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების მიერ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ზ------ მიმდებარედ, გადამოწმდა “Mercedes-Benz”-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით V------, რომელსაც მართავდა შ--–------------–---–ი (პ/ნ2----------).

ავტომანქანა დატვირთული იყო დახერხილი ფიცრითა და ძელაკით. სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მანქანასა და მასზე განთავსებულ ტვირთზე არ იყო ატვირთული ხე-ტყის სასაქონლო ელექტრონული ზედნადებები, მძღოლმა კი ვერ წარადგინა ტვირთის კანონიერების დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტი. ამასთან დაკავშირებით შედგენილ იქნა შესაბამისი აქტი, მოქალაქე შ--–-------------–---–ს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება. ავტომანქანა, მასზე განთავსებულ ფიცართან ერთად, დაილუქა ლუქით №3------ და განთავსებულ იქნა მცხეთაში, სამხედროს ქ.№5-ში, აღმოსავლეთის რეგიონალური სამმართველოს ეზოში.( ს.ფ.51-53);

“Mercedes-Benz”-ის მარკის სატვირთო ავტომანქანაზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით V------, განთავსებული 6,5მ3 დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა წარმოადგენდა ი/მ „ნ---------–-–--–---–ის“ საკუთრებას.(ს.ფ.54-55, 62);

2017 წლის 12 დეკემბერს 01:18:02 საათზე აიტვირთა №--–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად ოპერაციის შინაარსად მიეთითა შიდა გადაზიდვა, ტრანსპორტირების დაწყების ადგილად - ბ-----------------–----–--------------------, ტრანსპორტირების დასრულების ადგილად - ქ.თ--–---, მყიდველად და გამყიდველად ნ----------–-–--–---–ი, ტრასპორტის სახედ -საავტომობილო, სახელმწიფო №------, სატრანსპორტო საშუალების მძღოლად შ--–------------–---–ი (პ/ნ2----------). (ს.ფ.83-85).

2017 წლის 13 დეკემბერს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლის მიერ აეხსნა ლუქი 2017 წლის 12 დეკემბრის აქტის საფუძველზე შ--–------------–---–ისათვის დროებით ჩამორთმეული “Mercedes-Benz”-ის მარკის სატვირთო ავტომანქანას, სახელმწიფო სანომრე ნიშნით V------ და მასზე განთავსებული დახერხილი ფიცრებსა და ძელაკებს. ავტომანქანა მასზე განთავსებულ ტვირთთან ერთად გადაეცა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს.(ს.ფ.61).

სასაქონლო რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2017 წლის 14 დეკემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის განყოფილებამ მიმართა ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილებას, რომლის დასკვნის თანახმად, “Mercedes-Benz”-ის მარკის სატვირთო ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით V------, დახურული ტიპის ძარაში განთავსებული ი/მ „ნ---------–-–--–---–ის“ (ს/კ 1----------) კუთვნილი დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის მოცულობა შეადგენდა 6,5მ3, შეფასების თარიღისათვის მისი საორიენტაციო-საბაზრო ღირებულება კი იყო 4095 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.(ს.ფ.65-68, 73-75);

2017 წლის 15 დეკემბერს 13:47 საათზე შედგა №-------- საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმი, რომლის თანახმად, ნ---------–-–--–---–ს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად.(ს.ფ.71-72).

ი/მ „ნ---------–-–--–---–ის“ მიერ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 15 დეკემბრის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში.(ს.ფ.23-27);

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №----9 ბრძანებით ი/მ „ნ---------–-–--–---–ი“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდა 2017 წლის 15 დეკემბრის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმისგან.(ს.ფ.20-22).

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლოს მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული) - მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი - საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური - უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს ასევე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენის ფაქტის გამოვლენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ამგვარ შემთხვევაში ადგენენ შესაბამის ოქმს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე- მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის.

დადგენილია, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ი/მ „ნ---------–-–--–---–ის“ მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №--------, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 12 დეკემბერს 00:55 საათზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების მიერ გადამოწმდა “Mercedes-Benz”-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით V------, რომლითაც შ--–-------------–---–ს გადაჰქონდა ი/მ „ნ---------–-–--–---–ის“ კუთნილი 6,5მ3, რაზეც არ იყო გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე, ი/მ „ნ---------–-–--–---–ი“ დაჯარიმდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით და ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლი.

სასამართლომ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136- ე, 286-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება სამართალდარღვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში საქმეზე №ბს-205-203(კ-14) საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტების შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სასაქონლო ზედნადები უნდა გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმღები (მყიდველი) პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას ან იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმცემი (გამყიდველი) მის მიერ დაქირავებული თანამშრომლის, დისტრიბუტორის მეშვეობით ახორციელებს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებას. ამდენად, გამყიდველი (მეწარმე) ყველა შემთხვევაში არ არის ვალდებული - გამოწეროს სასაქონლო ზედნადები, მას ამგვარი ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი წარუდგენს მეწარმის დამადასტურებელ დოკუმენტს. ზედნადების ქონის ვალდებულება გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიმღები (მყიდველი) პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას.

სასამართლომ მიუთითა, რომ ადგილი ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის ქვეყნის ტერიტორიის შიგნით გადაადგილებას, შესაბამისად მოსარჩელე ვალდებული იყო გამოეწერა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სადავო მუხლის დისპოზიციაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. ამდენად, მუხლის მიზნებისთვის განმსაზღვრელია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის კუთვნილება და არა ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მეწარმე-სუბიექტად არსებობა. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადების შევსების მიზანია გადასახადის გადამხდელის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. ამდენად, საგადასახადო მიზნებისთვის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნას საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებისაგან თავის არიდების საფუძველი, როდესაც საქონელი განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისთვის. მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული ყველა ქმედება შეიძლება არ წარმოადგენდეს მოგების მიღების მიზნით განხორციელებულს. მართალია, ფართო გაგებით, მეწარმის საქმიანობა ყოველთვის მოგების მიღებაზეა ორიენტირებული, მაგრამ ეს არ გამორიცხავს კონკრეტული ქმედების სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნის გარეშე შესრულებას, მით უფრო, როდესაც მეწარმე წარმოდგენილი არის ინდივიდუალური მეწარმის სახით, რომელიც წარმოადგენს ფიზიკურ პირს და შესაბამისად, მის მიერ ამა თუ იმ საქონლის შეძენა თანამედროვე ადამიანის ყოფის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს და ფიზიკური პირები ყოველდღიურად უამრავ სხვადასხვა გარიგებას დებენ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მათი ნებისმიერი მოქმედება არ უნდა იქნას მიჩნეული სამეწარმეო მიზნებისთვის განხორციელებულად, არამედ აღნიშნული მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადგინდეს.

სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. ამდენად, სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-48-43(2კ-13)).

სასამართლომ აღნიშნა, რომ „საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისთვის თუ მოგების მიღების მიზნით. ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-205-203(კ-14)). განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ი/მ „ნ---------–-–--–---–ის“ კუთვნილი ტრანსპორტირებული დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის საამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელე კონკრეტული საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაც მისი მხრიდან შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენას გამორიცხავს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სადავო N--------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად ი/მ ნ---------–-–--–---–ს დაეკისრა სსკ-ის 236-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5000 ლარი და სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა. 2017 წლის 12 დეკემბერს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს უფროსმა მიმართა შემოსავლების სამსახურს D---------------- წერილით, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გადამოწმების მიზნით დათვალიერებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: V------, რომელსაც მართავდა ფ/პ შ--–------------–---–ი. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ა/მანქანის ძარაზე განთავსებული იყო ი/მ ნ---------–-–--–---–ის კუთვნილი ხე-მასალა, რომელზეც არ იყო გამოწერილი შესაბამისი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის განყოფილების მიერ განხილული იქნა ზემოხსენებული წერილი და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (ORACLE) გადამოწმებულ იქნა საქონლის მესაკუთრის ი/მ ნ---------–-–--–---–ის მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს ტრანსპორტირებულ საქონელზე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტი. დადგინდა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ხე-მასალა) ტრანსპორტირება ხდებოდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2017 წლის 14 დეკემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის განყოფილებამ მიმართა ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილებას. შემოწმებით დადგინდა, რომ ავტომობილზე სახ. ნომრით: V------, განთავსებული დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის მოცულობა შეადგენს 6,5 მ.3, ხოლო მისი საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 4095 ლარია დღგ-ის ჩათვლით.

ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე 2017 წლის 15 დეკემბერს ი/მ ნ---------–-–--–---–ის მიმართ შედგენილი იქნა N--------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. სამართალდამრღვევ პირს სსკ-ის 236-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას — მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად „სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

აპელანტის მითითებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. ამავე ინსტრუქციის 252-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე ტყის (მორი), ხემცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ, იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი. სსკ-ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, - საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სსკ-ის 286-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. სსკ-ის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს,– იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. აღნიშნულ შემთხვევაშიც შემოსავლების სამსახურმა გამოიჩინა კეთილი ნება და გადამხდელს დაკისრებული ფულადი ჯარიმა აპატია.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 12 დეკემბერს 00:55 საათზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების მიერ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ზ------ მიმდებარედ, გადამოწმდა “Mercedes-Benz”-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით V------, რომელსაც მართავდა შ--–------------–---–ი (პ/ნ2----------).

ავტომანქანა დატვირთული იყო დახერხილი ფიცრითა და ძელაკით. სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მანქანასა და მასზე განთავსებულ ტვირთზე არ იყო ატვირთული ხე-ტყის სასაქონლო ელექტრონული ზედნადებები, მძღოლმა კი ვერ წარადგინა ტვირთის კანონიერების დამადასტურებელი ვერანაირი დოკუმენტი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი აქტი, მოქალაქე შ--–-------------–---–ს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება. ავტომანქანა, მასზე განთავსებულ ფიცართან ერთად, დაილუქა ლუქით №3------ და განთავსდა მცხეთაში, სამხედროს ქ.№5-ში, აღმოსავლეთის რეგიონალური სამმართველოს ეზოში.( ს.ფ.51-53);

დადგენილია, რომ „Mercedes-Benz”-ის მარკის სატვირთო ავტომანქანაზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით V------, განთავსებული 6,5მ3 დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა წარმოადგენდა ი/მ „ნ---------–-–--–---–ის“ საკუთრებას.(ს.ფ.54-55, 62);

2017 წლის 15 დეკემბერს 13:47 საათზე შედგა №-------- საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმი, რომლის თანახმად, ნ---------–-–--–---–ს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და განისაზღვრა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად.(ს.ფ.71-72).

ი/მ „ნ---------–-–--–---–ის“ მიერ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 15 დეკემბრის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში.(ს.ფ.23-27);

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №----9 ბრძანებით ი/მ „ნ---------–-–--–---–ი“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდა 2017 წლის 15 დეკემბრის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმისგან. (ს.ფ.20-22).

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

იმავე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და ადასტურებს, რომ მითითებული მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტრანსპორტირების მიზანს, კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტს. ამავდროულად სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ განსახილველ შემთხვევაში ი.მ. ნ---------–-–--–---–ის მიზანს წარმოადგენდა არა პირადი დანიშნულებით საქონლის გამოყენება, არამედ სამეწარმეო საქმიანობა.

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას და თვლის, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რაც შემოსავლების სამსახურს მისცემს უფლებას უარი თქვას ჩამორთმეული მასალის დაბრუნებაზე.

როგორც ზემოთ აღინიშნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 დეკემბრის №----9 ბრძანებით ი/მ „ნ---------–-–--–---–ი“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდა 2017 წლის 15 დეკემბრის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმისგან. (ს.ფ.20-22).

სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, სანქციისაგან გათავისუფლების პროცესში გამოყენებული იქნა სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილი სანქციის სახით პასუხისმგებლობის ღონისძიებად აწესებს ,,პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას”, ამდენად, სახდელის შეფარდების პროცესში ნორმა გამორიცხავს ალტერნატივას და უშვებს ადმინისტრაციული სახდელის ორი სახის მხოლოდ ერთდროულად გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, პირის სანქციისაგან გათავისუფლება, რაც განხორციელდა თავად ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ნიშნავს იმას, რომ ი.მ. ნ---------–-–--–---–ი გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე დადგენილი სანქციისაგან: ჯარიმისა და საქონლის ჩამორთმევისაგან. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ჩამორთმეული საქონლის გადაცემაზე უარი და მისი კომფისკაცია ეწინააღმდეგება თავად ამავე ორგანოს გადაწყვეტილებას, რაც ქმნის წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრებები ვერ ასაბუთებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

საპროცესო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე

 

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

 

გელა ბადრიაშვილი