განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2019
საქმის ნომერი
330210016001286300
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001286300

საქმე №2ბ/1503-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მაისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი

მოსამართლეები - ირაკლი ბონდარენკო

ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი – შ-------- კ-------–--ე

წარმომადგენელი - კ-----------–-ა, ნ----------–-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – ნ-------------–--ე

წარმომადგენელი - დ-----------–---

 

გასაჩივრებული გადაწყევტილება - თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, შ-------- კ-------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ------ ლ---–----ეს შ-------- კ-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 20 072,58 აშშ დოლარის ანაზღაურება. ამავე გადაწყვეტილებით, შ-------- კ-------–--ის სარჩელი ნ-------------–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე შ-------- კ-------–--ეს ნ-------------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 2 000,00 ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2008 წლის 7 მაისს სს ბანკ “რ-------–----ა“ და შ-------- კ-------–--ეს შორის გაფორმდა №B----- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მესაკუთრე შ-------- კ-------–--ემ მსესხებლის მ------ ლ---–----ის საკრედიტო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად დატვირთა იპოთეკით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა, წილი: 19,00/1498,00, მდებარე ქ. თბილისი, ა-–------------------------------------------- და ამ ფართის პროპორციული მიწის ნაკვეთი.

 

2.2. 2010 წლის 18 იანვარს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ გადაწყვეტილებით სს ბანკი „რ-------–----“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა, მ------ ლ---–----ეს დაეკისრა №6---- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 120 057,32 აშშ დოლარის გადახდა და დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, მათ შორის, შ-------- კ-------–--ის საკუთრებაში არსებული, 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ა-–-------------------------------------------.

 

2.3. 2010 წლის 6 ივლისს სს ბანკ „რ-------–----ა“ და თ--------–---–სა და შ-------- კ-------–--ეს შორის გაფორმდა №0-------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 28 000,00 აშშ დოლარით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 120 თვით, საპროცენტო სარგებლის 15%-ის გადახდით. ხელშეკრულების 2.6. პუნქტის მიხედვით, კრედიტის აღების მიზნად განისაზღვრა მ------ ლ---–----ის №6---- სესხის ძირის შემცირება.

 

2.4. 2010 წლის 6 ივლისის სს ბანკ „რ-------–----ა“ და თ--------–---–სა და შ-------- კ-------–--ეს შორის გაფორმებული №0-------- საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სულ გადახდილია 42738 აშშ დოლარი, აქედან შ-------- კ-------–--ის მიერ გადახდილია - 22644 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებელ თ--------–---–ის გარდაცვალების გამო, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებულია - 20094 აშშ დოლარი.

 

2.5. 2015 წლის 09 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ა-–------------------------------------------- იპოთეკის შეწყვეტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

 

2.6. მოსარჩელე შ-------- კ-------–--ემ აღიარა ნ-------------–--ისაგან 7000,00 ლარის მიღების ფაქტი, რა ოდენობითაც შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა მეორე მოთხოვნის ნაწილში (ვინაიდან მოთხოვნა იყო ლარში დაფიქსირებული), თუმცა აღნიშნული თანხიდან მოსარჩელე ადასტურებს, რომ 4500 ლარი იყო სესხის დასაფარი თანხა.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.7. მოსარჩელე შ-------- კ-------–--ის მიერ მ------ ლ---–----ის სასარგებლოდ გადახდილი თანხა უნდა განისაზღვროს 20 072,58 აშშ დოლარით.

 

2010 წლის 6 ივლისს სს ბანკ „რ-------–----ა“ და თ--------–---–სა და შ-------- კ-------–--ეს შორის გაფორმებული №0-------- საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 28 000,00 აშშ დოლარით, ხოლო ხელშეკრულების 2.6. პუნქტის მიხედვით, კრედიტის აღების მიზნად განისაზღვრა მ------ ლ---–----ის №6---- სესხის ძირის შემცირება. შესაბამისად, მ------ ლ---–----ის სასესხო ვალდებულება სს ბანკ „რ-------–----“ მიმართ №6---- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირდა 28000 აშშ დოლარით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მ------ ლ---–----ეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლოს შეფასებით, სადავო არ არის ფაქტი იმის შესახებ, რომ №0-------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლებმა შეასრულეს 22 644,00 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, ასევე არ არის სადავო, რომ 2014 წლის დეკემბერში ბანკის დარჩენილი ოდენობით მოთხოვნა დააკმაყოფილა სადაზღვევო კომპანიამ. ამდენად, 2010 წლის 6 ივლისის №0-------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შესრულდა სრულად. ამასთან, მოსარჩელემ აღიარა მოპასუხე ნ-------------–--ის მიერ 4500 ლარის გადახდა სესხის ანგარიშში. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოდენობა გათვალისწინებული უნდა იყოს მოსარჩელის მიერ მისაღები თანხის ანგარიშში. კერძოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილ 22 644,00 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს 4500 ლარის ექვივალენტი დოლარში - 2571,42 აშშ დოლარი (2014 წლის იანვრის კურსით - 1.75) და მიღებული სხვაობით 20 072,58 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს მ------ ლ---–----ის მიერ შ-------- კ-------–--ისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა.

 

2.8. შ-------- კ-------–--ის მოთხოვნა 20 072,58 აშშ დოლარის მ------ ლ---–----ისათვის დაკისრების შესახებ არ არის ხანდაზმული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე და 986-ე მუხლებიდან. სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, მათ მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა. მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის წარმოშობის დრო, მომენტი, საიდანაც იწყება ხანდაზმულობის ვადის დენა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2010 წლის 6 ივლისს სს ბანკ „რ-------–----ა“ და თ--------–---–სა და შ-------- კ-------–--ეს შორის გაფორმებული №0-------- საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 28 000,00 აშშ დოლარით შემცირდა მ------ ლ---–----ის №6---- სესხის ძირი. შესაბამისად, ამ თარიღში მესაკუთრემ დააკმაყოფილა კრედიტორი და მოვალის მიმართ მოთხოვნა გადავიდა მასზე. მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 292-ე მუხლის საფუძველზე, წარმოეშვა გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, ამავე დროიდან დაიწყო ხანდაზმულობის ათწლიანი ვადის დენა. მოსარჩელეს კი წინამდებარე სარჩელი სასამართლოში შეტანილი აქვს 2016 წლის 18 მარტს. ამდენად, მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის განხორციელების ხანდაზმულობის ვადა დაცული აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ-------- კ-------–--ის მოთხოვნა 20 072,58 აშშ დოლარის მ------ ლ---–----ისათვის დაკისრების შესახებ არ იყო ხანდაზმული.

 

2.9. სასამართლოს შეფასებით, არ დგინდება მოპასუხე ნ-------------–--ის სოლიდარული პასუხიმგებლობის საფუძვლის არსებობა მოსარჩელის პირველ მოთხოვნასთან მიმართებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. წინამდებარე ნორმა სოლიდარულ მოვალეთა ლეგალურ დეფინიციას იძლევა. იგი ზუსტად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში მოვალეები სოლიდარულ მოვალეებად ჩაითვლებიან. ამავდროულად იგი სოლიდარული ვალდებულების შემადგენელ აუცილებელ ელემენტებსაც განსაზღვრავს. ამასთან ნორმა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის სამართლებრივი შედეგების კუთხითაც. მართალია, აღნიშნული სამართლებრივი შედეგები სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის ტექსტიდან ნათლად არ გამომდინარეობს, თუმცა ისინი ნორმატიულ განვრცობას და ასახვას სხვა მუხლებში პოულობენ (სკ-ის 465-ე მუხლი - კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება ნებისმიერი მოვალისაგან; სკ-ის 467-ე მუხლი - ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს შესრულებისაგან დანარჩენ მოვალეებს). ამავე კოდექსის 464-ე მუხლი განსაზღვრავს სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს და მიუთითებს, რომ სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ნორმა ამომწურავად ადგენს სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს ხელშეკრულებას, კანონს (მაგალითად, 998-ე მუხლი - ზიანის დადგომაში მონაწილე პირთა სოლიდარულ პასუხისმგებლობას), ვალდებულების საგნის განუყოფლობას და გამორიცხავს სხვა საფუძვლით სოლიდარული ვალდებულების წარმოშობას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ნ-------------–--ე არ ყოფილა შ-------- კ-------–--ის ქონებით უზრუნველყოფილი, სს ბანკ „რ-------–----ა“ და მ------ ლ---–----ეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების და აქედან გამომდინარე, შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. შესაბამისად, არ არსებობს მისი, როგორც სოლიდარული მოვალის პასუხიმგებლობის მატერიალურ- სამართლებრივი საფუძველი, სამოქალაქო კოდექსის 464-463-ე მუხლებით განსაზღვრული წესით. ისევე, როგორც სახეზე არ არის კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით წარმოშობილი სოლიდარული პასუხიმგებლობის საფუძველი. ამასთან, სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხის სოლიდარული პასუხიმგებლობის საფუძვლის არარსებობაზე გავლენას ვერ ახდენს ის ფაქტი, რომ ნ-------------–--ის მიერ მ------ ლ---–----ის სასარგებლოდ სს ბანკ „რ-------–----“ მეშვეობით „შემოსავლების სესხის დასაფარად“ - დანიშნულებით 2009 წელს გადახდილი თანხებით (ს.ფ. 26-30) სრულდებოდა მ------ ლ---–----ის სასესხო ვალდებულება, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსი უშვებს მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულებას თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ ვალდებულება პირადად უნდა შეასრულოს (სკ-ის 371-ე მუხლი).

 

ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ნ-------------–--ის სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი შ-------- კ-------–--ის ქონებით უზრუნველყოფილი, სს ბანკ „რ-------–----ა“ და მ------ ლ---–----ეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის დაკმაყოფილების შემდეგ მესაკუთრის უფლებების განხორციელების სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით.

 

2.10. რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას - მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეთათვის 29600 ლარის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, მისი ქონების იპოთეკით დატვირთვის სანაცვლოდ ნ-------------–--ეს უნდა გადაეხადა შ-------- კ-------–--ისათვის ყოველთვიურად 400 ლარი, ხოლო ბინის იპოთეკისაგან გათავისუფლების შემდეგ - 5000 ლარი.

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლიანობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ნ-------------–--ის ვალდებულებას მოსარჩელისათვის ყოველთვიურად 400 ლარის გადახდისა. მოსარჩელე უთითებდა ნ-------------–--ის წერილზე, ასევე ზეპირი გასაუბრების ოქმებზე და ნ-------------–--ის აღიარებაზე 2015 წლის 23 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ნ-------------–--ე როგორც შესაგებელში ასევე ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებშიც უთითებდა, რომ მისმა მეუღლემ ნ-----–---- მ------–---–მა ყოველთვიურად 400 ლარი სამი თვის მანძილზე გადაუხადა მამამისს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებამდე. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ნ-------------–--ე არ აღიარებს მის ვალდებულებას სადაო თანხის გადახდასთან მიმართებაში, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ნ-------------–--ის მიმართ მოთხოვნას გაამართლებდა, მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს.

 

რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლზე მითითებას, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა არ არის იმპერატიული ხასიათის და იგი არ ავალდებულებს სასამართლოს მოპასუხის შეცვლას. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის რაიმე წერილობითი შეთანხმება არ ყოფილა თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მოსარჩელე სხვაგვარად განმარტავს შეთანხმების პირობებს და ხელშემკვრელ მხარეს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ცალსახად განსაზღვროს სათანადო მოპასუხე. ამდენად, სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მოცემულ შემთხვევაში გამოიყენოს სსსკ 85-ე მუხლის რეგულაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ნ-------------–--ისა და მ------ ლ---–----ის ვალდებულებას 29600 ლარის გადახდის თაობაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.11. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

დადგენილია, რომ მ------ ლ---–----ესა და სს ბანკ „რ-------–----“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შ-------- კ-------–--ის საკუთრებაში არსებული 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ა-–-------------------------------------------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლი განსაზღვრავს მესაკუთრის უფლებას კრედიტრის დაკმაყოფილებისას. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს. მუხლის ნორმები ადგენს არამოვალე იპოთეკის საგნის მესაკუთრის უფლებას, დააკმაყოფილოს იპოთეკარის მოთხოვნა და მათი მიზანია ამ უკანასკნელის ინტერესების დაცვა მოთხოვნის მასზე გადასვლის გათვალისწინებით. იპოთეკარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად იპოთეკის საგნის მესაკუთრეზე ავტომატურად, კანონის ძალით გადადის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა. მოთხოვნის ადრესატი კი, შეიძლება იყოს მხოლოდ ვალდებული პირი.

 

დადგენილია, რომ საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ-------- კ-------–--ის მიერ და სადაზღვევო თანხის ანაზღაურებით, რის საფუძველზეც შეწყდა იპოთეკის უფლება მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ბანკის სასარგებლოდ მოპასუხე მ------ ლ---–----ის ვალდებულების შესასრულებლად გადაიხადა 20 072,58 აშშ დოლარი.

 

სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამავე კოდექსის 986-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-74-71-2016, 25.05.2016, №ას-184-171-2015, 20.05.2016).

 

დადგენილია, რომ შ-------- კ-------–--ის მოთხოვნა 20 072,58 აშშ დოლარის მ------ ლ---–----ისათვის დაკისრების შესახებ გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან და შესაბამისად, არ არის ხანდაზმული. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე ვერ გამოიყენებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით მინიჭებულ ხანდაზმულობის ვადის გასვლისას ვალდებული პირის მიერ მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას. ამასთან დადგენილია, რომ არ არსებობს ნ-------------–--ის სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი. ამდენად, არ არსებობს ნ-------------–--ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველიც.

 

2.12. საქართველოს სამოქალო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად - კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთათვის 29600 ლარის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, მისი ქონების იპოთეკით დატვირთვის სანაცვლოდ ნ-------------–--ეს უნდა გადაეხადა შ-------- კ-------–--ისათვის ყოველთვიურად 400 ლარი, ხოლო ბინის იპოთეკისაგან გათავისუფლების შემდეგ - 5000 ლარი. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი ნ-------------–--ისა და მ------ ლ---–----ის მიმართ. სასამართლომ საქმის მასალების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ შ-------- კ-------–--ესა და მოპასუხეებს შორის შეთანხმებას თანხის გადახდის თაობაზე ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია მასზედ, რომ მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაშიც კი სარჩელი ამ ნაწილში ხანდაზმულია. როგორც მოსარჩელე განმარტავს, ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ. დადგენილია, რომ იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა 2008 წლის 7 მაისს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. შესაბამისად, აღნიშნულ მოთხოვნაზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელე უთითებდა, რომ ნ-------------–--ე პერიოდულად იხდიდა სადაო თანხას, თუმცა აღნიშნულს არ ადასტურებს მოპასუხე, ხოლო წერილობითი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა გადახდის ფაქტს, წარმოდგენილი არ არის, გარდა საბანკო გადარიცხვებისა, რომელიც ნ-------------–--ის მიერ განხორციელებულია 2009 წელს მ------ ლ---–----ის სესხის დასაფარად. შესაბამისად, მოთხოვნა წარმოიშვა 2008 წლიდან და არ დგინდება როდის განხორციელდა ბოლო გადახდა, ამდენად, სასამართლოს შეფასებით, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ნ-------------–--ის ვალდებულებას მოსარჩელისათვის ყოველთვიურად 400 ლარის გადახდისა. აპელანტის შეფასებით, მან მიუთითა შემდეგ მტკიცებულებებზე: ნ-------------–--ის წერილზე, ასევე ზეპირი გასაუბრების ოქმებზე და ნ-------------–--ის აღიარებაზე 2015 წლის 23 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, ნ-------------–--ის მხრიდან ქმედით აღიარებაზე, რაც გამოიხატა მის მიერ აღნიშნული 400 ლარის რამდენიმე თვის მანძილზე გადახდით. აპელანტი განმარტავს, რომ 2015 წლის 23 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბ-----------ის შეკითხვაზე, მართალია თუ არა, რომ მან აიღო სესხი სხვისი სახელით, რის უზრუნველსაყოფადაც მამამისს, შ-------- კ-------–--ეს, ჩაადებინა ბინა, ხოლო შემდეგ რადგან ვალი არ გადაიხადა, რათა თავისი ბინა გადაერჩინა, მამამისი იძულებული გახდა თავად გადაეხადა მისი ვალი ბანკის წინაშე (იხ. სასამართლო 2015 წლის 23 დეკემბრის სხდომის ოქმი ჩანაწერი 10:18:30), ნ-------------–--ე პასუხობს: სესხის უზრუნველსაყოფად ბინის ჩადებას მამაჩემი დათანხმდა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ მას შევპირდით, რომ ყოველთვე გადავუხდიდით 400 ლარს, მანამდე კი მამაჩემი ბინის ჩადებაზე თანახმა არ იყოო (იხ. სასამართლო 2015 წლის 23 დეკემბრის სხდომის ოქმი ჩანაწერი 10:20:37), აქვე ნ-------------–--ე აღნიშნავს, რომ იმ თანხას, რაც მამაჩემს გადახდილი აქვს ჩემი სესხის დასაფარად გადავუხდიო (იხ. აღნიშნული სხდომის ოქმი 10:31:09). აპელანტი ყურადღებას ამახვილებს ასევე იმაზეც, რომ პროკურატურაში წარდგენილ იქნა საჩივარი ნ-------------–--ის მიერ მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც მიმდინარეობდა გამოძიება და დაკითხულ იქნა ნ-------------–--ე და მან აღიარა სიმართლე (იხ. ოქმები). ყოველივე აღნიშნული ასევე მტკიცდება ნ-------------–--ის ხელით დაწერილ წერილში მშობლებისადმი, რომელიც მან პირადად გადასცა მათ. შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, მისი სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ნ-------------–--ის აღიარებას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი.

 

აპელანტმა მიუთითა, რომ არასწორია სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაშიც კი სარჩელი ამ ნაწილში ხანდაზმულია. შ-------- კ-------–--ის განმარტებით, იგი აღნიშნულს არ ეთანხმება და თვლის, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგან მოპასუხე ნ-------------–--ე 2015 წლის იანვრამდე წელიწადში 1-2-ჯერ მაინც იხდიდა ნაკისრ 400 ლარს (სულ გადახდილი აქვს 2500 ლარი), იხ. მისი წერილით მშობლებისადმი და მისი განცხადება 2015 წლის 23 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, ხოლო სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. რაც იმას ნიშნავს, რომ შეწყვეტამდე გასული დრო ხანდაზმულობაში არ ჩაითვლება და ვადის ათვლა თავიდან დაიწყება. ამასთან, ნ-------------–--ესა და შ-------- კ-------–--ის შეთანხმებისამებრ, როცა ყველაფერი დამთავრდებოდა და შ-------- კ-------–--ის ბინა განთავისუფლდებოდა იპოთეკისგან, ნ-------------–--ე კიდევ გადაუხდიდა მამამისს 5000 ლარს (იხ. ნ-------------–--ის წერილი მშობლებისადმი და 2015 წლის 23 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ნ-------------–--ის განცხადება სდ დისკი დრო: 10:20:37), შ-------- კ-------–--ის ბინა კი იპოთეკისგან განთავისუფლდა 2015 წლის 09 იანვარს. შესაბამისად, ამ თანხის მოთხოვნის ვადა იწყება 2015 წლის 09 იანვრიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია 2016 წლის მარტში, ხანდაზმულობის ვადის დაცვით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

· 2008 წლის 7 მაისს სს ბანკ “რ-------–----ა“ და შ-------- კ-------–--ეს შორის გაფორმდა №B----- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მესაკუთრე შ-------- კ-------–--ემ მსესხებლის მ------ ლ---–----ის საკრედიტო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად დატვირთა იპოთეკით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა, წილი: 19,00/1498,00, მდებარე ქ. თბილისი, ა-–------------------------------------------- და ამ ფართის პროპორციული მიწის ნაკვეთი.

· 2010 წლის 18 იანვარს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ გადაწყვეტილებით სს ბანკი „რ-------–----“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა, მ------ ლ---–----ეს დაეკისრა №6---- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 120 057,32 აშშ დოლარის გადახდა და დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, მათ შორის, შ-------- კ-------–--ის საკუთრებაში არსებული, 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ა-–-------------------------------------------.

· 2010 წლის 6 ივლისს სს ბანკ „რ-------–----ა“ და თ--------–---–სა და შ-------- კ-------–--ეს შორის გაფორმდა №0-------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 28 000,00 აშშ დოლარით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 120 თვით, საპროცენტო სარგებლის 15%-ის გადახდით. ხელშეკრულების 2.6. პუნქტის მიხედვით, კრედიტის აღების მიზნად განისაზღვრა მ------ ლ---–----ის №6---- სესხის ძირის შემცირება.

· 2010 წლის 6 ივლისის სს ბანკ „რ-------–----ა“ და თ--------–---–სა და შ-------- კ-------–--ეს შორის გაფორმებული №0-------- საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სულ გადახდილია 42738 აშშ დოლარი, აქედან შ-------- კ-------–--ის მიერ გადახდილია - 22644 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებელ თ--------–---–ის გარდაცვალების გამო, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებულია - 20094 აშშ დოლარი.

· 2015 წლის 09 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ა-–------------------------------------------- იპოთეკის შეწყვეტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

· მოსარჩელე შ-------- კ-------–--ემ აღიარა ნ-------------–--ისაგან 7000,00 ლარის მიღების ფაქტი, რა ოდენობითაც შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა მეორე მოთხოვნის ნაწილში (ვინაიდან მოთხოვნა იყო ლარში დაფიქსირებული), თუმცა აღნიშნული თანხიდან მოსარჩელე ადასტურებს, რომ 4500 ლარი იყო სესხის დასაფარი თანხა.

· მოსარჩელე შ-------- კ-------–--ის მიერ მ------ ლ---–----ის სასარგებლოდ გადახდილი თანხა უნდა განისაზღვროს 20 072,58 აშშ დოლარით.

· შ-------- კ-------–--ის მოთხოვნა 20 072,58 აშშ დოლარის მ------ ლ---–----ისათვის დაკისრების შესახებ არ არის ხანდაზმული.

· არ დგინდება მოპასუხე ნ-------------–--ის სოლიდარული პასუხიმგებლობის საფუძვლის არსებობა მოსარჩელის პირველ მოთხოვნასთან მიმართებაში.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტ შ-------- კ-------–--ის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს იმ ფაქტის დადასტურება, იკისრა თუ არა ნ-------------–--ემ შ-------- კ-------–--ისათვის ყოვეთვიურად 400 ლარისა და სესხის თანხის გადახდის ვალდებულება. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მოთხოვნის მართლზომიერებაში დაარწმუნებდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ნ-------------–--ის მიერ დაწერილი წერილი, ზეპირსიტყვიერი განმარტებები. (იხ. 2019 წლის 15 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:39:09-13:08:52, ტ.1,სფ 71), პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით არ დგინდება ის გარემოება, რომ ნ-------------–--ესა და მამას შორის მოხდა შეთანხმება თანხების გადახდაზე და უშუალოდ მან იკისრა მათი გადახდის ვალდებულება, მით უფრო, რომ იგი არ წარმოადგენდა იმ საკრედიტო ურთიერთობის მხარეს, რომლის ფარგლებშიც მოხდა შ-------- კ-------–--ის ბინის იპოთეკით დატვირთვა. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, ნ-------------–--ე აღნიშნული შეთანხმების სუბიექტად ასახელებს მის მეუღლეს ნ-----–---- მ------–---–ს. მისი განმარტებით, სწორედ იგი დაპირდა შ-------- კ-------–--ეს ყოველთვიურად 400 ლარისა და ბინის იპოთეკისაგან გათავისუფლების შემდეგ 5000 ლარის გადახდას. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ შ-------- კ-------–--ესა და მოპასუხეს შორის შეთანხმებას თანხის გადახდის თაობაზე ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად შეუძლებელია ნ-------------–--ეს დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოადგენილ გასაუბრების ოქმებს, პალატის მოსაზრებით, არც აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენს ნ-------------–--ისათვის თანხის დაკისრების საფუძველს. ამ მტკიცებულებებიდანაც ირკვევა, რომ თანხა ესაჭიროებოდა არა ნ-------------–--ეს, არამედ მის მეუღლეს და სწორედ, მას გადაეცა აღნიშნული თანხა და მან შეიძინა უძრავი ქონება. ე.ი. მის მიერ მოხდა აღნიშნული თანხის გამოყენება. ხოლო ნ-------------–--ის მიერ თუნდაც თანხის გადახდა არ ნიშნავს ამ უკანასკნელის მიმართ ვალდებულების არსებობის დადასტურებას, რადგან როგორც აღვნიშნეთ, იგი არის ნ-----–---- მ------–---–ის მეუღლე და მის მიერ თანხის მიტანა დედისათვის არ შეიძლება ჩაითვალოს მის მიმართ ვალდებულების არსებობად, მითუმეტეს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება აღნიშნულს არ ადასტურებს. ნ-------------–--ეს სრულადაც რომ დაეფარა სადავო თანხა ეს არ წარმოშობდა მის მიმართ ვალდებულებას, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება ის უმთავრესი გარემოება, რომ მან ეს ვალდებულება იკისრა.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მხარეთა შორის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებუილება არ წარმოშობილა. ადგილი არ ჰქონია დელიქტის, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონისმიერი ვადებულების ნებისმიერ სხვა შემთხვევას. შესაბამისად შეუძლებელია მას დაეკისროას რაიმე ვალდებულების შესრულება მოცემული ურთიერთობიდან გამომდინარე.

 

მითუმეტეს ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის მოსაზრება ნ-------------–--ისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულებაც წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ნ-------------–--ეს ვალდებულება არ უკისრის, შესაბამისად, მას ვერც სოლიდარულად ვერ დაეკისრება ვალდებულების შესრულება

 

4.3. ამდენად, სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შ-------- კ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ირაკლი ბონდარენკო

 

ნატალია ნაზღაიძე