განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
330210018002392754
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002392754

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/1119-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - შ-- ,,ს----------–-------–------–--"

წარმომადგენელი - ს-------- პ-------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ---- გ--–-–---–-

წარმომადგენელი - გ------- ქ---------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით 1. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; 2. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ---- გ--–-–---–-ს (პ/ნ 1----------) სარჩელი მოპასუხე შ-- ,,ს----------–-------–------–--“-ს (ს/ნ 2--------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) შ-- ,,ს----------–-------–------–--“-ს მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) ნ---- გ--–-–---–-ს (პ/ნ N1----------) სასარგებლოდ დაეკისრა 4000 ლარის, ასევე შემცირებული პირგასამტეხლოს - 500 ლარის გადახდა.

 

2. შ-- ,,ს----------–-------–------–--“-ს შეგებებული სარჩელი ნ---- გ--–-–---–-ს მიმართ თანხის 3050 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2017 წლის 07 მარტს ერთი მხრივ შ-- ,,ს----------–-------–------–--“-ს და მეორე მხრივ ნ---- გ--–-–---–ს შორის გაფორმდა N3------ ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა N4-- დადგენილებაში ,,შ-- ,,ს----------–-------–------–-ის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული მომსახურების კოდი 8-ის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების 2.1 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 50 000 ლარს (მათ შორის საშემოსავლო გადასახადი 1000 ლარი). ხოლო 2.2 მუხლი კი ადგენდა, რომ 1 (ერთი) თვეში გასაწევი მომსახურების ღირებულება შეადგენს 2500 ლარს (მათ შორის საშემოსავლო 500 ლარი).

 

ხელშეკრულების 5.2 მუხლით მიმწოდებელს გასაწევი მომსახურების ღირებულება აუნაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, ყოველი თვის ბოლოს გაწეულ მომსახურებაზე მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 07 მარტის ხელშეკრულება N3------ (ს.ფ 15-17)

 

2.2. მხარეებს შორის 2017 წლის 07 მარტს გაფორმებული N3------ ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებული იყო:

- გაეწია მომსახურება შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

- შეესრულებინა შემსყიდველის მიერ გაცემული დავალებები, უზრუნველყო კომპანიის წინაშე მდგრადი რისკების გამოვლენა, ემოქმედა მოქმედი კანონმდებლობით და კომპანიის გენერალური დირექტორის ცალკეული დავალებებით;

- საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო გაწეული მომსახურების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა;

- დაეცვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 3.1 პუნქტებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ასეთ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით.

 

8.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით.

 

8.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოცემულ მომენტში გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულება ძალაში იყო მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 07 მარტის ხელშეკრულება N3------ (ს.ფ 15-17)

 

2.3. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე, მხარეებს შორის არსებობდა იმავე ხელშეკრულების საგანზე სახელშეკრულებო ურთიერთობები, რომლის საფუძველზეც ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, იმის თაობაზე, რომ ნ---- გ--–-–---–-ს მიერ სრულდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის N3------ ხელშეკრულება (ს.ფ. 42-44)

- 2016 წლის 21 სექტემბრის N6------ ხელშეკრულება (ს.ფ. 164-166);

- 2016 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების ოქმი N1 (ს.ფ 167);

- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ 168-170; 174-175; 179-180);

- 2016 წლის 30 დეკემბრის N1------- ხელშეკრულება (ს.ფ 171-173);

- 2016 წლის 22 ნოემბრის N7------ ხელშეკრულება (ს.ფ 176-178);

 

2.4. 2017 წლის 07 ივნისის მოხსენებითი ბარათით შ-- ,,ს----------–-------–------–-ის“ საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა მიმართა, შ-- ,,ს----------–-------–------–-ის“ გენერალურ დირექტორს და განმარტა, რომ ამოიწურა ნ---- გ--–-–---–თან 2016 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული N1------- ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურეობის ვადა და ითხოვა მისი თანხმობის შემთხვევაში დადებულიყო აღნიშნულ პირთან ახალი ხელშეკრულება, იგივე პირობებით, 2 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 07.03.2017 წლის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ 18)

 

2.5. 2017 წლის 07 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება 4000 ლარის ოდენობით, შ-- ,,ს----------–-------–------–-ის“ მიერ ნ---- გ--–-–---–-სათვის არ არის ანაზღაურებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ 18)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.

 

ამავე მუხლის 11 ნაწილით კი, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

 

ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, წინა შრომითი ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი დებულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ხელშეკრულებით.

 

2017 წლის 07 მარტს ერთის მხრივ შ-- ,,ს----------–-------–------–--“-ს და მეორეს მხრივ ნ---- გ--–-–---–ს შორის გაფორმდა N3------ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა N4-- დადგენილებაში ,,შ-- ,,ს----------–-------–------–-ის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული მომსახურების კოდი 8-ის შესაბამისად.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის მიღწევა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ.

 

წინამდებარე დავის საგანს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია იმით, რომ მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება და განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაო, ასევე, ანაზღაურების ოდენობა, რომელიც დასაქმებულმა შეასრულა ჯეროვნად, თუმცა დამსაქმებელს არ აუნაზღაურებია ხელფასი. თავის მხრივ, მოპასუხემ განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული გარიგებები არის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ, როგორც მენარდემ, არაჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

 

2.7. სასამართლომ განმარტა, რომ ნარდობისა და შრომის ხელშეკრულებები სხვადასხვა სამართლებრივი კატეგორიაა მათთვის დამახასიათებელი და ერთმანეთისგან განსხვავებული ნორმატიული შინაარსით, მათი ურთიერთგამიჯვნისათვის კი, საყურადღებოა შემდეგი არგუმენტები, სახელდობრ: ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მენარდის შრომის შედეგი (რეზულტატი), იგი ორიენტირებულია კონკრეტული შედეგის მიღწევაზე, რომელშიც სამუშაოს შესრულების პროცესს ნაკლები ყურადღება ექცევა. შრომის ხელშეკრულებით კი, მუშაკი ვალდებულია შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო დაკავებული თანამდებობის, პროფესიის თუ კვალიფიკაციის მიხედვით, მაგრამ სამუშაოს შედეგი, არ წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების საგანს, უკეთუ განსხვავებით ნარდობისაგან, შრომის ხელშეკრულებით სამუშაოს შედეგის (რეზულტატის) გადაცემა არ ხდება. ამასთან, დასახელებული ურთიერთობის გამიჯვნა შესაძლებელია ისეთი კრიტერიუმის საფუძველზე, როგორიცაა სამუშაოს ერთჯერადი ხასიათი, ერთი კონკრეტული შედეგი, რომლის დადგომისთანავე ხელშეკრულება წყდება (ნარდობის ხელშეკრულება); საყურადღებო და ხაზგასასმელია ურთიერთობის მონაწილეთა დამოკიდებულება, კერძოდ, შრომითი ურთიერთობისათვის დამახასიათებელია სუბორდინაციული და იერარქიული ურთიერთობები, ხოლო ნარდობის ხელშეკრულების დროს დაქვემდებარების ფაქტორი არ წარმოიშობა და მხარეები თანასწორუფლებიან მდგომარეობაში იმყოფებიან, რასაც არა მარტო ხელშეკრულების დადების, არამედ მთელი პროცესის ხასიათიც ადასტურებს, ე.ი მენარდესა და შემკვეთს შორის არ არსებობს იერარქიისა და სუბორდინაციის რეჟიმი. მისი ანგარიშვალდებულება გამოიხატება შეკვეთილი სამუშაოს საბოლოო შედეგის (რეზულტატის) სახით მიწოდებით. რეზულტატის დადგომის დღემდე შემკვეთი, არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს, კონტროლი გაუწიოს მენარდის მუშაობის პროცესს, სამუშაო რეჟიმს. მენარდეს აქვს ავტონომია და მისი მოქმედების თავისუფლების ხარისხიც, დასაქმებულთან შედარებით, მაღალია. ამავდროულად, შრომის ხელშეკრულების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სამუშაოს შესრულება პირადად დასაქმებულის მიერ, გარდა გამონაკლისი სპეციალური შეთანხმებისა (შრომის კოდექსის მე-10 მუხლი), ხოლო ნარდობის ხელშეკრულება, თუ ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, ითვალისწინებს მის შესრულებას მესამე პირის მიერაც (სამოქალაქო კოდექსის 371-ე, 632-ე მუხლები).

 

სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 07 მარტის N3------ ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ დადგენილეად მიიჩნია, რომ იგი უფრო მეტად მოიცავს შრომითი ურთიერთობისათის დამახასიათებელ ნიშნებს, ვიდრე ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით (განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს 2013 წლის 04 ივლისიდან მოქმედი რედაქციით).

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა განსაზღვრული ვადით წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით. მხარეთა ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ შპს ,,ს----------–-------–------–--“-ს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია შრომის ანაზღაურება. მოპასუხე მხარის განმარტებით მოსარჩელის მიერ არ შესრულებულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

2.8. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადაო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (მომსახურების გაწევა) შესრულდა, ხოლო მოპასუხის სამტკიცებელი იყო, რომ დასაქმებულის მიერ ვალდებულება არ განხორციელებულა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ---- გ--–-–---–-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულია. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, დასაქმებულის უფლება-მოვალეობებზე, მიმწოდებელი ვალდებული იყო - შეესრულებინა შემსყიდველის (მოპასუხის) მიერ გაცემული დავალებები, უზრუნველყო კომპანიის წინაშე მდგრადი რისკების გამოვლენა, ემოქმედა მოქმედი კანონმდებლობით და კომპანიის გენერალური დირექტორის ცალკეული დავალებებით. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დასაქმებულმა მიიღო დავალება და არ შეასრულა. ასევე, სასამართლომ მიუთითა, რომ შესაძლებელია დამსაქმებელს მდგრადი რისკები არ გამოუვლენია, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ მან პრევენცია განახორციელა, რათა კომპანიისათვის უარყოფითი შედეგი (მდგარი რისკი) არ დამდგარიყო.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დასაქმებული სამსახურში დადიოდა. მოპასუხის მითითება, რომ სადავო პერიოდში მხოლოდ მარტში იყო გამოცხადებული, მტკიცების ტვირთის გადანაწილებიდან გამომდინარე არ დადასტურდა. ამასთან, თვეში გასაწევი მომსახურების ღირებულება შეადგენდა 2500 ლარს (მათ შორის საშემოსავლო 500 ლარი), ხელშეკრულების საერთო ღირებულება კი განსაზღვრული იყო 5000 ლარით და ხელშეკრულების პერიოდში დასაქმებული კომპანიის სასარგებლოდ ერთ მომსახურებას გაწევდა თუ რამდენიმეს მნიშვნელობა არ ჰქონდა (აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არის).

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ---- გ--–-–---–-ს მიერ ვალდებულება შესრულებულია - მომსახურება გაწეულია, ამასთან, მოსარჩელე მთელი სადავო პერიოდის განმავლობაში სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა, რაც ასევე ადასტურებს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება მოსარჩელეს აუნაზღაუროს მის მიერ დახარჯული სამუშაო დროის ანაზღაურება.

 

2.9. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომის თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24,28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლო ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. გამორიცხულია იმსჯელო შრომის თავისუფლებაზე, ისეთ პირობებში როდესაც გარანტირებული არ იქნებოდა შრომის შესრულებისათვის შესაბამისი ანაზღაურების უფლება. ზედმეტია საუბარი თავისუფლებაზე, თუ ის გამყარებული არ იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტით - გასამრჯელოს მიღების უფლებით. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ანუ, ყოველი გაწეული შრომა, უპირობოდ გულისხმობს ანაზღაურებასაც. ორგანული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე სამართალწარმოებაც უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით თუ რამდენად დადასტურდა მოსარჩელის მიერ ჯერ შესაბამისი სადავო პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების გარემოება, შემდეგომ შრომის კუთვნილი ანაზღაურების მიუღებლობის გარემოება;

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით, ასევე სასამართლოში სამართალწარმოების დროს მიღებული მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე ცალსახად დადგენილია გარემოება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს სადავო პერიოდში გაწეული შრომისათვის, შესაბამისი უკუგება შრომის ანაზღაურების სახით არ განხორციელებულა. ეს გარემოება, ცალსახად სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას განაპირობებს.

 

2.10. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

სასამართლომ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულება არ შეასრულა, რის საფუძველზეც ნ---- გ--–-–---–ს წარმოეშვა 2017 წლის 07 მარტს დადებული ხელშეკრულების 8.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

 

თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდაიყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 5000 ლარი დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად შემცირებული იქნა 500 ლარამდე.

 

2.11. შ-- ,,ს----------–-------–------–-ის“ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ ფაქტობრივ სინამდვილის გათვალისწინებით, ნ---- გ--–-–---–ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით გათვალისწინებით იმისა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის საგანსაც საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა, სასამართლოს დავა შრომის კანონმდებლობის საფუძველზე არ უნდა განეხილა.

 

3.2. აპელანტი სადავოდ ხდის ნ---- გ--–-–---–-ს სამუშაოზე გამოცხადების დადასტურებულად და აღნიშნულზე მითითებით ამ უკანასკნელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. აპელანტის განმარტებით მოსარჩელის ვალდებულებას არ წარმოადგენდა კომპანიაში ყოფნა, ვინაიდან იგი შრომით სამართლებროვ ურთიერთობაში არ იმყოფებოდა და მას არც კომპანიის შინაგანაწესი ეხებოდა. აპელანტის განმარტებით ნ---- გ--–-–---–ს შეეძლო მომსახურება გაეწია და ის შესრულებული სახით წარედგინა შ-- "ს----------–-------–------–-ისთვის". გარდა ამისა, აპელანტი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მიხედვით ყოველ შესრულებულ სამუშაოზე მხარეებს მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაეფორმებინათ, გათვალისწინებით იმისა, რომ ნ---- გ--–-–---–ს მომსახურება არ გაუწევია მხარეებს შორის ასეთი დოკუმენტი არ გაფორმებულა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის შრომის სამართლებრივ ურთიერთობად არასწორ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მაინც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საკმარისი საფუძელი, ვინაიდან დგინდება, მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 07 მარტის №3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ-- ,,ს----------–-------–------–-ისთვის’’, ნ---- გ--–-–---–-ს მიმართ, ძირითადი ვალდებულების სახით 4 000 ლარის, ხოლო პირგსამტეხლოს სახით 500 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობა.

 

- დადგენილია, რომ 2017 წლის 07 მარტს ერთი მხრივ შ-- ,,ს----------–-------–------–--ს’’ და მეორე მხრივ ნ---- გ--–-–---–ს შორის #3------ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანს ,,შ-- ,,ს----------–-------–------–-ის’’ მიერ საქონლისა და მომსახურების სპეციალური შესყიდვების სპეციალური წესის და მტკიცების შესახებ #4-- დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების კოდი 8-ის შესაბამისად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა.

 

ხელშეკრულების საერთო ღირებულება საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 5 000 ლარით, ხოლო ერთ თვეში გასაწევი მომსახურების ღირებულება საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 2500 ლარით განისაზღვრა.

 

შესყიდვის ობიექტის მიწოდება 2017 წლის 07 მარტიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით უნდა განხორციელებულიყო.

 

ხელშეკრულებით განისაზღვრა ანგარიშსწორების ფორმა, ვადა და ადგილი. კერძოდ, ხელშეკრულების 5.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელს გასაწევი მომსახურების ღირებულება უნაღდო ანგარიშსორებით, ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, ყოველი თვის ბოლოს გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუნაზღაურდებოდა.

 

ხელშეკრულების 6.3. პუნქტით შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებად განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლი და შემსრულებლისთვის ამ კონტროლის შედეგად გამოვლენილი ნაკლის დამატებითი ხარჯის გაწევის გარეშე აღმოფხრის მოთხოვნა.

 

ხელშეკრულების 6.4. პუნქტით მიმწოდებლის ვალდებულებად განისაზღვრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მომსახურების გაწევა, კერძოდ, შემსყიდველის მიერ გაცემული დავალებების შესრულება, კომპანიის წინაშე მდგარი რისკების გამოვლენა, კანონმდებლობის და კომპანიის გენერალური დირექტორის ცალკეული დავალებებით მოქმედება.

 

ხელშეკრულების მე-8 პუნქტით ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა, კერძოდ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ით, ხოლო შემსყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის შესასრულებელი ვალდებულების თანხის 1%-ით განისაზღვრა.

 

4.1.2. მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისათვის სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ 07.03.2017 წლის ხელშეკრულების საგანს ,,შ-- ,,ს----------–-------–------–-ის’’ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის #4-- დადგენილების საფუძველზე მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა.

 

საქართველოს მთავრობის #4-- დადგენილების პირველი მუხლის თანხმად ირკვევა, რომ ეს წესი შემუშავებულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შ-- ,,ს----------–-------–------–-ის’’ მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლის და მომსახურების შესყიდვის წესს.

 

თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.თ’’ ქვეპუნქტში განმარტებულია, რომ სახელმწიფო შესყიდვა ეს არის ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით, რომლის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 წელს.

 

საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების, საიდანაც დგინდება, რომ მხარეებს შორის 07.03.2017 წლის ხელშეკრულების საგანს მოსარჩელისგან საკონსულტაციო მომსახურების შეძენა წარმოადგენდა, უფრო მეტიც, იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ გარიგებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული მთავრობის #4---ე დადგენილების საფუძველზე განხორციელდა, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებულია შ-- ,,ს----------–-------–------–-ის’’ მიერ საქონლის და მომსხურების შესყიდვის სპეციალური წესი, სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ შ-- ,,ს----------–-------–------–--ს’’ და მეორე მხრივ ნ---- გ--–-–---–ს შორის 07.03.2017 წელს გაფორმეული ხელშეკრულება თავისი იურიდიული ბუნებით ნარდობის ხელშკრულებას წარმოადგენს, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა გარიგების საგანს მთავრობის #4-- დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების შეძენა წარმოადგენდა, ამასთან, ამ გარიგების დადებისას შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული ზემოაღნიშნული #4---ე დადგენილებით გათვალისწინებული საქონლის და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესების საფუძველზე მოქმედებდა.

4.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მოცემულ შემთხვევაში, მენარდისათვის/მიმწოდებლისთვის შემკვეთის/შემსყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულება - სამუშაოს საზღაურის გადახდა, ამ უკანასკნელმა იმ საფუძვლით გახადა სადავო, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არ შეასრულა. აპელანტის განმარტებით, ხელშეკრულების მიხედვით მომსახურება გაწეულად ჩაითვლებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, გათვალისწინებით იმისა, რომ 07.03.2017 წლის ხელშეკრულებთ გათვალისწინებულ მომსახურებაზე მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, აპელანტის აზრით, აღნიშნული გარემოება შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულებას გამორიცხავს.

 

4.1.4. იმ მიზნით, რომ შეფასდეს, ზემოაღნიშული გარემოებები წარმოადგენს თუ არა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის დადასტურებულად მიჩნევის და შემსყიდველის მიერ ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს, სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს გარიგებით გათვალისწინებულ მიმწოდებლის ვალდებულებებზე. კერძოდ, ხელშეკრულების 6.4 პუნქტით ირკვევა, რომ მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, კერძოდ, შემსყიდველის მიერ გაცემული დავალებების შესრულება, კომპანიის წინაშე არსებული რისკების გამოვლენის უზრუნველყოფა, კანონმდებლობის და კომპანიის გენერალური დირექტორის ცალკეული დავალებებით მოქმედება. ამდენად, გარიგების შინაარსიდან ირკვევა, რომ მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევა შემსყიდველის მიერ გაცემული დავალებების შესრულებას და კომპანიის წინაშე მდგარი რისკების გამოვლენას გულისხმოდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მხარეებს შორის სადავო ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხელშეკრულების იმავე საგანზე რამდენიმეთვიანი ურთიერთობა არსებობდა. ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, კერძოდ, ხელშეკრულებაში არსებული იმ დათქმის გათვალისწინებით, რომ შემსრულებელს შემსყიდველის მიერ გაცემული დავალებები უნდა შესრულებინა და კომპანიის გენერალური დირექტორის ცალკეული დავალებებით უნდა ემოქმედა სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხე/აპელანტის მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურება, რომ მან შესასრულებელი დავალებები გასცა, თუმცა მიუხედავად მიმწოდებლისთვის დავალების მიცემისა, ამ უკანასკნელმა აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა ან/და არაჯეროვნად შეასრულა. მოპასუხე/აპელანტის მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა ასევე იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურება, რომ რეალურად კომპანიის წინაშე არსებობდა გარკვეული რისკები, თუმცა მოსარჩელის მხრიდან ამ რისკების გამოვლენა არ განხორციელებულა. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელესთან გარიგების გაფორმება შესასრულებელი სამუშაოს არსებობას და მიმწოდებლისთვის მის იდენტიფიცირებულობას თავისთავად ნიშნავდა, რადგან როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა დასახელებული მსჯელობა წინააღმდეგობაში მოდის იმ სახელშეკრულებო პირობასთან, რომლის მიხედვითაც მხარეებმა მიმწოდებლის ვალდებულებად შემსყიდველის მიერ მიცემული დავალებების შესრულება განსაზღვრეს. სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გარდა ზეპირი განმარტებისა, მოპასუხე/აპელანტის მხრიდან მითითებული ვერ იქნა ვერც ერთ მტკიცებულებაზე, რაც შემსყიდველი საზოგადოების მხრიდან მიმწოდებლისთვის დავალების მიცემის, ხოლო ამ უკანაკსნელის მიერ მისი შეუსრულებლობის ფაქტს დაადასტურებდა. ნიშანდობლივია კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ შემსყიდველი საზოგადოება შესასრულებელი ვალდებულების არსებობის დადასტურებას გარიგების გაფორმებაზე მითითებით შეეცადა, თუმცა აღნიშნული მსჯელობა წინამდებარე განჩინებით სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. რაც შეეხება კომპანიის წინაშე მდგარი რისკების გამოვლენის ვალდებულებას, აღნიშნულთან დაკავშირებით საააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თავად ამ ვალდებულების არსზე და შენიშნავს, რომ ფაქტი მასზედ, რომ გარიგების მიხედვით მიმწოდებლის ვალდებულებას კომპანიის წინაშე მდგარი რისკების გამოვლენა წარმოადგენდა თავისთავად არ იძლევა პრეზუმფციის დაშვების საფუძველს მასზედ, რომ კომპანია სადავო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში რისკების წინაშე იდგა, ხოლო სადავო პერიოდზე მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობის გათვალისწინებით კი მიმწოდებლის მიერ ისინი გამოვლენილი ვერ იქნა. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო შენიშნავს, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებს შორის ხელშეკრულების იგივე საგანზე რამდენიმეთვიანი ურთიერთობა არსებობდა (იხ. ს.ფ. 164-183), რაც იძლევა კომპანიის წინაშე რისკების გარკვეულწილად შემცირების ვარაუდის დაშვების საფუძველს. ამ გარემოების, რისკების გამოვლენასთან მიმართებით ვალდებლების შინაარსის და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით სადავო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კომპანიის წინაშე მოსარჩელის მიერ გამოუვლენელი რისკების არსებობა, რამაც საბოლოოდ კომპანიის ინტერესებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, ვერ დადასტურდა, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაუფრომებლობის საფუძველს არა შემსრულებლის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულების შეუსრულებლობა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, არამედ შემსყიდველის მხრიდან მისთვის დავალების არ მიცემა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში რისკების არ არსებობა წარმოადგენდა.

 

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსრულებლის მხრიდან საზოგადოების წინაშე არსებული რისკები არ გამოვლენილა, ადგილი არ ჰქონია არც შემსყიდველი საზოგადოების მხრიდან შემსრულებლისთვის შესასრულებელი დავალების მიცემას, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი მოპასუხე/აპელანტ საზოგადოებას შემსრულებლისთვის ხელშეკრულების 2.1. - 2.2. პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურების მიცემის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს, რადგან რისკის გამოვლენის არ არსებობა თავისთავად არ შეიძლება ჩაითვალოს შემსრულებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობად, რაც შეეხება სხვა სამუშაოს შესრულებას, გათვალისწინებით იმისა, რომ შემსრულებელს გარდა რისკების გამოვლენისა კონკრეტული მომსახურება შემსყიდველის მიერ მიცემული დავალების საფუძველზე უნდა შეესრულებინა, კონკრეტულ შემთხვევაში კი დადასტურებული ვერ იქნა შემსყიდველი საზოგადოების მხრიდან დავალების მიცემის ფაქტი, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას, რომ შემსრულებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ამდენად, რისკის არ არსებობა და შემსყიდველის მხრიდან დავალების არ მიცემა, არ შეიძლება შემსრულებელს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევად შეერაცხოს. საგულისხმოა ისიც, რომ ხელშეკრულების მიხედვით შემსყიდველის უფლებას წარმოადგენდა სამუშაო პროცესში შემსრულებელი გაეკონტროლებინა. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებით შემსრულებლის მიერ ამ უფლების რეალიზაცია არ დასტურდება. აპეალნტის პოზიცია დამაჯერებელი იქნებოდა მაგალითდ იმ შემთვევაში, თუკი ის სასამართლოს წარუდგენდა მიმწოდებლის მიმართ გაკეთებულ წერილობით გაფრთხილებებს დავალებების შეუსრულებლობასთნ დაკავშირებით. ასეთი მტკიცებულებები მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს თავად იმ მომსახურების შინაარსზე, რაც უნდა ყოფილიყო მიწოდებული მოპასუხისათვის და პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მომსახურება ნებისმიერ შემთხვევაში, არ გულისხმობდა რაიმე კონკრეტული რეზულტატის, შედეგის მიღწევას მიმწოდებლის მხრიდან. იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნებოდა დავალებები გაცემული არც მისი შესრულების და შესაბამისად, რაიმე შედეგის მიღწევის საჭიროება არ წარმოიშობოდა, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა დავალებების არარსებობა და ასევე კომპანიის წინაშე რაიმე რისკების არარსებობა, არ ათვისუფლებს მოპასუხეს ფულადი ვალდებულების შსრულებისაგან, რაც ამ ხელშეკრულებიდან არის წარმოშობილი. სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება არ შეიცავს იმგვარ დათქმას, რომლის თანხმადაც მოპასუხეს მხოლოდ მაშინ წარმოეშობოდა მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების საფუძველი, თუკი მისი მხრიდან მოხდებოდა კონკრეტული დავალებების შესრულება ან/და კომპანიის წინაშე მდგარი კონკრეტული რისკების გამოვლენა. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია, წინა პერიოდის, თვეების განმავლობაში (რომელზეც მხარეთა შორის იყო სხვა თარიღით გაფორმებული იგივე მოსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულებები) მხარეთა გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შინაარსიც (იხ. ს.ფ. 168-170; 174-175; 179-180). კერძოდ ამ აქტების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი ადასტურებს მიმწოდებლის (ნ---- გ--–-–---–-ს) მიერ არა რაიმე კონკრეტული სამუშაოს, რეზულტატის მიღწევას, არამედ ზოგადად ადასტსურებს, რომ მიმწოდებლის მეირ გაწეული იქნა ხელშეკრუელბით გათვალისწინებული მომსახურება.

 

პალატა აქვე დასძენს, რომ ის მოცემულობა, რომ რეალურად მოპასუხე აღარ საჭიროებდა ამ სახის მომსახურების გაწევის აუცილებლობას (შესაბამისი დავალებების არარსებობის, აგრეთვე შესაბამისი რისკების არარსებობის გამო), აღნიშნული წარმოდგენს, ამ მომსახურების სამომავლო შეძენაზე უარის თქმის საფუძველს და არა უკვე არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

4.1.5. რაც შეეხება, შ-- ,,საქართველოს მელიორაციის’’ სააპელაციო პრეტენზიას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, რომლითაც ამ უკანაკსნელს უარი ეთქვა შემსრუბელისთვის ვალდებულების დარღვევის საფუძვლით პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ წინამდებარე განჩინების 4.1.2.-4.1.4. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასკვნები პირდაპირ გამორიცხავს შ-- ,,საქართველოს მელიორაციის’’ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, შესაბამისად, პალატა ცალკე აღარ იმსჯელებს მასზე.

 

საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მიუხედავად მხარეთა შორის სამართელბრივი ურთიერთობის არასწორი კვალიფიკაციისა, გასაჩივრებული გადაწყვეტიელბით მოპასუხეს მაინც მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვადლებულების შესრულება, ასევე ფულადი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრუელბით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა. ამიტომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ-- ,,ს----------–-------–------–-ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური