განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117001988637
საქმე № 2ბ/4826-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე- მიხეილ გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი
აპელანტი - შპს ,--------------’;
წარმომადგენლები - ლ-----–-----, რ----–-----–------ ;
მოწინააღმდეგე მხარე - ნ---------–-------;
წარმომადგენელი - ს----------------–---–-;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;
1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
_ნ---------–------- შპს „-------------- სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის
ანაზღაურება 18 697 ლარის ოდენობით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
_ არ დაკმაყოფილდა შპს „-------------- სარჩელი ნ---------–-------ს მიმართ ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნით;
_ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ნ---------–-------ს (პ/ნ 4----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარეს მისამართზე: ქ--–---------–----------------------------–----------დან საერთო ფართი 110.09 კვ.მ აქედან I სართულზე - ფართი 16.28 კვ.მ, II სართულზე - ფართი 93.81 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 0---------------;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ერთი მხრივ შპს „--------------- და მეორეს მხრივ ნ---------–------- შორის 2016 წლის 22 მარტს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით #------- ხელშეკრულების 1.1 პუნქტით დასაქმებული ინიშნება საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტის თანამდებობაზე გამოსაცდელი 6 (ექვსი) თვის ვადით და განახორციელებს დამსაქმებლის და მისი კონტრაქტორებისთვის მათი მოთხოვნის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების საოპერატორო-საკონსულტაციო მომსახურებას და შეასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1 სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ ფუნქციებს, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტით დასაქმებული ვალდებულია სამუშაო შეასრულოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ვადაში, ხოლო 2.2 პუნქტი ავალდებულებს დროულად და სრულყოფილად შეასრულოს დამსაქმებლის დავალებები და მითითებები თავისი სპეციალობისა და კვალიფიკაციის ფარგლებში.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტით, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 350ლარით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება, დანართით (ს.ფ. 21-25);
2.2. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის 1 ოქტომბერს ერთის მხრივ შპს „--------------- და მეორე მხრივ ნ---------–------- შორის გაფორმებული #------ შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ნ---------–------- დაინიშნა საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტის თანამდებობაზე, 1 წლის ვადით. ხელშეკრულების 4.1 პუნქტით, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 350 ლარით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომითი ხელშეკრულება, დანართით (ს.ფ. 56-60);
2.3. 2016 წლის 22 მარტს შპს „--------------- და შპს „--------- შორის გაფორმდა მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება #---------- ხელშეკრულების 1.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომსახურების გამწევის მიერ კლიენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა მიხედვით საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო დეკლარირება/ანგარიშგების ყოველთვიური მომსახურების გაწევა 2016 ფისკალური წლის, რომელიც ემთხვევა კალენდარულ 2016 წელს, პერიოდზე. ხელშეკრულების 5.2 პუნქტით განსაზღვრულია შემდეგი: „მომსახურების გამწევი ადასტურებს, რომ კლიენტის მომსახურება იწარმოებს კვალიფიციურობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, თუკი დადასტურდა, რომ მომსახურების გამწევის მიერ გაწეული მომსახურებისა და შესაბამისად გაცემული რეკომენდაციების განხორციელების შედეგად კლიენტს მიადგა მატერიალური ზიანი ან/და ზარალი, მხარე სრულად მიიღებს კომპენსაციას მიყენებული მატერიალური ზიანისა და/ან ზარალის ფარგლებში. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო და მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ კლიენტისთვის დაკისრებული სანქციებისა და/ან ჯარიმების და/ან საურავების ჯამური თანხა თუ არ აღემატება 3 000 ლარს, მაშინ კლიენტი არ მოითხოვს ამ ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ აღემატება 3 000 ლარს, მაშინ ზიანი უნდა ანაზღაურდეს აღნიშნული სანქციების და/ან ჯარიმების და/ან საურავების ჯამურ თანხას გამოკლებული 3 000 ლარის ოდენობით...“
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-20);
2.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის
დეპარტამენტის მიერ 20.02.2017წ. შედგენილი შპს „---------- საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შპს „---------- საგადასახადო ორგანოსგან დაერიცხა ჯარიმა 21 697 ლარის ოდენობით იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „--------- მიერ 2016 წლის აპრილის, მაისის და ივლისის თვეების დღგ-ს დეკლარაციებში მითითებულია დასაბეგრი ბრუნვა 0 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოწმების აქტი (ს.ფ. 29-55);
2.5. შპს „---------ზე დარიცხული ჯარიმა სრულად აანაზღაურა შპს „------------მ’’
მათ შორის გაფორმებული შეთანხმების აქტიდან გამომდინარე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზარალის მოთხოვნაზე განცხადება (ს.ფ. 86);
- შეთანხმების აქტი (ს.ფ. 87-88);
- ელექტრონული საგადახდო დავალება N---- (08.04.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმზე დანართი)
2.6. შპს „--------------- დირექტორის 2017 წლის 25 მაისის #--------- ბრძანებით შპს „--------------- საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტი ნ---------–------- საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის პირველი ივნისიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ. 83);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
2.7. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დასადგენ სადავო გარემოებებს წარმოადგენდა, ეკისრება თუ არა ნ---------–------- ზიანის - 18 697 ლარის ანაზღაურების ვალდებულება შპს „------------ს’’ წინაშე.
სასამართლომ განმარტა, იმისთვის რომ განისაზღვროს რამდენად ჯეროვნად მოხდა ნ---------–-------ს მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თავდაპირველად მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რისი შესრულება ევალებოდა შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულებას ერთვის დანართი #1, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი მოპასუხის ფუნქციები. თავდაპირველად სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ხსენებული დანართის 3.1 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დასაქმებული უშუალოდ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია დამსაქმებლის დირექტორის წინაშე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც წარმოდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, დასაქმებულის თითოეული ვალდებულება მიბმულია დამსაქმებლის კონკრეტულ მოთხოვნაზე, შეასრულოს დასაქმებულმა (ოპერატორ-კონსულტანტმა) დამსაქმებლის მიერ მითითებული ვალდებულებები. ამდენად, იმისთვის, რომ კონკრეტულ კონტრაქტორთან - შპს „------------- არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე ნ---------–------- დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა დადასტურდეს, რომ დამსაქმებელმა კონკრეტულად ნ---------–------- დაავალა ზემოაღნიშნულ კლიენტთან ურთიერთობა და რომ სწორედ ნ---------–------- იყო ერთპიროვნულად ვალდებული ეწარმოებინა შპს „--------- ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება www.rs.ge-ზე.
იმის დამადასტურებლად, რომ მოსარჩელე კომპანიის მხრიდან შპს „------------- დელეგირებული პირი, გამომდინარე მათ შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებიდან, იყო ნ---------–-------, შპს „-------------- წარმომადგენელი მიუთითებს მის მიერ 2016 წლის 23 მარტით დათარიღებულ წერილზე (ს.ფ. 28), რომელიც, მისი განმარტებით, გაუგზავნა შპს „--------- და რომლითაც აცნობა ხსენებული ფაქტის თაობაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. თავის მხრივ, შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული ეფუძნება იმ პრინციპს, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები დავის გარშემო. მოცემულ შემთხვევაში, იმ ფაქტს, რომ შპს „------------- დელეგირებულ იქნა ნ---------–-------, მოსარჩელე ადასტურებს მხოლოდ წერილით, რომელთან დაკავშირებითაც, ისიც კი არ არის წარმოდგენილი, რომ მის კლიენტს ნამდვილად ჩაბარდა. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, ეს ვერ იქნება დასტური იმისა, რომ მოპასუხისთვისაც ცნობილი იყო იმის თაობაზე, რომ მას ეკისრებოდა შპს „მ-------------- შპს „-------------- მიერ აღებული ვალდებულების შესრულება და რომ რისკებიც მასზე გადადიოდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც ხსენებულ ფაქტს დაადასტურებდა. მოპასუხე განმარტავდა, რომ იგი არ იყო ბუღალტერი და მით უფრო მთავარი ბუღალტერი, იყო მხოლოდ ოპერატორ-კონსულტანტი, რომლის საქმიანობის კონტროლიც ევალებოდა კომპანიის დირექტორს და რომელსაც ექვემდებარებოდა სამსახურებრივად. უფრო მეტიც, ნ---------–------- განმარტავდა, რომ მასთან ერთად შპს „--------- სასარგებლოდ ბუღალტრულ საქმიანობას ასრულებდა ნ----------------ც. აღნიშნული გარემოება დადასტურა კიდეც მოსარჩელის წარმომადგენელმა, თუმცა აღნიშნა, რომ ნ---------------ს ნ---------–-------ს დახმარება ევალებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია დამადასტურებელი მტკიცებულება, მხოლოდ მის ზეპირ განმარტებას კი სასამართლო ვერ გაიზიარებს, მით უფრო, რომ პირიქით, სწორედ მასზე მოდის ამ ტიპის დავებში მტკიცების ტვირთი, რაც ვერ იქნა ჯეროვნად შესრულებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „-------------- წარმომადგენელმა ვერ შეძლო დაედასტურებინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ---------–-------ს პირდაპირ და უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა შპს „--------- ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება და არ დაკმაყოფილა შპს ,---------------- მოთხოვნა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 45-ე მუხლზე, პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან.
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე და მტკიცების ტვირთის სწორი და ობიექტური გადანაწილების გათვალისწინებით იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რომ ნ---------–------- ეკისრებოდა უშუალოდ და ერთპიროვნულად შპს „---------- ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება დააკისრა მოსარჩელე - შპს „-------------- მხარეს.
2.9. სასამართლომ განმარტა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი,რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია ემყარება ერთადერთი მტკიცებულებისთვის მტკიცებულებითი ძალის მიუნიჭებლობას. აპელანტის განცხადებით, გაუგებარია, რა მიზეზით მიიჩნია ეს უდავო გარემოება მოსამართლემ სადავოდ, როდესაც როგორც შესაგებელში ასევე პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხემ პირდაპირ და ირიბადაც აღიარა ფაქტობრივი გარემოება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე უნდა გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს განუცხადა, რომ მტკიცებულებები მიჩნეულიყო გამოკვლეულად, მიუხედავად იმისა რომ, მას ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მიეთითებინა საკითხის სადავოობის შესახებ.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ თავად გადაწყვიტა, მხარეთა მითითების გარეშე, რომ მტკიცებულება იყო სადავო, რის შედეგადაც დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.
3.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ შრომით ურთიერთობებში, მაშინ როდესაც საკითხი ეხება დამსაქმებლის მიერ მომსახურების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას და ამ ვალდებულების კონკრეტული თანამშრომლისათვის დაკისრებას, არასდროს არ გამოიცემა რაიმე ინდივიდუალური აქტი სამუშაოს გადაცემისთვის. შრომითი ხელშეკრულების 1.1. პუნქტით დგინდება, რომ მოპასუხეს ევალებოდა კონტრაქტორი კომპანიებისათვის მომსახურების გაწევა, შესაბამისად, არარელევანტურია წერილობითი დოკუმენტის მომზადება თითოეული ასეთი კონტრაქტორისთვის, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, ასეთი დავალების მიცემის დადგენილი პრაქტიკა არის ზეპირსიტყვიერი.
3.3. აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 44-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, დასაქმებულის მიერ მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამავე კანონის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების გამოყენების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საკითხი არ არის შრომის კოდექსით მოწესრიგებული. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ზიანის არსებობისას ადგენს პასუხისმგებლობას. წინამდებარე ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ დასაქმებულის მიერ ზიანის დადგომისას უშუალოდ პასუხისმგებელი არის დამსაქმებელი, თუმცა თავის მხრივ, დამსაქმებელი უფლებამოსილია დადასტურებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში რეგრესის წესით მოითხოვოს დასაქმებულისგან ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების 5.1 და 5.5 პუნქტები ითვალისწინებს დასაქმებულისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას. ამასთან, პასუხისმგებლობას განსაზღვრავს ხელშეკრულების დანართი #1 -ის მე-5 პუნქტი.
3.4. აპელანტის შეფასებით, ზიანის დაკისრების შემთხვევაში მნიშვნელოვანია სახეზე იყოს პირის მართლსაწინაარმდეგო ქმედება, მიყენებული ზიანი და მიზეზობრივი კავშირი. მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან დგინდება, რომ კომპანია ,------------ დეკლარაცია 2016 წლის აპრილის, მაისისა და ივლისის თვეებში საერთოდ არ შევსებულა, რაც მიუთითებს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების უხეშ დარღვევაზე. სწორედ აღნიშნული უხეში დარღვევა გახდა მოპასუხის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ შპს ,---------------- დირექტორის 2017 წლის 25 მაისის #--------- ბრძანება ნ---------–-------ს გათავისუფლების შესახებ მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი დაეთნახმა ამ ბრძანებას.
3.5. აპელანტი არ ეთანხმება მოპასუხის განმარტებას გამოსაცდელი ვადით არსებული შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მასზე შესრულებული სამუშაოსთვის პასუხისმგებლობის არ არსებობის ფაქტს და აღნიშნავს, რომ გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების მთავარი არსია დამსაქმებლის და დასაქმებულის შრომით გარემოში ადაპტაცია, დაზუსტება შრომითი უნარჩვევების, რაც ერთი მხრივ, შეიძლება შემოწმდეს შესრულებული სამუშაოთი, ხოლო მეორე მხრივ, კომუნიკაციით , ვინაიდან სახეზეა სამუშაო გარემო.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შესაბამისად სააპელაციო პალატამ უნდა დაადგინოს არსებობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესაბამისი ნორმების გამოყენების ფაქტობრივი საფუძვლები.
სააპელაციო პალატას უდავოდ მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. შპს „-------------სა“ და ნ---------–------- შორის 2016 წლის 22 მარტს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით #------- ხელშეკრულების 1.1 პუნქტით დასაქმებული დაინიშნა საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტის თანამდებობაზე გამოსაცდელი 6 (ექვსი) თვის ვადით და ახორციელებდა დამსაქმებლისა და მისი კონტრაქტორებისთვის მათი მოთხოვნის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების საოპერატორო-საკონსულტაციო მომსახურებასა და მითითებული ხელშეკრულების დანართი #1 სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ ფუნქციებს, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
4.1.2. ხელშეკრულების 4.1 პუნქტით, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 350 ლარით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
4.1.3. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის 1 ოქტომბერს ერთი მხრივ შპს „--------------- და მეორე მხრივ ნ---------–------- შორის გაფორმებული #------ შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ნ---------–------- დაინიშნა საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტის თანამდებობაზე, 1 წლის ვადით. ხელშეკრულების 4.1 პუნქტით, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 350 ლარით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
4.1.4. . 2016 წლის 22 მარტს შპს „--------------- და შპს „--------- შორის გაფორმდა მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება #---------- ხელშეკრულების 1.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომსახურების გამწევის მიერ კლიენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა მიხედვით საბუღალტრო აღრიცხვის და საგადასახადო დეკლარირება/ანგარიშგების ყოველთვიური მომსახურების გაწევა 2016 ფისკალური წლის, რომელიც ემთხვევა კალენდარულ 2016 წელს, პერიოდზე. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო და მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ კლიენტისთვის დაკისრებული სანქციებისა და/ან ჯარიმების და/ან საურავების ჯამური თანხა თუ არ აღემატება 3 000 ლარს, მაშინ კლიენტი არ მოითხოვს ამ ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ აღემატება 3 000 ლარს, მაშინ ზიანი უნდა ანაზღაურდეს აღნიშნული სანქციების და/ან ჯარიმების და/ან საურავების ჯამურ თანხას გამოკლებული 3 000 ლარის ოდენობით...“
4.1.5. შპს „---------- საგადასახადო ორგანოსგან დაერიცხა ჯარიმა 21 697 ლარის ოდენობით იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „--------- მიერ 2016 წლის აპრილის, მაისისა და ივლისის თვეების დღგ-ს დეკლარაციებში მითითებულია დასაბეგრი ბრუნვა 0 ლარის ოდენობით.
4.1.6. შპს „---------ზე დარიცხული ჯარიმა სრულად აანაზღაურა შპს „------------მ’’ მათ შორის გაფორმებული შეთანხმების აქტიდან გამომდინარე.
4.1.7. შპს „-------------- დირექტორის 2017 წლის 25 მაისის #--------- ბრძანებით შპს „-------------- საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტი ნ---------–------- საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის პირველი ივნისიდან.
4.2. სააპელაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს შპს ,---------------- სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
აპელანტი წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაში მიუთითებს, რომ მოპასუხეს მის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 5.1. და 5.3. პუნქტებიდან გამომდინარე.
მოპასუხე თავის შესაგებელში მიუთითებს, რომ ხელშეკრულებითა და დანართით დასტურდება, რომ დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა მხოლოდ და მხოლოდ დამსაქმებლის მოთხოვნით, რომ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის მხრიდან უმოქმედებითა და შესაბამისი ფუნქციების განუხორციელებლობით და მას პრეტენზია დეკლარირების უსწორობაზე არ გასჩენია. თავად მოსარჩელეს არ გამოუყენებია არანაირი ბერკეტი მატერიალური ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
როგორც ხელშეკრულებაში ასევე დანართში აღნიშნულია, რომ დასაქმებულის ფუნქციებია: დამსაქმებლის მოთხოვნისამებრ დამსაქმებლის კლიენტების ყველა სახის ეკონომიკური და არაეკონომიკური საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების წარმოება. დამსაქმებლის მოთხოვნისამებრ დამსაქმებლის კლიენტების სახელით საქართველოს საგადასახადო ორგანოებთან დეკლარირება -ანგარიშგების საკითხებზე ურთიერთობა; დამსაქმებლის მოთხოვნისამებრ დამსაქმებლის კლიენტების აუდიტებთან და შემფასებლებთან ურთიერთობა, იურიდიული და ფინანსური დოკუმენტების მიწოდება.
პალატის აზრით, აღნიშნული დებულებები იმდენად ზოგადია, რომ ზუსტად იმის განსაზღვრა ვის უნდა გადაეწყვიტა საბოლოოდ დეკლარაციების წარდგენისა და მასში შესატანი მონაცემების საკითხი დასაქმებულსა თუ დამსაქმებელს ცალსახად შეუძლებელია.
შესაბამისად სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ, როგორც წარმოდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, დასაქმებულის თითოეული ვალდებულება მიბმულია დამსაქმებლის კონკრეტულ მოთხოვნაზე, შეასრულოს დასაქმებულმა (ოპერატორ-კონსულტანტმა) დამსაქმებლის მიერ მითითებული ვალდებულებები. ამდენად, იმისთვის, რომ კონკრეტულ კონტრაქტორთან - შპს „------------- არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე ნ---------–------- დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა დადასტურდეს, რომ დამსაქმებელმა კონკრეტულად ნ---------–------- დაავალა ზემოაღნიშნულ კლიენტთან ურთიერთობა და რომ სწორედ ნ---------–------- იყო ერთპიროვნულად ვალდებული ეწარმოებინა შპს „---------ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება www.rs.ge-ზე.
მოპასუხე განმარტავდა, რომ იგი არ იყო ბუღალტერი და მით უფრო მთავარი ბუღალტერი, იყო მხოლოდ ოპერატორ-კონსულტანტი, რომლის საქმიანობის კონტროლიც ევალებოდა კომპანიის დირექტორს და მასვე ექვემდებარებოდა სამსახურებრივად.
პალატის აზრით სადავო ის გარემოება კი არ არის, რომ დამსაქმებელმა მოპასუხეს დაავალა შპს „---------თან მუშაობა, არამედ სადაოა რა დავალება მისცა და რა ვალდებულებები დააკისრა მას კონკრეტულად. მოცემულ შემთხვევაში, იმ ფაქტს, რომ შპს „------------- დელეგირებულ იქნა ნ---------–-------, მოსარჩელე ადასტურებს წერილით, რომლის მოპასუხისათვის ჩაბარება არ დასტურდება. შესაბამისად სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხისთვისაც ცნობილი არ იყო იმის თაობაზე, რომ კონკრეტულად მას ეკისრებოდა შპს „მ-------------- შპს „-------------- მიერ აღებული ვალდებულების შესრულება და რა ფუნქციები გადადიოდა მასზე.
პალატა სადაო გარემოებების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ, ერთი მხრივ შპს ,----------------- და მეორე მხრივ, ნ---------–------- შორის 2016 წლის 22 მარტს #------ ხელშეკრულება გაფორმებული იყო გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადა შეადგენდა 6 თვეს. წინამდებარე ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ნ---------–------- დაინიშნა საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების ოპერატორ-კონსულტანტის თანამდებობაზე.
სარჩელში მითითებულია, რომ ნ---------–------- დაევალა კონკრეტულად შპს „--------- საბუღალტრო მომსახურება, მათ შორის ელექტრონული საგადასახადო დეკლარირება www.rs.ge-ზე. თუმცა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, შემდგომში გამოირკვა, რომ მოპასუხე სათანადოდ არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს. კერძოდ, როგორც 2016 წელს ჩატარებულმა საგადასახადო შემოწმებამ გამოავლინა, 2016 წლის აპრილის, მაისის და ივლისის თვეების დღგ-ს დეკლარაციებში არ იყო ასახული შესაბამისი თვის ანგარიშფაქტურები, რამაც გამოიწვია საგადასახადო ორგანოების მხრიდან შპს „--------- დაჯარიმება 21 697 ლარით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემობებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ დარღვევა, რომელზეც აპელირებს მოსარჩელე და რომლის საფუძველზეც ითხოვს რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურებას ნ---------–-------სგან, მოხდა შრომითი ხელშეკრულების გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
როგორც მითითებული ნორმიდან ჩანს, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ პირის გამოსაცდელი ვადით დასაქმებისას მხარეები წერილობით ავლენენ ნებას, კანონით დადგენილი ზღვრული ვადის ფარგლებში წარიმართოს მხარეთა შრომითი -სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის შემდგომი ტრანსფორმაცია ვადიან თუ უვადო ურთიერთობაში დამოკიდებულია იმაზე, თუ საპრობაციო პერიოდში რამდენად გამოავლინა პირმა (დასაქმებულმა) შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობა. რა დროსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე, მის პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე დამსაქმებლის მოსაზრებას. (იხ. სუსგ #ას-227-216-2017, 2017 წლის 13 ოქტომბერი).
გამოსაცდელი ვადა ეს ის პერიოდია, რომლის დროსაც დამსაქმებელი ამოწმებს საწარმოს თანამშრომელს სამუშაოს შესრულების ვარგისიანობისთვის.გამოსაცდელი ვადაა საჭირო მომავალი თანამშრომლის პროფესიული თვისებების გადასამოწმებლად. ეს ის ვადაა,რომლის განმავლობაშიც დასაქმებულმა უნდა შეაფასოს მომავალი მუშაკის უნარები, კომპეტენცია,სამუშაოსადმი შესაბამისობა. ამავე დროს, ამ ვადაში კანდიდატმა უნდა გამოავლინოს კვალიფიკაცია,პროფესიული ქცევა, სამუშაო ადგილისათვის ადეკვატური ყოფაქცევა, პროფესიული მორალი, რათა მოიპოვოს დასაქმებულის, ანუ შრომითი ხელშეკრულების მონაწილე მხარის სტატუსი. გამოსაცდელი ვადა დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთშეცნობისა და შეფასების ვადაა.
პალატა განმარტავს, რომ გამოსაცდელი ვადის თაობაზე სახელშეკრულებო პირობა წარმოადგენს ნებაზე დამოკიდებულ პირობას. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პირობა წარმოშობს მხარეთა საზიარო მოლოდინს მომდევნო შეფასებით პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც მათ შორის ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა გაანალიზდეს. ამასთან, გამოსაცდელი ვადა გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომელთა შრომითი უნარ-ჩვევები უცხოა დასაქმებულისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოსაცდელი ვადით აყვანილი თანამშრომელი შესრულბულ სამუშაოს, როგორც წესი, უნდა ასრულებდეს დამსაქმებლის ზედამხედველობის ქვეშ და მის მიმართ ამოქმედებული უნდა იყოს ერთგვარი კონტროლის მექანიზმი, რათა დამსაქმებელმა შეამციროს ის რისკები და შესაძლო ზიანი, რაც შესაძლოა მას მიადგეს გამოსაცდელი ვადით აყვანილი თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად. განსაკუთრებით კი ეს ეხება გამოსაცდელი ვადის საწყის პერიოდს.
გამოსაცდელი ვადის არსებობა და ზემოდ მითითებული სხვა გარემოებები არ იძლევა იმის დადგენის საფუძველს, რომ საგადასახადო დეკლარაციების წარდგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ნ---------–-------.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შპს „--------- დღგ-ს დეკლარაციებში მითითებული დასაბეგრი ბრუნვა 0 ლარის ოდენობით დაფიქსირდა 2016 წლის აპრილის, მაისისა და ივლისის თვეებში. შესაბამისად, გამოდის, რომ დამსაქმებელი მთელი 3 თვის განმავლობაში არ დაინტერესდა და არ გადაამოწმა დასაქმებული ნ---------–-------ს მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ დამსაქმებლმა არ გამოიჩინა საჭირო წინდახედულობა, რის გამოც მას ეკისრება შპს ,---------------’ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და არ აქვს რეგრესის წესით ნ---------–-------იგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ამასთან, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ნ---------–-------ს ხელფასი შეადგენდა 350 ლარს. ხოლო, შპს ,---------------- ანაზღაურება შპს ,-------------- გაწეული მომსახურების სანაცვლოდ შეადგენდა 1800 ლარს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდანაც ჩანს ის ფაქტი, რომ ნ---------–-------ს პასუხისმგებლობის ფარგლები იყო მწირი და იგი საქმიანობას ახორციელებდა მხოლოდ დამსაქმებლის მითითებებისა და ზედამხედველობის ფარგლებში.
4.3 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
ერთ- ერთ სამოქალაქო საქმეზე უზენაესი სასამართლოს პალატა განმარტავს, რომ შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობები ან, რომ მას არ გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია ან არ ფლობს შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა,ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა ან რომელ უნარ-ჩვევებს არ ფლობდა, მით უფრო,რომ ამა თუ იმ საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ფლობის საკითხი შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება. (იხ.სუსგ, საქმე #ას-194-185-2016, 29 ივლისი, 2016 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტი მხარე წარმოადგენს დამსაქმებელს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი დოკუმენტაცია, მას ეკისრება ნ---------–-------ს მიერ დაკისრებული მოვალეობების დარღვევის ფაქტისა და აღნიშნულის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის თაობაზე დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარდგენის ტვირთი. რომელთა სამართლებრივი წონადობა და ვარგისიანობა, სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანი უნდა გახდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტს არ შეუთავაზებია სასამართლოსთვის სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მას აქვს ნ---------–-------სგან რეგრესის წესით ზინაის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. მხოლოდ იმ ფაქტის არსებობა, რომ ნ---------–------- სამუშაოდ მივლენილი იყო კონკრეტულ ორგანიზაციაში ვერ იქნება სასამართლოს მიერ მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.
მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა, რომელიც არის ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
6.2. ვინაიდან შპს ,---------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 747.90 (შვიდას ორმოცდაშვიდი ლარისა და ოთხმოცდაათი თეთრის) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,---------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება.
3. შპს ,---------------- მიერ სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 747.90 (შვიდას ორმოცდაშვიდი ლარისა და ოთხმოცდაათი თეთრის) ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
9. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი