განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002526172
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმეN2ბ/1883-19 16 ივლისი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ქეთევან დუგლაძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
მიხეილ გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ლანა ჩერქეზიშვილი
აპელანტი – სს „რ-------------–--------------–-“
წარმომადგენლები – ა-–--------------------- (დირექტორი), მ-------------
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე---------------“
წარმომადგენელი – შ--–---–-------
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილითბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,რ-------------–--------------–-ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
შპს ,,ე---------------"-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს
შეგებებული სარჩელით მოპასუხე სს ,,რ-------------–--------------–-" შპს ,,ე---------------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ხელშეკრულებით ნაკისრი შეუსრულებელი ვალდებულების გამო 6 850 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სს „რ-------------–--------------–-“ (მყიდველი) და შპს „ე---------------ს“ (გამყიდველი) შორის 2016 წლის 6 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც გამყიდველი გადასცემს მყიდველს პროგრამულ სისტემას და ასრულებს შესწავლა-დანერგვის სამუშაოებს.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა: ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის აღრიცხვის, მართვის და ანალიზის პროგრამული სისტემა F------------შემდეგში პროგრამული სისტემა; ბ) პროგრამული სისტემის დანერგვის და სწავლების სამუშაოები; გ) პროგრამის 25 ლიცენზია; დ) პროგრამული მომსახურება ერთი წლის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.04.2016 წლის ხელშეკრულება N2--------- (მე-2 და მე-3 მუხლები).
2.2. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 4780 ლარით, საიდანაც 3 540 ლარის ჩარიცხვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების შემდეგ 3 სამუშაო დღეში, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ყოველი თვის ბოლო 3 სამუშაო დღის ვადაში მყიდველს უნდა გადაეხადა 1 770 ლარი.
ხელშეკრულება დაიდო 12 თვის ვადით, მხარეთა შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.04.2016 წლის ხელშეკრულება N2--------- (მე-3და მე-4 მუხლები);
2.3. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების მიღების წესზე, კერძოდ: გამყიდველის მიერ მიწოდებული პროგრამა მყიდველის მიერ მიღებულად ითვლება მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან, აგრეთვე პროგრამის ხარისხთან დაკავშირებით ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში - ამ ვადის გასვლის მომენტიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.04.2016 წლის ხელშეკრულება N2--------- (მე-5 მუხლი);
2.4. სს „რ-------------–--------------–-“ სრულად აქვს დადასტურებული შპს „ე---------------ის“ მიერ გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, გაცემული 2016 წლის 16 ივნისიდან 2017 წლის 31 მაისამდე პერიოდზე, საიდანაც მოპასუხის სასარგებლოდ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი აქვს ჯამში 17 930 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია, რომ შპს „ე---------------ის“ მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ ნაკლიანი მომსახურება განხორციელდა.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შპს „ე---------------ის“ ვალდებულებას წარმოადგენდა მოსარჩელისთვის პროგრამული სისტემის შექმნა, მისი მოსარჩელის დაწესებულებაში დანერგვა და მისი გამოყენებისთვის პერსონალის სწავლება, ასევე პროგრამის 25 ლიცენზიის საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული მომსახურება მოპასუხეს 1 წლის ვადაში უნდა განეხორციელებინა.
ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები წარდგენილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. ვინაიდან მომსახურების ხარისხის შემოწმების კონკრეტული ვადა ხელშეკრულებით არ არის შეთანხმებული, ივარაუდება, რომ აღნიშნული სს „რ-------------–--------------–-ს“ მხრიდან წარდგენილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, შესაბამისად 2017 წლის 6 აპრილამდე.
მოსარჩელემ ნაკლიან მომსახურების დასადასტურებლად მიუთითა ელექტრონულ მიმოწერაზე, თუმცა ვერ დაადასტურა, რომ ისინი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში განხორციელდა. ასეც რომ არ იყოს, მათი შინაარსი ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს გაწეული მომსახურების ხარისხის ნაკლზე, მოპასუხის განმარტებით, პრეტენზია ეხებოდა ისეთ საკითხებს, რაზეც სახელშეკრულებო შეთანხმება არ არსებობდა და მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მოთხოვნები მათი მხრიდან სრულდებოდა.
ამასთან, სასამართლომ გაიზიარა შპს „ე---------------ის“ განმარტება, რომ მათი მხრიდან მოხდა მოსარჩელის პერსონალისთვის ტრენინგი/სწავლების ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ცოდნის გარეშე მოსარჩელე ვერ შეძლებდა პროგრამით სარგებლობას, რომლითაც მოსარჩელე 2017 წლამდე სარგებლობდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოსარჩელეს შეუძლია უარ ითქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უდნა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებები უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს ამავე კოდექსის 102-ე მუხის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე, ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური სარჩელისგან. კონკრეტულ შემთხვევაში სს „რ-------------–--------------–-“ მიუთითებს არაჯეროვან შესრულებაზე, რაც გამოიხატა ნაკლიანი მომსახურების გაწევით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შესრულების ნაკლის დადასტურება ვერ შეძლო.
2.6. სს „რ-------------–--------------–-“ შპს „ე---------------ისგან“ ჯამში გაეწია 24 780 ლარის ღირებულების მომსახურება, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით და შპს „ე---------------ის“ ახსნა-განმარტებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #8-- ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/წერილობითი განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურას, რომელიც დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს.
საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ელექტრონულად დადასტურებულია მოპასუხე სს „რ-------------–--------------–-ს“ სახელით და მოპასუხის მიერ დადასტურებული იქნა ჯამში 24 780 ლარის მომსახურების გაწევის შესახებ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. სს „რ--------------–---------------–--“ სარჩელი გადახდილი 17 930 ლარის და ზიანის სანაცვლოდ 800 ლარის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის.
სს „რ-------------–--------------–--“ უარი განაცხადა დარჩენილი საფასურის გადახდაზე მოპასუხის მხრიდან ნაკლიანი მომსახურების განხორციელების გამო, თუმცა ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ შპს „ე---------------ის“ მომსახურება არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის ვარგის ხარისხს. უფრო მეტიც, ნაკლთან დაკავშირებით პრეტენზია მის მიერ წარდგენილი იქნა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, კი მიწოდებული პროგრამა მიღებულად ითვლებოდა პრეტენზიის წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ.
ამდენად, აღნიშნული გარემოებები გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, გამოეყენებინა მისთვის სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლით მინიჭებული უფლება, ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლით მოითხოვოს უკვე განხორციელებული შესრულების დაბრუნება და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლით კრედიტორს აქვს უფლება მოითხოვოს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ: მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევაში.
ვინაიდან მოპასუხის მხრიდან არ დადასტურდა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, მოსარჩელეს ასევე უარი უნდა ეთქვას ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2.8. შპს „ე---------------ის“ შეგებებული მოთხოვნა სს „რ-------------–--------------–-სთვის“ დავალიანების 6850 ლარის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა გაწეული მომსახურების ღირებულება განსაზღვრეს 24 780 ლარით, საიდანაც სს „რ-------------–--------------–-“ ადასტურებს 17 930 ლარის გადახდას. უდავოა, რომ მას მთლიანობაში 2 4780 ლარს ღირებულების მომსახურება გაეწია, საიდანაც ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა 6 850 ლარს შეადგენს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „რ-------------–--------------–-“ მოსარჩელის წინაშე ფულადი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული, კერძოდ მას გადასახდელი აქვს 6 850 ლარი და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილების 6.2.1. პუნქტში ასახული მსჯელობა არის უსაფუძლო. გადაწყვეტილების 5.2.1. პუნქტში უდავოდ არის დადგენილი, რომ ხელშეკრულება დაიდო 12 თვის ვადით, მხარეთა შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, ხოლო გამყიდველის მიერ მიწოდებული პროგრამა მყიდველის მიერ მიღებულად ითვლება მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან, აგრეთვე პროგრამის ხარისხთან დაკავშირებით ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში - ამ ვადის გასვლის მომენტიდან.
უდავოა, რომ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა. მოპასუხემ ვერ შეასრულა დადგენილ ვადაში ნაკისრი ვალდებულება და დამატებით დაჭირდა დრო, რასაც უდავოდ ადასტურებს საქმეზე დართული ელექტრონული მიმოწერა. მოსარჩელემ აღნიშნული მიმოწერის ნამდვილობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე. მიმოწერაში ნათლად არის მითთებული იმ ხარვეზების შესახებ, რაც გააჩნდა პროგრამას და მოპასუხის ელექტრონული პასუხიდან პირდაპირ იკვეთება, რომ ეს უკანასკნელი მუშაობს ხარვეზების გამოსწორებაზე, შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ „მათი შინაარსი ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს გაწეული მომსახურების ხარისხის ნაკლზე“.
გადაწყვეტილების 6.2. პუნქტში ასახული მსჯელობა უსაფუძლოა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ელექტრონული ანგარიშ ფაქტურა არის დადასტურებული არ ნიშნავს უდავოდ მომსახურების გაწევას.
3.2. აპელანტის განმარტებით, მხარეთა შორის არ გაფორმებულა მიღება-ჩაბაერბის აქტი, ვინაიდან მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია: მიაწოდა ნაკლიანი პროგრამა მყიდველს, არ შეასრულა სწავლების სამუშაოები, არ გადაუცია 25 ლიცენზია და არ განუხორციელებია პროგრამული მომსახურება 1 წლის მანძილზე.
3.3. აპელანტის მითითებით, პრეტენზიის წარდგენის ვადა ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული და იგი შესაძლებელია წარდგენილი იქნეს როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ასევე მისი მოქმედების შემდგომაც. როგორც აღვნიშნეთ შესრულების ვადა განისაზღვრება 12 თვით, მხარეთა შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე. ვინაიდან, 12 თვეში მოპასუხემ ვერ მოახერხა ნაკისრი ვალდებულების შესრულება, აღნიშნული ვადის შემდეგაც გრძელდებოდა მის მიერ პროგრამაზე მუშაობა (ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე), რასაც ადასტურებს ელექტრონული მიმოწერა და მოპასუხეს აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენზია ნაკლთან დაკავშირებით წარდგენილია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სს „რ-------------–--------------–-“ (მყიდველი) და შპს „ე---------------ს“ (გამყიდველი) შორის, 2016 წლის 6 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს:
1. სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის აღრიცხვის, მართვის და ანალიზის პროგრამული სისტემა F------------შემდეგში პროგრამული სისტემა; 2. პროგრამული სისტემის დანერგვის და სწავლების სამუშაოები; 3. პროგრამის 25 ლიცენზია; 4. პროგრამული მომსახურება ერთი წლის განმავლობაში.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი გადასცემს მყიდველს პროგრამულ სისტემას და ასრულებს შესწავლა დანერგვის სამუშაოებს;
ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 2 4780 ლარით, საიდანაც 3 540 ლარის ჩარიცხვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების შემდეგ 3 სამუშაო დღის ვადაში; ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კი, ყოველი თვის ბოლო 3 სამუშაო დღის ვადაში მყიდველს უნდა გადაეხადა 1 770 ლარი.
ხელშეკრულების პირობების მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მისი შესრულების ვადა განისაზღვრება 12 თვით, მხარეთა შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე.
ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული იქნა ასევე პროგრამის მიღება-ჩაბარების წესი, რომლის თანახმად, გამყიდველის მიერ მიწოდებული პროგრამა მყიდველის მიერ მიღებულად ითვლება მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან, აგრეთვე პროგრამის ხარისხთან დაკავშირებით ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლის მომენტიდან (იხ. ხელშეკრულება ტ.1, ს.ფ. 16-19);
საქმის მასალებით, კერძოდ, წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დგინდება, რომ სს „რ-------------–--------------–-“ სრულად აქვს დადასტურებული შპს „ე---------------ის“ მიერ გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გაცემულია 2016 წლის 16 ივნისიდან 2017 წლის 31 მაისამდე პერიოდში. მითითებული ანგარიშფაქტურებით დგინდება, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი აქვს ჯამში - 17 930 ლარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 90-103)
4.3. სააპელაციო პალატა ფაქტობრივი დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს აპელანტის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და გადაცემული პროგრამული სისტემა, შესწავლა-დანერვგვის სამუშაოები იყო ნაკლის მქონე და რომ ამ ნაკლისა და შესაბამისი ხარვეზების არსებობის შესახებ პრეტენზია მხარემ წარადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში;
საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატას მიაჩნია, რომ არ დასტურდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი და რომ შესრულება არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გაწერილ პირობებს; აღნიშნულთან დაკავშირებით, საყურადღებოა, რომ თავად ხელშეკრულება, რაიმე კონკრეტულ პირობებს მისაწოდებელ პროგრამულ სისტემასთან, მის დანერგვასა და სწავლების სამუშაოებთან, ასევე ზოგადად პროგრამულ მომსახურებასთან დაკავშირებით არ შეიცავს, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა იმის შეფასება, მიიღო თუ არა მყიდველმა ნაკლის მქონე შესრულება და შესაბამისად ადგილი ჰქონდა თუ არა ხელშეკრულების პირობების დარღვევას; ხელშეკრულება მხოლოდ ზოგად მითითებას შეიცავს, ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით, რომ ამ ხელშეკრულების მიზანი იყო სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის აღრიცხვის, მართვის და ანალიზის პროგრამული სისტემა F------------ის დანერგვა, სწავლების სამუშაოები, პროგრამის 25 ლიცენზია და პროგრამული მომსახურება ერთი წლის განმავლობაში. პალატის შეფასებით, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, თვითონ მოსარჩელეს მართებდა კონკრეტულ შეუსაბამობებზე მითითება და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა. ამ კუთხით მხარე აპელირებას აკეთებს მხარეთა მიმოწერაზე, ასევე ელექტრონული მიმოწერის დოკუმენტების შინაარსზე. კერძოდ, 26.03.2018წ. მოპასუხისათვის გაგზავნილ წერილში სს „რ-------------–--------------–-“ აღნიშნავს, რომ მოხდა თანხის ძირითადი ნაწილის 17 930 ლარის ანგარიშზე ჩარიცხვა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გასწია არაჯეროვანი მომსახურება, რაც გამოიხატებოდა პროგრამის უამრავ ხარვეზსა და ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობაში. წერილში მოსარჩელე ასევე, მიუთითებს, რომ მოპასუხემ გასწია არაჯეროვანი შესრულება. ზემოაღნიშნული წერილის პასუხში მოპასუხე მიუთითებს, რომ რაიმე დასაბუთებული პრეტენზია, პროგრამის ხარვეზების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების მომენტში (2017 წლის 06 აპრილამდე) მათ არ მიუღიათ; ამასთან, მოპასუხე ხაზს უსვამს მის მიერ შემდეგი სამუშაოების შესრულებაზე: ტრენინგები ჩატარდა სრულად,.. 2017 წლის ბოლომდე მიმდინარეობდა დისტანციური სწავლება და კონსულტაციები; რაც შეეხება მხარეთა ელექტრონულ მიმოწერას, მასში მოსარჩელის მხრიდან საუბარია პროგრამაში ახალი შესაძლებლობების ჩამატების სურვილზე , რაც მოპასუხის პოზიციით ხელშეკრულების მოქმედების დროს, ასევე ვადის გასვლის მერე, არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული; პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე 26.03.2018წ. წერილის პასუხში აღნიშნავს, რომ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა მედიკამენტისა და ნედლეულის ნაშთების დასმა და თვითღირებულების პროგრამაში დათვლა, რომლის ფუნქციონალი პროგრამაში ჩადებულია და გამართულად მუშაობს, თუმცა თავად მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი ამუშავება, მის მხარეს არსებული პრობლემების გამო (იხ. ტ.1, ს.ფ. 32-33). ამდენად, საქმის მასალებში წარმოდგენილი 26.03.2018წ. წერილი არ არის გაგზავნილი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ასევე მხარეთა შორის ელექტრონულ მიმოწერაში მითითებული ხარვეზები შეეხება არა პროგრამის კონკრეტულ ხარვეზს, არამედ პროგრამაში ჩადებული კონკრეტული ფუნქციონალის გამოყენებას (საქონლის ჩამოწერა, ფასების ლავირება, ტერმინალზე დაგროვებული თანხის ჩამოწერა) , რომლის გამოყენებას მოპასუხის პოზიციით მოსარჩელე მხარე ვერ ახერხებს თავის მხარეს არსებული პრობლემების გამო; (იხ. ტ.1, ს.ფ. 28);
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
პალატა მოპასუხის მიერ მითითებული დოკუმენტების (26.03.2018წ. წერილი, ელექტრონული მიმოწერა ) შინაარსის შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, იმდენად, რამდენადაც მათში დაფიქსირებული პრეტენზიები უარყოფილია მოპასუხის მხრიდან, შესაბამისად, მიჩნეული უნდა იქნას, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოება გადაცემული პროგრამული სისტემის და შესწავლა-დანერვგვის სამუშაოების ხარვეზიანობის, ნაკლის შესახებ;
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ის სადაო გარემოება, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის (მენარდე) მიერ შესრულებული სამუშაო : სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის აღრიცხვის, მართვის და ანალიზის პროგრამული სისტემა F------------, რამდენად შეესაბამებოდა სახელშეკრულებო დათქმებს და რამდენად იყო ნაკლის მქონე, წარმოადგენს სპეციალურ ცოდნაზე დაფუძნებული სპეციალური კვლევის საგანს და მისი შეფასების კომპეტენცია სასამართლოს არ გააჩნია; სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე და სსსკ-ის 162-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს სპეციალურ ცოდნას დაფუძნებული იმ გარემოების დასადასტურებლად, რაც მტკიცების საგანში შედის, ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოში წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ მან მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია , რაც საბოლოოდ მისი სარჩელის წარუმატებლობას განაპირობებს ფაქტობრივი დაუსაბუთებლობის თვალსაზრისით; სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეის მიერ არ არის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შეკვეთილი სამუშაოს - პროგრამული სისტემა F------------ის ნაკლოვანების შესახებ , მხოლოდ საქმეში წარმოდგენილი მიწერ-მოწერაზე, სადაც შემკვეთის მიერ ცალსახად არ არის გამოკვეთილი გადაცემული პროგრამის კონკრეტული ხარვეზები, ხოლო მითითებულის არსებობას მენარდე უარყოფს, დაყრდნობით სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მენარდემ შეკვეთილი სამუშოა არაჯეროვნად შეასრულა და რომ კომპიუტერული პროგრმას გააჩნდა არსებითი ნაკლოვანებები;
რაც შეეხება აპელანტის არგუმენტებს, იმის შესახებ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესახებ, პრეტენზიები წარდგენილი იყო თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მისი შესრულების ვადა განისაზღვრება 12 თვით, მხარეთა შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე. ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული იქნა ასევე პროგრამის მიღება-ჩაბარების წესი, რომლის თანახმად, გამყიდველის მიერ მიწოდებული პროგრამა მყიდველის მიერ მიღებულად ითვლება მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან, აგრეთვე პროგრამის ხარისხთან დაკავშირებით ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლის მომენტიდან (იხ. ხელშეკრულება ტ.1, ს.ფ. 16-19)
სააპელაციო საჩივარში მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, ამასთან, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ვადაში და დასჭირდა დამატებითი დრო, რასაც ელექტრონული მომიწერა ადასტურებს, შესაბამისად აპელანტის მოსაზრებით, პრეტენზიები გამოთქმული იყო შეთანხმებულ ვადაში, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს და ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა სახელშეკრულებო დათქმაზე, რომლის მიხედვითაც - მისი შესრულების ვადა განისაზღვრება 12 თვით, ასევე შეთანხმებაზე იმის შესახებ, რომ - პროგრამის ხარისხთან დაკავშირებით ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში, ის მიღებულად ჩაითვლება ამ ვადის გასვლის მომენტიდან; განსახილველ შემთხვევაში, ელექტრონული მიმოწერა დათარიღებული არ არის, შესაბამისად, არ დგინდება, მათი წარმოშობის დრო, რაც შეეხება მხარეთა წერილობითი მიმოწერის დოკუმენტებს, მათი შედგენის თარიღი მიუთითებს, რომ ისინი შედგენილია ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ (26.03.2018წ.) ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელემ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება და ამის შესახებ პრეტენზია ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ წარუდგენია, გარდა ამისა მოსარჩელის მიერ მითითებული დოკუმენტებით არ დასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოება ნაკლიანი შესრულების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის ზეპირი განხილვისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, პალატა მიიჩნევს რომ არ არსებობდა მოსარჩელის მიერ (ძირითად სარჩელში) ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხის 17 930 ლარის დაბრუნების, ასევე ზიანის სახით 800 ლარის ანაზღაურების საფუძველი. რაც შეეხება, შეგებებულ სარჩელს - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულების სრულად ანაზღაურების შესახებ, სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რადგან მიჩნეულია, რომ მოპასუყხემ ვალდებულება შეასრულა, რაც მისი მოთხოვნის საფუძველია; შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „რ-------------–--------------–-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ქეთევან დუგლაძე
მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი
მიხეილ გოგიშვილი